QronikaPlus
„შეკერილი საქმე“, მორიგი უსამართლობა და დაკავებული ბიზნესმენი

„შეკერილი საქმე“, მორიგი უსამართლობა და დაკავებული ბიზნესმენი

2018-09-21 07:36:30

უდანაშაულო ადამიანისთვის შარის მოდებისა და „შეკერილი საქმეების“ შესახებ მორიგი ამბავი უნდა გიამბოთ, რომელიც უსამართლობის ისეთ განცდას დაგიტოვებთ, რომ შეიძლება ვერც დაიჯეროთ, როგორი სისტემისა და ხელისუფლების პირობებში გვიწევს ცხოვრება. საქმე, რომლიდანაც აგენტები მშრალად გამოძვრნენ, დღეს განხილვის პროცესშია და სიმართლის აღსრულებას ელოდება. ეს ამბავი ქუთაისში მოხდა... ყველაფერი კი 2012 წელს იწყება, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოდის. ყველაფერი თავიდან რომ დავიწყოთ, მისი გადმოცემაც კი მარტივი საქმე არ გახლავთ და სასამართლოში მხოლოდ ერთი დავაც არ მიმდინარეობს. დღევანდელი სტატიის მთავარი გმირი ბიზნესმენი ზაურ ბაკურაძეა. იგი ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში, გელათის მონასტერთან ცხოვრობს. ეწევა ბიზნესსაქმიანობას _ აქვს კომერციული ფართები, ფლობდა ქვის გადამამუშავებელ საამქროს, ავტოგაქირავებას, ავტოლომბარდებს, მეუღლე ფლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და ა. შ. ბაკურაძეს აქვს ოთხი ძირითადი შპს და ჰყავდა ის პარტნიორები, რომლებსაც დღეს ედავება. როგორც თავად ზაურ ბაკურაძე ამბობს, შევიწროება დაიწყო 2012 წლიდან, მანამდე უპრობლემოდ ფლობდა თავის ბიზნესებს. 2012 წელს მის კომპანიაში მუშაობას იწყებს ვინმე დავით რევიშვილი, რომელიც ადრე ქუთაისის საგადახადო სამსახურში მუშაობდა. პირები შეთანხმდნენ, რომ ბ-ნი ზაური ბიზნესში თანხას მოიტანდა, რევიშვილი კი მას აღრიცხავდა. ასეც ხდებოდა. დაარსდა 4 შპს, სადაც თანადამფუძნებლები იყვნენ ბაკურაძე, რევიშვილი და კიდევ ორი პიროვნება. ოთხივე შპს ფინანსდებოდა ბაკურაძის მიერ. მოგებაც, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონოდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა და მოგებაც საკმაოდ საგრძნობი იყო _ ამის დოკუმენტები არსებობს. შემდეგ მოხდა ისე, რომ ბაკურაძის პარტნიორები მიხვდნენ, შეიძლებოდა უკვე მისგან დამოუკიდებლად ეშოვათ ფული. დაიწყო თანხების სისტემატური დაკარგვა. ერთ წელიწადში პარტნიორები დაიშალნენ და დარჩა ძალიან დიდი თანხა, რომელიც თავის დროზე ბაკურაძემ მიიტანა ბიზნესში. თანხა გაქრა! კომპიუტერიდან გაქრა პროგრამებიც, რომლითაც დასტურდებოდა თანხების ბრუნვა, კომპიუტერთან წვდომა კი რევიშვილს ჰქონდა. ამ ამბის შემდეგ ზაურ ბაკურაძე ადვოკატებთან გადის კონსულტაციას და თანხას სასამართლო წესით ედავება ყოფილ პარტნიორებს. დაყადაღებულია ბიზნესში ჩართული ყოფილი პარტნიორების უძრავ-მოძრავი ქონება და სასარჩელო თანხა, დაახლოებით, 900 000 ლარამდეა. პროცესი გაჭიანურდა, ახლა მტკიცებულებების გამოკვლევისა და მოძიების ეტაპია. თავიდან რევიშვილმა საერთოდ უარყო, ზოგადად, ბაკურაძის თანხობრივი მონაწილეობა ბიზნესში, _ ფული ჩემი იყო და მას არაფერი მოუტანიაო, მაშინ, როცა არსებობს ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ბაკურაძემ მიიტანა და მოგება წამოიღო ეტაპობრივად. ამ დოკუმენტებზე აუდიტური დასკვნაა ჩატარებული. როდესაც რევიშვილს ეცნობა, რომ არსებობდა დოკუმენტები მისი ხელმოწერით და ბაკურაძის მხარე კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა (სასამართლო, რა თქმა უნდა, დანიშნავდა ამას და ექსპერტიზაც უტყუარად დაადგენადა რევიშვილის ხელმოწერას), კანონიერი და პროცესუალური ზეწოლის შემდეგ მან აღიარა, რომ დოკუმენტები მისი შედგენილია, ის აწარმოებდა ამ ბუღალტრული დოკუმენტების შედგენას. ახლა პროცეზე აუდიტია დაბარებული, რომლიც არის ოფიციალური, ლიცენზირებული პირი და ის პროცესზეც იტყვის, თუ რა ტიპისა და მნიშვნელობის დოკუმენტებია ისინი. ყველაზე საინტერესო კი ახლა იწყება... როგორც კი ინიშნება პროცესები და სხდომა, იწყება დევნა და თვალთვალი ზაურ ბაკურაძეზე. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ (როგორც ბაკურაძე ამბობს) მას დაჰყვებოდა დავით რევიშვილის ახლო მეგობარი, უშიშროების თანამშრომელი _ ტარიელ მიშვიძე (იგი თავად რევიშვილმა შემოიყვანა ბაკურაძის სანაცნობო წრეში და გააცნო უშიშროების თანამშრომლად, რომელიც „კრიშა“ გახლდათ რიგ საქმეებში თანხის სანაცვლოდ). როგორც კი ფულის მოპარვის, თანხის გაქრობისა და ბიზნესიდან რევიშვილის გაგდების ფაქტი დგება სახეზე, იწყება ბაკურაძეზე ზეწოლა და მისი შეშინება... მეტიც, ის ზაურ ბაკურაძის მეუღლესთანაც მივიდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, გაეცნო, როგორც საგადასახადო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც შემოწმებაზე იყო მათთან მისული. როდესაც მას ჰკითხეს თუ რომელი სამსახურიდან იყო და კონკრეტულად რა აინტერესებდა, სურდა თუ არა იურისტებთან გასაუბრება კონკრეტულ საკითხებზე და ა. შ., აღმოჩნდა, რომ ის არც რომელიმე საფინანსო სამსახურის, არც უწყების თანამშრომელი ყოფილა. ის იგივე ტარიელ მიშვიძე გახლდათ, რომელსაც ბაკურაძის ოჯახის შეშინება უნდოდა... რადგან რევიშვილმა იცოდა, რომ დავას მათთვის არასახარბიელო შედეგები მოჰყვებოდა, დაიწყო ზეწოლა, რომ როგორმე ბაკურაძე შეეჩერებინა ან უარი ეთქმევინებინა ამ სარჩელზე. ამავდროულად, ეს პერიოდი ემთხვევა 2017 წლის არჩევნებს, როდესაც ბაკურაძე ღიად და ხმამაღლა აფიქსირებს თავის პოლიტიკურ შეხედულებას _ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. საარჩევნო ოლქთანაც ხმამაღლა გააპროტესტა ისიც, რომ ხალხს თანხას სთავაზობდნენ არჩევნებზე მისვლის სანაცვლოდ. ბუნებრივია, ესეც არ დარჩა რეაგირების გარეშე. გასული წლის პერიოდი ემთხვევა იმასაც, რომ ბაკურაძის შვილმა უნივერსიტეტში ჩააბარა და სახლში, რომელიც მისთვის ჰქონდა ნაყიდი, სარემონტო სამუშაოები დაიწყო. 2018 წლის იანვარში, ბაკურაძის სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მიდის 2 ადამიანი, რომლებიც მუშებს ეცნობა, როგორც ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი და ეუბნება, რომ მუშები ამ ადგილზე დარღვევით მუშაობენ და სახლის მეპატრონეს (ანუ ზაურ ბაკურაძეს), რომელიც იმ მომენტში ადგილზე არ იყო, მერიაში იბარებენ. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ამ სახლში მოსული თანამშრომელთაგანი იყო ზვიად ჯავახია, ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. ცალსახაა, რომ თანამდებობის პირი, რომელმაც მშენებლობის დარღვევა აღმოაჩინა, ვალდებულია, განახორციელოს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ შემთხვევაში, ზაურ ბაკურაძეს უნდა მისცეს შენიშვნა, განუსაზღვროს ვადა და ამ ვადაში თუ არ გამოსწორდება დარღვევა, დააჯარიმოს იგი _ სწორედ ეს გახლავთ მისი უფლებამოსილება. ცხადია, რომ ამისთვის ზვიად ჯავახია (არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი(!) მოლაპარაკებებს თავად არ უნდა აწარმოებდეს (თუმცა როგორც ჯავახიამ სისხლის სამართლის პროცესზე თქვა, თურმე ის შაბათ-კვირას მთელ ქუთაისში პირადი ავტომობილით მოძრაობს და თუ სადმე მშენებლობებს ნახავს, მეორე დღესვე უშვებს თანამშრომლებს მისი კანონიერების შესამოწმებლად _ რამდენად მარტივად დასაჯერებელია სამსახურის უფროსისგან ამგვარი ქმედება _ უქმეებზე, საკუთარი ავტომობილით, საწვავით, პირადი დროის ხარჯზე ქალაქის შემოვლა და მშენებლობების თვალიერება, ეს ცალკე ამბავია)! ამის ნაცვლად, ჯავახია მერიაში შეხვედრაზე ღებულობს ბაკურაძეს, შეჰყავს თავის სამუშაო ოთახში, ეცნობა და ეუბნება, რომ ბაკურაძე თავისი კანონიერი სახლის რემონტისას კანონს არღვევს. თუმცა არანაირი დოკუმენტური მასალა, ცხადია, არ წარუდგენია ამ ე. წ. კანონდარღვევის სადემონსტრაციოდ. მაშინ ბაკურაძე ჯავახიას სთავაზობს, რომ მასთან არქიტექტორი მიიყვანოს, რათა დეტალურად გაიარონ დარღვევის საკითხები და კანონის ფარგლებში გააგრძელონ მუშაობა. ორი დღის შემდეგ მერიაში ჯავახიასთან მიდის ბაკურაძე არქიტექტორთან ერთად, თუმცა ჯავახია პასუხობს, რომ არ სცალია და მათ არ ხვდება. ის მარტო იბარებს ბაკურაძეს, არ სურს, რომ მესამე პირი ესწრებოდეს მათ საუბარს. მერიაში შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საღამოს საათებში, როცა ზაურ ბაკურაძე მეუღლესა და მეზობელთან ერთად საკუთარ სახლში ვახშმობს, მობილურზე რეკავს ჯავახია და მას შეხვედრაზე იბარებს. ეს მაშინ, როცა სამუშაო საათები დასრულებულია და უკვე საღამოს 20:00 საათი იქნებოდა. რაც მთავარია, ის ბაკურაძეს იბარებს მარტო(!). სთხოვს, რომ არავინ წამოიყვანოს თან. ამ საუბარს ადასტურებს მობილურ ტელეფონში დაფიქსირებული ზარები და ორი მოწმე _ ზაურ ბაკურაძის მეუღლე და მეზობელი _ მათ ფიცის ქვეშ მისცეს ეს ჩვენება(!) ეს ყველაფერი ხდება იანვარში, როცა ძალიან ადრე ბინდდება. ფაქტობრივად, ბნელოდა, როცა საღამოს საათებში არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაღში იბარებს ბიზნესმენს. კვლავ არაფორმალური საუბარი მიდის, დაახლოებით ასეთი: ბიჭო, რა ვქნათ? დაგაჯარიმო თუ სხვა გზას მივმართოთ? ჯავახია ცდილობს, ბაკურაძის ნდობა მოიპოვოს და სამწუხაროდ, ის ზემოქმედებას ახდენს ბაკურაძეზე. ახერხებს, რომ კანონს ააცდინოს. მიუხედავად ამისა, ბოლო ორ ვიდეოჩანაწერში ბაკურაძე მაინც ეუბნება ჯავახიას, _ თუ დასაჯარიმებელი ვარ, დამაჯარიმე, თუ არადა, იმის საბუთი მაინც მომეცი, რომ კანონი არ დამირღვევიაო. პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არც ერთ ვიდეოჩანაწერში იკვეთება, რომ ზაურ ბაკურაძე ჯავახიას ეუბნებოდეს, _ შენ მე გამიკეთე ეს საქმე (რაც სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობა უნდა იყოს) და ამის სანაცვლოდ გადაგიხდი თანხას. ასეთი ტექსტი არ ფიქსირდება! ბაღში შეხვედრის მეორე დღეს, როცა ჯავახია ფიქრობს, რომ ბაკურაძე უკვე მისი გავლენის ქვეშაა, მიდის უშიშროების სამსახურში და წერს განცხადებას, რომ ბაკურაძე მას ქრთამს სთავაზობს. იწყება მათი ფარული მოსმენა და თვალთვალი. ყველაზე საინტერესო მომენტი: თუ ამ პერიოდში სარემონტო სამუშაოებისას ადამინისტრაციული სამართალდარღვევა იყო სახეზე, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროს ჯავახიას არც გაფრთხილებული ჰყავს ზაურ ბაკურაძე და არც დაჯარიმებული!!! ფაქტობრივად, სახეზეა დანაშაულის პროვოცირება! ამასთან, ჩნდება კითხვა, _ თუ არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა აღმოაჩინა დარღვევა, რატომ არ მოქმედებს კანონის ფარგლებში? რა სახის მოლაპარაკებებს აწარმოებს მეპატრონესთან?! მან ხომ ყველა შემთხვევაში თავისი სამსახურებრივი ვალდებულება უნდა განახორციელოს?! საქმე ისე წავიდა, რომ 30 იანვარს ჯავახია კვლავ ურეკავს ბაკურაძეს, ისინი ერთმანეთს ხვდებიან, მანქანაში სხდებიან. ამ დროისთვის უკვე არსებობს ფარული თვალთვალის, ჩაწერის ბრძანება, შორიახლოს დგანან გამომძიებელიც და სხვა ოპერმუშაკებიც. ჯავახიას მიმაგრებული აქვს სათვალთვალო კამერა და ყველაფერს იღებს. როგორც კი ჯავახია თითქოსდა ფულს იღებს ბაკურაძისგან, ის სიგნალს აძლევს ოპერმუშაკებს, ისინი მოდიან და ბაკურაძეს აკავებენ. ზვიად ჯავახია არის იურიდიული განათლების მქონე პირი. ის ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლად მუშაობდა, წლების განმავლობაში კერძო აღმასრულებელიც კი იყო, ე. ი. მას საკმაო გამოცდილება აქვს და ზუსტად იცის, რომ თუ ფულის გადაცემა მოხდა, როდესაც სათვალთვალო კამერა აქვს მიმაგრებული და თუ მან გვერდით მჯდომი ბაკურაძისგან ფული მიიღო, ყველა შემთხვევაში უნდა გაეშალა იგი და კამერისთვის ეჩვენებინა(!) ასეთი რამე არ ჩანს ვიდეოჩანაწერზე, არც ფულის ხმა ისმის, არც საუბარი, _ მე შენ გაძლევ ამ ფულს და და გამიკეთე ეს საქმე... და ა. შ. ბაკურაძე მანქანიდან გადმოდის, ჯავახია ასიგნალებს და ოპერმუშაკებს ბაკურაძე აჰყავთ, რომლის მანქანის ჩხრეკაც გრძელდება დაახლოებით 50 წუთს. საინტერესოა, რომ მანქანაში ბაკურაძეს ჰქონდა თავისი პირადი თანხა, კომერციული ფართის ქირა, 70 000 ლარი. საინტერესოა ისიც, რომ ჯავახიას მანქანიდან გადმოსვლისთანავე უნდა წარმოეჩინა, თუ ფული ჰქონდა (საუბარია იმ 3000 ლარზე, რომლის ჯავახიასთვის მიცემასაც ბაკურაძეს აბრალებენ). ამის გამიგვრად ჯავახია ტოვებს შემთხვევის ადგილს, მიდის და მთელი 50 წუთის განმავლობაში არ ჩანს(!). ირმა აბჟანდაძე _ ზაურ ბაკურაძის ადვოკატი: „როგორც ჯავახია ამბობს, პირდაპირ უშიშროების განყოფილებაში წავიდა. თუმცა ამ ადგილიდან (ბალახვანი), სადაც ბაკურაძე აიყვანეს, უშიშროების განყოფილებაში მისვლას მაქსიმუმ 10 წუთი სჭირდება (ისიც არა!). ლოგიკურია, რომ ჩნდება კითხვა, _ სად იყო ჯავახია მთელი 50 წუთის განმავლობაში? თან ისე, რომ ფული თან ჰქონდა (რასაც მე, როგორც დაცვის მხარე, ვერ გავიზაირებ. არ შეიძლებოდა, ჯავახიას ბაკურაძისგან გადაცემული თანხა ჰქონოდა, რადგან გადაცემა არ ყოფილა)?! პლუს, ჯავახია გამოცდილი ოპერმუშაკია და ყველა შემთხვევაში დაანახვებდა ამ თანხას კამერას. აი, ეს შეეშალა მას და ამის ფალსიფიცირება ვერ მოახერხა, რადგან ეგონათ, რომ ბაკურაძე არ იომებდა. არ მოელოდნენ ამხელა წინააღმდეგობას. მე მაღალი ხარისხის დასაბუთებული ეჭვი მაქვს იმისა, რომ სწორედ ეს 50 წუთი მოუნდა ჯავახია ზუსტად იმ 3000 ლარის შოვნას. ამას მიდასტურებს ის ეჭვიც, რომ ჯავახიას მიერ წარმოდგენილ ფულზე არ არის ჩატარებული ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა, იყო თუ არა მასზე ბაკურაძის თითის ანაბეჭდები? რა თქმა უნდა, არ იქნებოდა, თორემ ყველა შემთხვევაში ჩაატარებდნენ გამოძიებას. ერთ კუპიურაზე მაინც რომ აღმოჩენილიყო ბაკურაძის თითის ანაბეჭდი, სრულიად საკმარისი იქნებოდა. ანუ ამით მე ზუსტად მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ აღნიშნულ ფულს ბაკურაძე არასდროს შეხებია, არც გადაუცია, ვიდეოშიც არ არის ეს დაფიქსირებული და შუალედი იმხელაა შემთხვევის ადგილიდან წამოსვლასა და მის წარდგენამდე, რომ ის სრულიად საკმარისი იყო ამ ფულის საშოვნელად“. ცხადია, რომ დღეს არათუ უწყების წარმომადგენლებმა, არამედ რიგითმა ადამიანებმაც კი იციან, რომ წესით და რიგით, საგამოძიებო მოქმედების დროს, როცა გამომძიებელიც იქაა და ოპერმუშაკებიც, დაკავების ადგილზევე უნდა მომხდარიყო „ქრთამის“ თანხის წარდგენაც ჯავახიასგან (რაც არ მომხდარა). ე. ი. ყველა ეს ნიუანსი _ თანხის არგამოჩენა ვიდეოში, იქვე თანხის არწარმოდგენა, 50-წუთიანი შუალედი და ბოლოს თითის ანაბეჭდების შესახებ არარსებული ექსპერტიზა _ ადასტურებს, ცალსახაა, რომ ფული ბაკურაძესა და ჯავახიას შორის იმ მანქანაშია არ გადაცემულა! ამის შემდეგ ბაკუარაძე გადმოჰყავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ეტაპზე დაცვის მხარემ პირდაპირ, იქვე აღნიშნა, რომ დანაშაულის პროვოცირება მოხდა. ირმა აბჟანდაძე: „ყველაფერი ვუთხარით მოსამართლეს, სახლის სარემონტო სამუშაოების ვითომ დარღვევის გამო ადმინისტრაციული ჯარიმაც კი არ იყო ამოწერილი, ეს მოსამართლესაც კი გაუკვირდა, მიუბრუნდა პროკურორს და ჰკითხა, _ არ გყავთ ეს კაცი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულიო? პროკურორმა ვერაფერი უთხრა! 2 თებერვალს ბაკურაძეს არ უფარდებენ გირაოს, რასაც სტანდარტულად ხსნიან, _ ზეწოლას მოახდენს მოწმეებზე, გამოძიებას მიემალება. ბრალდების მხარეს სხვა დასაბუთება არ აქვს. პროცესის დასრულების შემდეგ ქუთაისიდან გვირეკავენ, რომ ახლა ამოიწერა ადმინისტრაციული ჯარიმა სარემონტო სამუშაოებისას დარღვევის გამო, რაც სასამართლო წესით გავასაჩივრეთ. საინტერესოა, რომ სახელმწიფო ტერიტორიაზე გადასვლას გვედავებოდნენ. ამ სახლზე მოკლედ მოგიყვებით, რათა თავად დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად „შეკერილი საქმისკენ“ მიდის: ბუნებრივია, სახლს აქვს ოთხი საზღვარი. ზედამხედველობის სამსახურს აქტის შედგენის დროს არ ჰქონდა წარმოდგენილი, თუ რომელ მხარეს და სად იყო გადაცდომა _ ამის შესახებ მოსამართლემაც კი აღნიშნა. ამიტომ სასამართლომ მათ დაავალა, რომ წარმოედგინათ, თუ ზუსტად სად გადავედით საზღვარს. მოგვიანებით, მათ ნახაზი მოიტანეს, სადაც ეწერა, რომ ოთხივე მხარეს იკვეთებოდა საზღვრის უკანონო კვეთა. სისხლის სამართლის საქმის პარალელურად დავიწყეთ 4-თვიანი დავა ამ ადმინისტრაციულ ჯარიმაზე. მოკლედ რომ გითხრათ, სახლის წინ, ქუჩის მხარეს, არ გვქონდა სახელმწიფო ტერიტორიაზე გადასვლა, რადგან ღობე თავად ქალაქის გაკეთებულია 30 წლის წინ, მხოლოდ ჩამონგრეული ღობე გაამაგრა ბაკურაძემ _ ეს მტკიცებულებები სასამართლომ გაიზიარა. აღმოსავლეთ მხარეს მეზობელთან ღობე გადაწეული გაქვთო, _ გვედავებოდნენ, არადა, რეალურად, იქ ღობე საერთოდ არ არსებობს, მხოლოდ მიწაყრილია _ ესეც გაიზიარა მოსამართლემ. უკანა ნაწილში მთლიანად ხრამია, მას არ აქვს საკადასტრო კოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ არ შეიძლება განაშენიანება, სახლის აშენება და ა. შ. მეწყრული ხევია, რომლის გამაგრებით სამუშაოების აკეთებდა ბაკურაძე (საკმაოდ ძვირადღირებული სამუშაოებია ჩატარებული, რომელიც, რეალუარად, თავად მერიას უნდა განეხორციელებინა). დავნიშნეთ ექსპერტიზა და მანაც დაადასტურა, რომ ეს მართლაც მეწყრული ზონაა და მისი გამაგრება აუცილებელი იყო _ ეს მხარეც გაიზიარა სასამართლომ. რაც შეეხება დასავლეთის მხარეს, გვერდით მეზობელთან რკინის ღობე იყო, რაც ბაკურაძემ ბლოკით ააშენა მეზობელთანვე შეთანხმებით, რომელიც ხრამის კიდემდე გააგრძელა და საუბარია 1 მ და 30 სმ-იან(!) გადაცდომაზე. ცხადია, ღობის გავლება ნამდვილად არაა სახელმწიფო მიწის დაუფლება! პირველმა ინსტანციამ საბოლოოდ გაიზიარა სამი მხარის მტკიცებულებები და ჯარიმა 3000 ლარის ნაცვლად 1000 ლარი დაგვიტოვა. ეს გადაწყვეტილება აპელაციაში გავასაჩივრეთ, აქ კი უკვე მოსამართლემ ზეპირი მოსმენის გაერეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაიზიარა ჩვენი მტკიცებულებები და სრულად გაგვათავისუფლა იმ 1000 ლარის გადახდისგანაც! ვფიქრობ, იმ მოცემულობაში, მოსამართლის მიერ ძალიან ვაჟკაცური გადაწყვეტილება იყო, როცა იცოდა, რომ ბაკურაძე პატიმარი სწორედ ამ საქმის გამო გახლდათ“. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ბაკურაძე არ თანხმდება საპროცესო გარიგებას, ბრძოლას იწყებს სისხლის სამართლის საქმეზე და ყველგან აჟღერებს სიმართლეს, რომ ჯავახიამ მას დანაშაულის პროვოცირება მოუწყო, საჯარო მოხელის მოვალეობაც არ შეასრულა, ჯარიმის დაწერის ნაცვლად უშიშროებაში წერს განცხადებას _ ამის ღიად თქმის მერე, 19 მარტს, მეორე ჯარიმაც იწერება, რომელიც გასაჩივრებულია. ახლა უკვე საკუთარი სახლის პროექტის გადაკეთებაზე ედავებიან მას და ეს მაშინ, როცა 11 წლის წინ ნაყიდი სახლის ნახაზი და ამავე სახლის 2018 წლის თებერვლის მდგომარეობის მოხაზულობა, კონტურები ბაკურაძის ოჯახმა საჯარო რეესტრში წარადგინა და იგი დარეგისტრირებულია. ე. ი. ერთსა და იმავე საბუთზე რეესტრი ადასტურებს და ამბობს, რომ იგი კანონიერია, მერია კი ამბობს, რომ დარღვევაა. უკვე 8 თვეა, რაც ზაურ ბაკურაძე პატიმარია. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, შეიძლება იგი დათანხმებოდა საპროცესო გარიგებას, აღიარებდა ყველაფერს და გაუშვებდნენ, მაგრამ არა. მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია! საქმე არსებით განხილვაშია. საინტერესოა, რომ ზაურ ბაკურაძის დაკავების შემდეგ ადევნებასა და თვალთვალზე საუბრობს მისი მეუღლე, ნონა ბაკურაძეც. მასაც არაერთხელ შეუნიშნავს სახლისკენ მიმავალ გზაზე ადევნებული უშიშროების ავტომობილი და ასე გრძელდებოდა დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. ასევე საეჭვო იყო მის კომპანიასთან გარეთ მჯდომი პირიც, რომელიც ამავე პერიოდის მანძილზე თითქოს გარევაჭრობას ეწეოდა და რომ გეკითხათ, საკმაოდ არაადეკვატურ ფასად ყიდდა წვრილმან ნივთებს (სარკეებს). ეს ყველაფერი მაშინ შეწყდა, როცა უკვე დარწმუნდნენ, რომ სხვა „საფრთხე“ არ ელოდათ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ქუთაისის მერიაში არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროს ზვიად ჯავახიას საკმაოდ „მდიდარი“ გამოცდილება და წარსული აქვს. ჯერ გამომძიებელი, შემდეგ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, კერძო აღმასრულებელი, რეგიონული სამმართველოს იძულებითი ღონისძიებების სამსახურის უფროსი ინსპექტორი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც კი გახლდათ. მართლაც საინტერესოა, ამდენად გამოცდილმა ადამიანმა როგორ არ განახორციელა იგივე, თანხის კამერის წინ გამოჩენა, თუ მართლაც მოხდა ქრთამის მიცემა? ასევე როგორ არ წარადგინა იგი ბაკურაძის დაკავებისა და მანქანიდან გადმოსვლისთანავე? მის დოსიეში აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ჯავახიას მიერ ქვეყნის საზღვრების კვეთის სიხშირეც. 2012-2014 წლებში, ძირითადად, სარფის მიმართულებით, ხოლო 2014-2017 წლებში უკვე რამდენიმედღიანი ვიზიტით ტოვებდა ქვეყანას წელიწადში, მინიმუმ, სამჯერ. რატომ ან რა დანიშნულებით, ეს რთულად მისახვედრი არ არის. კიდევ ერთი გარემოება: ზემოთ უკვე რამდენჯერმე ნახსენები რევიშვილი, რომელიც ბაკურაძის ყოფილი პარტნიორი იყო, წინა წლებში ჯავახიასთან მუშაობდა და მათ საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ(!). ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა გამომძიებელმა ამირან მიროტაძემაც, რომელმაც ისე დაიწყო საქმეზე მუშაობა, რომ ჯავახიას მიმართვისთანავე ენდო და არც დაუწყია გამოძიება, გადამოწმება, იყო თუ არა ფაქტები ერთმანეთთან კორელაციაში. ასევე საფიქრებელია, რომ მასაც არ მოუთხოვია ბაკურაძის აყვანისთანავე ჯავახიასთვის იმ ე. წ. ქრთამის წარდგენა 3000 ლარის ოდენობით და პირდაპირ სუს-ის შენობაში გაუშვა იგი. ბოლოს, ყველა ერთად რომ დავფიქრდეთ და მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ, საქმის ვითარება შემდეგია: რევიშვილი ბაკურაძეს თანხას ითვისებს და უარყოფს მასთან თანამშრომლობას (მაგრამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს), ბაკურაძე მიმართავს სასამართლოს და იწყება დავა, რომლის შემდეგაც იწყება დევნა და თვალთვალი, ზეწოლა ბაკურაძესა და მის ოჯახზე. ცოტა ხანში ბაკურაძე იწყებს თავისი კუთვნილი სახლის გარემონტებას, რაზეც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ეუბნება, რომ კანონდარღვევას აქვს ადგილი, თუმცა არ ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას, არ წერს ადმინისტრაციულ ჯარიმას და სთავაზობს, რომ „შინაურულად მოაგვარონ“ საქმე. ეს არის დანაშაულის პროვოცირება! ცოტა ხანში სასამართლოს წესით დგინდება, რომ მშენებლობისას დარღვევა არსად ყოფილა! უახლოეს მომავალში, თუ საქმე სამართლიანი სასამართლოს პირობებში წარიმართება, აუცილებლად უნდა დადგეს ბაკურაძის გამამართლებელი განაჩენი, რადგან ქრთამის გადაცემა არ მომხდარა. თან ეს არ დასტურდება ფარულად მიმაგრებულ კამერაში. თანხა არ არის წარმოდგენილი ბაკურაძის დაკავების დროსაც. ამასთან, დრო, რომელიც ჯავახიას ბალახვნიდან სუს-ის შენობამდე მისასვლელად დასჭირდა, არის 50 წთ. და არა 10 (რაც სავსებით საკმარისია!)... გვაქვს უამრავი კითხვის ნიშანი და პასუხგაუცემელი კითხვა, უამრავი მტკიცებულება აქვს ბაკურაძის დაცვის მხარეს ბრძოლის ყველა ფლანგზე. საფიქრებელია, რომ ოდესღაც ერთად მომუშავე, დამეგობრებული ადამიანები ერთმანეთს „ამოუდგნენ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ბიზნესმენის „გასაფუჭებლად“, _ ჯერ თანხა წაართვეს, მერე კი არაფრის გამო ქრთამის შეთავაზების პროვოცირება მოახდინეს. არ ელოდნენ, რომ ბაკურაძე ბოლომდე იბრძოლებდა, თუმცა ცალსახაა, რომ ის საქმეს ბოლომდე მიიყვანს. სამართლის აღსრულება კი ყოველი ჩვენგანის დაუწერელი მოვალეობაა!

ნინო ტაბაღუა

გაზიარება