ლევან ალაფიშვილი: „ამ შემთხვევამ წარმოაჩინა ქართული პოლიტიკის ინფანტილურობა“
ნენე ინჯგია
12 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. საქართველოს მიმართ ანგარიშში მოკლედ არის მიმოხილული საანგარიშო პერიოდის წინა, 2020 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნები და ის არსებითად დადებითადაა შეფასებული. სახელმწიფო დეპარტამენტი იმოწმებს ეუთოს დასკვნებს, რომელთა თანახმადაც, კენჭისყრა კონკურენტული იყო და ძირითადად დაცული გახლდათ ფუნდამენტური თავისუფლებები. „მაგრამ ამომრჩეველზე ზეწოლის, ასევე მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის მოშლა ამცირებდა მოქალაქეთა ნდობას პროცესის ზოგიერთ ასპექტში“. ხაზგასმულია ასევე მკვეთრი დისბალანსი რესურსებში, რაც „დიდ უპირატესობას ანიჭებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას“.
ანგარიშის მიხედვით, არის იმის ნიშნები, რომ დროდადრო სამოქალაქო ხელისუფლება ეფექტიან კონტროლს ვერ ახორციელებდა ადგილობრივ უშიშროების ძალებზე, მოიპოვება „სანდო ინფორმაცია უშიშროების ძალების მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევების შესახებ“.
ადამიანის უფლებების სფეროში მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე სანდო ცნობებს შორისაა: „სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები და შერჩევითი ან უკანონო დაკავებები, გამოძიებები და სასამართლო დევნა, რომლებიც ფართოდ არის მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; უკანონო ჩარევა პირად სფეროში; ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და ძალადობის მუქარა; მშვიდობიანი და თავისუფალი შეკრებისა და გაერთიანების შეზღუდული პატივისცემა; და დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან მუქარებს, რომელთა სამიზნეა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები და აქტივისტები“, _ ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ მიიღო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ ზომები ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, მაგრამ „დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩებოდა“. ანგარიშში გაკრიტიკებულია მთავრობა, რომელმაც დამაჯერებლად არ გამოიძია და არ დასაჯა 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.
როგორ აისახება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე? რაზე მეტყველებს უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის ირგვლივ განვითარებული პროცესები? რა შემთხვევაში ჩატარდება ბათუმში რიგგარეშე არჩევნები?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:
_ ბატონო ლევან, 8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა, თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. „ქართული ოცნება“ შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტის შესახებ რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ, გადაწყდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ჩასვლა. რა დაგვანახა ამ პროცესებმა?
_ ამ შემთხვევამ წარმოაჩინა ქართული პოლიტიკის ინფანტილურობა, არასერიოზულობა და განსაკუთრებით, მმართველი პოლიტიკური ძალის გადაჭარბებულად ფოკუსირება მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე, მის მხარდამჭერებზე, მაშინ, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პოლიტიკის საგარეო ასპარეზი. შესაბამისად, ყველა პოლიტიკოსის სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის შიგნით ქმედებებით, არამედ მას აქვს საერთაშორისო განზომილებაც და ერთ-ერთი გამოვლინება უკრაინაში ვიზიტი არის. ევროკავშირის მიერ გამოქვენებული ანგარიში და ასევე რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოსთან მიმართებით, ამასთანავე უკრაინული თემა მიანიშნებს, რომ რეალურად ქვეყნის შიგნით რაღაცების მცდელობები არ მთავრდება მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არადა, მას აქვს გაგრძელება ქვეყნის გარეთაც და, ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს მიმართ თავის გადაწყვეტილებებს ამ ქმედებების შესაბამისად აფასებენ. ასე რომ, თითოეული მოქმედება და გადაწყვეტილება კარგად უნდა იყოს აწონილი: შეიძლება, დიდი იყოს ცდუნება, რომ თავი მოაწონო შენს ამომრჩეველს, გაზარდო ელექტორალური ბაზა, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ამას შეიძლება სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგები მოჰყვეს. სახელმწიფოსთან ერთად ეს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს საკუთარ თავსაც, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს მმართველ პოლიტიკურ ძალას.
_ ახლა არის ასეთი მოცემულობა: „ქართული ოცნება“ აცხადებს, „ომისა და ღალატის“ პარტიის ადგილი არ არის დელეგაციაშიო; ხოლო „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამ დელეგაციაში ყოფნა უკვე ფარისევლობას ნიშნავს, _ რამდენად სწორია პრაგმატული პოლიტიკის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობის“ აღნიშნული პოზიცია?
_ ესეც შიდა აუდიტორიასა და მხარდამჭერებზე ორიენტირებული რაღაც კინკლაობაა, რომელშიც ორივე მხარე ცდილობს, მეტი სარგებელი ნახოს და უფრო ღირსეულად წარმოჩინდეს საკუთარი ამომრჩევლების წინაშე. მმართველი პოლიტიკური ძალა რომ არ მიდიოდა და ულტიმატუმებს უყენებდა ომში მყოფ პარტნიორ ქვეყანას, ის ამით ისედაც უკვე დაზარალებული იყო შიგნითაც და გარეთაც. ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია, უპირატეს მდგომარეობაში იყო ოპოზიცია. შესაბამისად, ამის შემდეგ, როცა საპასუხო ნაბიჯები გადადგა უკრაინის მიმართულებით მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ახლა უკვე მიდის გადაჭარბებული ზრუნვა იმაზე, ვინ უფრო მეტს სარგებელს ნახავს, შინაარსი კი, სამწუხაროდ, ყველას, მათ შორის, ალბათ, ამომრჩევლებსაც რჩებათ ყურადღების მიღმა. ხოლო შინაარსი არის ის, რომ საქართველომ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს ყველა მოქმედებასა და განცხადებაში ჩვენს ჩრდილოელ ოკუპანტთან ომში მყოფ სტრატეგიულ პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს, მეგობარ ხალხს! ეს ჩვენი ვალდებულებაცაა. უფრო ფორმალურად კი ორივე მხარის სიმართლე თუ ნახევრად სიმართლე არის შემდეგი: რეალურად, რაც დაიგეგმა, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და არა დელეგაციის ვიზიტი. ოპოზიცია ამბობს, რატომ უნდა წავიდეთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთადო? ისინი კი ამბობენ, საქართველოს დელეგაციაში ვართო. სიტყვის თამაშზე წავიდა ეს ყველაფერი, რაც თავისთავად არ არის კარგი. ე. ი., თუ ფორმალური თვალსაზრისით გვაინტერესებს, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, ასეა გაფორმებული. საპარლამენტო დელეგაცია სხვა არის. გაგახსენებთ, საწყის ეტაპზე არჩილ თალაკვაძე რას ამბობდა: საპარლამენტო დელეგაციის ფორმატში მივდივართ, ახლა მიდის თავმჯდომარე და წაიყოლებს პარლამენტის წევრებსაც, ვისაც სურვილი ექნება. შესაბამისად, ეს ორი სხვადასხვა ფორმატია და სხვადასხვა შინაარსის მატარებელია, _ სიმბოლურადაც, დიპლომატიურადაც, (საპარლამენტო დიპლომატიას ვგულისხმობ), შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ამაზე სწორი იყოს მეტი აქცენტების გაკეთება. ვისაც როგორ შეუძლია, ისე წავიდეს, შეუძლიათ გაასწრონ კიდეც, არა თუ სოლიდარობა, არამედ უშუალოდ ვინც უკრაინაშია პარლამენტიდან, ეს ალეკო ელისაშვილია, შესაბამისად, ალეკო ელისაშვილის სოლიდარობის მიზნითაც შეუძლიათ წავიდეს ყველა. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის ძალიან უხერხეულია ამ კინკლაობის ყურება, რადგან როგორც ჩვენმა პოლიტიკოსებმა დაინახეს, უკრაინას ყურადღების მიღმა არ რჩება აქ გაკეთებული განცხადებები, მიღებული გადაწყვეტილებები და ქმედებები. ამიტომ ეს ყველაფერი არ არის კარგი. მით უმეტეს, უკრაინის გარდა, მოვლენებს ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ევროპელი და ამერიკელი მეგობრებიც. თუკი ერთ მეგობართან რაიმე შეგეშლება, სხვა მეგობარი იფიქრებს, რომ საიმედო არ ყოფილაო _ უკრაინასთან ასე მოიქცა და სხვასთან როგორ მოიქცევაო. ასეა ეს, რადგან ადამიანური ფაქტორია. ეს გახლავთ ზოგადად ადამიანურობის გამოხატულება, მაგრამ ქართველობისთვის განსაკუთრებულად ღირებული, რაც არის ჩვენი „სამარკო“ მეგობრობის არსი და იგი უნდა შევინარჩუნოთ, ასე ღირსეულიც იქნება და ასე უფრო კარგად გავაგრძელებთ სახელმწიფოებრიობის განვითარების გზას, თუ გვინდა საერთოდ სახელმწიფოს შენარჩუნება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, ფორმატის თვალსაზრისითაც და შინაარსობრივადაც, განსხვავდება ერთმანეთისგან. რომ განვმარტოთ, კონკრეტულად, რით განსხვავდება?
_ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი რანგით არის გაცილებით მაღალი, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარე, ფაქტობრივად, ქვეყნის პირველი პირია. პოლიტიკური წონა მეტი აქვს ამ ვიზიტს. გარდა ამისა, ინსტიტუციურადაც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირია, მისი ვიზიტია თავის კოლეგასთან. რაც შეეხება საპარლამენტო დელეგაციებს, ყველა ქვეყნის პარლამენტში არსებობს ე. წ. ნდობის ჯგუფები, რომლებიც უფრო ინტენსიური და დეტალური ფორმატით ურთიერთობენ ერთმანეთთან. ბუნებრივია, ვერც ერთი ქვეყნის პარლამენტი სრული შემადგენლობით ყველა ქვეყანაზე ვერ იქნება თანაბრად ფოკუსირებული, სწორედ ამით არის განპირობებული პარლამენტს შიგნით ასეთი ჯგუფების არსებობა. შესაბამისად, საქართველოშიც არის უკრაინასთან ურთიერთობის საპარლამენტო ჯგუფი. საპარლამენტო ჯგუფებს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია იყოს ორმხრივი ვიზიტების ან საერთაშორისო ფორმატებში. ამ ტიპის საპარლამენტო ჯგუფები, ბუნებრივია, პარლამენტის სახელით, კონსტიტუციური ორგანოს, სახელმწიფოს სახელით არ წარმარრთავენ ამ ურთიერთობებს. შესაბამისად, ამ ვიზიტის მნიშვნელობაც უფრო დაბალია. მარტივად რომ ავხსნათ, ახლა რომ არგენტინაში იმყოფებიან ჩვენი პარლამენტის წევრები, როგორც იქ ჩავიდნენ და საინფორმაციო შეხვედრები ჰქონდათ, ისეთივე იქნებოდა უკრაინაში.
_ მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გაუგებრობების აღმოსაფხვრელად, რომელიც უკრაინა-საქართველოს შორის არსებობდა, _ თქვენ რა კონკრეტული მოლოდინი გაქვთ ამ ვიზიტთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, ვიზიტის შემდეგ საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთიბებში პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ იქნება?
_ მმართველი პოლიტიკური ძალის ეს განცხადება ორნაირად შეიძლება გავიგოთ: იგი ქვეყნის შიგნით ყველას მიმართ და, პირველ რიგში, საკუთარი მხარდამჭერებისთვის გზავნილია, რომ უკრაინა „ქართული ოცნებისთვის“ ისევ დღის წესრიგის პრიორიტეტია, ქვეყნის გარეთ კი მათი ეს განცხადება მიმართულია უკრაინის ხელისუფლების მიმართ: იქნებ, ეს გაუგებრობები დავივიწყოთ, რაც ჩვენს ურთიერთობებში იყო, _ ამის თქმა სურდათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. არ ველი, რომ მიუხედავად ამ განცხადებისა, უკრაინა საპასუხოდ ანალოგიური შინაარსის განცხადებას გააკეთებს, ვგულისხმობ პრემიერს ან თუნდაც პრეზიდენტს. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს რაიმე ხელშესახები პოზიტიური, იმ ტიპის განვითარება მოჰყვეს, რომელიც გადაფარავს იმ შექმნილ უხერხულობას, რომელიც გამოიწვია პრემიერ-მინისტრის განცხადებამ და საქართველოს პოზიციამ უკრაინა-რუსეთის ოკუპაციისა და საბრძოლო მოქმედებების პირობებში.
_ თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში საქართველოსთან მიმართებით. რა ტიპის გავლენა ექნება ამ ანგარიშს შიდა პოლიტიკაზე?
_ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს რომ გადახედოთ ბოლო 5-10 წლის განმავლობაში, ნახავთ, როგორ უარესდება შეფასებები და უფრო მკვეთრი განცხადებები მოჰყვება არა მხოლოდ განცხადებაში შეფასებებს, არამედ განცხადების შემდგომ შეფასებებს. ვფიქრობ, რომ რეალურად თუკი რამე მნიშვნელოვნად არ შეიცვალა, ამ ანგარიშის პირდაპირი გავლენა საქართველოში როგორი იქნება, არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება თუკი იგი გადაითარგმნა ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებებში. ამერიკის ხელისუფლება, მოგეხსენებათ, სახელმწიფო დეპარტამენტების ანგარიშებს საკმაოდ კრიტიკულად უდგება და იყენებს კიდეც თავის გადაწყვეტილებაში, იქნება ეს საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა თუ სხვა. შესაბამისად, ასეთი გამკაცრებული ანგარიშები, ბუნებრივია, შესაძლოა, უკვე იქცეს გადაწყვეტილებების კორექტირების საფუძვლად ამერიკის ხელისუფლების მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საქართველოზე _ ეს პირადად ჩემთვის და საქართველოს არც ერთი მოქალაქისთვის არ იქნება სასურველი. ე. ი. ჩვენი უპირველესი სტრატეგიული პარტნიორი ვერ ხედავს, რომ საქართველო და საქართველოს მოსახლეობა მზად არის დემოკრატიული გარდაქმნებისა და განვითარებისთვის და ამ გზით ამერიკასთან პარტნიორობისთვის. ეს სერიოზული ნეგატიური გავლენა იქნება საქართველოს მოსახლეობასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუკი ყველამ ერთად არ გავიაზრეთ, რა არის სტრატეგიული პარტნიორობა, რა არის მოთხვნა არა სტრატეგიული პარტნიორის, არამედ დემოკრატიული თანამეგობრობის და რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის დემოკრატიულ განვითარებას.
_ გასულ კვირას აქტუალური იყო ბათუმის საკრებულო, სადაც 12 აპრილს თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, თუმცა კვორუმი არ შედგა და სხდომა ვერ გაიმართა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ სხდომებზეც ვერ მოახერხებენ თავმჯდომარის არჩევას?
_ კონსტიტუცია და თვითმმართველობის კოდექსი ამბობს, რომ ადგილზე თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადგილზე მმართველობის გარეშე შეიძლება დარჩეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა. იქ ადგილობრივი საკითხები უნდა იყოსს ადგილობრივი მმართველობის ზრუნვისა და გადაწყვეტილებების ყოველდღიური საქმიანობისსაგანი და შესაბამისად, თუკი ეს ვალდებულება ადგილზე ვერ სრულდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ჩვენმა კანონმდებელმა ეს ხანგრძლივი პერიოდი 6 თვედ მიიჩნია, ამ შემთხვევაში დგება საჭიროება, რომ ეს კრიზისი, რომელიც შეიძლება ადგილზე არსებობდეს, განიმუხტოს. დემოკრატიაში კი კრიზისების განმუხტვის ერთადერთი საშუალებაა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ავტონომიური რესპუბლიკების თუ თვითმმართველობის დონეზე, ვადამდელი არჩევნები. ამ შემთხვევაში, თუკი საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში უუნაროა, რომ შეუდგეს მუშაობას და მიიღოს გადაწყვეტილებები, დღის წესრიგში დადგება მისი დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი. თუკი ეს ასე მოხდა და კალენდარულად ეს ივნისის დასაწყისში უწევს, ბათუმის საკრებულო დათხოვნილი იქნება. თუ 15 ივნისამდე დაითხოვეს, ამ შემთხვევაში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, ხოლო თუ 15 ივნისის შემდეგ დაითხოვეს, _ მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.
_ ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე ვინ განახორციელებს მმართველობას?
_ თუკი რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, მოგეხსენებათ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და შედეგების შეჯამების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს სამი თვე, სანამ ახალი საკრებულო შედგება და მისი უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამ სამი თვის განმავლობაში უფლებამოსილება ადგილზე, როგორც წარმომადგენლობითი, ამ შემთხვევაში საკრებულოსი გადაეცემა არჩეულ მერს და შესაბამისად, იგი განახორციელებს ადგილზე ამ უფლებამოსილებებს.
_ რისი მაჩვენებელია ბათუმის საკრებულოს შემთხვევა?
_ ეს საპარლამენტო არჩევნებზე დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გაგრძელებაა, იმ მძიმე მდგომარეობის, რომელშიც არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, პარტიებს ვგულისხმობ და ამას ამძიმებს საარჩევნო სისტემა, რომლის პირობებშიც დემოკრატიული თანაცხოვრება, ინტერესთა დაბალანსება, პრაქტიკულად, გამორიცხულია. სისტემა, სამწუხაროდ, ისეთი ნარჩუნდება, როდესაც გამარჯვებული ანადგურებს მომდევნო ყველა მონაწილეს. შესაბამისად, როდესაც პოლიტიკა კორიდად იქცევა, როცა ერთმა გამარჯვებულმა უნდა გაანადგუროს მეორე მონაწილე, ბუნებრივია, იქ ინტერესთა დაბალანსება შეუძლებელი ხდება. დამაიმედებელი ერთადერთი ის არის, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მაინც შესაძლებელი გახდა გარკვეული, საერთო შეხების წერტილების მოძიება და ეს, რა თქმა უნდა, კარგია. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯეროვნად ვერ მოექცა ეს საკითხი, მანამდე რუსთავში ახალარჩეულმა მერმა, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენელია, ბიუჯეტის პროექტი შეადგინა, წარუდგინა საკრებულოს და საკრებულომ დაამტკიცა. იმ საკრებულომ, რომელიც მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობაში არ არის. ამდენად, ეს არა მხოლოდ თანამშრომლობაა, არამედ კოალიციასაც დავარქმევდი. ოპოზიციურმა საკრებულომ მხარი დაუჭირა უმრავლესობის, „ქართული ოცნების“ ბიუჯეტს, აიღო მასზე პასუხისმგებლობა. აბა, სხვა რა არის ერთობლივი მმართველობა, თუ კოალიციური მმართველობა? _ ეს არის პასუხისმგებლობის განაწილება და, უმთავრესად, ეს სწორედ ბიუჯეტში ვლინდება. ამიტომ წალენჯიხისა და რუსთავის ეს მაგალითი, გარკვეულწილად, არის ნათელი წერტილები. ამას გაფრთხილება სჭირდება ამ მძიმე ფონზე, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს ასეთი საარჩევნო სისტემის გამო.