ნინო ლეჟავას საქართველოს სახალხო მსახიობის ტიტული მიენიჭა

გიორგი საკარული

სცენაზე გამოხვიდე მარტო, ფაქტობრივად, შიშველ სცენაზე, ყოველგვარი დეკორაციებისა და გაფორმებების გარეშე, ითამაშო მონოსპექტაკლი, 300-კაციან დარბაზში სამარისებული სიჩუმე სუფევდეს და მაყურებლის თვალებზე ცემლები დაინახო, ეს ვის შეუძლია, თუ არა ყველა თაობის საყვარელ მსახიობ ნინო ლეჟავას. 

მსახიობმა ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 50 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე დარიო ფოს ნაწარმოების მიხედვით „მოდი, საყვარელო, გელოდები“ დადგმული მონოსპექტაკლი „დამპირდით“ ითამაშა, რომლის რეჟისორიც კიაზო ჯობავა გახლავთ.

სპექტაკლის თემატიკა დღეს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და აქტუალურ თემას ეხება და ეს ძალადობაა. ოჯახური ძალადობა, რომელიც ანადგურებს მსხვერპლს. თეატრისა და კინოს გამორჩეულმა მსახიობმა კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 50 წუთის განმავლობაში მაყურებლამდე სწორად მიეტანა თავისი სათქმელი და თუნდაც ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ ერთი ქალი მაინც ეხსნა მოძალადე მამაკაცის კლანჭებისგან.

ცხოვრების გაკვეთილებზე, განვლილ წლებზე, სირთულეებზე, სახალხო ტიტულზე, დაფასებასა და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მსახიობი ნინო ლეჟავა:

_ ნინო, სულ ახლახან 50 წელი შეგისრულდათ და მოზარდმაყურებელთა თეატრში თქვენი საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც მონოსპექტაკლი ითამაშეთ. როგორია აქამდე განვლილი გზა, რას ეტყოდით ცხოვრებას?

_ თავისი სირთულეებიანად, შავი ლაქებიანად, გაჭირვებ-გამარჯვებიანად, წარმატებ-დამარცხებიანად და ზოგადად ყველაფრისთვის, მადლობას ვეტყვი ცხოვრებას, რადგან ის, რაც ჩვენ გვგონია ცუდი, დიდი შანსია, ჩვენ სასწავლებლად ან მომავალში გამოსასწორებლად იყოს მოვლენილი. მგონია, რომ საბოლოო ჯამში ვერასდროს გავცემთ საკუთარ თავებს ამომწურავ პასუხს, თუ რატომ და რისთვის მოხდა კონკრეტული შემთხვევები, რადგან ეს მხოლოდ ღმერთმა იცის, თუმცა იმის პრაქტიკას და სიბრძნეს მაინც გვმატებს შეცდომები, რომ ელემენტარულად შეგვძლია კეთილი სურვილებით, სხვას რომ ვხედავთ, რაღაც ემართება, გავაფრთხილოთ და გადავარჩინოთ იგივე გზის გავლას, თუმცა ყველას თავისი გზა აქვს, ალბათ, გასავლელი. ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება. იგივე სიტუაცია თუ შენი მეგობრის ცხოვრებაში ხდება, პრაქტიკა გაძლევს იმის შანსს, რომ სიკეთე გააკეთო და მას ურჩიო. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, _ უანგარობა. სასიამოვნოა, როცა მადლიერების გრძნობა გაქვს და როდესაც შეგიძლია, მიხვდე შეცდომას და ბოდიშიც მიხადო.

_ ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით განვლილ გზებს?

_ რა უფლება მაქვს, რამე ვთქვა და რამეს შევეწინააღმდეგო, მით უმეტეს, ბუნების კანონს და ღვთის ნებას. მე მაინც მადლობას ვეტყვი… ალბათ, დავიმსახურე, ალბათ, ასე იყო საჭირო და ამით თავს კი არ ვიმშვიდებ, უბრალოდ, მართლა ღრმად ვფიქრობ. დანაკარგი, რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებ და აღიდგენ, ეს არის უახლოესი ადამიანის გარდაცვალება. სხვა დანარჩენი, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, სახლის დაკარგვა, ქონების თუ სხვა რამის, არ უნდა ინერვიულო, რადგან შენ კიდევ არ იცი, რეალური დანაკარგი რას ნიშნავს და შემდეგ შეიძლება მართლა ისეთი დანაკარგი გამოგიგზავნოს ღმერთმა, რომ შედარების საშუალება ნამდვილად გექნება. თქვენ გგონიათ, მე არ ვამბობდი ამ სიტყვებს? ვაიმე, რა დავკარგე, ვაიმე, ვაიმე, რა მეშველება, მაგრამ ეს სიტყვა საერთოდ უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან და ყველაფერი უნდა მივიღოთ ისე, როგორც ღვთის ნება, რადგან ეს ახლა უნდა მომხდარიყო და არა იმ დროს. რაღაცები გადავაფასე, ძალები გვაქვს ყოველთვის მოსაკრები ყველაფრის მიმართ. ღმერთმა იმაზე მწარე არ გამოგვაცდევინოს, რაც გამოვიარეთ და გამოვცადეთ. საერთოდ, შვილზე მწარე, თუნდაც კბილი რომ სტკივა ან ფეხში თუ ხიჭვი შეერჭო, არ არსებობს, ამიტომ სულ დავუკვირდეთ, თუ რას ვამბობთ, რას ვაგზავნით სამყაროში და რა ენერგეტიკით ვაკეთებთ. საოცარი გამონათქვამი არსებობს, არასოდეს თქვა არასოდეს. შენ შეიძლება თქვა, რომ ამ გადმოსახედიდან ამას არასოდეს გააკეთებდი, მაგრამ უნდა დააყოლო, რომ ამ სიტუაციაში რა მოხდებოდა, მე არ ვიცი. გამტყუნება ყოველთვის ძალიან ადვილია. ვეცადოთ, რომ არავინ განვიკითხოთ, რადგან ღმერთი აუცილებლად ისეთ სიტუაციას გამოგიგზავნის, რომ გაგახსენებს შენს სიტყვებს, რასაც სხვაზე ამბობდი.

_ ნინო, ძალიან რთული პერიოდი და წლები გამოიარეთ. 4 შვილის დედა ხართ, აქტიურად მოქმედი მსახიობი, იყო უმუშევრობა, იყო გაჭირვება, უამრავი სხვა ყოფითი პრობლემა, რაზედაც, რა თქმა უნდა, ახლა არ ვისაუბრებთ, რადგან ბევრჯერ გაქვთ ნათქვამი ამა თუ ინტერვიუში, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, არასდროს ჩაგიქნევიათ ხელი ან იმედგაცრუებაში არ ჩავარდნილხართ? ცხოვრებაზე არ გაბრაზებულხართ?

_ გაბრაზდე ერთია, მაგრამ ხელი ჩაიქნიო, მეორე. რა თქმა უნდა, გავბრაზებულვარ და მერე ბოდიშიც მომიხდია. მე ადამიანი ვარ და როდესაც გრძელვადიანი, დაუმთავრებელი წარუმატებლობები გვხდება ცხოვრებაში, აუცილებლად იტყვი რაღაცას და გაბრზადები, თუმცა აუცილებლად უნდა დაჯდე და შენს თავს უნდა დაუსვა კითხვა, რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს გამოვასწორო? არასოდეს არ უნდა ელოდებოდეთ სასწაულებს. ხშირად გვსმენია ეს სიტყვები, _ ეხ, ნეტა, ერთი თავში მილიონი დაგვეცესო… როგორ უნდა დაგეცეს? ან როცა ამბობენ, ეხ, ნეტავ ერთი ჯეკპოტი მომაგებინაო… ლატარიის ბილეთი მაინც იყიდე? რას ვაკეთებ და რას მუშაობ და რა არ გავაკეთე იმისთვის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ ყოფილიყო? აი, ამ კითხვებს უნდა გავცეთ პასუხი. ყოველთვის ფერფლიდან აღვდგები, მთავარია, ღმერთმა ჯანმრთელობა, მხნეობა და მოთმინება მომცეს. ტაძარში რომ შევდიოდი, ღმერთს წლების მანძილზე ერთ რამეს ვთხოვდი, რომ მოეცა ძალა, საშუალება და მოთმინება, მქონოდა ბევრი საშრომი იმისთვის, რომ ჩემი საქმით მოპოვებული გემრიელი ლუკმა მომეპოვებინა. არ მინდა არავის ნაჩუქარი, ის უკვე მათი კეთილი ნებაა, თავისი ინიციატივით ადამიანი რას გაჩუქებს და როგორ, ოღონდ არ უნდა მოსთხოვო, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის თავზე არ ვახვევ. ამ დროს ყოველთვის უნდა შეახსენო საუთარ თავს, რომ რა გააკეთე ამისთვის, ან დაიმსახურე კი ვინმემ რამე გაჩუქოს? თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე იმდენი ვიშრომე მთელი ცხოვრება, სამყაროს ხმამაღლა შემიძლია ვუთხრა და ვთხოვო, რომ მე დავიმსახურე ნამდვილად მეტი, ვარ ამის ღირსი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთი დღე არ გავჩერებულვარ და ამასთან ერთად ერთი დღე არ ყოფილა, რომ პარალელურად სხვა საქმეც არ მეკეთებინა, რათა ბავშვებს, შეძლებისდაგვარად, ნორმალური, კარგი ცხოვრება ჰქონოდათ. იმაზე დიდი ჯილდო რა არის ჩემს პროფესიაში, რომ ხალხს უყვარხარ. მათ შეუძლიათ დაგანგრიონ, ხაზი გადაგისვან და ასევე შეუძლიათ ცამდე აგიყვანონ. ეს მოხდა სწორედ იმის გამო, რომ მთელი ცხოვრება უბრალო ადამიანები მიყვარს, მთელი ცხოვრება მადლიერების გრძნობით ვიყავი მშრომელ ხალხთან მიმართებით და ყოველთვის ვიტყვი და გამოვხატავ იმ მადლიერებას ადამიანების მიმართ, რომლებიც სპექტაკლის შექმნის დროს აფიშაზეც არ იწერებიან. დაწყებული დაცვიდან, დამთავრებული სალაროს თანამშრომლებით, ადმინისტრაციული ნაწილით, გამნათებლით, სცენის მემანქანით, ხმა-განათებით, რეკვიზიტით და გარდერობით. მსახობები მათ გარეშე არაფერი ვართ, მათ უნდა დავუფასოთ ამხელა შრომა უბრალოდ მადლიერებით. არანაკლებ ღამეებს ათენებენ ეს ადამიანები სპექტაკლის შექმნის დროს და არანაკლები ჯაფა აქვთ გაწეული ჩვენთან ერთად თეატრში.

_ ხშირად დაგიწყიათ ცხოვრება ნულიდან?

_ ხშირად არ ვიცი, მაგრამ ბევრჯერ.

_ საკუთარ შეცდომებზე უფრო გისწავლიათ თუ სხვისაზე?

_ დაბალანსებაა საჭირო. საკუთარზე მეტად განიცდი და იცი, მაგრამ სხვისას ითვალისწინებ.

_ ამ გადმოსახედიდან რაზე გწყდებათ ყველაზე მეტად გული?

_ საერთოდ არაფერი უნდა ინანო, ყველაფერი ჭკუის სასწავლებლად ხდება ან მოხდება, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი, ჩემი თავი მეტად უნდა შემეყვარებინა და ცოტა სხვანაირად წავიდოდა ცხოვრება. ადამიანებმა თურმე უნდა შეიყვარონ საკუთარი თავი, არა ნარცისულად ან ამპარტავნულად, არამედ შენს თავს, სხეულს და სულს ძალიან უნდა სცე პატივი, უნდა უთხრა, რომ ძალიან კარგი ხარ, უნდა დაუფასო ყველაფერი და გიყვარდეს, რომ შენ დაგაფასოს და უყვარდე.

_ ძლიერი ადამიანი ხართ, ალბათ, ეს სიძლიერეც ცხოვრებასთან ერთად მოვიდა ყოველდღიურ პრაქტიკაში…

_ ამაში დედას ვგავარ. არასოდეს ფარხმალს არ ვყრიდი, თუ რაღაცა არ გამომდიოდა, განსაკუთრებით ჩემს პროფესიაში. უფრო ინტერესში ვვარდებოდი, ვერ მტეხდნენ სულიერად. ბავშვების თეატრალური სტუდია მაქვს და ჩვენ გაკვეთილს ვიწყებთ ასე: გამოსავალი ყოველთვის არსებობს და გამოუვალი მდგომარეობა მხოლოდ მორგშია, დაივიწყეთ სიტყვები: „არ შემიძლია და არ გამომდის“, მთავარია სურვილი და შრომა.

_ ნინო, თქვენ 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე რეჟისორ კიაზო ჯობავას მონოსპექტაკლში „დამპირდით“ თამაშობთ, სადაც ამბობთ ასეთ სიყვებს: „ჩვენ სუსტი სქესი არ ვართ, უბრალოდ, დაგვაჯერეს…“. უკვე ნათელია თუ რას მიეძღვნა ეს თემა. მოგვიყევით ამ სპექტაკლზე და იმაზე, თუ რამდენად მძიმე სურათია ამ კუთხით საქართველოში.

_ ჩემმა ხელმძღვანელმა და რეჟისორმა, დიმა ღვთისიაშვილმა, მითხრა, მონოს ხომ არ გააკეთებდიო. მე ეს პიესა წაკითხული მქონდა და სიმართლე გითხრათ, სულ რაღაცა მიშლიდა ხელს და ვერ ვახორციელებდი. ალბათ, სწორიც იყო. რატომ ვამბობ ხოლმე, რომ ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენაა. ჩვენ გვეჩქარება ხოლმე, რომ მოვლენებს გავუსწროთ, თორემ სინამდვილეში ყველაფერს გვასწავლის დრო. დადგა ეს დრო და ვეღარ ვიპოვე ეს პიესა. ვიცოდი, რომ ქალბატონ ციცი კობიაშვილს ჰქონდა ეს პიესა, დავურეკე, ვთხოვე და მადლობა მას, რომ დამაკავშირა არაჩვეულებრივ ადამიანს, მაია ჯაფარიძეს, რომელმაც თარგმნა ეს პიესა, შევხვდი, გადმომცა და როცა პიესის კითხვა დავიწყე, რაღაც მაკლდა. სულ ვჩიჩქნე, ვჩიჩქნე, ასჯერ წავიკითხე და მივხვდი, რა მინდოდა.

_ და რას მიხვდით?

_ მიხვხვდი, რომ პიესა უნდა მიმეძღვნა ქალებისთვის, ქალთა უფლებებისთვის. ამომივიდა ყელში ამდენი ბულინგი, ამდენი მონური სულის ქალების მოსმენა და ყურება, თუ რას იმიზეზებენ ასეთ მონსტრ ქმრებთან ან შეყვარებულებთან ურთიერთობის გასამართლებლად. აბსურდული მიზეზები მოჰყავთ. სინამდვილეში კი შენი თავი უნდა შეიყვარო. სპექტაკლს ამ სიტყვებით ვამთავრებ: „გეხვეწებით, შეიყვარეთ თქვენი თავი, დამპირდით“. ბოლო მონოლოგი აბსოლუტურად ჩემი დაწერილია, ინსცენირება გავაკეთე და დარიო ფოს „გელოდები საყვარელოდან“ დავტოვე მხოლოდ რეალურად იდეა და რამდენიმე გვერდი, რომ მოსაყოლი ყოფილიყო. ფინალამდე არ მინდოდა გამოჩენილიყო, თუ სად ჰყავს ეს ქალი ჩაკეტილი ქმარს. იგი ამ ქალს ნამდვილად კეტავდა სახლში და ბოლოს უკვე საგიჟეთში გამოკეტა. ამასთან, ერთგვარი ექსპერიმენტიც ჩავატარე იმაზე, რომ ადამიანს თუ ძალიან უნდა სპექტაკლის თამაში, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის დადგმა ბიუჯეტურად. რეალურად მე სცენაზე მაქვს მხოლოდ ერთი თეთრი ფარდა და ერთი სკამი. იცით, რაზე გავიმარჯვე? მეორე დღიდან ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა. სრულიად უცხო ადამიანები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ გვეგონა, თითქოს ჩვენზე ყვებოდით სპექტაკლშიო. ასე რომ, რაც მეტი ადამიანი ნახავს ამ სპექტაკლს, მით უკეთესი.

არავის ვასწავლი ჭკუას და არავის ვმოძღრავ და ერთი წამით არავინ იფიქროს, რომ ოჯახის დანგრევის მომხრე ვარ, არა. მე ვარ სიყვარულის შენარჩუნებისა და ჯანსაღი ურთიერთობების მომხრე, მაგრამ როცა ჯანსაღი ურთიერთობა აღარ არის წყვილს შორის, ამაზე მაქვს ლაპარაკი თუ რატომ უნდა გაეცალოს ქალი იქაურობას, რომ ისევ იმ შვილს არ დაურღვიოს ფსიქიკა ან ის შვილი არ აღიზარდოს ისეთ მონსტრად, როგორიც მამამისია. ქვეცნობიერიდან ვის სად რა ამოუტივტივდება, არავინ ვიცით. არავინ თქვას, რომ ჩემი შვილი ამას არასდროს გააკეთებს, ძალიან კარგადაც გააკეთებს, თუ ერთ მშვენიერ დღეს მის თავში, ქვეცნობიერში, რაღაც საზიზღრობები ამოტივტივდა. გავიმარჯვე, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო ეს სპექტაკლი სწორად, კარგად გაიგეს, დაფიქრდნენ. თუ ერთი ადამიანი მაინც 300-კაციან დარბაზში მიხვდა, რომ მსხვერპლია და სამმა მაინც მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აი, ესაა უკვე ჩემთვის გამარჯვება და ეს არის ჩემი ხმა, რომ ამხელა ემოცია ტყუილი არ არის. მთელი სული და გული ჩავდე ამ სპექტაკლში და დღეში ორი სპექტაკლი მექნება ხოლმე სათამაშო, რათა რაც შეიძლება ბევრს გავაგონო ჩემი ხმა, ბევრი დავაფიქრო და რაც შეიძლება ბევრმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ღმერთმა მომცეს იმის ძალა, რომ რაც შეიძლება ბევრს ვუთხრა და დავარიგო, დაფიქრდნენ, თორემ სხვა რამეში არ მაქვს უფლება, ჩავერიო სხვის პირად ცხოვრებაში, უბრალოდ, დაფიქრდნენ. ჩვენი ვალია რჩევა, მაგრამ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად თვითონ უნდა მიიღოს ყველა ადამიანმა.

_ ნამდვილად, ეს სპექტაკლი აუცილებლად უნდა ნახოს ყველა ქალმა და არამარტო, რადგან დაინახონ რეალურად, მათ გარშემო რაც ხდება და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. დაბოლოს, თქვენ მოგენიჭათ „საქართველოს სახალხო მსახიობის“ ტიტული. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

_ დავიწყებ იქიდან, რომ, სამწუხაროდ, ბევრი წელია, მსახიობებს მოუსპეს ტიტულები. იყო დამსახურებული, სახალხო და აღარაფერი დარჩა მოტივიციისთვის. მხოლოდ წლის განმავლობაში არსებობს და ტარდება პატარა დაჯილდოებები, სადაც ჟიური იკრიბება და ავლენს წლის საუკეთესო ქალ ან მამაკაც მსახიობს და ა. შ., მაგრამ ლაურეატობა და სახალხობა, _ ეს ტიტულები სულ სხვა რაღაცაა. ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება სახალხო ტიტული იმიტომ არის, რომ ხალხს უყვარხარ. ამდენი ხალხის სიყვარული, ამდენმა ხალხმა რჩეულად გაღიაროს, ხელი მოაწეროს ეს არის ბედნიერება. თქვენი გაზეთი იქნება თუ სხვა მედიასაშუალება, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ქედს ვიხდი თითოეული ხელმომწერის წინაშე, უდიდესი მადლიერების გრძნობით, რომ ამის ღირსად ჩამთვალეს და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა კიაზო ჯობავას, რომ ეს არაჩვეულებრივი პროექტი მოიფიქრა, გააკეთა. პრეზიდენტს მოუწერია ამაზე ხელი. დიდი მადლობა მას იმისთვის, რომ მსახიობებს მიეცათ მოტივაცია და შანსი, რომ ისინი გახდნენ ტიტულოვანი მსახიობები. იშვიათად, რომ მსახიობებს რეჟისორები ამ დონეზე აფასებდნენ სიცოცხლეში, თორემ სიცოცხლის შემდეგ იცოცხლე. მას მადლობა, სიცოცხლეშივე დაფასების საშუალება რომ მომცა და მიეცა ბევრ ჩემს კოლეგას. ვიქნები უბედნიერესი, რაც მეტი მსახიობი დაიმსახურებს ამას, მეტი გაბედნიერდება და იქნებიან გახარებულები. რაც მთავარია, ექნებათ მეტი მოტივაცია.

რატომღაც, არავინ ახსენებს და გვერდზე გადაიდო ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატობა, ნაკლებად ახსენებენ მოლოცვებშიც კი და მინდა გითხრათ, ჩემო ძვირფასო ხალხო, რომ ჯერ მარტო ამ ადამიანის სახელისა და გვარის გვერდით ჩვენი სახელებისა და გვარების ხსენება უკვე დიდი ჯილდოა. თუ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, მართლა ქედს ვიხდი თქვენ წინაშე. ამისთვის უღრმესი მადლობა ბატონ დიმა ღვთისიაშვილს და ჩვენი თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ბატონ გიორგი გეგეჭკორს, უღრმესი მადლობა ქალბატონი ვერიკოს სახის გამოსახულებიანი გულსაბნევისთვის, რომელსაც უკან წარწერა ამშვენებს.