- შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2017 წლის მარტში გახმაურებული სამი სისხლის სამართლის საქმის (შოთა პაკელიანი, დავით ხარშილაძე, მიხეილ თათარიშვილი) სამართლებრივ ანალიზს, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას შეეხება. დოკუმენტის მომზადების დროისთვის ორ საქმეზე ჩატარებულია წინასასამართლო სხდომა, ხოლო შოთა პაკელიანის საქმე დასრულებულია საპროცესო შეთანხმებით. როგორც ცნობილია, სამივე საქმის ბრალდებული, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრები და ადვოკატები, საწყისი ეტაპიდანვე საუბრობდნენ საქმეებში არსებულ არაერთ პროცესუალურ დარღვევაზე. მიუხედავად იმისა, რომ პაკელიანსა და პროკურატურას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, EMC მნიშვნელოვნად მიიჩნევს წარმოადგინოს აღნიშნული საქმის შეფასებაც იმ არაერთი ხარვეზის გათვალისწინებით, რაც საქმის შესწავლამ გამოავლინა. ამის მიზეზია საპროცესო შეთანხმების დადების მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინება ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც სასამართლოსა და პროკურატურის მიმართ უნდობლობის პირობებში ბრალდებულისთვის საპროცესო შეთანხმება საქმის სასურველი შედეგით დასრულების ერთადერთ გზას უკავშირდებოდა.
წარმოდგენილი დოკუმენტის მიზანია, კონკრეტული საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე შეფასდეს, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს გამოძიება ხსენებულ საქმეებში და არსებობს თუ არა იმ ეჭვების საფუძველი, რომელსაც დაცვის მხარე გამოთქვამდა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან თვითნებური და უკანონო მოქმედებების თაობაზე. EMC-ის მიერ აღნიშნული შეფასებულია იმის მიხედვით, იყო თუ არა დაცული შესაბამისი პროცესუალური ნორმები გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა ვითარებაში მოხდა:
- გამოძიების დაწყება;
- ბრალდებულების დაკავება და მათი პირადი ჩხრეკა;
- ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები;
- აღკვეთის ღონისძიების განხილვა სასამართლოს მხრიდან;
- წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა.
ასევე, EMC განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებს ამ საქმეებში, რომელიც, ცხადია, გავლენას ახდენს თავად მიმდინარე გამოძიების კანონიერების შეფასებაზეც. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეების ანალიზის დროისთვის წინ არის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის ეტაპი (გარდა პაკელიანის საქმისა), საქმეები შეფასდება იმ მოცულობით, რაც გონივრულია საქმეთა განხილვის ამ ეტაპისთვის და რაც საკმარისია იმის შესაფასებლად, არსებობს თუ არა ხსენებულ საქმეში იმ ტიპის პროცესუალური დარღვევები, რაც შეიძლება აჩენდეს ეჭვებს მთავარი მტკიცებულების გაყალბებასთან/უკანონო ჩადებასთან დაკავშირებით.
EMC-იმ ანალიზის მეთოდად გამოიყენა საქმის მასალების დეტალურად შესწავლა და ბრალდებულების კანონიერ წარმომადგენლებთან გასაუბრება, ასევე მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგი, სახალხო დამცველის აპარატთან კომუნიკაცია, გამოძიების ორგანოებისა და სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური საქმეების ანალიზი.
როგორც ითქვა, კვლევა მიზნად არ ისახავს კონკრეტულ პირთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის დადგენას. დოკუმენტის მიზანია ხსენებულ გახმაურებულ საქმეებში შესაძლო პროცესუალური დარღვევების გამოკვეთა და მათი მაპროვოცირებელი სისტემური მიზეზების აღმოჩენა კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში.
- შესწავლილი საქმეების სამართლებრივი შეფასება
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის სისხლისსამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებათა თვითნებობის, ნარკოტიკული საშუალებების ჩადებისა თუ ასეთი საქმეების მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით წარმართვის სისტემურ პრობლემაზე მითითება წლების განმავლობაში ხდებოდა როგორც ადგილობრივი ინსტიტუტების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამ საკითხზე ყურადღება გამახვილებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის, თომას ჰამარბერგის 2011 წლის 30 ივნისის ანგარიშშიც, რომელიც იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ტარების საქმეებში ჩხრეკის დროს ხშირად გამოვლენილ ისეთ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობდა, რაც ეჭვის ქვეშ აყენებდა ჩხრეკის კანონიერებას და ამოღებული მტკიცებულების სამართლებრივ დასაშვებობას. ამავე საკითხს ეთმობა სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშიც, რომელიც მიუთითებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოსამართლის განჩინების გარეშე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მოქალაქეთა უფლებების შესაძლო დარღვევებზე, რაც განსაკუთრებით ხშირი შემთხვევა ნარკოტიკული საშუალების (და იარაღის) უკანონო შეძენა-შენახვის დროს იყო.
საქმეთა შესწავლის პროცესში გამოიკვეთა, რომ საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც საფუძვლად უდევს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, საგამოძიებო უწყების მხრიდან თვითნებობის შესაძლებლობას ისევ იძლევა. შესწავლილმა სამმა საქმემ გამოავლინა მათთვის საერთო სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც გამომდინარეობს საკანონმდებლო რეგულაციებიდან და ხარვეზიანი პრაქტიკიდან და რაც საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების სამართლიანად და ობიექტურად განხორციელებას, ასევე ზრდის სამართალდამცველი ორგანოების თვითნებობის რისკებს.
2.1. ოპერატიული ინფორმაციით გამოძიების დაწყების თანმდევი პრობლემები
შესწავლილ სამივე საქმეში სამართალდამცველი ორგანოების მიერ გამოძიების დაწყებისა და საგამოძიებო მოქმედების _ პირადი ჩხრეკის ჩატარების საფუძველს ოპერატიული ინფორმაცია წარმოადგენს. ოპერატიული ინფორმაცია არის საიდუმლო თანამშრომლის (კონფიდენტი) ან სხვა ანონიმური პირის მიერ გამომძიებლის ან ოპერატიული თანამშრომლისთვის მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული. ოპერატიული ინფორმაციის მიღებისას აღნიშნული ინფორმაციის მიმღები პირი ადგენს პატაკს, რომელშიც ასახავს მიღებული ინფორმაციის შინაარსს ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობის მიუთითებლად.
პატაკი გულისხმობს პოლიციის თანამშრომლის წერილობით განცხადებას, სადაც ის უთითებს, რომ მიიღო ინფორმაცია, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ. პოლიციის თანამშრომლის ამ განცხადების საფუძველზე ივსება ფორმა #1, რაც ოფიციალურად ადასტურებს გამოძიების დაწყებას. პატაკის წარდგენასთან ერთად ხდება მისი ავტორის მოწმის სახით დაკითხვა. სწორედ პატაკისა და ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პოლიციის თანამშრომლის დაკითხვის ოქმების ერთობლიობა ედება საფუძვლად შემდგომი საგამოძიებო მოქმედების _ ჩხრეკის ჩატარებას. იმის შესაფასებლად, აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული გარემოებები ჩხრეკის ჩატარების საპროცესო სტანდარტს, მნიშვნელოვანია პატაკის სამართლებრივი ბუნების დადგენა. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, იგი განხილულ უნდა იქნეს მტკიცებულებად დოკუმენტის სახით, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. ამავე მუხლის თანახმად, დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-კინო-ვიდეო-ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით, ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. აქვე აღსანიშნავია, რომ პოლიციელის პატაკიც და მისი გამოკითხვის ოქმიც პროცესუალურად ერთი წყაროდან შექმნილ ორ სხვადასხვა მტკიცებულებას წარმოადგენს, რომელთა ერთობლიობაც შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ედება საფუძვლად. აღნიშნული წყაროს გადამოწმების შეუძლებლობა პრაქტიკაში მოუგვარებელი პრობლემაა, როდესაც პოლიციელის ჩვენება, წყაროს დასახელების გარეშე, სასამართლოს მიერ ყოველგვარი შემოწმების გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა.
მოცემულ სამივე შემთხვევაში მოქალაქეთა ჩხრეკა ანონიმურად მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაუდებელი აუცილებლობით მოხდა და ბრალდებულები (ხარშილაძე და თათარიშვილი) მიუთითებდნენ, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ასეთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების რეალური საფუძველი არ არსებობდა. ასეთი საფუძვლის არსებობას, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ის გარემოებაც აყენებს ეჭვქვეშ, რომ საგამოძიებო ორგანო ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში ახდენს გასაჩხრეკი პირის ადგილმდებარეობის დადგენას და მის პირად ჩხრეკას, რაც მთლიანად ეჭვის ქვეშ აყენებს ოპერატიული ინფორმაციის მიღებას და შემდგომი პროცედურების ჩატარებას. პაკელიანის შემთხვევაში ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან მის პირად ჩხრეკამდე დროის შუალედი 10 წუთს, ხარშილაძის შემთხვევაში 4 წუთს, ხოლო თათარიშვილის შემთხვევაში 30 წუთს შეადგენს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატიული ინფორმაცია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა მიიღო, თავად თათარიშვილი კი დაბა სურამში იმყოფებოდა და მისი ჩხრეკა ბათუმიდან თბილისისკენ მომავალმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს, 30-წუთიანი ინტერვალი ინფორმაციის მიღებასა და საგამოძიებო მოქმედებას შორის ასევე კითხვის ნიშნებს აჩენს.
მოქმედი კანონმდებლობით ოპერატიული ინფორმაციის წყაროს გადამოწმება გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის არც ერთ სტადიაზე არ ხდება არც საპროკურორო და არც სასამართლო ზედამხედველობით, რის გამოც შეუძლებელია იმის დადგენა, საგამოძიებო მოქმედების დასაწყებად ეს საფუძველი რეალურად არსებობდა თუ არა. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს“. ამავე კანონის მე-12 მუხლი განსაზღვრავს იმ ორგანოებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას. ამავე კანონის მე-9 მუხლი კი მე-12 მუხლით განსაზღვრულ ორგანოებს ანიჭებს უფლებამოსილებას, ნორმატიული აქტებით განსაზღვრონ თანამდებობის პირთა ის წრე, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ასეთ ინფორმაციაზე. კანონის ამგვარი რეგულირებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ოპერატიული ინფორმაციის წყაროსთან წვდომის თაობაზე მოსამართლის კომპეტენცია იმთავითვე გამორიცხულია და „ოპერატიულ ინფორმაციასა და წყაროზე წვდომასთან დაკავშირებით გამომძიებელს უფრო მეტი ნდობა აქვს გამოცხადებული, ვიდრე მოსამართლეს“. ამგვარი საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში მოსამართლე ოპერატიული ინფორმაციის შემცველი პატაკისა და პატაკის ავტორის გამოკითხვის ოქმის ერთობლიობით იღებს გადაწყვეტილებას საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების თაობაზე ნებართვის გაცემისა თუ შემდგომში მისი დაკანონების შესახებ ისე, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, გადაამოწმოს ოპერატიული ინფორმაციის წყაროს არსებობის ფაქტი; რეალურად მიაწოდა თუ არა აღნიშნულმა წყარომ საგამოძიებო ორგანოს პატაკში აღნიშნული ინფორმაცია; ინფორმაციის მიწოდება ხომ არ იყო განპირობებული რაიმე ქვენაგრძნობით. არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში საგამოძიებო ორგანოებს ეძლევათ შეუზღუდავი თვითნებობის შესაძლებლობა, რომელზედაც სასამართლო კონტროლის განხორციელება გამორიცხულია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის კარგად არის ცნობილი ინფორმატორების მიერ მოპოვებული ინფორმაციის სასამართლოს მიერ გადაუმოწმებლობის საფრთხეები. მას არაერთხელ განუმარტავს, რომ თუმცა შესაძლებელია ანონიმური ინფორმატორების გამოყენება გამოძიების ეტაპზე, დაუშვებელია მსჯავრდების აგება „ანონიმურ ჩვენებებზე მთლიანად ან გადამწყვეტი ხარისხით“. მეორე მხრივ, ანონიმური ჩვენებების გამოყენება „ყოველთვის არ ეწინააღმდეგება კონვენციას“, მაგრამ ადეკვატურად უნდა დაბალანსდეს სირთულეები, რომლებსაც ის უქმნის დაცვას.
2.2. გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული დაკავება და ჩხრეკა
შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ სამივე შემთხვევაში ბრალდებულთა პირადი ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარდა და სასამართლომ ამის შემდეგ პირადი ჩხრეკა დააკანონა. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეები _ პოლიციის თანამშრომლები და გასაჩხრეკი პირები _ სამივე შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებენ პირადი ჩხრეკის ადგილის, დროისა და საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოსამართლის წინასწარი ნებართვის გარეშე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების _ ჩხრეკის კანონიერების საკითხის განხილვის პროცედურას სასამართლოს მიერ. სსსკ-ის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, მოსამართლემ საკუთარი შეხედულებისამებრ განიხილოს მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების საკითხი მხარეთა ან/და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. გარდა ამისა, მოსამართლე უფლებამოსილია, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერებისა და საფუძვლების შესწავლის მიზნით, გაეცნოს ყველა საჭირო მასალას. თუმცა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ნებართვის გაცემის ან კანონიერად ცნობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს დახურულ სხდომაზე ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც იმ პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, არ აძლევს საშუალებას, ზეპირი განმარტებები გააკეთოს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ ამ საკითხის განხილვაში მხარეების ან/და იმ პირის მონაწილეობის შესახებ სავალდებულო წესის შემოღება, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, მნიშვნელოვნად მიაჩნდა სახალხო დამცველს, ჯერ კიდევ, თავის 2013 წლის ანგარიშში. აღნიშნული ცვლილების შემოღება ხელს ვეღარ შეუშლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო მოქმედება უკვე ჩატარებულია და სისხლის სამართლის საქმისთვის საჭირო ინფორმაცია, ნივთი თუ სხვა მტკიცებულება ამოღებულია გამოძიების მიერ. ამ დროს ბრალდებულის ან/და იმ პირის მონაწილეობა სასამართლოს მიერ საკითხის განხილვაში, რომლის მიმართაც ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედება, ვერ იქნება გამოძიებისთვის რაიმე სახით ხელშემშლელი გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია ჩხრეკის ჩატარების დროს იმ პირს, რომლის მიმართაც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ტარდება, მის უფლებაში უსაფუძვლო ჩარევისგან დამცავი ნაკლები გარანტიით აღჭურვავს, ვიდრე ეს კანონის ძველი რედაქციით იყო გათვალისწინებული. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე არსებული რედაქციის 331-ე მუხლი საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებდა, ჩხრეკისა და ამოღებულის ჩატარების დროს მოეწვია, მაქსიმუმ, ორი დამსწრე, რომელიც დაადასტურებდა ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების ფაქტს, მის მიმდინარეობას და შედეგებს. ამ უფლებით აღჭურვილი იყო როგორც ბრალდებული პირი, რომლის მიმართაც ჩხრეკა ტარდებოდა, ისე პირი, რომელიც არ იყო ბრალდებული, თუმცა ეხებოდა ეს საგამოძიებო მოქმედება. დამსწრე ვალდებული იყო, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში და შემდგომ ხელმოწერით დაედასტურებინა ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მიმდინარეობა, შედეგები და უფლებამოსილი იყო, ოქმზე გაკეთებინა განცხადება და შენიშვნა. იგი შემდგომში შეიძლებოდა დაკითხულიყო მოწმედ ამ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით. მიუხედავად დამსწრის მექანიზმის შესაძლო ხარვეზებისა, ნათელია, რომ საგამოძიებო მოქმედების ადრესატს ესაჭიროება დამატებითი დაცვის გარანტიები უშუალოდ ჩხრეკის ჩატარებისას.
სასამართლოს მიერ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის დაკანონებასთან დაკავშირებით მორიგ პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და ფორმალურ მსჯელობაზე დაყრდნობით საგამოძიებო მოქმედების კანონიერად მიჩნევა. სსსკ-ის 112-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის შეფასების საგანს წარმოადგენს, თუ რამდენად კანონიერად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობის დროს. კანონიერების შეფასება, ერთი მხრივ, ეხება ცალკეული საგამოძიებო მოქმედებისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურული წესების დაცვას, მეორე მხრივ კი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მატერიალური საფუძვლის არსებობას მისთვის კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, როდესაც მოცემულია ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის საკმარისი საფუძვლის არსებობა.
შესაბამისად, მხარეს ეკისრება ვალდებულება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისას დაასაბუთოს, რომ საგამოძიებო მოქმედებისთვის არსებობს საკმარისი ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა. სასამართლო კი, თავის მხრივ, ვალდებულია შეამოწმოს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილების, ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ეხება როგორც საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ განჩინების გაცემის, ისე გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების საკითხის განხილვას. საპროცესო კოდექსის ამგვარი რეგულაციის მიუხედავად, სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შემოწმების დროს, სასამართლო არ მსჯელობს ჩხრეკის მატერიალური საფუძვლის არსებობის თაობაზე, არ აფასებს, იყო თუ არა საქმეში არსებული ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის საკმარისი, რაც საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამის დადასტურებაა განხილულ სამ საქმეში არსებული სასამართლოს განჩინება გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერების თაობაზე, რომელიც მოკლედ მიუთითებს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან სახეზე იყო სასამართლოს განჩინების გარეშე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველი _ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურების საშიშროება. სასამართლო არც ერთ შემთხვევაში არ განიხილავს, ოპერატიული ინფორმაცია და პოლიციის თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის მიღებას ადასტურებს, აკმაყოფილებს თუ არა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. სასამართლო სამივე შემთხვევაში ზოგადად განმარტავს, რომ საქმეში არსებობდა საკმარისი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები ჩხრეკის სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარებისთვის, რის შემდეგაც გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას კანონიერად მიიჩნევს.
ზემოთ აღნიშნული საკითხების ერთობლიობა, გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით, იძლევა გასაჩხრეკი პირის უფლებებისა და ინტერესების შელახვის შესაძლებლობას, რაც განხილული სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარეობის დროსაც არ გამოირიცხებოდა.
ჩხრეკასთან მიმართებით არსებული პრობლემური ეროვნული საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის ფონზე საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების შეფასება.
ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში ინტენსიური ჩარევის გამართლებას გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით აფასებს. მისი ერთგვაროვანი პრაქტიკა პირადი ჩხრეკის, საცხოვრებლის, სამუშაო ადგილის ჩხრეკასთან მიმართებით მოითხოვს, რომ ჩხრეკა პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის აუცილებელი იყოს. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული სახეზეა, როდესაც საგამოძიებო ორგანოს ხელი არ მიუწვდება სხვა, პირადი ცხოვრების უფლებაში ნაკლებად ჩამრევ ღონისძიებაზე. ამასთან, ჩხრეკა, კანონით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით, პერსპექტიული უნდა იყოს. აღნიშნულთან ერთად, ჩხრეკა უნდა იყოს სისხლისსამართლებრივი ქმედების სიმძიმისა და დანაშაულის ჩადენის შესახებ ეჭვის სიძლიერის პროპორციული. ევროპული სასამართლოს მიდგომა ჩხრეკის ჩატარებისთვის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან მიმართებით ასევე მაღალ სტანდარტს აწესებს და მკაცრად განსაზღვრავს ჩხრეკის პროპორციულობის საკითხს, ასევე აფასებს დაცულ უფლებაში ჩარევის კანონიერებას და ლეგიტიმური მიზნის არსებობას. ევროპული სასამართლოს განმარტებით, როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შეუძლიათ სასამართლო უწყების გარეშე განახორციელონ ჩხრეკა, ასეთ უფლებაზე „ძალიან მკაცრი შეზღუდვები“ უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ მოხდეს მე-8 მუხლის დარღვევის პრევენცია.
შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეებში ასევე საინტერესოა სამართალდამცველი ორგანოს მხრიდან მოქმედებათა იდენტური თანმიმდევრობა _ გამოძიების დაწყება პოლიციის თანამშრომლის პატაკის საფუძველზე, რომელშიც ის მიუთითებს ოპერატიული ინფორმაციის მიღების შესახებ. ამის შემდეგ ხდება გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკა და პირის დაკავება, ანუ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
მოქმედების ამ თანმიმდევრობისგან განსხვავებით, პაკელიანის შემთხვევაში, ოპერატიული ინფორმაციის მიღებას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პირდაპირ პაკელიანის დაკავება _ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოჰყვა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლი განსაზღვრავს პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველს, რაც მოცემულია მაშინ, როდესაც საქმეში არსებობს გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად პირი დაკავების მომენტიდან ბრალდებულად ითვლება, საქმეში უნდა მოიპოვებოდეს გამოძიების ეტაპზე კანონიერად მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და არა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის გადამოწმება, თავის მხრივ, გამოძიების არც ერთ სტადიაზე არ ხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ხსენებულ საქმეში საპროცესო ნორმების მოთხოვნათა უხეში დარღვევით განხორციელდა.
2.3. ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მტკიცების სტანდარტის პრობლემა
განხილული საქმეების შესწავლამ აჩვენა, რომ ბრალდებული სამივე პირის შემთხვევაში გამოძიების დაწყება და შემდგომში სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით წარიმართა. თუმცა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტიკული საშუალების მოპოვების/შეძენის ნაწილში ფაქტობრივი გარემოებების გამოსაკვეთად და ბრალდების გასაძლიერებლად.
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასთან დაკავშირებით, სასამართლო პრაქტიკის შესწავლის მიზნით, EMC-მა გამოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლითაც პირი მსჯავრდებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის და ასევე გადაწყვეტილებები, სადაც იმავე ბრალდების ნაწილში სასამართლომ გამოიტანა ბრალდებულის გამამართლებელი გადაწყვეტილება. გამამტყუნებელი განაჩენების შესწავლით გამოვლინდა, რომ სასამართლომ არც ერთ შემთხვევაში არ გაამახვილა ყურადღება ნარკოტიკული საშუალების შეძენის დროსა და ვითარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირდაპირ იყო მითითებული ამ ფაქტობრივი გარემოების გამოძიების მიერ დაუდგენლობის შესახებ.
ამ საკითხთან მიმართებით საინტერესოა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისს მიღებული ერთ-ერთი გამამართლებელი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლო მსჯელობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის ფაქტთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას წარმოადგენდა მის საცხოვრებელ ეზოში დაშლილ მდგომარეობაში არსებულ საბურავებში კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალების _ ჰეროინის უკანონოდ შეძენა და შენახვა. სასამართლოს მიერ ბრალდებულის გამართლების საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ „ბრალდების მხარის მიერ სათანადოდ არ იქნა დასაბუთებული სისხლის სამართლის საქმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც არსებით გავლენას მოახდენდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ დადასტურებულად მივიჩნიოთ ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტი, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გამოკვეთილი უნდა ყოფილიყო ის მტკიცებულებები, რაც უტყუარად მიუთითებდა უშუალოდ ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაზე“. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უშუალოდ ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და მის მიერ ამ ნარკოტიკის შენახვის ფაქტს. აღნიშნულის გამო, სასამართლომ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპზე მითითებით ბრალდებული გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის ფაქტის დაუდგენლობას არ ეხება და გამამართლებელი განაჩენი საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლოვი შეფასებით დადგა, სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი მათ შორის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის ფაქტის დაუდგენლობაც იყო, რაც საკითხის სწორ, მაგრამ სასამართლო პრაქტიკაში ძალიან იშვიათ განმარტებას წარმოადგენს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული გადაწყვეტილებების ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენის დროისა და ვითარების დაუდგენლობა, ბრალდების მხარის მიერ ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებების განუხორციელებლობა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს არ წარმოადგენს. გამოთხოვილი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასთან მიმართებით სასამართლოს პრაქტიკა, ბრალდების მხარის მსგავსად, ფაქტობრივად, არ ამახვილებს ყურადღებას ნარკოტიკული საშუალების შეძენის/მოპოვების გარემოებებთან დაკავშირებით და ბრალდების შესახებ დადგენილებაში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის თაობაზე მითითებ