ხელისუფლებამ ოპოზიციაში განხეთქილება ვერ შეიტანა

აგვისტოს ბოლო და სექტემბრის დასაწყისი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობის განსამტკიცებლად სრულად გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ერთხმად მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, ხელი აეღო ერთპარტიულ კონსტიტუციაზე და ქვეყნის მთავარი კანონი პოლიტიკური კონსენსუსის საგნად ექცია, „ოცნებამ“ მაინც ის გააკეთა, რასაც ბევრი ელოდა.

 

ივანიშვილის გუნდს, როგორც მოსალოდნელი იყო, არ აღმოაჩნდა არც სახელმწიფოებრივი აზროვნების მაღალი დონე და არც პოლიტიკური ნება, დაემკვიდრებინა ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო სისტემა. ყველაფერი მაინც ხელისუფლებაში დარჩენის დაუოკებელმა სურვილმა გადაწონა.

სააკაშვილის მიერ შექმნილი საარჩევნო სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ მოირგო. ეს კი მაშინ გააფორმა, როცა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებას ღიად გაექცა.

შეგახსენებთ: 18  აგვისტოს პარლამენტში, ხელისუფლების ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას ოცამდე ოპოზიციური პარტია ესწრებოდა. „ოცნების“ მხარეს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც თავიდანვე განაცხადა, რომ ხელისუფლებას აინტერესებს მოისმინოს ოპოზიციის პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. კერძოდ კი ის, თუ რა შემთხვევაში დაუჭერს ოპოზიცია მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და რა შემთხვევაში _ არა. რაც შეეხება „ოცნების“ პოზიციას, თალაკვაძე შეკრებილებს დაჰპირდა, რომ ის რამდენიმე დღეში გახდებოდა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის პოზიცია, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ოცივე ოპოზიციურმა პარტიამ თავი მოვალედ მიიჩნია, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე პირისპირ, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ხელისუფლებისთვის. აბსოლუტურად ყველამ ერთი და იგივე რამ განაცხადა: უნდა შეიცვალოს უსამართლო მაჟორიტარული სისტემა და ქვეყანა უნდა გადავიდეს სამართლიან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ამის შემდგომ უნდა დაიწყოს მსჯელობა იმის შესახებ, როგორ უნდა გადანაწილდეს გადაუნაწილებელი მანდატები, იყოს თუ არა ბლოკები და რამდენი უნდა იყოს ბარიერი?

რაც მთავარია, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ უთქვამს, რომ ბლოკების შექმნის უფლებას თუ დაგვიტოვებთ, მზად ვართ, მაჟორიტარული სისტემის დატოვებაზე თვალი დავხუჭოთო.

მოკლედ, ხელისუფლებამ ნათლად დაინახა, რომ ყველა მისი მცდელობა, ოპოზიციაში განხეთქილება შეეტანა და კონსენსუსი მისთვის სასურველ პირობებზე მიეღო, უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციის ერთიანი პოზიცია, როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ოცნებისთვის“ ძალიან მძიმე დარტყმა აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ერთიანი პოზიცია მკაფიოდ და გასაგები ენით გადმოიცა, ხელისუფლებამ მაინც მოითხოვა წერილობითი ვარიანტი. რა თქმა უნდა, წერილობითი ვარიანტიც მეორე დღესვე მიეწოდა დაინტერესებულ მხარეს.

 

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისადმი გაგზავნილი წერილიდან:

 

  1. გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი (150 წევრი) არჩეულ იქნეს ერთიანი პროპორციული სიით (კონსტიტუციის 49-ე მუხლი);

მანდატები უნდა განაწილდეს დონტის ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს მანდატების პროპორციული წესით განაწილებას.

დასაბუთება:

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება იყო დღევანდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. 2008 წელს მაშინდელი ოპოზიციისა და დღევანდელი მმართველი პარტიის ლიდერები შიმშილობდნენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით. სამწუხაროდ დღემდე ეს სისტემა წარმოადგენს ოლიგარქიული ჯგუფების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მოქნილ ფორმას.

მაჟორიტარული სისტემა ქართულ რეალობაში ოდნავადაც ვერ უზრუნველყოფს მიღებული ხმებისა და მანდატების თანაფარდობის პრინციპს. შედეგად, ქვეყანაში, რომელსაც ფორმალურად დეკლარირებული აქვს ევროპული და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ ერთგულება, მმართველი პარტია პარლამენტში ფლობს კონსტიტუციურ უმრავლესობას (მანდატების ¾), რაც მიღწეულ იქნა სწორედ 73 მაჟორიტარული ოლქიდან 72-ში გამარჯვების შედეგად. ეს უნიკალური შემთხვევაა ევროპის კონტინენტზე.

მიგვაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ხელს შეუწყობს პარლამენტში ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ადეკვატურ ასახვას (უკანასკნელ, 2016 წლის არჩევნებში, პარტიებმა, რომლებმაც ვერ მოიპოვეს ვერც ერთი მანდატი, ჯამურად ამომრჩეველთა ხმების 21% მიიღეს), ხოლო მმართველმა პარტიამ, რომელმაც ხმათა 48% მიიღო, მანდატების ¾-ზე მეტი მოიპოვა;

  1. შემცირდეს ბარიერი 5%-დან 3%-მდე (კონსტიტუციის 50-ე მუხლი).

დასაბუთება:

ბარიერის შემცირება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად შეამცირებს ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას;

  1. შენარჩუნდეს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა (კონსტიტუციის 50-ე მუხლი).

დასაბუთება:

ქართულ (და ბევრი პოსტკომუნისტური ქვეყნის რეალობაში) ეს არის ერთადერთი საშუალება მშვიდობიანი ფორმით, არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება. საქართველოში ყველა სახელისუფლებო ცვლილება განახორციელეს სწორედ საარჩევნო ბლოკებმა (1990, 2003, 2012 წლებში), მათ შორის: დღევანდელი მმართველი პარტია 2012 წელს წარმოადგენდა 6 პარტიისგან შექმნილ კოალიციას.

თუ მმართველი პარტია პრობლემურად მიიჩნევს ე. წ. მცირე პარტიების მიერ საბიუჯეტო სიკეთეების გამოყენებას, ვთავაზობთ, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე სიკეთე მიიღოს საარჩევნო სუბიექტმა, ხოლო თუ ეს სუბიექტი საარჩევნო ბლოკია, ბლოკში შემავალ სუბიექტებს შორის აღნიშნული სიკეთეების გადანაწილება დარეგულირდეს ბლოკის წესდებით;

  1. უნდა შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი (კონსტიტუციის 70-ე მუხლი).

 

ოპოზიცია აცხადებს, რომ ესაა სწორედ საარჩევნო სისტემის ის კონფიგურაცია, რომელსაც შეიძლება დაერქვას სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემო. თუმცა ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა ისიც, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შემთხვევაში, დანარჩენ საკითხებში, გონივრული  კომპრომისი მათი მხრიდან არ იყო გამორიცხული.

მოლაპარაკებების პირველმა რაუნდმა გარკვეული მოლოდინი გააჩინა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს, გაითვალისწინოს  ევროსაბჭოსქ და ვენეციის კომისიის მოთხოვნა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევას აუცილებლად მიიჩნევს.

თუმცა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელიც, დაპირებისამებრ, რამდენიმე დღეში უნდა ჩატარებულიყო, საერთოდ აღარ გამართულა. ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდიდან, მოულოდნელად, უბრალოდ, გაიქცა. „ოცნების“ ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით გაიმეორეს დაზეპირებული ტექსტი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია, თურმე, ულტიმატუმებს აყენებს და მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ამას გარდა, ხელისუფლებამ ჩაშალა სტრასბურგში დანიშნული შეხვედრაც, რომელიც „ვენეციის კომისიის“ შუამავლობით 6 სექტემბერს უნდა გამართულიყო საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

„ოცნების“ ასეთმა არათანმიმდევრულმა და გაუგებარმა მანევრებმა ბუნებრივად გააჩინა კითხვა, _ რა საჭირო იყო ოპოზიციასთან მოლაპარაკებების თავიდან წამოწყება, თუკი ხელისუფლება მოლაპარაკებების დასრულებამდე აპირებდა მის ჩაშლას?… ასეთი ქმედება ხომ მხოლოდ თავად უმრავლესობას დააზარალებდა და სხვას არავის?.. პასუხი ისევ „ოცნების“ სრულ გამოუცდელობასა და პოლიტიკურ დილეტანტიზმში უნდა ვეძებოთ. როგორც ჩანს, ხელისუფლებას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მოლაპარაკების პირველ რაუნდზე ოპოზიციაში თანამოაზრეებს გაინაღდებდა და კონსენსუსის მიღწევას, თავისთვის სასურველი პირობებით, საბოლოო ჯამში, სწორედ მათთან მოახერხებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება ერთკაციანი პარტიების გადაბირების საქმეშიც არ უქნია ღმერთს. როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრის დროს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მაჟორიტარული სისტემის დატოვება კატეგორიულად გამორიცხა.

მარტო დარჩენილმა „ოცნებამ“ საბოლოოდ დაკარგა მოტივაცია, გაეგრძელებინა მოლაპარაკებები. მით უმეტეს, მიუღებელი გახდა სტრასბურგში გამგზავრება და „ვენეციის კომისიის“ თანდასწრებით ოპოზიციასთან დიალოგი.

„ვენეციის კომისიის“ პოზიცია დიდი ხანია, ცნობილია. საარჩევნო სისტემის ცვლილება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა კომისიისთვის ერთადერთი პოზიტივი იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში, რომელზეც ვენეციაში დასკვნა დაწერეს. ე. ი. ერთ პოზიციაზე მყოფ ოპოზიციას დამატებით „ვენეციის კომისიაც“ გაუმაგრებს ზურგს და ხელისუფლება, რომელიც სრულიად მარტოა დარჩენილი, ამ მარტოობას მთელი ევროპის მასშტაბით გააფორმებს.

ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ ევროპის მასშტაბით თავის მოჭრა არ ღირს და სასწრაფოდ სიტუაციიდან გამოძრომა გახლდათ საჭირო. ამისთვის კი ორი გზა იყო: ან სისტემის ცვლილებას უნდა დაბრუნებოდნენ, ან მოლაპარაკებებიდან გაქცეულიყვნენ. როგორც ვნახეთ, „ოცნებამ“ გაქცევა აირჩია.

თუმცა მოლაპარაკებების მაგიდიდან გაქცევა პრობლემისგან გაქცევას არ ნიშნავს. კონსენსუსის გარეშე ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება „ქართული ოცნების“ ყველა აქამდე წარმოქმნილ თავის ტკივილს გააათმაგებს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ბათუმში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ერთპარტიულ კონსტიტუციას ლეგიტიმაცია არ ექნება, უკან არ წაუღია. პირიქით, ჯანი ბუკიკიო ყველა თავის გამოსვლაში ხაზს უსვამს, რომ კომისია ყველა თავისი გაკეთებული განცხადების ერთგულია და მათ შეხედულებებში არაფერი შეცვლილა.  ხელისუფლებას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, „ვენეციის კომისიის“ განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოეხდინა, მაგრამ ამის საშუალება მათ თავად ბუკიკიომ არ მისცა. ხელისუფლების შეგნებული დეზინფორმაციის შემდეგ ბუკიკიომ არ დაიზარა,  პირადად დაუკავშირდა ქართულ მედიასაშუალებებს და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განმარტა საკუთარი პოზიცია, რომელიც, სხვათა შორის, სწორედ იმას შეეხებოდა, რომ კონსენსუსის გარშე მიღებული კონსტიტუცია „ვენეციის კომისიისთვის“ არასდროს გახდებოდა მისაღები.

ბევრს გაუჩნდება კითხვა: რას ნიშნავს „ვენეციის კომისიის“ მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული კონსტიტუცია? რა შეიძლება ამან გამოიწვიოს? პირველ რიგში, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ „ვენეციის კომისიის“ მკაცრი შეფასება ბუკიკიოს მაგიდის უჯრაში არ დაობდება. ის ძალიან მალე დაეგზავნება ევროსაბჭოს წევრ ყველა ქვეყანას და სტრუქტურას.

ასევე ძალიან სწრაფად მიეწოდება ეს დოკუმენტი ევროპარლამენტს, სადაც, სხვათა შორის, „ქართულმა ოცნებამ“ ვერა და ვერ გაიჩინა მეგობრები. ევროპელი დეპუტატების უმრავლესობა ხელიდან არ გაუშვებს შანსს, გააკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება. კრიტიკის საფუძველი კი, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნების“ ავტოკრატიული ნაბიჯები იქნება.

ხელისუფლება, რომელმაც მთელი საარჩევნო გარემო საკუთარ თავზე მოირგო, რომელმაც მოატყუა ყველა და, მათ შორის, „ვენეციის კომისია“, რომელსაც ერთი პაკეტი გადაუგზავნა დასკვნისთვის და მეორე პაკეტი პარლამენტში შეიტანა განსახილველად, ევროპარლამენტისგან თავზე ხელის გადასმას ნამდვილად არ უნდა ელოდოს. არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა ანტიოცნებისტმა დეპუტატმა, როგორიცაა, მაგალითად, სარიუშ ვოლსკი, საქართველოსთვის მინიჭებული ვიზა-ლიბერალიზაციის პაკეტი ნაადრევ გადაწყვეტილებად გამოაცხადოს. სეთიბევრი ა დეპუტატი აღმოჩნდება ევროპარლამენტში, რომელიც გაიხსენებს, რომ წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების, რადგან ამ ქვეყნის ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს დემოკრატიისკენ.  და, აი, დოკუმენტიც, რომელიც ამტკიცებს, რომ ისინი მართლები იყვნენ. გაინაღდა თუ არა „ოცნებამ“ ვიზები, მეორე დღესვე ავტოკრატიისკენ აიღეს გეზი. აღარ ადარდებთ არც დემოკრატია და არც „ვენეციის კომისიის“ დასკვნები და რეკომენდაციები.

ფაქტია, რომ ასეთი შეფასებები და კრიტიკა  ევროპიდან საქართველოს ხელისუფლებას დიდ პრობლემებს შეუქმნის. ყოველივე ეს ძალიან მალე იქონიებს გავლენას ქართულ საზოგადოებაზე. დასავლეთში ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება საქართველოშიც არავის უნდა. სწორედ ამ ლეგიტიმაციის დაკარგვამ თუ შემცირებამ დაასრულა ყველა აქამდე არსებული ხელისუფლება საქართველოში.

ერთია, როცა უკანონობასა და უსამართლობაზე საქართველოს ხელისუფლებას ქართული ოპოზიცია მიუთითებს და სულ სხვაა, როცა ამაზე საუბრობს ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და „ვენეციის კომისია“.

ვითარების გადარჩენის შანსი „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ აქვს. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ შანსს მას ოპოზიცია და პრეზიდენტი ერთად აძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკების ყველა მაგიდა დატოვა, „ვენეციის კომისიის“ შემოთავაზებული მოლაპარაკებები სტრასბურგში ჩაშალა და მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ აპირებს, კონსენსუსის გარეშე, ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებას. ოპოზიცია და პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აპირებენ შესთავაზონ ცვლილებების ისეთი პაკეტი, რომელზე დათანხმებაც „ქართულ ოცნებასაც“ გადაარჩენს დელეგიტიმაციისგან და ქვეყანასაც მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით მიღებულ კონსტიტუციას მოუტანს.

ერთი კვირაა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოცამდე ოპოზიციური პარტია, პრეზიდენტთან ერთად, მუშაობს დოკუმენტზე, რომელშიც არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზეა საუბარი. განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიები ცდილობენ, ისეთ საკითხებზეც შეჯერდნენ, როგორიცაა პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციები, სასამართლო სისტემის რეფორმა, უშიშროების საბჭოს მოწყობა და ა. შ. არც ერთ მათგანს არ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება ამ ახალ დოკუმენტს შემოუერთდება და პოლიტიკური კონსენსუსი შედგება, მაგრამ ყველა დარწმუნებულია, _ როცა მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი და საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ სამართლიანობას, მარტო დარჩენილი და დინების საწინააღმდეგოდ მცურავი სახელისუფლებო პარტია შორს ვერ გაცურავს.

გასაოცარი მხოლოდ ისაა, ხელისუფლებას რატომ არ ესმის, რომ თუ არ იქნა სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა, ხოლო თუ არ იქნა მშვიდობა, _ არ იქნებიან თვითონაც.

 

დემნა ვეშაპიძე