ზუგდიდში სუს-ის აფხაზეთის განყოფილების შენობის აფეთქების შესახებ ბევრი ვერსია გავრცელდა, მაგრამ ოფიციალური კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტერორისტული ან დივერსიული აქტი თავიდანვე გამოირიცხა.
ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ იმ გუნდის წარმომადგენელმა, რომელიც ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, აწ უკვე პატიმარ ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში (სადაც გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა) ადანაშაულებდა, თავად გააკეთა საინტერესო განცხადება: შს მინისტრმა გომელაურმა, რომელიც ზუგდიდში ჩავიდა, აფეთქების ადგილის დათვალიერების შემდეგ მაშინვე ჟურნალისტებს მიაშურა და განაცხადა, რომ გავრცელებული ხმები თითქოსდა დივერსიის ან ტერაქტის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს. მისი თქმით, აფეთქება წყლის გამაცხელებელ ავზში ორთქლის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კედლის ჩამონგრევა და „სიკვდილიანობა“ (ასე ბრძანა მინისტრის მოადგილემ) მოჰყვა.
წყლის გამაცხელებელი ავზი სუს-ის აფხაზეთის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსის კაბინეტის გვერდითა ოთახში მდებარეობდა. ავზში რომ ორთქლი დაგროვებულიყო და შემდეგ გამსკდარიყო, ეს შემდეგნაირად უნდა მომხდარიყო:
ვიღაცას ავზის შიგთავსში მოთავსებული სპირალი გასაცხელებლად უნდა ჩაერთო ისე, რომ შიგ წყალი არ ყოფილიყო ჩატუმბული, რის შემდეგაც იქ გაცხელებული სპირალისგან წარმოიშობოდა მაღალი ტემპერატურა, წნევა და ბოლოს დადგებოდა აფეთქების მომენტი. თუ ავზის გასკდომის ვერსიას მივყვებით, სწორედ ეს ვერსია უნდა გავიზიაროთ, რაც საკმაოდ საეჭვოა.
„ქრონიკა+“-ის ხელთ არსებული ექსკლუზიური ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილემ თბილისიდან გამგზავრებამდე სწორედ ეს დირექტივა მიიღო _ მას უნდა გაეხმოვანებინა, რომ წყლის ავზის აფეთქება მოხდა. საქმე ის გახლავთ, რომ ზვიად ლაგვილავას ხელმოწერით სუს-ის ცენტრალურ ოფისში მისული იყო ოფიციალური თხოვნა იმის შესახებ, რომ ავზი გამოცვლილიყო. თხოვნის მიზეზად მისი „მოძველებული მდგომარეობა“ იყო მითითებული.
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამ წერილის გაგზავნის ზუსტი თარიღის დადგენა „ქრონიკა+“-მა ვერ შეძლო იმ მარტივი მიზეზით, რომ სუს-ის მიმოწერის შესახებ ინფორმაცია, გასაგები მიზეზების გამო, არ გაიცემა, მაგრამ ზუგდიდში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული ზვიად ლაგვილავას ერთ-ერთი თანამშრომელი პირადი საუბრისას ადასტურებს, რომ ამგვარი წერილი მართლაც არსებობდა და თბილისიდან ახალი ავზის შეძენისა და მონტაჟისთვის თანხის გამოყოფა იგეგმებოდა, მაგრამ ჭიანურდებოდა.
ჰოდა, ამგვარი წერილის არსებობის პირობებში, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, სუს-ი გაასაჯაროებდა, არც არავის შეეპარებოდა ეჭვი, რომ შენობაში მართლაც ავზი აფეთქდა.
მაგრამ აქვე იბადება სამი კითხვა:
ა) თუ ავზის დაზიანების შესახებ იცოდა ზვიად ლაგვილავამ, რატომ დაიძინა მშვიდად სწორედ იმ კედელთან, რომლის მეორე მხარეს ავზი იყო დამონტაჟებული?
ბ) ვინ ჩართო ავზში დენი, რომელიც წყლის გასაცხელებლად უნდა ყოფილიყო გამიზნული და თუ ჩართო, რატომ არ ჩატუმბა მანამდე წყალი?
გ) სად იყო შენობის მორიგე, რომელსაც მსგავსი დეტალების (გასაცხელებლად ჩართული ავზი, მოშვებული ონკანი, ღიად დარჩენილი ან დატოვებული კარი) კონტროლი ევალება, განსაკუთრებით ღამის საათებში?
კიდევ ერთი საეჭვო დეტალი თავად შენობის მდგომარეობაა აფეთქების შემდეგ: საყრდენი კედელი ისე დაზიანდა, რომ მისი ჩამონგრევა და, საბოლოოდ, შენობის დემონტაჟი გახდა საჭირო...
შენობა, სადაც აფეთქება მოხდა, საბჭოთა ეპოქის პერიოდისაა, ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო დაწესებულებად ჩაფიქრებული შენობა (იქ ავტოპარკი იყო განთავსებული) საკმაოდ მყარად უნდა ყოფილიყო ნაგები _ მაშინ სამშენებლო მასალებს კი იპარავდნენ და „ტეხავდნენ“, მაგრამ რაც შენდებოდა, მყარად ნაგები მაინც გახლდათ, ხარისხიანი სამშენებლო ნაწილებით.
შეეძლო კი ავზის აფეთქებას, თუკი აფეთქების დამანგრეველ ძალას ხელოვნურად არ გაზრდიდნენ, ასეთი შედეგი დაეყენებინა: ჩამონგრეული კედელი, ჭერი, მოშლილი საყრდენები, რის გამოც შენობის სრული დემონტაჟი გახდა აუცილებელი... საინტერესოა, გამოძიება დაინტერესდება ამ დეტალებით?
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები ზვიად ლაგვილავას სიკვდილს სულაც არ მიიჩნევდნენ შემთხვევითობად, არამედ ან ტერაქტის, ან შიდა ანგარიშსწორების გამოვლინებად აფასებდნენ, მაგრამ პოლიციელის გარდაცვალების მეორე დღეს უკვე არავინ საუბრობდა ხმამაღლა ამაზე...
ამ აფეთქებისა და მსხვერპლის ისტორიაში არსებობს კიდევ ერთი დეტალი, რომელიც, შესაძლოა, სულაც დამთხვევა იყოს, მაგრამ, ამავე დროს, ისიც არაა გამორიცხული, რომ შემთხვევითობა გამოირიცხოს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე გამოძიებიდან დაინტერესდება ტერაქტის ვერსიით და ამ მიმართულებით ჩაატარებს კვლევა-ძიებას.
„ქრონიკა+“-მა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ აფეთქების თვე და რიცხვი _ 28 ოქტომბერი, წლების წინათ გალში, საკუთარ სახლთან ერთი ცნობილი აფხაზი „ბოევიკის“ მკვლელობის დღეს ემთხვევა. მაშინ ის „ბოევიკი“ ისე მოკლეს, რომ თავდამსხმელმა არც კვალი დატოვა და მკვლელობა, საბოლოოდ, გამოუძიებელი დარჩა, თუმცა აფხაზურმა მედიამ, მათ შორის, სახელმწიფო ტელევიზიამ, მკვლელობის შემსრულებლად ქართული სპეცსამსახურები დაასახელა...
ზუგდიდში ტერორისტული აქტები მანამდეც მომხდარა. 1999 წლის მარტში ზუგდიდის რკინიგზის სადგურში მდგარ ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 19 წლის გოგონამ ქვედა კიდურები დაკარგა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
მატარებელი საღამოს ათ საათზე გადიოდა, მაკა ჯგუშია კი დეიდასთან ერთად ზუგდიდში სოფლიდან ადრე ჩავიდა და რახან ბილეთი ჰქონდა, გამცილებელს სთხოვა, ვაგონში აეშვა, რასაც ეს უკანასკნელი დაყაბულდა. აფეთქება დაახლოებით 17 საათისთვის მოხდა, ანუ მატარებლის გასვლამდე ხუთი საათით ადრე. ბედის ირონიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ იმ ვაგონის ქვეშ იყო დამონტაჟებული, სადაც მაკა ჯგუშია იმყოფებოდა.
მეორე აფეთქება ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მარჯვენა ფლიგელში მოხდა _ იქ მაშინ აფხაზეთიდან დევნილთა დაწესებულება იყო განთავსებული. კიბის ქვეშ შემალული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების დროს კიბეზე დედა ადიოდა მცირეწლოვანი შვილით.
აფეთქების ტალღამ ორივე ცალ-ცალკე მოისროლა, თუმცა პატარა, საბედნიეროდ, გადარჩა. დაიღუპა მისი დედა და დღეს შენობის გვერდით მცირე მემორიალური ქვაცაა, ტერაქტს შეწირულის ხსოვნის მიზნით.
თუ შემთხვევითობას გამოვრიცხავთ და ტერაქტის ვერსიას განვავრცობთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ტერაქტი ენგურს გაღმა დაიგეგმა, ხოლო მის შემსრულებლად რუსმა ოკუპანტებმა ვიღაც ჩვეულებრივი „კოჭოია“ აირჩიეს. თუ ასე ვიფიქრებთ, ე. ი. პირობითად „კოჭოიამ“ გაიგო შენობის სქემაც, შეიპარა კიდეც იქ და...
მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიაა. თუმცა ვარაუდი, რომ რუს ოკუპანტებს, შესაძლოა, შენობის სქემაც ჰქონდეთ და შენობაში კაბინეტებისა და სხვა სათავსების განლაგებაც კარგად იცოდნენ, საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ამ შენობაშიც და მის მოპირდაპირედ მდებარე ყაზარმული სტილის ნაგებობაშიც ისინი 2008 წლის აგვისტოში, მინიმუმ, 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მაშინ რუსებმა ერთ-ერთი საწყობის კარს ვერაფერი მოუხერხეს და დანაღმეს, შემდეგ კი ააფეთქეს. შენობიდან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გაზიდეს. შიდა და გარე პერიმეტრზე ოკუპანტებს გუშაგები ჰყავდათ დაყენებული, შენობიდან გასვლის შემდეგ კი ის დანაღმეს კიდეც _ ადგილზე მისული შსს-ს მესანგრეები მთელი ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ნაღმები გაეუვნებელყოთ. წასვლისას ოკუპანტებმა კიდევ ერთი რამ ჩაიდინეს, რასაც, შესაძლოა, მომხდარ აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ კარგად წარმოაჩენს რუსი ჯარისკაცების სახეს: მათ შენობის სასაწყობე ნაწილიდან, სადაც სურსათის მარაგი ინახებოდა (ბურღულეული, საქონლისა და ღორის ხორცი, ფარში, გარნირი და საგარნირე მასალა), რისი გაზიდვაც შეძლეს, გაზიდეს, მერე კი უკლებლივ ყველა მაცივრის კარი ღია დატოვეს, რათა მაცივრები, ან, მინიმუმ, პროდუქტი მაინც გაფუჭებულიყო...
დავუბრუნდეთ ისევ შენობას და მის აფეთქებულ ნაწილს. როგორც ზემოთ ვთქვით, აფეთქების შედეგად 32 წლის სუს-ის აფხაზეთის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსი დაიღუპა. ზვიად ლაგვილავას ზუგდიდში მანამდეც ბევრი იცნობდა, სანამ პოლიციაში წავიდოდა _ ხალხმა ის სიმღერებით შეიყვარა. ზვიადი ქალაქის პირველ ბენდში მღეროდა, სიმღერის ტექსტსა და მუსიკასაც წერდა. ცნობილია მისი და მისი მეგობრების მიერ შექმნილი სიმღერა ზუგდიდზე, რომელიც დღესაც პოპულარულია.
ზვიად ლაგვილავა ხშირად სტუმრობდა ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ შენობას, სადაც უამრავი ადამიანი გაიცნო და სადაც სტუდიაში, ზოგჯერ, სიმღერებსაც იწერდა ხოლმე. მეგობრობდა მსახიობ გიორგი ფოჩხუასთან, რომელიც უცნობებმა ანაკლიაში, ზღვაში დაახრჩვეს _ მკვლელების ვინაობა დაუდგენელია. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ზვიად ლაგვილავა ნინი შერმადინთანაც მეგობრობდა. ზუგდიდში მათ შორის არსებულ რომანზეც საუბრობენ, რომელიც არცთუ ხანგრძლივი აღმოჩნდა.
2008 წლის ომამდე ცოტა ხნით ადრე ზვიად ლაგვილავა სამუშაოდ პოლიციაში წავიდა. მან უბნის ინსპექტორობით დაიწყო, მერე კი წალენჯიხის პოლიციაში გადავიდა. 2008 წლის ომმა სწორედ წალენჯიხაში ყოფნის დროს მოუსწრო. მუსირებდა ვერსია, რომ ზვიად ლაგვილავა, შესაძლოა, ომში აქტიური მონაწილეობისთვის მოეკლათ, მაგრამ თვითონ ზვიადს აქტიური მონაწილეობა ომში არ მიუღია.
სამაგიეროდ 2008 წლის ოქტომბერში ის სიკვდილს გადაურჩა _ წალენჯიხაში, გალის ადმინისტრაციულ საზღვართან, რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა „ბოევიკებმა“ იმ სახლს ესროლეს, სადაც ზვიადთან ერთად მისი კოლეგები, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. მაშინ ლაგვილავა დაიჭრა, წალენჯიხის გამგებელი კი გარდაიცვალა. ზვიადი დაოჯახებული არ იყო. მეგობრებში ამბობდა, თურმე, სად მეჩქარებაო... მისი გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, გამოძიება კი, სავარაუდოდ, უკვე აღარც მუშაობს ტერაქტის ან დივერსიული აქტის ჩადენის კუთხით. დიდი ალბათობით გამოძიების დასრულება არც ზემოთ ჩამოთვლილ, საეჭვო და ლოგიკურ შეკითხვებს გასცემს პასუხს...
დოროთე გითოლენდია