სამგორის ყოფილ გამგებელს ნათესავი თაღლითობაში ადანაშაულებს

სამგორის ყოფილ გამგებელს თავისი ახლობელი თაღლითობაში ადანაშაულებს. სოსო ფილიშვილმა სარჩელი კერესელიძის წინააღმდეგ მას შემდეგ შეიტანა, რაც გაარკვია, რომ მილიონ ლარად შეფასებული 6 ნაკვეთი გამგებელმა ისე გადაიფორმა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამ საქმეში ფიგურირებს კერესელიძის კიდევ ერთი ნათესავი, ირმა გოგია. ფილიშვილის თქმით, მინდობილობა სწორედ გოგიას ნოტარიუსში გაყალბდა.

აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა+“ სოსო ფილიშვილს ესაუბრა:
_ 17 წლიდან დათო კერესელიძესთან ერთად ვიყავი საქმეში, ის დედაჩემის ბიძაშვილია. თავიდან უკრაინიდან საქართველოში მეტალი შემოგვქონდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრობლემები შეგვექმნა. შპს „ჯორჯიან მეტექსის“ დამფუძნებელი იყო დათო კერესელიძის და, ლეილა კერესელიძე, რომელიც ფლობდა სააქციო საზოგადოება „უნივერსალ სერვისს“ აგლაძის 37-ში (5-სართულიანი შენობა, 3200 კვ.მ.), მაგრამ საბოლოოდ არ ჰქონდა შესყიდული. დაახლოებით, 45%-ის აქციებს ფლობდა. ამ სააქციო საზოგადოებას 50 მილიონი ლარი დავალიანება აღმოაჩნდა და სახელმწიფომ ეს ქონება საკუთარ ბალანსზე გადაიტანა. ამის შემდეგ დათო კერესელიძემ შემომთავაზა, ერთობლივად გაგვეკეთებინა ახალი საქმე. დავაფუძნე შპს „უნი ცენტრი“. ის შენობა, რომელიც აგლაძის 37-ში იყო და სახელმწიფომ საკუთარ ბალანსზე გადაიტანა, მე შევიძინე პირდაპირი შესყიდვის გზით 172 ათას ლარად. ხელშეკრულებაში ვალდებულებები მქონდა, მათ შორის, უნდა გამერემონტებინა შენობა და საინვესტიციო გეგმა უნდა განმეხორციელებინა. ამ ვალდებულებებს ვასრულებდი და პარალელურად, ვეწეოდი საქმიანობას, ვყიდულობდი მიწის ნაკვეთებს. 2017 წლის 28 მარტს ჩემსა და დათო კერესელიძეს შორის მომხდარი უთანხმოების გამო ბიზნეს საქმიანობა შევწყვიტეთ. უთანხმოების მიზეზებზე საუბარი არ მსურს, პირად საკითხებზე გვქონდა კონფლიქტი.
_ კონფლიქტის შემდეგ თუ გქონდათ გარკვეული მოლაპარაკება, როგორ გადანაწილდებოდა წილი?
_ რა თქმა უნდა, დავილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ აგლაძის 37-ში არსებული ქონება მის საკუთრებაში დარჩებოდა. დანარჩენი, რაც საქმიანობის პერიოდში შევისყიდე, მიწები ჩემს საკუთრებაში უნდა დარჩენილიყო. სანამ ბიზნეს საქმიანობას შევწყვეტდით, წამოვიდოდი. აგლაძის 37-ში არსებული ქონება ვალდებულებით გადავუფორმე, თუმცა ის საბანკო ვალდებულებაც არ შეასრულა. აგლაძის 37-ში მდებარე კომერციული ქონება, რომელიც 10 მილიონად არის შეფასებული და ჩემი ხელით გადავუფორმე მას, მისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი და განზრახული ჰქონია, ჩემს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მითვისებაც. ამ მიზნით კერესელიძე თავის დისშვილ ირმა გოგიასთან მივიდა, რომელიც ნოტარიუსია და მოატყუა, რომ მე გარეთ ველოდებოდი და მინდობილობა მიეცა. გოგიამაც მისცა მინდობილობა.
_ როდის გაიგეთ ამის შესახებ?
_ ამის შესახებ მაისში გავიგე, როცა საჯარო რეესტრში მივედი ჩემი მიწის ნაკვეთის გასაყიდად. აღმოჩნდა, რომ ჩემს საკუთრებაში მიწის ნაკვეთები აღარ იყო. როგორც კი გავიგე, მაშინვე დავურეკე და ვნახე, ვუთხარი, რომ გაყალბებული ჰქონდა მინდობილობ, რაზეც მითხრა: „გამგებელი უნდა გავხდე, „ვლასტში“ მოვდივარ და ყველაფერს დავალაგებო. კერესელიძემ მთხოვა, რომ ირმა გოგიასთან მივსულიყავი, რომელსაც მარტში გამზადებული მინდობილობა ჰქონდა, სადაც ჩემი ხელმოწერა არ იყო და უნდოდა, ამაზე ხელი მომეწერა. დათო კერესელიძემ საჯარო რეესტრში მინდობილობის ასლი მიიტანა, ამით ჩემი ქონება გადაიფორმა. მაისში რომ მივედი, მთხოვა, ორიგინალ მინდობილობაზე მომეწერა ხელი, სანაცვლოდ, კერესელიძე დამპირდა, ან ქონებას დამიბრუნებდა, ან თანხობრივად ამინაზღაურებდა ქონების საფასურს. მიმდინარე პერიოდში ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც მისი საკუთრება იყო, ჩემი მეუღლის სახელზე გააფორმა. ამით დაგვანახა, რომ ქონების დაბრუნების ეტაპი დაიწყო. ეს მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩემს მეუღლეზე იყო გაფორმებული, მიკროსაფინანსოში ჰქონდა ჩადებული. იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში უსახსროდ ვიყავი დარჩენილი და ვერ ვახერხებდი ყოველთვიური ვალდებულების შეტანას, რომელიც ამ მიწის ნაკვეთზე იყო დაკისრებული, შესაბამისად, დავალიანება დაგროვდა. კერესელიძე მოლაპარაკებას აწარმოებდა მიკროსაფინანსოს დირექტორ ილია ხმალაძესთან, რომელსაც ეუბნებოდა, აღნიშნული ქონება აუქციონზე გამოეტანათ და არ მოეცათ ჩვენთვის საშეღავათო პერიოდი, თვითონვე შეისყიდიდა და ილია ხმალაძეს გადაუხდიდა გარკვეულ თანხას ამის სანაცვლოდ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდა ილია ხმალაძემ, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთი მინიმალურ ფასად გავყიდეთ, რათა ვალდებულება დაგვეფარა. იმ მომენტში დავთანხმდი, რადგან ბოლოს და ბოლოს, ნათესავები არიან და არ მინდოდა, ჩემ გამო ამხელა პრობლემები შექმნოდა. მე ხელი მოვაწერე. მეტიც: მათ დამაწერინეს, რომ დათო კერესელიძის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს და არც მექნება. კერესელიძე კი, რასაც დამპირდა, არაფერი შეასრულა, რადგან უკვე გარანტირებული ჰქონდა ჩემი ქონება, ორიგინალ მინდობილობაზე ხელი მოწერილი მქონდა. როცა სალაპარაკოდ მივდიოდი, პატრულთან რეკავდა. ამის შემდეგ, რაზე უნდა მელაპარაკა მასთან?! პირდაპირ პროკურატურაში არ შევიტანე საჩივარი და კიდევ მივეცი შანსი, რომ სასამართლოს გზით მოვრიგებულიყავით, ამიტომ მივმართე სასამართლოს, თუმცა კერესელიძე არც ამ გზით დასთანხმდა მორიგებას, რის შემდეგაც კერესელიძისა და ნოტარიუს ირმა გოგიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასამართლომ ექსპერტიზა დანიშნა იმ ორიგინალ მინდობილობაზე, რომელიც მარტში დაწერეს და მაისში მომაწერინეს ხელი. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაასკვნა, რომ ნამდვილად ჩემი ხელმოწერაა. ამაზე არ ვდაობ და გითხარით უკვე, როგორც მომაწერინეს ხელი. მე ვამბობ, რომ საჯარო რეესტრში მიტანილ ასლებში ჰქონდა გაყალბებული ჩემი ხელმოწერა, თან დოკუმენტების მიხედვით ქონების გამყიდველიც და მყიდველიც თვითონ იყო. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ამ გაყალბებულ ასლებზე ჩამეტარებინა ექსპერტიზა, ანუ იმაზე, რაც კერესელიძემ საჯარო რეესტრში მიიტანა და ნოტარიუსმა ატვირთა სანოტარო საიტ წწწ.ნოტარყ.გე-ზე. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არც ერთი ხელმოწერა ჩემი არ არის, მაგრამ ეს არ გაითვალისწინა არც სასამართლომ და არც პროკურატურამ. ამ ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად სასამართლოში წარვადგინე ჩემი მობილიურის ნომრიდან სატელეფონო ანძებიდან ამოღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2017 წლის 29 მარტს ისანი-სამგორის რაიონში საერთოდ არ ვყოფილვარ, შესაბამისად, იმ დღეს ხელს ვერ მოვაწერდი. კერესელიძე აცხადებს, რომ მილიონი გადამიხადა, თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია. როგორც დავიანგარიშეთ, ჩემთვის ამ მიწის ნაკვეთებში 845 ათასი ლარი უნდა მოეცა, თუმცა ეს თანხა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ერთადერთი არგუმენტი აქვს მას, ჩემი წერილობითი დასტური, რომელიც მაისში დამაწერინა, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. თუმცა არ არის დაზუსტებული, რაზე არ მაქვს პრეტენზია.
_ ახლა საქმე რა ეტაპზეა?
_ მინდა აღვნიშნო, რომ საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ამირან ძაბუნიძეს ვუთხარი: ამონაწერი არსებობს, რომ იმ დღეს საერთოდ არ ვყოფილვარ ისანი-სამგორის რაიონში, მილიონი არ მოუცია კერესელიძეს, ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობს-მეთქი, თუმცა მოსამართლემ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ჩემი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ეს სააპელაციოში გავასაჩივრე. ორი წელია, ამ საქმეზე ვდაობთ _ მუდმივად იცვლება პროკურორი და საქმის გამომძიებელი. ვინაიდან დავით კერესელიძე ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი იყო და სწორედ ამ რაიონში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის ძიება, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ დავით კერესელიძის გავლენით ეს საქმე თაროზე შემოდეს. კალაძეს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ კერესელიძე თანამდებობიდან სწორედ მსგავსი თაღლითური საქმეების გამო გაათავისუფლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სწორედ, მისი დახმარებით გახდა კერესელიძე ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი. ის ერთ-ერთი „რუხი კარდინალი“ იყო და. შესაბამისად, ვეჭვობ, რომ დღემდე სარგებლობს გავლენებით. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი ორივე თანამდებობის პირი იყო, კვირიკაშვილს შეტყობინება მივწერე, რომ ამ საქმის ძიებაში დამხმარებოდა. ჩემი აზრით, ის ისედაც საქმის კურსში იყო, რადგან ჩემს მიწერილ შეტყობინებაზე მიპასუხა: არასათანადოდ აფასებ ჩემი და დათო კერესელიძეს ურთიერთობას, შენ მხარეს ამ საქმეში ვერ დავიჭერო.

ნენე ინჯგია