ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
2025-06-26 08:50:21
მიხეილ ხაჩიძე
კაცობრიობის ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, როგორ შეუძლია ძალაუფლებას ადამიანური მორალის სრული განადგურება. მე-20 საუკუნემ მოგვიტანა ტოტალიტარიზმის ფორმები, რომლებშიც ძალადობა, რეპრესიები და აგრესია სახელმწიფო მმართველობის არსი გახდა _ ჰიტლერის ნაცისტური გერმანია, სტალინის საბჭოთა კავშირი, მაოს ჩინეთი...
ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შედეგად დამკვიდრდა, წარმოადგენს ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს თანამედროვე სამყაროში, თუ როგორ იქცა რელიგიურ-იდეოლოგიური რეჟიმი სისტემურ ბოროტებად, რომლის საფუძველიც ძალადობის ინსტიტუციონალიზაციაა _ შიგნით და გარეთ.
რევოლუციიდან _ ტერორამდე: როგორ შეიქმნა მექანიზმი?
1979 წლის ისლამური რევოლუცია ირანში მოჰყვა შაჰის ავტორიტარული მმართველობის დაცემას, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილის მოლოდინი დემოკრატიული თავისუფლების შესახებ მალევე დაიმსხვრა. აიათოლა რუჰოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა თეოკრატიული სისტემა, სადაც მმართველობა დაეფუძნა ველაიათ-ე ფაქიჰის (მღვდელმთავრის უზენაესობა) პრინციპს.
შეიქმნა ახალი ინსტიტუციები, მათ შორის, რევოლუციური გუშაგთა კორპუსი (IRGC), რომელსაც დაევალა როგორც რევოლუციის „დაცვა“, ასევე შიდა და გარე ოპონენტების წინააღმდეგ მოქმედება. ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა საკუთარი არმია, დაზვერვა, ეკონომიკური იმპერია და „შავი ოპერაციების“ ქსელი მთელ რეგიონში.
IRGC _ ბოროტების მთავარი ბერკეტი
IRGC აღარ არის მხოლოდ სამხედრო ძალა. ის მოქმედებს, როგორც პარალელური სახელმწიფო, რომელსაც აქვს:
• სადაზვერვო და კიბერერთეული _ უცხოელი ჟურნალისტების გატაცება, პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაცია, კიბერთავდასხმები ევროპასა და ისრაელზე;
• ალ-ყუდსის ძალები _ ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა შუა აღმოსავლეთში;
• ეკონომიკური იმპერია _ კონტროლი სუბსიდიებზე, სანავთობე სექტორსა და სამშენებლო გიგანტებზე (მაგ.:Khatam al-Anbia).
შიდა რეპრესიები: შიში, როგორც მმართველობის ინსტრუმენტი
რეჟიმმა რეპრესიების აპარატი სახელმწიფო პოლიტიკად აქცია.
• სასამართლო სისტემა _ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები, სიკვდილით დასჯა, არასამართლიანი პროცესები;
• ბასიჯი _ ნახევრად რელიგიური მობილიზებული მილიცია, რომელიც აქტიურად ახშობს ქალთა, სტუდენტთა, უმცირესობათა და აქტივისტთა პროტესტებს;
• ზნეობის პოლიცია _ მაჰსა ამინის ტრაგიკული გარდაცვალების მაგალითზე ვიხილეთ, როგორ შეიძლება გარდაცვალება გახდეს ჰიჯაბის „არასწორად ტარების“ შედეგი;
IRGC-ისა და ბასიჯის ერთობლივი მოქმედებით ირანის შიგნით თავისუფლება ასოცირდება არა უსაფრთხოებასთან, არამედ საფრთხესთან. ადამიანები ისჯებიან მუსიკის მოსმენისთვის, ჩაცმის სტილისთვის, პროტესტში მონაწილეობისთვის _ ან უბრალოდ იმისთვის, რომ ხმამაღლა იფიქრონ.
რეგიონული ექსპანსია _ ტერორის ექსპორტი
ირანი აქტიურად იყენებს თავის პროქსიძალებს რეგიონში, რათა შექმნას შიიტური „მთლიანი ციხესიმაგრე“, რომელიც მოიცავს:
• ლიბანს _ „ჰეზბოლას“ მეშვეობით;
• სირიას _ ასადის რეჟიმის გადარჩენითა და სამხედრო დახმარებით (ეს საფრთხე ახლახან განეიტრალდა);
• ერაყს _ პროირანული შიიტური მილიციების მეშვეობით;
• ღაზას _ „ჰამასისა“ და ისლამური ჯიჰადის მხარდაჭერით;
• იემენს _ ჰუსიტების შეიარაღებით, რათა საუდის არაბეთი დააეჭვოს.
ამასთან, ირანი პუტინის აქტიური მხარდამჭერია უკრაინის წინააღმდეგ ომში. როგორც ცნობილია, ომის დაწყებიდან ირანი ამარაგებდა პუტინის რეჟიმს დრონებით, რომლებსაც შემდეგ უკრაინაში უშენდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ორი ბოროტების ღერძის სტრატეგიასა და კოჰაბიტაციას.
ეს ყველაფერი სცდება რეგიონულ ამბიციებს. ირანის ქმედებები გლობალურად არღვევს სტაბილურობას _ ისრაელს გარს ეკვრის რკალის სახით, უქმნის საფრთხეს საზღვაო მარშრუტებს და შლის უსაფრთხოების არქიტექტურას ახლო აღმოსავლეთში.
ქალების წინააღმდეგ გენდერული ბოროტება
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ბოროტება ირანში არის სქესის საფუძველზე დისკრიმინაცია. ქალებს სახელმწიფო არა მხოლოდ უზღუდავს უფლებებს, არამედ ქმნის ისეთ სისტემას, სადაც ფემინურობა ასოცირდება საშიშროებასთან.
• ჰიჯაბი სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში _ პატიმრობა;
• ქალის ხმის ჩაწერა, სიმღერა ან საჯარო გამოსვლა აკრძალულია;
• სასამართლოებში ქალის ჩვენებას ნახევარი ძალა აქვს, მამაკაცის ჩვენებასთან შედარებით;
• არასრულწლოვანი გოგონების გათხოვება ლეგალურია. ამ ფონზე ირანის ქალები მაინც იბრძვიან და ეს ბრძოლა რეჟიმისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება.
რეჟიმი, როგორც ბოროტების ფორმა
ირანის ისლამური რესპუბლიკა არ არის უბრალოდ ავტორიტარული სახელმწიფო, ეს არის პოლიტიკურ-რელიგიური სისტემით გამართლებული ინსტიტუციონალური ბოროტება.
რეჟიმის არსი:
• თესავს შიშსა და ძალადობას შიგნით;
• ასპონსორებს ტერორსა და ექსტრემიზმს გარეთ;
• აშენებს იდეოლოგიას ქალთა, უმცირესობათა და თავისუფალი აზრის ჩახშობაზე.
ეს არ არის რეჟიმი, რომელსაც „შეიძლება გაუგო“ დიპლომატიური ხერხებით. ეს არის რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ძალას, ზეწოლასა და ერთსულოვან საერთაშორისო წინააღმდეგობას აღიქვამს სერიოზულად.
დუმილი თანამონაწილეობაა, თანამშრომლობა _ მორალური წაშლა. მძიმე არჩევანი მხოლოდ ისაა, ვის მხარეს ვდგავართ: ტირანიის თუ თავისუფლების?
რა ამბობს ანალიტიკური სამყარო ირანის რეჟიმზე?
რეჟიმის სიღრმისეულ ანალიზში საერთაშორისო ექსპერტებიც თანხმდებიან: ირანი არ არის უბრალოდ ავტორიტარული სახელმწიფო _ ის არის გლობალური არასტაბილურობის სისტემური წყარო.
დოქტორი რეი ტაკეი _ აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ანალიტიკოსი:
„ირანის ისლამური რესპუბლიკა არ არის ჩვეულებრივი ავტორიტარული სახელმწიფო. ეს არის თეოკრატიული-რევოლუციური იმპერია, რომელსაც არ აღიარებს თანამედროვე მსოფლიო წესრიგი. მისი სტრატეგია არის ჩრდილოვანი ომი და მუდმივი არასტაბილურობის ექსპორტი“.
ალექს ვათანკა _ Middle East Institute-ის უფროსი მკვლევარი:
„რეჟიმი არა მარტო ინსტიტუციონალიზებულ ძალადობაზე დგას, არამედ ამ ძალადობას იდეალად წარმოაჩენს. რაც უფრო აგრესიული ხარ მოწინააღმდეგის მიმართ, მით უფრო „რევოლუციური“ ხარ. სწორედ ეს ლოგიკა ამართლებს ტერორს, როგორც პოლიტიკური ლეგიტიმაციის წყაროს“.
დინა ისლამი _ ირანელი ემიგრანტი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი: „ქალთა წინააღმდეგ რეპრესიები ირანში სახელმწიფოს საყრდენია. თუ ქალს გააკონტროლებ _ გააკონტროლებ საზოგადოებას. ამიტომ ჰიჯაბი არ არის უბრალოდ ქსოვილი, ეს არის სიმბოლო იმ სისტემისა, რომელიც ქალის სხეულს საკუთრებად მიიჩნევს“.
ამოს იადლინი _ ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი:
„ IRGC-ის „ალ-ქუდსის“ ძალები მოქმედებენ, როგორც სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ არსებული შეიარაღებული ორგანიზაცია _ ისინი მერყევ ქვეყნებში (სირია, ერაყი, ლიბანი) ქმნიან პარალელურ მმართველობას. ეს არ არის ირანის გავლენა, ეს არის ირანის ექსპანსია“.