პარასკევს შუადღის 16:00 საათს რომ გადასცდა, ნუცუბიძის პლატოზე იმ ადგილისკენ გავემართე, სადაც 25 ოქტომბერს კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა, 24 წლის პაატა პავლიაშვილი გარდაიცვალა.
ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე ასასვლელად სამარშრუტო ტაქსის მივმართე, რადგან ვიფიქრე, რომ ხალხთან კონტაქტით უფრო გამიადვილდებოდა იმ ადგილის მოძებნა, სადაც აღნიშნული ამბავი მოხდა და ასეც აღმოჩნდა. გამიმართლა და ახალგაზრდა გოგონასთან ერთად ვიმგზავრე, წითელი ფერის თმითა და ამავე ფერის ფეხსაცმლით, რომელმაც ჯერ მე-4 პლატოზე მდებარე გერმანულ სკოლასთან მიმიყვანა, შემდეგ კი საჭირო კორპუსამდე მიმაცილა. თან იქაურობას და იქ მცხოვრებლებს კარგად იცნობდა და მეზობლებს „პავლიაშვილის კორპუსის“ ზუსტ მდებარეობას ეკითხებოდა. გარდა ამისა, ამ გოგონამ მითხრა, რომ პავლიაშვილს ჯერ ახალგაზრდა ძმა და მამაც გარდაეცვალა.
სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსვლისთანავე იქვე მდგარ სავაჭრო ჯიხურში გამყიდველს ვკითხეთ კორპუსის ზუსტი ადგილმდებარეობა, 25-ე ან 26-ე კორპუსებისკენ მიგვითითა, გზაში ინფორმაციის გადასამოწმებლად კიდევ ერთხელ გავჩერდით, სადაც შუახნის ასაკის ქალმა და მამაკაცმა სულ სხვა მიმართულებით გაგვიშვა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ახლომდებარე 24-ე კორპუსი ჩემთვის საბოლოო დანიშნულების ადგილი იყო.
კორპუსს ერთი სადარბაზო აქვს, რომელსაც, როგორც საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ ყველა კორპუსს, ღია შესასვლელი აქვს და კიბეები ერთი მხარის კუთხიდან მიუყვება მაღლა სართულებს. რამდენიმე სართულის დამაკავშირებელ კედლებში ფანჯრებია ჩაშენებული, რომელთა ნაწილიც ჩამტვრეული, დაბურული და ძალიან ძველია.
სადარბაზოში შესვლისთანავე ყრუდ საიდანღაც ვიღაცის საუბარი ისმოდა.
პირველად მე-4 სართულზე შევჩერდი, სადაც შუახნის მამაკაცს კეპის ქუდით გადავეყარე. ვკითხე, თუ სად ცხოვრობდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მიპასუხა, მე-7 სართულზეო. ბინაც მიმითითა, კუთხის. თან, _ თქვენ ვინ ხართო? _ მკითხა. მეც მოვუყევი, რომ ჟურნალისტი ვარ და ოჯახთან დასალაპარაკებლად მოვედი, თან დამადასტურებელი საბუთი ვაჩვენე. მითხრა:
_ შეიძლება, გასულები იყვნენ, მუშაობენ. დედა და და ცხოვრობენ იქ მხოლოდ.
ორივეს სახელები გამოვკითხე და გზა მაღალი სართულებისკენ გავაგრძელე. უკვე 17:00 საათი დამთავრდა და კორპუსში ჩამობნელდა, მობილური ტელეფონის ფანრით ვაგრძელებდი გზას. თან, ჩამტვრეული ფანჯრიდან კორპუსის წინ მდებარე სტადიონზე მოთამაშე ბავშვების ხმაური ამოდიოდა.
როგორც იქნა, მივაღწიე ამ მე-7 სართულს და დიდ, მუქ ბორდოსფერ კარს მივადექი, სადაც ჩატანებული კომუნალურების ქვითარს გარკვევით ეწერა პავლიაშვილის დედის სახელი და გვარი. აღმოჩნდა, რომ სწორად მოვედი, თუმცა უბედურება ის იყო, რომ ოჯახის არც ერთი წევრი სახლში არ დამხვდა. არც ხმაური გამოდიოდა სახლიდან და ჯერ უწყვეტი, შემდეგ კი პაუზებით კაკუნის მიუხედავად, პასუხი არავინ გამცა.
სხვა გზისთვის უნდა მიმემართა, ამიტომ ამჯერად, უკვე ხსნებული ბორდოსფერი კარის წინ მდებარე კარზე დავრეკე ზარი. ზარის ხმის გაგონებისას ქალის ხმა მოისმა,
_ ვინ არის? _ მეც ავუხსენი, ვინ ვიყავი და კარი გაიღო. დაახლოებით 60 წელს გადაცილებული სასიამოვნო გარეგონობის, ჭაღარა ბებო გამოვიდა, რომელსაც ვკითხე, _ თქვენ წინ მეზობლები არ არიან- მეთქი?
_ ალბათ, არ არიან, შვილო, იყოს ის ქვითრები კარში (შესაძლოა, ჩემი ჟურნალისტობის ამბავი ვერ გაგო კარგად და ინკასატორი ან ქვითრების დამრიგებელი ვეგონე).
_ არა, ქვითრებზე არ ვსაუბრობ, თქვენ ხომ არ იცნობთ ამ ოჯახს, გარდაცვლილ ბიჭს იცნობდით?
_ მხოლოდ იმ ბიჭს ვიცნობდი, ვიცი, რომ კარგი ადამიანი იყო ძალიან.
_ ის ბიჭიც აქ ცხოვრობდა?
_ კი, შვილო. ბიჭი, მისი და და ლიანა _ დედამისი. მეუღლე კი ჰყავდა, მაგრამ ამათთან არ ცხოვრობდა. ახლა თუ სახლში არ არიან დედამისი და და, მუშაობენ ალბათ. აბა, უმუშევრად რა უნდა ვქნათ?! მეტი არაფერი ვიცი, ჩემი ტოლები არ არიან და არ მაქვს კონტაქტი.
ამ ბებოს მადლობა გადავუხადე, კიდევ რამდენჯერმე დავაკაკუნე კარზე, თუმცა, როგორც ჩანს, მართლა არ იყვნენ სახლში. არც იმის გარანტია მქონდა, რომ მალე დაბრუნდებოდნენ, ამიტომ შინისკენ მიმავალ გაზას გამოვუდექი, მომდევნო დღეს შაბათი უწევდა, როცა წესით, სახლში უნდა ყოფილიყვნენ და ხვალ აქ დაბრუნების იმედით დავტოვე იქაურობა. კიბეებზე კვლავ ფანრის შუქით ჩამოვედი. გარეთ ისევ თამაშობდნენ ბავშვები. ისევ ორნი იყვნენ.
კორპუსამდე, სადარბაზომდე, ამ სართულამდე. გავიარე ის ადგილიც, სადაც ოდესღაც უბედურად გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი ესვენა. ავედი მე-7 სართულზე, დავაკაკუნე ბორდოსფერ კარზე, ამჯერად იქიდან ხმაური მოისმოდა:
_ ახლავე, _ გაისმა კარს იქიდან. კარს მოუახლოვდა, _ რომელი ხართ?
_ კითხვა მაქვს, თუ შეიძლება, _ ვუთხარი. კარი გააღო.
საშუალო სიმაღლის, სასიამოვნო გარეგნობის შავთმიანმა გოგონამ გამიღიმა და _ გისმენთო, _ მითხრა.
_ ჟურნალისტი ვარ (მოწმობა ვაჩვენე) „ქრონიკა+“-დან. ვიზიარებ მწუხარებას. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოგაკითხეთ, თქვენი, ანუ ოჯახის პოზიცია გვაინტერესებს, რა ეტაპზე ხართ ახლა? რას გეგმავთ? რაიმეს ეჭვი ხომ არ გაქვთ?
- ჯერ არაფერს, ველოდებით გამოძიების დასრულებას.
_ კითხვები ან ეჭვები არ გიჩნდებათ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ძმა რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს და არა სამხარაულის?
_ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ. როგორც თქვენ, ისე ჩვენც გვაინტერესებს, რა მოხდება, უბრალოდ, გამოძიებას ველოდებით ამ ეტაპზე.
_ შეიძლება, დედასაც გავესაუბრო?
_ დედა არ არის სახლში.
_ დაზარალებულის სტატუსი ისევ არ გაქვთ?
_ ამ ეტაპზე, არა. ძალიან გთხოვთ, ჩვენს პოზიციაზე ადვოკატს გაესაუბრეთ, მეტს, სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით გამოძიების დასრულებამდე.
_ კარგი, გმადლობთ-მეთქი, კარის ზღურბლიდან ფეხი გადმოვდგი თუ არა, კარი მიხურა.
მოგვიანებით, პავლიაშვილების ოჯახის ადვოკატს, საიას თანამშრომელს, ლევან ვეფხვაძეს გავესაუბრე:
„ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს. მოწმეების დაკითხვა, პრაქტიკულად, დასრულებულია, ერთადერთი, ველოდებით ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადასტუროს, არსებობდა თუ არა სამხრე კამერით გადაღებული ვიდეოები და თუ არსებობდა, მერე ხომ არ წაშალეს იგი?
აი, ამის პასუხებს რომ მივიღებთ, რომელსაც, დაახლოებით, ამ კვირაში ველოდებით, პრაქტიკულად, შეიძლება ვთქვათ, რომ გამოძიება დასრულდება და მერე შევაჯამებთ ჩვენს პოზიციას.
რაც შეეხება ოჯახს, იგი არ უცხადებს უნდობლობას გამოძიებას, ამის საფუძველი არ გვაქვს.
კითხვები არის შსს-ს თანამშრომლებთან, თუ რატომ არ გადაიღეს კადრი.
დანარჩენი, პროკურატურასთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, აბსოლუტურად სკრუპულოზურად მიდის ამ საკითხების გამოკვლევა.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ეჭვს არ გამოთქვამს და გამოძიების შედეგებს ელოდება, არსებობს კითხვები, რომელზედაც პასუხის მიღება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია.
„ქრონიკა+“ ამბის დეტალებს მოგვიანებითაც შემოგთავაზებთ.
ნინო ტაბაღუა