2 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა და ცნობილი ქართველი მეან-გინეკოლოგი ირაკლი მერკვილაძე პატიმრობაში დატოვა.
„ქრონიკა+“-მა არაერთი სტატია მიუძღვნა ხსენებულ პროცესს. დღეს ექსკლუზიურად გთავაზობთ სასამართლო სხდომაზე ირაკლი მერკვილაძის წარმოთქმულ სიტყვას.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქმეს აქვს ემოციური დატვირთვა, პატარა ბავშვი დარჩა და იზრდება დედის გარეშე და ეს ტრაგედიაა, მაგრამ ვფიქრობ, არანაკლები ტრაგედიაა, როცა პაციენტის სიკვდილს ვაბრალებთ მის მკურნალ ექიმს.
ეს ამბავი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იქნება ჩემი გულის ტკივილი. 35 წელია, ამ დარგში ვმუშაობ. წესით და რიგით, ექსპერტიზას უნდა დაედო დასკვნა, რით გარდაიცვალა ჩემი პაციენტი და რას ვნახულობ, _ ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნაში გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიაა. პირველი ვერსია არის თრომბოემბოლია, მეორე მიზეზად ანგიოლოგი მამუკა ბოკუჩავა წერს, რომ გარდაცვალების მიზეზი არის ფილტვების ანთება და ანგიოლოგიური მიზეზი არ არსებობს. აქვე დავკონკრეტდები და გეტყვით, რომ მამუკა ბოკუჩავა იყო ბრალდების მხრიდან აყვანილი მთავარი ექსპერტი, იმიტომ რომ ანგიოლოგი ის იყო სწორედ. ამის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატარეთ და ჩვენ მიერ აყვანილი რვავე ექსპერტი ბრალდების მხარის ექსპერტ მამუკა ბოკუჩავას დასკვნას დაეთანხმა.
როგორც სახელმწიფო, ისე ჩვენი ექსპერტიზა ამბობს, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილია ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალი.
გამომძიებელმა ექსპერტს სტანდარტული შეკითხვები დაუსვა: ხომ არ ჰქონდა გვამს დაზიანება? ეს დაზიანება მიყენებულია სიცოცხლეში თუ სიკვდილის შემდეგ? ხომ არ აქვს მას მიღებული ალკოჰოლი ან ფსიქოტროპული ნივთიერება, ან სხვა მომწამლავი ნივთიერება, რომელსაც შეიძლებოდა გამოეწვია სიკვდილი?
აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი პაციენტის ორგანიზმი გაჟღენთილი იყო ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალით.
ეს დაახლოებით ისეთივე შემთხვევაა, ტყის პირას გვამი რომ იპოვონ და გამომძიებელმა იკითხოს, ხომ არ აქვს გვამს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა და ამაზე რომ ექსპერტმა თვენახევრის შემდეგ უპასუხოს, რომ დიახ, აქვს, თუმცა ამას არანაირი გაგრძელება არ მოჰყვეს. არადა, სწორედ ეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა შეიძლებოდა ყოფილიყო სასიკვდილო.
ჩემს შემთხვევაში პაციენტის არც სხეულის მასის ინდექსი დაუდგენიათ, არც სხვა მაჩვენებლები. გარდაცვალების მიზეზის დამდგენი ექსპერტი ამბობს, _ კუჭი შიგთავსთან ერთად გავაგზავნე ექსპერტიზაზეო, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ცრუ ჩვენებაა. ამავე დროს, ექსპერტს ხელი აქვს მოწერილი, რომ ცრუ ჩვენების გამო პასუხს აგებს.
მას არც საკვერცხე გამოუკვლევია, არც საშვილოსნო, არც ღრმა ვენები, არც სარძევე ჯირკვალი, არც ბრმანაწლავი, არც მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები... არადა, სხვანაირად როგორ გავიგოთ, რა იყო გარდაცვალების მიზეზი: ვირუსი, მიკრობი, ბაქტერია?
თუ პაციენტი ვირუსით გარდაიცვალა, მაშინ აქ საკეისრო კვეთა არაფერ შუაშია და ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. შედეგად, ბრალდების მხარე იძულებული გახდა, მეორე ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, რომლის დროსაც 27 კითხვა დაისვა. ვერც მეორე ექსპერტიზამ დადო გარკვეული პასუხი.
შეიძლება, ასე წავიდეს პროცესი? ჩვენს ქვეყანაში სამხარაულის ექსპერტიზა ითვლება უმაღლესად, მაგრამ თუ ის არასრულფასოვან დასკვნას დადებს, როგორ ვენდო? გარდა ამისა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა 5-ჯერ იყო გამოძახებული, არც ამაზე უმსჯელიათ. რას ვიზამთ?! საქმე თავიდანვე შეკერა ქუთაისის პროკურატურამ, ქუთაისის სასამართლოს მოსამართლეს კი არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან. ჩემი კონსტიტუციური უფლებაა, მივიღო სამართლიანი სასამართლო და ამ სიმართლეს ბოლომდე გავიტან.
ახლა კი ყველაზე მთავარს ვიტყვი: გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს საქმე ბატონმა დავით ხონელიძემ შეუკვეთა, რომელიც ყოფილი პროკურორი გახლავთ და მისი მეგობრები დღესაც მუშაობენ პროკურატურაში, როგორც პირველ, ისე შემდგომ ინსტანციებში.
არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: მოტივი არის ის, რომ „ხონელიძის კლინიკის“ დირექტორს, დავით ხონელიძეს, ჩემი ჩათვლით, ხუთი ადამიანი ვედავებით, რომ მან არაკანონიერად მიითვისა და გაფლანგა ქონება. საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე _ სარჩელი სარჩელზე შეგვქონდა ამ კორუფციული დანაშაულის აღსაკვეთად და ისეთი უტყუარი ფაქტები დავდეთ, უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურა, რომ 250 000 ლარი გაფლანგულია არაკანონიერად.
ეს საქმე არის არა მარტო ჩემი, როგორც ექიმის რეპუტაციის, არამედ ჩემი, როგორც ადამიანის ღირსების საქმე. ათი წლის განმავლობაში მსგავს ექსპერტიზებს მე თვითონ ვატარებდი და როდესაც დადგა მომენტი, რომ ჩემი საქმის ექსპერტიზას ჩავხედე, კატასტროფას წავაწყდი.
რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო ორგანიზაცია იუესაიდ-მა საპილოტე პროგრამა დააფინანსა და ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ რვა პროტოკოლი შეიქმნა, რომლითაც ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს. პირველ რიგში, ეს იყო ჩვენი პაციენტებისთვის. მაშინ მოწვეულ ებრაელ ექსპერტებს ვკითხეთ, თუ როგორ ინერგებოდა მათთან ეს პროტოკოლები და გვიპასუხეს, რომ ამას ექიმთა ასოციაციები უზრუნველყოფდნენ.
რადგან ჩვენთან ასოციაციები ასეთი ძლიერი არ არის, სამინისტროს დახმარება ვთხოვეთ. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ბრძანებით ეს პროტოკოლები დამტკიცდა. ის სამინისტროს ვებგვერდზეც აიტვირთა. ამ პროტოკოლებს ემორჩილება ყველა ექიმი. აქ გაწერილია ოპერაციების ჩვენება, უკუჩვენება, საოპერაციო მაგიდის დახრის კუთხე და სხვა უწვრილმანესი დეტალებიც კი.
და იცით, რა მოხდა ჩემს საქმეში? ქუთაისის პროკურატურამ ეს პროტოკოლები თავზე გადაგვახია.
დავით ხონელიძემ საავადმყოფოში ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეც არ ვიცოდი, რა მელოდა, გამოაცხადა, _ ირაკლი მერკვილაძეს ხვალ მიუსჯიან ორთვიან წინასწარ პატიმრობასო. რა იცოდა მან ამის შესახებ?
ეს არის შეკერილი საქმე და არ არსებობს პროგნოზი, საქართველოში სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
მეუბნებიან, გამოძიებასთან არ თანამშრომლობო და რა ვქნა, ის ვაღაირო, რაც არ ჩამიდენია?
ბრალდება მეუბნება, ბატონმა ირაკლიმ ვერ შეაფასა პაციენტის მდგომარეობა და სწორად რომ შეეფასებინა, შეიძლება არ გარდაცვილილიყოო. ეს რას ნიშნავს?
ჩვენ, ვინც ვართ წამყვანი ექიმები, რთულ პაციენტებს ვმკურნალობთ, რადგან შესაძლოა, ახალგაზრდა ექიმმა ვერ გაართვას თავი. და დღეს ისე თუ მოექცნენ ექიმებს, როგორც მე მექცევიან, კარგი ექიმი საერთოდ აღარ მოკიდებს ხელს ექსტრემალურ შემთხვევას. ჩემი საქმე შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველი გახდეს.
აქვე გავიხსენებ ადრინდელ ფაქტს: ჩვენს სამშობიაროში ფატალური შემთხვევა მოხდა. ქალბატონი მესამედ მშობიარობდა, ორი შვილი ჰყავდა უკვე და ყველა ელოდებოდა, რომ მესამე მშობიარობაც ბედნიერად დამთავრდებოდა. უცებ გვეძახიან, რომ შუა მშობიარობისას, ყველანაირი ჩარევის გარეშე, გული გაჩერდა. მოვიდა რეანიმაცია, კლინიკური სიკვდილი იყო. ფაქტობრივად, ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გული აემუშავებინათ. ათი წუთის განმავლობაში გული თუ არ ამუშავდა, ბავშვი გაიგუდება. ამ დროს მე ბავშვის გულისცემას ვუსმენდი. ვეკითხები ჩემს კოლეგას, _ მოდი, ამოვიყვან ბავშვს, ერთი წუთი მჭირდება-მეთქი. მან მომკიდა ხელი და მითხრა, _ არაო. და დაიღუპა დედაც და ბავშვიც.
იცით, რატომ გამაჩერა? მას გამოცდილება ჰქონდა და ასეთი ცრუ ბრალდებით 4 წლის განმავლობაში ატარებდნენ სასამართლოში. საბოლოდ გაამართლეს, მაგრამ ამ ექიმმა უსერიოზულესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რომ მე არ ამომაყვანინა ბავშვი.
მითხრა: ბატონო ირაკლი, იცით რა მოხდებოდა? ეს პროცესი ჩვენთან არ რეგულირდება, ოპერაცია ჩატარდებოდა და ექსპერტები გვეტყოდნენ: ოპერაცია რომ არ დაგეწყოთ, ქალი გადარჩებოდაო. და იცით, ვინ იყო ეს ექიმი? ეს იყო ლერი ხონელიძე, დავით ხონელიძის მამა“.
ეს იმდენად სერიოზული ბრალდებაა, რომ „ქრონიკა+“ მასზე ცალკე პუბლიკაციას მოამზადებს.
თამარ როსტიაშვილი