გიორგი დუმბაძე: „ვიბრძვით იმისთვის, რომ აღარასდროს მივუბრუნდეთ რუსეთს და ვიაროთ ევროპისკენ“

ირინა მაკარიძე

ორი კვირაა, რაც ახალგაზრდები ქუჩაში დგანან და „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ. რა აძლევთ ამის ძალას და მოტივაციას, რისი იმედი აქვთ და რის მიღწევას ცდილობენ? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სტუდენტი, 18 წლის გიორგი დუმბაძე:

_ რატომ ვდგავართ აქ? _ ამაზე ძალიან მარტივი პასუხი შემიძლია გაგცეთ: _ ჩვენს აქ დგომასა და რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაზე დამოკიდებულია მთლიანად საქართველოს მომავალი, რა მიმართულებით წავა ჩვენი ქვეყანა, დასავლეთისკენ, ევროპისკენ, სინათლისა და კეთილდღეობისკენ, თუ ისევ საბჭოთა კავშირისკენ, რუსეთისკენ, ბნელეთისა და უსამართლობისკენ. ეს ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ევროპულ ოჯახში ჩვენი ადგილი უნდა დავიმკვიდროთ. ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა, აქციებზე დგომით თუ ნებისმიერი სხვა გზით, გულისხმობს ყველა იმ პრინციპისა და ღირებულების გაერთიანებას, რაც მართლა ძვირფასია ჩვენთვის. აქ ვდგავართ არა იმიტომ, რომ გვეხალისება, არა იმიტომ, რომ ახალგაზრდები ვართ და ბევრი ენერგია გვაქვს (როდესაც ყოველდღე აქციებზე ვართ, ბუნებრივია, ფიზიკურად ვიღლებით), მაგრამ ჩვენ არავის დაძახება არ გვჭირდება, ყოველდღე 7 საათზე აქ ვართ, ყოველგვარი ორგანიზების გარეშე, ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე, ხალხი მართლაც თავისი ნებითა და ინიციატივით მოდის პარლამენტთან. ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ სიმბოლურ ლოკაციაზე ვიყავით, სადაც უნდა წყვეტდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ბუნებრივია, ჩვენი გულის ტკივილია, რომ ჩვენი გმირების სისხლი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში არის დაღვრილი და ვიბრძვით იმისთვის, რომ აღარასდროს მივუბრუნდეთ რუსეთს, ვიაროთ წინ, წინ ევროპისა და მომავლისკენ.

_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ, რომ თქვენ ხართ შეცდომაში შეყვანილები, კანონი წაკითხულიც არ გაქვთ და არ იცით, რას აპროტესტებთ, რას უპასუხებთ მათ? 

_ პოლემიკაში შევალთ მათთან, თუმცა ჩვენ ვიაზრებთ, რომ ამას აზრი არ აქვს. „ოცნებას“ პირდაპირი დირექტივა აქვს ივანიშვილისგან, მას კი ჩრდილოეთიდან აქვს დაკვეთა, რომ ეს კანონი უნდა გავიდეს. ამ ადამიანებს როგორ უნდა ვესაუბროთ? ქართული კანონიც გვაქვს წაკითხული, „ფარაც“ გვაქვს წაკითხული, ევროკავშირში რომ დავა მიდის, ეგ დავებიც მოსმენილი გვაქვს, ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ვხედავთ,  ევროკავშირის რეზოლუციებს ვხედავთ, ელჩების განცხადებებს ვისმენთ, გერმანის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადება მოვისმინეთ…  აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ ხნის განმავლობაში წვლილი შეიტანა ჩვენს ევროინტეგრაციაში, ყველა ამბობს, რომ ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროკავშირისგან და რუსეთად აქცევს. ჩვენ ამ განცხადებებით ვხვდებით, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ერთ აზრზე ვართ, რომ ეს კანონი ბოროტ მიზნებს ემსახურება. ერთადერთი, ვისაც ეს კანონი მოსწონს, არის რუსეთი, პუტინი, დუგინი, პესკოვი და მედვედევი. ძალიან დიდი კონტრასტი იგრძნობა, თუ რამდენად მართლები ვართ ჩვენ და რამდენად არასწორები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. 

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რისი წარმომადგენელია, რომელი პარტიის თუ ორგანიზაციის და ვინ რა მიზნებისთვის იბრძოდა ადრე. ახლა სულ სხვა საპროტესტო ტალღა წამოვიდა, სადაც ყველამ განზე გადადო საკუთარი ინტერესები და ის პრიორიტეტები, რაც აქამდე ჰქონდა. ფაქტობრივად, არათუ ქულებისთვის ვიბრძვით, აქ ჩვენს გადარჩენაზეა საუბარი.

_ აქციებზე ძირითადად ახალგაზრდები ხართ, რატომ ხდება ეს? თქვენ არ გინდათ, რომ პოლიტიკოსები შემოგიერთდნენ? თუ ასეა, როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკოსების ჩართულობის გარეშე შედეგის მიღწევა?

_ გვიფიქრია ჩვენც ამ საკითზე, ბოლო კვირამ პოლიტიკოსების გარეშე ჩაიარა. ასე ვთქვათ, სრულიად სტუდენტური და არა მხოლოდ სტუდენტური, სრულიად სახალხო მოძრაობა ჩამოყალიბდა, სადაც ჩვენ არ ვიყოფოდით პარტიებად, მოძრაობებად, იდეოლოგიებად და ამ ერთი მიზნის ირგვლივ გავერთიანდით. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ბუნებრივია, მათთან თანამშრომლობის გარეშე არ გამოვა. ვისთვისაც ამ ქვეყნის კეთილდღეობა და რა თქმა, უნდა დასავლური ღირებულებები მნიშვნელოვანია, მათთან თანამშრომლობა არათუ მოგვიწევს, არამედ გვინდა კიდევაც. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს ოქტომბერში და ჩვენ არჩევნებით უნდა დავამარცხოთ ის, მათ მაგივრად ვიღაც გვყავს მოაზრებული. იქ აქციებზე ვინც იდგა, ყველას სხვადასხვა პარტია აქვს მოაზრებული, ყველა სხვადასხვა პარტიას უჭერს მხარს, თუმცა, საერთო ჯამში, ეს მაინც არ გვყოფს ჩვენ და არჩევნებამდე მივალთ ერთობით.

_ ცდილობენ, დაგაბულინგონ იმით, რომ „ნაცებს“ გიწოდებენ და მათ მიერ დაფინანსებულებს, რამდენად მოქმედებს ეს, გაკომპლექსებთ? 

_ ვოლსკიმ თქვა, ყველა არ არის „ნაცი“, ზოგი არის შეცდომაში შეყვანილიო. არანაირად არ მოქმედებს, რაც უნდა თქვას კონკრეტულად გია ვოლსკიმ თუ ზოგადად მთელმა „ქართულმა ოცნებამ“, „ნაცების“ დაძახებით ვერ დაგვაკომპლექსებენ. ეს ბულინგი  ეფექტიანი იყო სხვა თაობის წინააღმდეგ და ისიც 2013-2015 წლებში. ახლა 2024 წელია. ეს ბულინგი ჩვენ წინააღმდეგ არაეფექტიანია, არანაირი პროპაგანდა ჩვენზე არ მოქმედებს. ჩვენ ჩვენი ბრძოლა, ჩვენი ღირებულებები გააზრებული გვაქვს და ვერავინ გადაგვარწმუნებს, რადგან ობიექტურად მართლები ვართ. რაც უნდა სიუჟეტები აკეთონ მთავრობის „ჯიბის ტელევიზიებმა“, ჩვენ ვერ დაგვაბულინგენენ, ჩვენ მაინც დავრჩებით გამარჯვებულები. „ნაცებს“ გვეძახიან ჩვენ, აქციებზე იდგნენ 10, 11 და 12 წლის ბავშვები, მეც არ ვარ დიდი ხნის, 18 წლის ვარ. ყველა ერთად ვართ დედების, მამების, ბებიებისა და ბაბუების თაობა და ერთი მიზნისთვის ვერთიანდებით. ჩვენ გვეძახიან „ნაცებს“ და შეცდომაში შეყვანილებს? დიახ, ჩვენ უკან დგას იდეა და მათ უკან დგას ფული.  ეს არის ჩვენ შორის განსხვავება.

_ შარშანდელმა აქციებმა შედეგი გამოიღო, რუსული კანონი უკან წაიღეს, ევროპამაც დაინახა ხალხის სულისკვეთება და მოგვცა კანდიდატის სტატუსი, ახლა რა  შედეგს ელოდებით მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში? კანონს უკან წაიღებენ?

_ ამ აქციების მოკლევადიანი შედეგი იქნება და ყველაზე ეფექტური, რისთვისაც ჩვენ თავს და ძალას არ დავზოგავთ _ „რუსული კანონის“ უკან წაღება. ჩვენ ყველაფერი გვაქვს გათვლილი, ყველაზე ცუდი შედეგებიც კი და ბუნებრივია, ამ ყველაფრისთვის ვემზადებით. გრძელვადიანი შედეგი იქნება ის, რომ რუსეთის სატელიტი მთავრობა აღარ გვეყოლება და გვეყოლებიან ადამიანური პიროვნებები ხელისუფლებაში, რომლებიც ხალხისთვის იქნებიან, ხალხისთვის იშრომებენ და მართლა იმ მიზნით მოვლენ, რომ ეს ქვეყანა კეთილდღეობისკენ და ევროკავშირისკენ წაიყვანონ, დასავლური ღირებულებებისკენ, სამართლიანობისკენ წარუძღვნენ. მდინარაძემ როგორც თქვა, ამ კანონის მიღებას შეიძლება, მთავრობები გადაჰყვევსო, კი, ბატონო, გადაჰყვება. ოქტომბრში ვნახავთ, რა შედეგებს მოუტანს ეს „ქართულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ პასუხს გასცემს ქართველი ხალხი მათ ახლაც კანონთან მიმართებით და მერე, ოქტომბერში არჩევნებზე,

_ რამდენიმე თვეში არჩევნებია, რა მოლოდინი გაქვთ, როგორ წარიმართბა ეს პროცესი ქვეყანაში?

_ მთავრობები იცვლებიან, ვერც ერთი მთავრობა ვერ დარჩება სამუდამოდ, რადგან იცვლება ეპოქა, გეოპოლიტიკური ვითარება. „ქართულ ოცნებას“ გაყალბების დიდი გამოცდილება აქვს და ბუნებრივია, მოლოდინი არსებობს, რომ ისევ შეეცდებიან გაყალბებას, თუმცა დგება მომენტუმი, როდესაც ვერანაირი გაყალბება ვეღარ შველის. რაც უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიწეროს მმართველმა ძალამ, ვერ შველის. როდესაც ხალხს ყელში ამოსდის ესა თუ ის მთავრობა, ძალიან მარტივად იცვლება ხოლმე მთავრობები.

ეს არის სწორედ ის დემოკრატია, რისთვისაც ვიბრძვით, მაგრამ ამათთვის ეს უცხოა, ამათ უნდათ, იყვნენ, იყვნენ და იყვნენ, როგორც არიან მათი ბატონები რუსეთში, სადაც კიდევ ერთხელ გაიმარჯვა პუტინმა და არავის შეაქვს ეჭვი იმაში, არჩევნები გაყალბდა თუ არა. ვიღაცები მოიშორეს და ვიღაცები არ დაუშვეს არჩევნებზე, აქეთკენ მივყავართ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემთ. _ იქნება გაყალბება? _ შევებრძოლებით გაყალბებას. იქნება მოსყიდვა? _ აუცილებლად შევეცდებით მათ მხილებას. იქნება შანტაჟი? _ ერთმანეთს გვერდით დავუდგებით მაქსიმალურად და არავის მივცემთ საშუალებას, შეაშინოს საქართველოს მოქალაქეები. ისეთი მზარდი იქნება ეს პროტესტი, როცა მათი მუქარა: „სკოლიდან გაგიშვებ, ბაღიდან გაგათავისუფლებ, აიპიდან, სიპიდან…“ _ უკვე აღარ იმოქმედებს. როცა ეს მოხდება, ეს იქნება უკვე „ქართული ოცნების“ დასასრული.