6 მილიონ ლარზე მეტი ლარი სახელფასო დანამატისთვის, კომპანიაზე მორგებული ტენდერები და საეჭვო გარიგებები, _ სახელმწიფო აუდიტმა „საქართველოს ფოსტის“ დოკუმენტაცია შეისწავლა. მაკონტროლებელ ორგანოში ამბობენ, რომ კომპანიაში დოკუმენტებში ინტერესთა კონფლიქტი ჩანს და შესაძლოა, კანონდარღვევაც კი იყოს. დამატებითი მასალები შესასწავლად უკვე პროკურატურაშია გადაგზავნილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს ფოსტის“ დირექტორის სავარაუდო კანონდარღვევაზე მიუთითებს. ამის შესახებ „საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია საუბარი.
უწყება განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით:
„წარმომადგენელს არ შეუძლია, წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება“.
„საქართველოს ფოსტის“ დირექტორმა „საქართველოს ლატარიის კომპანიასთან“ შეთანხმებები გააფორმა. როგორც ფოსტის, ისე ლატარიის კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძე იყო. საუბარია ფოსტასა და ლატარიის კომპანიას შორის ქონებასთან და დავალიანებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.
„ლატარიის კომპანიასთან დაკავშირებულ ორ შემთხვევაში, _ ქონების გადაცემა დროებით სარგებლობაში და ქონების გადაცემა დავალიანების სანაცვლოდ, _ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნა საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობის შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულებებს, როგორც ფოსტის, ისე ლატარიის კომპანიის მხრიდან, ხელს აწერს ერთი და იგივე პირი, რომელიც ერთდროულად არის ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი. მსგავსი გარიგების დადებისას შესაძლოა, არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. პირისთვის, რომელიც ორი სხვადასხვა მხარისთვის დებს ერთ გარიგებას, რთული გადასაწყვეტია, რომელ წარმოდგენილ მხარეს შეუქმნას საუკეთესო პირობები. ერთისთვის უპირატესობის მინიჭება ავტომატურად მოქმედებს მეორე მხარის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში ლატარიის კომპანიისთვის დავალიანების სანაცვლოდ ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხში ერთ მხარეს წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფო, ხოლო მეორე მხარეს 70%-ით _ სახელმწიფო და 30%-ით _ კერძო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც საკუთარი ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს“, _ აღნიშნულია დოკუმენტში.
ერთ შემთხვევაში საუბარია 2018 წელს დავალიანების სანაცვლოდ ლატარიის კომპანიისთვის ქონების გადაცემაზე.
„2018 წლის დასაწყისში გაფორმებული მორიგების აქტის საფუძველზე, გადასახდელი 661 728 ლარის სანაცვლოდ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, საერთო ფართით 1,858.85 კვ.მ. სსიპ _ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და გაუგებარია, ეთანხმება თუ არა სააგენტო ვალის სანაცვლოდ ქონების გასხვისებას.
შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვერ დარწმუნდა, რამდენად დაცულია მარეგულირებელი ნორმის მოთხოვნა და შეთანხმებულია თუ არა საკითხი სააგენტოსთან, ასევე რამდენად მართლზომიერია ფოსტის ქმედებები სახელმწიფო ქონების ასეთი ფორმით გასხვისებასთან დაკავშირებით“, _ აღნიშნულია დოკუმენტში.
როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშში ირკვევა, 2017 წელს საქართველოს ფოსტამ 1545 თანამშრომელზე 6,6 მლნ ლარზე მეტი დანამატი გასცა. აუდიტს მიაჩნია, რომ დანამატების გაცემის ეს პრაქტიკა არ არის სათანადოდ დასაბუთებული და პროცესის გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს.
აუდიტის ინფორმაციით, ფიქსირებული დანამატების დანიშვნის საფუძვლები ბრძანებებში მითითებული არ არის, ხოლო „ცვლადი დანამატები“, ძირითადად, გაიცემოდა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებისთვის.
აუდიტი ფულადი სახსრების ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველსაყოფად საქართველოს ფოსტას რეკომენდაციით მიმართავს, შემუშავდეს დანამატების გაცემის კრიტერიუმები და დასაბუთების წესი, რომლითაც მოსამსახურეთა მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასების საფუძველზე დარეგულირდება დამატებითი ანაზღაურებების ოდენობა და განისაზღვრება მათი გაცემის მიზანშეწონილობა.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს შემსყიდველის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა, მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესრულებული სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა მარაგების გათვალისწინებით. (14) შპს „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა დამტკიცებულია კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ. წლის განმავლობაში გეგმა შეიცვალა 76-ჯერ. საბოლოოდ, გეგმა დაზუსტდა 2017 წლის 21 დეკემბერს და იგი ითვალისწინებდა 18,401,922 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯმა მხოლოდ 11,764,238 ლარი შეადგინა (64%). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიაში სათანადოდ არ დოკუმენტირდება შესყიდვების გეგმის ცვლილებების მიზნობრიობა და საფუძველი. კომპანიაში არ მზადდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის“ საფუძველზე განსახორციელებელი შესყიდვების წლიური გეგმა. მიუხედავად გეგმის მომზადებაზე საკანონმდებლო მოთხოვნების არარსებობისა, შესყიდვების დეტალური და დროული დაგეგმვა მნიშვნელოვანია ფულადი სახსრების გადინების ეფექტიანი პროგნოზირებისთვის.
ეფექტიანი მართვისა და ფინანსური რესურსის სწორად გასანაწილებლად მნიშვნელოვანია, შპს „საქართველოს ფოსტამ“ სრულყოფილად გაითვალისწინოს დასაგეგმი წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვები. შესყიდვების გეგმაში აუცილებელი ცვლილების შემთხვევაში შეიმუშაოს ისეთი პროცედურა, რაც უზრუნველყოფს ცვლილების საფუძვლისა და მიზნობრიობის დოკუმენტირებას.
აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს ფოსტამ“ ზედმეტი თანხა გადაიხადა პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვაში, უფრო კონკრეტულად კი:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებულია მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი და ბეჭდვის მომსახურების გაწევა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვის თანხა არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს. კომპანიამ აღნიშნული საქონელი და მომსახურება შეისყიდა დღგ-ის ჩათვლით, კერძოდ: 2017 წლის 30 ნოემბერს შპს „აიფუდისგან“ გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდულია ავტოსატრანსპორტო საშუალებები ღირებულებით _ 92,700 ლარი, დღგ-ის ჩათვლით. თანხა მომწოდებლისთვის გადახდილია სრულად. დღგ-ის სახით გადახდილმა თანხამ შეადგინა 14,140 ლარი. 2017 წლის 22 თებერვალს ბეჭდვის მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით _ 125,762 ლარი, დღგ-ის გარეშე. ტენდერში გაიმარჯვა შპს „გამომცემლობა კოლორმა“ (100,890 ლარი). ხელშეკრულება მასთან გაფორმდა დღგ-ის გათვალისწინებით 119,039 ლარზე. მომსახურების ღირებულება 2017 წელს გადახდილია სრულად. დღგ-ის სახით მომწოდებლისთვის გადახდილია 18,159 ლარი. ანალოგიურად, 2017 წელს ბეჭდვით მომსახურებაზე დღგ-ის სახით თანხები გადახდილია კიდევ 4 მომწოდებლისთვის, ჯამური _ 10,104 ლარის ოდენობით.
„არასწორად გადახდილი დღგ-ის შედეგად, 2017 წელს კომპანიიდან, საჭიროების გარეშე, სულ დაიხარჯა 42,403 ლარი. თუმცა ამ თანხის ნაწილი კომპანიამ ჩაითვალა და აღიარა, როგორც საგადასახადო აქტივი, ნაწილი კი, კერძოდ, შპს „აიფუდისთვის“ გადახდილი 13,866 ლარი, არ არის ჩათვლილი და ექვემდებარება დაბრუნებას მომწოდებლის მხრიდან“, _ ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ „საქართველოს ფოსტამ სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრები განსაზღვრა ისე, რომ მოთხოვნებს მხოლოდ ერთი მოდელი პასუხობდა.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 25 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიმართ ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან დაკავშირებული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული, არადისკრიმინაციული და ხელს უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტენდერით შესყიდვისთვის ჩატარებული ბაზრის კვლევის დროს ფოსტამ მოიძია ინფორმაცია ბაზარზე არსებული ისეთი ორი მოდელის შესახებ, რომელიც აკმაყოფილებდა კომპანიის საჭიროებებს. სატენდერო დოკუმენტაციაში კი ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრა ისე, რომ მოთხოვნებს მხოლოდ ერთი მოდელი პასუხობდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ერთ-ერთი მოდელის ტენდერში მონაწილეობა გამოირიცხა, რაც, ფაქტობრივად, ზღუდავს კონკურენტულ გარემოს. შედეგად, ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, რის გამოც არ მომხდარა ფასის კლება და ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფოსტამ შეისყიდა სავარაუდო ღირებულების ფასად. ტენდერის კონკურენტულ გარემოში ჩატარების შემთხვევაში, შესაძლოა, კომპანიას დაეზოგა ფინანსური რესურსი“, _ აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ „საქართველოს ფოსტის“ კომპანიის მარაგებში არსებული ავტონაწილების ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფაქტობრივი ოდენობის ბუღალტრულ ნაშთებთან შედარებით, გამოვლინდა 18,991 ლარის დანაკლისი:
„ინვენტარიზაცია აქტივების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის უგულებელყოფა. ინვენტარიზაციის ჩატარების გარეშე, შესაძლოა, კომპანიამ ვერ უზრუნველყოს აქტივების ეფექტიანი მართვა, მოძველებული ან დაკარგული აქტივების დროულად აღმოჩენა/გამოვლენა, შესაბამისად, ვერ განახორციელოს აქტივების სათანადო კონტროლი. აუდიტორული პროცედურებით, კომპანიის მარაგებში არსებული ავტონაწილების ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფაქტობრივი ოდენობის ბუღალტრულ ნაშთებთან შედარებით, გამოვლინდა 18,991 ლარის დანაკლისი (შერჩეული მოცულობის 56%) და 1,187 ლარის ზედმეტობა (შერჩეული მოცულობის 16%). ინვენტარიზაციის ჩატარების გარეშე შესაძლოა, კომპანიამ ვერ უზრუნველყოს აქტივების ეფექტიანი მართვა, მოძველებული ან დაკარგული აქტივების დროულად აღმოჩენა. შესაბამისად, ვერ განახორციელოს აქტივების სათანადო კონტროლი. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ კომპანიის ბალანსზე ირიცხება 5,094,179 ლარის ღირებულების, 84 ერთეული _ გამოუყენებელი და 2,032,876 ლარის ღირებულების 66 ერთეული _ საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება“.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს ფოსტის“ პარტნიორის მიერ უფლებამოსილების შესრულებისას კონკრეტული ნაკლოვანებები გამოავლინა:
„შპს „საქართველოს ფოსტის“ წესდების მოთხოვნების მიხედვით, პარტნიორთა საერთო კრება ვალდებულია, შეიკრიბოს წელიწადში, მინიმუმ, ერთხელ, დაამტკიცოს კომპანიის ბიზნესგეგმა, აკონტროლოს მისი შესრულების მიმდინარეობა, ზედამხედველობა გაუწიოს დირექტორის საქმიანობას და გადაწყვეტილება მიიღოს მნიშვნელოვან მმართველობით საკითხებზე. მიუხედავად ზემოაღნიშნული ფუნქციებისა, 2017 წელს პარტნიორთა საერთო კრება არ ჩატარებულა. შესაბამისად, სათანადოდ არ გაკონტროლდა კომპანიის საქმიანობა, არ დამტკიცდა ბიზნესგეგმა და არ განხორციელდა მისი შესრულების მონიტორინგი. ამასთანავე, კომპანიის მხრიდან კონკრეტული მიმართვისას, რომელიც ეხებოდა ვალის სანაცვლოდ ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, პარტნიორის პასუხი იყო ბუნდოვანი და საჭიროებდა დამატებით განმარტებას.
პარტნიორის მხრიდან მაკონტროლებელი ფუნქციების შეუსრულებლობა ვერ უზრუნველყოფს კომპანიაში ჯანსაღი კონტროლის გარემოს შექმნას. შესაბამისად, შესაძლოა, ვერ განხორციელდეს ნაკლოვანებების, სისტემური რისკებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება და მათზე სათანადო რეაგირება“, _ ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“, ძირითადად, სამი მიმართულებით საქმიანობას: საფოსტო მომსახურება, გადაზიდვები და საცალო ვაჭრობა. საფოსტო მომსახურება არის მთავარი, ხოლო ტვირთის გადაზიდვა და საცალო ვაჭრობა _ დამატებითი საქმიანობა. კომპანიის დაფინანსების წყაროა საკუთარი შემოსავლები, რომლის სათანადოდ დაგეგმვა და განკარგვა მნიშვნელოვანია წესდებით განსაზღვრული მიზნის _ მოგების მიღების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მიზნის გარდა კომპანია ასრულებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას _ უზრუნველყოს საფოსტო მომსახურების მუდმივი მიწოდება საქართველოს ტერიტორიის ყველა პუნქტის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად.
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია: „ზემოაღნიშნული ვალდებულების გათვალისწინებით დადგენილი ტარიფების გამო საფოსტო მიმართულება ფინანსურად ზარალიანია, რაც ნაწილობრივ კომპენსირდება ვაჭრობიდან და გადაზიდვებიდან მიღებული მოგებით. მიუხედავად ამისა, 2017 წელს კომპანიას დაუფიქსირდა უარყოფითი ფინანსური შედეგი და ჯამურმა საოპერაციო ზარალმა 1.5 მილიონი ლარი შეადგინა“.
ნენე ინჯგია