აფხაზეთი ყირიმის სანაცვლოდ? – სად აპირებენ დასვენებას რუსი ბობოლა ჩინოვნიკები?

ირინა მაკარიძე

რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის ხელმძღვანელობით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ჩასვლას საქართველოს ხელისუფლება დუმილით ხვდება.

უკრაინაში აგრესიული ომის პარალელურად, რუსეთმა მოიცალა და წარმომადგენლობითი დელეგაცია გაგზავნა აფხაზეთში, რათა იქ რუსეთის სამთავრობო ინვესტიციით რეაბილიტირებული ობიექტები და ბიჭვინთაში მასშტაბური სასტუმროს ასაშენებელი ტერიტორია მოენახულებინა. ბოლოს კი რუსეთის ვიცე-პრემიერმა სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებაც გააკეთა განცხადება. ამ ამბებს წინ უძღოდა ორი კვირით ადრე სოხუმში გამართული საპროტესტი აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთაში ობიექტების გადაცემის შესახებ შეთანხმებისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაუქმება იყო.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი:

_ ეს არის რუსული ცინიკური პოლიტიკის გაგრძელება, რაც ხდება საქართველოს ხელისუფლების დუმილის ფონზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერმა სოხუმში ვიზიტის დროს მოინახულა დანგრეული ბაბუშერის აეროპორტი. განაცხადეს, რომ უნდა ააშენონ ახალი აეროპორტი. იმის ფონზე, რომ რუსეთმა ჩვენთან აღადგინა ფრენები, უვიზო რეჟიმი, ჩვენს მთავრობას იმის ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, შეახსენოს, ამ ფრენების აღდგენა რა კრიტიკისა და დაპირისპირების ფასად დაუჯდა და თუნდაც ამის გათვალისწინებით, არ გადადგას საქართველოსთვის მიუღებელი ნაბიჯები. მაგრამ, არა!
პრაქტიკულად, რუსეთს, ერთი მხრივ, პრეტენზია აქვს, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა იფრინონ ქუთაისში, ბათუმში, თბილისში და, მეორე მხრივ, აღადგენს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ სოხუმში აეროპორტს.
რაც შეეხება ბიჭვინთაში სასტუმროს მშენებლობის საკითხს, აღსანიშნავია, რომ ადგილი ბიჭვინთაში, სადაც ჩასული იყო რუსეთის ვიცე-პრემიერი, არ არის ის სადავო მიწა, რომლის რუსეთისათვის გადაცემასაც აფხაზეთში აპროტესტებენ. ეს ვიზიტი ოფიციალურად არ ეხებოდა იმ ტერიტორიებს, რომელსაც რუსეთი ითხოვს სამთავრობო აგარაკების ასაშენებლად. ადგილი, რომელიც ვიცე-პრემიერმა მოინახულა, ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის ინტერესებშია და იქ სასტუმროს აშენება იგეგმება. ეს არ იწვევს ადგილობრივების მღელვარებას, რადგან კერძო საკუთრებაა და აქ არ არის საუბარი ტყეებისა და მიწის მითვისებაზე. ასეთი სასტუმროები იქ სხვაც არის. იჯარით არის მიწა აღებული და თეორიულად, მიწის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს. თუმცა ეს მაინც არის პრობლემა. ის ბიზნესმებები, რომლებიც აქ ინვესტიციას დებენ და კერძო სასტუმროებს აშენებენ, თუ ეცოდინებათ, რომ ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემთხვევაში, მათ საკუთრებას საფრთხე შეექმნება, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ასე არ მოხდეს. ასეთი სასტუმროები ძალიან ბევრია გაგრასა და სოხუმში.
მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერმა მოინახულა მათი დაფინანსებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს ნიშნავს, რომ გრძელდება აფხაზეთის ათვისება რუსეთის მიერ. ქართული მხარე კი ამ დროს ჩუმადაა, არაფერს აპროტესტებს.
_ რაც შეეხება ბიჭვინაში სამთავრობო აგარაკების ასაშენებლად რუსეთისთვის მიწის გადაცემის საკითხს, რა ეტაპზეა ეს საქმე?
_ ცოტა ხნის წინ იყო ამ საკითხზე სოხუმში დიდი აქცია, ჯერჯერობით ეს თემა გაჩერებულია. რუსეთმა ვერ მიაღწია თავისას და პარლამენტი არ განიხილავს ამ საკითხს, არ ახდენს რატიფიკაციას, რომ დაუკანონოს რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიის დიდი ნაწილი. საუბარია ტყესა და სანაპირო ზოლზე. შესაძლოა, ვიცე-პრემიერის ეს ვიზიტიც ემსახურებოდა ამ საკითხს, რომ დაარწმუნოს აფხაზები, ხმა მისცენ ამ საკითხს და რატიფიცირება მისცენ ამ შეთანხმების, მაგრამ, ჯერჯერობით, ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
_ რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინაში აგრესიული ომითაა დაკავებული, ამ დროს იცლის, ვიცე-პრემიერი გამოაგზავნოს აგარაკებსა და სასტუმროებზე სალაპარაკოდ?
_ ომის დროს გადაწყვიტა პუტინმა, მიეთვისებინა ბიჭვინთის ეს ულამაზესი ნაწილი. ომის დროს ხდება ეს ყველაფერი, ასე რომ, თუ პუტინმა მოიცალა ამისთვის, მით უფრო, რუსეთის ვიცე-პრემიერი მოიცლიდა ამ საკითხისთვის. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც კი იყო ჩასული ამ თემაზე ოკუპირებიულ აფხაზეთში. ყველამ გააჟღერა, რომ ეს პუტინის პირადი ინტერესია, მიუხედავად ამისა, პარლამენტმა მაინც არ მოისურვა ანგარიშის გაწევა.
რუსეთი ატყობს, რომ აგებს ომს უკრაინაში. მას უნდა, დაიტოვოს რაღაც ტერიტორიები, შეინარჩუნოს ყირიმის დაცვლად. იმედი მაქვს, უკრაინა მალე დაიბრუნებს ყირიმს, თუმცა ეს მოხდება თუ არა, ამის მიუხედავად, ყირიმი მაინც არ არის ის ადგილი, სადაც რუსმა ბობოლა ჩინოვნიკებმა შეიძლება კარგად დაისვენონ. არაერთხელ დაიბომბა უკრაინის მიერ და შეიძლება ისინიც აღმოჩნდნენ სამიზნე, ამიტომ ეძებენ მშვიდ ნავსაყუდელს დასასვენებლად. ბიჭვინთა ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, ამიტომაც ომის დროს მოინდომეს ბიჭვინთის მითვისება, მე ამაში ლოგიკას ვხედავ.
_ ის, რომ აფხაზები აპროტესტებენ გარუსების მცდელობას და ერთგვარ წინააღმდეგობასაც კი უწევენ რუსეთს, არის თუ არა ეს საქართველოსთვის როგორღაც დამაიმედებელი ფაქტი?
_ ის, რომ აფხაზები გარუსებას აპროტესტებენ, ჩვენთვის საიმედო ვერ იქნება, ვიდრე საქართველოს არ ექნება აფხაზეთთან მიმართებით მკაფიო პოლიტიკა. ისინი გარუსების პოლიტიკას აპროტესტებენ თავის სასარგებლოდ, ფიქრობენ, რომ ამით თავიანთ სუვერენიტეტს იცავენ. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს მომავალში, მაგრამ არა დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება ამას იგნორირებას უკეთებს და არ ცდილობს, ირიბად მაინც, დაეხმაროს მათ, თუნდაც იმით, რომ განაცხადოს, _ საქართველოსთვის მიუღებელია რუსეთის ჩართულობა აფხაზური საზოგადოების ინტერესებში, რომ მიუღებელია მიწების მითვისება, იძულება, რომ კანონები შეიცვალოს. ჩვენ არ ვაკეთებთ ასეთ განცხადებებს და მსოფლიოს არ ვატყობინებთ ამ ამბებს. აფხაზეთის ხმა ძალიან სუსტია მსოფლიოში, ჩვენი ხმა კი უფრო მკაფიოა და შეგვიძლია გავაძლიეროთ ის შიშები, რაც აფხაზებს აქვთ რუსების მიმართ, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ.
_ რამდენად შესაძლებელია, რომ თუნდაც უკრაინასთან დამარცხებულმა რუსეთმა ნებით დათმოს აფხაზეთი?
_ ეს შეუძლებელია, რუსეთი არასდროს დაგვიბრუნებს თავისი ნებით არაფერს. საქართველომ უნდა მოახერხოს აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის შედეგად, დააინტერესოს ისინი, რომ ჩვენი ქვეყანა მათთვის არის სანდო სახელმწიფო, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ. სომხეთი არის ამის მაგალითი, რომელიც 30 წელი ელოდა, რომ თუ აზერბაიჯანი თავს დაესხმებოდა, რუსეთი დაიცავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რუსეთი არის გადამგდები სახელმწიფო. ამიტომ ვინც ავრცელებს მოსაზრებებს, რომ რუსეთმა შეიძლება დაგვიბრუნოს აფხაზეთი, ის არის ამორალური ადამიანი და პოლიტიკოსი. ან მათ არ იციან, ან, უარესეს შემთვევაში, იციან, რომ რუსეთი ამის გამკეთებელი არ არის და მაინც ატყუებენ ქართულ საზოგადოებას. ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსები იზრდება, არაერთმა ადამიანმა გააკეთა ხელისუფლებიდან ასეთი განცხადება.
_ ცოტა ხნის წინ პრემიერი გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც იგი შეხვდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. რას იტყვით ამ შეხვედრის შესახებ?
_ მე მგონი, ძალიან მკაცრი საუბარი იქნებოდა, დაახლოებით იმ პათოსის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტში. ვფიქრობ, პრემიერი ძალიან მკაფიო გაფრთხილებას მიიღებდა, რომ თუ საქართველო არ შეწყვეტს რუსეთთან ფლირტს და პრორუსულ პოლიტიკას, ევროპა ძალიან მკაცრად შეახსენებს, რომ ევროპას არ სჭირდება რუსული საქართველო. ევროპას სჭირდება ევროპული საქართველო. მგონია, რომ საკითხი დაისმებოდა ამგვარად, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი _ ან ევროპა, ან რუსეთი, ეს თქვენი გადასაწყვეტია, სხვა თქვენ ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერანაირად ვერ მიიღებს. კანცლერი პრემიერს აუცილებლად დაულაგებდა ფაქტებს, რის გამოც ჩვენ მიგვაჩნია, რომ თქვენ ზურგს აქცევთ ევროპას. ზურგის შექცევა გინდათ? კი, ბატონო, თქვენ ნახავთ, რას ნიშნავს ზურგის შექცევა _ ვფიქრობ, დაახლოებით ასეთი საუბარი იქნებოდა.
_ რამდენად საფუძვლიანია შიში იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს საბოლოდ მოუხდება უარის თქმა თავის დაკარგულ ტერიტორიებზე?
_ ეს არის ბოდვა. აშკარად პრორუსული ძალები აგორებენ ამ კამპანიას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, კიშინიოვში ვიზიტისას პირდაპირ უთხრა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს, რომ მოუგვარებელი კონფლიქტი დნესტრისპირეთში არ იქნება ფაქტორი მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების. ცალსახაა, კვიპროსიც გაწევრიანდა ევროკავშირში ისე, რომ მოგვარებული არ არის ტერიტორიული კონფლიქტი. მეტი რა ფაქტები გვინდა? მაგრამ ადამიანებს უფრო სჯერათ მითებისა და ლეგენდების, ვიდრე რეალობის.
_ და ამ რეალობიდან გამომდინარე, რისი თქმა შეგიძლიათ, რა გზას ადგას დღეს საქართველო?
_ ჩვენ ვადგავართ რუსეთის გზას, ჩვენ არ მივდივართ ევროპასა და ნატო-ში. ამას ცალსახად ხედავენ ევროპაში. დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, თქვენ იტყუებით, თქვენ ნაბიჯებს არ დგამთ ევროპისკენ. ეს იგივეა, რომ ვამბობდე, მივდივარ ქუთაისში და მივდიოდე თელავში, ე. ი., ჩემი სიტყვები არაფერს ნიშნავს, რადგან არის ჩემი მოქმედების საწინააღმდეგო. ამიტომ გვეუბნებიან, _ თქვენ ნაბიჯებს დგამთ საწინააღმდეგო მიმართულებით, ამიტომ თუ თქვენ არ შეცვლით პოლიტიკას, ევროკავშირი თქვენ არ დაგეხმარებათ, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოს მხარდაჭერას. ეს არის ძირითადი კონცეფცია, რისი თქმაც უნდოდა ევროკავშირს საქართველოსთვის.
_ რამდენად ხედავთ ხელისუფლების ალტერნატივას არსებულ ოპოზიციაში და ჩანს თუ არა 2024 წლის არჩევნებში ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა?
_ სამწუხაროდ, ოპოზიცია ძალიან სუსტია და ვერ ვხედავ მასში ალტერნატივას. იმედია, რამე შეიცვლება 2024 წლამდე. ოპოზიციის ვერანაირ სტრატეგიას ვერ ვხედავ, რომელიც შეიძლება წარმატებული იყოს. თუ „ქართული ოცნება“ ისევ გაიმარჯვებს და ამის შანსები მაღალია, მიზეზი იქნება ის, რომ ოპოზიციაა ჩამოუყალიბებელი, რომ ამომრჩეველს არ ექნება არჩევანი, ვინ აირჩიოს, თუ „ქართული ოცნება“ არ უნდა.
_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ მას აქვს „გამარჯვების გასაღები“, რის შემდეგაც „ლელომ“ მესამე ცენტრის შექმნა დააანონსა, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ძალიან კარგი იქნება, თუ „ლელო“ გააკეთებს ამას. რისი გასაღები უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, წარმოდგენა არ მაქვს, თვითონ იშლება, რამდენმა ადამიანმა დატოვა პარტია და არ ვიცით, კიდევ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, მხედველობაში მაქვს ნიკა მელიასა და მისი ჯგუფის პოზიცია. ძალიან სასაცილო და სამწუხაროა, რომ ასე თავდაჯერებულია პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, თვალში ნაცარს აყრის თავის ამომრჩეველს. არანაირი გასაღები მათ არ აქვთ. რატომ უნდა მისცეს მას ხმა ამომრჩეველმა? როდესაც 2020 წელს გაიმარჯვეს, მაშინვე გამოაცხადეს, პარლამენტში არ შევდივართო. რად მინდა პარტია, რომელიც პარლამენტში არ შედის? საკუთარი თავისთვის იპოვონ ჯერ გასაღები. ასე რომ, მიმაჩნია, ოპოზიცია თუ მაქსიმალურად შეეცდება, ცალკე შექმნას ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად.