ზოგჯერ ისე ხდება, რომ სასიკეთო ცვლილებების მოლოდინში წლები გადის. ადამიანები ინარჩუნებენ იმედს, ენდობიან სხვებს, პოლიტიკოსებს, მთავრობას და მომავალ მთავრობას, მაგრამ როცა ლოდინში თეოლობით წელი გადის, ამ დროს კი საკუთარი შვილების გასაჭირს თვალებში უყურებ, ლოდინი გაუსაძლისი ხდება, ნდობა კი შეუძლებელი.
მაია გვაჯავა აფხაზეთიდან დევნილია. 1999 წლიდან ის თბილისში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. დედაქალაქში ყირიმის 13 ნომერში ცხოვრობდა. მეუღლე უმუშევარია. ოთხი შვილი ჰყავს, მათგან ორი ბიჭი შშმ პირია. 2010 წელს უფროს ბიჭს ყუმბარა აუფეთქდა, ხელი და თვალი დაკარგა, დღეს კი უკვე მეორე თვალშიც მხედველობა დაუქვეითდა. ბევრი წელია, რაც ოჯახი დახმარებას ითხოვს, ითხოვს თავშესაფარს. ამბობს, რომ უჭირს და ბინის ქირის საფასურს ვერ იხდის, მაგრამ არავინ ეხმარება. ქალაქ რუსთავში 2014 წელს აპლიკაცია შეავსო თავშესაფრის თაობაზე. 2013 წელს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი გოგი ფაცაცია მაია გვაჯავას დაჰპირდა, რომ გადამისამართება გაეკეთებინა და, უპირველესად, მის ოჯახს დააკმაყოფილებდა:
_ გადამისამართება გავაკეთე, მაგრამ შემდეგ მითხრეს, რომ ეს პროცესი 2013 წლის მაისამდე უნდა გამეკეთებინა. მარტში ვიყავი მისული და ორ თვეში განიხილავდნენ, როდესაც წელიწადია, ჩემი განცხადება ვერ განიხილეს? დედა მყავდა ლოგინად ჩავარდნილი. თბილისში ბინაზე უარს მეუბნებოდნენ. წავედი და რუსთავში შევავსე განაცხადი, დავით გარეჯზე ხდებოდა ბინებით დაკმაყოფილება. ველოდებოდი და ველოდებოდი. ბავშვის ლოგოპეტი იყო რუსთავიდან და მან მითხრა, _ მაია, შენ რომ ელოდებოდი ბინას დავით გარეჯზე, უკვე დარიგდაო. ძალიან გამიკვირდა. ქულების საფუძველზე მეკუთვნოდა ამ ბინის მიღება. სამინისტროში დავრეკე და მითხრეს, _ თქვენ დაბალი ქულები გაქვთ, მაღალი ქულები უნდა გქონოდათ, რომ ბინით დაკმაყოფილებულიყავითო. საერთოდ არანაირი ინფორმაცია მომსვლია. უარყოფითი პასუხიც კი არ მიმიღია. მითხრეს, რომ ბავშვების ინვალიდობის მოწმობები არ მქონია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ წარვადგინე. სულ ერთად შეკრებილი დამაქვს საბუთები. რომც არ მქონოდა, ბაზაში ხომ ჩანს, რომ ბავშვები ინვალიდები არიან.
გაყიდეს ის ბინები. რეები გააკეთეს, ვერ გავიგე. თავი დავანებე. ამის მერე სახლის შესყიდვაზე შევავსე აპლიკაცია. ჩვენ გვერდით იყიდებოდა სახლი. მაშინ 26 000 ლარი მიწევდა და ეს ქალიც დამთანხმდა. განაცხადი შევიტანე და პასუხი არ მაღირსეს. ბინის მფლობელმა მითხრა, _ შვილო, როდემდე გელოდოო? მასაც უჭირდა და იმიტომ ეჩქარებოდა გაყიდვა. გაყიდა. განცხადებაც გავაუქმე.
უკვე ამის შემდეგ სახლი „აფრიკაში“ ვნახე. სამგორშიც ვნახე _ ორი. ა. წ. მაისში ისევ შევავსე აპლიკაცია და ივნისის ბოლოს უკვე დავრეკე. ჩემი განცხადების ამბები მოვიკითხე. ჯერ მითხრეს, დამტკიცებული გაქვსო და, რა თქმა უნდა, ძალიან გამეხარდა. ერთი კვირის მერე ისევ დავრეკე, რომ გამეგო, რა ხდებოდა. მითხრეს, მონიტორინგს დავლოდებოდი. ზუსტად არ იცოდნენ, როდის შეიძლებოდა, მონიტორინგზე მოსულიყვნენ. ველოდებოდი, ვწერდი და ერთი კვირის წინ მითხრეს, თქვენი განცხადება ახლა განიხილებაო. სულ მპირდებიან, მეუბნებიან, რომ განიხილავენ, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევენ.
ადრე ქირას მიხდიდნენ. მერე შემიწყვიტეს იმ მიზეზით, რომ 2013 წლამდე არ გაქვთ გადამისამართება გაკეთებულიო. ჩვენმა დეპუტატმა, ქალბატონმა რიმა ბერაძემ, დარეკა და უთხრა, _ ბავშვი ასეთ მდგომარეობაშიაო, ყველაფერს მოუყვა, და სასწრაფოდ დაურიცხეთ ქირაო. როგორც კი დარეკა, მაშინვე დამირიცხეს, მაგრამ შემდეგ უკვე მომიხსნეს, _ აღარ გეკუთვნისო.
_ რა შემოსავლის წყარო გაქვთ?
_ სოციალურ დახმარებას ვიღებ 220 ლარს. ბავშვს აქვს 180-ლარიანი პენსია, მაგრამ სამწლიანი სესხი მაქვს გაკეთებული და 30 ლარს ვიღებ ბავშვის პენსიიდან. ჩემს ბიჭს, რომელსაც ხელი არ აქვს და თვალი არ აქვს, 100 ლარს ურიცხავენ, სამწლიანი სესხი აქვს მასაც გაკეთებული და 50 ლარს ვიღებთ. მეორე თვალიდანაც ვეღარ იხედება ბავშვი უკვე.
ნერვოზი მაქვს, გარეთაც ვეღარ გავდივარ და ვერაფერს ვცდილობ.
ვის არ მივმართე _ პრესას, ტელევიზიას...
ჩვეულებრივ, თბილისზე ავსებენ აპლიკაციებს, მაგრამ მე ვერ მივდივარ, _ არ გეკუთვნისო. მინდა, რომ ხალხი დამეხმაროს და ჩაერიოს, გაარკვიონ რეალობა. ამდენი წელია, აქ ვცხოვრობთ. აქ ისწავლეს ბავშვებმა სკოლაში. სესხები მაქვს აღებული ბანკებში, რომელსაც, ბუნებრივია, ვერ ვიხდი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებითაც ვისარგებლე, ვერც ისინი გადავიხადე. უკიდურეს მდგომარეობაში ვართ.
_ ამ ეტაპზე რა პასუხებს ელოდებით და ვისგან?
_ ველოდებოდი, რომ იმ თანხას დამირიცხავდნენ და ბინას ვიყიდდი. დავრჩი ახლა სულ ასე. ან გადამიხადონ ქირა, ან ჩამსვან თბილისის ბინების სიაში. ხომ შეივსო აპლიკაციები? კეთილი ინებონ, გადაამოწმონ საბუთები და როგორც შემიწყვიტეს ბინის ქირის გადახდა, ისე აღმიდგინონ. დევნილთა სამინისტროს მისამართით გაგზავნილი უამრავი ფურცელი მაქვს დაგროვილი. ყოველდღე ვწერ თითქმის. ამას წინათ ვუთხარი, რომ მედიას მივმართავდი _ ყველას გავაგებინებ, რა ხრიკებით იმართება მანდ პროცესები-მეთქი. იციან, როგორ მდგომარეობაშიც ვართ.
ადრე რომ დაგიმტკიცდათ თანხა, მონიტორინგიდან ხომ იყვნენო? ოთხი შვილი დამეფიცება, რომ არავინ ყოფილა მონიტორინგიდან. მიტევენ, _ როგორ არა, იყვნენ, აბა, ისე როგორ დაგიმტკიცდებოდაო? არ ვიცი, რა ხდება. ვუთხარი, _ კარგად ვიცი, აპლიკაციების შევსების დროს მანდ რა კორუფციაც ტრიალებს და გირჩევნიათ, სიაში ჩამსვათ-მეთქი. სხვა გამოსავალი აღარ მაქვს. ახლა ამ ბინასაც ყიდიან, სადაც ქირით ვცხოვრობ.
_ ამ ბინის ქირას როგორ იხდით?
_ 1000 ლარი მაქვს ბინის მფლობელისთვის მისაცემი. ეს ჩემი გადასახდელია. ხუთი თვის ქირა ვერ გადავიხადე. ვერანაირად ვაძლევ ამ თანხას. მეპატრონეს ვუთხარი, რომ 50 ლარობით, ნელ-ნელა, გადავუხდიდი, მაგრამ კიდევ ხომ მემატება? სულ ვეუბნები, გადავდივარ-მეთქი და, ამ გადასვლა-გადასვლაში, ასეთ დღეში დავრჩი.
ეს 21 წლის ბიჭი განადგურებულია. 100 ლარს ურიცხავენ _ მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მისცეს. საღამოობით, უკვე მალე შემოდის სახლში _ ვეღარ ხედავს, რომ ბინდდება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა დევნილთა სამინისტროში. გადაამოწმონ ყველაფერი; შეამოწმონ, თუ არ მეკუთვნის. სხვებს თუ ეკუთვნით? იმ ბინებს ყიდიან. გაარკვიონ, დავით გარეჯზე ვინ ფლობს ახლა იმ ბინებს. ხომ არის საინტერესო? ველოდე, ველოდე და ბინის გარეშე დავრჩი. მაშინ დედაჩემი ლოგინად იყო ჩავარდნილი და ისიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. სულ მეუბნებოდა, _ როდის გადავალთო და მეც სულ ვპირდებოდი. ახლა გარდაცვლილია. სულ უნდოდა, ჩვენი, საკუთარი ჭერი გვენახა. კიდევ კარგი, გამგეობამ დაგვიფინანსა მკურნალობა და ვუვლიდი.
სულ მატყუებენ. მეუბნებიან, _ თვის დასაწყისში განიხილება, თვის ბოლოს განიხილება და, საბოლოოდ, არაფერი განიხილება. ამათთან ვერაფერი გავაწყვე, ასეთი უსამართლობა არ გამიგია.
უნდა გავარკვიო, დავით გარეჯზე ვინც მიიღო ბინები, ჩემზე უფრო გაჭირვებული თუ არის. იქნებ, რამენაირად, ყველაფერს გადახედონ და ყველაფერი შეამოწმონ თავიდან ბოლომდე: ბანკის ანგარიშები, ჩემ მიერ აღებული სესხები. ქირასაც რომ არ მიხდიან, მოვიდნენ სახლში, როცა უნდათ, შეგვამოწმონ და ჩამსვან იმ სიაში, რომელიც თბილისის ბინებს ითვალისწინებს. მგონი, ამ ბინების დარიგება ახალი წლისთვის იგეგმება. გაირკვევა, _ ვინ მიიღებს ბინებს და ვინ _ ვერ მიიღებს. ყველაფერს ამოვქექავ. ეს იცოდეს დევნილთა სამინისტრომ. მე თვითონ უკვე სულ წამლებზე ვარ დამოკიდებული. წამალი თუ არ მაქვს _ ვკვდები.
უფროს შვილთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროდან მიპასუხეს, _ თავის მოვლა შეუძლიაო. როგორ შეუძლია თავის მოვლა, როცა თასმების შეკვრაც არ შეუძლია დამოუკიდებლად? ასი ლარი უნდა ერიცხებოდეს მას? არ ვიცი, რა ხდება და აუცილებლად გადმოვაქექინებ ყველაფერს, ისეთი გამწარებული ვარ. კიდევ კარგი, ბინის პატრონში გამიმართლა და ესმის ჩემი მდგომარეობა.
ერთი კვირის განმავლობაში ბავშვები სკოლაში ვერ გავუშვი, _ ჩასაცმელი არ მქონდა მათთვის. მერე ძმაკაცებმა მისცეს შარვლები. სოციალური დახმარება რომ ავიღე, თითო-თითო მაისური ვუყიდე. დავპირდი, რომ შემდეგ სოციალურზეც კიდევ თითოს ვუყიდდი. ასე მივიყვანე ბავშვები სკოლაში მეორე კვირაში. თითო რვეულით დადიან. თვითონ კი მილიონებს იწყობენ ჯიბეებში. მე მხოლოდ თავშესაფარს ვითხოვ. როდემდე უნდა ვიყო ასეთ მდგომარეობაში? რად მინდა საქართველოს მოქალაქეობა, თუ ადამიანს გაჭირვებაში არ გიპატრონეს? უკიდურეს მდგომარეობაში ვართ. გოგომ თავისით ჩააბარა უნივერსიტეტში. ერთი წლის განმავლობაში იარა. შემდეგ, რომ ვერ გადავიხადე გადასახადი, რა თქმა უნდა, სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს.
მეზობლები მეუბნებიან, _ გარეთ რატომ არ გამოდიხარო? ვერ გავდივარ. ძალიან მაღალი წნევა მაქვს. შიშის გამო ექიმთანაც ვერ მივდივარ. დავაავადმყოფდი. ბავშვები სულ მეუბნებიან, _ დედა, ყველა ბავშვის დედა მოდის სკოლაშიო. სახლიდან რომ გავიდე, მგონია, ცუდად გავხდები და მოვკვდები. ამდენი სტრესი ერთიანად დამიგროვდა. აქამდე ყველგან დავდიოდი, განცხადებები შემქონდა _ არავინ მომხედა. ახლა გარეთაც კი ვეღარ გავდივარ.
ჭიათურაში ვიყავი რეგისტრირებული. როცა კანონი გამოვიდა გადამისამართებაზე, ვირბინე და ვის არ ვთხოვე. ხალხს ეს გადამისამართება ეგონა, რომ, ვითომ, ბინაში რომ ჩაეწერებოდი, ის ბინა სამუდამოდ შენ დაგრჩებოდა. არავინ გამიკეთა გადამისამართება. არადა, რომ მივედი, ფაცაციამ მითხრა, _ მესმის თქვენი მდგომარეობა, პირველ ყოვლისა, ეს გააკეთეო.
როგორ მაინტერესებს, დავით გარეჯზე ვინ მიიღო ბინები და ახლა, აპლიკაციების შევსებისას, ვინ ამოვა სიებიდან. ყველაფერს გავაკონტროლებ და მერე გამცენ პასუხი. მივმართავ ყველა მედიასაშუალებას და სამართლიანობას ვიპოვი. სხვა გამოსავალი აღარ დამიტოვეს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ადვოკატი მყავს. მითხრა, _ სარჩელს დაგიწერო. ყველა საბუთს შევაგროვებ და ამ ნაბიჯს გადავდგამ. ჯერ იმედი მქონდა, რომ იმ სახლს ვიყიდდი და თავს ვიკავებდი. ახლა კი ამისთვისაც მზად ვარ. მასხრად მიგდებენ. ჭკუიდან გადამიყვანეს. ყველა დევნილი მუშაობს დევნილთა სამინისტროში და ყველას ჰყავს ახლობელი. რადგან მე არ მყავს, ამის გამო ასეთ მდგომარეობაში უნდა ვიყო? ახლა საიაშიც წარვადგენ ჩემს დოკუმენტებს. 1999 წლიდან რომ თბილისში იცხოვრებ და გეუბნებიან, ბინა არ გეკუთვნისო... მაშინ, რისთვის გამაკეთებინეს გადამისამართება? ვიწვალე, ვირბინე, ბევრს ვეხვეწე.
გული მაქვს გახეთქვაზე. აქამდეც მეუბნებოდნენ, _ სარჩელი შეიტანე, სარჩელი შეიტანეო. იმედითა და მოლოდინით ვიკავებდი თავს, ლოდინში კი დავრჩი ასე.
მაია გვაჯავას თქმით, მისი შემდგომი ნაბიჯები ასეთი იქნება: შეეცდება, მაქსიმალურად ბევრ მედიასაშუალებას მიაწვდინოს ხმა და იდაოს სამართლებრივად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით. მას იმედი აქვს, რომ დედაქალაქში საცხოვრებელი ბინით დააკმაყოფილებენ. დევნილი ამ დროისთვის ოჯახთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და თანხას ვერანაირად იხდის.
მარიამ ტიელიძე