- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2022-10-28 13:26:00
ნენე ინჯგია
ადვოკატ თეიმურაზ მაისურაძის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქუთაისის მერიასა და სამშენებლო კომპანია შპს „ინვესტ პლუსს“ შორის გარიგება შედგა.
2018 წელს ნინო გორგასლიძემ შეიძინა უძრავი ქონება ქ. ქუთაისში მის.: სოლომონ პირველის #63, 2020 წელს კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეზობელი მიხეილ გაბრიაძე დაჩქარებული წესით ირეგისტრირებდა გორგასლიძის ეზოს დაურეგისტრირებელი ტერიტორიის ნაწილს. ნინო გორგასლიძის ადვოკატი თეიმურაზ მაისურაძე „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით საეჭვო დოკუმენტი შეადგინეს, რომელსაც თან ერთვის უთარიღო დათვალიერების ოქმი (სიყალბე).
ადვოკატის თქმითვე, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქუთაისის მერია და სამშენებლო კომპანია შპს „ინვესტ პლუსი“, სავარაუდოდ, ერთმანეთს გაურიგდნენ.
უფრო კონკრეტულად საქმის დეტალებზე „ქრონიკა+“ ადვოკატ თეიმურაზ მაისურაძეს ესაუბრა:
_ ბატონო თეიმურაზ, დავიწყოთ თანმიმდევრულად, როდის შეიძინა თქვენმა კლიენტმა უძრავი ქონება?
_ 2018 წელს ქუთაისში, სოლომონ პირველის #63-ში ნინო გორგასლიძემ შეიძინა უძრავი ქონება დავით სტურუასგან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რაც ნოტარიულადაა დამოწმებული. უძრავი ქონება მოიცავს საცხოვრებელ სახლს ეზოთი 460 კვ. მ. დარეგისტრირებულს და 58 კვ. მ. დაურეგისტრირებელს. აღნიშნული უძრავი ქონება დავით სტურუას ოჯახის მფლობელობაშია 1979 წლიდან. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი _ 454 კვ.მ. _ 1980 წელს შეიძინა მიხეილ გაბრიაძის ოჯახმა. მოხდა გამიჯვნა და აშენდა კაპიტალური სამეზობლო ღობე (რკინა-ბეტონის კონსტრუქცია). აღსანიშნავია, რომ 1980 წლიდან მოყოლებული არანაირი დავა მომიჯნავე მეზობლებს შორის არ ყოფილა. 2020 წელს ნინო გორგასლიძისთვის ცნობილი გახდა, რომ მიხეილ გაბრიაძეს ჰქონდა შეტანილი ანაზომი საჯარო რეესტრში და დაჩქარებული წესით ირეგისტრირებდა გორგასლიძის მფლობელობაში არსებული ეზოს დაურეგისტრირებელ ნაწილს. ნინო გორგასლიძემ მიმართა საჯარო რეესტრს განცხადებით, რომ არ დაერეგისტრირებინათ მისი ეზოს ნაწილი. რეესტრმა განცხადების საფუძველზე შეაჩერა რეგისტრაცია და გადააგზავნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შესასწავლად. ამავე დროს საჯარო რეესტრში შევიტანეთ დავით გოგსაძის შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც აღბეჭდილია ჩვენი ეზოს დაურეგისტრირებელი ტერიტორია. მოხდა გადაფარვა გაბრიაძის წარდგენილ ნახაზთან. საჯარო რეესტრმა ისევ შეაჩერა რეგისტრაცია და გადააგზავნა მუნიციპალიტეტის მერიაში. მერიაში დაწერეს საეჭვო დოკუმენტი.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მერიაში საეჭვო დოკუმენტი დაწერეს, რას გულისხმობთ?
_ დოკუმენტს თან ერთვის უთარიღო დათვალიერების (ყალბი) ოქმი. ტერიტორიაზე არავინ მოსულა და არ დაუფიქსირებიათ ნახევარსაუკუნოვანი ღობის რეალური მდებარეობა. აღნიშნული დოკუმენტი დათვალიერების ოქმთან ერთად გადაეგზავნა საჯარო რეესტრს. რეესტრმა გააგრძელა რეგისტრაცია. ამავე დროს, მომზადდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. აღნიშნული დასკვნა ადასტურებს დავით გოგსაძის მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის სისწორეს. საჯარო რეესტრმა ისევ შეაჩერა გაბრიაძის მოთხოვნის რეგისტრაცია და ისევ გადააგზავნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად. იმ დროს, როდესაც ეგონათ, სახლში არავინ იყო, დაიწყეს ღობის აღება. გამოვიძახეთ პატრული. ფაქტი დაფიქსირდა. არსებობს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ არ გაითვალისწინა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და შექმნა იგივე შინაარსის საეჭვო (ყალბი) დოკუმენტი უკვე დათარიღებული ოქმით და გადააზავნეს საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენებ ორივე ოქმს მოწმის სახით ხელს აწერენ არა მომიჯნავე მეზობლები, არამედ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები: თინათინ მაღლაფერიძე და ქეთევან ქელბაქიანი, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი ცრუ ჩვენების მიცემის პასუხისმგებლობის ოქმზეც. მიუხედავად ამისა, ორივემ ხელი მოაწერა და გააყალბა დოკუმენტი. კანონით დადგენილია, რომ ოქმს მომიჯნავე მეზობლები უნდა აწერდნენ ხელს…
_ როგორ აიღეს ღობე და ამ პროცესს თუ ესწრებოდა პირი, ვინც ამას ადასტურებს?
_ ღობის აღებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ქალბატონი ნაილი ჭელიძე, რომელიც ხელს აწერს ზემოთ ხსენებულ ოქმებს. ხოლო საუბარში კითხვაზე, თუ რატომ სჩადიოდა უკანონობას, ქალბატონმა ნაილიმ განმარტა, რომ დაიბარეს მერიაში და დაავალეს ასე მოქცეულიყო. არსებობს ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა.
_ ამ ეტაპზე რა მიმართულებით მიმდინარეობს სასამართლო დავა?
_ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო დავა:
1) სამოქალაქო დავა. მოპასუხე მიხეილ გაბრიაძე. შპს „ინვესტ პლუსის“ ერთ-ერთი მფლობელი, გიორგი ჯაფარიძესა და იოსებ ჯიბღაშვილთან ერთად.
2) ადმინისტრაციული დავა. მოპასუხე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისია.
ეს პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც გორგასალიძემ უარი განაცხადა საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის მიღებაზე, ვინაიდან თავად ჰქონდა გადაწყვეტილი თავისივე ნაკვეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. ზემოთ აღნიშნული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიხეილ გაბრიაძემ გააერთიანა მიწის ნაკვეთები მეზობლებთან (მესაკუთრე შპს „ინვესტ პლუსი“). შეათანხმეს პროექტი და დაიწყეს მშენებლობა. მშენებლობის პროცესში არ ააგეს მათსავე პროექტში გათვალისწინებული საყრდენი კედელი ნინო გორგასლიძის ეზოს მხარეს. გაჩეხეს ნინო გორგასლიძის მფლობელობაში არსებული 40-წლიანი ხეხილის ბაღი, დაანგრიეს საკანალიზაციო ჭა, (რომლითაც მხოლოდ გორგასლიძის ოჯახი სარგებლობდა) იგი მდებარეობდა გორგასლიძის ეზოში, დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე, რაც დაფიქსირებულია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის ფოტო დანართში. საყრდენი კედლის არარსებობის გამო ჩამოინგრა და ყოველდღიურად ინგრევა ნინო გორგასლიძის მფლობელობაში არსებული რეგისტრაციაში მყოფი მიწის ნაკვეთი, დანგრეულია რეგისტრაციაში მყოფ მიწის ნაკვეთზე განთავსებული დამხმარე ნაგებობა. დანგრევის საფრთხე ემუქრება 113 წლის სახლს. აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მივმართეთ ქ. ქუთაისის მერს. ზედამხედველობის სამსახურიდან მივიღეთ არაადეკვატური პასუხი, თითქოს ყველაფერი რიგზეა და რომ ზარალის შემთხვევაში მივმართოთ სასამართლოს. ამჟამად ნინო გორგასლიძის კუთვნილ სახლში ცხოვრობს მრავალშვილიანი ოჯახი, ოთხ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. არ არსებობს დამცავი ღობე, რაც სიცოცხლის საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთ (საფრთხე ემუქრებათ მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებიც ყოველდღიურად თამაშობენ სამშენებლო პოლიგონზე).
_ პროექტის შეჩერებისა და მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანეთ?
_ შეიქმნა ექსპერტ-აუდიტორული დასკვნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ზემოთ აღნიშნული ფაქტები. დაწერილია საჩივარი ქ. ქუთაისის მერის სახელზე, პროექტის შეჩერებისა და მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით, რაზედაც მერიის სამსახურმა უარყოფითი, არაადეკვატური პასუხი გაგვცა. მოსამართლეს გამოყენებული აქვს აკრძალვის ღონისძიება. მიუხედავად ამისა, 8 მ.-ის სიღრმის ღრმული ამოავსეს, 20 მ.-ის სიგრძეზე. ფაქტობრივად, წაშლილია დონეებს შორის სხვაობა და სამშენებლო პოლიგონადაა ქცეული ნინო გორგასლიძის ეზოს დიდი ნაწილი. შეიქმნა ფაქტების კონსტატაციის ამსახველი ფოტო და ვიდეო-დოკუმენტაცია.
არქიტექტურის სამსახურმა ზემოთ აღნიშნული მშენებლობის სიმაღლის განსასაზღვრად უკანონოდ გამოიყენა ნინო გორგასლიძის მფლობელობაში არსებული დაურეგისტრირებელი ტერიტორიის შუა ვირტუალური სიბრტყე, რაც შეთანხმებულ პროექტში სიმაღლის განსაზღვრის სქემებშია ნაჩვენები (ეს კანონსაწინააღმდეგოა).
შეიქმნა პროექტი ნინო გორგასლიძის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ატვირთულია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე და მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების სამუშაო პროცესი. რამდენიმე ხარვეზის გასწორების შემდეგ ხარვეზში დაგვიწერეს, რომ პროექტში სიმაღლე უნდა განსაზღვრულიყო წითელი ხაზიდან. მიზეზად ასახელებენ, რომ ეს ტერიტორია სადავო არისო, მაგრამ გაბრიაძის პროექტის შეთანხმების დროსაც ეს ტერიტორია სადავო იყო, რაც ცნობილი გახლდათ არქიტექტურის სამსახურისთვის. მიუხედავად ამისა, მას დართეს ნება, მის სასარგებლოდ გამოეყენებინა ეზოს დაურეგისტრირებული ტერიტორია, გორგასლიძისგან განსხვავებით. აღსანიშნავია, რომ შპს „ინვესტ პლუსის“ პროექტი არ იძებნება არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე. აღნიშნულ პროექტში სიმაღლე განსაზღვრულია ნინო გორგასლიძის ეზოს დაურეგისტრირებელი ტერიტორიის შუა ვირტუალური ღერძიდან, ხოლო დაურეგისტრირებელი ტერიტორია მოხსენიებულია, როგორც „საზოგადოებრივი სივრცე“, რაც აბსურდულია. ეს ყოველივე საჭირო იყო პროექტის სართულიანობის გაზრდისთვის.
შეიქმნა არქიტექტურული ექსპერტიზის დასკვნა. ქალაქგეგმარებითი სიმაღლებრივი პარამეტრების შესაბამისობის დადგენა 03.06.2019 წლის საქართველოს მთავრობის 261-ე დადგენილების „მუხლი #41, მიჯნის ზონა“, ექსპერტმა დასაშვებ სიმაღლედ ნინო გორგასლიძის მიწის ნაკვეთთან მიმართებაში მიუთითა 20,05 მ., ხოლო შპს „ინვესტ პლუსის“ შეთანხმებულ პროექტში სიმაღლე 27,4 მ.-ია. ეს კი 2-3 სართულის გაუქმებას…
ამავე დროს, არქიტექტურის სამსახური ნინო გორგასლიძეს არ აძლევს უფლებას, ისარგებლოს იგივე უფლებებით, რომლითაც იხელმძღვანელეს ზემოთ აღნიშნული პროექტის შეთანხმებისას.
მერიის სამსახურები ნებისმიერი გზით ცდილობენ პროცესი დროში გაწელონ და სასამართლოში გაგვიშვან ნებისმიერ კანონიერ მოთხოვნაზე, რათა უკანონოდ შეთანხმებული პროექტის დარღვევით დამთავრება უზრუნველყონ.
_ სასამართლო პროცესები რა ეტაპზეა?
_ სასამართლო სხდომები ჯერ ჩანიშნული არ არის. უკვე ერთი წელია გასული.
_ გაქვთ თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მერიასა და სამშენებლო კომპანიას შორის გარკვეული გარიგებაა?
_ მიღებულია გამოუკვლეველი და დაუსაბუთებელი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. საქმის არსიდან გამომდინარე, არსებობს სერიოზული ეჭვი საჯარო მოხელეების მიმართ, ვინაიდან შპს „ინვესტ პლუსის“ (პარტნიორები) საჯარო სამსახურებიდან ითხოვდნენ მათ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის უფლებას, რაშიც ხელს უშლის ნინო გორგასლიძის კანონიერი ინტერესები. საჯარო მოხელეებმა ანგარებით მიიღეს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები შპს „ინვესტ პლუსის“ (პარტნიორების) სასარგებლოდ. მიმაჩნია, რომ სავარაუდოდ საჯარო მოხელეების ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. სახეზეა როგორც განგრძობითი, ასევე დენადი დანაშაული.