ოპერაცია „ემისრის“ ბოლო სტადია დასრულებულია. გლობალიზაციას თან სდევს თავისი გრძელი კრიმინალური შლეიფი. ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, რომლის ბრუნვა 10 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია ნარკოტიკებისა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ. აღნიშული პროდუქციის 75% ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ბავშვთა პორნოგრაფიის მოცულობა 25-ჯერ გაიზარდა, დახურული საიტების რიცხვმა კი 300 მილიონს გადააჭარბა.
„უსაფრთხო ინტერნეტის ლიგის“ მონაცემებით, ამ სახით ვრცელდება ბავშვთა პორნოგრაფიის 83%. ექსპერტების გათვლით, მსხვერპლთა ასაკი 3-დან 13 წლამდე ლავირებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღემდე დუმს ოპერაცის დეტალების შესახებ. საზოგადოებამ მხოლოდ ის შეიტყო, რომ ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სპეცოპერაციაში, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელ-გამავრცელებლები გამოავლინეს. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, „საერთაშორისო მუშა ჯგუფმა“ (ამაზე ვრცლად ქვემოთ) საქართველოს სამართალდამცველ უწყებებს შეატყობინა, რომ თქვენთან „ესა და ეს“ ხდებაო, ჩამოვდივართ და დაგვხვდით, ოპერაციის დეტალებს მანდ გაგაცნობთო. სავარაუდოდ, სქემა ქართველებს არ შეუდგენიათ. ისინი ოპერაციაში მონაწილეობდნენ იმდენად, რამდენადაც „პედოფილური პროდუქციის ახალი კერის“ აყრის ფაქტი საქართველოში ხორციელდებოდა და მთლად უამათობაც, ანუ უჩვენობაც არ გამოვიდოდა.
აი, რა ითქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძისა და ავსტრალიის პოლიციის ფედერალური აგენტის, მეკავშირე ოფიცერ ვენდი რიქსის ბრიფინგზე:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ.ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ.
დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეებს თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აშშ-ის მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ანაღდებდა.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში საერთაშორისო დონეზე კოორდინებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდამცველი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცველი ორგანოები, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებასა და პასუხისგებაში მიცემას.
ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს არასრულწლოვანთა უმწეობით“.
ორგანიზატორებში დასახელდა სამი ძირითადი უწყება: „ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცველი“.
მივყვეთ მათ!
ოპერაცია „გადარჩენა“ და პედოფილი მასწავლებელი, პოლიციელი, ადვოკატი...
გლობალური ქსელი, რომელიც მთელი მსოფლიოს პედოფილებს აერთიანებს, პირველად გახსნა „ევროპოლმა“ (ევროკავშირის პოლიციის სამსახური, რომლის სათავო ოფისიც განთავსებულია ჰააგაში). პოლიციამ აღმოაჩინა ინტერნეტ-საიტი პედოფილების დახურული ფორუმით. აღნიშნული ფორუმის მონაწილე 70 000-მდე ადამიანი მთელი მსოფლიოდან იყო, მათ შორის, აშშ-დან, ავსტრალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ისინი ერთმანეთს შორის ცვლიდნენ პორნოგრაფიული შინაარსის მასალებს ბავშვების მონაწილეობით. ინტერნეტ-რესურსს ერქვა boylover-ი. მისი სერვერი ამსტერდამში მდებარეობდა. სერვერის მეპატრონე, 37 წლის ემირ-იშ გურვიცი, თავადვე ახორციელებდა საიტის ადმინისტრირებას. ერთი შეხედვით, საიტი არანაირ ეჭვებს არ ბადებდა _ რიგითი პორნოპორტალი გახლდათ, მაგრამ მას ჰქონდა ფორუმი, რომელიც დანარჩენი კონტენტისთვის დახურული იყო და მხოლოდ პედოფილებს ემსახურებოდა. ფორუმის მონაწილეები ბავშვებს ხვდებოდნენ და მათ რყვნიდნენ. მსხვერპლთა რაოდენობამ 230-ს გადააჭარბა.
„ევროპოლი“ სამი წლის განმავლობაში გეგმავდა ოპერაციას კოდური სახელწოდებით „გადარჩენა“. ოპერაციას კურირებას უწევდა ინტერნეტში ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ცენტრი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ჩამოაყალიბა. ევროპოლის სპეციალისტებმა საიტზე შემომსვლელთა მისამართების დეკოდირება მოახერხეს, რის შედეგადაც 70 000-ვე პიროვნების ვინაობა დადგინდა. სამწუხაროდ, ფაქტების სიმწირის გამო მხოლოდ 670 მათგანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაცემა მოხერხდა, აქედან 184 დააპატიმრეს, საიდანაც 120 დიდი ბრიტანეთიდან იყო. დაპატიმრებულებს შორის იყვნენ ნიდერლანდების, ავსტრალიის, აშშ-ის, იტალიის, კანადისა და ტაილანდის მოქალაქეები. ყველაზე უფროსი ეჭვმიტანილის ასაკი 84 წელი გახლდათ. დაკავებული პედოფილები პროფესიით იყვნენ: მასწავლებლები, პოლიციელები, ავტობუსის მძღოლები, ადვოკატები და სტუდენტები. სხვათა შორის, დაპატიმრებულებიდან ერთ-ერთი ქალი გახლდათ. დაპატიმრება კონკრეტული ფაქტების საფუძველზე განხორციელდა. მაგალითად, 36 წლის ჯონ მაკმერდო ბოისკაუტების ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა. მას ბავშვთა 2 ათასამდე პორნოგრაფიული ფოტო აღმოუჩინეს. სასამართლომ ციხეში გაუშვა ასევე 21 წლის სტუდენტი ლი პალმერი, რომელმაც ორ ბიჭზე იძალადა _ 2 და 9 წლისებზე. პალმერი თავის კომპიუტერში 60 ათასამდე ბავშვთა პორნოგრაფიის ფოტოს ინახავდა. ეჭვმიტანილებს შორის არის ერთი ესპანელი, რომელიც ბავშვთა საზაფხულო ბანაკებში მუშაობდა და მისი მსხვერპლი ასამდე ბავშვია.
ფორუმი მხოლოდ საშუალება იყო პედოფილებისთვის ერთმანეთის გაცნობის, რათა მათ ხელთ არსებული მასალა ერთმანეთში გაეცვალათ. მხოლოდ ცვლიდნენ და ფოტოებს გზავნიდნენ ელექტრონული ფოსტით ან სხვა პრივატული არხებით.
რა არის „საერთაშორისო მუშა ჯგუფი“?
იმდენად, რამდენადაც ინტერნეტში დანაშაულს არ აქვს საზღვარი, აშშ-ში 2006 წელს დაინერგა ინტერნეტ-ქსელზე 24-საათიანი საერთაშორისო დაკვირვება. საერთაშორისო მუშა ჯგუფში (აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და კანადა) შემავალი ქვეყნების სამართალდამცველი ორგანოები მონაცვლეობით ყოველდღე მორიგეობენ ინტერნეტში. გამომძიებლებს ერთმანეთთან წვდომა აქვთ რეალური დროის რეჟიმში. გარდა ამისა, მუშა ჯგუფის მიერ შექმნილია „ცხელი ხაზი“ (აშშ), სადაც ჩამოთვლილი ოთხი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს მიაწოდონ ინფორმაცია ბავშვების ექსპლუატაციის ფაქტებზე. თავად ცენტრი 1984 წელს დააარსა აშშ-ის კონგრესმა, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც 60%-ით სახელმწიფოსგან ფინანსდება, 40%-ით კი, ძირითადად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებისგან. მაგალითად, Google ამ სტრუქტურასთან ერთად მუშაობს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ბავშვთა ექსპლუატაციის განყოფილების პროკურორები ფიქრობენ, რომ მთელ მსოფლიოში მოქმედებს პედოფილების ვირტუალური გლობალური საზოგადოება, რომლის რიცხვი სულ იზრდება. ამ საზოგადოების წევრები მოქმედებენ ანონიმურად, იღებენ ბავშვთა პორნოგრაფიულ მასალებს, ცვლიან მათ ინტერნეტ-ქსელის საშუალებით, რაც მთავარია, ერთმანეთს ბავშვების მისამართებს გადასცემენ პედოფილური აქტების განსახორციელებლად. განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს მსხვერპლთა ასაკის დაბლა დაწევა. სულ უფრო ხშირად ქსელში ვრცელდება ფოტო-ვიდეო რგოლები სექსუალური ძალადობის სცენებით 5-7 წლის ასაკის ბავშვებზე, თვეების ჩვილებზეც კი.
ათეული წლებია, „ფბრ“ ებრძვის ამ სენს. შექმნილია ქვეგანყოფილება „უმანკო სახეები“, რომლის თანამშრომლებიც ქსელის 24-საათიან მონიტორინგს ეწევიან. ამისთვის ისინი თავს ასაღებენ ბავშვებად, გადიან პედოფილებთან ვირტუალურ კონტაქტზე და შეხვედრაზე იტყუებენ. დეზორიენტაციისთვის „ფბრის“ აგენტები მოზარდებისგან სლენგს სწავლობენ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „უმანკო სახეების“ დახმარებით წელიწადში 2 ათასამდე პედოფილს ავლენენ, რომელთაც ბავშვთან შეხვედრის მომენტში აკავებენ. ჩხრეკის დროს, თუ ნივთმტკიცებები ამოიღეს (ფოტო-ვიდეო მასალა და ა. შ.), მაშინ დაკავებულები თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივ ვადას ღებულებენ.
„ფბრის“ პროკურორების ასეთი აქტიური მუშაობის მიუხედავად, ბავშვთა ინტერნეტ-პორნოგრაფიის პრობლემები არ მცირდება. მილიონიდან 4 ბავშვი ყოველთვის იღებს თხოვნას, ინტერნეტიდან შიშველი ფოტო გააგზავნოს.
ბავშვთა პორნოგრაფია _ ეს არის პედოფილების გლობალური ვირტუალური საზოგადოებისა და კიბერმაფიის ინტერესების გადაკვეთის წერტილი. პორნორესურსების კომერციული ორგანიზაცია კიბერმაფიას დაბალი დანახარჯებით და მაღალი მოგებით იზიდავს. ნიუ-იორკის სამმა უმსხვილესმა პროვაიდერმა: Verizon-მა, Sprint-მა და Time Warner Cable-მა ხელი მოაწერა ნიუ-იორკის შტატის პროკურორთან ხელშეკრულებას. ხელშეკრულების თანახმად, ბავშვთა პორნოგრაფიასთან წვდომას ვერ შეძლებს შტატის ვერც ერთი მოსახლე.
ევროკავშირის ქვეყნების პარალელურად, ოპერაცია მიმდინარეობდა ამერიკაში. ნიუ-ჯერსის ფედერალურმა პროკურატურამ დააკავა უკრაინის მოქალაქე, 33 წლის მაქსიმ შინკარენკო. ეს უკანასკნელი აშშ-ის მთავრობის მოთხოვნით ტაილანდში დააპატიმრეს. სამი წლის განმავლობაში ტაილანდი შინკარენკოს ექსტრადაციას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, მას მაინც მოუხდა ამერიკული სასამართლოს წინაშე წარდგომა.
მაქსიმ შინკარენკოს დაკავება მსხვილმასშტაბიან ოპერაციათა რიცხვში შევიდა, რომელიც ჩაატარა აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს საბაჟო-საიმიგრაციო სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტმა (U.S. Immigration and Customs Enforcement - ICE). ამერიკის 47 შტატში 560 ბავშვთა პორნოგრაფიის მომხმარებელი დააკავეს. ყველა მათგანი შინკარენკოსგან აღნიშნულ პროდუქციას ინტერნეტის საშუალებით ყიდულობდა.
დანაშაულის დამადასტურებელ 17-გვერდიან განაცხადში მაქსიმ შინკარენკო (იგივე „კოტოვი“, იგივე Deep-ი, იგივე „+1“, იგივე „კოტმახი“, იგივე „კოტმახკიევი“) ამზადებდა ბავშვთა პორნოგრაფიულ მასალებს, არეკლამებდა, ყიდდა და აგზავნიდა, შემდეგ კი ამ უკანონო საქმიანობით მიღებულ ფულს ათეთრებდა. ამ გზით მაქსიმ შინკარენკომ მილიონობით დოლარი იშოვა. მისი საზიზღარი დასახელების საიტები დაიხურა: „The sick Child Room“, „Real Child Porno“, „Children Porno“, „Pedo Heaven“, „Dirty Nymphets“, „World Famous Childporn video“ da „Hottest Childporn Garden“. თუმცა მთავარი პორტალი გახლდათ „Illegal.CP“. საიტზე გაწევრიანებულ მომხმარებელს შემდეგი ტექსტი ხვდებოდა: „ჩვენი საიტი ყველა ქვეყანაში ითვლება უკანონოდ... მაგრამ თუ პრობლემები წარმოგეშვებათ პოლიციასთან, ყოველთვის შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ ვიღაცამ მოიპარა თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემები. იმის დამტკიცება, რომ სწორედ თქვენ იხდიდით, ძალზე რთულია“.
ოპერაციაში მონაწილე 20 ამერიკელი პოლიციელი გაწევრიანდა საიტზე „Illegal.CP“. ოპერაციას „ემისარი“ ეწოდებოდა , რომელიც სამ სტადიად დაიყო. მესამე, ბოლო სტადიას „თხელი ყინული“ დაარქვეს.
დაკავებულებს შორის იყვნენ ადვოკატები, ექიმები, მასწავლებლები, მწვრთნელები, სამართალდამცველები.
იქ, სადაც აშშ და რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ოპერაცია სახელწოდებით „სარეველა“ („Сорняк“), რომლის ფარგლებში 84 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ასევე პირინგული ქსელების 800-მდე მომხმარებელი გაშიფრეს მსოფლიოს 27 ქვეყნიდან. მათ შორის, კანადიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან და ა. შ. რუსეთის МВД-მ 27-ვე ქვეყნის სამართალდამცველ უწყებებს ოპერაცია „სარეველას“ შედეგად მოპოვებული მასალები დაუგზავნა.
თამარ როსტიაშვილი