ხალხს ფაროსანა აფორიაქებს, ჩინოვნიკებს კი ამდიდრებს

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ფაროსანასთან ბრძოლის საკითხი. მთელი გასული წელი და განსაკუთრებით ოქტომბრიდან მოყოლებული, ხელისუფლების ქმედებები ამ მიმართებით საუბარს ვერ გასცდა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯერაც ვერ დადო გამართული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც, გარკვეულწილად, მაინც შეამცირებდა სკეპტიციზმს.

ერთადერთი, რაც გასული წლიდან წარმატებით განხორციელდა, _ მორიგი, გაურკვეველი წარმოშობის შესაწამლი მასალის შესყიდვაა. გაურკვეველი იმიტომ, რომ იმ დასახელებით („ინსაკარი“), რაზედაც სახელმწიფომ პესტიციდის შესყიდვა შეუკვეთა, თან ინდოეთიდან, საერთაშორისო ჩამონათვალში არაფერი იძებნება. ინდური ფირმა კი პრეპარატის შემადგენლობაზე ინფორმაციას არ იძლევა. არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებს განმარტებებს, თუ რა კონცენტრაციის ბიფენტრინზე არის შეკვეთა განხორციელებული.
საკითხში გარკვეული პირები ფაროსანასთან წარუმატებელ ბრძოლაში და საეჭვო კომერციულ გარიგებებში საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, ამჟამად პრემიერ-მინისტრის მრჩეველ დავით კირვალიძის ინტერესებს ხედავენ და სუს-ისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი გასულ წელს პრეპარატ „ზონდერის“ შეძენაში უამრავ საეჭვო გარემოებას აფიქსირებს. როგორც ირკვევა, პრეპარატი გასული წლის მარტში დარეგისტრირდა საქართველოში და მაშინვე ხელისუფლებისა თუ დაინტერესებული პირების თვალთახედვის არეალში მოხვდა. არადა, უფრო ეფექტიანი პრეპარატები წლებია, რეგისტრირებულია და მისთვის შესაბამის სამსახურებს ყურადღება არ მიუქცევიათ.
ნიშანდობლივია, რომ გასული წლის სამი ტენდერი ერთმა და იმავე კომპანია „აგრიდამ“ მოიგო. მასთან ერთად ტენდერში კომპანია „ფიერნიც“ მონაწილეობდა. მეორე და მესამე ტენდერში გამარჯვებული „აგრიდას“ გარდა არც ერთ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა. პირველი ტენდერის ღირებულება _ 2 365 000 ლარი, მეორე ტენდერის _ 94 000 ლარი, მესამე ტენდერის _ 80 000 ლარი.
ინფორმირებული პირები აცხადებენ, რომ კომპანიები „აგრიდა“ და „ფიერნი“, რეალურად, ერთსა და იმავე პირის, ვინმე მინდიაშვილისაა, რომელსაც ასევე ეკუთვნის შემდეგი კომპანიები: „ფიერნა“ სხვა კოდით, „ზადენი“, „გეორგიკა+“, „აგრონომი“. იგივე პირები აცხადებენ, რომ მინდიაშვილსა და კირვალიძეს ახლო ურთიერთობა აქვთ და სწორედ ექსმინისტრი ლობირებს მინდიაშვილის კომპანიებს, უფრო სწორად, კირვალიძე ამ კომპანიების მოწილედ მოიაზრება. შესაძლოა, თემას აცდენილია, მაგრამ კირვალიძის მნიშვნელოვანი გავლენის ფაქტზე საუბრისას იმასაც აცხადებენ, რომ სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ მელიორაციის სფერო ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა გადასცემოდა, მაგრამ რადგან ამ სფეროში დიდი ფული „იჭრება“ და წელს რამდენიმე მილიონი უნდა დაიხარჯოს, სწორედ კირვალიძის მოთხოვნით დარჩა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში.
მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა გასული წლის ოქტომბერში: სურსათის უვნებლობის სააგენტოს შესყიდვების სამსახურის უფროსი გერონტი ფრუიძე ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებს გამჭვირვალობისთვის, ან, იქნებ, უკეთესია ვთქვათ, ოლიმპიური პრინციპისთვის, ასევე სხვა რამდენიმე კომპანიას და არა ყველას, რომელსაც რეგისტრირებული აქვს შესაბამისი პრეპარატი, ელექტრონულ ფოსტაზე შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის:
„გაცნობებთ, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო აპირებს, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის (აზიური ფაროსანის საწინააღმდეგო ღონისძიება) ფარგლებში მიმდინარე წლის ხარჯებით შეიძინოს:
ა) სავარაუდოდ, 100,000 ცალი საქართველოში რეგისტრირებული მისატყუარი ფერომონი აზიური ფაროსანის (ყავისფერი მარმარა, სუნიანი, ბაღლინჯო Halyomoroha halys) მოსაზიდად დამჭერი ხაფანგის გარეშე;
ბ) სავარაუდოდ, 160,000 ლიტრი საქართველოში რეგისტრირებული პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდი (მოქმედი საწყისი ბიფენტრინი), მათ შორის, 100,000 ლიტრი 5-ლიტრიანი დაფასოებით, 60,000 ლიტრი 1-ლიტრიანი დაფასოებით;
გ) სავარაუდოდ, 190,000 ლიტრი საქართველოში რეგისტრირებული პირეტროიდული ჯგუფის ზეთოვანი ფორმის პრეპარატი თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებისთვის.
მიწოდების ვადა იქნება არაუგვიანეს 2018 წლის 31 მარტი.
გასათვალისწინებელია, რომ არაუგვიანეს 2017 წლის 22 დეკემბრისა, მიმწოდებლებს წარმოსადგენი ექნებათ სახელშეკრულებო ღირებულების 100%-იანი წინასწარი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო დაწესებულების საბანკო გარანტია, რათა მიმდინარე წელს მოხერხდეს შესაბამისი სახსრების მიმწოდებელთა ანგარიშებზე ასახვა.
მოგმართავთ თხოვნით, გვაცნობოთ თქვენი შემოთავაზების შესახებ მიმაგრებულ ფაილში მითითებული პირობების შესაბამისად.
გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2017 წლის 17 ნოემბრისა 17 საათამდე.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის“.
მოგვიანებით, ამ წერილში თარიღი 17 ნომბერი შეიცვალა 17 დეკემბრით.
18 დეკემბერს კი გადაწყვეტილება მიიღეს, ვისთანაც უნდა გაფორმებულიყო კონტრაქტი. თუმცა, რეალურად, ეს გადაწყვეტილება წერილის დაგზავნის დროისთვის პროცესში ჩართულმა ყველა პირმა იცოდა.
ხელშეკრულება გაფორმდა შპს „აგრონომთან“ „ინსაკარის“ მიწოდებაზე ერთეულის ღირებულებებით: 5-ლიტრიან დაფასოებაში _ 31.07 ლარი; 1-ლიტრიან დაფასოებაში _ 31.56 ლარი. ეს „აგრონომი“ ზემოთ ჩამოთვლილი მინდიაშვილი-კირვალიძის კორპორაციის ერთ-ერთი კომპანიაა.
ცნობისთვის: გასულ წელს მინდიაშვილი-კირვალიძის კომპანია „აგრიდამ“ თურქეთიდან შემოტანილ პრეპარატ ზონდერში 33 ლარი გადაიხადა. იმ პირობებში, როდესაც მთელ მსოფლიოში წარმოების დანახარჯები გაზრდილია, გაიზარდა ნავთობის ფასი, ასევე გაიზარდა აქტიური მოქმედი ნივთიერება ბიფენტრინის ფასი. როგორ ახერხებს კომპანია, უფრო იაფად შემოიტანოს ბევრად შორი მანძილიდან პრეპარატი შარშანდელზე იაფად? პრეპარატი, რომლის შემადგენლობაზე, ანუ ბიფენტრინის კონცენტრაციაზე, ვიმეორებ, მწარმოებელი დუმს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში იმ ფაქტზე აპელირებენ, რომ გასულ წელს „ზონდერი“ დაბალ ფასად შეიძინეს. იგივე აზრი ვითარდება წელსაც. თუმცა ამ მოცემულობაშიც ტყუის როგორც სააგენტო, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„ზონდერის“ საშუალო გამოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 0,6 ლიტრია, მაშინ როდესაც ცალკეული, უფრო მაღალხარისხიანი ევროპული სტანდარტის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატების _ 0,2, 0,3, 0,4 ლიტრია. ახლა დავაკვირდეთ ფასს: თუ „ზონდერის“ ფასი 33 ლარი იყო, სხვა ევროპული სტანდარტით წარმოებული პრეპარატების ფასი (ზოგიერთი მათგანი თან ორკომპონენტიანია და უფრო მაღალი ხარისხისაა უვნებლობის მაღალი მაჩვენებლით) გასულ წელს 39-45 ლარს შორის მერყეობდა. გამოსავლიანობიდან გამომდინარე კი ადვილად შეგვიძლია დავითვალოთ, რომ ეს, ერთი შეხედვით, ძვირი ევროპული პრეპარატი სახელმწიფოს ბევრად იაფი დაუჯდებოდა. ამავდროულად, ცალკეული კომპანიები მზად იყვნენ და დღესაც მზად არიან, პრეპარატის ღირებულებაში შეიყვანონ საკუთარი წარმომადგენლების მიერ შესაბამისი კონსულტაციები და ტრენინგები. ასევე მონიტორინგის განხორციელება აგროვადების დაცვისა და პრეპარატის გამოყენების წესებთან დაკავშირებით. თუმცა ამ სერვისის მიღებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო არც კი ფიქრობს.
აქვე აღსანიშნავია ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: გასულ წელს რამდენიმე ევროპულმა და აღმოსავლეთ ევროპის კომპანიამ საქართველოში საკუთარი წარმომადგენლები მოავლინეს ვითარების შესასწავლად. მათ სამეგრელოს რეგიონში უფასოდ გადასცეს საკუთარი პრეპარატები ცალკეულ ფერმერებს სხვადასხვა ნარგავებისთვის _ კერძოდ, კივის, თხილის, სიმინდისა და სხვა კულტურების დასამუშავებლად. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ფერმერების ნაკვეთები, ფაქტობრივად, ფრონტალურ ზოლში იყო, მათი მოსავალი შენარჩუნდა, ხოლო მიმდებარე ნაკვეთებზე, სადაც „ზონდერი“ გამოიყენეს, საკმად რთული ვითარება დაფიქსირდა.
აღნიშნულმა კომპანიებმა „ზონდერის“ პრეპარატი ამოიღო და საკუთარ ლაბორატორიებში შეამოწმა. ვითარება საგანგაშო აღმოჩნდა, რადგან მიღებული შედეგი საერთოდ არ შეესაბამებოდა ეტიკეტირებას, აქტიური მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია, მოთხოვნასთან შედარებით, 57%-ით ნაკლები იყო.
სამწუხაროდ, აღნიშნული კომპანიები არ იძლევა უფლებას მათ მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის გამოსაქვეყნებლად და აღნიშნავა, რომ ეს არის მათი კომერციული ინტერესი. მეორე მხრივ, განმარტავენ, რომ ეს იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.
შარშანდელი რეალობით კი ფაროსანამ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს აურაცხელი ზიანი მიაყენა. მაგალითად, 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე თხილის ექსპორტი 60%-ით შემცირდა, რის მიზეზადაც აზიური ფაროსანის ეპიდემიური გავრცელება დასახელდა.
2017 წელს აზიური ფაროსანისგან დაზარალებულებმა სამეგრელოსა და გურიაში რამდენიმე აქცია გამართეს.
„ხალხი ზარალის ანაზღაურებასა და კომპენსაციას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მავნებელთან საბრძოლველად სათანადო ზომები არ მიიღო და ბაღების შეწამვლა დაგვიანებით დაიწყო. უკმაყოფილოები ვართ. პირდაპირ გვითხრეს, ბიუჯეტში ფული არაა და ვერ დაგეხმარებით, მხოლოდ შეწამვლას გავაგრძელებთო“, _ ციტირებდა აქციის მონაწილეთა სიტყვებს მაშინდელი ინტერნეტმედია.
თავდაპირველად, ხელისუფლება დუმდა. ამასობაში კი აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა. მეტიც, 2017 წლის ოქტომბერში პარაზიტი მთავრობის კანცელარიაში იმ ტრიბუნაზე ნახეს, სადაც მინისტრებს პრესკონფერენცია უნდა გაემართათ.
ხელისუფლების განმარტებით, 2017 წელს აზიური ფაროსანის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 574 400 ლარი გამოეყო, თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის შრომის ასანაზღაურებლად კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს 4 854 400 ლარი გადაერიცხა.
პარალელურად, სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მავნებლის განადგურების მეთოდებზე მუშაობაში აქტიურად უნდა ჩართულიყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
2017 წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ 2018 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანის წინააღმდეგ საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავდა. სპეციალისტებმა „აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა“ დაიწუნეს და განაცხადეს, რომ პროგრამის უმთავრესი ნაკლი არაკონკრეტულობა და მიზნის შეფარდებითი დადგენაა. პროგრამაში არ ჩართეს ქართველი მეცნიერები.
აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი სხვა ორგანიზაციულ პრობლემებთან ერთად არსებულ ვითარებაში პიროვნულ ფაქტორსა და არაკომპეტენტურობასაც ხედავს და მოითხოვს, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა, რომელმაც საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე პარადოქსული განცხადება გააკეთა ფაროსანისგან მიყენებული ზიანის 15%-მდე შემცირების თაობაზე. იმავდროულად, აღნიშნა, რომ ყოველ 200 ცალ თხილში უვარგისი 20-22 ცალი აღმოჩნდა, რაც 11%-იანი ზიანის მაჩვენებელია. ამ დროს რეალობა, რომელიც სამეგრელოს რეგიონში გლეხებს ფაროსანამ მიაყენა თხილის კულტურაში, ბევრად მნიშვნელოვანია. კოღუაშვილმა ასევე მოითხოვა სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსის მოადგილის, ბატონი ლიპარტიას თანამდებობიდან განთავისუფლება. მის განცხადებაში ამ პერსონებთან მიმართებით აშკარად იკითხებოდა როგორც არაკომპეტენტურობა, ასევე გარკვეულ მაქინაციებში მათი შესაძლო მონაწილეობაც.
მოკლედ, გაზაფხული კარს მოგვადგა, ფაროსანა „სამალავიდან“ 17 გრადუს სტაბილურ ტემპერატურაზე გამოვა და ჩვენს აფორიაქებას დაიწყებს. ქვეყანა კი გაურკვეველი სტრატეგიითა და უფრო მეტად გაურკვეველი შემადგენლობის მქონე წამლით აპირებს მასთან გამკლავებას.
მოკლედ: ფაროსანა ჩვენ გვაფორიაქებს, ხოლო მასთან ბრძოლის ვალდებულების მქონე პერსონებს ამდიდრებს. ასეთია ქართული პარადოქსი და საჯარო თუ სახელმწიფო მოხელეთა შეგნებისა და პასუხისმგებლობის დონე.

კოკა წერეთელი