ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
2025-06-23 11:41:01
ელისო კილაძე
საეკლესიო სკანდალი მარნეულში იმ მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო, რომლის გადაცემასაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი ეპარქიისთვის ითხოვდა.
მან ისარგებლა ხარებასა და გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაწყებული დაპირისპირებით და გადაწყვიტა, ამ უკანასკნელის გვერდის ავლით დაელაგებინა ურთიერთობა ადგილობრივ გამგეობასთან და აღნიშნული ნაკვეთი პირად საკუთრებაში მიეღო. შინჯიკაშვილი ამ დროს ჯერ ისევ გუბერნატორის მოადგილეა და ცხადია, მის ზურგსუკან დაწყებულ გარიგებას ბლოკავს.
უარმა ჯამდელიანის გაღიზიანება გამოიწვია და მან გუბერნატორის მოადგილე ეკლესიის მტრად გამოაცხადა, მაგრამ ეს დაპირისპირება ეპარქიის გარეთ არ გამოსულა, მხარეები შერიგდნენ და შინჯიკაშვილმა მეუფეს, შერიგების ნიშნად, იარაღი უფეშქაშა.
პოლიტიკური კრიზისის კვალდაკვალ, როცა ძალოვანი უწყების პირველი პირები თანამდებობებს დაემშვიდობნენ, პოსტს ტოვებს სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილიც, თუმცა ბალანსი რომ არ დარღვეულიყო 12 მაისს გუბერნატორის მოადგილეც გადადგა. სწორედ ამ გადადგომის მერე გადაწყვიტა მეუფე გიორგიმ, რომ ახლა მისი დროა და მიწის ნაკვეთის თაობაზე დაწყებული და დასრულებული დაპირისპირება ხელახლა დააბრუნა დღის წესრიგში.
წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გუბერნატორის ექსმოადგილე ტაძარს აშენებს, რომლის წინამძღოლიც მამა ანდრია ორმოცაძეა. სწორედ მამა ანდია გაუგზავნა ჯამდელიანმა შინჯიკაშვილს და ეპარქიაში ტრაპეზზე მიიპატიჟა. შინჯიკაშვილი მამაოსთან და ოთხ მეგობართან ერთად მეუფე გიორგის ეპარქიაში ესტუმრა, სადაც მას ტრაპეზის ნაცვლად იატაკზე გაფენილი ცელოფნები, შეიარაღებული პირები და ასევე იარაღიანი მეუფე დახვდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჯამდელიანი შინჯიკაშვილს გინებით და დებოშით მივარდა, _ როგორ გაბედე და მიწის ნაკვეთის გადმოცემა დამიბლოკე, აქედან ცოცხალი ვერ წახვალო! გაწევ- გამოწევა და საქმეების გარჩევა ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც მეუფე გიორგი მამა ანდრიას ფიზიკურადაც შეეხო, ხოლო შინჯიკაშვილის მისამართით მისივე ნაჩუქარი იარაღიდან გაისროლა. ამბობენ, რომ ამ პროცესს მეუფის ერთ-ერთი მსტოვარი ვიდეოზეც იღებდა, მაგრამ ჩანაწერი უსარგებლო აღმოჩნდა. ექსგუბერნატორმა უკან არ დაიხია და უარი თქვა ბოლო მოთხოვნაზეც, რომ მას მეუფისთვის ბოდიში მოეხადა და შენდობა ეთხოვა. სწორედ ამ უარის მერე უთხრა მას გიორგი ჯამდელიანმა, _ ისეთ რამეს დაგაბრალებ, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ გააქარწყლებო.
„ქრონიკა+“-ის წყარო მარნეულის ეპარქიიდან ამბობს, რომ მიწის ნაკვეთები მხოლოდ საბაბი იყო, რეალური მიზეზი კი კრიმინალურ სამყაროში დაპირისპირებაა, რომელიც შინჯიკაშვილის ახლო გარემოცვას ბრალდება. საქმე ეხება კანონიერ ქურდებს შორის მომხდარ „რაზბორკას“, სადაც ტარიელ ონიანმა ჯამდელიანის სიძეს, ბესიკ ჯაფარიძეს, ტიტული შეუჩერა, ხოლო მისი ძმა სპარტაკი უდიერად მოიხსენია. ამას წინ უძღოდა ძმები ჯაფარიძეების დაპირისპირება შინჯიკაშვილის მეგობრებთან დავით გაზდელიანთან და ლუკა ჯაფარიძესთან (მეტსახელად სვინჩო). საბოლოოდ საქმე ნეაპოლში გაირჩა და შინჯიკაშვილის მხარე გამართლდა. მეუფემ ეს იუკადრისა და უკვე მარნეულში დაიწყო შურისძიებაზე ფიქრი.
მან ერთ-ერთი ქადაგების დროს ამბიონიდან განაცხადა, რომ სუსის მაღალჩინოსანი მას წამლავდა და ეს საიდუმლო მონაზონმა თეკლამ (კუბლაშვილი) გაანდო. კითხვაზე, _ სად იმყოფება მონაზონი თეკლა? მეუფე გიორგიმ უპასუხა, რომ იგი ეპარქიიდან გაიქცა და სად აფარებს თავს, მისთვის უცნობია. მეუფის განცხადების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის მომზადების მუხლით დაიწყო. ყველასთვის გასაკვირად, ჯამდელიანმა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, სამაგიეროდ, გამოსცა ე. წ. საეპისკოპოსო ოქმი და გ.შ.-ს ზიარება აუკრძალა.
„ქრონიკა+“-მა დედაო თეკლას ყაზბეგში, საოჯახო სასტუმროში მიაგნო. ჩემი დანახვისთანავე მონაზონი წამოხტა და აბაზანაში ჩაკეტვა დააპირა, სასტუმროს მეპატრონე კი აგრესიული ტონით და ლანძღვით ტელეფონის წართმევას შეეცადა. დეტალებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, თეკლა კუბლაშვილის ტელეფონით, ვიდეო ზარის მეშვეობით, ჯამდელიანმა ნამდვილი საქმის გარჩევა მომიწყო, მეძახა ცილისმწამებელი, მატყუარა, აგენტი და რაც მთავარია, არ მისცა მონაზონს საშუალება, ჩემთვის ინტერვიუ მოეცა ან სულაც ლაივში მოეყოლა, როგორ და ვის მიერ მზადდებოდა მისი მკვლელობა.
სასტუმროში მისვლის წუთიდან მონაზონს ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა, _ ნუ მიღებ, გამორთე ლაივი და ისე დაგელაპარაკებიო. ცდილობდა, სახე ობიექტივისთვის მოერიდებინა და კადრში ნაკლებად გამოჩენილიყო. ამის მიზეზი მოგვიანებით გახდა ცნობილი, _ თეკლა კუბლაშვილს სახეზე ჰემატომისა და დარტყმის კვალი ცხადად ემჩნეოდა, მარჯვენა თვალზე სილურჯე შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი იყო, ისევე როგორც ხელებზე აშკარად ეტყობოდა სილურჯეები.
ვიდეოზარით ჩართვისას წყობადაკარგული მეუფე დამემუქრა, _ ახლა ავდგები, მოხევეებს გამოგიგზავნი და რაც დაგემართება, შენი თვალით ნახავო. ლაივის დასრულების შემდეგ სასტუმროსთან ადგილობრივი პოლიციის ორი ეკიპაჟი და რამდენიმე „ტიტუშკა“ მოვიდა, თუმცა მათ მუქარა და ღია დაპირისპირება ვერ გაბედეს. როგორც გაირკვა, ჯამდელიანმა მოხევეებს მართლა დაურეკა, ყაზბეგიდან დედაო თეკლას იტაცებენო და მათი ჯგუფი პოლიციასთან მოსულა კიდეც, მაგრამ მეორე დღეს დამირეკეს და ბოდიში მომიხადეს, მეუფემ შეცდომაში შეგვიყვანაო.
გატაცების იმიტაცია კი თავად ჯამდელიანმა და კუბლაშვილმა დადგეს მაშ შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მეუფე მრევლს უბრალოდ ატყუებდა და მან კარგად იცოდა დედაოს ადგილსამყოფელი, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ყაზბეგში მას ვერავინ მიაგნებდა. გაშიფვრისა და მხილების მერე მონაზონს ტელეფონზე დაარეკინა, შინჯიკაშვილის დაცვის წევრები აქ არიან და მოტაცებას მიპირებენო, მაშინ როცა ადგილზე მხოლოდ პოლიციის ეკიპაჟი იმყოფებოდა, ალაგ-ალაგ კი „ტიტუშკები“ მოძრაობდნენ. დედაოს არც დახმარება უთხოვია, არც ხმაური ყოფილა და მეტიც, ერთი კადრიც კი არ გადაუღია, თუმცა გაქცევის თადარიგი ჯამდელიანს წინასწარ ჰქონდა დაჭერილი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პოლიციამ საოჯახო სასტუმროში ის ოთახი დაათვალიერა, სადაც დედაო იმყოფებოდა. სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან, ტყის მხარეს, ფიცარნაგი იყო გადებული. ამ გზით, თეკლა კუბლაშვილი ტყეში ხვდებოდა. საერთოდ, არ არის გამორიცხული, გიორგი ჯამდელიანს თავად მოეწყო დედაოს გაქცევის ინსპირაცია და ტყეში მას ქილერი გასწორებოდა, რასაც მერე უკვე გიორგი შინჯიკაშვილს დააბრალებდა.
ახლა დედა თეკლა უსაფრთხო ადგილასაა, მეუფე გიორგი კი სინოდის მოლოდონშია.
რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში სინოდის წევრების გაფართოებული შეკრება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა თავად ჯამდელიანი. მეუფეები ოთხი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში შექმნილ მდგომარეობაზე. შეკრების წინა დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა გიორგი ჯამდელიანის მეუღლის, მარეხ ჯაფარიძის ძმა, რძალი და და. მოსაყდრე შიოსთან შეხვედრაზე მათ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ეპისკოპოსი ნამდვილად იმყოფება ქორწინებაში. მარეხ ჯაფარიძესთან მას ხელიც ჰქონდა მოწერილი, მაგრამ 2023 წელს, საპატრიარქოს დაჟინებული მოთხოვნით, მან ხელი გააწერა, თუმცა მარეხ ჯაფარიძესთან ამ დრომდე თანაცხოვრობს. ქორწინების შესახებ ჩანაწერი მეუფე გიორგიმ საჯარო რეესტრიდან გააქრო, მაგრამ არქივში დარჩა განქორწინების მოწმობა, რომელიც სწორედ „ქრონიკა+“-მა მოიპოვა.
სინოდის სხდომაზე ჯამდელიანს მტკიცებულებები მოსთხოვეს, რომ მას ნამდვილად ექსგუბერნატორი შინჯიკაშვილი წამლავდა, მან დედა თეკლასთან საუბრის ფარული ჩანაწერი წარადგინა, სადაც კარგად ჩანს, რომ დედაოს ის დაწერილ ტექსტს აკითხებს და სიტყვებს კარნახობს. სინოდის წევრებმა მას მკაფიოდ აუხსნეს, რომ მომაკვდინებელი ცოდვაა, ეპისკოპოსს ცოლი ჰყავდეს, ამიტომ სინოდზე ამ საკითხზე მსჯელობა ნამდვილად იქნება და, სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება მისი განკვეთის საკითხი. ასევე კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ პროკურატურასთან ითანამშრომლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივად შესაძლოა ცრუ დასმენისთვის თავად მას მოუწიოს პასუხისგება.
გიორგი ჯამდელიანმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, მან საპატრიარქო ისე დატოვა, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, სინოდის წევრები კი საპატრიარქოში დარჩნენ და მსჯელობა განაგრძეს. ერთი ვერსიით, მას გერმანიაში გაამწესებენ. მოგვიანებით, საპატრიარქოდან მეუფე იობი და მეუფე ილარიონი მარნეულის ეპარქიაში გაემგზავრნენ და ჯამდელიანს სინოდის დანაბარები ჩაუტანეს. მეუფე იობი ისევ საპატრიარქოში დაბრუნდა. როგორც ჩანს, საპატრიარქო საბოლოოდ პასუხს დაელოდება და მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნებს წერილს, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულებულია.
„ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო მარნეულის ეპარქიიდან ეუბნება, რომ ჯამდელიანი ქონებებისა და ბიზნესის შენარჩუნებაზე ვაჭრობს, სავაჭრო კი მას ნამდვილად ბევრი აქვს. ჯერ კიდევ სუსის კრებსებში ეწერა, რომ მეუფე გიორგის ძალიან უყვარს ფუფუნების საგნები და ლაქშერული ცხოვრება. ის თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, 750 კვ.მ. პენტჰაუსს ფლობს, შიდა და გარე აუზებით, საუნითა და საგაზაფხულო ტერასით, უყვარს ანტიკვარული ნივთები, ჰყავს ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სუფთა სისხლის არაბული ცხენი, მარნეულის ეპარქიისთვის გადაცემულ 15 000 კვ.მ-ის მიწაზე კი ტირპარკი და ბორდელი აქვს მოწყობილი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე თავისუფლად იყიდება ნარკოტიკები და პოლიცია რეაგირებას ვერ ბედავს. ტერიტორია მარნეულის ეპარქიას იჯარით აქვს გადაცემული შპს „მარტივი გზისთვის“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი მეუფის სიძე, ბონდო ჭიტაძეა.
რამდენიმე ფაქტი ჯამდელიანის კორუფციული სკანდალებიდან:
2017 წელს მეუფე გიორგიმ საპატრიარქოს მეშვეობით, საკათედრო ტაძრის აშენების მიზნით, მოითხოვა ქ. მარნეულში მდებარე 10151 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 83.02.14.267) უსასყიდლოდ გადაცემა, რაც დაკმაყოფილდა, მაგრამ 2023 წელს მეუფემ ტერიტორია გადასცა კომპანია „რივერსაიდ მარნეულს“, რომელიც ახლა აპირებს ამ ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას და უკვე მიღებული აქვს სამშენებლო ნებართვა. მეუფე კომპანიაში ფლობს წილს, რომელიც სხვის სახელზე აქვს გაფორმებული.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჯამდელიანმა მარნეულში გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსის მესაკუთრეს, ხმაურისგან შეწუხების კომპენსაციად, 200 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი გამოსძალა, ხოლო იქვე მდებარე მეორე მშენებლობის მეპატრონეს $60 000 სთხოვს, მაგრამ ეს უკანასკნელი გადახდას არ აპირებს.
მარნეულის ეპარქიის წინამძღვარი, სასულიერო საქმეების გარდა, საერო ხელისუფლების საქმიანობაშიც აქტიურად ერევა, _ ჯამდელიანის დავალებით მისმა გარემოცვამ სასტიკად სცემა და სიკვდილის პირას მიიყვანა მარნეულის მერის ამჟამინდელი მოადგილე, თემურ შუბითიძე. 24 მაისს ქ. მარნეულში, სარვანის დასახლებაში, მან უკანონოდ მოაჭრევინა ავტობუსის გაჩერება და იქ ჯიხური ჩადგა, რასაც მოყვა მისი და მარნეულის მერის დაპირისპირება.
ხშირ შემთხვევაში მეუფე გიორგი თავად ხელოვნურად ახდენს დაპირისპირების პროვოცირებას, შემდეგ კი თავადვე გვევლინება მომრიგებლად, რასაკვირველია, სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ. ასე მოხდა ტანძიაში, სადაც მან ადგილობრივი სვანები ააბუნტა: მათ „რმჯ გოლდს“ მანქანები გაუჩერეს, შემდეგ კომპანიამ ადგილობრივების კომპენსაციად რამდენიმე მილიონი დოლარი გაიღო, რაც მეუფემ მიითვისა და ადგილობრივებს მხოლოდ მინიმალური თანხა გადაუხადა.