თამარ იარაჯული: „უკვე იმისიც მეშინია, რომ ჩემი ოჯახის წევრებს სხვანაირად არ გაუსწორდნენ“

ნენე ინჯგია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დედამ, თამარ იარაჯულმა, 20 იანვარს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სუიციდი სცადა.

აღნიშნულ თემაზე „მთავარმა არხმა“ სიუჟეტი მოამზადა, რასაც ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა და იარაჯული ტყუილში დაადანაშაულა.

იარაჯული უკვე წლებია, რაც საკუთარი შვილის უფლებებთან ერთად, იმ შშმ ბავშვების უფლებების დასაცვად იბრძვის, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს დღემდე გულგრილი დამოკიდებულება აქვს.

რა პრობლემების წინაშე დგანან შშმ ბავშვების მშობლები? არსებობს თუ არა შესაბამისი სერვისები ქვეყანაში? როგორ უპასუხებს მის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციებს?

ამ თემის შესახებ „ქრონიკა+“ შშმ პირის დედას, უფლებადამცველ თამარ იარაჯულს ესაუბრა:

_ ქალბატონო თამარ, რა პრობლემების წინაშე დგახართ შშმ ბავშვების მშობლები?

_ მგონი, ყველას გვყავს გარშემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნათესავი ან მეზობელი და მეტ-ნაკლებ ინფორმაციას ყველა ვფლობთ, რა ტანჯვას გადიან ჩვენნაირი ოჯახები. პროფესიით იურისტი ვარ და მას შემდეგ, რაც ჩემს შვილს აუტისტური სპექტრის დაიგნოზი დაუდგინდა გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემი შვილისა და ამ ადამიანებისთვის დამეთმო. ვიცავ ადამიანის უფლებებს, მიწევს ამ საშინელ სისტემასთან ბრძოლა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ჰქვია. როცა ამ უწყებას არ ესმის ჩვენი, რა თქმა უნდა, ყოველთვის პრემიერთან მივდივარ და ვითხოვ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები იყოს დაცული. თუ არ გვექნება ის საჭიროებები, რაც ჩვენს შვილებს აქვთ, ასეთ ვითარებაში უკვე ბევრი შემთხვევა დამთავრდება ცუდად.

_ კონკრეტულად, რა ტიპის პრობლემებს აწყდებით და რა ნაწილშია სახელმწიფო გულგრილი?

_ ნებისმიერი ადამიანისთვის კვება, მედიკამენტები და განათლება არის უპირველესი. კვება რომ შეძლო და მედიკამენტი შეიძინო, ამისთვის უნდა გქონდეს პენსია, რომლითაც შეძლებ თვიდან თვემდე თავის გატანას _ ყველამ ვიცით, რომ ეს პენსია არის თეთრები. ჩემი აქციების შემდეგ 25 ლარი მოუმატეს, მაგრამ მაინც არაფერს წარმოადგენს. ჩვენ მუდმივად ვითხოვთ პენსიის იქამდე გაზრდას, რომ მედიკამენტების ყიდვა შევძლოთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების 80%-ს ქრონიკული დაავადებები აქვთ. როცა ერთი მედიკამენტი 90 ლარი ღირს, როგორ წარმოუდგენიათ, რომ ამ ადამიანებს 250 ლარი ეყოფათ?! რატომღაც, „ოცნების“ ტროლ-ბოტებმა გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ჩემს პრობლემას ვაჟღერებ. რა თქმა უნდა, ჩემი პრობლემაც არის. მე 16-წლიანი მუშაობის სტაჟი მაქვს, 16 წლიდან ვმუშაობდი, მაშინ ჯერ კიდევ მე-8 საავადმყოფო ერქვა, სადაც ვმუშაობდი და ვსწავლობდი. ვინაიდან შვილს უდგინება რაიმე სახის დიაგნოზი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს რა დიაგნოზია, მშობელიც შეზღუდული შესაძლებლობის ხდები, რადგან ფიზიკურად არ არსებობს ქვეყანაში სერვისი, სადაც ბავშვს დატოვებ, შენ კი წახვალ, იმუშავებ და საკუთარ შვილს არჩენ და უმკურნალებ. აუტისტური სპექტრი ცალკე თემაა, რადგან მსოფლიომ აღიარა, რომ ყველაზე ძვირადღირებულია ამ ბავშვების მდგომარეობიდან გამოყვანა. თერაპიის ერთი სესია, რომელიც განვითარებაზე მუშაობს, ყველაზე მცირე, 40 ლარი ღირს 45 წუთი. ჩემს შვილზე პერსონალურ ინფორმაციას ავრცელებენ და ბინძურ კომენტარებს მიწერენ, რომ ჩემი შვილი ძალიან ბევრი სერვისით სარგებლობს. იმდენად გაუნათლებელი ტროლები და ბოტები ჰყავთ, რომ ვერც კი ხვდებიან, როგორ უნდა ისარგებლოს ჩემმა შვილმა იმ სერვისებით, რაც რეალურად საქართველოში არ არსებობს.

_ რას ემსახურება „ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი სახის ბულინგი თქვენი მისამართით?

_ ძალიან ბევრი რამით სცადეს ჩემი გაჩუმება, მათ შორის, მუქარით, სუს-ში დაბარებით. უკვე იმისიც მეშინია, რომ ჩემი ოჯახის წევრებს სხვანაირად არ გაუსწორდნენ. იციან ჩემი ბუნება, შემისწავლეს, ერთადერთი, რასაც მდგომარეობიდან გამოვყავარ, არის ჩემი შვილით ჩემზე მანიპულირება. სამწუხაროდ, ეს კარგად შეუძლიათ, მაგრამ ზუსტად ის ტკივილი მაძლიერებს შემდეგ და უფრო პრინციპულს მხდის, რომ ვიბრძოლო ბოლომდე. როდესაც ის ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, სახლში წამოვედი და გადავწყვიტე, რომ სამართლებრივად გამეგრძელებინა ბრძოლა მანიაკი ღარიბაშვილის მიმართ. როდესაც ნახეს, რომ სახლში ვიყავი, ზუსტად მაშინ დამარტყეს ჩემი შვილის მდგომარეობით. ის ინფორმაცია გაავრცელეს. ეს იმდენად კონფიდენციალურია, რომ ამაზე 157-ე მუხლით აღიძრა საქმე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? _ ასეთი აღძრული საქმეები უამრავია ჩვენს ქვეყანაში. ეს დარჩება ფურცლებზე, რადგან ვინმე ნიკოლეიშვილს არავინ აწყენინებს და, რა თქმა უნდა, ეს იყო ღარიბაშვილის შეკვეთა, რომ ლევან ნიკოლეიშვილს დააწერა ეს ყველაფერი. მე მას არ ვიცნობდი და არც ის მიცნობდა, ამიტომ არც დაესიზმრებოდა, რომ თამარ იარაჯულზე სტატუსი დაეწერა. რაც შეეხება ჩემს მეუღლეზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზეა, 3 წელია, რაც აღნიშნულ კორპორაციაში მუშაობს, სადაც უშუალოდ გომელაურისა და მაშინდელ პრემიერ კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით დაიწყო იქ სამსახური, რადგან მოვითხოვე _ ან უნდა მოეცათ საბუთი, რითიც დაადასტურებდნენ, რომ ჩემს შვილს ეს სახელმწიფო მკურნალობს და არ არსებობს ქვეყანაში სერვისები, ან უნდა დაესაქმებინათ ჩემი ქმარი, რომ მე თვითონ შემძლებოდა ჩემი შვილის მკურნალობა. ამ ორიდან ერთ-ერთს ვითხოვდი. მივედი სახელმწიფო კანცელარიასთან, ლაივი ჩავრთე და ვთქვი, რომ სახელმწიფო ატყუებს ევროპას, ეუბნება, რომ ყველა სერვისი გვაქვს. ან მომცემთ საბუთს, რითაც დაადასტურებთ, რომ ეს სერვისები არ გაქვთ, ან მომცემთ იმ სერვისებს, რასაც ვითხოვთ. გაბრიელს ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, აუტიზმის გარდა, ძალიან ხშირად კარგავს გონებას, რაც ვერ დაადგინეს საქართველოში. ამ ლაივის შემდეგ დამირეკეს, მითხრეს, რომ ჩემი ქმარი, ავთანდილი მისულიყო ნავთობისა და გაზის კორპორაციაში და დაასაქმებდნენ. მაში არ უთქვამთ, რომ სუსიდან მირეკავდნენ. ჩემი მეუღლე რაზეც არის დასაქმებული, ამის შესაბამისი განათლებაც აქვს. სწორედ მაშინ დასაქმდა ჩემი მეუღლე, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, რითაც საბანკო ვალდებულებას ვიხდით. რეალურად, ქუჩაში ვრჩებოდით. წლების წინათ დიდი იპოთეკური სესხი ავიღე. ამის დამადასტურებელი საბუთები მაქვს. ეს სესხი დამჭირდა ევროპაში ჩემი შვილის გამოკვლევებისთვის. მე ამაყი ვარ, რომ ჩემს ოჯახში სხვა კომპრომატები ვერ ნახეს. გარდა იმისა, რომ ჩემი ქმარი პატიოსნად მუშაობს, როგორც ნიკოლეიშვილი წერს, 4000 ლარი აქვს ხელფასიო, სინამდვილეში 3200 ლარს იღებს ხელფასის სახით. ამის ფონზე, თამარ იარაჯული ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებლის მიმდებარე კლდიდან რატომ ხტებოდაო, რომ ამბობენ, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მე მხოლოდ საკუთარი პრობლემებისთვის არასდროს მიბრძოლია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორსართულიანი სახლი მაქვს, მართლა შემიძლია ნებისმიერ ადამიანს დავუმტკიცო, რომ არის დღეები, როცა შეიძლება ბავშვს ვერ ვუყიდო რაღაც, რადაგან ჩემს ოჯახში ოთხი ოპერაცია ჩატარდა. ორი შვილი რეანიმაციაში მეწვინდა და თუ რამე დანაზოგი მქონდა, რაც ძალიან იშვიათად მაქვს ბოლო წლებში გაბრიელის მდგომარეობის გამო, ყველაფერი დავხარჯე. ნიკოლეიშვილივით ბინძური ფული არასდროს ამიღია და არ ავიღებ. მე ჩემი მეუღლის გამო დიდ მადლობებს ვუხდიდი კიდეც გომელაურს, რადგან გაითვალისწინეს ჩემი მოთხოვნა. გარდა ამისა, მაშინ, როცა გომელაური სუსის უფროსი იყო და სუსში დამიბარეს, მითხრეს, რომ გაბრიელს გაუშვებდნენ ევროპაში, უმკურნალებდნენ, რაზედაც ჩემი პასუხი იყო ერთადერთი, რაც ფაქტებით მიდევს კიდეც „ფეისბუქზე“, რომ მე არ ვიბრძვი მხოლოდ საკუთარი უფლებებისთვის, მათ ვუთხარი, რომ მომეცით მიწა და ამაშენებინეთ ცენტრი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, სადაც არა მხოლოდ გაბრიელი, არამედ ყველა ბავშვი იქნებოდა. მათ გადმომცეს მიწა, უნდა დაგვეწყო მშენებლობა, გერმანიიდან ჩამოვიყვანეთ, არქიტექტორი, ექსპერტები, ვისაც მსგავსი შენობები აუშენებია. ზუსტად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როცა ეს მიწა გადმომცეს, გავაკეთეთ დიდი პრეზენტაცია, მოვიდა მთელი „ქართული ოცნების“ გუნდი, წინსაარჩევნოდ გამომიყენეს. ჩემი პირობა მათ მიმართ არასდროს ყოფილა, რომ მიწას თუ მომცემ და ჩემს ქმარს დაასაქმებ, უფლებებისთვის ბრძოლას შევწყვეტ-მეთქი. ჩემს ქმარს ისედაც ეკუთვნის დასაქმება, ამ ქვეყნის მოქალაქეა. ჩემთვის მსგავსი რამ არც არავის უთქვამს და არც მე მითქვამს, რომ გავჩუმდებოდი. უშუალოდ სოსო გოგაშვილის პირით მელაპარაკებოდა გომელაური და არც გოგაშვილს უთქვამს არადროს ჩემთვის, რომ ამას რომ გაძლევთ, უნდა გაჩუმდეო. ეს ვერავინ გამიბედა, გარდა ნინო გიორგობიანისა, რომელმაც დამირეკა, ამონაწერიც შემიძლია მოგიტანოთ, მან მითხრა, რომ ძალიან ცუდად აქტიურობო, ჩვენმა ხელისუფლებამ მოგცა მიწა, გაქვს ყველანაირი შესაძლებლობა და გაჩუმდიო. რომ ვერ გამაჩუმეს და მეც მივხვდი, რომ მათ ეს ყველაფერი ჩემ გასაჩუმებლად გააკეთეს, ჩავრთე „ლაივი“, მივმართე გომელაურსა და ლილუაშვილს, რომ ეს ყველაფერი პირადი კეთილდღეობისთვის არ მჭირდებოდა და მათ ამ მიწას უკან ვუბრუნებდი, სადაც ამხელა მილიონიან შენობას ავაშენებდი, მიწასაც ვიყიდდი. შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრიდან, თუ როდის დავაბრუნე მიწა, _ ლისზე 3000 კვ.მ. მიწის ფართობი დავაბრუნე.

_ კონკრეტულად, რა მოთხოვნა ჰქონდა გიორგობიანს?

_ მან მითხრა, რომ სტატუსი უნდა წამეშალა, რომელიც მაშინდელ პრემიერს ეხებოდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ერთ-ერთი სერვისი გააუქმა, თუმცა უწყებამ არ მოგვისმინა, რის შემდეგაც პრემიერს მივმართე და ამის წაშლას ითხოვდა. გიორგობიანს ჩემთან სხვა მტრობა აქვს. სუსსა და გიორგობიანზე ისეთი ინფორმაცია მაქვს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს მისთვის, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულია. ალბათ, ეს აწუხებს გიორგობიანს.

_ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ინფორმაციას გულისხმობთ?

_ მე, როგორც უფლებადამცველს, ძალიან ხშირად მაკითხავენ ადამიანები, როდესაც მათი უფლებები ირღვევა. ერთ-ერთი ასეთი მოვიდა და მომიყვა, რომ მას დასდევს სუსი და უშუალოდ გიორგობიანმა ხელები უბრახუნა მაგიდაზე, რომ ის ავიწროებს, აშინებს, ეუბნება, რომ ფეისბუქი უნდა გააუქმოს. ეს ადამიანი ვიღაც არ არის, მას პირიქით, უნდა უფრთხილდებოდნენ. ეს ვიდეოჩანაწერი მაქვს, რადგან შემეშინდა. მსგავს საკითხებში არ ვერევი ხოლმე, ჩემი ინტერესი არის მხოლოდ შშმ ბავშვები და ადამიანების უფლებების დაცვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მეც გავისვარე და ახლა მათთან მიწევს ბრძოლა, რაც ყველაზე მეტად მაზიანებს მეც და ჩემს ოჯახსაც. მე „ლაივი“ გავაკეთე და ვთქვი კიდეც, რომ გიორგობიანი არის ის ადამიანი, რომელმაც ჩემ მიმართ დაიწყო ეს კამპანია. როგორც კი გიორგობიანზე, ჯღარკავაზე, ლილუაშვილსა და გომელაურზე დავწერე სტატუსი, რომ ვიწყებ შიმშილობას, სანამ ისინი არ დატოვებენ თანამდებობას ან არ დამიმტკიცებენ, რომ მე ჩემი ქმრის ხელფასის გარდა სხვა შემოსავალიც მაქვს, რომელიც მთლიანად იპოთეკურ სესხში მიდის, მანამდე ვიშიმშილებ-მეთქი. სწორედ ამის მერე დაწერა ნიკოლეიშვილმა ჩემზე სტატუსი, შემომივარდნენ, მაგინებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ნინო ჯღარკავას სახელი და გვარი წამეშალა და დანარჩენი დამეტოვებინა. სამწუხაროდ, ნინო ჯღარკავა ჩემი მეგობარი იყო, პატივს ვცემდი, ახლა მრცხვენია, რომ მას ჩემი მეგობარი ერქვა. ბევრი მეუბნებოდა, რა კავშირი გაქვს ასეთ ადამიანთანო და მართალიც აღმოჩნდნენ, რადგან გარეწარი და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი ყოფილა. ნინო ჯღარკავამ, სწორედ, მაშინ დამბლოკა, როცა კახა კალაძეს აქცია გავუმართე აუტიზმის პროგრამის ფასების გაზრდაზე. ჯღარკავამ იცოდა ის, რაც ბევრმა არ იცოდა და საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რომ ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, პერიოდულად გონებას რომ კარგავდა და სასწრაფოთი ძლივს ვასწრებდით, რომ გული აგვემუშავებინა. მტრის შვილი რომ იყოს, ისიც კი მიყვარს. მე არასდროს შევეხები მათ შვილებს. რატომ მომექცნენ ასე, არ ვიცი, მაგრამ ღირსი ვარ, რადგან იმდენად ცნობილი სახე იყო და როგორც ნაძირალა, თავის დროზე უნდა მომეცილებინა თავიდან, რადგან დღეს ძალიან დიდ ტკივილს მაყენებენ ამ ყველაფრით.

_ თქვენზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დავალებას ასრულებთ, _ რას უპასუხებდით მათ, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს?

_ გოგაშვილმა როგორ უნდა დამავალოს მე რამე ან როგორ უნდა მაკადროს, საერთოდ რაში მჭირდება გოგაშვილის დავალება, როცა სახლში ასეთი მძიმე მდგომარეობა მაქვს? გოგაშვილსა და, საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს თუ დასჭირდება, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დახმარება და ამას მთხოვს, მე აუცილებლად დავეხმარები ნებისმიერს. სადღაც წავიკითხე, რომ გოგაშვილი ფულს უხდისო, ჩემი საბანკო ვალდებულება საჯარო გავხადე. მე რომ ფულს მიხდიდეს ვინმე, ამხელა ვალდებულება მექნებოდა? გოგაშვილს ჩემთვის თეთრი არ აქვს ჩარიცხული, შემიძლია ამის ამონაწერი საჯარო გავხადო, მით უმეტეს, მე არავის თოჯინა არ ვარ, რომ რამე მიკარნახოს. გურიაში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც დარჩა 16 წლის შშმ ბავშვი, მამამ დამირეკა და მითხრა, რომ ამ ამბავს შვილს ვერ ეუბნებოდა, ეს ქალი კი გარდაიცვალა იმიტომ, რომ 10 დღის შემდეგ გაუკეთეს Pჩღ ტესტი, ფილტვები უკვე საერთოდ გადამწვარი ჰქონდა. ამ ამბის შემდეგ მთელი ღამე ტირილში გავატარე. როცა გავიღვიძე, გაბრიელმა კეფაში ჩამარტყა, რადგან რომ ვტირი, არ უყვარს, უცებ ავდექი და წავედი კლდესთან. ვინც განათლებულია და ჩემს სტატუსებს თანმიმდევრულად წაიკითხავს, მიხვდება და ჩემი ბევრი მეგობარი მიხვდა, _ შენ თეონაზე ინერვიულე და ამიტომ ხტებოდიო. რა შუაშია აქ გოგაშვილი? კლდეში ვიყავი ჩაჩეხილი. რას მეუბნებიან, რომ გოგაშვილის გამო თავს ვიკლავდი და შვილს უდედოდ ვტოვებდი? _ ამაზე დიდი უგუნურობა ხომ არ არსებობს. მინდა, ჟურნალისტებს ვთხოვო, საჯარო სოლიდარობა გამოუცხადონ ამ სამ მოთხოვნას, რადგან ეს აუცილებლად უნდა შევასრულებინოთ მანიაკ ღარიბაშვილს, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო საქართველოს ბიუჯეტ. მათ უნდათ, რომ თემა გადაფარონ და მთავარი მოთხოვნებიდან ყურადღება გადამატანინონ. ეს სამი მოთხოვნააL პენსიების გაზრდა, საყოველთაო ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტში გათვალისწინებული უნდა იყოს შშმ პირების გამოკვლევა, მკურნალობა და მედიკამენტები, ასევეზამთარის პერიოდში, სანამ ყინვებია, სამი თვის განმავლობაში ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ გაეთიშოს არც ერთ შშმ ოჯახს.