ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
2025-06-26 05:51:23
ირინა მაკარიძე
ენმ-ს თავმჯდომარის მეუღლის გატაცებისა და მისთვის მონანიების ვიდეოს ჩაწერის იძულების შემდეგ გამოვიდა თინა ბოკუჩავა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი კეთდება მათზე ზემოქმედების მიზნით. მიუხედავად ამისა, არ ეშინია და მაინც არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. „ლელო _ ძლიერი საქართველო“ კი აცხადებს, რომ უბრძოლველად დანებებას არ აპირებს და ერთიანობის პირობებში არჩევნებში შესვლასა და დიდი ქალაქების „გამოგლეჯის“ შანსზე საუბრობს.
„კოალაცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები ყველაფერს ბოიკოტს უცხადებენ, ოთხი ლიდერიდან სამი უკვე წინასწარ პატიმრობაშია აბსურდული ბრალდებით, ელენე ხოშტარიას კი ჯერჯერობით ჯარიმებს აკმარებენ, თუმცა ადმინისტრაციული პატიმრობით მანაც თითქმის ორი კვირა გაატარა ციხეში. გახარიას პარტია ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და წინაპირობის გარეშე აპირებს არჩევნებში შესვლას. გახარიამ კომისიაზე მისვლით თითქოს აირიდა ციხის პერსპექტივა, რითაც მას ივანიშვილი დაემუქრა, თუმცა „ოცნებას“ არ გაუჭირდა სხვა საბაბის მოძებნა. თუ ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან ერთი ნაწილისთვის ადგილობრივ არჩევნებში არმონაწილეობის არგუმენტია ის, რომ მათი აზრით ივანიშვილი ოპოზიციის არჩევნებში ჩართვას ცდილობს და ამიტომ ახდენს ზეწოლას, მეორე ნაწილი საპირისპიროს ამტკიცებს, _ აცხადებენ, რომ ივანიშვილისთვის სულერთია, ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მისი მიზანი ყველას დაჭერაა, ამიტომ უნდა იბრძოლონ. ფაქტია, რომ ბარიერგადალახული პარტიების ლიდერების ერთი ნაწილი უკვე ციხეშია და იგივე ემუქრება დანარჩენსაც.
კითხვაზე, _ რომელი მხარეა მართალი და, რეალურად, რა სურს ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, მათ ხელს აძლევთ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა თუ აშინებთ? _ ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
_ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავცდით იმ რეალობას, როდესაც ადამიანები ემოციებით იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, პოლიტიკაში, და მერე ეძებენ არგუმენტებს თავისი პოზიციის გასამართლებლად. ისინი პოზიციას არგუმენტების საფუძველზე კი არ აყალიბებენ, პირიქით, ჯერ პოზიციას აფიქსირებენ და შემდეგ ცდილობენ, რომ თავისი პოზიცია გაამართლონ არგუმენტაციით. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, თეორიულად, ორივე გზა შესაძლებელია _ შეიძლება ბოიკოტითაც მიაღწიო შედეგს და შეიძლება _ საარჩევნო გზითაც, მთავარია, რომ ორივე გზას რაღაც განვითარება ჰქონდეს. ამოცანა ის კი არ არის, რომ, უბრალოდ, რაღაც ვაკეთოთ, ამოცანა არის, რომ შედეგიანი იყოს ეს ჩვენი ბრძოლა. შედეგი უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის დაბრუნება ნორმალურ, ევროპული განვითარების გზაზე. რომელი გზაც მიგვაღწევინებს მიზანს, იმ გზას უნდა დავადგეთ. განვიხილოთ ორივე.
1. ბოიკოტი: წარმოვიდგინოთ, რომ ყველა პარტია წავიდა ბოიკოტში, გასაგებია, ხელისუფლება რასაც გააკეთებს. რამდენიმე პარტია მოიძებნება, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ხელისუფლება ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ყოველგვარი გაყალბების გარეშე მოიგებს არჩევნებს და ეყოლება რამდენიმე სატელიტი. ეს არის რუსული ტიპის სუვერენული დემოკრატია, რაც არის ხელისუფლების მიზანი. ივანიშვილს უნდა, რომ იყოს დომინანტური ერთი პარტია, მისი პარტია და ჰყავდეს სატელიტეტი, ეს არის რუსული დემოკრატიული მოდელი. შესაბამისად, თუ ჩვენ წავედით ყველანი ბოიკოტში, იქ „გირჩმა“ და კიდევ რამდენიმე პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და დაჯდა შედეგი, დავუშვათ, 75/25-ზე, რას ვშვრებით ჩვენ ამის შემდეგ? ბოიკოტით რა მიზანს ვაღწევთ? თუ ხელისუფლების დელეგიტიმაციაზეა საუბარი, ხელისუფლება, დასავლური გაგებით, ისედაც არალეგიტიმურია უკვე. ხელისუფლებას ეს შეიძლება დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ამის გამო ის სახლში წამსვლელი არ არის. ჩვენ ბოიკოტიდან როგორ ვცვლით ხელისუფლებას? _ ამ კითხვაზე პასუხი არ არის ბოიკოტის მომხრეების მხრიდან. პატივსაცემია, რა თქმა უნდა, პიროვნული გმირობები, რომ თვითონ მიდიან ციხის კართან, მაგრამ, მეორე მხრივ, რა პრობლემებს უქმნიან ამით ხელისუფალს? კი, ბატონო, დელეგიტიმაცია გავიგეთ, მაგრამ დელეგიტიმაცია ხომ არ არის მიზანი? დელეგიტიმაცია არის საშუალება იმისა, რომ მის საფუძველზე მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით და ხელისუფლება შეცვალოს. თუ ჩვენ კონსოლიდაციის უნარები არ გავაჩნია. ამ თვეებმა ეს აჩვენა და ხელისუფლება ფიზიკურად გჩაგრავს, ხელისუფლება, რომელიც ძალაზე ჩამოდის ფსონს, ის ყოველთვის მოგერევა. ის დასავლური სტანდარტის ლეგიტიმაციაზე კი არ ფიქრობს, რუსული სტანდარტის ლეგიტიმაცია აკმაყოფილებს. ისინი იტყვიან, _ რამდენიმე პარტიამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ვიღაც რადიკალებმა არ მიიღეს, ბოიკოტი გამოაცხადეს, მაგრამ აი, დემოკრატია არის, არ გამიყალბებია არაფერი, ხუთმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა, მე მივიღე 75 პროცენტი, იმათ გადაინაწილეს 25 პროცენტი. ეს პარტიებიც დაადასტურებენ, რომ არჩევნები ჩატარდა იდეალურად. კი, ბატონო, იქნება კრიტიკა. მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლება ამის შემდეგ, დასავლეთი არ ცნობს ამ ხელისუფლებას. დღესაც არ ცნობს, რა შეიცვლება? _ არაფერი. ვინმეს ილუზია აქვს, რომ ხელისუფლება ამის შემდეგ ადგება და წავა? არ წავა! ეს ბოიკოტში მყოფი პარტიები როგორ აიძულებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, წავიდნენ? _ აქ არის მთავარი კითხვა. რა გზით აკეთებენ ამას, როდესაც თვითონ აღიარებენ, რომ არ აქვთ იმის ძალა, რომ ხელისუფლება შეცვალონ და ციხეში თავის ფეხით მიდიან?
_ მათ აქვთ თავისი არგუმენტები, საუბრობენ სანქცირებაზე, ბრიტანეთის სანქციებზე, ფინანსური სანქციების საჭიროებაზე და ა. შ.
_ კი, ბატონო, იქნება სანქციები. მერე რა ხდება? ისევ დასავლეთის იმედზე ვრჩებით? დასავლეთს შეუძლია მხოლოდ დაგვეხმაროს, შიდა პოლიტიკური პროცესის ორგანიზება თუ ვერ მოხერხდა, დასავლეთი ინტერვენციას ხომ არ დაიწყებს ამ ქვეყანაში?! სანქციები გამოიწვევს იმას, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო დაუახლოვდება რუსეთს, ჩინეთს, მაგრამ სახლში არ წავა. და ჩვენ როგორ ვაღწევთ შედეგს? ეს არის ბუნდოვანი. თუ ამას ვინმე აგვიხსნის... ჯერჯერობით, ეს არავის აუხსნია. აგვიხსნან. დელეგიტიმაცია და სანქციები არის ინსტრუმენტი და არა მიზანი.
_ მათი არგუმენტი ასეთია, რომ ამ პირობებში, როდესაც პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში აბსურდული ბრალდებებით და აპირებენ კიდევ სხვების დაკავებას, ამ ვითარებაში, როდესაც არ იქნებიან დამკვირვებლები, მიმდინარეობს შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, ამაზე რას იტყვით?
_ იმის არგუმენტები, თუ მეორე გზა (არჩევნებში მონაწილეობის) რატომ არის ცუდი, ბევრი არსებობს, მაგრამ შენი გზა რომ შედეგზე მიგიყვანს, ამაზე არ უნდა ილაპარაკო? ბოიკოტს როგორ მივყავართ შედეგამდე, ეს გვითხრან. ამას არ გვეუბნებიან. გვეუბნებიან, რომ სხვა გზა ცუდია. შენი გზა რატომ არის კარგი, ესეც გვითხარი და როგორ მივდივართ შედეგამდე? აქ არის ბუნდოვანება.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, ანუ მეორე გზას, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად უსამართლო გარემო, რა თქმა უნდა, გაყალბების, მამაძაღლობის, შეშინებისა და ა. შ. უამრავი ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, უარს არაფერზე იტყვის, ნამუსი არ აქვს. ყველაფერს გამოიყენებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მომენტში, მაგრამ აქ ჩნდება მცირე შანსი. მე არ ვამბობ, რომ ეს ისეთი გზაა, რომელიც აუცილებლად შედეგამდე მოგვიყვანს, მაგრამ საქმე ისაა, რომ არჩევნების დღე არის ერთადერთი დღე, როდესაც ძველი ხელისუფლება ხელისუფლება აღარ არის და ახალი ჯერ არ არის მოსული და ძალაუფლება არის ხალხის ხელში.
_ ეს ხომ არ არის საპარლამენტო არჩევნები, ადგილობრივი არჩევნებია...
_ რა მნიშვნელობა აქვს? გინდა, ადგილობრივი არჩევნები იყოს, მაგალითად, თბილისის მერი არ არსებობს იმ დღეს, ტარდება არჩევნები, ვირჩევთ ახალ მერს. რა თქმა უნდა, უსამართლო გარემოა და ა.შ. მე ყველა არგუმენტს ვიზიარებ, რასაც ამბობენ: „დამკვირვებლები არ იქნებიან და აზრი არ აქვს“. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ, ხალხი რას ვაკეთებთ?! კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თუ ვიღაცა აყალბებს არჩევნებს, ხალხს აქვს უფლება, დააბრუნოს ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში. ძალაუფლება იმ დღეს ხალხს აქვს ხელში. კეთილი ვინებოთ, ყველა ჩვენგანმა, ხალხმა, პარტიებმა კი არა, პარტიებს რა შეუძლიათ, ეს უკვე გავიგეთ, - არაფერი არ შეუძლიათ. შესაბამისად, ჩვენ, ხალხმა, ის 24 საათი უნდა გავათენოთ, არ უნდა გავაბედინოთ ხელისუფლებას, რომ გაყალბებული ბიულეტენები გამოიტანოს უბნებიდან. აი, ეს უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენ ბრძოლისუნარიანები ვართ და შეგვიძლია ბრძოლა. ეს ჩვენი უფლებაა და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენი მიცემული ხმა დავიცვათ. ეს არის შანსი! თუ ხელისუფლება მაინც „იმამაძაღლებს“, ამის შემდეგ პირდაპირი დემოკრატიის აქტი იწყება. ამ შემთხვევაში ხალხს აქვს უფლება, ისეთი ხელისუფლება მოიშოროს, რომელიც აყალბებს არჩევნებს. ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, პირდაპირი დემოკრატიის აქტი. ჩვენ თუ ვლაპარაკობთ რევოლუციურ გზაზე, ანუ არასაარჩევნო გზაზე, არასაარჩევნო გზის დასაწყისიც არჩევნებია. პარადოქსია, ხომ? მაგრამ იმ დღეს ენიჭება ეს უფლება ხალხს, თორემ ნებისმიერ სხვა დროს, სხვა მონენტში, რაღაცა კრიზისის ესკალაცია ხელისუფალს ყოველთვის აძლევს იმის შანსს, რომ თქვას, „აი, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ“. არჩევნების დღეს ამას ვერ გააკეთებს, თუ არჩევნები გააყალბა, რადგან ზუსტად ის იქნება სახელმწიფო გადატრიალების ინიციატორი, თვითონ ხელისუფლება და ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, იქნება უფლებამოსილი, რომ ხელისუფლება ჩამოიშოროს ძალაუფლებიდან.
ბოიკოტი კი მორალურად სწორი პოზიციაა. მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოიკოტის მომხრეა, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო, კი, უთანასწორო ბრძოლაა, გასაგებია, რომ შანსი მცირეა, მაგრამ როცა შენ სამშობლოს იცავ, იმის გამო, რომ ბრძოლა უთანასწოროა, ბრძოლაზე უარი უნდა თქვა და დაელოდო, როდის დაგიჭერენ? მაშინ ასე სათითაოდ ყველას წაგვაცლიან თავებს და ამით დამთავრდება. კითხვაზე, _ რა უნდა ბიძინას? მარტივად გიპასუხებთ, _ ბიძინას უნდა რუსული ტიპის სუვერენული დემოკრატიის აშენება, თუ არსებული პარტიები დათანხმდებიან სატელიტობაზე, მაშინ იყვნენ. თუ არ დათანხმდებიან, მაშინ ამათ დაიჭერს და ჩაანაცვლებს სხვა პარტიებით. ეს არის ბიძინას გეგმა. ბიძინას გეგმის ალტერნატივა რა არის? _ გავიდეთ არჩევნებზე, არ დავთანხმდეთ მოთვინიერებაზე და ვეომოთ. შეიძლება წავაგოთ, ამაში იმხელა ფასს გადავახდევინებთ, რომ საბოლოოდ სისტემა მნიშვნელოვნად შეირყეს. თუ არ წავედით არჩევნებზე, აი, ასე, მიადგა და „პარსავს“ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, პარტიებს. რას ვშვრებით? მივალთ ციხის კართან და დაველოდებით, როდის დაგვაპატიმრებენ? კი ბატონო, ეს პერსონალურად, პიროვნულად ნამდვილად გმირული საქციელია და ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას გვარამიას, ჯაფარიძეს და ყველას, ვინც ციხეში შედის პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ სად არის აქ ბრძოლა? ეს არის დისიდენტური ამბავი და ჯერ საბჭოთა კავშირი არ აღდგენილა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ საბჭოთა კავშირი არ დაბრუნდეს. რა გვინდა ჩვენ, „დიდგორი“ გვინდა თუ „გეორგიევსკის ტრაქტატი“? ბიძინა მალე ტრაქტატზე მოაწერს ხელს. ფაქტობრივად, ჩვენ ხომ არ ვებრძვით ბიძინას, მარტო ვწყევლით. გადამწყვეტი ბრძოლა არის არჩევნების დღე. გააყალბებს? _ დაისჯება. თუ მოვუგეთ დიდი ქალაქები, მერე ორ-სამ თვეში ცენტრალურ ხელისუფლებასაც გადავაგდებთ. ამიტომ კეთილი ვინებოთ და ჩვენ, ხალხმა, 200 დღეზე მეტი ქუჩაში რომ ვდგავართ, 4 ოქტომბერს ერთი ღამე გავათენოთ უბნებთან და არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების გაყალბების უფლება.