პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ცომაიას საქმეში ახალი გარემოებებია. შეგახსენებთ, რომ „ქრონიკა+“ წერდა 14 აგვისტოს ღამეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომლის შედეგადაც პოლიციის განყოფილებაში საკუთარი მობილური ტელეფონის დასაბრუნებლად მისული 27 წლის გიორგი ცომაია უმძიმესი ბრალდებით საპყრობილეში აღმოჩნდა.
მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად: გიორგი ცომაია შარშან ოქტომბერში ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. დაკავებულს სხვა ნივთმტკიცებებთან ერთად მობილური ტელეფონიც ჩამოართვეს. სასამართლომ ჩამორთმეული ნივთების პატრონისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გამომძიებელთან ცომაიას საბუთებისა და მობილური ტელეფონის მოძიება აღარ მოხერხდა. ვინაიდან დაკავებულს ტელეფონში საჭირო ნომრები ჰქონდა დაფიქსირებული, დედას ტელეფონის მოძიებას სთხოვდა. ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ, 17 აპრილს, გიორგი ცომაიამ საპყრობილე დატოვა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. საბედისწერო ღამით, დაახლოებით 2 საათზე, გიორგი ცომაია მეგობრის დაბადების დღიდან სახლისკენ მიემართებოდა, რომ გზაში გადაწყვიტა, ტელეფონის დაბრუნებაში დახმარების თხოვნით მის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებისთვის მიემართა. ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გიორგი ცომაია და ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში მომუშავე პოლიციელები განსხვავებულად აღწერენ. თავის ჩვენებაში გიორგი განმარტავს, რომ პოლიციის მორიგე კარგად შეხვდა და ტელეფონის დაბრუნებაში დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცის გამოჩენის შემდეგ ვითარება დაიძაბა. უცნობმა ცომაიას უხეშად მიმართა, _ შე ლაწირაკო, არ იცი, როდის უნდა მოხვიდეო? გიორგიმ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და უცნობ მამაკაცს შეეპასუხა, _ რატომ მკადრებთ ასეთ სიტყვებს, რა დავაშავეო?
ამის შემდეგ ის პოლიციის მეორე სართულზე აიყვანეს, ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ცემა და გინება დაუწყეს. ცემის დროს მიყენებული დაზიანებები იმდენად სერიოზული იყო, რომ დაკავებულის მიღებაზე წინასწარი დაკავების იზოლატორმა უარი თქვა. საპირისპიროს ამტკიცებენ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილების პოლიციელები. მათი ჩვენების თანახმად, ცომაია პოლიციაში დანის ქნევით და გინებით შევარდა და პოლიციელებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდა. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ პოლიციის განყოფილებაში არ არის ვიდეოკამერა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ან ერთი ან მეორე მხარის სიმართლის დადგენა.
ჩვენთან ინტერვიუში დაკავებულის დედა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობდა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად წარმოდგენილი დანა გიორგის ხელში არასდროს ჭერია. ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით ცომაიების ოჯახმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა და 26 სექტემბერს ექსპერტიზის პასუხი მიიღო, რომელმაც, შესაძლოა, პოლიციელებზე თავდასხმის საქმე რადიკალურად შეცვალოს.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება გიორგი ცომაიას დედა _ მარინა ლოლაშვილი-ცომაია:
_ ჩემი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც გიორგის სიმართლეს დაამტკიცებდა, ამიტომ ახლობლებში და ნათესავებში მოვიძიეთ 1500 ლარი და დნმ-ის ანალიზი გავაკეთეთ. ჩვენ ვიმყოფებოდით მოცემულობაში, რომელშიც პროკურორი აცხადებდა, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი გიორგი გინებით და დანის ქნევით შევარდა პოლიციის განყოფილებაში და იქ მყოფებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი კი პოლიციელების მხრიდან გიორგის ცემის ფაქტს არ ადასტურებდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებულმა პასუხებმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. 26 სექტემბერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოვიდა დასკვნა, რომელშიც სიტყვა-სიტყვით წერია: „გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, პაკეტში წარწერით „007140814002 დანა“ მოთავსებულ დანაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეული ტიპისაა და ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთზე მეტ პირს. გამოვლენილი ალელების მიხედვით, გიორგი ცომაიას გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად წარმოდგენილი დანა გიორგის ხელში არასოდეს ჭერია.
მეორე ექსპერტიზა კი ადასტურებს, რომ 14 აგვისტოს ჩემი შვილი პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემეს. კერძოდ, დასკვნის თანახმად, გიორგის სახეზე აღენიშნება ოვალური და ხაზოვანი ფორმის მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი, რომელიც იმეორებს ფეხსაცმლის ლანჩის ნეგატიურ კვალს. ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ გიორგი სასტიკად არის ნაცემი და სახეზე აქვს დარტყმული ფეხსაცმლის ლანჩი. სხვათა შორის, არც ერთ დასკვნაში არაფერი წერია ტუჩის არეში არსებულ დაზიანებაზე, რაც პოლიციელების ვერსიას იმის შესახებ, რომ გიორგიმ ტუჩის არეში თვითდაზიანება მიიყენა, სრულიად აბათილებს. გიორგის ყველაფერი აქვს დაზიანებული ტუჩის გარდა. ჩვენი წინა ინტერვიუს დროს გითხარით, რომ იმ უბედურებების მიუხედავად, რაც წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს გადავიტანეთ, არავისი მეშინია და შვილის დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებ. ახლაც იგივეს გავიმეორებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება სიმართლის მხარეზე იქნება.
კითხვით, _ რას შეცვლის გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები გიორგი ცომაიას საქმეში და შეიძლება თუ არა მოწმეთა მხრიდან გაკეთებული ცრუ ჩვენები გიორგი ცომაიასთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდეს? გიორგი ცომაიას ადვოკატს დავუკავშირდით. მარიამ მეფარიძის თქმით, უახლოეს დღეებში სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნით პროკურატურას, ხოლო აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს:
_ გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებს ბომბის გავარდნის ეფექტი ჰქონდა, რადგან სრულიად გამოირიცხა ოთხი მოწმის ჩვენება გიორგის მიერ პოლიციაში დანით შევარდნისა და მორიგეზე თავდასხმის შესახებ. დარჩა ოთხი პოლიციელის ოთხი ცრუ ჩვენება, რომელთა საფუძველზეც მოხდა ბრალის წარდგენა და გიორგი ცომაიას დაპატიმრება. სავარაუდოდ, ორშაბათს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნით პროკურატურას, ხოლო აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მივმართავ. რაც შეეხება პოლიციელების პასუხისმგებლობას, ცხადია, ამ პოლიციელების წინააღმდეგ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, დაკავებულის ცემისა და შეგნებულად პასუხისგებაში მიცემის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. აღარაფერს ვიტყვი თვითდაზიანების მიზნით ვითომ ტუჩის არეში მიყენებულ ჭრილობაზე, რაც გიორგის ვერც ერთმა ექსპერტიზამ ვერ აღმოუჩინა. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ გეტყვით, რომ პოლიციელების წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ბრალდებები იქნება. გიორგის გასამართლებელი ყველა ფაქტი სახეზეა. იმედია, სასამართლო არ გაჯიუტდება და ჩვენს შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.
ნელი თორდია