QronikaPlus
თამაზ დოლაბერიძე: „სასტუმროს პერსონალი მოუმზადებელია და საგანგებო სიტუაციების დროს მოქცევის უნარები არ გააჩნია“

თამაზ დოლაბერიძე: „სასტუმროს პერსონალი მოუმზადებელია და საგანგებო სიტუაციების დროს მოქცევის უნარები არ გააჩნია“

2017-12-01 12:14:06

ბათუმში, „ლეოგრანდში“ მომხდარმა ტრაგედიამ ბევრი კითხვის ნიშანი დაბადა, რაც ადეკვატური პასუხის გაცემას მოითხოვს. სასტუმროში ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე გაჩნდა, დაიღუპა 11 და დაშავდა 22 ადამიანი. „ქრონიკა+“-მა ბათუმში ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების ანალიზი „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ დოლაბერიძეს სთხოვა: _ იმით დავიწყოთ, თუ რას ჰყვებიან თვითმხილველები: ერთ-ერთი სტუმარი ამბობს, რომ როცა კვამლის აშკარა სუნი იგრძნეს და დერეფანში გამოვიდნენ, მომსახურე პერსონალი არაფერს გვეუბნებოდაო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალი აბსოლუტურად მოუმზადებელია და საგანგებო სიტუაციების დროს მოქცევის არც თეორიული და არც პრაქტიკული უნარები არ გააჩნია, ანუ მათ არ უტარდებათ შესაბამისი სწავლებები, არ არის დანერგილი ხელოვნური სასწავლო განგაშის მოწყობის პრაქტიკები და ა. შ. თვითმხილველების მონაყოლიდან ირკვევა, რომ საგანგებო შემთხვევის დადგომის დროს სასტუმროში მყოფმა სტუმრებმა და სასტუმროს სხვადასხვა სერვისით მოსარგებლე სხვა პირებმა დაკვამლიანებისგან თავის დაღწევა თავად სცადეს, რამაც პანიკური პროცესი წარმოშვა, ანუ სასტუმროს არც ერთ თანამშრომელს არ დაუწყია საგანგებო სიტუაციის მართვა. სასტუმროს ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ინტერვიუში ამბობს, რომ „ხანძრის გამო ელექტროენერგია გათიშეს, დენის გათიშვის დროს კი ლიფტი გაჩერდა, თუმცა ლიფტს აქვს ფუნქცია, რომ ასეთ დროს რომელიმე სართულზე ჩავიდეს და კარი გაიღოს“. ჟურნალისტის შეკითხვაზე: „თუ ლიფტი ამ ფუნქციით არის აღჭურვილი, რატომ გაიჭედა იგი სართულებს შორის, რამაც 7 ადამიანის გაგუდვა გამოიწვია?“ ადმინისტრაციის წარმომადგენლის პასუხი იყო შემდეგი: „არ ვიცი, ალბათ, მათ არ იცოდნენ, როგორ უნდა აემოქმედებინათ ლიფტის ეს ფუნქცია“. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პროცესის ქაოსურობაზე, რამაც, საბოლოოდ, ასეთი მძიმე შედეგები გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ საევაკუაციო კიბე არ აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტებს და, შესაბამისად, მისი გამოყენება საგანგებო შემთხვევის დადგომის დროს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ სახანძრო სიგნალიზაცია არ ჩართულა და არც წყლის ავტომატური გამშხეფავების მოქმედება დაუნახავს ვინმეს, რაც მსგავსი სისტემის არარსებობას ადასტურებს. 2015 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება #370, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ. რეგლამენტში გაწერილია, როგორ უნდა მოეწყოს ორგანიზაცია-დაწესებულებებისა და საწარმოების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. რეგლამენტში დიფერენცირებულად არის წესები გაწერილი აეროპორტებისთვის, სავაჭრო ცენტრებისთვის, სარკინიგზო სადგურების, სასტუმროებისა და სხვა ტიპის დაწესებულებებისთვის. ასევე დიფერენცირებულია საწარმოების შესახებ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მოწყობის წესები იმისდა მიხედვით, თუ რა პროფილის საწარმოსთან გვაქვს საქმე: მეტალურგიული საწარმოსთვის ცალკეა, ქიმიური საწარმოებისთვის _ ცალკე და ა. შ. სასტუმროებთან დაკავშირებით რეგლამენტი გვეუბნება, რომ სასტუმროს უნდა ჰქონდეს საევაკუაციო ცალკე გასასვლელი და აღწერილია ასევე, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი იგი (მაგალითად, კარი რომ უნდა ეღებოდეს გარეთ და ა. შ.). ყველა ნომერში (და არა მხოლოდ დერეფანში) გაკრული უნდა იყოს საევაკუაციო გასასვლელისკენ მიმავალი გზის რუკა, რომელზედაც საევაკუაციო მოძრაობის ბილიკი მთელ მანძილზე ისრებით უნდა იყოს მონიშნული. სასტუმროს ყველა სართულს უნდა ჰქონდეს მგრძნობელობის კვამლის დეტექტორები, რომელიც კვამლის აღმოჩენის შემთხვევაში იმპულსურ დავალებას აძლევს შესაბამის მოწყობილობას, რაც უზრუნველყოფს საგანგაშო სიგნალიზაციისა და წყლის ავტომატური გამშხეფავების ჩართვას. ეს სასტუმსროს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამონტაჟებული. ზემოაღნიშნული რეგლამენტის აღსრულებაზე პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, სადაც გაწერილია სააგენტოს კომპეტენციები, მოვალეობები, ფუნქციები, უფლებები და საქმიანობის დაფარვის როგორც მიმართულებები, ასევე ობიექტთა ჩამონათვალი. კანონის მიხედვით სააგენტოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ დააჯარიმონ ობიექტი ამ რეგლამენტის დაუცველობის გამო. სატელევიზიო სიუჟეტებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული სასტუმრო ამ სააგენტოს ორჯერ ჰყავს დაჯარიმებული 2016 წლის მაისსა და 2017 წლის ივნისში, რის საფუძველზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სასტუმრო „ლეოგრანდს“ რეკომენდაციის ნიშანი არ მიანიჭა, თუმცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ამ ბერკეტს არა საკანონმდებლო რეგულაციის, არამედ მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი აქვს და სასტუმროს საქმიანობის შეჩერებას არ იწვევს. საინტერესოა, რა თანხით იყო სასტუმრო დაჯარიმებული და მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ რატომ სასამართლო წესით არ მოითხოვა სასტუმროს საქმიანობის შეჩერება?.. ყოველივე ზემოთქმულიდან ვღებულობთ შემდეგ სურათს: გვაქვს მთავრობის დადგენილება და ტექნიკური რეგლამენტი, რეგლამენტს ჰყავს თავისი აღმასრულებელი, რომელიც დაჯარიმების ფუნქციით არის აღჭურვილი, გვაქვს კანონი, რომელიც ამ სააგენტოს საქმიანობას არეგულირებს, გვაქვს სასამართლო, მაგრამ უბედური შემთხვევები მაინც ხდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არ არსებობს ფართო საზოგადოებისთვის აუცილებელი პროცესების რეგულირების პოლიტიკური ნება, რაც ახსნილია იმით, რომ ბიზნესის კეთება უნდა იყოს ადვილი და ინვესტორი არ უნდა შევაწუხოთ ზედმეტი რეგულაციებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რეგულაციები მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია(?!!).

გელა მამულაშვილი

 

გაზიარება