„შევარდნაძის დროსაც კი ვერ გაბედეს ეს ქაჯობა, რასაც ესენი ახლა აკეთებენ“

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, ბატონ რომან გოცირიძეს:

_ მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობისგან“ მეტ აქტიურობას ელიან. ამ მიმართულებით სოცქსელებში ხშირად გაისმის საყვედურები. ბევრი ელოდა, რომ ყრილობის შემდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყებოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, საკმარისად აქტიურობს „ნაციონალური მოძრაობა“? თავიდან საუბარი იყო, თითქოს, პარტიის შიგნით სიტუაცია ლაგდებოდა. არ გეჩვენებათ, რომ ეს პროცესი ცოტა გაიწელა?

_ პარტია იმდენად აქტიურობს პარლამენტში, ვერც იგრძნობს ვერავინ, რომ მხოლოდ 6 კაცითაა წარმოდგენილი. პარტიაში აქტიური მუშაობა მიდის როგორც არჩევნებისთვის მზადების, ისე პარტიის ეტაპობრივად განახლების მიმართულებით. ახლა მთელი ჩვენი ენერგია, რესურსი მიმართულია საარჩევნო პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასაწყებად. უმეტესობა შერჩეული გვყავს და ყველგან დავასახელებთ მერობის კანდიდატებს, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატებს. ჩვენ პირველი ვიქნებით, ვინც ოფიციალურად  გამოაცხადებს საარჩევნო კამპანიას.

_ როდესაც პარტიიდან ჯგუფი წავიდა, რომელიც ღიად უარყოფდა ქუჩის აქციებს, როგორც ბრძოლის ფორმას, მხარდამჭერებში მოლოდინი გაჩნდა, რომ ქუჩის აქციები დაიწყებოდა. რატომ არ დაიწყო პერმანენტული აქციები, რა არის ამის მიზეზი? მუხტის ან რესურსის არარესებობა, თუ იგივე ბათუმის პროვოკაციამ დააკომპლექსა პარტია, რომ აქციებზე რამე პროვოკაცია არ მოხდეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაბრალდეს?

_ ჩვენ ყოველთვის იმ ფორმით ვრეაგირებთ, რა ფორმითაც საჭიროებს ესა თუ ის პრობლემა _ იქნება ეს პარლამენტში, მედიასივრცეში გამოსვლებით თუ ქუჩაში აქციებით. უამრავი დიდი თუ პატარა აქცია გავმართეთ, მაგრამ არ ვატარებთ აქციას აქციისთვის და ვერც თითიდან გამოწოვილ აქციებს მოვაწყობთ. ქუჩაში გამოსვლა ყოველთვის პრობლემის მოგვარების უკიდურესი ფორმაა, რომელსაც მაშინ მიმართავ, როდესაც ვერ შეძლებ რაღაც პრობლემის გადაჭრას, ან ხელისუფლების დარწმუნებას პოლიტიკური ხერხით, პარლამენტიდან, ტელევიზიიდან მიმართვით. იგივე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით ძალოვანი მინისტრების გადადგომას ვითხოვთ, მათთან ერთად იმ მინისტრისაც, განათლების მინისტრს ვგულისხმობ, რომელმაც დეზინფორმაცია გაავრცელა. ხომ აღმოჩნდა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად მცდარი იყო და დღეს ყველა აღიარებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გატაცებულია?! თუ მთავრობა არ აჩვენებს, რომ დაინტერესებულია ამ საქმის გამოძიებით, შეიძლება მთავრობის გადადგომაც მოვითხოვოთ და აქციებიც გავმართოთ ჩვენი პარტიული რესურსებით და შეიძლება, რაიონებიდანაც ჩამოვიყვანოთ ხალხი. ჩვენ გვყავს ათეულ ათასობით წევრი და კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი. ჩვენთვის არასოდეს არაა პრობლემა ხალხის გამოყვანა, მაგრამ ამ გამოსვლას შედეგი უნდა მოჰყვეს. დღეს, როდესაც  ხელისუფლება უზურპირებულია და ერთი კონკრეტული ჯგუფის ხელშია, შედეგის მისაღწევად მხოლოდ საკუთარი ძალები არ კმარა და საჭიროა საერთაშორისო აზრის მობილიზება, მუშაობა ელჩებთან, საერთაშორისო სტრუქტურებთან, სახელმწიფოებთან. მხოლოდ ქუჩის აქციებით რაიმე შედეგის მიღწევა შეუძლებელია, ჩვენ ვიყენებთ კომბინირებულ საშუალებებს მიზნის მისაღწევად. გამოცდილი და ძლიერია ის პარტია, რომელიც კომპლექსური მიდგომით იბრძვის პრობლემის გადასაჭრელად და ყველა რესურსს იყენებს.

_ ქუჩის აქციები უკიდურესი ფორმაა, მაგრამ ამ კომპლექსური მიდგომის შედეგიც რომ არ ჩანს?

_ შედეგი რა უნდა იყოს? ივანიშვილი ადგება, ჩაჯდება თვითმფრინავში და საფრანგეთში გაიქცევა? შედეგი ისაა, რომ ხელისუფლება ხანდახან იძულებული ხდება, ანგარიში გაუწიოს ოპოზიციას, საზოგადოებას. ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივა გვქონდა, რომ მომხდარიყო გადასახადებისგან თავის არიდების დეკრიმინალიზაცია. ჩვენი კანონმდებლობით, ვინც გადასახადების გადახდას თავს არიდებს 50 ათას ლარს ზემოთ, იჭერენ და 3-დან 5 წლამდე ციხეში სვამენ. რამდენიმე თვით, 1 ან 2 წლით კი არა, 3-დან 5 წლამდე! 100 ათასი ლარი კი განსაკუთრებით დიდ ოდენობადაა მიჩნეული და თუ 100 000-ზე მეტი დამალე, 5-დან 8 წლამდე გაპატიმრებენ. ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. აშშ-ში 80 მილიონ დოლარიანი დარღვევისთვის სასჯელი 6,5-წლიანი პატიმრობაა. ჩვენ გვინდოდა, ეს კანონი უფრო ჰუმანური გამხდარიყო _ 50-ათასლარიანი ზღვარი აწეულიყო ნახევარ მილიონამდე. ჩვენი ეს ინიციატივა პარლამენტის სამივე კომიტეტმა ჩააგდო, მაგრამ ეს საკითხი იმდენად აქტუალური იყო, რომ მთავრობა იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ოპოზიციისთვის, საზოგადოებისთვის და 2 კვირის შემდეგ თავად შემოიტანა ინიციატივა. ჩვენ დაგვიწუნეს, ჩაგვიგდეს და მერე თვითონ შემოიტანეს. მართალია, მათ ნახევარი მილიონის ნაცვლად ზღვარი 100 ათას ლარამდე აწიეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, მთავრობაზე მაინც მოქმედებს ოპოზიციის კრიტიკა და საზოგადოების აზრი. თუ ხელიუფლება ხედავს, რომ საზოგადოებაში რაღაც იდეა მომწიფდა და მისი არშესრულება მათთვის პოლიტიკურად წამგებიანია,  ოპოზიციის ზეწოლას ემორჩილება, მაგრამ არ ემორჩილება მაშინ, როდესაც დიდი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესია. მაგალითად, ვერაფრით  მივაღწიეთ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების  გასაჯაროებას. როგორც ჩანს, დიდი ფინანსური ინტერესია. ასევეა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაზეც. რაღაცას ამბობენ, რომ თითქოს ეს ორი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეობს,  ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ ეს 2 ქვეყნის მეგობრობისთვის გაღებული ხარკია და ვითომ უკავშირდება გაზს, ენერგეტიკას და ა. შ. ეს ყველაფერი არის სისულელე! აქ, ერთი მხრივ, არის უსუსური ხელისუფლება და, მეორე მხრივ, მათი პირადი, როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული ბიზნესინტერესები. თუ ფართო საზოგადოება პრობლემებს არ გააცნობიერებს, ერთი პარტია ამას აქციებითა და მიტინგებით ვერ გადაჭრის. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება, ჯერჯერობით, კვლავ ახერხებს მოსახლეობის დიდ ნაწილზე მანიპულირებას. ახერეხებს იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, მათ ხელშია მთელი ტელე თუ ბეჭდური მედია. რომ არა „რუსთავი 2“, ან თქვენი გაზეთი, ხალხს არც ეცოდინებოდა, როგორ იძარცვება მათივე  ქონება, როგორ იპარავენ ფულს ბიუჯეტიდან. წინა წელთან შედარებით, ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონით გაზარდეს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი ვალებით ხდება.  „ოცნების“ პირობებში ქვეყნის საშინაო ვალი 2 მილიარდი ლარით გაიზარდა. ამ მილიარდებს ფინანსთა სამინისტრო მაღალ პროცენტში სესხულობს ჩვენი კომერციული ბანკებისგან და შემდეგ უბრუნებს. ამ ბანკებს, მარტო პროცენტის სახით, ყოველწლიურად, 150 მილიონ ლარს უხდის.  ამ ნასესხებ ფულს ეს მთავრობა ფლანგავს ბიუროკრატიის გასაზრდელად, ნათესავების, მეგობრებისა და პარტიული ამხანაგების დასასაქმებლად. ასევე მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა ქვეყნის საგარეო ვალი. პროცენტიც უნდა ვიხადოთ, თვითონ ეს ვალებიც უნდა დავფაროთ  ჩვენი ჯიბიდან, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იფარება. როგორც განმარტეს, ეს ვალი გზების მშენებლობისთვის აიღეს, 4 წელიწადში უნდათ 50 გვირაბისა და 1000 კმ ავტობანის აშენება. მარტო მიმდინარე წელს 1,2 მილიარდი უნდა დაიხარჯოს გზების, ხიდებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. ამ ფულიდან დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ფირმების ჯიბეში მიდის, იმიტომ რომ ეს კომპანიები, რომლებიც გზებს აშენებენ, მათი, ან მათთან დაახლოებული პირების კომპანიებია. ამიტომაც ახორციელებენ ასეთი მონდომებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეალურად კი საკუთარ ფირმებს აფინანსებენ. ბიუჯეტი  მილიარდ 100 მილიონით გაზარდეს და ამ თანხიდან კაპიკიც არ გაიმეტეს პენსიონრებისთვის. ჩვენ ვითხოვდით პენსიების 50 ლარით გაზრდას, რისთვისაც, დაახლოებით, 350 მილიონი იყო საჭირო, მაგრამ არათუ ეს არ გაითვალისწინეს, 10 ლარითაც არ მოუმატეს პენსია. 800 ათასი პენსიონერი შიმშილისთვის გაწირეს, მაგრამ ამ პენსიონრების 10% რომ მაინც გამოსულიყო ქუჩაში, მთავრობას კანკალი აუვარდებოდა და იძულებული გახდებოდა, რომ მოემატებინა. ხელისუფლება საზოგადოებაზე მანიპულირებას ახერხებს და ამიტომაც ცდილობს იმ ერთეული საინფორმაციო არხების ჩაქოლვას, საიდანაც ხალხს სიმართლე მიეწოდება. და თუ საზოგადოებას სიმართლე არ მიეწოდება, ბუნებრივია, რომ მთელი საზოგადოება შეეგუება არსებულ ვითარებას და უკმაყოფილებაც მხოლოდ ვიწრო წრეებშიღა გამომჟღავნდება _ ოჯახში, სამეზობლოში, სამეგობროში.

_ „ფეისბუკი“? სოცქსელები,  გარკვეულწილად, მაინც ცვლის სურათს.

_ კი, სურათს ცვლის „ფეისბუკი“, მაგრამ მთელ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება. ამ 2 წლის წინათ ამბობდნენ, რომ მთელ საქართველოში უნდა განხორციელებულიყო ინტერნეტიზაცია, ყველა სოფელში უნდა შეეყვანათ ინტერნეტი და ას მილიონზე მეტი უნდა დახარჯულიყო, დღეს საერთოდ არ არის დაწყებული ეს პროცესი.

_ შეგნებულად ხომ არა ბატონო რომან, რომ შემდეგ რეალურად არ შეეცვალა სურათი?

_ არა მგონია. ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია, ცხადია, შეცვლის სურათს და მათ პრობლემებსაც შეუქმნის, მაგრამ ვეჭვობ, ამ ხელისუფლებაში ვინმე ამას აცნობიერებდეს. ამ ხელისუფლებაში ვერ ვხედავ ადამიანებს, რომელთაც რაღაც სტრაგეგიული აზროვნება შეუძლიათ.

_ სამაგიეროდ, „ლუბიანკაზე“ სხედან კარგი სტრატეგები, ბატონო რომან…

_ ეს მე არ ვიცი… ყოველ შემთხვევაში, არ მიყვარს შეთქმულების თეორიებით მსჯელობა.

ძალიან დაბალი წარმოდგენა მაქვს ხელისუფლებაში დღეს მყოფ ადამიანებზე. ისინი მთავრობაში რომ არ იყვნენ, საერთოდ უჩინარები იქნებოდნენ. საიდანღაც მოვიდნენ, არ გააჩნიათ არც პოლიტიკური, არც ცხოვრებისეული გამოცდილება. როგორც რუსები იტყვიან, კატები არიან ტომარაში, გახსნი და კატის ნაცვლად შეიძლება თხა ამოვიდეს, ან გოჭი. შოკოლადის კვერცხი რომაა, „ქინდერ სიურპრიზი“, რომ არ იცი, რა სათამაშო ამოვა ზუსტად ეგ შემთხვევაა. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რა ამოვიდოდა და ამოვიდა რა? _ „ქართუს“ საშუალო დონის ადამიანები. თან „ქართუ“ არ იყო და არაა არც „თიბისი ბანკი“, არც „საქართველოს ბანკი“, სადაც 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს და 10 ათასიდან, როგორღაც, ამოარჩევ 10 მოხელეს. „ქართუ“ერთი პატარა ბანკი იყო, რომელსაც ერთადერთი ფილიალი ჰქონდა ვაკეში და რა ადამიანური რესურსი უნდა ყოფილიყო? ამიტომაც მოედო მთელ მმართველობას საშუალო გაქანების, ყოველგვარი პოლიტიკურ წარსულის არქმონე ხალხი. ასეთები ინიშნებიან, იცვლებიან და იკარგებიან უგზო-უკვლოდ. არც მახსოვს, ვინ იყო ინფრასტრუქტურის წინა მინისტრი. უბრალოდ, იყვნენ, გაიელვეს, წავიდნენ. ასევე დღეს ვინც სხედან მინისტრებად, როგორც კი მოხსნიან, ერთ თვეში ვერც ერთი ადამიანი მათ გვარებს ვერ გაიხსენებს.

_ აბა, რას ამბობთ, ჯეჯელავას ასე უცებ დაივიწყებს ერი?

_ ზოგიერთი შეიძლება დარჩეს კომიკურ პერსონაჟად: ჯეჯელავაზე კომბლე გაგვახსენდება, ან ხუთკუნჭულა. ყველა მთავრობას ჰყავს სანიტრები, მწმენდავები, რომლებიც სიამოვნებით ჰყოფენ ცხვირს, ხელს  სიბინძურეში და მონდომებით „აპრავებენ“ მთავრობის მიერ ჩასვრილ საქმეებს, კარგად ირგებენ, შედიან როლში. ახლა ბატონი ჯეჯელავა იმ სტადიაშია შესული, როდესაც მას ჟურნალისტები დასდევენ და თვითკმაყოფილია. ვერ ხვდება, რომ ეს ცუდია. არ მგონია, ან ეგ გაახსენდეს ვინმეს,  შეიძლება, ისევ კალაძე დაამახსოვრდეთ, იმიტომ რომ მე, მაგალითად, ღამეები მითენებია მილანის თამაშებზე კალაძის გამო, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მართოს მან თბილისი.

_ როგორ ვერ მართავს? ვერ გაიგეთ? _ სტკივა თბილისი.

_ ეს ყალბი ლოზუნგია საბჭოურ სტილში: მე გული მტკივა, თბილისი მტკივა, სული ყივის და ა. შ. ეს არაგულწრფელი მესიჯების ნაწილია, მაგრამ მესიჯებს დავანებოთ თავი. თქვენ შეგიძლიათ, დამისახელოთ ვინმე, ვისაც შეუძლია რაიმეს დაგეგმვა უსაფრთხოების მიმართულებით, ვინც ამ სეფეროშია? ან ეკონომიკაში?  გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ ვიცი, დაახლოებით, ხუთი მინისტრის გვარი. არ მინდა ჩამოვთვალო, რომც მინდოდეს, ვერ ჩამოვთვლი, _ უბრალოდ, არ ვიცი. როდესაც ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ყველაზე დიდი რესურსი და სიმდიდრე ადამიანია. პარლამენტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს,  ნოტარიუსადაა ქცეული, რასაც ზემოდან ჩამოსძახებენ, იმას ამტკიცებენ. რაც არ უნდა როტაცია მოხდეს პარლამენტში, რა აზრი ექნება? ახლა, მაგალითად, აუდიტის სამსახურის უფროსის კანდიდატურა უნდა განიხილონ. მისი შერჩევა და დამტკიცება პარლამენტის პრეროგატივაა, მაგრამ ვინ ეკითხება პარლამენტს, ვინ იქნება საქართველოში აუდიტის სამსახურის უფროსი? როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, ისე იქნება _ დაიბარებს თავისთან პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს, ეტყვის: „ეს უნდა იყოს!“ და დამთავრდა. შეიძლება, ძალიანაც არ უნდოდეთ იმის დანიშვნა, მაგრამ მოუწევთ. დღევანდელი კრიზისის მიზეზი ქვეყანაში არსებული ოლიგარქიულ-არაფორმალური მმართველობაა. ქვეყანაში ყველაფერი ვითომაა, ხელისუფლებაში ვითომ არსებობს პოლიტიკური გუნდი, ვითომ ხალხი ირჩევს პარლამენტს და პარლამენტი აყალიბებს მთავრობას, სინამდვილეში კი პარლამენტს არავინ ეკითხება, ვინ იქნება მინისტრი, ან პრემიერ-მინისტრი, პარლამენტში არავინ იცის, როდის მოხსნიან პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრისა და ნებისმიერი მინისტრის, მათი მოადგილეების, ნებისმიერი კადრის დანიშვნა და მოხსნა შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, თვითონ დეპუტატების სიაში ჩასმა და ამოღება შეუძლია მხოლოდ ივანიშვილს. ამიტომაც უჭირთ და ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, ეშინიათ ახალი იდეების, რადგან მარცხის შემთხვევაში ივანიშვილი მათ მოსთხოვს პასუხს. და თუ მათი იდეები აღმოჩდება, რომ არ შეესაბამება ივანიშვილის ინტერესებს, მკაცრად დაისჯებიან. ამიტომაც უფრთხიან ყოველგვარ სიახლეს და ინიციატივას. თუკი რამე კეთდება, ყველა წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტის გაგრძელებაა. ამაყობენ, რომ ავტობანებს აკეთებენ, არადა, ავტობანები კეთდებოდა და გააგრძელეს; ამაყობენ, რომ სასტუმროებს აშენებენ. კი ბატონო, რუსთაველზე ცათამბჯენი აშენდა, ოღონდ, წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული. რაზეც კი ამბობენ, რომ მათ გააკეთეს, ყველაფერი ძველი იდეების, ან ადრე დაწყებული საქმეების გაგრძელებაა. ამ ხელისუფლების პრობლემა სწორედ ეგაა, რომ არავითარი ცოცხალი, ახალი ხედვა არ გააჩნია. ვერ დაასახელებენ ვერც ერთ მოსაწონ იდეას, რომელიც ხელისუფლებაში მათი ყოფნის პირობებში გაჩნდა. საქართველო, რომელიც ევროპული ყაიდის ქვეყანა იყო, რომელმაც დაამარცხა კორუფცია, დანერგა ახალი ტიპის რეფორმები და მთელ მსოფლიოში თითით საჩვენებელი გახდა, როგორც ნოვატორი ქვეყანა, დღეს, ნელ-ნელა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ემსგავსება. დიდად ამაყობენ, ტურიზმი იზრდებაო. 2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ქვეყანაში შემოდიოდა 340 ათასი ტურისტი, ტურისტი ერქვათ, თორემ ვიზიტორები იყვნენ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, საქმეზე შემოდიოდნენ და გადიოდნენ. დღეს  შემოდის 6,3 მილიონი ტურისტი, საქართველო გახდა ქვეყანა, სადაც ტურისტი უფრო მეტია, ვიდრე მოსახლეობა. ასეთი  მსოფლიოში სულ 30-მდე ქვეყანაა, საქართველო მალე შევა იმ ოცეულში, სადაც ტურისტი სამჯერ მეტია, ვიდრე მისი მოსახლეობა. და ამით ამაყობენ, მაგრამ ესეც ხომ იმ ძველი ინერციის გაგრძელებაა.

_ ან ვის აშენებულს ათვალიერებენ ის ჩამოსულები?

_ ან რომ არ მოწესრიგებულიყო ინფრასტრუქტურა, არ აღკვეთილიყო კრიმინალი, როდესაც ადამიანებს ქურდავდნენ, აყაჩაღებდნენ, მანქანებს პარავდნენ, ჩამოვიდოდა ვინმე? ამ ყველაფერს სჭირდება გაგრძელება, ესენი გაგრძელების ნაცვლად, გაფუჭებით არიან დაკავებული. შემოიტანეს უამრავი მარეგულირებელი ნორმები, შეზღუდვები, ათასი ლიცენზია, ათასი ნებართვა, ნელ-ნელა ვუბრუნდებით ძველ, შევარდნაძის პერიოდს, როდესაც რაღაც საქმის ეკთების ბერკეტად მიაჩნიათ ახალი სახელმწიფო უწყების შექმნა. რაც არ უნდა დააბრალო „ნაციონალურ მოძრაობას“, ვერ წაართმევ ორ რამეს: იცოდნენ საქმის კეთებაც და ყველა სფეროში _ ძალოვნებში, ეკონომიკურ გუნდში თუ საგრეო მიმართულებაში იყო დიდი კონკურენცია, იყო უამრავი გამოცდილი კადრი და უამრავი გამოჩდა კიდეც ასპარეზზე კონკურსების გზით. კადრების შერჩევის პრინციპი დღეს აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე იყო მაშინ, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაიბადა როგორც პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე. დღეს მოქმედებს „ქართული ტრადიციული“ „ხელი-ხელს  ჰბანს პრინციპი“ _ ხალხი აჰყავთ „ქართუ ჯგუფიდან“, სანათესავოდან, სამეგობროდან, თან აჰყავთ  შევარდნაძისროინდელი კადრები, ცუდი წარსულისა და გამოცდილების მქონე კადრები. ეს თაობა, 2 მოწვევის პარლამენტი, ისე გაქრება, რომ შეიძლება,  ყველაზე მეტი, 2 ან 3  პოლიტიკოსი შობოს. არადა, ზოგიერთი, რომელიც დღეს პარლამენტშია, იმ ხელისუფლების დროს, ცოცხალ გარემოში მოქცევის შემთხვევაში, შეიძლებოდა მართლაც ქცეულიყვნენ პოლიტიკოსებად, მაგრამ ეს სისტემაა ასეთი, ესაა არაფორმალურ-ოლიგარქიული სისტემა, სადაც თვითინიციატივა სრულიად გამორიცხულია და ადამიანს არავითარი სურვილი არ აქვს გაიზარდოს და შიდაკონკურენციით ვიღაცას აჯობოს, ოღონდ საჯარო პოლიტიკით და არა ივანიშვილთან მიცუცქებით.

_ ეს ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ არაფერს აკეთებს, არაერთ მავნებლობას სჩადის. ახლა ხსნიან ყოველგვარ რეკორდს, ვგულისხმობ მიწების გაყიდვის აკრძალვას უცხოელებზე. თვისობრივად, ეს რა პროცესია?

_ დავწერე პოსტი: „ქვეყნის პროფილი“, სადაც ვწერდი, რომ თუ გინდა შეიცნო ქვეყნის სახე, სამ რამეს უნდა დააკვირდე: 1. არის თუ არა მიწა თავისუფალ ბრუნვაში; 2. ხდება თუ არა უმცირესობების დისკრიმინაცია (მათ შორის, სექსუალურ ნიადაგზე); 3. თანაბარ მდგომარეობაშია თუ არა რელიგიური კონფესიები. ვწერდი, თუ ამ სამზე წარმოდგენა გაქვს, დანარჩენი დეტალებია. ამ პოსტმა იშვიათად ცოტა „ლაიკი“ მიიღო, იმიტომ რომ რაც მე დავწერე, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია. ბნელი საზოგადოების დამახასიათებელია, რომელიც შეპყრობილია ფობიებით და ამ შიშებს მთავრობა ქმნის. ამ 25 წლის მანძილზე რანაირი მთავრობა არ იყო საქართველოში:  ღირსეული, უღირსი, ბნელი, მოძალადე, გადატრიალებით მოსული, მაგრამ ვერავინ ამ 25 წლის გნმავლობაში ვერ გაბედა ის, რაც გაბედა ამ მთავრობამ! პირველი, ვინც მიწის გაყიდვაზე შეზღუდვა მოითხოვა, ეს იყო კიტოვანი. უსაფრთხოების გამო მოითხოვა, 18 კილომეტრიანი ზოლი შექმნილიყო საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე და არ ჩართულიყო მიწის ეს ნაწილი პრივატიზაციის პროცესში. ამანაც კი  დიდხანს ვერ გაძლო, შევარდნაძის დროსაც კი ვერ გაბედეს ეს ქაჯობა, რასაც ესენი ახლა აკეთებენ.

_ რას მოიტანს ეს აკრძალვა?

_ სიღატაკეს. საქართველოში, სოფლის მეურნეობაში (და არა მარტო სოფლის მეურნეობაში) ადამიანები განწირულნი არიან სიღატაკისთვის. ეს გამოიწვევს მიწის გაუფასურებას. მით  უფრო ძვირია მიწა და ნებისმიერი საონელი, რაც უფრო მეტი მყიდველი ჰყავს მას. საქართველოში მიწის მყიდველი ცოტაა და იაფი ეღირება.  მსოფლიო ბანკის გამოკვლევით, 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 37% ღარიბი იყო, 32% კი _ უკიდურესად ღარიბი, ანუ ღატაკი, ქვეყნის მოსახლეობის 69% _ ღარიბ-ღატაკი იყო, დანარჩენი 24% _ არ იყო ღარიბი, შედარებით მეტი შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ წკიპზე იყვნენ და საკმარისი იყო, პატარა რყევა და ღარიბთა შორის აღმოჩნდებოდნენ. ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ 7% შეადგენდა საშუალო ფენას. ასეთი სურათი იყო 2014 წელს, მას შემდეგ კი, ლარის გაუფასურების, ინფლაციის გამო, სურათი უფრო დამძიმდა. ღარიბ-ღატაკი ხალხი, რომელიც საკვებს, მედიკამენტს ვერ ყიდულობს, რანაირად იყიდის მიწას? მიწის ყიდვა რეალურად მხოლოდ იმ 7%-ს შეუძლია, მაგრამ ამ 7%-დან ყველას არ ენდომება მიწა, ყველას სხვადასხვა ბიზნესი აქვს და მიწა არ სჭირდება და თუ მოინდომეს, განჩდებიან ადგილობრივი ფეოდალები, რომლებიც ჩალის ფასად ჩაიგდებენ მიწებს ხელში. როდესაც კონკურენცია იზღუდება და მდიდარი მყიდველი რჩება თამაშგარე მდგომარეობაში, საქონლის ფასი ეცემა. ეს გაიაფებული მიწა აღარ დასჭირდება არც ერთ ბანკს არც გირაოში ჩასადებად და არც სამეურნეო-ფინანსურ ბრუნვაში მოსაქცევად. არ არსებობს ქვეყანა, სადაც მიწის ყიდვა-გაყიდვა თავისუფალი იყოს და ამ ქვეყანას რაიმე პრობლემა შექმნოდეს ან უსაფრთხოების, ან ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრსით; ან ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების თვალსაზრსით.

_ ზურგზე ხომ არავინ მოიკიდებს და წაიღებს ტომრებით?

_ უცხოურმა კომპანიებმა უამრავი ვენახი გააშენეს საქართველოში. იტალიურმა კომპანია „ბადაგონმა“ვენახები გააშენა, საქართველოს მოქალაქეები დაასაქმა, გადასახადებს იხდის, ექსპორტზე გაიტანა და გაყიდა 50 მილიონზე მეტი ბოთლი, რა დაუშავდა ამით საქართველოს? საქართველოდან გადის 197 მილიონი დოლარის თხილი. თხილი არის მეორე საექსპორტო საქონელი, მხოლოდ ოქროსა და სპილენძის მადნების გატანა უსწრებს. თხილი უსწრებს ფეროშენადნობებს, აზოტოვან სასუქებს, ღვინოს ხომ უსწრებს და უსწრებს. ეს ხდება იმიტომ, რომ უცხოურმა კომპანიებმა თხილის პლანტაციები გააშენეს, ხალხი დაასაქმეს. მაგალითად, იტალიურმა კომპანია „ფერერომ“ ათასობით ჰა-ზე გააშენა თხილის პლანტაციები, ამ ათასობით ჰა-ს იტალიაში წაიღებს? ან იტალიელები ჩამოასახლა და სახლები წამოჭიმეს თუ რა? რა დაშავდა, თუ არ გაკეთდა? კი, კანონს უკუქმედების ძალა არ ექნება და მათ ამ მიწებს ვერავინ წაართმევს, მაგრამ გაყიდვა რომ მოინდომონ, ვის უნდა მიჰყიდონ? უცხოელი ვეღარ იყიდის, უნდა იყიდოს ქართველმა და სად აქვს ქართველს მაგდენი ფული? ან კაპიკებად უნდა გაყიდოს, ან სამუდამოდ უნდა მიეჯაჭვოს ეს იტალიური კომპანია სამეგრელოს მიწას. ის ვერ გაიტანს  ლონდონის ბირჟაზე აქციებს და ვერ მიჰყიდის ამერიკელს, ფრანგს, ინდოელს. ანუ ზღუდავ მას და აიძულებ, რომ ქართულ საფონდო ბირჟაზე გამოიტანოს. გარდა ამისა, რაც კი საქართველოში ბანკებია, ყველგან საკონტროლო პაკეტი უცხოელებისაა, წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი ბანკიდან სესხს გამოიტანს და მიწას ჩადებს და ვერ გადაიხდის, მიწა ბანკმა უნდა დაისაკუთროს, მაგრამ ვერ დაისაკუთრებს, რადგან უცხოური კომპანიაა.

_ ეს დამთავრდება იმით, რომ მიწას არც ერთი ბანკი აღარ ჩაიდებს.

_ ცხადია. შემდეგ ამას რომ შეეჯახებიან, რა თქმა უნდა, მიიღებენ რაღაც კანონს, რაღაც გამონაკლისებს ჩადებენ,  გაჩნდება შემოვლითი გზები და კაცმა არ იცის, რას გააკეთებენ. გარდა ამისა, საქართველოდან უამრავი ქართველია წასული საზღვარგარეთ სამუშაოდ. ბევრი მათგანი უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ეს ხალხი კარგი ცხოვრების გამო არ წასულა აქედან, ოჯახების გადასარჩენად წავიდა და ასეც ხდება, ლარის გაუფასურებამდე მათგან ქვეყანაში მილიარდ ნახევარი შემოდიოდა, რაც უფრო მეტი იყო, ვიდრე  ინვესტიცია, ვიდრე ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, უფრო მეტი იყო, ვიდრე საქართველოს მთელ სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქცია.  მილიარდ ნახევარს აგზავნიდნენ, დაეცა ძალიან და ახლა ისევ იმატებს, 1,3  მილიარდია. ეს ხალხი თავისი ნებით არ წასულა, შავმა დღემ წაიყვანა აქედან და ბევრმა მათგანმა, რომ წასულიყო, მიწები გაყიდა. დღეს ეს ადამიანები, როგორც უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ვეღარც იყიდიან მიწას  მშობლიურ ქვეყანაში. აიბურდება სიტუაცია,  რაც მთავარია, ამით საქართველოს სოფლის მეურნეობა განწირულია  სამუდამო კრახისთვის. აბსოლუტურად უპერსპექტივოდ რჩება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება. 25 წელია, ამ ქვეყანაში მიწა თავისუფლად იყიდება, თუ ვინმე ასე მოწადინებულია ქართული მიწების ხელში ჩასაგდებად, რატომ არ გაიყიდა? თქვენ გგონიათ, რომ ბევრს აქვს ნაყიდი, ან ბევრია გაყიდული? არაა ასე, იმიტომ, რომ არაა მომგებიანი, მიწები დაქუცმაცებულია და არაა მათთვის ხელსაყრელი,  მხოლოდ და მხოლოდ, ყიდულობენ დიდ ფართობებს, სადაც შეიძლება გაშენდეს პლანტაციები, დაინერგოს ეფექტიანი წარმოება. რეალურად, ამ ჩვენს მიწებს არც არავინ ეტანება, უბრალოდ, ხდება კურიოზებიც: ჩამოვიდა პაკისტანელი და სადღაც იყიდა მიწის ნაკვეთი, ტელევიზორში გამოჩნდა ჩალმიანი კაცი და ატყდა ამბავი. ესაა ფობია, უსაფუძვლო შიში, უცებ მთელმა საქართველომ წარმოიდგინა, რომ საქართველოს ყველა სოფელში გამოჩნდებიან ჩალმიანი ადამიანები, დასახლდებიან და ქართველობას წაგვართმევენ. ამათ გრძნობებზე თამაშობენ ბნელი პარტიები, ამაზე მუშაობს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც არის არაინტელექტუალური, არათანამედროვე, ასეთი აზროვნებით მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებაა, სადაც აქვთ უამრავი მიწა  და ხალხი იხოცება შიმშილითა და ალკოჰოლიზმით. მოსკოვს თუ გასცდებით, რუსეთის სიღრმეებში, რომელსაც „გლუბინკას“ ეძახიან, სწორედ ეს ხდება, დაუმუშავებელია უამრავი მიწა, რადგან არ შედის ინდუსტრია.

მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის პირდაპირი გაგრძელება საქართველოს წინააღმდეგ. მიმდინარეობს ომი შემოვლითი ფორმით: პატრიოტულ გრძნობებზე თამაშით. პრორუსული  პარტიები პატრიოტულ ნიღბებს ირგებენ და სწორედ რუსული პოლიტიკის მთავარი პოსტულატები შემოაქვთ ქართულ პოლიტიკაში. დღევანდელი ხელისუფლებისთვის ეს ძალიან ახლობელი და ორგანულია, რადგან იმყოფებიან ჩამორჩენილი ცნობიერების სტადიაში. იგივე ხდება ქორწინებაზეც _ ის, რაც მშვენივრად რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით, წერენ კონსტიტუციაში. სამოქალაქო კოდექსის ნორმა გადააქვთ კონსტიტუციაში. ეს ნორმა ვინმემ ოდესმე დაარღვია? იურიდიული ტექნიკის თვალსაზრსით, ეს არაფერს იცავს, სამაგიეროდ, მოსახლეობაში ცუდი, გარყვნილი ევროპის ხატს ქმნის და ესეც რუსული ხაზია, რომ ჩვენ არ გვინდა ნატო, ევროკავშირი, ვინაიდან ჩვენ ქართველობას წაგვართმევენ, მიწას წაგვართმევენ, ღირსებას  გვართმევენ. საბოლოო ჯამში, საქართველო იქნება ქვეყანა ღატაკი, მაგრამ ამაყი.

_ ამაყი თუ კუდაბზიკა? კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით უკვე ჩამოვიდა „ვენეციის კომისიის“ დასკვნა…

_ „ვენეციის კომისიამ“ დაადასტურა ყველა ჩვენი პრეტენზიის სამართლიანობა.  ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ დაუშვებელია, უსამართლოა, რომ ბარიერს გარეთ დარჩენილი პარტიების ხმები წაიღოს გამარჯვებულმა პარტიამ. „ვენეციის კომისიამ“ მთლიანად დაადასტურა ჩვენი შიშები, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და რაც მთავარია, ცუდია სტაბილურობისთვის. თუ ქვეყანაში არ არსებობს კონსტიტუციური სტაბილურობა, იწყება უმართავი პროცესები, რომელიც რით დასრულდება, არავინ იცის. ხდება იგივე, რაც მოხდა მდინარე ვერის შემთხვევაში _ უყურებდნენ ლამაზ, ტყიან მთას და ვერავინ ხვდებოდა, როგორ იჟღინთებოდა იგი. ერთი წვიმა საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მომწყდარიყო და წაელეკა ყველაფერი. ჩვენ არ ვიცით, დღეს რამდენად არის საზოგადოება გაჟღენთილი უსამართლობით, ეკონომიკური სიდუხჭირით. ლარის გაუფასურებამ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააყენა ხალხი, უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, შემოსავალი. ქვეყანა გაღატაკდა, აღორძინდა კორუფცია, არის დაუსჯელი ადამიანების კლანი, რომლებსაც აბსოლუტურად ყველაფერი ეპატიებათ, მათ შორის, კონსტიტუციური უფლებამოსილების პირის, აუდიტის სამსახურის უფროსის ცემაც კი. არასდროს დასჯილა ხელისუფლების კლანური გუნდის წევრი, ეს იქნება მოქმედი ხელისუფალი თუ თანამდებობიდან წასული. არასდროს არც ერთი გახმაურებული საქმე არ გამოძიებულა, თუნდაც თარგამაძის აფეთქების საქმე, დეპუტატების ცემის საქმე, დამონტაჟებული ვიდეო მასალების გავრცელების საქმე, წინასაარჩევნოდ  პარტიების დადანაშაულება რევოლუციების ორგანიზებასა და მოსახლეობაში დეზინფორმაციული შიშების შექმნა, თითქოსდა „ნაციონალურ მოძაობას“ ათასობით საბურავი აქვს სადღაც დამალული და ბარიკადებს აწყობენ, ერთ საბურავსაც კი ვერ გადაუღეს ფოტო, რომ ეჩვენებინათ. ყველაფერი ეს ნელ-ნელა გროვდება. ბუნებაში არსებობს რაოდენობრიობის თვისობრიობაში გადასვლის კანონი, ეტაპობრივი დაგროვების კანონი და რაღაცა ისე მოულოდნელად აფეთქდება, რომ ვერც კი გაიგებ, რა მოხდა. ქვეყანაში რომ არ იყოს რევოლუციები და ერთხელ და სამუდამოდ რომ დავამთავროთ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, ამიტომ სწორი საარჩევნო კანონი, სწორი კონსტიტუცია, ობიექტური სასამართლო უნდა იყოს. ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს მხოლოდ არჩევნების გზით, ამისთვის  საჭიროა ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟი. ძალიან მეეჭვება, ივანიშვილმა შეიგნოს, რომ ეს პროცესი სახიფათოა.  ადამიანი იმასაც ვერ ხვდება, რომ ამდენი ხის გადარგვით არათუ ზიანს აყენებს ეკოლოგიას, უკვე კომიკურიც ხდება. ადამიანებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხანდახან დაკარგული აქვთ სიტუაციის ადეკვატურად აღქმის უნარი. მეშინია, არ გამოეპაროთ და არ მივიდნენ დაგროვილის აფეთქების ზღვრამდე. ამიტომ ვიბრძვით ამ კონსტიტუცისთვის ასე კბილებით, რაც ნიშნავს რომ ვიბრძვით ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისათვის.

 

რეზო შატაკიშვილი