ჩემი მეორე ცხოვრების ისტორია – მაკა მოსიაშვილის ბლოგი

რთულია წარსულზე საუბარი, განსაკუთრებით იმ წარსულზე, რომელიც ციხესთან ასოცირდება…
კი, 2007 წლიდან 2012 წლამდე მე ციხეში ვიყავი…
განთავისუფლების შემდეგ არასდროს მითქვამს, რომ უკანონოდ დამიჭირეს, არც არასდროს მითქვამს, რომ რეჟიმის მსხვერპლი ვიყავი…

დიახ, მქონდა პროტესტი, რომ ძალიან დიდი ხნით მომიწია პატიმრობამ… მაგრამ მაინც, ბოლოს ვამბობ, _ მადლობა, ციხევ, რომ იყავი ჩემს ცხოვრებაში…
ციხემ ბევრი რამ მასწავლა, გამომწვრთნა და გამომჯეკა.
რთულია, საკანში გამოკეტილი მზეს უყურებდე, როგორ მოცოცავს გისოსებში, როგორ უნდა, სამფენა გისოსის საცერში გამოძვრეს, ჩაგეხუტოს და სადღაც წაგიყვანოს, _ შენებთან, შენს შვილებთან… მერე კი ისევ იმ ერთ მოკუჭულ ბალიშს ჩაეხუტო და წარმოიდგინო, რომ ის შენი ერთ-ერთი შვილია… ბალიში კი არ გეყოს სამივე შივილის ჩასატევად და ბოლოს მოისროლო…
მერე ისევ დილა, ისევ შემდეგი ერთი დღე და ნატვრა იმაზე, როდის გავა ეს წყეული სასჯელი…
მე 2012 წლის 11 ნოემბერს გამომიშვეს და ამიტომ სულ ვამბობ, სუბარის მადლობელი ვარ…
ჩემს პირად საქმეში მადლობაც ბევრი იყო და დადებითი დახასიათებაც…
კი, სოციალური მუშაკი წერდა, რომ მე დადებითად ვხასიათდებოდი, მე ვშრომობდი, მე ვესწრებოდი ტრენინგებს, მე ვატარებდი ლიტერატურულ საღამოებს, მე და მე… კი, მე ვცდილობდი საკუთარი თავის რესოციალიზაციას…
და მიმაჩნია, რომ ჩემი სასჯელის მიზანი მიღწეული იყო…
მაგრამ არ მიიჩნევდა მაშინდელი სასჯელაღსრულების ვადაზე ადრე განმათავისუფლებელი კომისია… და ბოლოს ყველაზე ნეგატიურად და პესიმისტურად განწყობილ 2012 წლის ნოემბერში ბიბლიოთეკის კარი გაიღო, ხათუნა ჯაპავა, გიორგი როდონაია და ალეკო კვეტენაძე შემოვიდნენ. ღიმილით მითხრა როდონაიამ, _ რას აკეთებ?
მე კი მშვიდად ვუპასუხე, _ ლიტერატურული საღამოსთვის ვემზადები, ოთხშაბათს ნორვეგიელები მოდიან…
ხათუნა დირექტორის მოადგილე იყო და მომიგო:
_ კარგი, გეყოფა, წადი ახლა
_ სად? _ ვიკითხე გაოცებულმა.
კვეტენაძის პასუხი ახლაც მახსოვს:
_ მოსიკო, სახლში, სახლში უნდა წახვიდე, დავიღალეთ შენი ყურებით…
ის შოკი ახლაც მაქვს, არ მჯეროდა, არ მჯეროდა, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა…
ბოლოს კი, სადღაც 1 საათში, გამომიშვეს. რუსთავიდან მედიკო ალანიამ გამომაცილა. ჩემს გამცილებელ ალეკოსა და გიორგის დაავალა, „ისნის“ მეტრომდე, კახეთის ტაქსამდე მიიყვანეთო, ჯიბეში 30 ლარი ჩამიდო და მითხრა:
_ წადი, ბავშვებს სიურპრიზად მიადექი, ტკბილი უყიდე რამე, გელოდებიან, მაგრამ დღეს _ არა…
ახლაც მახსოვს „ვანგელისის“ კახეთის შემოდგომა, ცივი, მაგრამ ასე მონატრებული…
ახლაც მახსოვს ჩემი ფეხსაცმლის კაკუნი, როგორ ავდიოდი მშობლების სახლის კიბეზე, როგორ ავიარე 24 საფეხური და როგორ შევაღე კარი… ახლაც მახსოვს და არასდროს დამავიწყდება დედაჩემის გაოცებული და გაცისკროვნებული სახე, _ მაკა, დაბრუნდი? ახლაც მახსოვს, როგორ ჩამეკრა მარიამი გულში, ახლაც მახსოვს, როგორ მიბაძა ვანიკომ მარის და ისიც გამოიქცა, მახსოვს ჩემი დისშვილები, რომელთაც არასდროს ვენახე, კედელთან იდგნენ და მიყურებდნენ, ნეტავ, ვინ ვიყავი? ალბათ, ის მარის ვანოსა და თაკოს დედაა…
და მერე, მეორე დღიდან დაიწყო ახალი ბრძოლა, ბრძოლა რეაბილიტაციისთვის, ბრძოლა რესოციალიზაციისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ საზოგადოებას მივეღე.
მე დავბრუნდი, დავბრუნდი იმისთვის, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა…
მერე იყო სულ რამდენიმე კვირაში რადიო „თავისუფლება“ და სტუმრად ია ანთაძესთან…
მერე იყო დღიურების წერა, მერე იყო ქუჩაში მოსიარულე ჩემი თავი და ადამიანების თვალები, _ უი, ეს ხომ ციხეში იყო?
უნდა ვენდოთ? ალბათ, _ არა…
და ეს უნდობლობა დიდხანს, ძალიან დიდხანს, თვეები გრძელდებოდა…
მე ბევრს ვიბრძოდი, მაგრამ მარტო ვერ შევძლებდი, რომ თვალი თვალში გამეყარა ქვეყნისთვის… მე დახმარება მჭირდებოდა…
აპრილის ბოლოს გამახსენდა ციხეში დატოვებული ერთი პატარა წიგნი. წიგნიც არ ჰქვია, ალბათ, ბროშურა. სხვადასხვა ფერის ფურცლებით შევკარით, სტეპლერით ავაწყვეთ და ციხის მომცრო ბიბლიოთეკაში დავბეჭდეთ…
წინგს ერქვა: „ნანუკას, ნიშნად ჩვენი სიყვარულისთვის“…
წიგნში ჩვენი ლექსები ეწერა და ეწერა მოგონებები…
და მე მივწერე ნანუკას, რომ ციხის ბიბლიოთეკაში წიგნი ელოდებოდა…
მართალია, ნანუკა არც 2012 წლამდე შეუშვეს ციხეში და არც მაშინ, მაგრამ წიგნი მოიპოვა და ასე მიმიწვია გადაცემაში…
ვთქვი ის, რაც უნდა მეთქვა: ვთქვი, რომ მქონდა შეცდომა და ყველაზე მეტად ჩემი შვილები დაზარალდნენ უდედობით. არავინ განმიკითხავს, უბრალოდ, 2013 წლის 11 ივნისს ვთქვი, რომ პოლიტპატიმარი არ ვიყავი. ეს მაშინ, როცა ქვას რომ ააგდებდი, აუცილებლად პოლიტპატიმარს ხვდებოდა თავში…
და ამოისუნთქა ჩემ გარშემო მყოფმა დაბნეულმა ხალხმა, საჯაროდ, ტელევიზიით ვამხილე საკუთარი თავი და აი, ასე, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი გულწრფელობით მიმიღო საზოგადოებამ.
მაგრამ სანამდე გავაგრძელებ, ერთი რამ უნდა მოვყვე:
2007 წელს, როცა დამაკავეს, საკანში, მატროსოვზე, 6-კაციან ოთახში 11-ს გვეძინა, რადგან ადგილები არ იყო. ხან ცვლით ვიძინებდით, ხან ოჯახიდან მოტანილ ლეიბებს იატაკზე ვშლიდით. ხო, იმ 2007 წელს, ციხეში რომ შევედი, არც საპონი მოუციათ ჩემთვის, არც ლეიბი და არც საბანი. არ იყო და მიტომ. პირველ ღამეს ძველ, „სეტკიან“, ორსართულიან ნარზე მეძინა ულეიბოდ, ერთი თხელი გადასაფარებელი თანასაკნელმა მომცა, დილით კი დედაჩემმა კახეთიდან ჩამომიტანა ლეიბიც, საბანიც, ბალიშიც და კიდევ ყველაფერი, რასაც პატიმარს უნდა აძლევდნენ… ააა, თუ არ მომიტანდა? გადამისვრიდნენ ბომჟების ოთახში, სადაც ტარაკნებიც ბევრი იყო და ტილებიც… 2009 წლის „მატროსოვის ბუნტის“ მერე რუთავის მე-16 დაწესებულების „კრიტში“ ისე გაგვიძახეს ყველა, რომ ვერ გავიგეთ, რა დავაშავეთ მძინარე ადამიანებმა… 30-კაციან საკანში 1 „ტაშტი“ მოგვცეს, თითო ჯამი და ჭიქა, მწვანე ფერის. რა თქმა უნდა, პლასტმასის. 4 თვე ტელევიზორის ყურების უფლება არ მიგვიღია და როცა რაღაცაზე პროტესტის ნიშნად შიმშილობა დავიწყე, XX საუკუნის 60-იანი წლების კარცერში გადამიყვანეს, სადაც მე და ვირთხები ერთად ვკითხულობდით კედლებზე შემორჩენილ და ამოჯღაპნილ ქურდულ რუსულ წარწერებს…
2010-ში „მატროსოვზე“ დაგვაბრუნეს, სამ თვეში კი რუსთავის ახლად აშენებულ ციხეში გვიკრეს თავი…
ციხის კედლები სულ ახალი შეღებილი და გალესილი იყო, ჩვენი ფილტვები აშრობდნენ იმ კედლებს იანვრის თვეში, მაგრამ მაგას ვინღა სჩიოდა, საკუთარი ნარი გვქონდა უკვე და ცვლით აღარ დავიძინებდით, არც 200-ქალიან ბარაკში მოგვიწევდა ცხოვრება. ვიყავით კი ცივილიზებულად 6-კაციან საკანში? ბეტონის იატაკმა ვეღარ გაქაჩა და სახსრების ტკივილი მასობრივი გახდა…
და, აი, ამ ყველაფრის ფონზე, უცებ, ნორვეგიელები შემოდიან ინიციატივით და 3 მილიონს დებენ 3-წლიან პროექტში. ქალთა ციხეში კოხას საერთაშორისო პროგრამით აწყობილი ბიბლიოთეკა შეიქმნა, სადაც ყველა წიგნი ჩემი ხელით დავაწყვე…
არც სახელოსნო ყოფილა მაშინ, არც სპორტული დარბაზი, პირიქით, ახლა სადაც სპორტული დარბაზია, მაშინ მანდ სასადილო ოთახი იყო, სამკერვალო 1 თვე არსებობდა „მატროსოვზე“ 30 ქალისთვის და მათაც დროშები აკერინეს…
არც სილამაზის სალონი…
არც არასდროს მითქვამს, რომ ვინმე ძალადობდა ქალებზე…
არც არასდროს მითქვამს, რომ ქალებს ბაჩო არ უყვარდათ, პირიქით, ციხეში ვისწავლე მეგრული სიტყვა, როცა განცხადებებს ასობით პატიმარი წერდა
ბაჩო, დირთ! (ბაჩო, დაბრუნდი!)
და სულ ვიტყვი: კი, ნიკა იყო, გვარამია, ყველაზე კარგი იუსტიციის მინისტრი, რომელიც ქალთა ციხეს განსაკუთრებულად ადამიანურად ეპყრობოდა…
ასე რომ, დანარჩენს, ვისაც არ განგიკითხავთ, ჯობს, მადლობებზეც თავი შეიკავოთ…
და ეს მხოლოდ იმისთვის მოვყევი, რომ როცა ჟორჟოლიანს საყვედურობდე, რატომ გადაუხადე მადლობა კახიშვილს ქალთა ციხის ადამიანურ პირობებზეო, აქ მარტივი პასუხია, _ როცა არაადამიანური გქონდათ, მაშინ ციხეში არ უშვებდით, რომ გადაეღო და დიდი ამბავი, რომ გულწრფელობამ და სამართლიანობამ აჯობა მეგრობრობა-ნაცნობობას და ტელეწამყვანმა სიმართლე თქვა…
ისევ მე…
დიახ, იმ 2013 წლის გადაცემამ ჩემი ცხოვრება ყირაზე დააყენა და ნანუკა ჩემი მეგობარი და რესოციალიზაციის დედა გახდა… რომ არა ის საბედისწერო „ნანუკას შოუ“, ჩემი ბედი ასე არ შეიცვლებოდა, ნანუკას მოყვა ზარი ვანიჩკა პავლიაშვილისგან და მალე ჟურნალისტიკაში დავბრუნდი… გაზეთმა „ქართულმა სიტყვამ“ კარი გამიღო და ასე დავიწყეთ რუბრიკა: ამბები მიხეილის ციხიდან… არ ვწერდით სისტემაზე, ვწერდით ადამიანების ისტორიებს, ვინც ციხე გამოიარა…
მალევე იყო „FRESHNEWS“ ინტერნეტ ტელევიზია, სადაც ისევ ნანუკამ მიმიღო და 2014 წლის ბოლოს, ისევ ნანუკას რეკომენდაციით, „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი გავხდი.
მას მერე აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს…
ბევრი შევცვალეთ ერთად „ქრონიკა+“-ის გუნდმა, ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ცუდი შევცვალეთ კარგით. მიზანი ერთია _ ჩვენ უკეთესი ქვეყანა გვინდა…
იყო თამაზაშვილიც, ღარიბაშვილიც, გოგაშვილიც იყო…
და კიდევ ბევრი იქნება…
ვირძოლებთ მანამდე, სანამ ჩვენს სამშობლოს დავჭირდებით…
მაგრამ ჩემს ისტორიაში სამი ადამიანია განსაკუთრებული _ ნანუკა, ვანიჩკა და ელისო… ისინი ჩემი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მშობლები არიან!
დაბოლოს, ჩემი, თქვენი და ქვეყნის გაზეთი „ქრონიკა+“ უკვე 5 წლისაა…
ჩვენ ის შევძელით, რაც ვალი გვქონდა ქვეყნის წინაშე!
არ დავღლილვართ!
ბრძოლა ბოლომდე გრძელდება!
მე მიყვარს სამშაბათი!

მაკა მოსიაშვილი