,,_ მოშიმშილეებთან დაკავშირებით რას გვეტყვით? _ ვერაფერს, ჩვენც ვშიმშილობთ!”

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გაჩენიდან (30 იანვარი), თითქმის, ერთი თვე გავიდა, მაგრამ დღემდე უპასუხოდ რჩება არაერთი შეკითხვა, მათ შორის, უპირველესი, ცხადია, ისაა, თუ რა მოხდა, რამდენად დაცული იყო შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები?..

ადვოკატთა ჯგუფმა, რომელიც დაზარალებულების გარკვეული ნაწილის უფლებებს იცავს, მოიპოვა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, „ბავშვთა სამყაროს“ 2015 წელს ჩაუტარდა შემოწმება და რიგი დარღვევები გამოვლინდა.

დაზარალებულებთან დაკავშირებით სამართლებრივი ბრძოლის ნიუანსებზე „ქრონიკა+“ დამოუკიდებელ ადვოკატს, უფლებადამცველ მარიკა არევაძეს ესაუბრება:

_ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან „ბავშვთა სამყაროში“  სახანძრო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოვითხოვეთ. აღმოჩნდა, რომ შენობას ერთხელ, 2015 წელს ჩაუტარდა შემოწმება, რომლის შესაბამისადაც გამოვლენილია უსაფრთხოების ნორმების დაუცველობასთან დაკავშირებით რიგი დარღვევებისა და მას („ბავშვთა სამყარო“)ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა ჰქონდა. ჩვენ ამჟამად ისევ ინფორმაციის გამოთხოვის ეტაპზე ვართ, თუ რამდენად აღმოიფხვრა უსაფრთხოების ეს დაუცველი ნორმები, ანუ ხანძრის დროს იყო თუ არა მდგომარეობა გამოსწორებული. თვითონ დაზარალებულები ამბობენ, რომ იქ  ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები შეცვლილი და ახალი დაყენებული არ ყოფილა, მაგრამ მე, როგორც იურისტი, ამას ასე ხმამაღლა ვერ განვაცხადებ, რადგან საბოლოო დოკუმენტი, ჯერჯერობით, არ მაქვს.

_ გარდა ამისა, რა არის თქვენი სათქმელი ამ ეტაპზე, რა სამუშაოებს ახორციელებთ?

_ ამ ეტაპზე კომპლექსურ მუშაობას ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ: რამდენიმე ადვოკატი ვმუშაობთ როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით. თავიდან მხოლოდ მე ვიყავი სამოქალაქო სპეციალიზაციით ჩართული ადვოკატი, მაგრამ, დროის რესურსიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ადვოკატების დამატება, თან „ბავშვთა სამყაროს“ თემა საკმაოდ მოცულობითია და სისხლის სამართლის მიმართულებაც დაგვჭირდა. ამჟამად ერთობლივად ვმუშაობთ, ჩვენი ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით საჩივრებს ამზადებს პროკურატურისა და ფინანსური პოლიციისთვის _ ახლა დოკუმენტაციის გამოთხოვის ეტაპზე ვართ. რაც შეეხება სამოქალაქო მიმართულებას, მივუთითეთ, თუ რა დოკუმენტაცია გვჭირდება იმისთვის, რომ სარჩელის დაწერისთვის და  სამოქალაქო დავისთვის სასამართლოში საქმე მომზადდეს. ამ ადამიანებს ეს დოკუმენტაცია ჩვენთან მოაქვთ, ანუ ამ კუთხით დოკუმენტაციის შეგროვების ეტაპზე ვართ. თუმცა, პარალელურად, პრაქტიკულად, არც ერთი უწყება და დაწესებულება არ დაგვიტოვებია, ვისაც დახმარებისთვის არ მივმართეთ. მიმართვა გავაკეთეთ როგორც პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სახელზე, ისე  თბილისის მერიისა და საკრებულოს სახელზე, განცხადება პარლამენტშიც შევიტანეთ. ეს განცხადებები, ძირითადად, ეხება და აღწერს იმ ვითარებას, რა მდგომარეობაც 30 იანვრის გამთენიიდან დღემდე შეიქმნა, როგორ დამძიმდა ამ ადამიანების ყოფა. მათ მხოლოდ სამოქალაქო დავის ფარგლებში ძალიან გაუჭირდებათ და დროში გაიწელებათ დადებითი შედეგების მიღება, მაშინ, როდესაც თუკი ცენტრალური, ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან რაღაც თანხა გამოიყოფა და ამ ადამიანებს გარკვეული კომპენსაცია მიეცემათ, მათ უკვე შეეძლებათ, პირველადი საქონელი იყიდონ და მუშაობა დაიწყონ მანამ, სანამ სამოქალაქო დავა თავის შედეგებს არ მოიტანს, პირველ რიგში კი გამოძიების შედეგები არ გახდება ცნობილი. გარდა ამისა, კრედიტებთან დაკავშირებით მივმართეთ ეროვნულ ბანკსა და ბანკების ასოციაციას. ანუ, ამ ეტაპზე, ორი ძირითადი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ერთი: ეს არის ზარალის დაანგარიშება და კომპენსაციების გაცემა, მეორე: ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ანუ სესხები. ზიანის დაანგარიშებასა და დაზარალებულებისთვის კომპენსირების საკითხს რაც შეეხება, ამ მიმართულებით ეს ზიანი ჩვენივე ძალებით დავიანგარიშეთ და ინფორმაცია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უწყებას მივაწოდეთ. ცხადია, აქ საუბარი არ არის ყველა დაზარალებულზე (როგორც ვიცით, ხანძრის შედეგად, დაახლოებით, ორი ათასამდე დაზარალებულია), მე და ჩვენი ადვოკატთა ჯგუფი 350-400-მდე დაზარალებულს ვუწევთ წარმომადგენლობას. კრედიტებიც დავითვალეთ, ინფორმაცია მოვიძიეთ და აკუმილირება გავუწიეთ ერთ დოკუმენტში, თუ ვის აქვს სესხი, რომელ ბანკში, რომელ დაწესებულებასა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და ეს ინფორმაციაც ასევე ყველა უწყებას მივაწოდეთ, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბანკების ასოციაციას, რათა შუამდგომლობა მომხდარიყო და ამ ხალხს ეს სესხი ერთი წლის ვადით დაპაუზებოდა.

პრობლემა, როგორც ვიცი, ამ მიმართულებითაც გამოიკვეთა.

დიახ, ბანკებმა (მხოლოდ ბანკებზეა საუბარი) საშეღავათო პერიოდი მხოლოდ ექვსი თვე დაუშვეს, მაგრამ პროცენტი არ შეაჩერეს, ანუ პროცენტი სესხზე დარიცხვას განაგრძობს და ექვსი თვის შემდეგ ზოგმა ერთიანად უნდა გადაიხადოს ეს დაგროვილი პროცენტი, ზოგს კი ძირ თანხაზე დაურთეს პროცენტი და სესხის ვადაზე გადაუნაწილეს. ბუნებრივია, ეს არ არის ის შეღავათი, რაც ობიექტური მოთხოვნა იყო, იმიტომ, რომ თუ აქამდე ეს ხალხი თავის ნაკისრ ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა, მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა, სესხი აიღო, რადგან ბიზნესს აწარმოებდა. ამჟამად ეს საქმე აღარ არსებობს, არავინ იცის, როდის იქნება, თუნდაც, პირველადი კომპენსაციები, როდის შეძლებს ეს ხალხი მუშაობის დაწყებას და ექვსი თვე, ისიც პროცენტის დარიცხვით, პრაქტიკულად, არანაირი შეღავათი არაა. თან მოთხოვნა დაპაუზებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილებულა.

აქვე გეტყვით, რომ სიების ფორმირება პარალელურად მიმდინარეობს, კიდევ ემატება ხალხი და დამატებით სიებს ვაგზავნით ყველა დაწესებულებასა და უწყებაში, მაგრამ კომპენსაციასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ანუ თბილისის მერიიდან ცივი უარი გვითხრეს იმაზე მითითებით, რომ გამონაკლისს ვერ დაუშვებენ, ამ ხალხის კომპენსირებას ვერ მოახდენენ. რაც შეეხება ცენტრალურ ბიუჯეტს, იქიდან ოფიციალური პასუხი არ გვაქვს და არც არაოფიციალურად ვიცით, ამუშავებენ თუ არა რეალურ გეგმას.

_ ზიანი ჩვენი ძალებით დავითვალეთო… დაახლოებით რა თანხაზეა საუბარი?

_ ამ ეტაპზე, დაახლოებით, რვა მილიონი ლარის ფარგლებში ტრიალებს…

_ სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად, დაზარალებულების გარკვეულმა ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა _ უკვე რამდენიმე დღეა, ნახანძრალი შენობის წინ შიმშილობს…

_ მეხუთე დღეა, ეს აქცია მიმდინარეობს (ინტერვიუ ჩაწერილია 25 თებერვალს, _ რედ). დაზარალებულებმა მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს. ვისურვებდი აქამდე არ მისულიყვნენ, მაგრამ შიმშილი დაიწყეს და მე ყოველდღე მივდივარ ადგილზე, ამ მხრივაც ვცდილობ მათ გვერდში დგომას. სახელმწიფოს მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, ერთადერთი, საკრებულოს ოპოზიციური პარტიის, კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე მოსულები და მათ, როგორც ვიცი, მცდელობაც ჰქონდათ საკრებულოში ამ საკითხის დაყენების. „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები პერიოდულად მოდიოდნენ, თუმცა ორი დღის წინ  პატარა ინციდენტი (ჩხუბი) მოხდა და ამის შემდეგ თვითონ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორიც აღარ მოსულა ხალხთან. კომპენსაციის მოთხოვნით შიმშილობა ისევ მიმდინარეობს, როდემდე გაგრძელდება, ვერ გეტყვით, არ ვიცი, აქციების მიმართულებით არ ვარ საორგანიზაციო საკითხებში ჩართული. ამ მხრივ, დაზარალებულები სხვებისგან იღებენ რჩევებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დაზარალებულების გვერდით დგას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და მისი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

_ რამდენი დაზარალებული შიმშილობს?

_ სამი ყოველთვის შიმშილობს _ ერთმანეთს ენაცვლება. სხვათა შორის, დღეს დილას რომ მივედი, მითხრეს, წუხელ სამჯერ გამოიძახეს სასწრაფო, მაღალი წნევები ჰქონდათო…

_ დაზარალებულთაგან ყველაზე მძიმე მდგომარეობა ვის აქვს, შეგიძლიათ, კონკრეტული ფაქტი დაგვისახელოთ?

_ დაზარალებულთაგან ბევრი დევნილია, ხშირად აღნიშნავენ, მესამედ ვიწყებთ ცხოვრებას თავიდან ცარიელი ხელებითო. როგორც პირად საუბრებში მეუბნებიან, ბევრს არა მარტო საქონელი, თანხაც ჰქონდა იქ და დაეწვა, რეალურად, 20, 10, 5 ლარის ამარა დარჩა, შემოსავალიც, ბუნებრივია, გაჩერდა და, ფაქტობრივად, ეს ხალხი შიმშილის საშიშროების წინაშე დგას. ჩვენ, ამ მხრივაც, დიდწილად, გამოძიებაზე ვართ დამოკიდებული, იმიტომ, რომ ხელშეკრულება უშუალოდ „ბავშვთა სამყაროსთან“ ყველას არ აქვს გაფორმებული, იქ სხვა კონტრაქტორებიც არიან, რომელთაც ქვეკონტრაქტით აქვთ გაცემული მოვაჭრეებზე იჯარით ადგილები და პრობლემები ამ მხრივაც მოსაგვარებელია. რაც შეეხება სისხლის სამართლის მიმართულებას, გამოძიების შედეგებს ველოდებით. თუკი ეს ხალხი დაზარალებულად იცნობა, დადგინდება ხანძრის გამოწვევის მიზეზი და ხანძარზე პასუხისმგებელი სუბიექტი ან პიროვნება, უკვე ამ მიმართულებით უნდა დავიწყოთ ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნა სამოქალაქო წესით.

_ როდისთვის იგეგმება სარჩელის შეტანა სასამართლოში?

_ გამოძიების დასრულების შემდეგ, მაგრამ, შეიძლება, ხალხის გარკვეული ნაწილის სარჩელი უშუალოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე მომზადდეს და ეს სარჩელი სასამართლოში უახლოეს პერიოდში შევიდეს, ანუ დოკუმენტაციის მობილიზება დასრულდება თუ არა, ეს სარჩელი სასამართლოში შევა.

_ კომპენსაციის მინიმალური თანხა რა არის?

_ ჩვენ მიერ დაანგარიშებულ სიებში არის ხალხი, რომელთაც 1500, 3000, 4500 ლარი აქვთ ზიანი, მაგრამ არის ისეთი პიროვნებაც, რომლის ზიანიც 70 ათასი ლარია. იმავე სიებშია მითითებული ინფორმაცია, თუ ვის აქვს სესხი, რომელ ბანკში და ა. შ.

_ უპასუხოდ რჩება არაერთი კითხვა, რაც ამ ხანძართან დაკავშირებით დაისვა: უსაფრთხოების ნორმები, კომპენსაციების გაცემა ხალხზე, რომლებიც ათი-ხუთი ლარის ამარა დარჩნენ… ვრცელდება არაერთი მოსაზრება, თუ რატომ გაჩნდა ხანძარი, ვის ინტერესებში შედიოდა ხალხის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა და ასე შემდეგ… ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს… თქვენი მუშაობის საფუძველზე რაიმეს თქმის საშუალება თუ გაქვთ ამ კუთხით?

_ სანამ გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები არ ვიცით, მე, როგორც ადვოკატი, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

_ რის იმედს დაუტოვებთ ხალხს?

_ აუცილებელი და ძალზე მნიშვნელოვანია სწრაფი ტემპით გამოძიება და პირველადი კომპენსაციები, სხვა შემთხვევაში, პროცესი დროში გაიწელება და შეიძლება, ზიანი ძალიან დიდი ხნის შემდეგ ანაზღაურდეს და საქმე კარგი შედეგით დასრულდეს.

_ ე. ი. საკითხი, თუნდაც, საკმაოდ დიდი დროის გასვლის შემდეგ, დადებითად გადაწყდება?

_ დაზუსტებით ვერ გეტყვით, რომ 100%-ით დადებითად გადაწყდება. როგორც გითხარით, გამოძიების შედეგებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს შედეგები რომ გვეცოდინება, მერე უკვე მაღალი ალბათობებით შეგვიძლია განჭვრეტა, რა შედეგით დასრულდება საქმე. ჩვენ როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ, რისი გაკეთებაც შეიძლება, რომ სასამართლო მოსარჩელეების სასიკეთოდ წარიმართოს… სამწუხაროდ, გამოძიება, შეიძლება, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, ამიტომ დაზარალებულების ერთ-ერთი მოთხოვნა სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებაა.

_ გარდა სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისა, რას ითხოვთ?

_ ესაა ზიანის დაანგარიშება და ასპროცენტიანი ანაზღაურება, „ბავშვთა სამყარომ“ თავის თავზე, იმ ხალხზე, მოვაჭრეებზეც რომ აიღოს პასუხისმგებლობა, რომლებიც კონტრაქტორი მხარეების ქვეკონტრაქტორები არიან, გამსესხებლებმა სესხები დააპაუზონ და დაზარალებულებს დროებითი სავაჭრო ადგილები გამოეყოთ…

_ როგორც ვიცი, სავაჭრო ადგილების გამოყოფაზე საუბარი იყო. მათ შესთავაზეს, „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით კონსტრუქციებს მოვაწყობთ და იქ იმუშავეთო.

_ პირადად ეს ინფორმაცია ადმინისტრაციისგან არ მომისმენია, თუმცა ხალხი ამბობს, რომ ასეთი შეთავაზება ჰქონდათ…

 

„ქრონიკა+“ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს, ბატონ გიორგი მაჭავარიანს დაუკავშირდა:

_ ბატონო გიორგი, დაზარალებულების გარკვეული ნაწილის ადვოკატებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, „ბავშვთა სამყაროში“ სახანძრო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით, ინფორმაცია გამოითხოვეს.  აღმოჩნდა, რომ შენობას 2015 წელს ჩაუტარდა შემოწმება და რიგი დარღვევები გამოვლინდა…

_ ხანძრის დროს ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობდა, ყველაფერი გამოსწორებული იყო (პასუხი კითხვის დასრულებამდე მივიღეთ)…

_ მოშიმშილეებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

_ ვერაფერს… ჩვენც ვშიმშილობთ…(?!!)

 

თამარ ოთიაშვლი