QronikaPlus
კომპანია „თბილისის“ ხელოვნური გაკოტრების სქემა

კომპანია „თბილისის“ ხელოვნური გაკოტრების სქემა

2017-12-15 09:55:05

2013-2014-2015 წლებში სს საგზაო კომპანია „თბილისის“ ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოსა და სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობის თანხები მიითვისეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #092110516001 კომპანიის ყოფილი დირექტორის, გიორგი სურამელაშვილის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების, დემურ ჯაგაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და რობიზონ ჩეჩელაშვილის, მაია შელეგიასა და ზვიად ლოგიას მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე. სს საგზაო კომპანია „თბილისი“ წარმოადგენს ქ. თბილისის აღმასკომთან არსებული საგზაო მეურნეობის სამმართველოს სამართალმემკვიდრეს და მას ფუნქციონირების თითქმის 100-წლიანი ისტორია აქვს. კომპანიას სოლიდური თანხები შეჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტშიც და დამკვეთებიც არ აკლდა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა დირექტორად გიორგი სურამელაშვილის დანიშვნის შემდეგ. კომპანიის კუთვნილი სახსრები არამიზნობრივად იხარჯებოდა. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო გიორგი სურამელაშვილი დირექტორის პოსტიდან გადადგა. ის ამჟამად პატიმრობაშია და მცხეთის რაიონულ სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. 2015 წლის 28 ივლისს საგზაო კომპანია „თბილისის“ დირექტორად სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით გურამ სვანიძე დაინიშნა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მან, ფაქტობრივად, მოატყუა აქციონერები, რადგან მათ კომპანიის ვალების გადახდას და თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების გასტუმრებას დაჰპირდა. ამ დაპირების შესასრულებლად სვანიძემ კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი მოითხოვა. აქციონერთა ნდობის ბოროტად გამოყენების, შანტაჟისა და სამუშაოდან განთავისუფლების მუქარით აქციონერთა ნაწილი აიძულა, კუთვნილი აქციები მისთვის მიეყიდათ. კერძოდ: მხარეებს შორის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებები დაიდო. გურამ სვანიძე ერთდროულად წარმოადგენდა კომპანია „თბილისს“ დირექტორის სახით და ანალოგიური პროფილის საწარმოების _ შპს „ბარისახოსა“ და შპს „ძამას“ დამფუძნებელსა და დირექტორს. სს „თბილისის“ ფინანსებს, მასალებს, ტექნიკასა და მუშახელს იყენებდა თავისი კომპანიების სამუშაოების შესასრულებლად, მიღებულ შემოსავალს კი მთლიანად მისი კომპანიები იღებდნენ. მაგალითად: 2015 წლის ივლის-სექტემბერში ქ. თბილისში გმირთა მოედანზე, ნინოშვილის ქუჩაზე, სურამის ქუჩასა და სხვა ადგილებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოყენებულ იქნა სს საგზაო კომპანია „თბილისის“ ავტოსატრანსპორტო მექანიზაცია და მუშახელი. კომპანია „თბილისს“ 190 000 ლარის ზიანი მიადგა, საბოლოოდ კი გურამ სვანიძის დანაშაულებრივი ქმედების გამო მის კუთვნილ კომპანიებს „თბილისის“ მიმართ დაუგროვდათ სამ მილიონამდე ლარის დავალიანება, რის გამოც კომპანიას წარმოეშვა კრედიტორებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება და მთელი მისი ქონება დაყადაღდა, კომპანიის კუთვნილი ასფალტ-ბეტონის ქარხანა კი აუქციონზე გაიყიდა. დირექტორმა ყოვლად უსაფუძვლოდ მიითვისა კომპანიის კუთვნილი ხუთი ავტომანქანაც. 2015 წლის 18 სექტემბერს გურამ სვანიძე დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა. 2015 წლის ოქტომბრიდან დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ყაჯრიშვილი დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭომ ყაჯრიშვილი დირექტორად იმ პირობით დანიშნა, რომ ინვესტიციებს მოიზიდავდა და კომპანიას შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანდა. ახალმა დირექტორმა ისეთ პირობებში, როცა ორგანიზაციის უძრავ-მოძრავი ქონება და ანგარიშები დაყადაღებული იყო, მენეჯერებთან ერთად „სისტემა დაალაგა“ _ ასფალტის გაყიდვის საქმიანობაში მისი და მენეჯერების ახლობლების, მათ შორის, შვილების ფირმები ჩართო ისე, რომ ამ ფირმებმა საგზაო კომპანია „თბილისს“ ასფალტის თვითღირებულებაც კი არ გადაუხადეს და მთლიანობაში 4 000 000 ლარის დავალიანება დააგროვეს. ირაკლი ყაჯრიშვილის ფინანსური მაქინაციების სქემა ციფრებში ასე გამოიყურება: 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით სს საგზაო კომპანია „თბილისს“ სულ, შემოსავლის ჩათვლით, უნდა მიეღო 11 274 000.00 (შესრულება, რეალიზაცია, მომსახურება), აქედან სულ გაიყიდა 8 448 658,30 ლარის ღირებულების 79 403,80 ასფალტ-ბეტონის მასა. აგრეთვე, 189079.00 ლარის სხვადასხვა პროდუქცია, დირექტორისა და სხვა მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობის შედეგად კი საზოგადოებას შემოსავალი არ მიუღია, მეტიც: დაუგროვდა დიდი ოდენობით ბიუჯეტის გადასახადი, სახელფასო დავალიანება და სხვა ფირმების მიერ საგზაო კომპანიის მიმართ ხელოვნურად დაგროვილი მილიონობით ლარის დავალიანება. გამოშვებული პროდუქციის გადაყიდვა, ძირითადად, ხდებოდა დირექტორისა და მენეჯმენტის ახლო ნათესავებისა და ახლობლების ურთიერთდამოკიდებული ფირმების შპს „ჯი აი გრუპის“, „თბილისის ლაბორატორიისა“ და შპს „გიზირ ჯორჯიას“ მეშვეობით ისე, რომ საგზაო კომპანიის ბუღალტერიაში ერთი ტონა ასფალტის თვითღირებულება და გასაყიდი ფასის კალკულაცია არ არსებობდა. 2015-2016 წლებში სააქციო საზოგადოებას ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ გადაუხდია, რის შედეგადაც საზოგადოების დავალიანება ბიუჯეტის მიმართ გაიზარდა 1 258 756 ლარამდე. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ასფალტის რეალიზაციისას ზემოაღნიშნულ შინაურ ფირმებს პროდუქცია ნისიად მიჰქონდათ, საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებად და „თბილისს“ პროდუქციის თვითღირებულებასაც კი არ უხდიდნენ. შპს „ჯი აი გრუპის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი არის ირაკლი ყაჯრიშვილის შვილი, გოგა ყაჯრიშვილი. შუამავალ ფირმებს პროდუქცია გატანილი აქვთ ნისიად, ყოველგვარი ფინანსური დაზღვევისა და უზრუნველყოფის, ან გარანტიის გარეშე. საზოგადოების ბუღალტერიაში მათთან დადებული ხელშეკრულებები პროდუქციის რეალიზებაზე არ არის. შპს „თბილისის ლაბორატორიას“ სულ გატანილი აქვს 2 777 605 ლარის ღირებულების პროდუქცია. მას შემდეგ, რაც კომპანია „თბილისმა“ ოფიციალურად მოითხოვა დავალიანების გასტუმრება, მათ პასუხად მიიღეს, რომ დავალიანება გადახდილი აქვთ, თუმცა დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანია „თბილისის“ ბუღალტერიაში არ აღმოჩნდა; შპს „გიზირ ჯორჯიამ“ გაიტანა 1 640 424.90 ლარის პროდუქცია, საიდანაც სალაროში შეიტანა 11 700 ლარი; შპს „ჯი აი გრუპმა“ გაიტანა 72549.90 ლარის პროდუქცია; შპს „ინჟინერმა“ გაიტანა 2706760 ლარის პროდუქცია; სს საგზაო კომპანია „თბილისისგან“ შუამავალი ფირმების მეშვეობით პროდუქცია შესყიდულია, საშუალოდ, 95-100 ლარად, მაშინ როცა აღნიშნული პროდუქციის საშუალო საბაზრო ფასი ამ დროისთვის იყო 125 ლარი. ზემოაღნიშნული ფირმების მიერ ნისიად წაღებული პროდუქციიდან სს საგზაო კომპანია „თბილისისთვის“ გადასახდელმა ღირებულებამ შეადგინა 4 778 1116.00 ლარი, აქედან კომპანიამ მიიღო მხოლოდ 1 157 307.00 ლარი. ირაკლი ყაჯრიშვილის დირექტორად დანიშვნის პერიოდში გაფორმდა მორიგებები ათამდე მევალე ორგანიზაციასთან. გადასახდელი თანხა, დაახლოებით, შეადგენდა 500 000 ლარს. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში საქმე ნულოვან აუქციონამდე არ მივიდოდა. საბოლოდ, ნულოვან აუქციონზე გაიყიდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ქონება, 20 000 კვ.მ. მიწა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. ქონების მყიდველი შპს „დი აი კაპიტალი“ ნულოვანი აუქციონის ჩატარების წინა დღეს შეიქმნა, მეორე დღესვე 78 000 ლარი გაუჩნდა. მისი დამფუძნებელი და დირექტორი რობერტ გრიგალაშვილი ახლო ურთიერთობაშია სააქციო საზოგადოების ყოფილ დირექტორთან. ამის ნათელი დასტურია ის ფაქტიც, რომ მის მიერ ნაყიდ მიწაზე: ავჭალა, შუშის ქ. #10-ში იჯარით აღებულ საგზაო კომპანია „თბილისის“ ქარხანას დღესდღეობით სწორედ ირაკლი ყაჯრიშვილი ამუშავებს. ამავე პერიოდში შპს „ინჟინერის“ მეშვეობით სხვა მომწოდებლებისა და ხარჯებისთვის გადახდილია 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა. ირაკლი ყაჯრიშვილის დირექტორად მოსვლის პერიოდში საზოგადოების საბანკო ანგარიშზე იყო წინა პერიოდში შესრულებული სამუშაოების თანხა _ 902 000 ლარი. ახალმა დირექტორმა აღნიშნული თანხა განკარგა მენეჯერებთან ერთად სამეთვალყურეო საბჭოსთან შეუთანხმებლად და ერთპიროვნულად. მანვე ისედაც გაჭირვებულ ორგანიზაციას გაუგებარი ფუნქციისა და დანიშნულების შტატები დაუმატა, თანამდებობაზე დანიშნა ოჯახის წევრები და ახლობლები. მანვე ორგანიზაციაში დირექტორად დანიშნა საკუთარი შვილი, რომელიც ამავე პროფილის კომპანია „ჯი აი გრუპის“ დირექტორიც იყო. კანონის თანახმად, მას ამის უფლება არ გააჩნდა, ეს სამეთვალყურეო საბჭოს პრეროგატივაა. კომპანია „ჯი აი გრუპი“ ასრულებდა საგზაო სამუშაოებს, სს „თბილისიდან“ მას გადაეცემოდა მანქანა-მექანიზმები, აღნიშნულის საფასურს „ჯი აი გრუპი“ არ იხდიდა. დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოსთან ხარჯებს არ ათანხმებდა. მისი განცხადებით, თანხები გადახდილია შპს „ბელო და კომპანიზე“ (289 500 ლარი), რომლის განცხადებაც აღსრულების ეროვნულ ბიუროში საერთოდ არ იყო შეტანილი; ასევე „ავტო-2015“-ზეც. ეს თანხები მიზნობრივად რომ გადახდილიყო, დირექტორი ერთმნიშვნელოვნად აიძულებდა საგზაო კომპანია „თბილისის“ ქონების აუქციონზე გაყიდვას. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, არამიზნობრივად სულ გადახდილია 902 000 ლარი, ისე რომ ფინანსების არქონის გამო საგზაო კომპანიამ ვერ შეძლო გარანტიის მოპოვების საფასურის გადახდა და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა. დირექტორის არასწორი მენეჯერული გათვლისა და პირადი დაინტერესების შედეგად საზოგადოებამ მიიღო საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაწყვეტილი კონტრაქტი, დაყადაღებული ანგარიშები, უძრავ-მოძრავი ქონება და 5 600 000 ლარზე საზოგადოებისთვის ყოვლად უპერსპექტივო სასამართლო დავა. ნულოვან აუქციონზე საზოგადოების ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი ქონება იმ მევალეებმა გაყიდეს, რომელთა დავალიანების დაფარვის რეალური საშუალება საზოგადოებას ჰქონდა, თუმცა დირექტორის დანაშაულებრივი უმოქმედობის შედეგად ქონება ნულოვან აუქციონზე გაიყიდა. სს „თბილისის“ აქციონერებმა, სამეთვალყურეო საბჭომ, ახალმა დირექტორმა და შრომითმა კოლექტივმა 2017 წლის მარტში საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს ერთობლივი განცხადებით მიმართეს. მცხეთაში სასამართლო პროცესების პარალელურად, მთავარ პროკურატურაში გამოძიება უკვე მიმდინარეობს. გაგრძელება იქნება

ელისო კილაძე

გაზიარება