„შენი სიმღერით აქციას სულ სხვა იერი მიეცა…“ ანუ პოლიტიკური აქცია-კონცერტი რუსთაველზე

თავდაპირველად იყო სიტყვა, მერე კი, ალბათ, _ სიმღერა. სიმღერაც ხომ სიტყვაა.

სიმღერაც არის და სიმღერაც _ პოლიტიკური შეფერილობისა და ჟღერადობის სიმღერების მეტი, აბა, რა მოგვისმენია და ბევრნი დღესაც ვფიქრობთ, რომ სწორედ პოლიტიკური შეფერილობის, გადაკეთებულტექსტებიანმა და გადმოქართულებულმა ჰიტებმა, თუ არ მოთხარა, შეარყია მაინც, თავის დროზე, ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი.

ამ ყველაფერს დაუმატეთ ვიზუალი და მივიღებთ იმას, რასაც მივიღებთ: „დარდუბალიდან“ „ქერის უბნამდე“, „გა-ბადრ-ულებიდან“ „ზვიგენთა მეუფემდე“. როგორც, თავის დროზე, „დარდუბალის“ ედიკა-პერსონაჟმა, მუდმივად მოფრიალე ქოჩრით, შემოიარა მთელი საქართველო და მოსახლეობაში ედუარდ შევარდნაძის კულტის გაუფასურებას შეუწყო ხელი, ასევე კბილებდაკრეჭილი, ავსახიანი ბიძინა ივანიშვილის პოსტერი, რომელიც 11 მარტს, რუსთაველზე ჩატარებულ აპოლიტიკურ აქცია-კონცერტზე მისულებს ეჭირათ და „რუსთავი 2 ჩემია“ ალმებთან ერთად აფრიალებდნენ, ივანიშვილის კულტის გაქრობას უწყობს ხელს, ისევე, როგორც „ქერის უბანში“ განუმეორებელი მეგრული აქცენტით მოსაუბრე ნარმანიას პერსონაჟი და მუდამ ნერვიული ბიძო, რომელიც ხან ეკა ბესელიასთან ერთად მღერის, ხან კი კახა კალაძესთან ერთად სვამს…

თუ პარალელია, პარალელი იყოს: გასული საუკუნის 90-იან წლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ედუარდ შევარდნაძე და მისი ხელისუფლება ძალიან მყარად იდგა ფეხზე, ხოლო განსხვავებული აზრი მხოლოდ რამდენიმე გაზეთში და ისიც, გაკვრით იწერებოდა („რუსთავი 2“ მაშინ ემბრიონის მდგომარეობაში იყო), თსუ-ს სტუდენტობა იყო პირველი, ვინც იმდროინდელი ხელისუფლება გააშარჟა.

ეს ყველაფერი ერთ, არც ისე დიდ კლუბში, პირველი კორპუსის უკანა ფლიგელში ხდებოდა, სადაც მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი, სხვაგვარად და უფრო გასაგებად _ „კა-ვე-ენი“ ტარდებოდა და თსუ-ს ფაკულტეტებს შორის ამ მხიარული შეჯიბრის უცვლელი წამყვანი, არც მეტი, არც ნაკლები, შალვა რამიშვილი იყო.

სწორედ ეს „კავეენი“ გახლდათ პირველი თავყრილობის ადგილი, სადაც დაახლოვდნენ რამიშვილი, ჭანტურია, მშვილდაძე, გობრონიძე და მომავალი ზვიო, მოგვიანებით კი ისინი გოგიჩამ, იგივე დათო გოგიჩაიშვილმა გააერთიანა. შემდეგ იყო „მამაჩემის რადიო“ და დღემდე ელვარე არტები, რომლებიც ამ დრომდე არ კარგავენ აქტუალობას.

სხვათა შორის, იმ შეჯიბრებების დროს, სადაც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბიოლოგები, პირველად დასცინეს ხმამაღლა და ირონიულად ედუარდ შევარდნაძესაც, გია ყარყარაშვილსაც, ირინა სარიშვილსაც (ვიცე-სპიკერი იყო), ჯაბა იოსელიანსაც და თენგიზ კიტოვანსაც, არც ლუიზა შაკიაშვილი დაუნდიათ და არც ვახტანგ რჩეულიშვილი _ მოკლედ, ყველას და ყველაფერს აშარჟებდნენ, ვინც პოლიტიკურ ავანსცენაზე ჩანდა.

რადგან იმ პოლიტიკური ხუმრობების უმეტესი ნაწილი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, თქვენი მონა-მორჩილი, როგორც იმდროინდელი პროცესების აქტიური მონაწილე და ჟურნალისტთა გუნდის წევრი, რამდენიმე მათგანის გახსენებას ეცდება.

მაგალითად, იყო ასეთი ნომერი: ფრაზის გაგრძელება, სადაც დაიბადა დღემდე ცნობილი ფრთიანი ფრაზა: „დედას რად უნდა მრავალი შვილი _ ერთი ჰყავდეს და ყარყარაშვილი!“

ხოლო გია ჭანტურია განუმეორებლად და მარტოდმარტო ასრულებდა სკეტჩს, სადაც ედუარდ შევარდნაძეს მოქალაქეები ტელეფონზე ურეკავენ და ის პასუხობს:

_ ალო, სახელმწიფოს მეთაური გისმენთ…

_ ბატონო ედუარდ, ამ ზამთარს გაზი გვექნება?

_ გექნებათ, გექნებათ, ყველაფერი გექნებათ…

_ ალო, ბატონო ედუარდ, ამ ზამთარს შუქი თუ გვექნება?

_ აუცილებლად, აუცილებლად გექნებათ…

_ ალო, ბატონო ედუარდ, აფხაზეთს თუ დავიბრუნებთ?

_ ბატონო? ალო, ალო, ცუდად ისმის…

_ აფხაზეთს, ბატონო ედუარდ, აფხაზეთს დავიბრუნებთ?

_ …მმმ… თქვენ არასწორად აკრიფეთ ნომერი…

არ გეგონოთ, რომ მაშინდელი სტუდენტები ავტორიტეტებს და ქუჩაში გავლენიან პირებს უშინდებოდნენ. სულაც არა. მაგალითად, ერთი პაროდია-სიმღერა შემდეგი ტექსტით ბოლოვდებოდა: „…საახალწლოდ ჩვენი ჯაბა-ბატონი, დაგვირიგებს წამალსა და ანაშას…“

რა თქმა უნდა, „კავეენზე“ გაჟღერებული ხუმრობები, რომელსაც იქ მყოფი სტუდენტები სხვა სტუდენტებს უყვებოდნენ, სხვები კიდევ სხვებს და მერე საზოგადოებაში ამგვარად ვრცელდებოდა, აღიზიანებდა ხელისუფლებასაც და იმდროინდელ „აგრესიულად მორჩილ“ უმრავლესობასაც, მაგრამ იმდენი ჭკუა კი ჰქონდათ, რომ ეს არ აეკრძალათ.

ანუ, შევარდნაძის დროს, თსუ-ში, ფაქტობრივად, პატარა „რუსთავი 2“ უკვე არსებობდა, ადგილობრივი, ლოკალური მაუწყებლობით და ეს, ერთგვარი, ხელშეუხებელი კუნძული იყო ხელისუფლების დაცინვის მოსურნე ახალგაზრდებისთვის, ხოლო ხელისუფლებასაც აძლევდა ხელს ასეთი მცირე მასშტაბის კუნძულის არსებობა, რათა ქუჩაში გამოსვლა არ მიეღო. ამიტომაც ეს „მინი „რუსთავი 2“ მშვიდობიანად არსებობდა და მერეც გაგრძელდა, როცა სტუდენტური თაობა შეიცვალა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, პირვანდელი პეწი და ხიბლი დაკარგა, ათასგვარმა იუმორისტულმა შოუმ და გადაცემამ გადაყლაპა, ხოლო მერე, სულაც, კომიკური გახადა, რადგან მხიარულებმა და საზრიანებმა მოსკოვში დაიწყეს სირბილი…

ეს უკვე სხვა საუბრის თემაა, მაგრამ ამ, არცთუ მოკლე შესავალში მხოლოდ იმის ჩვენება მინდოდა, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სატირა, ან, თუნდაც, პოლიტიკური შეფერილობის მქონე აქციები საზოგადოებაში განწყობის შესაქმნელად.

თუმცა ისინი, ვინც ასეთი აქციებისა და გამოსვლების, პერფორმანსების მნიშვნელობას, ცოტა არ იყოს, ზერელედ უყურებენ, ცოტანი არ არიან და, რასაკვირველია, არც ენმ-სა და, ზოგადად, „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერთა შორის აღმოჩნდნენ ცოტანი.

ამ კატეგორიის მხარდამჭერები ცალკე ენმ-ს, ცალკე „რ2“-სა და ნიკა გვარამიას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ რუსთაველზე მხოლოდ აპოლიტიკური კონცერტი დაანონსდა.

მათი მოუთმენლობა გასაგები და ახსნადია: ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში უკვე არსებობს საპროტესტო მუხტი, რომელსაც გაღვივება სჭირდება და არა აქცენტების სხვა მიმართულებაზე გადატანა, თუნდაც, პოლიტიკურ სატირაზე.

ისინი პარალელს ავლებენ 2003 წელთან და ამბობენ, რომ საპროტესტო მუხტი არც მაშინ არსებობდა იმ დოზით, რომ ხალხი ქუჩაში გამოსულიყო, მაგრამ ენმ-მ და, განსაკუთრებით, მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამ მუხტის გაჩენა უზრუნველყვეს და მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანეს.

ამიტომაც ყოველი ასეთი „აპოლიტიკური“ აქცია, ან 2-3-ათასიანი თავყრილობები, რომელიც ორსაათიანი „თუხთუხის“ შემდეგ დაშლით მთავრდება, მათთვის მხოლოდ „ორთქლის გამოშვებაა“ და, ზოგადად, ივანიშვილის წისქვილზე, მისი მმართველობის „გაპრავებაზე“ ასხამს წყალს, რადგან აჩვენებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს:

აი, ოპოზიციას ქუჩაში ხალხი გამოჰყავს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებს, აი, „გაზპრომი“ ვისაც არ უნდა, ქუჩაში გამოდის _ მიტინგობენ, ბატონო, ხელს არ ვუშლით…

ამ კატეგორიის მხარდამჭერთა აზრით, ასეთ აქციებზე ხალხის სიმცირეც სწორედ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან სპონტანურად დაგეგმილ აქციებზე გამოსული ხალხის რაოდენობა არ აჩვენებს საზოგადოების ნამდვილ განწყობას და მხოლოდ იმ სურათს ხატავს, რომ მთავრობას, ხელისუფლებას, საბოლოო ჯამში კი, მაინც ივანიშვილს, მოსახლეობის უმრავლესობა იმდენად ენდობა, რომ თავს არც კი იწუხებს საპროტესტო აქციებზე გასვლით.

ამიტომაც, ეს კატეგორია მოითხოვს, აქციების ორგანიზებაზე მეტი დრო და რესურსი დაიხარჯოს და მასში პარტიებიც ჩაერთონ, რომლებიც რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანას უზრუნველყოფენ, მოიყვანენ აქციაზე და ხალხს გარანტია ექნება, რომ ორი საათის შემდეგ სახლში კი არ წავა, არამედ ქუჩაში დარჩება და დრაივს შექმნის _ მივა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, გადანაწილდება კანცელარიასთან და „რუსთავი 2-თან“ და ასე შემდეგ…

არის თუ არა ასე, ანუ არის თუ არა განსხვავება საპროტესტო მიტინგებზე გასულთა რეალურ რაოდენობასა და რეალურად უკმაყოფილო მოქალაქეებს შორის? სიტუაციას თუ დავაკვირდებით და ემოციებს განზე გადავდებთ, ის პერიოდი, როცა შევარდნაძის ხელისუფლების დაისი დადგა და ენმ და მისი ლიდერი გააქტიურდნენ, ჯერ კიდევ არ დამდგარა: ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, ივანიშვილს ჯერ კიდევ ჰყავს უამრავი „გამპრავებელი“ მედია, ექსპერტი, ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, რომელიც, ასე თუ ისე, ამინდს ქმნის. ის დრო, როცა ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერა და მით უმეტეს, მის ხელისუფლებასთან აფილირებულ პირად ყოფნა, თუ იგივე „მამაჩემის რადიოს“ გავიხსენებთ, „უკვე ტეხავდა“, ჯერ არ დამდგარა.

ვინ-ვინ და ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა იცოდეს, მაგრამ, რასაკვირველია, იმასაც კარგად ხვდება, რომ თუ ასე გაგრძელდა, მისი მმართველობის დაისიც მალე დადგება და ხალხს უკვე ვერაფერი შეაკავებს. სწორედ ამიტომ ეპოტინება „რუსთავი 2“-საც, რადგან, თუნდაც, წინის წინა ხელისუფლების გამოცდილებით, ძალიან კარგად ხვდება, რომ სწორედ „რუსთავი 2“ შეიძლება გახდეს მისი მესაფლავეც…

სწორედ ამიტომ და არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების დასაცავად, აუცილებელიცაა, „რუსთავი 2-ის“ მხარდაჭერა არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური განცხადებებით და გამოსვლებით, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმაც გამოხატონ.

სწორედ ამიტომ იყო საჭირო ის აპოლიტიკური გამოსვლები, როგორიც გახლდათ, თუნდაც, არა ბოლო, არამედ ბოლოსწინა შეკრება რუსთაველზე, სადაც პოლიტიკოსები არ გამოსულან, მაგრამ სადაც ნიკა გვარამიამ ნებისმიერ, ორატორის ნიჭით დაჯილდოებულ პოლიტიკოსზე არანაკლები პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა.

სწორედ ამიტომაც იყო აუცილებელი ამ ყველაფრის ჩვენება და მეტიც, სწორედ ეს, ანუ მოვლენის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი სახეც, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა სტრასბურგის ევროსასამართლოსთვისაც, როცა მან უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტრასბურგის სასამართლომ ძალიან კარგად დაინახა, რომ „რუსთავი 2-ის“ ახევას ეწინააღმდეგებოდნენ არა მარტო ენმ და ენმ-სთან აფილირებული პოლიტიკური ორგანიზაციები, არამედ „ქართული ოცნებისა“ და გამოკვეთილი რუსეთუმეების გარდა, თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი, პლუს საზოგადოების, ასევე, თითქმის ყველა ფენა…

ამიტომაც სწორი ნაბიჯი იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ერთგვარი „სახალხო აღნიშვნა“ _ ამით „რუსთავი 2“ სტრასბურგში მორიგ სიგნალსაც გზავნიდა, _ თქვენი გადაწყვეტილება მარტო ჩვენ კი არ გაგვიხარდა, ხალხსაც უხარიაო.

შეიძლება თუ არა ეს გზავნილი ჩაითვალოს ადრესატამდე მისულად დღეს, როცა აქცია უკვე ჩავლილია? დიახ, შეიძლება: ყოველგვარი „რეგიონულ-პარტიული“ ორგანიზების გარეშე რუსთაველზე 3.000-დე მოქალაქე გამოვიდა და ორი საათის განმავლობაში უსმენდა სიმღერებს, თანაც, მნიშვნელოვანი დეტალით: აპოლიტიკურად მონათლულ აქციაზე თითქმის ყოველ მესამეს „ვამპირი“ ბიძინა ივანიშვილის ფოტოკოლაჟით დამშვენებული პლაკატი „რუსთავი 2-ის“ ალამთან ერთად ეჭირა.

რაც მთავარია, აქცია-კონცერტზე იყვნენ უცხოური მედიის წარმომადგენლებიც და, ბუნებრივია, შემდგარი ღონისძიება მათაც გააშუქეს, შესაბამისად, ბიძინა-ვამპირის ფოტოები მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებათა სიახლეების ზოლშიც მოხვდა.

აქციაზე, როგორც ბოლო დროს ხდება, ენმ-სა და ევროპული საქართველოს პოლიტიკოსები „სხვადასხვა ფლანგებზე“ იყვნენ წარმოდგენილი, რომ ერთმანეთთან შეხვედრა თავიდან აერიდებინათ: კინოთეატრ „რუსთაველის“ წინამდებარე ტერიტორია „ევროპულმა საქართველომ“ „დაიპყრო“ და ირგვლივაც აქტივისტები შემოიკრიბა, ხოლო პირველი გიმნაზიის მხარეს ენმ-სა და „ახალი საქართველოს“, ანუ გიორგი ვაშაძის „სასტავი“ დომინირებდა.

ხალხში არც ერთი მხარე შერეულა და არც მეორე _ იდგნენ ასე, გამორჩეულ ადგილზე და, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ჟურნალისტებს (ტელეჟურნალისტებს, პირველ რიგში) ადვილად ეპოვათ და ჩაეწერათ, რასაც ჩემი კოლეგები დაუღალავად აკეთებდნენ კიდეც.

რაც შეეხება აქცია-კონცერტს, იქ მაინც გაისმა პოლიტიკური შინაარსის განცხადებები, ჯერ ზაალ უდუმაშვილის, შემდეგ კი გიორგი გაბუნიასა და მიშა მშვილდაძის მხრიდან.

რასაკვირველია, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს, თავდაპირველად, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ და „რუსთავი 2“-ის ტელესახემ, ზაალ უდუმაშვილმა მიმართა და უთხრა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მათი დამსახურებაა.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა „რუსთავი 2“-ის გუნდს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს, რომლებმაც, მისი თქმით, ამ დღეებში „ყველა უთანხმოება გვერდზე გადადეს და გაერთიანდნენ“. „ევროსასამართლომ ამ დავას სახელი დაარქვა და თქვა, რომ ეს არის დავა, დიახ, ორ სუბიექტს შორის, ოღონდ, ეს ორი სუბიექტი არის „რუსთავი 2“ და ხელისუფლება. ერთმა ევროპელმა მოსამართლემ ხელიდან გამოგლიჯა „რუსთავი 2“ ბიძინა ივანიშვილს“, _ აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

სხვათა შორის, უდუმაშვილი ამ აქციის მნიშვნელობაზე ერთი დღით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყოფილ თუ მოქმედ ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც საუბრობდა:

„სტრასბურგის გადაწყვეტილებამ საშუალება მოგვცა, გარკვეულწილად, ამოგვესუნთქა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ, საბოლოოდ, ომი მოგებულია, ჯერ ყველაფერი წინ არის. აუცილებელია ამ აქციაზე მოსვლა, რათა კიდევ ერთხელ ძალიან ხმამაღლა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება“, _ თქვა მან და მისი ეს პოზიცია იქ შეკრებილებმაც დაადასტურეს. მაგალითად, გიორგი თარგამაძემ, რომელიც სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელია: „პირველ რიგში, იმიტომ უნდა შევიკრიბოთ, რომ ჯერ არც არაფერი დამთავრებულა და არც არაფრის გარანტია არ შექმნილა“.

„რა უნდა გააკეთოს, როცა მას ებრძვის ძლიერი მოწინააღმდეგე, აწყობილი მანქანა, როცა მოწინააღმდეგეს აქვს ძალიან ბევრი ფული და შეუძლია, იყიდოს ყველა და ყველაფერი, რაც მოუნდება, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს პირველი გამარჯვების პრეცედენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, საბოლოო გამარჯვებამდე!“ _ ეს სიტყვები კი უკვე მიშა მშვილდაძეს ეკუთვნის, რომელიც, სხვათა შორის, იმ 90-იანების დასაწყიში არსებული მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო…

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, აქცია-კონცერტი შედგა და ისიც სიმბოლური იყო, რომ სანამ ქართულ სიმღერებზე გადავიდოდნენ, მისმა მონაწილეებმა ცნობილი We Are the Champions შეასრულეს, სცენაზე აღმართულ მონიტორზე კი ტრიალებდა გრაფიკული გამოსახულება „რუსთავი 2-ის“ ლოგოთი და წარწერით: „დაბადებული გამარჯვებისთვის!“

 

ლაშა ბერულავა