ბევრს ემახსოვრება და საქმის კურსშიც იქნება სამშენებლო კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ საქმიანობაზე, მათ მიერ უკანონოდ წამოწყებულ მშენებლობებზე, თანხის მითვისებასა და დაინტერესებულ პირებთან კონტაქტის უქონლობაზე!
ისიც გეცოდინებათ, რომ ამ კომპანიამ 2016 წლიდან დაიწყო ემიგრანტებისთვის წინასწარი შენატანის გარეშე ბინის მშენებლობის შეთავაზება, რომელსაც თავიდან სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ აზღვევდა. მოგვიანებით, მოვლენები ისე განვითარდა, რომ „სვეტი დეველოპმენტის“ ორ ობიექტზე, მირცხულავასა და ჭყონდიდელის ქუჩებზე მიმდინარე მშენებლობები, საერთოდ შეწყდა. შემდეგ გაირკვა, რომ კომპანიას ზოგიერთი კომპლექსის მშენებლობის პროექტი არც კი წარუდგენია მერიაში და შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა! ამასთან, „სვეტი დეველოპმენტმა“ სადაზღვევო კომპანიასთანაც გაწყვიტა კავშირი.
მენაშენეები დარჩნენ ბინის, თანხისა და პასუხის გარეშე. მათ უმეტესობას პოტენციური სახლის შავი კარკასიც კი არ ჰქონდა.
როცა მენაშენეები შესაბამის სტრუქტურებთან ურთიერთობით ფონს ვერ გავიდნენ, მათ აქტიურად და პერმანენტულად დაიწყეს საპროტესტო აქციების გამართვა და დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვდნენ. ნაწილს სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი, ნაწილს კი _ პროკურატურაში.
სამშენებლო კომპანია კონტაქტზე მაინც არ გამოდიოდა. მოგვიანებით, მენაშენეების პროტესტმა თითქოს შედეგი გამოიღო და უკვე თბილისის ახალმა მერმა, კახი კალაძემ, განაცხადა, რომ კომპანია „სვეტის“ დაზარალებულ მენაშენეებს მერიის მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
18 სექტემბერს მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და პირადადაც კი იღებს ძალიან ბევრ შეტყობინებას არსებული და მოსალოდნელი მდგომარეობის შესახებ:
„გასულ კვირას ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი შეხვდა „სვეტის“ დაზარალებულების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს, დეტალურად გაიარეს ყველაფერი, არსებული მდგომარეობა. მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა, რომ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით, არავინ დაკარგოს არაფერი, რაც გაქვთ გადახდილი, ბინები და ა. შ. როგორც ვიცი, პრობლემა არსებობს ერთი მიმართულებით, გამოძიება დაწყებულია და საკმაოდ ეფექტიანად მიმდინარეობს, ხოლო, მეორე მხრივ, რაც ჩვენს პრეროგატივაში შედის, თბილისის მერია გვერდით დაგიდგებათ და დაგეხმარებათ, რომ ეს პროექტები დასრულდეს. დაახლოებით 14 ლოკაციაზე იყო დაწყებული მშენებლობები და 14-ვე _ უნებართვოდ. ეს არის სერიოზული პრობლემა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. უკანონო, უნებართვო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ეს იყო 2015-2016 და 2017 წლის ნაწილი, როდესაც უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა გექნებათ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, _ განაცხადა კალაძემ.
მშენებლობის ნებართვის გაცემის ერთი მთავარი და აუცილებელი პირობა იყო ის, რომ „სვეტს“ იგი ახალი, 41-ე დადგენილების გათვალისწინებით უნდა გაეგრძელებინა, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ მას ძველი დადგენილების მიხედვით სურს მშენებლობის გაგრძელება.
ახალი, 41-ე დადგენილება, თავის მხრივ, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებს ეხება და იგი გასული წლის იანვრიდან ამოქმედდა.
წესების დებულებები ეხება ყველანაირი შენობის ან ნაგებობის ან ამ შენობებსა თუ ნაგებობებზე მიდგმული ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაგებობის მშენებლობას, გადაკეთებას, გადაადგილებას, გაფართოებას, შეცვლას, შეკეთებას, აღჭურვას, გამოყენებასა და დაკავებულობას, მდებარეობას, მოვლა-პატრონობას/შენახვას, აღებასა და დანგრევას/დაშლას.
გამონაკლისის სახით ამ წესებით არ რეგულირდება:
1. ერთი ან ორი ოჯახისთვის განკუთვნილი ცალკე მდგომი, II კლასს დაქვემდებარებული საცხოვრებლები, ასევე მათი დამხმარე ნაგებობები, რომელიც უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი გასასვლელი საშუალებებით და სიმაღლეში არ აღემატება მიწის დონიდან სამ სართულს;
2. ხაზობრივი ნაგებობები, წყალსაცავები, კაშხლები, ნავთობის ბაზები, ელექტროსადგურები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.
მიზანი _ მინიმალური პირობების შექმნა საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, რასაც უზრუნველყოფს გასასვლელი საშუალებები, სანიტარიული პირობები, სათანადო განათება და განიავება, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებებისას.
სწორედ ეს გახლავთ 41-ე დადგენილების მთავარი არსი. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს დადგენილება მას შემდეგ დაკანონდა, რაც „სვეტმა“ უკვე მშენებლობა დაიწყო, ის უარს ამბობს მშენებლობის გაგრძელებაზე ამ დადგენილების გათვალისწინებით(!).
როგორც „სვეტის“ ერთ-ერთი მენაშენე და საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, სალომე დუნდუა „ქრონიკა+“-თან აღნიშნავს, „სვეტი“ ახლა კანონის სათავისოდ მორგებას ცდილობს და სურს, რომ მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების გამოყენების გარეშე გააგრძელოს:
„ყველაფერი რომ ნათელი იყოს, მინდა გაგახსენოთ ბევრი რამ: ხალხის ქუჩაში გამოსვლისა და პროტესტის უკიდურესი ზომების მიღების შემდეგ სამშენებლო კომპანია „სვეტმა“ მშენებლობის ნებართვა მიიღო. მერიამ მათი დარღვევების მიუხედავად მშენებლობის ნებართვა გასცა და ამით ჩიხში შესული სიტუაციის მდგომარეობიდან გამოყვანა სცადა, თუმცა „სვეტის“ მესვეურებმა ეს ბოლო შანსიც ვერ გამოიყენეს. კერძოდ, მშენებლობის დაწყების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მოითხოვეს და ახლა კანონის საკუთარ მოთხოვნებზე მორგებას ცდილობენ.
როგორც უკვე იცით, საქმე ეხება 41-ე დადგენილებას, რომელიც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებას მოითხოვს.
არადა, დიახ, მე, როგორც მენაშენეს, მსურს, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით აშენდეს ჩემი კორპუსი. ამ დროს ჩანს, რომ „სვეტს“ არც აშენების თავი აქვს და არც სხვას უთმობს, რომ ვინმემ მოაგვაროს ჩვენი - ქუჩაში დარჩენილი ხალხის _ პრობლემა!
გავაპროტესტებთ ყოველგვარ ხელშეშლას! მათი დღეები დათვლილია! გამოძიება ძალიან მალე დადებს შედეგებს! მალე ყველა იხილავს, რა არის გაფლანგული! ცხადია, რომ მათ ყველანაირი შანსი მიეცათ, თუმცა მშენებლობის გასაგრძელებლად რესურსი არ გააჩნიათ. ჩვენ კი მთელი ცხოვრება ვერ დაველოდებით!
მანამდე საქმე შემდეგნაირად ვითარდებოდა: ვინაიდან „სვეტს“ ბოლო შანსი მისცეს და ნება დართეს, მშენებლობა ისეთ ბლოკებზე, ისეთ კორპუსებზე წამოეწყო, სადაც ჯერ მშენებლობა დაწყებულიც არ იყო, შესაბამისად, მათ უნდა დაეწყოთ იგი ამ სახანძრო უსაფრთხოების დადგენილების მიხედვით. რადგან მას ზოგიერთ ობიექტზე უკვე დაწყებული და მიტოვებული ჰქონდა მშენებლობები, პროექტის გადაკეთება უწევდა. ამ დადგენილების შესახებ რომ გაიგეს, თქვეს, _ ჩვენ გეერგეს გათვალისწინებით გვქონდა ეს მიწა გადმობარებული და შესაბამისად, ახალი დადგენილება არ გვეხებაო. ანუ ჯანელიძე ამბობს, ძველი პროექტით მშენებლობის უფლება მომეცითო. სწორედ ამაზე ვდაობთ უკვე რამდენიმე თვეა. სპეციალურად არ გადაააკეთეს პროექტი, არადა, ეს მისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. არქიტექტურის სამსახურიც ახალ პროექტს ეხვეწებოდა კარგა ხანს, ბოლოს კი, როცა ველოდით, რომ ახალ და 41-ე დადგენილებით გათვალისწინებულ პროექტს წარადგინდა ჯანელიძე, აღმოჩნდა, რომ ტას.გე-ზე ისევ ძველი, გადაუკეთებელი პროექტი ატვირთა.
ფაქტობრივად, გვეთამაშება ეს კაცი. ამით უნდა, რომ ჩვენი ფულით ისარგებლოს. მისთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია. ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებ ამ ყველაფერსო. ე. ი. კონსტიტუცია, კანონი, დადგენილება, ჩვენი ნაწვალები ფული _ ყველაფერი მათ უნდა მოვარგოთ. ეს სასამართლო პროცესები წლობით გაიწელება და ჩვენ უნდა ველოდოთ, თუ როდის მოიგებს ან წააგებს ამ კანონის გასაჩივრებას ჯანელიძე.
მართალია, წინა მერიის დანაშაული ჩვენ წინაშე ნამდვილად დიდია, ზედამხედველობის სამსახურს ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა, უნდა გაეკონტროლებინა, როგორ და რატომ შემოღობეს კონკრეტული ტერიტორია და როგორ დაიწყეს მშენებლობა, მაგრამ ახლა გვერდით გვიდგანან და გვეუბნებიან, ყველაფერი გამოსწორდებაო“.
როგორც სალომე დუნდუა ამბობს, საქმეზე გამოძიება დაწყებულია და ფინანსური პოლიცია ფინანსებს ითვლის, მირცხულავას ობიექტზე უკვე ყველაფერი დაანგარიშებულია. სამხარაულის ექსპერტიზაც ჩატარდა იმ დანახარჯებზე, რაც კორპუსის ჩონჩხების ასაშენებლადაა გაწეული. სრულ თანხას დახარჯულის ოდენობას გამოაკლებენ და ნახავენ, თუ რამდენია გაფლანგული, შეჭმული. როგორც კი დასკვნა დაიდება და მენაშენეები ოფიციალურად დაზარალებულად გამოცხადდებიან, შემდეგ საქმეში მერია ჩაერევა.
სალომე დუნდუა:
„ჩვენ, მენაშენეები, ვითხოვთ, უსწრაფესად მოგვარდეს ჩვენი მოთხოვნა, „სვეტი“ ჩანაცვლდეს სხვა კომპანიით. მერია ყველა კანონის დაცვით მოქმედებს. ერთად ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელიც პროკურატურაში თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. გაძარცული მენაშენეების ერთადერთი იმედი ისაა, რომ სწორედ სახელმწიფოს ჩართულობით გადაწყდეს ჩვენი პრობლემა, თუმცა „სვეტის“ დამფუძნებლები და დირექტორი ყველა ხერხს მიმართავენ, რომ ეს გზაც ჩაუკეტონ მენაშეენებს. მათ „მადა ჭამაში მოუვიდათ“ და ახლა კანონის საკუთარ თავზე მორგებას ითხოვენ.
სახელმწიფომ უკვე აიღო პასუხისმგებლობა და რამდენიმე დღეში, როცა პროკურატურა დასკვნას დადებს, გვპირდებიან, რომ ყველა დაზარალებულის ინტერესს დააკმაყოფილებენ. ჩვენ, მენაშენეები და ქალაქ თბილისის მერია პროკურატურის დასკვნას ველოდებით. ამის შემდეგ ჯერი მერიაზე მიდგება და იმედია, დაპირებისამებრ, ჩვენს ბინებში მალე ვიცხოვრებთ.
4000 მენაშენე ელოდება ამ ყინულის დაძრას, თუმცა „სვეტი“ კვლავ აგრძელებს სიტუაციის ჩახლართვას და 41-ე დადგენილებით მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას აპირებს. ვიცი, რომ მათ წინასწარ დაგეგმეს ეს ყველაფერი და შენებაზე არასოდეს უფიქრიათ. მხოლოდ თანხის მიღება და უსასრულო სასამართლოები იყო მათი გათვლები, თუმცა ამ ყველაფერს მალე წერტილი დაესმევა!
არ ვიცით, თუ რა მაქსიმალური ზომების მიღება შეუძლია მერიას, მაგრამ იმედია, სასამართლო დავა არ დაგვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი თანხა აქვთ შეჭმული. მათ აუცილებლად დაიჭერენ. თუ შეთანხმებაზე წამოვლენ, სხვა ინვესტორით ჩანაცვლდებიან, მსურველი კი რამდენიმეა. ჯერ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით“.
ირაკლი კუნჭულია _ „სვეტის“ ერთ-ერთი მენაშენე:
„2 წლის წინ დედაჩემმა დაბადების დღეზე „სვეტის“ კორპუსში ბინა მაჩუქა. ხელშეკრულება გავაფორმეთ, წინასწარ ღირებულების რამდენიმე პროცენტი შევიტანეთ და გადახდის გრაფიკსა და ბინის ჩაბარების თარიღზე შევთანხმდით.
ახალ ბინაში მისი ყიდვიდან რამდენიმე თვეში უნდა გადავსულიყავი, მანამდე კი ქირით უნდა მეცხოვრა და ცხადია, ყველაფერი წინასწარ განვსაზღვრე.
ყველა გათვლით გასული წლის სექტემბერი უნდა ყოფილიყო ბოლო ვადა, როცა ბინა უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე ქირით მიწევს ცხოვრება, რადგან ჩემი კორპუსი საერთოდ აშენებულიც კი არ არის. დედაჩემს კონტრაქტის არც ერთი პირობა არ დაურღვევია, მაგრამ კომპანიამ არც ერთი ვალდებულება არ შეასრულა.
როგორც აღმოჩნდა, კომპანიას ობიექტებზე მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა აღებული. მენაშენეების თქმით, მოხდა შემთხვევები, როცა ერთი ბინა რამდენიმე ადამიანზე გაიყიდა. იყო ფულის გამოძალვის, მოტეხვის, გათეთრების შემთხვევები და ა. შ.
ამ კომპანიას დღეს ჰყავს 4000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახი. მათი უმრავლესობა, მათ შორის, დედაჩემიც, ემიგრანტია _ ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყანაში პურის ფულის საშოვნელად არიან წასულები! ადამიანები, რომლებიც შორს არიან შვილებისგან, დედებისგან, მამებისგან, მეგობრებისგან, ნათესავებისგან! ადამიანები, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული, რომ კიდევ რამდენიმე თვე უნდა ემუშავათ იქ, შემდეგ ჩამოვიდოდნენ და საკუთარ ბინაში იცხოვრებდნენ, მაგრამ დღეს ისევ საზღვარგარეთ არიან, რადგან აქ არც სახლი აქვთ, არც ჭერი, არც მათ გადახდილ ფულს უბრუნებს ვინმე და არიან ასე, თავადაც არ იციან _ რის იმედად.
ისედაც გაუბედურებული და გამწარებული ხალხი გაასულელა კომპანია „სვეტმა“ და დღემდე ამ კომპანიის წარმომადგენლები ჩვეულებრივად დადიან ქუჩაში, ისვენებენ, ხარჯავენ ხალხის ფულს და მეტიც, პრესკონფერენციებსაც აწყობენ და საკონსტიტუციოში რაღაც საჩივრები დააქვთ _ ცხადია, დროის გაყვანის მიზნით.
მთავრობის პასუხი ამ ყველაფერზე არის ის, რომ საქმეს საგამოძიებო სამსახური იძიებს. თითქმის ყველა მენაშენე გამოიკითხა, მაგრამ ფაქტია, ამდენი დრო გავიდა და შედეგი არ დადებულა. ამ ყველაფერს ეწირება ადამიანური რესურსი, უამრავი ფული, რადგან დღემდე დაზარალებულთა უმრავლესობა, მათ შორის, მეც, ქირით ცხოვრობს. ამ ყველაფერს ეწირება ნერვები, ამ ყველაფერს ეწირებიან ადამიანები, რომლებიც სამართალს ეძებენ და არავინ იცის, ოდესმე თუ იპოვიან მას.
მართლა არ ვიცი, ამ ქვეყანაში რისი იმედი უნდა ჰქონდეს ადამიანს?!“
აღნიშნული სამშენებლო კომპანიის რამდენიმე დაზარალებულის უფლებებს იცავს ადვოკატი ირაკლი ბურჭულაძე. იგი „ქრონიკა+“-თან ღიად საუბრობს დეტალებზე, არსებულ მდგომარეობასა და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე:
„სამშენებლო კომპანია „სვეტი დეველოპმენტი“ უარს აცხადებს, სამშენებლო პროცესი აწარმოოს 41-ე დადგენილების მოთხოვნათა დაცვით, რადგან ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვა იწვევს ხარჯების ზრდას. ამ მხარეს არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ მათ 41-ე დადგენილების მიღებამდე დაიწყეს მშენებლობის პროცესი და აღნიშნული დადგენილება მოგვიანებით იქნა მიღებული. ახალი ნორმა, კერძოდ დადგენილება #41, ადგენს სტანდარტს, რომელიც სავალდებულოდ დასაცავია ყველა იმ პირის მიერ, რომელიც ჩართული იყო ან ამჟამად იწყებს სამშენებლო სფეროში საქმიანობას, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, მშენებლობა უნდა გაგრძელდეს ახალი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით. მეორე მხარის უარი 41-ე დადგენილების შესრულებაზე, უკანონობასთან ერთად, საფრთხის შემცველია მენაშენეებისთვის, რომლებიც პოტენციურ მცხოვრებლებს წარმოადგენენ. მე, როგორც კონკრეტული მენაშენეების ადვოკატი, ვაგრძელებ „სვეტის“ წინააღმდეგ დავას მენაშენეების უფლებების დასაცავად თბილისის საქალაქო სასამართლოში. არაერთი სარჩელი მაქვს გაგზავნილი, ველოდები სასამართლო პროცესების ჩანიშვნას და ვიმედოვნებ, რომ წარმატებით დავასრულებ დავას.
ჩემთვის ცნობილია, რომ საქმეში ჩართულია ფინანსური პოლიციაც, რომელიც ყველაფერს იძიებს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით. მათ ათეულობით მენაშენე გამოკითხეს, რომელთაც, თავის მხრივ, წარმოადგინეს ხელშეკრულებები, გადახდის ქვითრები და, რეალურად, საკითხი იმ კუთხით მიმდინარეობს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ყველაფერი ჯერ გამოძიების ეტაპზეა.
რაც შეეხება მერიის მოთხოვნას #41-ე დადგენილების შესრულებაზე, მათი მიდგომა კანონიერი და გონივრულია. ხშირად ისმის კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება, თუკი მენაშენეების თანხები გაფლანგულია და მშენებლობა ვერ გაგრძლდება? ამ შემთხვევაში ორი გზა არსებობს: I. თუ ვინმე დაინტერესებულია იმით, რომ სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მისცეს ჯანელიძე და მისი დირექტორატი, მოხელეები და ა. შ., ისინი დაისჯებიან; II. ახალი ინვესტორის, ახალი მშენებლის შემოსვლა, რომელიც მშენებლობას გადაიბარებს მთელი თავისი ვალდებულებებით, აიღებს იმ ვალდებულებებს, რაც მენაშენეების წინაშე არსებობდა და რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დადგენილი სტანდარტით, უსაფრთხოების ნორმებითაა წარმოდგენილი.
მე, როგორც დაზარალებულების ადვოკატი, მხოლოდ ამ ორ გზას ვხედავ ამ ეტაპზე. თუ ვინმე მესამე და ყველაზე ოპტიმალურ გზას შემოგვთავაზებს, დიდი სიამოვნებით მოვუსმენ“.
საზოგადოება ისევ მოლოდინის რეჟიმშია და გამოძიების დასრულებას ელის. რა ბედი ეწევათ კომპანია „სვეტი დეველოპმენტსა“ და მის მესვეურებს, ეს მხოლოდ ფინანსების დათვლის, ექსპერტიზის საბოლოო პასუხის გაგების შემდეგ გახდება ცნობილი.
ფაქტი ცალსახაა, მენაშენეებს მერიის იმედი აქვთ, ეს უკანასკნელი კი კვლავ გამოძიების შედეგებს ელის.
ნინო ტაბაღუა