სამშაბათი, 24 ივნისი, 2025
2025-06-24 08:20:23
შორენა მარსაგიშვილი
რა ხდება საპატრიარქოში? რატომ არ იკრიბება სინოდი? რა კომპრომატები აქვს მეუფე გიორგის სინოდის წევრებზე? რა გზა განვლო გიორგი ჯამდელიანმა მეუფეობამდე და როგორ უნდა მოიქცეს ის გახმაურებული სკანდალების შემდეგ?
ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება დევნილობაში მყოფი დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელიც რამდენიმე წელი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მოადგილე იყო.
_ მამა ილია, უკვე რამდენიმე წელია, სინოდის სხდომა არ გამართულა. ასეთი რამე შესაძლებელია?
_ საეკლესიო სამართალი, კანონიკური სამართალი, როგორც დიდი სჯულის მუხლები, ასევე უშუალოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება აკანონებს, რომ წელიწადში სინოდის მინიმუმ ორი შეკრება აუცილებელია. სამწუხაროდ, 2023 წლის მერე აღარ მოწვეულა სინოდი. ეს ნიშნავს, რომ სჯულის კანონი უხეშად ირღვევა და სახეზე გვაქვს კანონიკური ქაოსი და ანარქია. ეს წარმოუდგენელი და გასაკვირი ფაქტია. უფლის, ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე პასუხისმგებლობას რომ გრძნობდნენ, ფორმალურად მაინც მოიწვევდნენ სინოდის სხდომას. ამას რაიმე განსაკუთრებული შრომა, ოფლისღვრა და ომის წამოწყება არ სჭირდება. საქართველოში არაფერი აღარ უნდა გვიკვირდეს, მათ შორის ის, რომ სჯულის კანონი ოფიციალურად გაუქმებულია.
_ თვქენი აზრით, რა არის მიზეზი, სინოდის სხდომები რომ აღარ იმართება? პატრიარქი არის შეუძლოდ და ამიტომ?
_ მიზეზი, როგორც ჩანს, არის ილია მეორის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. თუმცა კანონიკურად შეუძლია ილია მეორეს, რომ სამართლებრივად სინოდის თავმჯდომარეობა მიანდოს მოსაყდრეს. მოსაყდრე არის მისი შემცვლელი, მისი მოადგილე და მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი მისი დავალებითა და ნებართვით. არაფერში არ ჯდება ის, რომ სინოდის სხდომა არ ტარდება. ფორმალურად მაინც ჩაეტარებინათ, მას ხომ მაინც არავინ ესწრება გარედან და ვერ გააკონტროლებენ, რა ხდება იქ. სინოდის სხდომები ადრეც ფორმალობა იყო. ილია მეორე ერთპიროვნულად წყვეტდა ხოლმე ყველაფერს. სინოდის წევრებს აიძულებდა მისი პოზიციის გაზიარებას. ეს ძალიან კარგად აქვს აღწერილი თავის წერილში მიტროპოლიტ შიო ავალიშვილს ჯერ კიდევ 1983 წელს. 1983 წლის მერე ილია მეორის გავლენა ათასჯერ გაიზარდა. ძალიან გასაკვირი და სამწუხაროა, რომ 2023 წლის შემდეგ სინოდის კრება აღარ შემდგარა.
_ სინოდის სხდომის გარეშე არ შეიძლება რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც იგივე მეუფე გიორგი ჯამდელიანთან დაკავშირებით, რომლის გარშემოც გასული წლიდან მოყოლებული სკანდალი სკანდალზე გორდება? შარშან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დაქორწინდა მას შემდეგ, რაც მეუფე გახდა. სხვათა შორის, ამ მიზეზით სომხეთში კათალიკოსის გადაყენებას აპირებენ და ნიკოლ ფაშინიანს უკვე აქვს კამპანია დაწყებული ამასთან დაკავშირებით.
_ საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სინოდსა და სინოდს შუა ეკლესიას ერთპიროვნულად მართავს პატრიარქი. გვაქვს შემთხვევები, როდესაც პატრიარქმა სინოდის წევრებს, მათი თანხმობით, სინოდის გარეშე შეუცვალა ეპარქიები. სურვილის შემთხვევაში პატრიარქს შეეძლო, გიორგი ჯამდელიანისთვის გარკვეული სასჯელი დაედო. ასევე სურვილის შემთხვევაში ილია მეორე სინოდსაც მარტივად მოიწვევდა. რამდენიმე წლის წინ მეუფე პეტრე ჭყონდიდელი 5 წუთში გადააყენეს ეპისკოპოსობიდან. ეს გააკეთეს ყოველგვარი საეკლესიო მსჯელობის გარეშე და გამოაძევეს სინოდის სხდომიდან.
_ ეს 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხომაზე მოხდა.
_ დიახ. საამისო ნება თუ იქნებოდა, გიორგი ჯამდელიანის გადაყენებაც შეიძლებოდა 5 წუთში. ჯერჯერობით ეს არ ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია საზოგადოების რეაქციაზე. საპატრიარქო ყოველთვის უყურებდა იმას, თუ რამდენად მწვავედ რეაგირებს საზოგადოება ამა თუ იმ საკითხზე. თუ ეს საქმე ჩაიფარცხა და საზოგადოების ინტერესიც განელდა, ყველაფერი დარჩება ისევ ისე, როგორც არის. თუ ჩათვალეს, რომ ჯამდელიანის ქმედებები და განცხადებები საპატრიარქოს ძალაუფლებასა და გავლენებს რაიმე ფორმით ხელს უშლის და პრობლემებს უქმნის, მას მოხსნიან. ოღონდ შეეცდებიან, რომ მოხსნა განხორციელდეს მაქსიმალურად რბილად, რათა საზოგადოებაში ზედმეტი ეიფორია არ შეიქმნას. ამ შემთხვევაში ჯამდელიანის გარშემოა სკანდალები, თორემ ნებისმიერ სასულიერო პირს შეიძლება ასე მოექცნენ, ვინც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
_ მეუფე გიორგი ჯამდელიანის გარშემო სკანდალები ბოლო რამდენიმე წელია აგორდა. მანამდე მასთან დაკავშირებით არაფერი ისმოდა. რამ შეცვალა ეს ადამიანი ასე?
_ მეუფე გიორგი ჯამდელიანს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან ორ წელზე მეტი მასთან ვმსახურობდი და მისი მოადგილე ვიყავი. გახლდით საკათედრო ტაძრის წინამძღვარი და ეპარქიის მთავარუხუცესი. ეს იყო 2014-2016 წლები. გიორგი ჯამდელიანი ეპისკოპოსი გახდა 2013 წლის ნოემბერში. მანამდე ის იყო ბოლნისის ეპარქიაში, სადაც ასევე მეც ვმსახურობდი. ის იმყოფებოდა სახუნდარის მამათა მონასტერში. ეს მონასტერი არის ღრმა ხეობაში, ტყეში. მეუფე გიორგი ამ მონასტრის წინამძღვარი იყო. ჯამდელიანის ბერობამ და ეპისკოპოსობის პირველმა წლებმა ჩემ თვალწინ გაირბინა, ყველაფრის მოწმე ვარ. დასაწყისში ის იყო ბევრად უფრო სხვანაირი იმ კუთხით, რომ ის მონასტერში მოვიდა ქუჩიდან.
_ ქუჩიდან მოსვლაში რას გულისხმობთ, ქართულად ქუჩური გაგება რასაც ნიშნავს?
_ დიახ, დიახ. ის ქუჩური ცხოვრებით ცხოვრობდა. თავადვე განაცხადა ამბიონიდან, რომ მონასტერში საკუთარი ცოდვების მოსანანიებლად და გამოსასწორებლად წავიდა. ის იყო ახალგაზრდა, პატარა ბიჭი, სრულებით მოუმზადებელი სასულიერო კარიერისთვის. მას არასოდეს უსწავლია არც სასულიერო სემინარიაში და არც აკადემიაში. სასულიერო ცხოვრებისთვის მოუმზადებელი ახალგაზრდა ბიჭი მეუფე იობმა ძალიან მალე აღკვეცა ბერად. ასევე მალევე ის მეუფე ეფრემმა წაიყვანა თავისთან ბოლნისის ეპარქიაში სახუნდარის მონასტრის წინამძღვრად. ამ ამბიდან დაახლოებით 5 წელიწადში ის ყველასთვის მოულოდნელად გახდა ეპისკოპოსი და სინოდის წევრი. ეს მოხდა 2013 წელს. სინოდში მას, ფაქტობრივად, არც იცნობდნენ და მისი ეპისკოპოსად კურთხევა არავის უნდოდა, მაგრამ მეუფე იობმა პატრიარქზე განახორციელა ზეწოლა, რომ ორი ადამიანი გაეყვანა მეუფედ. სვიმეონე ხაშურის ეპისკოპოსად დაანიშვნინა და ჯამდელიანი _ მარნეულის. ამბობენ, რომ სუსი იყო ჩართული გოგაშვილის სახითო.
_ მეუფე სვიმეონეზე ამბობდნენ, რომ მას სოსო გოგაშვილი აქტიურად უჭერდა მხარს. გოგაშვილი მაშინ დიდი გავლენებით სარგებლობდა.
_ მეუფე სვიმეონე და გოგაშვილი ნათესავები არიან. მეტი გოგაშვილთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია ამ თემაზე. ის დანამდვილებით ვიცი, რომ გიორგისა და სვიმეონეს ეპისკოპოსებად კურთხევა მეუფე იობის კატეგორიული მოთხოვნა იყო. მეუფე იობმა თავისი ხალხი ადრეც შეიყვანა სინოდში. ესენი არიან მეუფე ეფრემი, მეუფე ილარიონი, მეუფე დავით ტიკარაძე. ისინი ეპისკოპოსებად 20-25 წლის წინათ აკურთხეს. მეუფე იობს აქვს ამბიცია პატრიარქობაზე და ამიტომ ცდილობდა, რომ სინოდში ჰყოლოდა საკუთარი მომხრეები.
_ ის 2004 წლამდე მოიაზრებოდა კიდევაც პატრიარქის მემკვიდრედ.
_ მოიაზრებოდა. ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ქორეპისკოპოსი. თუმცა შემდგომ შორენა თეთრუაშვილთან დაპირისპირების გამო მან დატოვა ქორეპისკოპოსობა, დატოვა საპატრიარქო. მას შემდეგ ის აღარ არის საპატრიარქოში ძველებურად მიღებული. ამის მიუხედავად მას მაინც აქვს ძალიან ძლიერი გავლენები ეკლესიაში უშუალოდ ილია მეორეზეც. ეს აიხსნება იმით, რომ ისინი ორივენი არიან მოხევეები და ნათესავები. ამის გარდა მეუფე იობი 1980-იანი წლებიდან არის ილია მეორის გვერდით. შესაბამისად, მან ძალიან ბევრი რამ იცის. მთავარი მიზეზი ნათესაობაა. მას შეუძლია უფრო თამამი და გაბედული საუბარი პატრიარქთან, ვიდრე სხვა მღვდელმთავრებს. მეუფე იობის დიდი მოთხოვნა იყო, რომ მამა გიორგი და მამა სვიმეონე ნაკურთხი ყოფილიყვნენ ეპისკოპოსებად. თან ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა იობის ეპარქია იყოფოდა ორ ნაწილად. ამიტომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი კადრი დამჯდარიყო ხაშურის ეპარქიაში. ერთი სიტყვით, სვიმეონესთან ერთად ჯამდელიანიც იკურთხა ეპისკოპოსად. 11 თვის შემდეგ მე ვხდები ჯამდელიანის მოადგილე ეპარქიაში. თავიდან მეუფე გიორგი იყო სულ სხვანაირი, უფრო მორწმუნე, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგებოდა საქმეს.
_ ანუ გულწრფელად ცდილობდა თავისი ცოდვების მონანიებას?
_ როგორც შეეძლო, ცდილობდა. ის დასაწყისში მაქსიმალურად ცდილობდა, რომ პატიოსანი ეპისკოპოსი ყოფილიყო, მაგრამ იყო 32 წლის გამოუცდელი ბიჭი. მას არ ჰქონდა არანაირი საეკლესიო განათლება. მოულოდნელად მის ხელში აღმოჩნდა უზარმაზარი ძალაუფლება და გავლენა. ეპისკოპოსობა ეს არის ძალიან დიდი ძალაუფლება, ეს გენერლობაა. ეპისკოპოსს ჰყავს უამრავი მონამორჩილი მსახური, პირდაპირი მნიშვნელობით. მეუფე გიორგის ხელში აღმოჩნდა დიდი ფული. მარნეულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთლიანად ქვემო ქართლში, ათიათასობით სვანია ჩასახლებული. როგორც კი ჯამდელიანი ეპისკოპოსი გახდა, მის გარშემო ავტომატურად შეიკრა სვანური მაფია და კლანი. საუბარი მაქვს ნავერიანის კლანზე. ჯამდელიანის წყალობით შემდეგ თამაზ ნავერიანი მაჟორიტარი დეპუტატიც კი გახდა პარლამენტში. მათ აქვთ ნათესაური კავშირი და დიდი ახლობლობა. იქ იყო ასევე ბევრი მაფიოზი, ზოგი მსხვილი, ზოგი წვრილი. ფულისა და ძალაუფლების გარდა ჯამდელიანი შეცვალა ქალმა.... 2015 წლიდან მის გვერდით აღმოჩნდა ახალგაზრდა მორჩილი ქალი. მასზე სუსის კრებსებშიც არის საუბარი. ამ დედაკაცმა მეუფე საბოლოოდ გახრწნა, სინდისსა და ნამუსზე ხელი ააღებინა. იქიდან მოყოლებული მეუფე გიორგის მორალი და ქცევა საბოლოოდ ჭაობში ჩაეშვა. ეს ძალიან ცუდი ამბავია. ჩემთვის ეს ყველაფერი არის ძალიან გულსატკენი. ოდესღაც მე ეს ადამიანი ძალიან მიყვარდა, როგორც ეპისკოპოსი. მეუფე გიორგიმე პატრიარქთან დეკანოზად წარმადგინა. მის მიმართ ადამიანური სენტიმენტები მაქვს და ვდარდობ იმის გამო, რაც მის თავს ხდება. ამავე დროს, ძალიან აღშფოთებული და გაბრაზებული ვარ მისი ქცევების გამო. იმდენად გული მტკივა მის საქციელზე, რომ ძალიან მძიმეა ბევრ რამეზე საუბარი. ზოგს კი ჰგონია, რომ მისი მტერი ვარ, მაგრამ ეს ასე არ არის, მე მეუფის მოკეთე ვარ. მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ თუ არ ამხილე საეკლესიო იერარქიის ეს უკიდურესი ხრწნა და დაცემა, შენ უკვე მტერი ხარ როგორც ეკლესიის, ასევე მაგ ადამიანის. მხილება არის ერთ-ერთი იარაღი იმისთვის, რომ იქნებ ჯერ კიდევ გამოსწორდეს ვითარება ეკლესიაში.
მე ვარ მეუფე გიორგის მოკეთე და მინდა ვურჩიო, მას რომ სასწრაფოდ დატოვოს ეპისკოპოსობა, პატივი, დიდება და წავიდეს მონასტერში მოსანანიებლად სამუდამოდ. თუ ეს არ შუძლია, იმ შემთხვევაში წავიდეს ერში _ განიმოსოს, გაიპარსოს წვერი, თავის დამალულ მეუღლეს მიხედოს და ბედნიერი, სრულფასოვანი ოჯახი შექმნას, ყოველგვარი მალვისა და ტყუილის გარეშე.
_ გადადგამს ამ ნაბიჯს მეუფე გიორგი? თქვენ მას კარგად იცნობთ და შესაბამისად იცით, რისი გამკეთებელია ის. ძალიან ძნელია ამხელა ძალაუფლების დათმობა.
_ ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს მას და ამ ძალაუფლებას უზარმაზარი ფული ახლავს თან. ბოლო წლებში მარტო მარნეულის მუნიციპალიტეტი მას ყოველწლიურად ურიცხავს 400 000 ლარს. მეუფე გიორგი ამ ფულს ისე ხარჯავს, როგორც საკუთარს. კაციშვილი მომკითხავი არ ჰყავს არც საპატრიარქოდან, არც ხელისუფლებიდან. ამას ემატება სხვა უარავი მბიზნესი _ ზოგი შავი, ზოგი თეთრი. სვანური კლანის დახმარებით მან ეპისკოპოსობის პარალელურად სერიოზული ბიზნესები ააწყო.
რაც შეეხება კითხვას, დატოვებს თუ არა ეპისკოპოსობას, ვფიქრობ, რომ ამ წუთას არ დატოვებს. არის ერთადერთი გზა, რომ ის საპატრიარქომ გადააყენოს ეპისკოპოსობიდან და გააგზავნოს მონასტერში სამუდამო სინანულისთვის. მაგრამ წავა თუ არა ის მონასტერში, ამაში დარწმუნებული არ ვარ. უფრო მგონია, რომ ის გაიხდის ანაფორას და შექმნის ოჯახს, რომელიც ისედაც ჰყავს, მაგრამ დაფარული სახით.
საკითხი არის ძალიან ტრაგიკული და საპატრიარქოსთვის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ერთი ფაქტი, _ ჯამდელიანი არ არის ერთადერთი ეპისკოპოსი, რომელსაც ფარულად ჰყავს ცოლი და ჰყავდა საყვარელი. სინოდის ბევრ წევრს ჰყავს საყვარელი და ჩვენ ეს ვიცით დეტალურად სუსის კრებსებიდან. მანამდე პირადად მე ვიცოდი, სხვებმაც იცოდნენ, ვინც ეკლესიაში იყავნენ, მაგრამ დამატებითი ცნობები სუსის კრებსებში აღმოჩნდა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ორმა ეპისკოპოსმა მოიყვანა ცოლი და მათ შეეძინათ შვილები. ესენი იყვნენ მეუფე თადეოზი, რომელსაც შეეძინა ექვსი შვილი ეპისკოპოსობაში და მეუფე ვახტანგ ახვლედიანი, რომელსაც ეპისკოპოსობაში შეეძინა ორი შვილი. ისინი დარჩნენ ეპისკოპოსებად და შემდგომში ილია მეორემ მათ მიტროპოლიტის წოდებაც მისცა. მეუფე თადეოზ იორამაშვილი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მეუფე ვახტანგ ახვლედიანი ცოცხალია და დღემდე რჩება სინოდის წევრად. ამის გარდა მეუღლესთან ცხოვრობდა და ცხოვრობს ტყიბულისა და თერჯოლის, მანამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი შალამბერიძე. შალამბერიძე ეპისკოპოსობამდე იყო დეკანოზი და პროტოპრესვიტერი ცოლიანი მღვდელი. ეპისკოპოსობისთვის ის აღკვეცეს ბერად და აკურთხეს. ეს მოხდა 1988 წელს და იქიდან მოყოლებული მას არცერთი დღე აღარ დაუტოვებია ოჯახი. ის დღემდე ოჯახიდან, თბილისიდან მართავს ეპარქიას. გამომდინარე აქედან, ჯამდელიანს აქვს კოზირები, რომ საპატრიარქოს სახეში შეაყაროს ეს ფაქტები.
აქვე მინდა ერთი ისტორია გავიხსენო: 2015 წლის იანვარია, რამდენიმე თვის გადასული ვარ ჯამდელიანის ეპარქიაში მის მოადგილედ. იმ პერიოდში მას მამა გარდაეცვალა. თავად ავად გახდა და რამდენიმე თვე იყო თბილისში, თავის სახლში. მე ის სახლში მოვინახული ინგოროყვას ქუჩაზე, თავისუფლების მოედნის უკან. საუბარმა მოიტანა და მე ვუთხარი, რომ სინოდში გვყავს ცოლიანი ეპისკოპოსები. მაშინ მეუფე თადეოზიც ცოცხალი იყო. ეს რომ ვუთხარი, მეუფე გიორგის გაოცებასა და გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.
_ სინოდის წევრი იყო და არ იცოდა, რომ ასეთი რამე ხდებოდა?
_ არ იცოდა. ის, როგორც უკვე გითხარით, ქუჩდან მოვიდა ეკლესიაში. მერე რამდენიმე წელი სახუნდარის მონასტერში იყო, რომელიც ღრმა ხეობაშია, ტყეში და საიდან უნდა სცოდნოდა? როცა გაიგო, რომ ეპისკოპოსებმა ცოლები მოიყვანეს და ეპისკოპოსობაში შვილები შეეძინათ, გაოცდა და დაბრკოლდა შინაგანად. იმ დროიდან, სავარაუდოდ, მასში ჩაითესა აზრი, სხვამ თუ მოიყვანა ცოლი, მე რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოო? გაითვალისწინეთ, რომ ეს ეხება 35 წლის ახალგაზრდა, ჯანმრთელ მამაკაცს. ბერობა ადამიანს ბიოლოგიურ და სექსუალურ სურვილებს ვერ წაართმევს და იმპოტენტად ვერ აქცევს. ბერის კაბა წინ ვერ აღუდგება ბიოლოგიურ სურვილებს. თან როდესაც ჩვენ სახეზე გვყავს ახალგაზრდა და გამოუცდელი იერარქი, რომლის ხელშიც არის უზარმაზარი ძალაუფლება და ფული. თან გარს ახვევია უამრავი მაქებარი: უჩოქებენ, ხელებს უკოცნიან, ლამისაა ფეხები აულოკონ.
ასეთ დროს რა ხდება? მოხდა ის, რაც ხდება ხოლმე _ ადამიანს თავში აუვარდა და უკონტროლო გახდა მისი მდგომარეობა. გავითვალისწინოთ, რომ ეს ადამიანი არის ძალიან ამპარტავანი და პატივმოყვარე, უყვარს ძალაუფლება და ფუფუნება, შეპყრობილია ზემდგომობის სურვილით. სამოქალაქო დოკუმენტებში მისი გვარი არის ჯამდელანი. ისტორიული გვარი არის ჯამდელიანი, მაგრამ როგორც მან მითხრა, პირადობისა თუ დაბადების მოწმობის გაცემის დროს მოხდა შეცდომა და ერთ ასო ამოვარდა გვარიდან. დღემდე ის პასპორტით არის ლერი ჯამდელანი. თუმცა მას ოჯახი ყოველთვის ეძახდა ბეთქილს.
ჩვენ ახლა მივედით იმ სიტუაციამდე, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ლამისაა სისხლი დაიღვაროს გიორგი ჯამდელიანსა და გიორგი შინჯიკაშვილს შორის. საპატრიარქომ დროზე უნდა იმოქმედოს, თუ არადა, თუ რამე მოხდა, ყველაფერზე პასუხისმგებელი ის იქნება.
_ მეუფე გიორგი ამბობს, რომ შინჯიკაშვილი მის მოკვლას აპირებდა. თქვენ გჯერათ ამის? საქართველოში არაფერია გამორიცხული.
_ ვერ გეტყვით, რომ ამის ბოლომდე მჯერა, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ. ეს ობიექტურმა გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს. რასაც ამ წუთამდე ხელს უშლის გიორგი ჯამდელიანი, ის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ის ხელს უშლიდა და უკრძალავდა ჩვენების მიცემას მონაზონ თეკლა კუბლაშვილს, რომელსაც მალავდა, გატაცებული ჰყავდა და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში ამყოფებდა. ეს არის წარმოუდგენელი რამ, ეს კატასტროფა და საშინელებაა. შენ თუ ხარ მსხვერპლი, შენი ერთადერთი ინტერესი უნდა იყოს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა სამართლებრივად და ბოლომდე გაარკვიონ საკითხი. ამით შენ ისინი დაგიცავენ. როცა შენ ამას ხელს უშლი და ეწინააღმდეგები, რანაირად შეიძლება გენდონ? მე ვერ ვენდობი ამ შემთხვევაში ჯამდელიანს და ბრჭყალებში ჩავსვამ მის „მსხვერპლობას“.
_ ამ ამბავში ისიც უცნაურია, რომ ის და შინჯიკაშვილი მეგობრები იყვნენ.
_ ისინი მეგობრებიც იყვნენ და ბიზნესპარტნიორებიც. ერთგვარად მაფიოზური კარტელის შემადგენელი ნაწილებიც იყვნენ. შინჯიკაშვილიც ვალდებულია, რომ საზოგადოებას უთხრას ყველაფერი. გამოვიდეს ტელევიზიით, მივიდეს პროკურატურაში, თუ აქამდე არ მისულა. ყველაფერი გვითხრას, რა ხდებოდა და რა მოხდა. გვითხრას ისიც, ჰყავდა თუ არა მონაზონი თეკლა აგენტად და ახორციელებდა თუ არა მასზე ზეწოლას, რომ მას ჯამდელიანი მოეკლა? სამივემ პასუხი უნდა გასცეს როგორც ხალხს, ასევე გამოძიებას.
მთელი პასუხისმგებლობა არის საპატრიარქოზე. საპატრიარქომ აღაზევა ის ეპისკოპოსად. საპატრიარქოს წყალობით აქვს მას ამხელა ძალაუფლება. მისი ასეთი პარპაში საპატრიარქოს ლიგიტიმაციითა და სახელით ხდება. მარნეული არის მუნიციპალიტეტი, სადაც საზღვარი გადის ორ სახელმწიფოსთან _ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. აქ გადის უმთავრესი სატრანზიტო არტერია, არის საბაჟო ცენტრები, სადაც უამრავი ფული მოძრაობს. ფულთან ერთად მოძრაობს უამრავი ნარკოტიკი და კონტრაბანდა. იქ უმრავლესობა არის აზერბაიჯანული ეთნოსი. საკმაოდ რთული დემოგრაფიული ვითარებაა. მარნეულში ადგილობრივ თვითმმართველობაზე გაბატონებულია ჯამდელიანი. 2016 წლის ზაფხულში ჯამდელიანმა ლამის განახორციელა მარნეულის მაშინდელი გამგებლის, მერაბ თოფჩშვილის იმპიჩნმენტი. მას ჰქონდა ძალიან დიდი დაპირისპირება გამგებელთან. დაპირისპირება ფულის გამო მოხდა. თოფჩიშვილი ჯამდელიანს ფულს არ ურიცხავდა. ჯამდელიანმა თავისთან დაიბარა მარნეულის საკრებულოს მთელი შემადგენლბა. დეპუტატები აიძულა, ხელი მოეწერათ თოფჩიშვილის იმპიჩმენტის დოკუმენტისთვის. ქართველებთან ერთად მან აზერბაიჯანელი დეპუტატებიც დაიბარა. დოკუმენტს იურიდიული ძალა რომ ჰქონოდა, სულ ერთი თუ ორი ხელმოწერა აკლდა, მაგრამ ჩაერია სუსი და საპატრიარქო და იმპიჩმენტი ჩაიშალა. შემდეგ ცენტრიდან თოფჩიშვილი აიძულეს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ეპარქიისთვის დაერიცხა ფული. თუ კარგად მახსოვს, ეს იყო დაახლოებით 250 000 ლარი.