შპს „ევროკრედიტი“ გორში, ბაქოს ქუჩაზე დარეგისტრირდა მოქალაქეების ქეთევან ყაყიტაშვილისა და თათია ჭკადუას მიერ. არაოფიციალურ მოწილედ და „კრიშად“ სუსის მაშინდელი თანამშრომელი, ალექსი გოგიაშვილი დასახელდა, რომელიც, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის ახლობელია.
მეანაბრეების მიერ „ევროკრედიტში“ შეტანილი თანხით ეს ჯგუფი ამუშავებდა ავტოლომბარდს, ავტობილინგს, ოქროს ლომბარდს; 2017 წლის აპრილის მერე კი აღარავის უბრუნებდნენ არც ძირ თანხებს და არც _ სარგებელს. მეანაბრეები, ძირითადად, პენსიონერები, ემიგრანტები, ჯარისკაცები, ონკოლოგიური ავადმყოფები, ლტოლვილები, მარტოხელა დედები არიან. ფინანსური პირამიდის მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ქეთევან ყაყიტაშვილმა აიღო და ის დაკავებულია. მეანაბრეები მიიჩნევენ, რომ გამოძიება ობიექტურად არ ჩატარებულა, არ დაინტერესებულა კომპანიის დირექტორისა და ყაყიტაშვილის შვილის, თათია ჭკადუას საქმიანობით. მათი განცხადებით, ჭკადუა მისმა მეუღლემ, გამომძიებელმა პაატა ახალაძემ დაიხსნა პირადი კონტაქტების გამოყენებით, საქმის ჩაფარცხვაში კი ვასილ დოლიძემ და ელენე ალავერდაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
ვინ დაუბრუნებს დაზარალებულ მეანაბრეებს მათ კუთვნილ თანხას? ამის შესახებ არც გამოძიებას უთქვამს რამე და არც _ სასამართლოს. დაკავებულ ყაყიტაშვილს მითვისებული თანხის ანაზღაურება არ დაკისრებია.
რას უყვებიან „ქრონიკა+“-ს დაზარალებულები?
ლუიზა ჯავახიშვილი:
„მარტოხელა პენსიონერი ვარ, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე პატიოსანი შრომით შევაგროვე დანაზოგი, რომ უზრუნველყოფილი სიბერე მქონოდა. ეს თანხა ვანდე ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფომ დაუშვა, არადა, როგორც გაირკვა, ეს ორგანიზაცია დაფუძნებული ყოფილა თაღლითობაზე ნასამართლევ ქეთევან ყაყიტაშვილისა და ასევე მისი ქალიშვილის, თათია ჭკადუას მიერ. გორში ცნობილია, რომ ამავე ორგანიზაციის არაოფიციალური მოწილე და „კრიშა“ ყაყიტაშვილის შვილის მამა, ალეკო გოგიაშვილია.
მოქალაქე ასეთი დაუცველი არც ერთ ქვეყანაში არაა. ნუთუ, სახელმწიფოს მიერ დაშვებულია, რომ შპს-ში, სადაც 7 მილიონი ტრიალებს, არანაირი ვალდებულება არ უნდა არსებობდეს? ეროვნული ბანკი არ უნდა აკონტროლებდეს, რომ ცივილიზებულად, ბანკის გადარიცხვებით ხდებოდეს თანხის მოძრაობა და არა ჯიბიდან _ ჯიბეში? ქეთევან ყაყიტაშვილმა, თათია ჭკადუამ, ალეკო გოგიაშვილმა, მარიამ ხარაზიშვილმა ერთსულოვნად და საკმაოდ ოპერატიულად გაანაღდეს ჩვენ მიერ შეტანილი თანხა და პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს, კერძოდ, „ევროკრედიტის“ ფუნქციონირების პერიოდში იძენდნენ უძრავ და მოძრავ ქონებას, აფორმებდნენ მას ახლო ნათესავებზე. გამოძიებამ საქმეს ჯგუფური კვალიფიკაცია არ მისცა და დანაშაული ყაყიტაშვილმა საკუთარ თავზე აიღო, რათა გადაერჩინა კომპანიის დირექტორი და საკუთარი ქალიშვილი, თათია ჭკადუა. გამოძიება ტენდენციურად ჩატარდა. ყველა მხრიდან იკვეთება, რომ ყაყიტაშვილს სერიოზული მფარველი ჰყავს, რადგან ოთხი მუხლის ნაცვლად ერთი მუხლით გაასამართლეს, საპატიმროშიც იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში და როგორც ახლა გავიგეთ, 2020-ის საპარლამენტო არჩევნების წინ მის შეწყალებას ამზადებენ პრეზიდენტის მიერ“.
ნუგზარ ბერიანიძე:
„სიტყვები არ მყოფნის ჩემი გასაჭირის გადმოსაცემად. ერთი უბრალო მშრომელი კაცი ვარ, პენსიონერი, სახლი დამეწვა, სამი შვილიშვილი დამეღუპა, ევროკრედიტის თაღლითების ჯგუფმა შემოსავლის გარეშე დამტოვა, იმ ზომამდე მიმიყვანეს, ცხოვრების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ. 20 წლის მანძილზე რაც მიშრომია, ყველაფერი „ევროკრედიტს“ ჩავაბარე და ულუკმაპუროდ დავრჩი.
ჩვენი გასაჭირი არავის არაფრად მიაჩნია. გამომძიებლები დაზარალებულების ინტერესებს არაფრად აგდებენ. წესით, მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ერთი ქალი ამოდენა თაღლითობას მარტო ვერც მოიფიქრებდა და ვერც განახორციელებდა. შპს-დან გატანილია 7 მილიონი. გაირკვა, რომ ჩვენი ადვოკატებიც ორმაგ თამაშს თამაშობდნენ. მოგვიანებით, როცა ჩვენი თანხა თაღლითურად მიითვისეს, ყაყიტაშვილის მფარველებს შორის ასახელებდნენ სოსო გოგაშვილსა და გიორგი მღებრიშვილს. როცა ეს უკანასკნელი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ყაყიტაშვილი ძალიან გახარებული იყო და ხმამაღლა აცხადებდა, ჩვენი კაცი დაინიშნაო.
2017 წლის 14 აპრილს ჭკადუამ შპს „რიკო კრედიტში“, დაახლოებით, 100 000 ლარის ოქრო შეიტანა, ნორმალური გამოძიების პირობებში ძნელი დასადგენი არ იყო, სად გადამალეს ჩვენი კუთვნილი თანხა. ხალხს ყველაფერი წაართვეს, რაც გააჩნდათ, დამნაშავეებს კი ქონება შეუნარჩუნეს. დაზარალებულ მეანაბრეებს ეშინიათ, ხმამაღლა გამოთქვან აზრი ალექსი გოგიაშვილზე, რადგან ის ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრება. გოგაშვილი რომ „ევროკრედიტის“ საქმეების გარჩევაში იყო ჩართული, ამას არაერთი მეანაბრის ჩვენება ადასტურებს. მაგ.: ზვიად გოგებაშვილს მის წინააღმდეგ აქვს ჩვენება მიცემული, მესიჯებიც კი ჰქონდა შენახული; ავღანეთში ნამსახურებ ჯარისკაც გიორგი დოლუაშვილს ინტერვიუც კი აქვს მიცემული, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. მოსამართლემაც კი, როცა ქეთევან ყაყიტაშვილს პატიმრობა მიუსაჯა, დაზარალებულების დავალიანების ანაზღაურება არ დააკისრა და ასე დავრჩით ჰაერში გამოკიდებული. ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ მისი მფარველები ქეთევან ყაყიტაშვილს პრეზიდენტთან საქმის ჩაწყობასა და შეწყალებას ჰპირდებიან. ეს არის ჩვენი, მოტყუებული მეანაბრეების დაცინვა და აბუჩად აგდება. ყაყიტაშვილი და გოგიაშვილი საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები არიან. გოგიაშვილი შანტაჟსა და დაშინებას მიმართავს დაზარალებულების მიმართ. ყაყიტაშვილი ცრუდასმენებს ახორცილებს. მას ვალის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია, არც ქონებაა მათ სახელზე. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი კუთვნილი თანხებით შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონება ნათესავებზე გადააფორმეს და გადამალეს. არავის მოუთხოვია მათთვის „ევროკრედიტის“ ფუნქციონირების პერიოდში შეძენილი უამრავი ქონების შეძენისა და წარმომავლობის დასაბუთება. თათია ჭკადუა კომპანიის დამფუძნებელიც იყო და დირექტორიც. საქმიდან გავიდა 2017 წლის 6 აპრილს, კრიზისის დროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი კუთვნილი თანხების მითვისებაში არ აქვს წვლილი შეტანილი. რატომ დუმს გამოძიება?“
P. S. რა ბედი ელის „ევროკრედიტის“ მიერ დაზარალებულ მეანაბრეებს? შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ქეთევან ყაყიტაშვილს? რატომ სთავაზობს ადვოკატი მოტყუებულ მეანაბრეებს თანხის მხოლოდ 10%-ის ანაზღაურებას?
„ქრონიკა+“ მოვლენების განვითარების კვალდაკვალ თემას ისევ დაუბრუნდება.
ელისო კილაძე