ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) 2015 წლის 24 მარტს გამოიტანა განჩინება საქართველოდან გაგზავნილ საჩივარზე _ #40207/05 „შალვა და ვლადიმერ დოლიძეები საქართველოს წინააღმდეგ“. ევროპის სასამართლოს წინაშე მომჩივნებს წარმოადგენდნენ თბილისში თავის დროზე მოქმედი ადვოკატები, ზაზა ხატიაშვილი და მანანა კობახიძე. ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და შალვა და ვლადიმერ დოლიძეები აღიარა არაადამიანური მოპყრობის, ასევე უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის მსხვერპლად. განჩინების მიხედვით, მამა-შვილ დოლიძეებს საქართველოს ხელისუფლებამ 12 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. „ქრონიკა+“-მა ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა და შალვა დოლიძესთან ინტერვიუც ექსკლუზიურად ჩაწერა.
შალვა დოლიძე:
_ ჩვენ, მამა-შვილი შალვა და ვლადიმერ დოლიძეები, 2005 წლის 22 აგვისტოს უკანონოდ დაგვაკავეს და წლების განმავლობაში უკანონო პატიმრობაში გვამყოფეს სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის პერიოდში, რამაც როგორც მე, ისე ჩემს 22 წლის შვილს შეგვირყია ჯანმრთელობა. ჩვენი დაპატიმრება განპირობებული იყო იმ გარემოებებით, რომ მერაბიშვილს ნებისმიერი გზით სურდა სს „ელექტროგადაცემის“ საკუთრებაში არსებული, თბილისში, ბარათაშვილის ქ. #2-ში მდებარე 294 კვ.მ. კომერციული ფართისა და ამავე მისამართზე არსებული 53 კვ.მ. ანტრესოლური ტიპის ფართის უკანონოდ დაუფლება, რომელიც 10 წლის ვადით იჯარით ჰქონდა გადაცემული ჩემს შვილს, ვლადიმერ დოლიძეს გამოცხადებული კონკურსის შედეგად. როდესაც ვერ შეძლეს ჩემი შვილისა და ჩემი, როგორც მისი წარმომადგენლის ნებაყოფლობით დაყოლიება ფართების დათმობაზე, ჩემდა გასაკვირად, ვერც სასამართლოში მოგვიგეს საქმე, მე დამიკავშირდა ვინმე უშანგი პაპუაშვილი, რომელმაც თავი წარმომიდგინა, როგორც უშიშროების თანამშრომელმა და დამემუქრა, თუ არ დავთანხმდებოდით მათ წინადადებებს და არ დავთმობდით 10-წლიანი იჯარით აღებულ ფართს, მეც და ჩემი შვილიც პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით. მუქარიდან 10 დღეში დაგვაპატიმრეს კიდეც შეთითხნილი ბრალდებით, რაც ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებზე იყო აგებული.
_ ანუ თქვენ უარი უთხარით ფართის დათმობაზე და ამას მოჰყვა ეს ყველაფერი?
_ დიახ! გარდა მერაბიშვილ-ადეიშვილის ტანდემისა, ჩემი უკანონო დაპატიმრებით და საპყრობილეში გამომწყვდევით დაინტერესებული იყო საქართველოს გენერალური პროკურორის იმდროინდელი მოადგილე _ კორუმპირებული პიროვნება, გიორგი ლაცაბიძე, რომელსაც ჩემ წინააღმდეგ ამოძრავებდა შურისძიების გრძნობა ჩვენი წარსული ურთიერთობის გამო. გიორგი ლაცაბიძემ 2000 წელს, როდესაც მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მოკვლევის სამმართველოს უფროსად, ჩემგან ქრთამის სახით 100 000 ლარის გამოძალვის მიზნით, 2000 წ. 30 ნოემბრის დადგენილებით, რომელიც დაამტკიცებინა გენერალური პროკურატურის სამმართველოს მაშინდელ უფროს ზ. კვირკველიას, აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 961-ე მუხლით (1961 წლის რედაქციით) კუსა დოლიძისა და სხვათა მიმართ. ამ დადგენილებით მე მოხსენიებული ვყავარ მოფერებითი სახელით, „კუსათი“, თუმცა პიროვნების იდენტიფიცირება არ მოუხდენია. მოცემული საქმე ერთი წლის შემდეგ შეწყდა წარმოებით სსკ-ის 28-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით, ანუ ჩემს ქმედებაში დანაშაულის არარსებობის მოტივით. საქმის შეწყვეტის შემდეგ გიორგი ლაცაბიძე თანამდებობიდან კი გაათავისუფლეს, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადეიშვილმა დანიშნა თავის მოადგილედ. ამის შემდეგ, როგორც კი მერაბიშვილმა განიზრახა ჩემი და ჩემი შვილის თავიდან მოშორება და ამ გზით ქონების მითვისება, ლაცაბიძემაც ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები განეხორციელებინა.
_ იქნებ, კონკრეტულად აგვიხსნათ, რაზე საუბრობთ?
_ 2005 წლის 22 აგვისტოს ჩვენი დაკავება დაუკავშირეს იმავე წლის 19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში სააგარაკო სეზონის დახურვასთან და ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ ტრადიციულ დოღს და მასში ჩვენი ცხენების გამარჯვების აღსანიშნავად ჩამოსულ სტუმართათვის ჩემს სააგარაკე სახლში გამართულ წვეულებას. შეთხზეს ვერსია, თითქოსდა გამარჯვებას მე და ჩემი შვილი ვზეიმობდით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში სროლით, რაც სინამდვილეში არ მომხდარა, თორემ ბახმაროში მობილიზებული პოლიციის გურიის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენლები ხომ მიმართავდნენ შესაბამის ზომებს?!
ის ფაქტი, რომ ჩვენ 2005 წლის 22 აგვისტოს, ე. წ. დანაშაულის ჩადენიდან მეოთხე დღეს, ქ. ოზურგეთის ცენტრში სპეცოპერაციის დროს დაგვაკავეს, რომელშიც 25-მდე სპეცრაზმელი მონაწილეობდა, თავისთავად აბსურდია. ჩემი დაკავების კანონიერი საფუძველი არც პოლიციას და არც პროკურატურას არ გააჩნდა. არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება ის გარემოება, რომ თურმე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული `ბოროტი ხულიგნები~ 19 აგვისტოს არც კი გაგვჩხრიკეს, მეტიც, თუ იარაღი ბახმაროში ჩვენ ვისროლეთ, მაშინ 4 დღის განმავლობაში ამ იარაღის ტარებისა და ბახმაროდან ჩოხატაურისა და ოზურგეთის გავლით 21 აგვისტოს სოფელ ვაკიჯვარში გადაზიდვის საშუალება როგორ მოგვცეს?!
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2005 წლის 22 აგვისტოს დააწყებინეს შს ჩოხატაურის თითქოსდა გამომძიებელს, სინამდვილეში კი არაუფლებამოსილ პირს, თეიმურაზ უჯმაჯურიძეს პროკურორ იაკობ, იგივე ია დოლიძესთან ერთად. სინამდვილეში უჯმაჯურიძე გამომძიებლად დაინიშნა მხოლოდ 2005 წლის 14 სექტემბრის #206 პ/შ ბრძანებით. გარდა ამისა, ფორმა #1 ფალსიფიცირებული რომ არის, ეს დასტურდება მასში აშკარად გადასწორებული თარიღით; კერძოდ, 22 აგვისტო გადასწორებულია 21 აგვისტოდ, თარიღების გადასწორება ფორმა #1-ში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ აშკარად არის ნაწარმოები სამ ადგილას. სწორედ 22 აგვისტოს ერთვება ოფიციალურად მოცემული საქმის ფალსიფიცირებაში გიორგი ლაცაბიძეც, რომელიც თავისი დადგენილებით ქვემდებარეობას უცვლის სისხლის სამართლის #7005089 საქმეს და უქვემდებარებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას. მე და ჩემი შვილი 2005 წლის 22 აგვისტოს, მართალია, გურიის სამხარეო სამმართველოს პოლიციელებმა დაგვაკავეს, მაგრამ დაკავების ოპერაციასა და პირადი ჩხრეკის ჩატარებას ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურატურის გამომძიებლები გ. გვარაკიძე და ი. ჯალაღანია. ანუ ქვემდებარეობის შეცვლაც არ დასჭირვებიათ ამ ვაჟბატონებს, რომ ეწარმოებინათ საგამოძიებო მოქმედებები _ ჩვენი პირადი ჩხრეკები, სოფელ ვაკისჯვარში ჩემს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა და სხვა. მაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გიორგი ლაცაბიძის 22 აგვისტოს თარიღით გამოტანილი დადგენილება უკანა რიცხვით არის დათარიღებული, რათა ამ გზით „გაეპრავებინა“ დასავლეთ საქართველოს პროკურატურისთვის მის მიერვე დაკვეთილი დავალების უნიჭოდ შესრულება. გარდა ამისა, ქვემდებარეობის ოფიციალურად შეცვლა პროკურატურას დასჭირდა მას შემდეგ, რაც ჩოხატაურის შს რაიგანყოფილების პასუხისმგებელმა თანამდებობის პირების გარკვეულმა ნაწილმა, როგორც ჩანს, უარი განაცხადა უკანონო დავალების შესრულებაზე. ამის დადასტურებაც ადვილია _ საკმარისია გადავხედოთ შსს-ს ადმინისტრაციის 2007 წლის 9 თებერვლის #7/2-561 წერილს და იმავე სამინისტროს მიერ 2005 წლის 29 აგვისტოს #193 პ/პ ბრძანებას, რომელთა მიხედვითაც ჩოხატაურის შს რაიგანყოფილებიდან დაითხოვეს:
2005 წლის 19 სექტემბერს _ გოჩა ჯანოს ძე ჯინჭარაძე; 2005 წლის 19 სექტემბერს _ გელა ნიკოლოზის ძე ვასაძე; 2005 წლის 14 სექტემბერს _ ზურაბ ზურაბის ძე ჩხიკვაძე; 2005 წლის 19 სექტემბერს _ დიმიტრი დავითის ძე სიმონიშვილი; 2005 წლის 29 აგვისტოს _ სერგო მიხეილის ძე ბოლქვაძე; 2005 წლის 19 სექტემბერს _ ტარიელ გულთმისანის ძე ვასაძე; 2005 წლის 29 აგვისტოს _ ედიშერ გივის ძე ჯიბუტი (რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე); 2005 წლის 29 აგვისტოს _ თამაზ ომარის ძე თედორაძე.
_ რაზედაც ახლა მესაუბრებით, მისი ყველა დოკუმენტი გაქვთ?
_ რა თქმა უნდა. ეს დოკუმენტები გავუგზავნეთ ევროსასამართლოსაც და ასეთი დადგენილებაც ამისი საფუძველია. ყველა ჩამოთვლილი პირის დათხოვნის საფუძვლად მითითებულია „პირადი პატაკი“. განა, რა სიზმარი ნახა 8 კაცმა ერთდროულად, რომ მიეტოვებინათ სამსახური?! ფაქტია, რომ პროკურატურა ადეიშვილის მიერ შედგენილი სქემით მოქმედებდა როგორც ქონების „გაჩუქების“, ისე ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფების „ურჩი“ თანამშრომლების „პირადი პატაკებით“ დათხოვნის მისაღწევად. ჩამოთვლილ პირთა იძულებით დაყოლიება დაადასტურა ტარიელ ვასაძემ, რომელსაც, თურმე, დაჭერითაც კი ემუქრებოდნენ, თუ ჩვენ მიმართ ცრუ ჩვენებას არ დაეთანხმებოდა, რასაც ვერ მიაღწიეს და ამის შემდეგ პატაკიც დააწერინეს და დაითხოვეს ორგანოებიდან.
საგულისხმოა, რომ საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს მონაცემებით მე 2005 წლის 22 აგვისტოს თურმე დამაპატიმრა ქუთაისის შს რაიგანყოფილებამ და არა გურიის შს სამხარეო სამმართველოს სპეცრაზმელებმა. საინტერესოა და გამოძიებით დასადგენია, თუ ვის მიერ ვიყავი დაპატიმრებული და როგორ დამაპატიმრეს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II და III ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის თითქოსდა ჩადენისათვის, მაშინ როდესაც მე დამაკავა 22 აგვისტოს 20 საათსა და 30 წუთზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა გამომძიებელმა ილია ჯალაღანიამ ქ. ოზურგეთში, ხოლო ჩემი სახლი სოფელ ვაკისჯვარში გაჩხრიკა ასევე დასავლეთ საქართველოს უფროსმა გამომძიებლმა გიორგი გვარაკიძემ 21 საათსა და 10 წუთიდან 23 საათსა და 45 წუთამდე პერიოდში, რა დროსაც ბინიდან ამოიღეს სხვადასხვა სახის იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც ჩვენ შენახვის უფლებით კანონიერად გვქონდა შეძენილი.
_ კანონიერი იარაღი ჩაგითვალეს უკანონოდ?
_ მიუხედავად იმისა, რომ ორივეს დაგვდეს ბრალი იარაღის უკანონო შეძენაში, შენახვასა და გადაზიდვაში, ზოგიერთი ცეცხლსასროლი იარაღი _ კერძოდ, სკს-ის სისტემის შაშხანა და შAIGA M-3 შეძენილი მქონდა შენახვისა და ტარების უფლებითაც. ამოღებული საბრძოლო მასალა შესატყვისი იყო კანონიერად შეძენილი იარაღისა, ამდენად ჩხრეკამდე, იარაღის ამოღებამდე და მათი წარმომავლობის გარკვევამდე საინტერესოა 236-ე მუხლი I, II და III ნაწილებით ერთი დღით, ანუ 21 აგვისტოს როგორ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ან იმავე ნიშნებით როგორ დამაკავეს 22 აგვისტოს?
ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ ჩემი და ჩემი შვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებდნენ ის პირები, რომლებიც თავად იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავენი. აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იარაღებს შორის ჩხრეკის ოქმში არ იქნა შეტანილი ჩემი შვილის, ვლადიმერ დოლიძის საკუთრებაში მქონე და შენახვის უფლებით შეძენილი პისტოლეტი „გლოკი“, რომელიც მხოლოდ 2010 თუ 2011 წელს უპოვია თბილისის შს მთავარი სამმართველოს ოპერატიულ თანამშრომელს ზედმეტ სახელად „ჯოი-ზაზას“ ქ. თბილისში, ლარსის ქ. #3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაზედაც ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე #006101051. ცნობისათვის მოგახსენებთ, რომ იარაღი დაგვიბრუნეს ოჯახის წევრებს, როგორც კანონიერად შეძენილი.
სამწუხაროდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ გურულმა ვერც ჩვენი კონსტიტუციური უფლებების ფეხქვეშ გათელვა „შეამჩნია“ და ვერც ის, რომ მე ყველა იარაღი და საბრძოლო მასალა სათანადო ნებართვით მქონდა შეძენილი. სასამართლომ 2006 წლის 04 აგვისტოს განაჩენით ჯერ გაგვამართლა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების გათვალისწინებით ბრალდების ნაწილში, შემდეგ კი დამნაშავედ გვცნო სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რაც პირდაპირ ადასტურებს განაჩენის აბსურდულობას და მიგვანიშნებს იმაზე, რომ სასამართლო ადეიშვილ-მერაბიშვილის ჯიბის მოსამართლეებით იყო დაკომპლექტებული.
ჩემი ოჯახის წევრთა დევნა კანონიერ საფუძველს მოკლებული იყო და მიზნად ისახავდა ჩვენს ჩამოცილებას. ეს დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ მე, რომელიც დაავადებული ვარ დიაბეტით და დაპატიმრებამდე გაკეთებული მქონდა აორტა-კორონარული შუნტირება, ისე დამაკავეს და გადამიყვანეს ჯერ გურიის შს სამხარეო სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში, ხოლო ღამის 04 საათზე კი ქუთაისში, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფიც კი არ დამინდეს. ოზურგეთშიც და ქუთაისშიც გამოძახებული იყო სამედიცინო ბრიგადები, რომლებიც მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ ქუთაისში ჩემს ბადრაგირებას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რაც არ გაითვალისწინეს, მეტიც, ინსულინდამოკიდებულისთვის ქუთაისის არც დროებით დაკავების იზოლატორში და არც #2 ციხეში ინსულინის ინექცია არ გაუკეთებიათ 4 დღე-ღამე! კომაში ჩემი ჩავარდნა აღმოჩნდა აუცილებელი, რომ შემდეგ მიეღო ციხის სამედიცინო ნაწილს ზომები და გაეკეთებინათ ოჯახის წევრების მიერ შემოგზავნილი „ინსულინის“ ინექცია! ფაქტობრივად, მაშინ აშკარა სიკვდილს გადავურჩი.
სხვა გზა არ დამრჩენოდა, მეზრუნა საკუთარ თავსა და ოჯახზე. ამიტომ საჩივრით მივმართე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს, რათა მიეღოთ ზომები და, ამავდროულად, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად გადაყვანილი ვყოფილიყავი მინიმუმ სად-ის სამკურნალო დაწესებულებაში, რაც სტრასბურგის სასამართლოს რეაგირებით განხორციელდა კიდეც. სამწუხაროდ, ევროკონვენციის 39-ე მუხლის მოთხოვნათა მიხედვით, ჩემი შვილი, ვლადიმერ დოლიძე, უეცრად გადაიყვანეს რუსთავში სად-ის #6 მკაცრი რეჟიმის ციხის საკანში, სადაც არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდა _ იგი განათავსეს სამარტოო საკანში, სადაც უყრიდნენ დიდი ოდენობით ქლორს, ამყოფებდნენ არაადეკვატური მკურნალობის ქვეშ, რამაც ისე დააუძლურა და გამოფიტა, ყავარჯნით ძლივს გადაადგილდებოდა. იგი სტრასბურგის განმეორებითი მოთხოვნის შედეგად გადმოიყვანეს კვლავ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩემი შვილის მე-6 ციხეში გადაყვანისა და არაადამიანური მოპყრობის მიზეზი იყო ერთადერთი მოთხოვნა _ გამოგვეტანა ევროპის სასამართლოდან ჩვენი საჩივარი, რაზედაც ვერ დაგვითანხმეს.
2007 წელს ჩემი შვილი შეიწყალა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, ხოლო მე გამათავისუფლეს 2008 წელს ევროპის სასამართლოს მითითებით ჯანმრთელობის გაუარესების გამო. 10 წელი დასჭირდათ ჩვენი უკანონო დაპატიმრებიდან იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც აღდგენილიყო სამართლიანობა ჩვენს საქმეზე. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში მოუწია წინა დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩადენილი, ჩვენდამი არაადამიანური მოპყრობისა და წამების, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის აღიარება, რის შემდეგაც „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენით“ ჩვენ გვაღიარეს ევროკონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების მსხვერპლად.
_ როგორც ვიცი, არსებული ხელისუფლების მიმართაც გაქვთ მოთხოვნა. რას სთხოვთ მას?
_ სამართლიანობის სრული აღდგენის მიზნით მოვითხოვთ, სათანადო პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა იმ სამართალდამცველი სტრუქტურების ჩინოსნებს, პროკურორებს, გამომძიებლებსა და მოსამართლეებს, რომლებსაც ლომის წილი მიუძღვით ჩემი და ჩემი შვილის მიმართ ჩადენილ უკანონო დაკავება-დაპატიმრებაში, ჩვენდამი არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში და ბოლოს უკანონო დაპატიმრებაში, კერძოდ:
გიორგი ლაცაბიძეს, გენპროკურორის ყოფილ მოადგილეს; დასავლეთ საქართველოს ოლქის ყოფილ პროკურორს მიხეილ ჩოგოვაძეს, რომელიც უაპელაციოდ იზიარებდა ლაცაბიძის დავალებებსა და, თავის მხრივ, ხელქვეითებს აძლევდა საშუალებას, გაეყალბებინათ მტკიცებულებები; გიორგი გვარაკიძეს _ დასავლეთ საქართველოს ოლქის იმდროინდელ უფროს გამომძიებელს, რომელმაც ჩაატარა ჩემი ბინის ჩხრეკა, მიითვისა ნივთმტკიცება _ ცეცხლსასროლი იარაღი „გლოკი“, რომლის მჭიდი თავისი 14 ვაზნით დღესაც დასავლეთ საქართველოს პროკურატურაშია, ხოლო იარაღი კი 2011 წელს გაურკვეველ ვითარებაში იპოვეს თბილისში; ილია ჯალაღანიას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ჩვენ საწინააღმდეგოდ სისხლის სამართლის საქმის მასალების ფალსიფიცირებაში. იგი ამჟამად არის დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულის მამხილებელი მასალა; თეიმუირაზ უჯმაჯურიძეს _ ჩოხატაურის შს განყოფილების მუშაკს, რომელმაც გადაამეტა მის უფლებამოსილებას და გამომძიებლის სტატუსის მითვისებით დაიწყო ჩვენ მიმართ გამოძიება, ამასთან გააყალბა გამოძიების დაწყების თარიღი და ასრულებდა უკანონო ბრძანებებს; კარპეზ სირაძეს, რომელიც იმ დროს მუშაობდა ჩოხატაურის შსგ-ების უფროსად, არაჯეროვნად ასრულებდა თავის მოვალეობას და ზეწოლას ახდენდა ხელქვეითებზე, რათა მათგან ჩვენ მიმართ მიეღო ცრუ განთქმები; იაკობ დოლიძეს, ოზურგეთის ყოფილ რაიონულ პროკურორს, რომელმაც ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე _ გადაასწორა თარიღი ფორმა #1-ში და მტკიცებულებების მიღებამდე დაიწყო ჩვენ მიმართ შეთხზული ვერსიით სისხლისსამართლებრივი დევნა; გურიის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროს გ. გიგინეიშვილს, რომელმაც ყოვლად უსაფუძვლოდ დაგეგმა ჩვენი დაკავების სპეცოპერაცია და ზეწოლას ახდენდა ხელქვეითებზე; ქუთაისის საქალაქო სასამარლოს მოსამართლე მერაბ კოზმავას, რომელმაც 2005 წლის 25 აგვისტოს გამოსცა ჩვენი _ ჩემი და ჩემი შვილის _ უკანონო დაპატიმრების ბრძანება; პროკურორ მურთაზ კაპანაძეს, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით გამომძიებელ გვარაკიძესთან ერთად ითხოვდა სასამართლოსგან ჩვენი უკანონო პატიმრობის ბრძანებას; რევაზ სულწაძეს _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეს, რომელმაც 2005 წლის 19 სექტემბრის დადგენილებით ძალაში დაგვიტოვა უკანონო პატიმრობაში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საჩივარი სრულყოფილად ასახავდა ყველა პროცესუალურ დარღვევასა და მტკიცებულებათა ფალსიფიცირების ფაქტებს; ალექსანდრე ჭაბუკიანს _ იმ დროისათვის დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო ნაწილის უფროსს, რომელმაც არა მარტო უკანონო დაპატიმრების ბრძანების ძალაში დატოვება მოითხოვა, არამედ უშუალოდ ხელმძღვანელობდა გამომძიებლებს და წერილობით ეთანხმებოდა ყველა საპროცესო გადაწყვეტილებას ჩვენი ბრალდების შეთხზვასთან და მტკიცებულებათა გაყალბებასთან დაკავშირებით.
„ქრონიკა+“ წერილში გამოთქმული ბრალდებების გადასამოწმებლად მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა და მიიღო პირობა, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება საქმის დეტალების გაცნობა, პროკურატურა საკუთარ პოზიციას გაზეთის უახლოეს ნომერში დააფიქსირებს.
ნელი ვარდიაშვილი