QronikaPlus
ლევან ტატურაშვილი: „როდესაც ეპისკოპოსი ხარ და ცოლი მოგყავს, ხარ მრუშობაში, გახრწნილებაში“

ლევან ტატურაშვილი: „როდესაც ეპისკოპოსი ხარ და ცოლი მოგყავს, ხარ მრუშობაში, გახრწნილებაში“

2025-06-25 06:07:02

გიორგი საკარული

ბოლო პერიოდში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში განვითარებული სკანდალის შესახებ „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს თეოლოგი ლევან ტატურაშვილი:

_ ლევან, საუბარი დავიწყოთ იმ სკანდალით, რომელიც „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, მეუფე გიორგი ჯამდელიანის შესახებ სააშკარაოზე გამოიტანა. თქვენ ასევე აქტიურად ადევნებდით თვალს ჟურნალისტის ლაივჩართვებს, სადაც ყველამ კარგად დავინახეთ ყაზბეგში გადამალული დედაო, მეუფე ჯამდელიანის ბილწსიტყვაობა და მუქარა ჟურნალისტის მიმართ, რომ თუ ის ტერიტორიას არ დატოვებდა, მოხევეებს მიუგზავნიდა და მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და ქრონოლოგიურად მივყვეთ ამ ამბავს, რას იტყვით, როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს და ამასთან, რა ხდება ჯამდელიანის ეპარქიაში და ზოგადად საპატრიარქოში?

_ ჩვენ, თეოლოგები, დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს იმას, რაც ეკლესიაში ხდება როგორც ზოგადად, ასევე ბოლო ამ გაუგონარ მოვლენებსაც ვეცნობით. უკანასკნელი ათწლეულებია, რაც ეკლესიაში დაფიქსირდა თითქმის ყველა ტიპის ანტიკანონიკური მოვლენა, რის გამოც, თავის დროზე, ღმერთმა განგებით შეაჩერა ბოროტება და გარყვნილება, _ სოდომსა და გომორაში მოხდა წარღვნა, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი. საქართველოს ეკლესიამ გამოიდო თავი და საკუთარი მოღვაწეობა მიუძღვნა ბრძოლას არა სოდომ-გომორელობის მსგავსი ყოფის წინააღმდეგ, რაც ზოგადად ქრისტიანობაა, არამედ დაიწყო მენტალური მშენებლობა სოდომ-გომორის საქართველოში და მის ეკლესია-მონასტრებში. ეკლესიამ ყველა ტიპის ცოდვა გახადა შემწყნარებლური, გარდა ერთისა, _ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ებრძვის მხოლოდ ერთ რამეს.

_ რას?

_ ეკლესიამ ჩამოაყალიბა დაუსჯელობის სინდრომი და სჯის მხოლოდ ერთ რამეს, _ თუ შეეხები და გააკრიტიკებ საქართველოს პატრიარქს, მის საგვარეულო დინასტიას. ეს არის დინასტია, რომელმაც ყველაფერი ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ, ყველა ტიპის მოღალატეობრივი, უზნეო აქტი, ყოველგვარი განკითხვისა და აგრესიის მიღმა რომ ვისაუბროთ. ჩემი აგრესია რა საჭიროა, როცა საღვთო სამართალი მათ თავისას აუცილებლად მიუზღავს და ეს გარდაუვალი იქნება. დღევანდელ სინოდსა და იერარქიას ავიწყდება ერთი რამ, რომ საბოლოო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ვინც ხმამაღლა ვსაუბრობთ მსგავსს საკითხებზე, აუცილებლად ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს, ჩვენი წილი ეკლესია არის იქ, სადაც ჩვენ ვართ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ღმერთის წყალობით ყოველთვის ვიქნებით ეკლესიის წევრი და ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება არის ის, რომ ვისაუბროთ სიმართლე ღმერთის სიყვარულით, ასეთი უსამართლობის ჟამს, როგორიც დღეს საქართველოს ეკლესიასა და ერში ხდება.

ახლა გიპასუხებთ თქვენს შეკითხვაზე ქალბატონ ელისოს შესახებ და ე. წ. იმ გადაცმულ ყაჩაღზე, მარნეულის ეპარქიის ეპისკოპოსობის მიმტაცებელ ჯამდელიანზე. ის ყველაფერია, ეპისკოპოსის გარდა.

ქალბატონმა ელისო კილაძემ გააკეთა ისტორიული საქმე. ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობ, ბოლო 50 წლის მანძილზე რაც ხდებოდა საქართველოს ეკლესიაში და რა ტიპის შემზარავ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ აი, რაც ახლა ხდება ეპისკოპოს ჯანმდელიანზე, არის ახალი.

_ ახალში რას გულისხმობთ?

_ აქამდე ეპისკოპოსები ამ ყაჩაღურ და მრუშულ მიდრეკილებებს მალავდნენ მაინც. ჩვენ გვყავდნენ შეიარაღებული ეპისკოპოსები და ახლაც გვყავს, მაგრამ საჯაროდ ასე ავტომატის ჯერი გამოეყენებინოთ, ასეთი ეპისკოპოსები არ მახსოვს, ყოველ შეთხვევაში, არ მაქვს ინფორმაცია. როცა ეპისკოპოსი ხარ, შენი ქორწინება ქორწინება არ არის. როდესაც ეპისკოპოსი ხარ და ცოლი მოგყავს, შენ ხარ მრუშობაში, გახრწნილებაში, ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებაში მოდიხარ. ისეთ ეპისკოპოსებსაც მოვესწარით, რომლებიც ამბიონიდან ერთმანეთს შვილების დაბადებას ულოცავდნენ, თუმცა ისინი გარდაცვლილები არიან და არ მინდა ახლა მათზე საუბარი, რადგან მათ უკვე ღვთის სამართალი შეეხო. მაგრამ ეპისკოპოსი მონაზონთან ასე კოტრიალობდეს, ბოდიში ამ ტერმინზე, იმავე მონაზვნის დეიდაშვილთან ქორწინდებოდეს, არ მინახავს. იქ რაღაც მილიონიან გასხვისებაზე იყო აქცენტი, _ სახელმწიფოსგან ჩუპა-ჩუპსივით საკუთრებაში იღებდეს მიწებს, რომელიც სინამდვილეში არის ეკლესიის საკუთრება და მერე მისი დის ოჯახი ამ მიწებზე ბორდელს ხსნიდეს, ყველაფერს აქვს ზღვარი! თუმცა დაცემას არ აქვს ზღვარი და საუბრის დასაწყისში სოდომ-გომორა უბრალოდ არ მიხსენებია, ამოიწურა იქ ყოველივე დაცემის სახით და ბოლოს მოხდა ლოკალური აღსასრული, ეს ის ბოლო სიკეთე იყო, რაც შეიძლებოდა ღმერთს სოდომისთვის და იმ სამი ქალაქისთვის მოეტანა. როდესაც კაცობრიობაში ყველა ტიპის ბოროტებამ გამოავლინა საკუთარი თავი, ამის შემდეგ მოვიდა მესიის განკაცების დღე, დღე წმინდა მამათა, ძველი აღთქმის მამამთავართა, მოლოდინის აღსრულებისა და იშვა მხსნელი ცოდვის ბორკილებისგან თითოეული ჩვენგანისა.

დღევანდელი საქართველოს ეკლესია არის იცით, როგორ მდგომარეობაში? _ თითქოს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივი, ლოკალური მეორედმოსვლა მოხდეს ჩვენს სივრცეში, ჩვენს ერში. ვგულისხმობ იმას, რომ მეორედ მოსვლაა ისიც, როცა საბოლოოდ გაუცხოვდები ღმერთთან, დაკარგავ მას, წაგეშლება ქრისტიანული ცნობიერება, რამაც მოიყვანა დღევანდელ დღემდე ქართველი ხალხი. ქართველ ხალხში ყველაზე დიდი პრობლემა იყო და არის ის, რომ მოვიდა ვიღაცა ბიჭი მთიდან, სახელად ირაკლი (ილია მეორე) და გითხრა, რომ არ იაზროვნო. ე. ი. შენი საქმე არ არის განსჯა, დააფუძნა აბსურდი სწავლების სახით და ეს ასე დაიწყო: „არ განსაჯო“ და რაა ზოგადად განსჯა? ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იცის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ. სიტყვა განსჯა გააიგივეს განკითხვასთან. ორი სხვადასხვა აბსოლუტური ცნობიერებითი მოვლენაა ანალიზის უნარი, როდესაც შენ არჩევ თეთრსა და შავს, ესაა განსჯა. წმინდა ანტონი დიდი ამბობს, რომ სათნოებათა შორის ერთ-ერთი უდიდესი სათნოება არის განსჯის უნარი. ადამიანს რას სთხოვს ღმერთი? ღმერთი ადამიანს, უპირველეს ყოველისა, აზროვნებას სთხოვს და ამისი უნარი ჩვენ ლანგრით მოგვეცა ღმერთისგან. ეს ის ერთ-ერთია, რითაც ასევე ვართ მსგავსი შემოქმედისა. როგორ შეიმეცნებს დღევანდელი ეკლესია ღმერთსა და საკუთარ პოლიტიკურ მდგომარეობას, როდესაც ჩვენი მოსახლეობის 99% ვერ არჩევს, ტაძარსა და ეკლსიას შორის რა სხვაობაა ან სახლსა და ოჯახს შორის რა სხვაობაა.

საპატრიარქო ჩამოყალიბდა და ეს წლები ყალიბდებოდა, როგორც კრიმინალთა მფარველი კრიმინალური ინსტიტუტი. საპატრიარქომ აბსოლუტურად ყველაფერი იცის. როგორ შეიძლება ის, რაც შენ მოიმუშაკე, არ იცოდე, სად, როგორ და რა სახითაა? ყველა შოკისმომგვრელ ამბავზე, სანამ ის ცნობილი გახდება, საპატრიარქოში, ძვირადღირებულ ყავაზე, მოოქროვილი ბუხრის წინ სხედან და ჭორაობენ, ყველაფერი იციან ამა თუ ეპარქიაში მომხდარ სკანდალზე. ნულოვანი აქვთ რეფლექსი, ხელს უწყობენ ეპარქიებში ყოველგვარი გახრწნილების გამრავლებას და არსებობას, რადგან საკუთარი (საპატრიარქოს) ეპიცენტრი ყველაფერში არის ჩართული. რაიმე თუ ხდება ეკლესიაში, ის ყველაფრის ავტორი და შემოქმედია, რომ საკუთარს არ შეეხოს რეგიონი. ანუ თუ რეგიონის ეპარქიები იქნებიან ღირსეულები, ქრისტიანული, სულიერი, მოაზროვნე და გაიგებენ, რა რეალური წევრობაა ეკლესია და თავად ეკლესია რაა, რაა ნამდვილად სახარებისეული სამწყსო, რეგიონებში მათ აუცილებლად გაუჩნდებათ პროტესტი იმაზე, რაც ეკლესიის თავში ხდება, ანუ დედაქალაქის ადმინისტრაციულ თავში, მცხეთის დედა ეპარქიაში. ხშირად ვფიქრობ, არ შეიძლება ეკლესია ეკლესიურობდეს და იმაზე, რაც დღეს ეკლესიაში ხდება, წინააღმდეგობა არ ჰქონდეს, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ საპატრიარქო დუმს მიზანმიმართულად. კიდევ ვიმეორებ, მათ აქვთ ყველა ტიპის ინფორმაცია.

_ და რატომ დუმს, რისთვის უღირს საპატრიარქოს ამდენი სიბინძურის შენახვა?

_ იმიტომ უღირს საპატრიარქოს უზნეო ჯამდელიანი, რომ მის ადგილზე რომ იოანე ოქროპირი იყოს ეპისკოპოსი, ის მოითმენდა იმას, რაც საპატრიარქოში ხდება? არ მოითმენდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჯამდელიანი შემთხვევით არის ნაკურთხი ეპისკოპოსად? რა ჰქონდა ამ კაცს ისეთი ნიშანთვისებები ან რომელი ერთი გააჩნდა პავლე მოციქულის საჭირო თვისებათა ჩამონათვალიდან, რომ ის ეპისკოპოსი გახდა? _ არაფერი. მისი ეპისკოპოსობა საერთოდ დაუშვებელი იყო, თუ მის ისტორიას გავიხსენებთ. ჯამდელიანი იყო ე. წ. ქურდული სამყაროს შეუმდგარი წევრი, ნასამართლევი, გამოგდებული სტუდენტი. დაჭერილი ადამიანზე ფიზიკური ძალადობისთვის, დაჭრისთვის და პირდაპირ სამოციქულო კანონებით, მისი ხელდასხმა სასულიერო პირად, შეშვება საერთოდ საკურთხეველში, საეკლესიო კანონით არის დაუშვებელი! და ჩვენ ის ვიხილეთ ეკლესიის უმაღლესს უზენაესს სტრუქტურაში, რომელსაც წმინდა სინოდი ჰქვია და ის არა მარტო ეკლესიას მართავს, ასევე მას შეთავსებული აქვს ბოლო 40 წელზე მეტია საეკლესიო სასამართლო ფუნქციაც და ყაჩაღი ზის მოსამართლედ. როგორ შეიძლება, სინოდის ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედება ჩაითვალოს ნორმალურად ან მისაღებად, როცა ვხედავთ, რომ ყაჩაღი, მრუში ზის ოფიციალურად მოსამართლედ?! იქვე ქვეყნის მოღალატე ეპისკოპოსები სპირიდონი, სტეფანე და სხვანი არ დაგვავიწყდეს, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ჯოჯუას არსებობაზე სინოდში, _ რისი ჩამდენია ის, დაზარელებული პატარა ბავშვების ოჯახებს ჰკითხეთ.

რაც შეეხება ეპისკოპოსის ქორწინებას, წარმოუდგენელია, ამაზე არ ჰქონოდა ეკლესიას რეფლექსი. როდესაც გასულ წელს თეოლოგები ხმამაღლა და საჯაროდ ვაცხადებდით ტელევიზიაში, რომ ესა და ეს ცოდვა მოხდა ეკლესიაში, საპატრიარქომ მაშინაც კულისებში ყოფნა არჩია. მართალია, მათთვის ჩვენ ოპოზიციას წარმოვადგენთ, მაგრამ რატომ არ დაიწყო საპატრიარქომ გამოკვლევა, საქმის შესწავლა? იქნებ, ცილს ვწამებთ ამ ეპისკოპოსს, იქნებ ვიტყუებით? რატომ არ გვთხოვა საპატრიარქოს ადმინისტრაციამ ქრისტიანული წესებით ამის დამტკიცება? ჩვენ ვიყვირეთ ეს, რომ ეკლესიაში მოხდა უგახრწნილესი ფაქტი, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, არ იცოდა ეს ყველაფერი მოსაყდრე შიო მუჯირმა? რა თქმა უნდა, იცოდა.

_ და როცა გაიგო, რა ხდება შემდეგ, რა ზომებს მიმართა?

_ მოსაყდრე როცა ინფორმირებული გახდა და მასთან ინფორმაცია შეიტანეს, რომ ჯამდელიანი სასიყვარულო ურთიერთობაშია მონაზონთან, რომ ჯამდელიანი ქორწინებაში შევიდა ქალთნ, მუჯირი თითქოს ფიზიკურად გამხდარა ცუდად, ისეთი მღელვარება დაეუფლაო მას, როდესაც გაიგო ჯამდელიანის ამ გამაოგნებელ ქმედებებზე. არა მგონია, ასეთი ემოციური იყოს „კგბ“-ს დამუშავებული კადრი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია მაქვს. ამის შემდეგ ისინი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ რა მოიტანა ამ შეხვედრამ? ჯამდელიანი გახდა უფრო ხელშეუხებელი. ყველა თვალსაზრისით და მიდგომით ამის შედეგებს დღეს ვხედავთ: ნაცემი მონაზონი, შეთხზული ისტორია, თავად ეპიკოპოსის მიერ ცეცხლგახსნილი საჯარო პირი. ჯამდელიანი უნდა განიკვეთოს ეკლესიიდან, რომ შეჩერდეს მისი დაღუპვის სიღრმეები. ღირებულებებზე გვესაუბრება 10 000-ევროიან სავარძელში მოკალათებული მშიერი ერიდან და ეპარქიიდან.

აქვე უნდა ვთქვათ: ჩვენ ვხედავთ დღეს მის მომხრეებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ გააჩნიათ რწმენასთან, არც კი იციან, ვინ არის ქრისტე. უბრალოდ, მას იცავენ იმის გამო, რომ ის არის სვანეთიდან. არადა, სვანებსაც ევალებათ მინიმალური სარწმუნოება და ეს კაცი უნდა რცხვენოდეთ სვანებს. ისეთ წერილებს გვწერს ეს ხალხი, რომ მაძრწუნებს მათი მდგომარეობა, თორემ მუქარა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ეს არ არის პირველი ან უკანასკნელი. დღემდე ჩვენში შიში ვერ შვეს და ვერც შობენ, რადგან ჩვენ ვართ ორიენტირებული ჩვენი მაცხოვრისკენ რწმენით.

_ საეკლესიო კანონმდებლობით, რა სასჯელი ან შეზღუდვები უნდა დაუწესდეს ჯამდელიანს?

_ სიმართლე გითხრათ, ის, რომ საპატრიარქო რაიმე სახის ნაბიჯს გადადგამს საკუთარი ნებით, ამის იმედი აღარ მაქვს. ამის სურვილი რომ ჰქონოდა საპატრიარქოს, როდესაც გაიგეს ამ ყველაფრის შესახებ, სწორედ მაშინ გადადგამდნენ ნაბიჯს და რაღაცას მოიმოქმედებდნენ. ამ შემთხევაში სასწრაფოდ უნდა შეკრებილიყო სინოდი, მით უმეტეს, როცა საქართველოში სინოდს სამართლებრივი ფუნქცია აქვს შეთავსებული და სწორედ ამიტომ უფრო სწრაფად უნდა შეკრებილიყვნენ, უნდა ემსჯელათ და შეესწავლათ აღნიშნული ფაქტი იქამდე, სანამ არ მოხდებოდა ამ მეუფის განკანონება ეკლესიიდან.

სწორედ ამიტომ უნდა განეცადათ ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რაც მათ ევალებათ და რისი შესრულების ვალდებულებასაც ხელდასხმის დროიდან შეუდგნენ, რომელსაც დღემდე ვერ ან არ აცნობიერებენ. ამის დასტურია ყოველ ახალ შემთხვევაზე მათი შემაძრწუნებელი მიზანმიმართული სიბრმავე და სიყრუე. ვერაფრით გამოდიან კომფორტის ზონიდან, არც რწმენა აქვთ ამისთვის და არც სიყვარული ქრისტესი. იმის მიუხედავად, სწრაფად შეკრებილიყვნენ და მოეგვარებინათ გახრწნილი აქტი ეკლესიაში, რომელიც ერდოზე აღსრულდა ურცხვად ეპისკოპოსის მიერ, დღემდე არ იმჩნევენ. რაღაც ქუჩური „სხადნიაკი“ მოაწყვეს და ისიც კი არავინ უწყის, რა იმსჯელა ეკლესიამ? _ იმაზე, რომ ქორწინების გაყრის დოკუმენტი დაიდო თუ იმაზე, საპატრიარქოს მიწებზე ბორდელი რომ მძვინვარებს? თუ იმაზე, ეპისკოპოსი ყოველ კვირა ქალაქს ავტომატის ჯერს რომ ატარებს (სროლის ვიდეო აგერ თავად მედო ინტერნეტ სივრცეში)? თუ იმაზე, რომ საჯარო პირს მკვლელობაში ბრალი რომ დასდო, რომელიც მის ბანდას აცემინა და თავად ესროლა? თუ იმაზე, რომ სამწყსოს რომ მონაზვნის გაძევება აუწყა ეპარქიიდან, სინამდვილეში მის მიერ გადამალული და ნაცემი რომ იყო, რომელიც ელისო კილაძემ იპოვა და რომელსაც თავადვე საჯაროდ დაემუქრა მოხევეების თავდასხმით, რაც ყველამ ნახა საჯარო სივრცეში? რაზე იმსჯელა ეკლესიამ? _ არაფერზე! ან რაზე მსჯელობს ვინმე?! ნახევარ მილიონ ლარს ხარჯავს ეს კრიმინალი კაცი ადგოლბრივი ბიუჯეტიდან! ვინმემ შეესწავალა ეს, თუ სად მიდის მუნიციპალიტეტის ფული?! 10 000-ევროიან სავარძელზე მჯდომმა რომ არ გადაწყვიტოს ერთი გაზმორება ეპარქიის საქმეები, ისე ვერ ცხონდება ეპარქიის იერარქია და მრევლი? ვინ არის ეს ხალხი? ვინ ან რა სწამთ? ქრისტე ნამდვილად არ სწამთ.

მისი მოწამვლის ამბავიც მოგონილ ზღაპარს ჰგავს, უბრალოდ, მან (ეპისკოპოსმა) დაასწრო თავდასხმას. ჩვენამდე  რა ინფორმაციაც ვრცელდება, სახელმწიფო ნაქურდალი ფული ვერ გაიყო ამ ორმა „სასახელო ქრისტიანმა“, ვიღაც სინჯიკაშვილმა და ეპისკოპოსმა და მთელი ეს ნაქურდალი დოვლათი ჩავარდა ეპისკოპოსის ხელში. მან, როგორც სტაჟის მქონე ქურდმა და ყაჩაღმა, არ დაუთმო ყაჩაღობაში კოლეგა-ჩინოვნიკს და ამის გარჩევა-გამორჩევა, წაღება-წამოღება, თუ ვერწაღება დაიწყო. ამ ჭიდილის დროს მოხდა ის, რომ დაასწრო და თავისი საეპისკოპოსო ძალაუფლების გამოყენებით, ამ შემთხვევაში აჯობა ხსენებულ სინჯიკაშვილს, წავიდა მის წინააღმდეგ და თავი გამოიყვანა მოწამედ, მსხვერპლად. კითხვა მაქვს მასთან, _ რისთვის გწამლავდნენ, თქვენო მეუფებავ, ქრისტიანობისთვის? სამაგალითო მღვდელმთავრობისთვის? რა იყო ამ აქტის წინაპირობა? რამე სახარებისეული მისიონერობა არ გაპატიეს? თუნდაც მოეწამლეთ, ბატონო ჯამდელიანო, იმიტომ გწამლავდნენ, რომ სარწმუნოება, მონაზვნობა, მღვდელმოქმედება არ შეურაცხყვე და გიმეტებდნენ? იმიტომ გწამლავდნენ, რომ ამ საზოგადოების წევრი და მოკავშირე ხართ, სადაც მსგავსი მეთოდებით იშორებენ მოწინააღმდეგეს?

გაზიარება