ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2025
2025-10-02 12:12:31
გიგა გელხვიიძე
საქართველოს პოლიტიკური კალენდარი 4 ოქტომბერს განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ეს დღე ოპოზიციურ სპექტრში აღიქმება, როგორც მომენტი, როდესაც საზოგადოებას შეუძლია, ხელისუფლების მიმართ საკუთარი პროტესტი ერთიანად და მკაფიოდ დააფიქსიროს.
„ქრონიკა+“-თან საუბარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს თარიღი შემთხვევითი არ არის _ ის პასუხია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ რუსულ სპეცოპერაციაზე, იგივე თვითმმართველობის არჩევნებზე და ხელისუფლების განსაკუთრებულ შიშსაც სწორედ ამაში ხედავს.
საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის ნაწილის შეფასებით, 4 ოქტომბერი არის ერთდროულად პოლიტიკური გამოცდა ოპოზიციის ერთიანობისთვის, ახალგაზრდების მობილიზაციისთვის და ქვეყნის საგარეო კურსის განსაზღვრისთვის:
_ იგორ, პირველ რიგში, ვისაუბროთ 4 ოქტომბრის შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი და ადამიანების ერთობა 4 ოქტომბერს, რომლებიც უნდა მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე?
_ 4 ოქტომბრის თარიღი შექმნა ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ ჩანიშნა რუსული სპეცოპერაცია საქართველოში, ამიტომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ღირსეული პასუხი დავუბრუნოთ რუსულ რეჟიმს. ძალიან დიდი მოლოდინებია ამ დღესთან დაკავშირებით, გვგონია, რომ ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი გამოვა თბილისის ქუჩებში და შესაბამისს პასუხს გასცემს რეჟიმს. ამ დღის განსაკუთრებული შიში აქვს ივანიშვილის ე. წ. ხელისუფლებას და განსაკუთრებული მზადებაც აქვს ამ დღისთვის. ამის დასტურია ისიც, რომ მან დააკავა ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც პროპაგანდა აშავებდა თვეების განმავლობაში და ცდილობდა, რომ რაღაცნაირად გაეშარჟებინა თვითონ ლევანის პერსონა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ივანიშვილს მოუწია ლევან ხაბეიშვილს დაკავება.
_ როგორია სტრატეგია? რა უნდა იქნას გათვალისწინებული, რათა შედგეს პროტესტი. თუკი იქნება დარბევის მცდელობა, რაც გვინახავს სხვადასხვა აქციის დროს, განსაკუთრებით მძიმედ ბოლო აქციების დროს, რა უნდა იყოს სტრატეგია?
_ რაც შეეხება თვითონ გდდ-ს, მოლოდინები არ შეგვიცვლია, იქ ხარება იქნება თუ ქარცივაძე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ვხედავთ, რომ განსაკუთრებულად ემზადებიან 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ვალდებულება და ცალკეული პოლიტიკური აქტორების ვალდებულება ის არის, რომ გაერთიანდეს, ერთიანი იყოს ამ დღეს. ჩვენ ვხედავთ გაბლარულ პოზიციებს ოთხთან დაკავშირებით და ახლა არ არის ნიშნის მოგების დრო, ამიტომ ჩვენ, როგორც პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს გვაქვს ვალდებულება, უნდა ვიყოთ ერთიანები მთავარია წინა ხაზზე და არ მივცეთ ივანიშვილის ომონს საშუალება, ადამიანები ასე უმიზეზოდ და უკანონოდ გაწიროს, გალახოს. ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად არ უნდა ვაცემინოთ ჩვენი თანამებრძოლები, და ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში. ეს არის დღეს პოლიტიკური პარტიების ვალდებულება. სამწუხაროდ, ივანიშვილმა გააუქმა დღეს საქართველოში პოლიტიკა, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების როლიც გადაიზარდა ქუჩაში პროტესტში და ამ კონკრეტულ აქტივობებში და არა იმ რუსულ სპეცოპერაციასა და ფარსში (თვითმმართველობის არჩევნები), რომელშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ყოფილი პოლიტიკური პარტნიორები და პარტიები მონაწილეობენ. ამიტომ ჩვენი ერთადერთი ვალდებულებაა სიმტკიცე, ერთიანობა და არ უნდა დავანახოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ რაიმე ბზარი არსებობს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის, განსაკუთრებით იმ პარტიებს შორის, როლებიც მონაწილეობენ რუსულ სპეცოპერაციასა და ფარსში.
_ პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერ ნიკა გვარამიას ინტერვიუ შემხვდა, რომელიც მან ციხიდან მისცა ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილს. ის ხაზგასმით საუბროს ლევან ხაბეიშვილის როლზე და იმაზე, რომ ოლიგარქიული მმართველობა არ მიდის და არ წავა არჩევნების გზით. ამის საპირისპიროდ კი ჩვენ ვხედავთ „თვითმმართველობის არჩევნებში“ შესულ გახარიასა და „ლელოს“. რა გააკეთეს ამ პარტიებმა ივანიშვილის არჩევნებში შესვლით?
_ რაც „ლელომ“ და გახარიამ გააკეთეს, ეს არის ბრძოლის ღალატი. იმ ბრძოლის ღალატი, რომელიც დაიწყო ამ ქვეყანაში 2024 წლის 28 ნოემბერს და ამის შემდეგ გვყავს 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი. მათი ღალატია პირველ რიგში, რადგანაც ზუსტად ეს ადამიანები გვთხოვდნენ, რომ არ შევსულიყავით ამ სპეცოპერაციაში. გახსოვთ არაერთი პოლიტპატიმრის მოწოდება და თხოვნა ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ მიგვეღო არანაირი ფორმით მონაწილეობა და არ გავრიგებულიყავით. მიუხედავად ამისა, ისინი გარიგდნენ. მე გარიგებას დავარქმევდი ამას. ნებსით თუ უნებლიეთ ეს ადამიანები ახლა მონაწილეობენ რუსულ ფარსში და ივანიშვილს ძალაუფლების გამყარებაში უწყობენ ხელს.
_ რა ნაბიჯები უნდა გადადგას პროცესმა, რომ სისტემური ცვლილებები მოიტანოს? ჩვენ გვინახავს ქუჩაში გამოსული 200 000 ადამიანი, თუმცა შემდგომში ერთგვარი „კრახი“ განიცადა ამ პროცესმა თავისი ფორმის გამო. ახლა რა უნდა მოხდეს და რა უნდა იყოს გათვალისწინებული?
_ ამ შემთხვევაში ცოტა შორიდან გიპასუხებთ, რადგანაც 4 ოქტომბერს და სამოქალაქო ინიციატივას აქვს თავისი გზა. მათ შორის გვახსოვს მსგავსი პროტესტები, რომელმაც შედეგი არ გამოიღო, რაზეც ახლა ისაუბრეთ თქვენ. ამ ყველაფერმა გამოიწვია პაატა ბურჭულაძისა და „რუსთაველის გამზირის“ გააქტიურება, რასაც შემდგომში ენმ-მ დაუჭირა მხარი. ჩვენი პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს 4 ოქტომბრის ინიციატივას და ჩვენ ჩართულები ვართ ამ პროცესებში. ეს ყველაფერი გამოიწვია მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მიმართ უკმაყოფილებამ; გახსოვთ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა სიტყვით, არაფერი კონკრეტული მას არ უთქვამს, ფაქტობრივად, მაშინ რუსულ სპეცოპერაციასაც რაღაცნაირად დაუჭირა მხარი, შემდეგ, საბედნიეროდ, გადათქვა ეს პოზიცია, თუმცა ის საუბრობდა რაღაც დამკვირვებლების ჯგუფის მობილიზაციასა და შექმნაზე. ამის შემდგომ გამოვიდა პაატა ბურჭულაძე და თქვა, რომ იქმნებოდა სამოქალაქო ჯგუფი „რუსთაველის გამზირი“, რომელიც უერთდებოდა პროტესტის მიმდინარეობას. ამის შემდგომ ივანიშვილმა ჩანიშნა რუსული ფარსი და ეს არის ბუნებრივი დღე, როდესაც ჩვენ უნდა გამოვიდეთ თბილისის ქუჩებში. ამიტომ ასე ორგანიზატორი არ ჰყავს ამ პროტესტს, ეს არის ქართველი ხალხის პროტესტი. როგორც გითხარით, ბატონი პაატას ინიციატივა არის ეს და შესაბამისად, პროტესტის ფორმა უნდა იყოს მშვიდობიანი, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრნი და მტკიცეები. რეჟიმს უნდა გავუწიოთ მედგარი წინააღმდეგობა, ისეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ თბილისის ქუჩებში. თუ გვინდა, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ და ეს გამარჯვება დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. არ უნდა გავატანოთ ჩვენი თანამებრძოლები და არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, როგორიც იყო, დავუშვათ, მანამდე, სხვა პროტესტების დროს. ამიტომ გვმართებს ერთიანობა. 2024 წლის პროცესებში არ ვიყავით იმდენად ერთიანები, როგორიც უნდა ვყოფილიყავით.
_ ხალხის პროტესტი უფრო იყო, ვიდრე პოლიტიკოსების.
_ ახლაც იქნება ხალხის პროტესტი, უბრალოდ, პოლიტიკური აქტორები იქნებიან თავიდან ბოლომდე ჩართულები და დაკავებული ამ პროტესტის გაძლიერებით.
_ ვახსენეთ ხალხის პროტესტი და ამ პროტესტში ყველაზე დიდი წილი ჰქონდათ და აქვთ ახალგაზრდებს, იმ თაობას, რომელიც დაიბადა თავისუფალ საქართველოში. რა როლს თამაშობს ახალგაზრდების ასეთი აქტიური ჩართულობა პროტესტში?
_ 2023 წელი რაღაცნაირად გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემი თაობისთვის. ჩვენ ვიგრძენით რეალურად საფრთხე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამ ქვეყანაში. შეიძლება ოდნავ დაგვიანებულიც კი იყო ეს გამოფხიზლება და მანამდე რაღაცნაირად ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა მუშაობდა ქართულ საზოგადოებაზე, მაგრამ 2023 წელს ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რომ ქვეყანას ემუქრებოდა ბელარუსიზაციის საფრთხე და გამოვიდა თბილისის ქუჩებში. შესაბამისად, ყველაზე მთავარი როლი ჩვენს ქუჩის ბრძოლაში დღეს აქვთ ამ ახალგაზრდებს. სტუდენტური ძალა და ახალგაზრდული ძალა ყოველთვის იყო ცვლილების წინაპირობა. თქვენ იცით, რომ არაერთხელ დაწყებულა ბრძოლა თსუ-დან, ამ უნივერსიტეტის ეზოდან და სტუდენტების ხმა იყო ყველაზე მკაფიო და მძაფრი და ხშირ შემთხვევაში გამარჯვების მომტანი. ამიტომ დღესაც ყველაზე დიდი როლი ამ ბრძოლაში აკისრია სტუდენტებს და ჩემს თანატოლებს. ეს ბრაზი არსად წასულა, აკუმულირდა და გაერთიანდა. კიდევ უფრო დიდი გამოცდილება მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც პროტესტში გამოუცდელები იყვნენ შარშან, შარშანწინ და დღეს უკვე სხვანაირად შევხვდებით ბიძინა ივანიშვილის გამიზნულ ნაბიჯებს ჩვენ წინააღმდეგ.
_ დასავლეთის ბოლო პერიოდის განცხადებები „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ რამდენად მკაფიოა და იძლევა თუ არა იმის მოლოდინს, რომ როდესაც რეჟიმი დასრულდება, ყველაფერი დაუბრუნდება თავის ადგილს ევროინტეგრაციის გზაზე, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ დაგვაპაუზა.
_ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც ამ პროტესტებმა გამოიწვია 307 დღის წინ, ეს იყო „ოცნების“ არაღიარების პოლიტიკა. არცერთი ცივილიზებული ქვეყანა ევროკავშირიდან, დასავლეთიდან არ აღიარებს რუსული ოცნების რეჟიმს და ევროპარლამენტის რეზოლუციებში გაჩნდა ჩანაწერები სადაც, „ოცნებას“ პირველად მოიხსენიებენ, როგორც რეჟიმს და არა ხელისუფლებას. ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა და მერე კიდევ უფრო გართულდეს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ასევე ენმ-ს აქვს მკაფიო და მყარი პოზიცია და მათ შორის ძალიან მყარი კონტაქტები ჩვენს დასავლელ მეგობრებთან, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს წნეხი რუსულ ოცნებაზე, უფრო მკაფიო სანქციები უნდა ვიხილოთ რუსული ოცნების მაღალჩინოსნებთან მიმართებით, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში რაღაც გაბლარული პოზიციები შეიძლება გაუგებარი იყოს ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენ ვითხოვთ, კიდევ უფრო მკაფიო იყვნენ, პოლიტიკურ დღის წესრიგში ჰქონდეთ საქართველოს საკითხი და თუ დაკარგავენ საბოლოოდ საქართველოს, მაშინ მთელი კავკასიის რეგიონი და არ მხოლოდ კავკასიის რეგიონი, არის გეოპოლიტიკურ საფრთხეში. მით უფრო იმ პირობებში, რომ უკრაინაში ახლაც ომი მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან. თინა ბოკუჩავა ძალიან ხშირად იმყოფება აშშ-ში და ხვდება ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ასევე დიდ ბრიტანეთსა და ბრიუსელში ჰქონდათ შეხვედრები და ყველგან, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, რომ რეჟიმის არაღიარება მოხდეს, თუმც ამ არაღიარებას მოჰყვეს სწრაფი და ეფექტიანი სანქციები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო სწრაფად დააზიანებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ეს რეჟიმის ცდილობს, რომ რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მიიღოს, მათ შორის, ყაველაშვილის გამოსვლით გაეროში, რომელიც იყო აბსოლუტურად სამარცხვინო. ადამიანმა ერთხელაც ვერ ახსენა რუსეთი და სიტყვა ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომ გაეროში გამოსვლა და გაეროს ტრიბუნის გამოყენება არ ნიშნავს ლეგიტიმაციასა და აღიარებას, რადგან ეს ტრიბუნა არაერთხელ გამოუყენებია ბელარუსის ე. წ. პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და ვენესუელის ე. წ. პრეზიდენტ მადურუს.