1977 წლის 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, დავით V-ის (დევდარიანი) გარდაცვალების შემდეგ წმინდა სინოდმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილიას (შიოლაშვილი) არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.
საქართველოს ისტორიაში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და მის შემდგომ განვითარებული არაერთგვაროვანი პროცესები სრულად აქვს აღწერილი სერგო ვარდოსანიძეს თავის წიგნში „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია XIX-XX საუკუნეებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II“.
1977 წლის 23 დეკემბერს გამართულმა საეკლესიო კრებამ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურად აირჩია ილია II, 26 დეკემბერს კი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა მისი ინტრონიზაცია.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობლის წინააღმდეგ დაუფარავად და განსაკუთრებული აქტივობით იბრძოდა წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზ (იგივე ბიძინა) კერატიშვილი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად.
ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მეთორმეტე ნომერში ციტირებული ერთ-ერთი პუბლიკაციიდან, რომელიც არალეგალურ გამოცემა „საქართველოს მოამბეში“ იყო გამოქვეყნებული, ასეთი დაპირისპირების მიზეზად კერატიშვილის კარიერისტული მისწრაფებაა დასახელებული: „დღეს საქართველოს ეკლესიას მართავს არა იმდენად პატრიარქი დავით V, რომელიც ძალზე მოხუცი და ავადმყოფია, არამედ მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), ნამდვილი სისხლის სამართლის დამნაშავე, სამღვდელო სამოსით შენიღბული, „წითელი სამღვდელოების“ ყველაზე უფრო ტიპური წარმომადგენელი საქართველოში“.
იგივე დადასტურდება სასამართლო პროცესზეც: „ბიძინა (მისი ერისკაცობის სახელი) კერატიშვილი რომ ეფრემ II-ის ავადმყოფობის პერიოდში განაგებდა მთელ საპატრიარქოს საქმეებს, ეს დადასტურებულია მოწმეების პ.ა. ობოლაძის, ვ.ა. ვათიაშვილის, ა.ხ. გულიაშვილის, კ. სიდამონიძის, ვ.კ. ვათიაშვილისა და სხვების ჩვენებებით“.
ილია II-ის არჩევით კერატიშვილი კარგავდა გავლენას. იმიტომაც იბრძოდა.
მაგრამ ეს, თურმე, საკითხის ერთი მხარე ყოფილა. დანარჩენზე „ქრონიკა+“-ს ვახტანგ გვარამია ესაუბრა.
შეგახსენებთ: ვახტანგ გვარამია გასული საუკუნის 60-იან წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს გამომძიებლად, 1972-დან 1983 წლამდე იყო თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი, 1987 წელს ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილედ დააწინაურეს, საიდანაც 1990 წელს გადაიყვანეს რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ, 1994-1999 წლებში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეა, მომდევნო ოთხ წელიწადს _ პარლამენტის წევრი, 2003 წლიდან 2014 წლამდე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახლდათ.
რას იხსენებს ვახტანგ გვარამია?
_ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ, მისი რეზიდენცია, რომელიც სიონის ეკლესიის გვერდით იყო, დაიწვა.
კათოლიკოს-პატრიარქი, მიუხედავად იმისა, რომელი წყობილება იყო, ჩვენს სულიერ მამად მიგვაჩნდა. როგორც კი ეს ფაქტი შეგვატყობინეს, შემთხვევის ადგილზე გავედი (ასე იშვიათად ხდებოდა) და გავიყვანე გამომძიებელთა ჯგუფი. ამ დროს თბილისის შს სამმართველოს საგამომძიებლო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ვმუშაობდი. ჩემთან ერთად იყვნენ სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლები და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის („ობეხეესს“ რომ უწოდებდა ხალხი) განყოფილების უფროსი (ღმერთმა აცხონოს!), არაჩვეულებრივი პიროვნება და ბრწყინვალე ოპერატიული მუშაკი, ნოდარ წკრიალაშვილი.
დავათვალიერეთ შემთხვევის ადგილი, ჩატარდა ექსპერტიზა და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ხანძარი იყო არა უბედური შემთხვევა, არამედ _ ტიპური წინასწარგანზრახული და ორგანიზებული დანაშაული.
დაიწყო გამოძიება. ბუნებრივად დაისვა კითხვები, _ ვის შეიძლებოდა ჩაედინა ეს ბოროტმოქმედება? ვის აძლევდა ხელს? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული? იმთავითვე ცხადი იყო, რომ უცხო ადამიანი საპატრიარქოს პრობლემებში არ იქნებოდა გარეული.
შედგა სავარაუდო სია, დადგინდა იმ ადამიანების გარკვეული წრე, რომლებზეც ეჭვი შეგვეძლო მიგვეტანა. ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ პატრიარქის აღსაყდრების პერიოდში მას ობსტრუქცია მოუწყო საეკლესიო მსახურთა გარკვეულმა ჯგუფმა. მათ შორის იყო წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზ (ბიძინა) კერატიშვილი. სხვებიც მოყვნენ ჩვენი მხედველობის არეში და დაიწყო ამ პირების შესწავლა. ჩვენი თხოვნით, გამოძიებაში ჩაერთო ოპერატიული სამსახური და დაინტერესდა, უპირველეს ყოვლისა, წმინდა სინოდის წევრებით, რომლებიც აღსაყდრების კენჭისყრაში მონაწილეობდნენ და ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ილია შიოლაშვილისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი რომ გამხდარიყო.
მათგან წამყვანი ფიგურა კერატიშვილი ბრძანდებოდა. ოპერატიულ განყოფილებებში მასზე მასალები უკვე არსებობდა, რადგან იგი შემჩნეული იყო საეკლესიო ნივთებით, ძველი ხატებით, ასევე ძველი საეკლესიო წიგნებით ვაჭრობაში. ეს კაცი, რომელიც თავიდან იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, რომ იძულებული იყო, ეკლესიაში ღამე ეთია, მოკლე დროში თბილისში ხილიანის ქუჩაზე იყიდის სახლს, რომელშიც, თუ მეხსიერება არ მღალატობს, 65 ათას მანეთზე მეტს გადაიხდის.
დავადგინეთ, რომ კერატიშვილს თვითონ სურდა კათოლიკოსობა, მაგრამ იცოდა, რომ მას არ აირჩევდნენ და ამიტომ პატრიარქის კანდიდატურად წამოაყენა ერთ-ერთი სამოქალაქო პირი. საეკლესიო კანონებით გათვალისწინებული გარკვეული პროცედურებისა და რიტუალის დაცვის შემდეგ იგი შეიძლებოდა კათოლიკოსად აერჩიათ. ეს კაცი განათლებული და საეკლესიო ცხოვრებაში კარგად იყო გარკვეული, მაგრამ სუსტი ადამიანი გახლდათ. კერატიშვილის ჩანაფიქრით, მას მალევე მოიცილებდა და თვითონ დაჯდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე.
ეკლესიის ქონება საკუთრების რომელ ფორმას ეკუთვნოდა, იმ დროს, ერთგვარად, სადავო იყო, მაგრამ ის გარემოება, რომ გატაცებისა და გაყიდვის საგანი, უმეტეს შემთხვევაში, ქართული ეკლესიისთვის ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას წარმოადგენდა, გვაძლევდა უფლებას, ეს ნივთები საერთო-სახალხო (ეროვნულ) და, ამდენად, საზოგადოებრივ საკუთრებად მიგვეჩნია. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საკუთრების გატაცება კი მაშინ უმკაცრესად ისჯებოდა. ამ სახის დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლ ოპერატიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა ჩემი მეგობარი ნოდარ წკრიალაშვილი.
ერთ დღეს ჩემს კაბინეტში შემოდიან ნოდარ წკრიალაშვილი, ოპერმუშაკი სტეპანოვი და რაღაც შეხვეულს დებენ მაგიდაზე. გაშალეს. აღმოჩნდა ოქროს ჯვარი, რომელიც, დაახლოებით, 35 სანტიმეტრის სიგრძისა და შესაბამისი სიგანის იქნებოდა. მეუბნებიან, რომ კერატიშვილი ყიდის ამ ჯვარს, _ უნდა, რაც შეიძლება მალე მოახდინოს მისი რეალიზაცია და მყიდველის მოსაძებნად ჩვენს კაცს მისცაო. აგენტმა ჩვენ მოგვიტანა. მეკითხებიან, შეიძლება თუ არა ამაზე რეალიზატორის დაჭერაო?
ვუპასუხე, რომ ეს ჯვარი იყო ნივთი. მისი გაყიდვა იგივეა, რაც ჩვეულებრივი ოქროს საათის, ან ოქროს ბეჭდის გაყიდვა, ამის გამო კი ვერავის დააპატიმრებ.
სისხლის სამართლის იმ დროს მოქმედი კოდექსის 89-ე მუხლი ითვალისწინებდა უმძიმეს სასჯელს სავალუტო ოპერაციების დარღვევისთვის. უცნაური და, ამასთან, საინტერესო იყო ამ მუხლის განმარტება. კერძოდ, თუ პირი გაყიდდა ძვირფასთვლიან ბეჭედს, ეს დანაშაულად არ ითვლებოდა, მაგრამ თუ ამოიღებდა ძვირფას თვალს ამ ბეჭდიდან და ცალკე გაყიდდა, იგი ჩაითვლებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 89-ე მუხლით დასასჯელ სუბიექტად. ეს მუხლი კი ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში _ სიკვდილით დასჯასაც კი.
ავუხსენი ეს ყველაფერი მოსულებს. აქვე ვიტყვი, რომ ასეთი რჩევების მისაღებად ჩემთან ხშირად მობრძანებულან კოლეგები და მეც არ დამზარებია ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მათი დაკვალიანება.
მეორე დღეს ისინი ისევ მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ კერატიშვილს შინ აქვს ტიხვინის ღვთისმშობლის უნიკალური ხატი, რომელიც მან უკანონოდ (არ მინდა ვთქვა, მოიპარა) მიისაკუთრა კათოლიკოს-პატრიარქ დევდარიანისგან, _ დევდარიანი უპატიოსნესი ადამიანი იყო, კერატიშვილმა ისარგებლა მისი მიმნდობლობით, მასთან სიახლოვით და მოპარაო. ხატი მოოჭვილი იყო ზურმუხტის ქვებით. კერატიშვილს უთქვამს, რომ ფული ძალიან მჭირდება, რადგან ხილიანზე ბინა ვიყიდე და ვალი გასასტუმრებელი მაქვსო.
_ ზურმუხტი ძვირფას ქვად წავაო? _ მკითხეს კოლეგებმა. ვუპასუხე, რომ, რა თქმა უნდა, წავა.
ოპერმუშაკმა მითხრა, რომ კერატიშვილს, ჩვენი აგენტის თანდასწრებით, ხატიდან დანით სამი თვალი ამოუჩიჩქნია და გასაყიდად რკინის პატარა კოლოფში ჩაუდევს. აგენტს დაუპირებია გამორთმევა, მაგრამ კერატიშვილს უთქვამს, _ ვერ გენდობი, მე თვითონ წავიღებ გასაყიდადო.
პლეხანოვის პროსპექტზე, ყოფილ კინოთეატრ `ოქტომბერთან~ იყო ოქროს ჯართის შემსყიდველი პუნქტი. ეს კანონით დაშვებული გახლდათ. თუ, მაგალითად, ოქროს საათს მიიტანდი, ან ბეჭედს, იყიდიდნენ. თუ გადაადნობდი, როგორც გითხარით, პასუხისმგებლობას ვერ ასცდებოდი.
დავგეგმეთ, რომ კერატიშვილი ჩვენს აგენტს იმ შემსყიდველ პუნქტში უნდა მიეყვანა. ასეთ პუნქტებში მომუშავე პირები ყველა ჩვენთან იყო დაკავშირებული, ან უშიშროებასთან, ან _ ორივესთან ერთად.
დღევანდელ კანონმდებლობაში შემოღებულია პროცესუალური გარიგების ცნება. დანაშაულს თუ აღიარებ და ითანამშრომლებ გამოძიებასთან, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდები. იმ პერიოდში ასე არ იყო. მე თუ დანაშაულის მონაწილე ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებდი და ვითანამშრომლებდი გამოძიებასთან, პასუხისმგებლობა მაინც მეკისრებოდა. დამუშავდა ამ ოპერაციის განხორციელების ზუსტი სცენარი, ვის რა უნდა ეთქვა და როგორ უნდა მოქცეულიყო. გათვალისწინებული იყო ამ ოპერაციის მონაწილე აგენტების პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებაც.
მოკლედ, წაიყვანეს კერატიშვილი ძვირფასეულობის შემსყიდველ პუნქტში. ჩვენ ვსხედვართ და ვუცდით.
დაახლოებით ერთ საათში მირეკავს წკრიალაშვილი, რომ `ობიექტი~ დააკავეს. მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი გავიყოლიეთ და სასწრაფოდ მივედით დაკავების ადგილზე. გავეცი განკარგულება, რომ იქ მოეყვანათ საპატრიარქოს წარმომადგენელიც, რადგან დაკავებული იყო საეკლესიო იერარქიის მეორე პირი. ისიც მოიყვანეს.
მივედით.
პლეხანოვზე გაზრდილი ვარ, მაგრამ ერთად შეკრებილი ამდენი ადამიანი არასოდეს მინახავს. ოპერაცია დაემთხვა კინოსეანსის დამთავრებას. სამღვდელო პირის დაკავების ამბავი სწრაფად გავრცელდა და იმდენი ცნობისმოყვარე შეიკრიბა, რომ პლეხანოვზე მოძრაობა გადაიკეტა.
შევედით შემსყიდველ პუნქტში _ ერთი პატარა ოთახია. ვხედავთ, დგას მაღალი, წელში გამართული შავოსანი სამღვდელო პირი, შავი წვერით, აბრიალებს თვალებს, დიდი კვერთხი უკავია და ორი პანარეა კიდია მკერდზე.
_ ვინ ბრძანდებით? _ შევეკითხე.
_ შენ ვინ გეკითხება?! _ უხეშად მიპასუხა.
ვუთხარი, ვინც ვიყავი და ავუხსენი, რომ ის, რაც აქ ხდებოდა, სწორედ მე მეკითხებოდა.
ხელმეორედ ვკითხე ვინაობა. ამჯერად მიპასუხა, რომ მიტროპოლიტი გაიოზი ვარო.
_ აქ რატომ მოხვედით?
_ ეს ჩემი საქმეა და თქვენ არავინ გეკითხებათო.
მაშინ მივმართე პუნქტის შემსყიდველ თანამშრომელს:
_ რატომ მოვიდა ეს კაცი თქვენთან-მეთქი?
_ სამი ზურმუხტის თვალი მოგვიტანა შესასყიდად, მაგრამ ამ ბოლო დროს ძვირფასი ქვების შესყიდვა აგვიკრძალეს, ამიტომ უარი ვუთხარი, თუმცა ვასწავლე, ვინ შეისყიდდა ამ ზურმუხტებსო.
_ მარტო მოვიდა-მეთქი?
_ არა, ეს კაცი მოჰყვაო, _ მიმითითა ჩვენს აგენტზე, _ იმან მკითხა, რა ეღირებაო (მღვდელზე მითხრა). მე ვუთხარი, რომ 38-40 ათას მანეთზე მეტად ვერ გაიყიდებოდა.
ვინც მოჰყვა, იმან წამოიძახა, _ არა, ძმაო, ამ საქმეში მე ვერ გავერევი, თავი დამანებეთო და ამ დროს შემოვარდნენ უფორმოები და დააკავეს მღვდელი.
_ ასე იყო? _ ვეკითხები კერატიშვილს.
_ რა სისულელეს ლაპარაკობენ ესენიო, _ მიპასუხა მღვდელმა.
მაშინ ვუთხარი, ამოეღო ჯიბიდან ყველაფერი, რაც იქ ედო.
უარი თქვა. გაჯიუტდა.
მაშინ ვუბრძანე, გაეჩხრიკათ.
იქ იყვნენ ქალაქის „ობეხეესის“ უფროსის მოადგილე ბორის გედევანიშვილი და სხვა ჩვენი თანამშრომლები.
ეცნენ კერატიშვილს, მაგრამ ვატყობ, რომ კანკალებენ _ უჩვეულო სიტუაციისა და მორიდების გამო.
_ უღმერთოები ხართ თქვენ! _ განაცხადა კერატიშვილმა, _ მე თვითონ ამოვიღებო, _ და მოგვაწოდა მცირე მოცულობის კოლოფი. გავხსენით, შიგ სამი ზურმუხტის თვალი და რამდენიმე ცირკონი თუ სხვა ნახევრად ძვირფასი ქვა იდო.
შევადგინეთ აღწერის ოქმი.
ვეკითხები დაკავებულს:
_ სად ცხოვრობთ?
_ თქვენ ვინ გეკითხებათ? _ კვლავ აგდებით მიპასუხებს.
_ სად ცხოვრობთ? _ ვუმეორებ.
_ ხილიანზე.
_ წავიდეთ ხილიანზე.
_ რატომ?
_ თქვენი სახლი უნდა გავჩხრიკოთ.
კვლავ უარი თქვა, კვლავ გაჯიუტდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, დაგვთანხმდა.
მივედით მის ნაყიდ ორსართულიან სახლში, ავედით მეორე სართულზე. ავიყვანეთ მოწმეები _ კანონის ყველა მოთხოვნას მაქსიმალურად ვიცავთ.
ვთხოვთ, გააღოს კარი.
არ აღებს.
შევატყვე, რომ თავისი ამ გაკერპებით, წინააღმდეგობის გაწევით, უნდა, საკუთარი სიმტკიცისა და სიმართლის, ჩვენი კანონდარღვევით მოქმედება დაგვიმტკიცოს, თითქოს შევურაცხყოფდით ამ უდანაშაულო ადამიანს.
უნდა ვთქვა, რომ იმ დროს გამომძიებელს უფლება ჰქონდა, ორდერის გარეშე, დადგენილების საფუძველზე გაეჩხრიკა ნებისმიერი ობიექტი, მაგრამ ვინაიდან ჩვენ საქმე გვქონდა სამღვდელოების ერთ-ერთ უმაღლეს იერარქთან, ოპერატიულად ვიმოქმედეთ, მოვასწარით და შევიარაღდით ჩხრეკაზე პროკურორის სანქციით.
კანონი აბსოლუტურად დავიცავით.
რახან კარი თავისით არ გააღო, გავეცი განკარგულება, ეპოვათ ლომი და შეენგრიათ შესასვლელი.
_ მართლა შეანგრევთ კარს?! _ იკითხა.
_ თქვენ იძულებულს გვხდით, ასე რომ მოვიქცეთ.
_ ისეთი უღმერთოები ხართ, მართლა ასე მოიქცევითო! _ და გასაღებით გახსნა კარი...
შევედი მუზეუმში!
ასეთი სიმდიდრე, ამდენი ძვირფასი საეკლესიო ნივთი მანამდე არსად, არც ერთ ეკლესიაში არ მენახა.
აბსოლუტურად ყველაფერი იყო!
ძველ და ახალ ქართულ სალიტერატურო მწერლობაში, ასე თუ ისე, ვერკვევი. ბრწყინვალე ბიბლიოთეკა ჰქონდა! მაგრამ ძველი ხელნაწერები იმდენი იყო, რომ საოცრებას ჰგავდა. მივხვდი, რომ რიგითი გამომძიებელი, რა მცოდნეც გინდა ყოფილიყო, აქაურ რარიტეტებს ვერ აღწერდა, შეცდომისგან დაცული ვერ ვიქნებოდით, ამიტომ სპეციალისტები მოვიწვიეთ შესაბამისი სამეცნიერო დაწესებულებებიდან და ეკლესიიდან.
კათოლიკოს-პატრიარქმა გამოგზავნა, თუ კარგად მახსოვს, დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი გიორგი ღონღაძე, რომელიც ჩხრეკის განმავლობაში იქ იჯდა. საპატრიარქოდან გამოგზავნეს, გვარი, სამწუხაროდ, დამავიწყდა, მანგლისის საეპარქიოდან სამღვდელო პირი, რომელიც ამჟამად, მგონი, ქაშვეთში უნდა იყოს. ძალიან განათლებული და კარგი პიროვნება.
გამოძიება მიჰყავდა ლევან ბუაძეს, ბრწყინვალე პროფესიონალს.
მე თვითონ არ მინახავს, მაგრამ სწორედ ლევანმა მითხრა, როცა ხელოვნების მუზეუმიდან მოწვეული სპეციალისტები აქაურ ბიბლიოთეკას აღწერდნენ, ერთმა წამოიძახა, _ ვაიმე, ბაბუაჩემის წიგნებიო! განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატეს შვილიშვილი ყოფილა იმ ჯგუფში და თავისი თვალით უნახავს ბაბუამისის ფაქსიმილეთი ბეჭედდასმული წიგნები!
ვნახეთ უნიკალური ხატები, მათ შორის, უკვე ნახსენები ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი, აგრეთვე ფიცარზე ნახატი ძველი ქართული ხატი. ორივე ამჟამად საპატრიარქოში უნდა ინახებოდეს.
კერატიშვილს ლოგინში, ბალიშის ქვეშ ვუპოვეთ `ვალტერის~ მარკის პისტოლეტი, საბრძოლო მდგომარეობაში, 8 საბრძოლო ვაზნით. უმაღლესი რანგის მღვდელმთავრის სახლში პისტოლეტის არსებობა თავისთავად მიუთითებს ამ პიროვნების სახესა და სულიერ განწყობილებაზე. ასეთ კაცს არავის განკითხვის უფლება არ აქვს.
კერატიშვილი, რა თქმა უნდა, დავაპატიმრეთ.
(გაგრძელება იქნება)
ალექსანდრე ქართველიშვილი
ნიკა წყაროველი