1,9 ლარი საათში და 1 კვერცხი ღამის ცვლაში _ ლანჩხუთელთა მონური ყოფა ჩინურ კომპანიაში

ლანჩხუთში ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია უკვე რამდენჯერმე გაიმართა. შეკრებილები არსებულ პირობებს აპროტესტებდნენ და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებდნენ. ისინი დღიური ანაზღაურების _ 14 ლარის, მინიმუმ, გაორმაგებას, კვირაში ერთ დასვენების დღეს და ერთჯერად კვებას ითხოვდნენ.

 

როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, კომპანიაში მომუშავეებს საათობრივი ანაზღაურება აქვთ და ის, არც მეტი, არც ნაკლები _ 1,90 ლარია!!! რას იზამ, „სინოჰიდროს“ ჩინელ მმართველებს გასდით ქართველთა მონური ყოფა და რატომ მოუმატებენ თანხას? სახელმწიფოს მარტივი პასუხი აქვს, _ ჩვენ კერძო კომპანიის საქმიანობაში ვერ ჩავერევითო. მაშინ უნდა ჩარეულიყვნენ, როცა ასეთ კომპანიას ტენდერებს აგებინებდნენ და სხვა თუ არაფერი, პირობად ადგილობრივთა დასაქმება და ანაზღაურების მინიმალური ზღვარის დაწესება დაეყენებინათ.

დღეს კი რა ხდება?! _ სიცხესა თუ წვიმაში ქართველები მუშაობენ და საათში თეთრებს იღებენ.

ეს კიდევ არაფერი _ ღამის ცვლაში მომუშავეებს, თურმე, საკვებად ერთ ცალ კვერცხს აძლევენ!

ჩინური კომპანიის ქართველი თანამშრომელი გვიყვება: „მთლად გათავხედდნენ ეს ჩინელები _ მოგვიგდებენ თითო კვერცხს და თურმე ეს საკმარისია მთელი ღამით. თან აქ სათამაშოდ ხომ არ ვართ, ვმუშაობთ და საკმაოდ მძიმე საქმეები გვაკისრია. ეტყვი რამეს და გაგაგდებენ, მაგრამ ასეთ ყოფას გაგდება სჯობს. ამას წინათ ერთი არ შეეპუა, როცა რაღაც სისულელეს ეუბნებოდა ჩინელი „დირექტორი“ და ისიც არმატურით გამოენთო“.

რას ითხოვენ დასაქმებულები?

ჩინელები ქართველებს ყოველდღე ამუშავებენ, დასაქმებულები კი სამართლიანად ითხოვენ შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ 5-დღიან სამუშაო კვირას და 40-საათიანი სამუშაო დროის დაცვას. იმის გამო, რომ ანაზღაურება საათობრივია, წესით, დასაქმებულს უფლება აქვს, შაბათ-კვირას დაისვენოს, მაგრამ არც ამის საშუალებას იძლევიან კომპანიის თავკაცები და არც საათობრივ ზღვარს იცავენ. ასე რომ არ იყოს, ზეგანაკვეთურ მუშაობაზე დამატებით ანაზღაურებას უნდა გასცემდნენ, მაგრამ ეუბნებიან, _ არ გინდა და ნუ იმუშავებ! იციან, დაქირავებულს ტყუილად ყოფნას 1,90 ლარზე მუშაობა ურჩევნია.

ეს 1,90 ლარი ხომ ცალკე საუბრის თემაა _ ნორმალურ სახელმწიფოში ადგილობრივს რომ უცხოელი ასე აბუჩად აიგდებს, კუდით ქვას ასროლინებდნენ.

„რატომ შემოუშვეს ამხელა მაგისტრალის მშენებლობაზე ისეთი კომპანია, რომელსაც ხელფასების გაცემა არ შეუძლია?! ანაზღაურებას ხელზე 14-18 ლარს ვიღებთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი 50%-ით გაგვეზარდოს და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურებაც მოხდეს. კონტრაქტის მიხედვით, ჩვენი სამუშაო საათი საღამოს ექვსის ნახევრისთვის მთავრდება, მაგრამ ჩინელები არ გვაძლევენ ამის უფლებას, ზედმეტად გვამუშავებენ. ხელისუფლებამ ჩვენსავე ქვეყანაში გვაქცია ჩინელების მონებად. არ გვინდა მაგათი ერთი კვერცხი და ორი ნაჭერი ყველი, თავად მოვიტანთ სახლიდან საკვებს, ნორმალური ანაზღაურება მოგვცენ“, _ აცხადებენ სამართლიანად აღშფოთებულები.

ამას ისიც ემატება, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ეთიკური და ადამიანური მოპყრობის წესები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ადამიანური უფლებები ირღვევა. ჩინელი „დირექტორები“ თავხედობენ და შეურაცხყოფას აყენებენ ადგილობრივებს. როგორც გვითხრეს, წყალსაც კი აღარ აძლევენ მუშებს: „ადრე ბიდონებით წყალი მაინც მოჰქონდათ, ახლა მთლად გათავხედდნენ და არც ამას შვრებიან. რამდენ ხანს უნდა გვეყოს მოტანილი წყალი, ან რატომ უნდა ვათრიოთ სახლიდან? მინიმალური ადამიანური პირობა ხომ უნდა იყოს _ ამ სიცხეში ადამიანს რომ ამუშავებ, ცივი წყალი მაინც ხომ უნდა მისცე?“ _ ამბობს „სინოჰიდროს“ ქართველი პერსონალი.

მათე გურული