კიევს სურს მოიერიშე თვითმფრინავები – როგორ რეაგირებენ ევროკავშირის ქვეყნები?
მიხეილ ხაჩიძე
ლონდონი, პარიზი, ბრიუსელი _ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოულოდნელი ევროტური მოაწყო. „ქრონიკა+“-მა უკრაინის ლიდერის ევროპულ ვიზიტს თვალი გადაავლო და მთავარ პასაჟებს გაგიზიარებთ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბევრი გააკვირვა თავისი ევროპული მოგზაურობით: ის ჯერ ლონდონში ჩავიდა, შემდეგ პარიზში და ბოლოს, ხუთშაბათს დილით, ევროკავშირის პოლიტიკურ ცენტრ ბრიუსელში _ „ევროპული ოჯახის გულში“, სადაც სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის წინაშე და მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მთავრობის 27 მეთაურის სამიტში.
ზელენსკის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ევროსაბჭოს პროტოკოლის შესაბამის განყოფილებაში დიდი მღელვარება იყო. პრეზიდენტის ვიზიტმა, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ მეორედ ტოვებს თავის სამშობლოს, უმაღლესი ლოჯისტიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები დააყენა დღის წესრიგში.
რადგან ომის დაწყებიდან მალევე რუსეთის ხელმძღვანელობამ ზელენსკის ლიკვიდაცია თავის ერთ-ერთ საომარ მიზნად დაასახელა, სიფრთხილეს თავი არც ევროპაში სტკივა. პრეზიდენტს ათობით თანამშრომელი იცავს. მისი მარშრუტი, ვიზიტების განრიგი, დაბინავების ადგილი მკაცრად გასაიდუმლოებულია.
ჯერ აშშ, შემდეგ _ ევროპა
ვოლოდიმირ ზელენსკი შობამდე ცოტა ხნით ადრე გაემგზავრა ვაშინგტონში, სადაც ისაუბრა კონგრესის წინაშე და გამართა აუდიენცია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. ომის დაწყების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან დატოვა თავისი ქვეყანა. იმ დროს ცხადი იყო, რომ შეერთებული შტატები რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და უკრაინის დონორი იქნებოდა.
ევროპული ტურით უკრაინის პრეზიდენტი ევროპელებს ახლა აჩვენებს თავის სოლიდარობას და მადლიერებას იარაღის მიწოდების, ჰუმანიტარული დახმარების, ლტოლვილების მიღებისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დაპირებისთვის.
აქამდე ზელენსკი მხოლოდ ვიდეოთი იყო დაკავშირებული ევროკავშირის ყველა სამიტთან 2022 წლის თებერვლის შემდეგ. ამჯერად, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ეს სიმბოლური ვიზიტია ევროკავშირის ლიდერებთან ბრიუსელში, სადაც კვლავ აღუთქვეს უკრაინას მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
მომდევნო ეტაპი _ ავიაგამანადგურებლები
მას შემდეგ, რაც გერმანიამ, ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, „ლეოპარდი 1-ისა“ და „ლეოპარდი 2-ის“ ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდება დაამტკიცა უკრაინაში, ახლა იწყება ახალი დისკუსია. საუბარია ნატოს ქვეყნების მოიერიშე თვითმფრინავებზე. დიდ ბრიტანეთში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა უკრაინაში თანამედროვე თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე. ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინელი მფრინავები უკვე სწავლობენ ბრიტანეთში. ზელენსკიმ ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერს სიმბოლურად უკრაინელი მფრინავის ჩაფხუტიც კი აჩუქა წარწერით: „ჩვენ გვაქვს თავისუფლება. მოგვეცით ფრთები, რომ დავიცვათ იგი. სწორედ ამიტომ ვითხოვთ თვითმფრინავებს“, _ დასძინა პრეზიდენტმა.
ევროკავშირის სამიტზეც უკრაინის სახელმწიფოს მეთაური, რომელიც, ტრადიციულად, უბრალო სამხედრო ფორმაში ჩნდება, ითხოვს მეტ იარაღს.
ზელენსკიმ პირდაპირ მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინის თვითმფრინავებით აღჭურვის შესახებ. პარიზში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: „რაც მალე მიიღებენ ჩვენი პილოტები თანამედროვე თვითმფრინავებს, მით უფრო ჩქარა დასრულდება რუსეთის აგრესია“. ზელენსკიმ სთხოვა შოლცსაც, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას ელისეს სასახლეში, შეექმნა ყველაზე ძლიერი საერთაშორისო კოალიცია საბრძოლო ტანკების მიწოდებისთვის.
ბრიუსელში კი ევროკავშირის სამიტზე ისაუბრეს იმ სახელმწიფოების წარმომადგენლებმაც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას, მაგრამ არ გააჩნიათ საჭირო სამხედრო ტექნიკა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა თვითმფრინავებზე თქვა: „ჩვენ რომ გვქონდეს ისინი, აუცილებლად დავეხმარებოდით უკრაინას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით“.
„ახლა, როგორც შემდეგი ნაბიჯი, სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ შორი მანძილის სისტემებისა და ავიაგამანადგურებლების სწრაფი მიწოდება“, _ ამის შესახებ კი უკვე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. ევროკავშირის სამიტზეც უკრაინის ლიდერმა ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება მოითხოვა. გასულ პარასკევს ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლები გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის კიევში იმყოფებოდნენ. კონკრეტული ვალდებულებები ან გრაფიკები არ იყო შეთანხმებული. „უკრაინამ, პირველ რიგში, უნდა შეასრულოს რიგი პირობები, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლაში“, _ განაცხადა ევროკავშირმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ გაზაფხულზე ქვეყანამ მიიღო „გაწევრიანების კანდიდატის“ სტატუსი მოლდოვის რესპუბლიკასთან ერთად უპრეცედენტოდ საგანგებო პროცედურებით. ევროკავშირის მხოლოდ რამდენიმე დიპლომატს შეუძლია ბრიუსელში წარმოიდგინოს კავშირში გაწევრიანება, სანამ უკრაინა თავდასხმის ქვეშაა და ქვეყნის ნაწილები ოკუპირებულია ან თუნდაც ანექსირებულია რუსეთის მიერ.
თუმცა არსებობს მისაბაძი მაგალითი: ხმელთაშუა ზღვის კუნძული კვიპროსი კავშირს შეუერთდა 2004 წელს, მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთი კვლავ ოკუპირებულია თურქეთის ჯარების მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით.
ევროკავშირს რუსეთზე ზეწოლის გაზრდა სურს
უკრაინის პრეზიდენტთან სამიტზე ევროკავშირის ლიდერები პირობას დადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივები გამოიყენონ უკრაინის აღდგენაში. ევროკავშირს სურს იმუშაოს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სპეციალური ოფისის შექმნაზე, რომელიც გამოიძიებს ომის რუს დამნაშავეებს. ევროკავშირი ომის ერთი წლის თავამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტის დაწყებას გეგმავს. არსებული სანქციები უნდა გამკაცრდეს და უკეთესად აღსრულდეს.
ცოტა რამ F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე
თანამედროვე ამერიკული წარმოების F-16 თვითმფრინავები იმ მოიერიშე თვითმფრინავებს შორისაა, რომელთა მიწოდებაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს. F-16 თვითმფრინავები მსოფლიოს მხოლოდ 25 სახელმწიფოს აქვს.
F-16 _ იგივე მებრძოლი შევარდენი (Fიგჰტინგ Fალცონ) _ მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავია, რომელიც ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შეიქმნა აშშ-ში, ბელგიის, დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის თანამონაწილეობით. მაღალმანევრირებადი გამანადგურებელი ხმის სიჩქარეზე ორჯერ უფრო სწრაფია. ის ფრთებქვეშ ექვს რაკეტას იტევს.
F-16 ყველა დროის ერთ-ერთი პოპულარული სამხედრო თვითმფრინავი გახდა. აშშ-ის საჰაერო ძალები მას ერაყსა და ავღანეთში იყენებდა.
ზელენსკი _ ევროტურზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთ ევროპაში მოგზაურობიდან დადებითი დასკვნა გამოიტანა. „ლონდონი, პარიზი, ბრიუსელი _ მე ყველგან ვსაუბრობ ამ დღეებში იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი ჯარისკაცები“, _ თქვა მან პარასკევის საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებებია და კარგი სიგნალები მივიღეთ. ეს ეხება უფრო შორი რადიუსის რაკეტებსა და ტანკებს. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე, როგორც თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე“.
ლონდონში ზელენსკიმ იგრძნო, რომ ბრიტანელებს ნამდვილად სურთ უკრაინის გამარჯვება რუსეთზე. არგუმენტების გაცვლისთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან პარიზში. „მეტი მხარდაჭერა იქნება“, _ თქვა ზელენსკიმ. ევროკავშირის სამიტსა და ევროპარლამენტში ვიზიტებს მან „ახალი ეტაპის დასაწყისი“ უწოდა. ამით უკრაინა აღარ იქნება მხოლოდ ევროპული ინსტიტუტების სტუმარი, არამედ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.