- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2019-12-01 05:53:46
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. თანმდევი პროცესები. ინტრიგები და შეთქმულებები ქართული ეკლესიის წიაღში. პატრიარქებისა და სხვა იერარქების გარდაცვალებისა და მკვლელობების სერია. ვინ და რატომ ებრძოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას?..
„ქრონიკა+“ იწყებს მეტად საინტერესო მასალის გამოქვეყნებას, რომელიც მკითხველისთვის უფრო გასაგებს გახდის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გასულ საუკუნეში ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ მიმდინარე პროცესებს. აღნიშნული მასალა რამდენიმე წლის წინ წიგნად გამოსცა ლიტერატურის ინსტიტუტმა, მაგრამ, როგორც ცნობილი ხდება, წიგნის მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი მოხვდა დაინტერესებული პირების ხელში. არ ვაპირებთ იმ მოსაზრების განვითარებას, რომ თითქმის მთელი ტირაჟი მისი „ლიკვიდაციის“ _ საზოგადოებისგან თვალის მოსარიდებლად, კონკრეტულმა ინსტიტუციამ შეიძინა, თუმცა ფაქტია, რომ ეს გამოცემა საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელი გახდა. საუბარია ნიკიტა თალაკვაძის მემუარებზე. ფართო საზოგადოებისთვის ასევე უცნობია ამ მართლაც დამსახურებული პიროვნების შესახებ.
რამდენიმე ფაქტი ნიკიტა თალაკვაძის ბიოგრაფიიდან:
დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902 წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს; 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა. 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, ეკლესია დაეტოვებინა. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.
მოკლედ, ასე! ვიწყებთ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიურის“ გამოქვეყნებას.
რვეული I
1921 წელი
კათოლიკოზ ლეონიდის გარდაცვალებისა გამო (სახსოვარი)
1921-სა წელსა ივლისის 11-სა (ახ. სტ.) დღესა, ორშაბათს საღამოს 5 1/2 საათზე, თვისს სასახლეში გარდაიცვალა მეორე კათოლიკოზი საქართველოს ეკლესიისა დღიდან რუსეთის სინოდისაგან განთავისუფლებისა, _ ლეონიდი _ ოქროპირიძე. გარდაიცვალა ხოლერისაგან, რომელიც შემდეგ გადავიდა თირკმელების ანთებაზე, შარდი შეეხუთა და სისხლი მოეწამლა. ამ სახით დღიდან ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებათა აღდგენისა ასე უდროოდ ზედი-ზედ გარდაიცვალა სამი იერარქი, კირიონ II, კათოლიკოზი, ამორჩეული 1-ლ საეკლესიო კრებისაგან 1917 წლის 17 სეკტემბერს, აწ უცნაურად მოკლული მარტყოფის მონასტერში 1918 წლის 27 ივნისს; ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), _ მოწამლული იმავ 1918 წლის 18 სეკტემბერს (ახ. სტ.) სიძისაგან ვიღაცასი შეჩენით ქ. თბილისიდან (1918 წლის 18 აგვისტოს (ძვ. სტ.). როდესაც ბიძა ჩემი, იღუმენი სოფრონი (გელათში) დავასაფლავე და ქუთაისში შევიარე ანტონთან, სადილზე მისი სიძის (იყო ფანლიანდიელი _ გვარი აღარ მახსოვს) თანადასწრებით განმიცხადა: სადილის დროს, _ ვიყავით მხოლოდ ჩვენ სამი: „მამაო ნიკიტა, _ ჩემი მოწამვლა უნდათო“! ამაზე მე ვუპასუხე: „ნუ ხართ ბერები ასეთი საოცარი ხალხი, _ აბა, ვის რად უნდა შენი მოწამვლა თქო“! _ ამაზე მომიგო: „“ე არ გეხუმრები, _ მართლა სურთ ვიღაცებს ჩემი თავიდან მოშორებაო, აბა კითხეთ ამ ჩემს სიძეს, მართალს ვამბობთ თუ არაო“! ამ დროს მისი სიძე იყო თავჩაღუნული და მათლაბიდან სუფს მიირთმევდა. მიუბრუნდა ანტონი და ჰკითხა: „“ოლია, სთქვი მამა ნიკიტასთან, ხო იცი ამასთან მე დაფარული არა მაქვს, რამდენი გაძლიეს ჩემი მოწამვლისათვის“? აიღო თავი სიძემ და მოურიდებლად განმიცხადა: „“ემომაძლიეს ტფილისში, ერთ ოჯახში, ათი ათასი მანეთიო“ (10.000 მანეთი). (მაშინ ეს კარგ ფულად ითვლებოდა). მე გაუწყერი „სიძეს“, _ „ნ როგორ გაგიბედეს შენ ასეთი წინადადების მოცემა და თუ გაგიბედეს, ამას რად ეუბნებოდი, ეს კაცი უკვე მოგიწამლავს კიდეც ასეთი საშინელი და უცნაური ამბითა თქო“! ვეღარ ჩავეკითხე, თუ ვის ოჯახში ან ვინ მისცა ასეთი საშინელი წინადადება სიძეს, _ სიმამრის მოსაწამლავად! მეტად უხერხული მდგომარეობა შეიქმნა; როგორც იყო სადილი დავასრულე და ტფილისში დავბრუნდი; არ გასულა დიდი დრო ამის შემდეგ და ტფილისიდან იმერეთში წამიყვანა მრევლმა ვარაზაშვილმა სოფ. ცხრუკეთში ცოლის დასაფლავებაზე (დეკ. ი. წერეთლის ასულ ვერასი); აქ რვა ენკენისთვეს (ძვ. სტ.) ღვთისმშობლობა დღეს მოვიდა ამბავი, რომ ქუთათელი ანტონი გარდაიცვალაო! მეორე დღეს მე ცხრუკეთიდან ქუთაისში გავემგზავრე; რიონის სადგურზე გავიგე, რომ ტფილისიდან წამოსულან ქუთათელის დასასაფლავებლად ტფილელი მიტროპოლიტი _ მოსაყდრე კათოლიკოზისა ლეონიდი, თან ახლდნენ დეკანოზები კ. ცინცაძე, ან. თოთიბაძე, ათანასე ბერი და ხაზინადარი მეხუზლა; ამათთანავე მგზავრობდა არქიმანდრიტი ნაზარი, მოსისხლე მტერი ქუთათელისა (ლეჟავა, ჯიხაიშელი, აგენტ-ჯაშუში ინოკენტისა და პლატონ (უკანასკნელი) ექსარხოსებისა. ასეთ პირებისაგან მსურდა განწმენდილიყო ჩვენი სამღვდელოება და მოვითხოვე, რათა ესა და დეკ. მ. ტყემალაძე არ შესულიყვნენ ჩვენი ეკლესიის დროებით მმართველობაში, რომ ეკლესიის განახლების პრესტიჟი არ დაცემულიყო, მაგრამ ლეონიდმა და მისმა მესაიდუმლე დ. დავითაშვილმა თავიანთი პოზიციის გასამაგრებლად სწორეთ ასეთი ელემენტებით გარს შემოიზღუდენ, შეადგინეს ექსარხოსების ყოფილ დამქაშებისაგან ძლიერ წრე, და გამომიცხადეს სასტიკი ბრძოლა მე და ქუთათელს, რომელიც კრებისაგან არჩეულ კათოლიკოზ კირიონს ვიცავდით შემოსეულ მოსისხლე მოწინააღმდეგეთაგან. ამ ბრძოლაში დაიღუპა კირიონი, დამარცხდა ჩვენი ეკლესიის განახლების და აღორძინების საქმე, დავმარცხდი მეც; ჯერ დავითაშვილმა გამომიწვია სამედიატარო სამართალში, რომელიც ჯერაც არ შემდგარა, შემდეგ ნაზარმა გამომიწვია სამედიატარო სამართალში, რომელიც შესდგა; მაგრამ თავმჯდომარე სასამართლოსი ივ. ზურაბიშვილი, სიძე ნიკო ნიკოლაძესი (ესეც ჯიხაიშელია და მფარველობდა ნაზარ ლეჟავას _ იცავდა მისს მეზობელ და ნათესავს, ეს შემდეგ გამოირკვა ჩემ მედიატორეთათვის (კოლა ერისთავი და ქართველიშვილი); ამ სასამართლომ, რომელიც დასრულდა ანტონის დასაფლავების შემდეგ (შესდგა კი კირიონი რომ განგმირული ესვენა კუბოში ანჩისხატის ტაძარში), ორთავეს საყვედური გამოგვიცხადა ასეთ „საქციელისათვის“, _ რომ ჩვენ სხვებს უნდა მაგალითს ვაძლევდეთ და სხვა. დაიწერა ვრცელი განჩინება, ნოტაციებით აღსავსე, არსებითად კი ბრალდებებს არ შეხებიან, არც დაუბეჭდავთ გაზეთში („საქართველო“) ეს განჩინება. თურმე უკაფავდენ ნაზარს ქუთაისის კათედრისაკენ და რაღას გამოამჟღავნებდენ, მას მედიატარეებათ ჰყავდათ გურამიშვილი _ ქვისლი იმავ ნიკო ნიკოლაძისა და ივ. აფხაზი. ლეონიდი და ანტონ ქუთათელი მეტად გამწვავებულ ურთიერთობაში იყვნენ, ლეონიდი ფსევდონიმების ქვეშ გამოდიოდა კირიონისა და ანტონის წინააღმდეგ ჟურნალ (კვირეულ) „ახალ სიტყვაში“, იყო მაგარი ფსევდონიმით „ჭინჭარ“, „ბაბასთან“ და სხვ. ამ ჟურნალის რედაქტორათ ითვლებოდა დეკ. ქრ. ციცქიშვილი, კაცი თავმოყვარე, ფაქტიური ხელმძღვანელი და სულის ჩამდგმელი ამ „არგანოს“, იყო პეტრე-პავლეს სასაფლაოს მღვდელი (შემდეგ ციცქიშვილთან ერთად გადეკანოზებული ლეონიდისაგან) ილია შუბლაძე, კაცი მოსისხლე და მზაკვარი, თან ნიჭიერი და მარჯვე _ თაღლითური მწერალი. ეს მღვდელი წინეთ იყო რუსების ალექსანდრე ნეველის (კიროჩნი ქუჩა) ეკლესიაში მთავარ-დიაკონის ადგილზე, აქედან გამოძიებით, რომელსაც აწარმოებდა წევრი ს. კანტარისა ეპ. ანტონი (შემდეგ ქუთათელი) გადაყვანილ იქმნა პეტრე-პავლეზე, რის გამო ძლიერ ემტერებოდა ანტონს; ეს მღვდელი მეტად ანტიპატიურად მოიხსენია კათოლიკოზმა კირიონმაც საკათ. საბჭოში, ეს მიუტანეს შუბლაძეს ამბათ და გადაჰკიდეს მტრად კირიონს; არც ერთი ნომერი არ გამოუშვიათ „ახ. სიტყვისა“, სადაც არ ყოფილიყოს შეურაცხყოფილ-დამცირებული (რასაკვირველია უმართლოდ) კირიონი, ანტონი და მე. ბოლოს დაიბეჭდა ასეთი სათაურის სტატია: „კათოლიკოზი კირიონის წირვა და სიონის წაპილწვა“, „ჯაჭვაძის“ ხელმოწერით (ეს შუბლაძის ფსევდონიმია, _ აწერდა „ახუთელს“, „ახალს“, _ „ნაჭყებია“, „ჯაჭვაძეს“ და სხვა. ანტონ ქუთათელი ჩაითრია პოლემიკაში „ჭინჭარმა“ (ლეონიდმა) და სამედიატარო სამართალი დაინიშნა რედაქტორ _ ციცქიშვილსა და ანტონს შორის, ვინაიდან არ გასცეს „ჭინჭარი“; მაგრამ ეს სამართალი აღარ დასცალდა უბედურ ანტონს _ ის უცნაურად დაიღუპა, როგორც კირიონი; მისი ნაწლავები სპირტით ჩამოიტანეს ქალაქში და ანალიზით აღმოჩნდა შიგ საწამლავები, ჰქონდა ეს ხელთ ექიმს ლომოურს; მაგრამ არც კირიონისა და არც ანტონის დაღუპვას მენშევიკურმა მთავრობამ არავითარი ყურადღება არ მიაქცია; ამათ საზოგადოების აშფოთება არ უნდოდათ, რომ თავიანთი გაბატონების და ეკლესიის დაცემის პროცესი უფრო მარჯვეთ ეწარმოებიათ…
2
არქიმანდრიტმა ნაზარმა რომ რიონის სადგურზე დამინახა, დაიმალა; მე არ მელოდნენ ესენი, თუ ასე მოულოდნელად თავს წავადგებოდი; ნაზარი სიონისკენ გაიპარა, სოფ. ჯიხაიშში; ჩვენ კი ავედით და დავასაფლავეთ უბედური ანტონი. ქუთაისში დიდი მითქმა-მოთქმა იყო მოწამვლაზე, ალბათ ის, რაც მე მითხრა ანტონმა, სხვასაც უთხრა; გასჭრეს მიცვალებულის გვამი, „სისხლი ავარდნია თავშიო“, _ დაასკვნეს. ერთმა ექიმმა ლოსაბერიძემ ასეთი სისულელეც კი მითხრა: „სისხლჭარბი კაცი იყო, ქალი (დედაკაცი) ვერ იშოვნა და იმით მოუვიდაო“… ამაზე საკადრისი პასუხი მივეცი ასეთ „მეცნიერს“… დიდის ზეიმით დასაფლავდა ანტონი. სიტყვები წარმოსთქვეს ტაძარში ანტონის სკოლის ამხანაგებმა _ მისმა „მეგობრებმა“ (ნამდვილად კი იუდებმა) დეკანოზებმა ცინცაძემ და თოთიბაძემ _ უსულგულო მშრალი; ასეთივე უსულგულო და მშრალი სიტყვა წარმოსთქვა ჭყონდიდელმა, სკოლის ამხანაგმა ანტონისამ; ამბროსიც გადაუდგა ანტონს; ამბროსის ლეონიდის კათოლიკოზობის დროს ტფილელობა სურდა, ამისი წინააღმდეგი ვიყავით ანტონიცა და მეც. ამიტომ გადაგვიდგა ამბროსიც. ამ სახით დავრჩით სრულიად განმარტოებულნი, _ ტფილელობამ რა როლი ითამაშა, ჩვენ უკვე ვიგემეთ და აღარ გვსურდა გაგრძელებულიყო დამღუპველი შფოთი… წირვაზე მეც წარმოვსთქვი ვრცელი სიტყვა, დიდად ვამხილე ინტრიგანები. ეს სიტყვა იოსებ იმედაშვილს შერჩა ხელში, ვერ მოვახერხე „თეატრ და ცხოვრებაში“ მისი დაბეჭვდა, სადაც კირიონზე წარმოთქმული ჩემი სიტყვა დამიბეჭდა და ლეონიდი თავისი დამქაშებით შემოსწყრენ…
ანტონის დასაფლავების შემდეგ ჩქარის ტემპით, ყოველივე კანონიერი გზის გარეშე, საეპარქიო საბჭომ აირჩია ქუთათელად ზემოხსენებული ნაზარი, ამაზე პროტესტი განვაცხადე საკათ. საბჭოში, მაგრამ უშედეგოდ; მალე ასეთივე უკანონო გზით კათოლიკოზად გამოაცხადა საკათ. საბჭომ მიტროპ. ლეონიდი. ნაზარსა და ლეონიდს შორის გაიმართა მტრობა, შუღლი, ნაზარი აღარ ემორჩილებოდა ლეონიდს, საშინელი თვითნებობა დაიჩემა მართვა-გამგეობაში და საკათ. საბჭო უნდებოდა იმერეთიდან მოსული საჩივრების გარჩევას. აერივ-დაერია საქმეები ფოთში ჭყონდიდელ ამბროსისაც, იქ აღარ ედგომებოდა და აფხაზეთში გადავიდა დიდი ზარით და ზეიმით; პოლიტიკურ მოსაზრებით მთავრობამ ხელი შეუწყო აფხაზეთის ეპარქიის ქართულად მოწყობას; ლეონიდიც წაბრძანდა სოხუმში და დიდის ამბით დასვეს იქ ამბროსი; ხოლო ფოთში 1920 წლის ივლისის მეორე საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტად დაადგინა ეპ. გიორგი (ალადაშვილი, რომელიც 1917 წელს გამოაძევეს ქუთაისიდან უმართლოდ).
ეკლესიური ცხოვრება არ დაეწყო, არავითარი დალაგებული მუშაობა არ სწარმოებდა; ტფილისში გაბატონდა ექსარხოსის კანცელარიის ყოფილი მოხელე, ცნობილი მექრთამე და გარყვნილი (ბოზი) კაცი დ. დავითაშვილი. ამან იმსხვერპლა ჩვენი ეკლესიის განახლების და განმტკიცების საქმე. ლეონიდი ჰყავდა ჩაჭერილი ხელში, ბევრი მისი სუსტი მხარეები იცოდა, ბევრი საიდუმლოებანიც და ხმას ვერა სცემდა. შევებრძოლე დ. დავითაშვილს, მაგრამ დავმარცხდი და 1920 წ. 2 იანვრიდან გამაძევეს საკათ. საბჭოდან იმ დოკუმენტის გამო, რომელიც იპოვეს ქუთათელის კაბინეტში და გადმოუგზავნეს ლეონიდს ნაზარმა და მისმა მდივანმა თუთბერიძემ. ეს დოკუმენტი იყო გეგმა მე და ანტონის მიერ გამომუშავებული ეკლესიაში გადატრიალების მოსახდენად კირიონის დაღუპვის შემდეგ. გეგმა გეგმადვე დარჩა ანტონის დაღუპვის შემდეგ, მე კი თავზე წამომაკეცეს; თურმე მთელი წელიწადი ხელთ ჰქონდათ ეს დოკუმენტი და მე კი არ ვიცოდი. საკათ. საბჭოში კი სისხლს მიშრობდენ ლეონიდი, დეკ. ცინცაძე და მათი დამქაშები, დავითაშვილი ქუჩაში გადამიდგა წინ, დედა მაგინა და საცემრად იწია; ეს განვასახიერე საკათ. საბჭოში, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს. ყველამ დავითაშვილს და ლეონიდს დაუჭირეს მხარი; განსაკუთრებით მებრძოდა დეკ. კ. კეკელიძე, რომელმაც დაღუპა ტფილისის სემინარია და შემდეგ ნივთიერადაც გასძარცვა _ გაჰქურდა (ეხლა გაიხადა ანაფორა და „პროფესორობს“!).
3
გაშმაგებული მებრძოდნენ. ლეონიდმა შემოიტანა საკათ. საბჭოში წერილობითი მოხსენება, სადაც ის მასახელებდა, როგორც „ანტისოციალურ, უნიჭო და უუნარო“ პიროვნებას და მოითხოვდა ჩემ შესახებ ზომების მიღებას; ეს ორომტრიალი დასრულდა 1920 წლის 2 იანვარს კრებით, რის განჩინების შესახებ ვრცელი დასაბუთებული მოხსენებით შევედი საკათ. საბჭოში, განვმარტე ზემოაღნიშნული „დოკუმენტი“, წარუყენე მთელი ნუსხა ბრალდებებისა, ვითხოვდი საეკლესიო კრებისადმი სამსჯავროდ გადაცემას; მაგრამ 1920 წლის საეკლესიო კრება აღმოჩნდა თაღლითურად მოწვეული, რეაქციონურ შემადგენლობისა, _ ამ კრებამ დაუდასტურა ლეონიდს ყოველივე მისი მოქმედება და უკანონობანი, აღუდგინა ეპისკოპატს მონარქიული უფლებანი, გააუქმა ეპარქიალური საბჭოები და სხვა. მიუხედავად ამისა, კრებამ საუმჯობესოდ სცნო, ჩემს საქმეს და კირიონ-ანტონის დაღუპვის საქმეს არ შეხებოდა; კომისიამ იასონ აფაქიძის მეთაურობით განიხილა ჩემი „დოკუმენტი“ და შინ ვერა ჰპოვა რა ანტისოციალური და რაიმე დანაშაული. ასე მითხრა აფაქიძემ: „ერთი შენისთანა ერთგული კაცი რომ ლეონიდს ჰყავდეს, მაგის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდაო, სულ თაღლითი და თვალთმაქცი ხალხი ახვევია გარს, მაგრამ ამ წრის დარღვევას შენ ვერ შესძლებ, დაიღუპებიო“. ამ საეკლესიო კრების გახსნის წინა ღამით ვერაგულად მოჰკლეს ლეონიდის დიდი მოწინააღმდეგე მღ. ტიმოთე ბაკურაძე, რომელსაც კრებისათვის დიდ-ძალი პროკლამაცია დაებეჭდა და ავრცელებდა. მოჰკლეს ეს მღვდელი იმათ, ვის წინააღმდეგაც ილაშქრებდა, ცოლს გადააბრალეს, მაგრამ ეს ბრალდება არ გამართლდა. ამ მკვლელობამაც ასე ჩაიარა… წინეთ 1919-ში მოჰკლეს მცხეთაში არმაზის ბერი მირიანი, მოწინააღმდეგე ლეონიდისა და კირიონის ერთგული… ეს მკვლელობაც ჩაფუჩეჩდა… ასე სისხლით მოირწყო ჩვენი ეკლესია, პოლიტიკურ-სოციალურ დუღილში ეკლესიას არ აღმოუჩნდა პატრონი, _ ის უფრო და უფრო დაეცა, გაიხრწნა, სოფლის სამღვდელოება კულაკ-სპეკულიანტებად გადაიქცა, ქალაქის სამღვდელოებაში დაეცა ყოველივე დისციპლინა _ აღარც წირვა-ლოცვა, არც გალობა-მოძღვრება, მხოლოდ ერთი ნაწილი ჩვენი ბრმა საზოგადოებისა განაგრძობდა მიცვალებულების მოსვენებას ქაშვეთში, სადაც ზოგჯერ კათოლიკოზსაც მოიწვევდნენ ხოლმე და ფულს „აჩუქებდენ“ _ ძღებოდენ ქაშვეთის მღვდლები და მათი ერთგულნი!.. ქალაქის სასაფლაოს ეკლესიები და დიდუბე, ვერა, მამა-დავითი იძარცვებოდენ მათი წინამძღვრებისაგან; ზოგჯერ ლეონიდსაც დაჰპატიჟებდენ დავითაშვილითურთ, გააძღობდენ და ეტლით გამოისტუმრებდენ შინ. აი, რაში გამოიხატებოდა მთელი ეკლესიური ცხოვრება ამ ხნის განმავლობაში. საკათ. საბჭოს ვერც ახალმა შემადგენლობამ უშველა საქმეს… გაიხრწნა, გაიქურდა ყველაფერი. ნაზარმა გელათის ბერებს მისცა ნება შემონახული ოქრო-ვერცხლის ნივთებისა და ფულების ურიებზე გაყიდვისა, ეს საბაბად გამოიყენა ჟორდანიას მთავრობამ და მთელი განძეულობა ჩამოართვეს გელათს და სხვა მონასტერ-ეკლესიებსაც დასავლეთ საქართველოში. ამაზე ლეონიდმა ცხარე და უტაქტო წერილი მისწერა ჟორდანიას, მერე პირადად მივიდა საკათ. საბჭოს წევრებით, ამათ კი არ სცოდნიათ თუ წერილია მიწერილი; წერილი დავითაშვილის თანამშრომლობით ყოფილიყო დაწერილი; ლეონიდმა დაუწყო ჟორდანიას ყვირილი, წყევა, შეჩვენება, ჟორდანია ადგა, მეორე ოთახში გავიდა და კათოლიკოზი იძულებული გახდა შეურაცხყოფილი დაბრუნებულიყო სახლში; ამას მოჰყვა ლეონიდსა და საკათ. საბჭოს წევრთა შორის განხეთქილება და სულ ჩამოშორდენ მას… მე 1920 წლის 15 იანვრიდან ქალთა მესამე გიმნაზიაში ვიშოვნე საქართველოს ისტორიის და ქართულის ენის მასწავლებლობა; სულ ჩამოვშორდი ეკლესიურ მართვა-გამგეობას, ვიყავი მხოლოდ მრევლის მღვდლადაც, ვსწირავდი და ვმოძღვრავდი ტაძარში…
ასე მიმდინარეობდა საქმეები, როდესაც ბოლშევიკები შემოესივენ ქალაქს 1921 წლის თებერვალში (25).
გაგრძელება იქნება
მასალა მოამზადა გოჩა მირცხულავამ