სკანდალური წერილი “მატროსოვის”ციხიდან “ქრონიკა +”-ს პატიმარმა შოთა შანიძემ გასულ კვირას გამოუგზავნა.ის მისმა ადვოკატმა პარასკევს მოინახულა,კვირა დილით ცნობილი გახდა რომ შანიძემ თვითმკვლელობა სცადა და ის ამ დროისათვის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში აპარატზეა მიერთებული.
როგორ მოახერხა ერთ ერთ ყველაზე კარგად დაცულ ციხეში პატიმარმა პოლიეთილენის პარკით საკნის კარებზე ჩამოკიდება,ეს ალბათ გამოძიების საგანია.
დღეს უცვლელად გთავაზობთ პატიმარ შოთა შანიძის წერილს.
შოკისმომგვრელი ფაქტები გახმაურებული საქმეების ოქროს მოწმისგან .
2014 წლის 26 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგა ფარტენაძის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით (რასაც ფარტენაძის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შოთა შანიძე, ლევან მოისწრაფიშვილი და გიორგი სეხნიაშვილი.
პროკურატურის განცხადებით, რომელიც ოფიციალურად გაჟღერდა, ხსენებულმა უწყებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 4 მარტს #14 დაწესებულების მეექვსე სარეჟიმო კორპუსის #322-ე საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს _ შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის არსებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ მის მიმართ სასტიკ ძალადობას, კერძოდ გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და ბეტონის იატაკზე თავს არტყმევინებდნენ. აღნიშნული ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს, რა დროსაც გიგა ფარტენაძე #14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს, სადაც, გაწეული დახმარების მიუხედავად, იგი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
გთავაზობთ ექსკლუზიურ მასალას პატიმარ შოთა შანიძის საქმიდან, რომელიც სასჯელს იხდის ყველაზე მკაცრ _ მეექვსე დაწესებულებაში და რომელიც პირველად „ქრონიკა+“-თან ალაპარაკდა. იგი ყველა იმ მაღალჩინოსანს ასახელებს, რომელმაც ხელი დააფარა უსერიოზულეს სისტემურ დანაშაულს და უშუალოდ დანაშაულის ჩამდენ პირებს _ ნამდვილ მკვლელებს.
„ქრონიკა+“ შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ ჩვენ მიერ მოკვლეულ უნიკალურ დოკუმენტურ და ფაქტობრივ მასალას, რომელმაც, შეიძლება, ეს „არასწორად“ გახმაურებული საქმე თავდაყირა დააყენოს.
რა მოხდა სინამდვილეში?!
რას წერს შოთა შანიძე “ქრონიკა +”-ს?
2014 წელს, როგორც მახსოვს, თებერვლის დასაწყისში, ქალაქ ქუთაისში არსებულ #14 პენიტენციურ გეგუთის დაწესებულებაში მიმდინარეობდა პატიმრების მასობრივი შიმშილობა და პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვა, ისინი უარს აცხადებდნენ დაქვემდებარებოდნენ ადმინისტრაციის კონტროლს და იყენებდნენ თვითდაზიანებებს, მიმართავდნენ პროტესტის სხვადასხვა ფორმასა და მეთოდს. აღნიშნული ინფორმაცია ქალაქ რუსთავში მდებარე #6 სასჯელაღსრულების პენიტენციურ დაწესებულებაში მომდიოდა, როგორც მე, ასევე სხვა პატიმრებს. ამ ფაქტის გამო, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, #6 დაწესებულებაში მოვიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი დარბაისელი, რომელმაც გასცა ბრძანება, წესრიგი დამყარებულიყო #14 დაწესებულებაში და მისი მითითებები შესრულებულიყო დაუყოვნებლივ. მითითება უშუალოდ ჩვენ გაგვაცნო დიმიტრი დარბაისელის მოადგილე სიმონ მაჩაიძემ, ამავე დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მ. ვ.-ს და პ. ხ.-ს მეშვეობით. ვახდენ მათი სიტყვების ციტირებას: „დედა მოუ***ანით #14 დაწესებულების ყველა იმ პატიმარს, ვინც წავა სისტემის წინააღმდეგ და დაამტვრიეთ ძვლებში, რათა მსგავსი ფაქტი არასდროს განმეორდეს“. 2014 წლის 12 თებერვალს #17 დაწესებულებიდან #14 დაწესებულებაში ეტაპირებული ვიყავით შემდეგი პატიმრები: 1) დ. დ., 2) პ. ხ., 3) მ. ვ., 4) გ. ა., 5) ლ. მ., 6) ნ. ნ. და სხვ., რომლებსაც დაგვავალეს წესრიგის დამყარება, რაც ყველამ ერთად სხვადასხვა მეთოდით განვახორციელეთ კიდეც.
2014 წლის 12 თებერვალს #14 დაწესებულებაში, ზემოხსენებული პატიმრების ეტაპირების შემდეგ, წესრიგის დამყარება დავიწყეთ, რის შედეგადაც პატიმრებმა შეწყვიტეს შიმშილობა და პროტესტის გამოხატვა. დეტალურად მოგახსენებთ მიზეზს, თუ რატომ და რის სანაცვლოდ შეწყვიტეს მათ პროტესტი, რომელიც უშუალოდ ჩვენ მიერ შეთანხმებულ იყო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან: დიმიტრი დარბაისელთან, სიმონ მაჩაიძესთან და კახაბერ ბებიასთან.
მაშასადამე, რის სანაცვლოდ დავამყარეთ წესრიგი:
დაწესებულებაში დაშვებულ იქნა საერთო („ობშიაკების“) შეგროვება, ასევე აზარტული თამაშები, რომელიც არ უნდა გაცდენოდა თითო პატიმარზე 200 ლარს. დაიშვა ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ კუსტარულად დამზადებული ბრაგა, არაყი და სპირტი, რომელიც საკანში არ უნდა ყოფილიყო დიდი რაოდენობით, მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 20-30 ლიტრს; თავისუფლად გადაადგილების უფლება ერთი საკნიდან მეორეში იმ დროს, როდესაც წესით, საკნის კარი დაკეტილი უნდა ყოფილიყო და პატიმრებს შეზღუდული უნდა ჰქონოდათ გადაადგილების შესაძლებლობა. ზოგადად, მიმოსვლა დღის ნებისმიერ პერიოდში შეუზღუდავი იყო. ასევე სურვილისა და საჭიროებისამებრ შეგვეძლო სხვადასხვა საკანში გადაგვეყვანა პატიმრები.
სიტუაციის დალაგებამდე მოთავსებული ვიყავი მესამე სართულზე განთავსებულ #338-ე საკანში პ. ხ.-სთან და მ.ვ.-სთან ერთად. პატიმრებთან მოლაპარაკებისა და პროტესტის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში მე და პ. ხ.-ს მოგვივიდა დაპირისპირება იმის გამო, რომ იგი ზედმიწევნით ასრულებდა სიმონ მაჩაიძის მითითებებს, რაც პატიმრებში კვლავ იწვევდა უკმაყოფილებას. პატიმრები ხვდებოდნენ, რომ პ. ხ. აშკარად ატარებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინტერესებს. მოვუწოდებდი პ. ხ.-ს, აშკარად და სხვათა დასანახად ნუ სჩადიოდა ისეთ ქმედებებს, რაც ეჭვებს დაბადებდა, რომ ჩვენ ადმინისტრაციასთან ვთანამშრომლობდით. პ. ხ.-ს პასუხი ჩემს რეაქციაზე იყო ის, რომ სიმონ მაჩაიძის დავალება უნდა შესრულებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა შეგვექმნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით ან საკანში აღმოგვიჩენდნენ უკანონო ნივთებს: დანებს, შტირებს, ხიშტებს და ა. შ.
ცნობისთვის: პ. ხ. და სიმონ მაჩაიძე იყვნენ ნათესავები, ხოლო ვ.-სა და ხ.-ს ერთმანეთთან აკავშირებდათ, როგორც მახსოვს, ნათელმირონობა თუ მეჯვარეობა.
მაგალითად, წესრიგის დამყარების პერიოდში პ.ხ.-მ სცემა 55 წლის პატიმარი იმის გამო, რომ მისი მოწოდების მიუხედავად არ შეწყვიტა პროტესტის გამოხატვა. მის ამ ქმედებაში პირდაპირ იკითხებოდა, რომ იგი ადმინისტრაციის ინტერესებს ატარებდა. სწორედ მსგავსი ფაქტები იყო ჩვენ შორის არსებული უკმაყოფილების მიზეზი. არადა, მე და პ. ხ. ერთ საკანში ვისხედით და არ მინდოდა, ჩვენ შორის დაწყებული უთანხმოება უფრო ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაზრდილიყო.
ჩემი და პ. ხ.-ს უთანხმოების მიზეზი ცნობილი იყო ჩემი მეგობრისთვის, დ. დ-სთვის და ის, რომ გადასვლას ვაპირებდი სხვა საკანში დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. ამიტომ დ. დ.-მ შემომთავაზა, მის ანუ #322-ე საკანში გადასვლა, სადაც მასთან ერთად მოთავსებული იყვნენ გიგა ფარტენაძე, გ. კ. და ლ. მ. ასე გადავედი პენიტენციურ #14 დაწესებულების 322-ე საკანში. აქ ყველა პატიმარს ჩამოგვიყალიბდა მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება და ვცხოვრობდით, როგორც ერთი ოჯახი. აქ ყოფნისას პერიოდულად ვერეოდი ციხის თამაშების კონტროლში, რომელიც სხვადასხვა პატიმარს შორის მიმდინარეობდა. ჩემს საკანში მყოფი პირებიც, მათ შორის: გ. კ. და ლ. მ. თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს.
ერთ დღეს გ. კ.-მ 10 ბლოკი „პარლამენტის“ სიგარეტი წააგო სხვა საკანში მყოფ პატიმართან, რაზეც გიგა ფარტენაძე გაბრაზდა, ვინაიდან ჩვენი საკანი ავტორიტეტული იყო და არ უნდა წაგვეგო ფული ან სხვა რამე. ციხის კანონების მიხედვით ეს ჩვენს პრესტიჟზე ცუდად აისახებოდა.
აქვე განვმარტავ, რომ გიგა ფარტენაძე და გ. კ. თავისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან იცნობდნენ ერთმანეთს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ორივე ბათუმიდან იყო. მოკლედ, გიგა ფარტენაძე თითქმის ყოველდღე დასცინოდა კ.-ს წაგებული სიგარეტების გამო, რაზედაც კაჭარავა დაბოღმილი გაყუჩდებოდა ხოლმე და პასუხსაც ვერ სცემდა. გიგა ფარტენაძე ამ ყველაფერს ეუბნებოდა ზოგჯერ ხუმრობით და დამცინავად, ზოგჯერ სერიოზულად და ხშირად ეძახდა გ. კ.-ს (ვციტირებ): ტრაწიანს. გ. კ.-ს, ცხადია, ეს არ სიამოვნებდა და მეც ხშირად ვცდილობდი მათ შორის სიტუაციის განეიტრალებას ხუმრობით.
დეტალურად გავიხსენებ, როგორი იყო 322-ე საკანი: საკნის შესასვლელი კარი იყო მოწითალო ფერის, რომელსაც თეთრად ეწერა #322 და მოთავსებულ მსჯავრდებულთა გვარები. საკანი იყო დაახლოებით 18-დან 20 კვადრატამდე. კარი იღებოდა მხოლოდ ცალმხრივად, გარეთა მიმართულებით, ჰქონდა სამი ჩამკეტი და ერთი ბოქლომი, ასევე საკვებური („კარმუშკა“), რომლის ზომაც იყო, დაახლოებით, 20/25-ზე სმ. შესასვლელიდან ხელმარცხნივ განთავსებული იყო საპირფარეშო ოთახი, რომელსაც ჰქონდა ერთფრთიანი მეტალოპლასტმასის კარი. საპირფარეშოს მხარეს, შესასვლელიდან ხელმარცხნივ, განთავსებული იყო ორი ერთმანეთის გვერდით მდგომი ორიარუსიანი საწოლი. შესასვლელიდან მარცხნივ მდებარე პირველი საწოლის პირველ იარუსზე იწვა გ. კ., მის ზემოთ კი ლ. მ. მათი საწოლის მომიჯნავედ არსებული საწოლის პირველ იარუსზე _ გიგა ფარტენაძე, ხოლო მეორეზე დ. დ. შესასვლელიდან ხელმარჯვნივ კედელთან იდგა ორიარუსიანი ერთი საწოლი. პირველ იარუსზე ვიწექი მე, მეორეზე გ. ს. საკანში განთავსებული იყო ხელნაკეთი დივანი, რომელიც იდგა კედელთან სარკმლის ქვეშ, საწოლებს შორის. საკანში ასევე განთავსებული იყო სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთი: თეფშები, ჭიქები, ელექტრო ჩაიდანი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, პირსახოცები და სხვ.
დ. დ. ჩვენი საკნიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს გიგა ფარტენაძის გარდაცვალებამდე 2-3 დღით ადრე; ხოლო, პატიმარი გ. ს., როგორც მახსოვს, შემოიყვანეს გიგა ფარტენაძის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე.
გიგა ფარტენაძის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე #336-ე საკანში მოაწყვეს შეკრება, რომელიც დაკომპლექტებული იყო ე. წ. ციხის მაყურებლებითა და რიგითი მსაჯვრდებულებით. შეკრებას ჩემთან ერთად ესწრებოდნენ: 1) ნ. ნ. ზედმეტსახელად „ბუწალიჩი“, 2) გ.ა, 3) ლ. ჭ., 4) პ. ხ, 5) მ. ვ, 6) გ. ს., 7) გიგა ფარტენაძე, 8) გ. კ. და კიდევ რამდენიმე. ამ შეკრების მონაწილეებიდან უშუალოდ მაყურებლები იყვნენ: ნ. ნ., გ. ა. და ლ. ჭ. სწორედ მათი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა. რაც შეეხება „ბუწალიჩს“ და გ. ა.-ს, ისინი ორივე ჩვენ დავნიშნეთ მაყურებლებად ანუ მე, პ. ხ. (რომელიც სიმონ მაჩაიძის ნათესავია) და მ. ვ. მათი დანიშვნა შემოგვთავაზა უშუალოდ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სიმონ მაჩაიძემ. რაც შეეხება ლ. ჭ.-ს, თავად დეპარტამენტის დაჟინებული მოთხოვნით ის მაყურებლის პოზიციაზე დავტოვეთ, ვინაიდან იგი ჩვენს მისვლამდეც მაყურებელი იყო. პირადად ჩემთვის ლ. ჭ.-ს როლი ნათელი იყო, იგი დეპარტამენტს ჰყავდა დაზღვევის მიზნით, რომ ჩვენ გავეკონტროლებინეთ, ჟარგონულ ენაზე რომ ვთქვათ, დეპარტამენტის ყურს წარმოადგენდა. ლ. ჭ. „სხადნიაკზე“ გადასაწყვეტი თემების განმცხადებლის, ე. წ. რუპორის ფუნქციას ასრულებდა, რომელმაც ციხეში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრა. საუბრისას გიგა ფარტენაძეს ერთ-ერთი პატიმრისთვის კითხვის დასმა უნდოდა, მაგრამ ლ. ჭ. ამის შესაძლებლობას არ აძლევდა და ეს საქციელი იმაზე მიანიშნებდა, რომ მარტო თვითონ იყო მთავარი და გიგა ციხის წესების მიხედვით პოზიციურად მასზე დაბლა იმყოფებოდა, რაც გიგას აშკარად არ ესიამოვნა, სახეზეც შეეტყო და უთხრა, რომ „სხადნიაკის“ დამთავრების შემდეგ დაელაპარაკებოდა. როცა რიგითმა მსჯავრდებულებმა საკანი დატოვეს, მათ თან გაჰყვა გიგას მეგობარი გ. კ. გიგამ ლ. ჭ.-ს ჰკითხა, თუ რა უფლებით არ მისცა კითხვის დასმის შესაძლებლობა? რამე ხომ არ ჰქონდა თავში ავარდნილი ან ხომ არ ავიწყდებოდა ძველი დრო, რომელშიც გულისხმობდა პატიმრების პროტესტებს ლ. ჭ.-ს მაყურებლობის პერიოდში ჩვენს ჩასვლამდე. გიგას ამ შეკითხვაზე ლ. ჭ. დაიბნა, პასუხი ვერ გასცა და თავისი უტაქტო და უზრდელური საქციელის გამო მოუბოდიშა. ლ. ჭ.-თან საუბრის დასრულების შემდგომ გიგამ მხარზე ხელი გადამხვია და ერთად შევედით ჩვენს საერთო საკანში. გ. კ. საწოლზე იყო წამოწოლილი. გიგამ მის დანახვაზე ხარხარი დაიწყო და შემდეგი სიტყვებით დასცინა: „შე ტრაწიანო, როგორ ცუციკივით იქცევი, როგორ გამოხვედი „სხადნიაკის“ დამთავრების შემდეგ, როცა შესაძლოა, დაპირისპირება მომსვლოდა ლ. ჭ.-სთან, თუ გაჯიქდებოდა და თავს არ დამიხრიდა. რა პატარა ვირთხასავით ხარ მიკუნტული მაგ ნარზე, გამეცი ხმა, შე ქვეშაჯვია, ასე უნდა მოექცე მეგობარს, მთელი ცხოვრებაა, შენ გათრევ აქეთ- იქით, აქაც კი ჩემი სათრევი ხარ“. გ. კ.-ს გიგასთვის პასუხი არ გაუცია. მას ყოველთვის ეტყობოდა, რომ გიგას ფრთის ქვეშ იყო ამოფარებული და თან გ. კ.-ს ბოღმასა და შურს ვამჩნევდი. გიგა შესახედავად ახოვანი იყო და საქციელებიც ვაჟკაცური ჰქონდა. გ. კ.-ს ეტყობოდა, რომ პატარა, ღარიბი სულის ადამიანი იყო.
აქვე მინდა გავიხსენო გიგა ფარტენაძესა და ნ. ნ.-ს შორის არსებული უთანხმოება, რატომ ჰქონდა ზიზღი ნ. ნ.-ს გიგა ფარტენაძის მიმართ. გიგასთან დამეგობრებისა და გაშინაურების შემდეგ მან მითხრა, რომ ნ. ნ.-ს, იგივე „ბუწალიჩს“, ფარტენაძისა და ე. წ. კანონიერი ქურდის, ლავას ოღლის (მინდია გორაძე) საერთო ნათესავისთვის მოგებული ჰქონდა ფულადი თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც მინდია გორაძის სახელზე და პრესტიჟზე ცუდად მოქმედებდა. ამიტომ გიგა ფარტენაძეს მინდია გორაძისგან დავალებული ჰქონდა, პასუხი მოეთხოვა „ბუწალიჩისთვის“, რაც გიგამ განახორციელა და აღნიშნული საკითხი ლავას ოღლის ნათესავის სასარგებლოდ გადაწყდა. სწორედ ეს ფაქტი ვერ აპატია „ბუწალიჩმა“ გიგას, რადგან მან ვერ მიიღო მოგებული თანხა. რაც შეეხება 2014 წლის 3-4 მარტს მომხდარ ფაქტს, დეტალურად მოვყვები, რა ხდებოდა გიგა ფარტენაძის გარდაცვალებამდე და შემდგომ.
2014 წლის 3 მარტს მე და ჩემმა თანასაკნელებმა ჩვეულებისამებრ დილით გავიღვიძეთ. მოწესრიგების შემდეგ საკნიდან ციხეში მყოფი პატიმრების შესახვედრად გავედი. დღის განმავლობაში პერიოდულად ვბრუნდებოდი უკან, მაგრამ ზუსტად რამდენჯერ გავედი და დავბრუნდი, ამჟამად არ მახსოვს. დაახლოებით 17 საათზე, საკანში ყოფნისას, შევამჩნიე, რომ გიგა ფარტენაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ბორძიკით საუბრობდა. ამ პერიოდში უკვე ვიმყოფებოდით სრული შემადგენლობით. დაახლოებით 20:00 საათზე კვლავ დავბრუნდი საკანში და გიგა ისევ არაფხიზელ მდგომარეობაში დამხვდა. ვკითხე, თუ რა დალია, რაზეც მიპასუხა, რომ მიიღო ექვსი აბი დიაზეპამი და კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი „ბრაგა“. გიგამ თანასაკნელებს გვკითხა, თუ დავლევდით მასთან ერთად, რაზეც დავთანხმდით. ამის შემდეგ გიგა მივიდა საკანში შესასვლელიდან ხელმარცხნივ კედელთან განთავსებულ საწოლთან, ასწია საწოლის გადასაფარებელი, რომელიც სრულად ფარავდა საკნის იატაკს და საწოლის ქვემოდან პლასტმასის სათლი გამოიღო. მასში მოთავსებული იყო მოყვითალო ფერის სითხე „ბრაგა“. საკანში სუფრა გავშალეთ და დალევა დავიწყეთ. ამ პერიოდში საკანში ვიმყოფებოდით მხოლოდ #322-ე საკნის პატიმრები. სმის დროს მე და ლ. მ.-მა შეუძლოდ ვიგრძენით თავი, გულძმარვა დაგვეწყო და გული აგვერია. ცოტა უფრო მოგვიანებით გიგასაც აწყინა სასმელმა და თქვა, რომ „ბრაგა“, ალბათ, არასათანადო წესით იყო დამზადებული და ამის გამო გავხდით ცუდად. მაგრამ მას მაგრად უნდოდა დალევა ჩვენთან ერთად და შევთანხმდით, რომ სხვა საკნიდან მოიტანდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც გიგამ მორიგე ოფიცერს დაუძახა, კარი გააღებინა და საკნიდან გავიდა. რამდენიმე წუთში პლასტმასის სათლით უკან დაბრუნდა. ხელში ასევე ეჭირა შავი ფერის მეხსიერების ბარათი, „ფლეშკა“, რომელშიც ჩაწერილი იყო კლიპები და სიმღერები.
მაგიდასთან ხუთივე ვისხედით და სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობდით, თუმცა პერიოდულად ადგილებს ვიცვლიდით. პირადად მე რამდენჯერმე ავდექი სუფრიდან, შემდეგ სავარძელში გადავჯექი, გიგაც ხშირად გადაადგილდებოდა. ქეიფისას ერთმანეთს ვეხუმრებოდით, რა დროსაც გიგა ფარტენაძის ერთ-ერთ გახუმრებაზე ს.-ს მისამართით, ამ უკანასკნელს სახეზე გაბრაზება შეეტყო, კონკრეტულად, რა უთხრა, ვერ ვიხსენებ, თუმცა ამის შემდეგ გ. ს. გიგას მიუბრუნდა და ბრაზნარევი ხმით უპასუხა, _ რატომ მეხუმრები, ბიჭო, მსგავს საკითხებზეო. გიგა შეეპასუხა, _ რა იყო, ბიჭო, თავში ხომ არ აგივარდა რამეო? ამ სიტყვებზე გ.ს. უფრო გაბრაზდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი თუ მათი საუბარი რაიმე სახის სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, რადგან გაბრაზებას ან უკმაყოფილებას ყოველთვის ხუმრობით ან საუბრით ვაგვარებდით ერთმანეთში. ამის შემდეგ გ,ს.-მ და გიგამ ჯერ ხმამაღალი ტონით საუბარი დაიწყეს და შემდეგ ყვირილზე გადავიდნენ, მე გიგა ფარტენაძის საწოლზე წამოვწექი და სიტუაცია რომ გამენეიტრალებინა, მუსიკის ხმას ავუწიე და ორივეს ვუთხარი, ნუ ძაბავდნენ სიტუაციას, მაგრამ მათ ერთმანეთის ლანძღვა გააგრძელეს. ეს ყველაფერი 10-15 წუთი გაგრძელდა. ამ პერიოდში მორიგე ოფიცერმა, რომელიც სახეზე კარგად ვერ დავინახე, „კარმუშკის“ კარი გააღო და გვითხრა, რომ ჩვენი საკნიდან ხმაური გამოდიოდა, რაზეც გიგა მას მიუბრუნდა და აგრესიული ტონით უთხრა: „რა გინდა, ბიჭო, სიმშვიდეა და მუსიკებს ვუსმენთო“. გიგას პასუხის შემდეგ ოფიცერმა დახურა „კარმუშკის“ კარი და მისი წასვლიდან, დაახლოებით, 5-10 წუთის დროის ინტერვალში ჩვენს საკანში შემოვიდა #336-ე საკნის მსჯავრდებული გ. ა., რომელიც სტატუსით მაყურებელი იყო. მან შემოსვლისთანავე აიღო მაგიდასთან არსებული პუფის ტიპის სკამი (მაგიდა იყო ხელნაკეთ სავარძელთან ახლოს, საწოლებს შორის არსებულ სივრცეში) და ჩემს საწოლთან ახლოს დაჯდა, რომელზედაც გიგა ფარტენაძე იჯდა. გიგა ტანით მაგიდისკენ იყო გადმოხრილი, სახით გ. ა.-სკენ რომელსაც სახეზე და საუბარში აშკარად ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. მან აგრესიულად და უხეში ტონით მიმართა გიგას: „შენ, ბიჭო, რა დღეში ხარ, რა ხდებაო?!“ რაზედაც გიგამ უპასუხა: „რა ტონით მელაპარაკები, ვინმეში ხომ არ გეშლები, ხმას დაუწიე, არაფერიც არ ხდება, მშვიდობაა“. ამის შემდეგ აბზიანიძემ ჰკითხა: „აბა, რატომ მოვიდა ოფიცერი ჩემს საკანში და მითხრა, რომ #322-ე საკანში ფარტენაძეს გადაჯმული აქვს თავზე და შესაძლოა, ჩხუბიც კი მოხდესო?“ ამაზე გიგამ უპასუხა, რომ არც მასთან და არც სხვებთან არ უნდოდა კონფლიქტური სიტუაცია, ნუ ელაპარაკებოდა ჰონორით, რადგან ყველასთან სურდა მეგობრობა და ერთმანეთის პატივისცემისკენ მოუწოდა, შემდეგ სასმელიც კი შესთავაზა გ. ა.-ს. ამის მიუხედავად, გ. ა.-მ კვლავ აგრესიული ტონით გააგრძელა საუბარი: „არ მინდა, ბიჭო, შენი სასმელი, ისედაც ვსვამდი ახლახან საკანში, შენი გულისთვის მოვედი, რადგან ოფიცერმა მომმართა პრეტენზიით შენი ხმაურის გამო და ამიტომ შემოვედი“. ამ დროს გიგამ დაბალ ხმაზე რაღაც უთხრა, რაც ვერ გავიგე, მაგრამ გ. ა.-ს სიტყვები მახსოვს: „შენ, ბიჭო, მაგ რქებით რა ჭერს კაწრავო“. ამის შემდეგ მან მარჯვენა ხელი მოიქნია და ისე ძლიერად დაარტყა გიგას სახის არეში, რომ გიგა, ფაქტობრივად, ინერციით უკანა მხარეს კედელთან გადავარდა და გ. ა.-ს დედის გინება დაუწყო, მაგრამ ხელი არ შეუბრუნებია, რადგან ციხის კანონების მიხედვით, თუ იგი მაყურებელს ხელს დაარტყამდა, მას საკანში მყოფი ყველა პატიმარი სცემდა. ამ პერიოდის განმავლობაში ხელნაკეთ სავარძელში ვიჯექი, ჩემგან ხელმარცხნივ იჯდა გ. ს., ა.-ს ზურგს უკან იდგა ლ. მ, ხოლო გ. კ. ჩემი და გ. ს.-ს მოპირდაპირედ, მაგიდასთან ახლოს იმყოფებოდა. ყველანი ძალიან დაძაბულები ვიყავით. პირველის შემდეგ გ. ა. წამოიწია, გიგას მეორედაც დაარტყა ხელი სახეში და თავით მიანარცხა კედელს, შემდეგ გ. ა. ფეხზე ადგა, საწოლის პირველ და მეორე იარუსებს შორის შევიდა და გიგას სახის არეში გამეტებით ძლიერად ბევრჯერ დაარტყა. გ. ა.-ს მიერ მოქნეული თითოეული მუშტის შედეგად გიგა ინერციით ურტყამდა კედელს თავს. გ. ა.-ს, ფაქტობრივად, მომწყვდეული ჰყავდა გიგა ფარტენაძე, რომელსაც მოდუნება ეტყობოდა.
ჩხუბის პროცესში საკანში შემოვიდა ლ. ჭ. და გ. ა.-მ გიგას ცემა შეწყვიტა. გ. ა.-ს ვკითხე, რა უფლებით შემოვიდა ჩემთან საკანში და დაარტყა გიგას ხელი-მეთქი. ამ დროს გიგასკენ გავიხედე და დავინახე, რომ სახე სულ სისხლიანი ჰქონდა. გ. ა.-ს კითხვაზე პასუხი არ გაუცია. შეუტრიალდა გ. ს.-ს, რომელსაც შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ბიჭო, დილამდე ვერ მოითმინე, ვერ გაძელი ზონის გაღებამდე“. რატომ უთხრა ეს სიტყვები გ. ა.-მ გ. ს.-ს, არ ვიცი. მათი ლაპარაკის დროს გ. ა. გიგას ფეხებთან ახლოს იდგა, მიუტრიალდა ლ. ჭ. და უთხრა, რომ გიგამ დედა შეაგინა და თავისი მიიღო. ამის შემდეგ ლ. ჭ გადაიწია გიგასკენ და მიმართა შემდეგი სიტყვებით: „ერთხელ ხო გაგაფრთხილე, ხარივით ნუ იქცევიო“. ამის თქმისთანავე გიგამ გ. ა.-ს და ლ. ჭ.-ს დედა შეაგინა, რა დროსაც გ. ა. კვლავ გადაიწია გიგას მიმართულებით, დაუჯდა საწოლზე, მარცხენა ხელით სწვდა თმებში და კედელზე არტყმევინა თავი, პარალელურად კი მარჯვენა ხელით ურტყამდა სახის არეში ძლიერად. ამ პერიოდში ლ. ჭ.-მ „შპონკისკენ“ გადაინაცვლა და გარედან შიგნით ურტყამდა ხელს გიგას სახის არეში. ლ. ჭ. ვირთხასავით იქცეოდა და ეს ყველაფერი ამაზრზენი იყო. იმ პერიოდში, როდესაც ლ. ჭ. და გ. ა. გიგას სცემდნენ, საკანში შემოვიდა ნ. ნ., ე. წ. „ბუწალიჩი“ და მათ შეწყვიტეს ცემა.
„ბუწალიჩი“საკანში მყოფ ყველა პატიმარს გვაკვირდებოდა, გიგა ბარბაცით წამოდგა საწოლიდან და ბარბაცითვე მივიდა საკნის შემოსასვლელიდან ხელმარცნივ კედელთან მდებარე საკიდთან. პირსახოცი ჩამოხსნა და საპირფარეშო ოთახში შევიდა. გიგას გამოსვლამდე „ბუწალიჩმა“ გვკითხა, თუ რა ხდებოდა საკანში, რატომ და ვის შორის მოხდა ჩხუბი? გიგას საპირფარეშოდან გამოსვლისას, ნ. ნ. მიუტრიალდა მას და უთხრა: „შენ, ბიჭო, არ იცი, რომ არ შეიძლება მაყურებლისთვის შეგინება ან ხელის დარტყმა, შიგ ხომ არ გაქვსო!“ ამ დროს გიგამ სველი პირსახოცით მოიწმინდა სახე, შემდეგ დაგრიხა, _ წადი, შენი დედაც მოვ***ანო, _ უთხრა „ბუწალიჩს“ და სახის არეში ძლიერად გაარტყა დაგრეხილი პირსახოცი. „ბუწალიჩი“ გაოგნებული გვიყურებდა ყველას. განრისხდა, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არ შეიძლებოდა მაყურებლისთვის ხელის დარტყმა. გიგას საქციელზე საკანში მყოფი ყველა პატიმარი: გ. კ., გ. ს., ლ. მ. გ. ა, ლ. ჭ. და თავად „ბუწალიჩი“ სვავებივით თავს დაესხნენ გიგას და ცემა დაუწყეს. გიგა ძირს დააგდეს და ფეხებით შედგნენ. ძნელი გასარჩევი იყო, კონკრეტულად ვისი ფეხი ხვდებოდა გიგას სახისა და თავის არეში. იმისთვის, რომ ცემა შეეწყვიტათ, „ბუწალიჩს“ შემდეგი სიტყვებით ვუყვირე: „მოდი, აბა, ხომ ხარ მაყურებელი, მე დამარტყი ხელი, შე არაკაცო-მეთქი“ და ქვემოდან ზემოთა მიმართულებით ძლიერად დავარტყი ხელი ყბაში. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი დარტყმით „ბუწალიჩს“ ვერაფერს ვავნებდი, რადგან იმ პერიოდისთვის, დაახლოებით, 50 კილოგრამი ვიქნებოდი, „ბუწალიჩი“ კი ჩემზე ბევრად მაღალი _ 2 მეტრამდე სიმაღლისა და სრული აღნაგობის იყო. იმ დროს მე საკანში მყოფ ყველა პატიმარზე ბევრად დიდი ავტორიტეტით ვსარგებლობდი და სწორედ ამ მოტივით ვერც ერთი მათგანი ვერ გაბედავდა ჩემზე ხელის აწევას. ასე მოიქცა „ბუწალიჩიც“. ამის შემდეგ ყველამ შეწყვიტა გიგას ცემა, ხოლო „ბუწალიჩმა“ ორივე ხელი წელზე დაიდო, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი „აბაროტის“ აღებას არ აპირებდა. ჩვენი საკნიდან ყვირილით გავარდა #338-ე საკანში, _ „შიტკამ“ (ჩემი ზედმეტსახელია) ხელი დამარტყაო. ამ საკანში ისხდნენ პ. ხ. და მ. ვ., რომელთა რანგი უტოლდებოდა ჩემსას და სწორედ მათ შეეძლოთ ჩემთვის შენიშვნის მოცემა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავდა მათთან ჩივილს.
„ბუწალიჩის“ საკნიდან გასვლის შემდეგ ყველა პატიმარმა შეწყვიტა გიგას ცემა. მას სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა, თვალის მიმდებარე ადგილები დაბერილი და საგრძნობლად დასიებული, ცხვირი კი გატეხილი. წამოდგომას რომ ცდილობდა, დავეხმარე და წამოვაყენე, თუმცა ბარბაცებდა და წონასწორობის დაცვა უჭირდა, მეტყველებდა ლუღლუღით, გაუგებარი სიტყვებით. ვთხოვე, აღარ შეიგინო და არავის მიაყენო შეურაცხყოფა, რადგან ისეთი აღზნებულები და გაბრაზებულები არიან, არ მოგკლან-მეთქი, მაგრამ გიგამ ღიმილნარევი სახით შემომხედა, ხელი გამაშვებინა და მაინც გააგრძელა საკანში მყოფი პატიმრების გინება მოლუღლუღე ხმით. ამ დროს საკანში ვიყავით მხოლოდ მე, გ ს., ლ. მ. და გ. კ. დანარჩენმა პატიმრებმა კი გიგას ცემის შემდეგ „ბუწალიჩთან“ ერთად დატოვეს საკანი.
გიგა გ. კ.-ს მიუტრიალდა, რომელიც საკნის შესასვლელიდან ხელმარცხნივ მდებარე საწოლთან იდგა და უთხრა: „შენგან ხელის დარტყმას არ ველოდი, ეს რა გააკეთე, ბიჭო, როგორ გამყიდე და გამცვალე ამათშიო“, რაზეც გ. კ.-მ უპასუხა: „შენ, ბიჭო, რა რეგიონების მიხედვით ყოფ ადამიანებს და არაქურდულად აზროვნებ, საერთოდ აგრევია რამსებიო“ (გ. კ.-ს ეს სიტყვები ციხის ენაზე ნიშნავს იმას, რომ როცა ადამიანი აშავებს, მნიშვნელობა აღარ აქვს მის წარმომავლობასა და ურთიერთდამოკიდებულებას.) ამ სიტყვების შემდეგ გ. კ.-მ გაშლილი ხელი 2-3-ჯერ გაარტყა გიგას სახეში, რა დროსაც მას პირიდან სისხლის შხეფები წასკდა, თუმცა ხელი არ შეუბრუნებია, მიტრიალდა, საკნის შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ მდებარე მაგიდასთან მივიდა, წყლის ელექტრო ჩაიდანი აიღო და საპირფარეშო ოთახში შევიდა. პარალელურად გ. კ. გიგას მისამართით იგინებოდა. გიგა რომ საპირფარეშოდან გამოვიდა, სახე დაბანილი ჰქონდა, მაგრამ ტუჩიდან და ცხვირიდან კვლავ სდიოდა სისხლი. მივიდა მაგიდასთან და ჩაიდანი ასადუღებლად დადგა. დაელოდა ადუღებას, გაივსო ჩაის ჭიქა და ჩაიდნით ხელში მიუტრიალდა გ. კ.-ს: „როგორ მაგინებ და ხელი როგორ დამარტყი, შე არაკაცო, გველივით უნდა გაგიჭეჭყო თავი, შე ვირთხაო“ და წავიდა მისკენ. ამ დროს მე და ლ. მ. გიგას საწოლზე ვისხედით. ლ. მ. ჩემგან ხელმარცხნივ იჯდა, ხოლო გ. ს. _ ჩემს საწოლთან არსებულ „პუფის“ ტიპის სკამზე. გიგა გაემართა თუ არა გ. კ.-სკენ, სამივე სწრაფად წამოხტა ადგილიდან და გიგას შემდეგი სიტყვებით დაუწყო გინება: „ჩაიდანი დააგდე, შენი დედა მოვ***ან“, _ გ. ს. ასე მიმართავდა: „რით ვერ ისვენებ, უნდა მოგკლა, შენი დედა მოვ***ან, რომ დაისვენოო“. ამ პერიოდში ლ. მ. გიგას უკან მარცხენა მხარეს იდგა, ხოლო მე გ. ს.-ს ხელმარჯვნივ, ერთი ნაბიჯის მოშორებით. გ. ს. გიგას ჩაიდნის წართმევის მიზნით ხელში სწვდა და მარჯვენა ხელით წაართვა, გ. კ. კი ახტა, გიგას კისერზე ჩაებღაუჭა და თავისივე მაისური თავზე წამოაფარა, ხოლო ლ. ს. ძლიერად ურტყამდა მუშტებს მარცხენა გვერდში.
გ. ს.-მ გიგას წართმეული ჩაიდანი თავის მიმართულებით მოუქნია, თუმცა მოქნევისას შუბლის არეში მომახვედრა, მარცხენა მხარეს, რის გამოც წავიქეცი. თავთან ძლიერი ტკივილი და სისველე ვიგრძენი. ხელი რომ მოვისვი, სისხლი დავინახე და მივხვდი, რომ შუბლი მქონდა გამსკდარი. ტკივილისგან მარცხენა თვალი დავხუჭე და ამ დროს ჩემთან მოვარდა ლ. მ., რომელმაც სისხლის შესაჩერებლად გახეთქილ შუბლზე თუთუნი დამაყარა. ამ პერიოდში კ.-ს, გ. ს.-სა და გიგას შორის რა ხდებოდა, ვერ ვხედავდი, რადგან ლ. მ. მეფარებოდა, თუმცა მესმოდა, როგორ აგინებდნენ გიგას და ასევე ისმოდა ბრაგუნის, დარტყმის ხმებიც. როცა წამოვდექი, დავინახე, რომ საკნის კარი ღია იყო და კართან იდგნენ ციხის თანამშრომლები, ხოლო საკანში შემოსული იყვნენ სხვა პატიმრებიც, რომელთა სახეებს ვერ ვიხსენებ. შესაბამისად, მათი გვარების დასახელება არ შემიძლია. ამ დროს იატაკზე გულაღმა, საკნის შესასვლელიდან ხელმარცხნივ, თავით საპირფარეშო ოთახის კარისკენ, ფეხებით საკნის სარკმლისკენ იწვა გიგა ფარტენაძე, რომელსაც გ. ს. ჩამუხლული ურტყამდა ელექტრო ჩაიდანს თავისა და სახის არეში და უყვიროდა: „ნუ „პაკეტობ“, შენი დედა მოვ***ანო“ (რაც ციხის ენაზე ნიშნავს ცუდად ყოფნის იმიტაციას), თუმცა გიგას აშკარად ეტყობოდა, რომ უგონო მდგომარეობაში იყო და ხროტინებდა. გ. ს.-სთან, ერთად, პარალელურად, გ. კ.-ც ურტყამდა გიგას როგორც თავის, ასევე ტანის არეში, ლ. მ. კი ამ დროს გაუნძრევლად იდგა ჩემგან ხელმარცხნივ. ამ სურათის დანახვისას მე და ლ. მ. გიგასთან მივვარდით, გ. ს. გამოვათრიე და ხელი ვკარი. შემდეგ ჩავიმუხლე, დავხედე გიგას სახეზე, „მაიკაში“ ხელი ჩავჭიდე, შევაჯანჯღარე და ვეუბნებოდი. _ თვალი გაახილე, გამოფხიზლდი-მეთქი, თუმცა იგი ხროტინებდა. ამ დროს გ. ს.-ს მივუტრიალდი და ვუყვირ