ქუჩის პოლიტიკა ბრუნდება

ნადირობის სეზონი ბიძინა ივანიშვილზე გახსნილია. როცა ხელისუფლების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება გაბრაზების სტადიას აღწევს და პოლიტიკური პროცესები ქუჩისკენ მიიწევს, ხელისუფლების დასასრული იწყება. ეს ამბავი ჩვენს ქვეყანაში ბოლო 27 წლის განმავლობაში არაერთხელ გვინახავს და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ისტორიის წრე ბრუნავს, რასაც უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ვნახავთ.

2012 წლიდან მოყოლებული, საზოგადოებამ ახალი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების ყველა ეტაპი განვლო. ნდობიდან უნდობლობამდე გზა ასე გამოიყურება: პირველი სტადიაზე ყველაზე ხშირად ისმის სიტყვა „ვაცალოთ“. ეს „ვაცალოთ“ ერთდროულად ნიშნავს ხელისუფლების მიმართ ნდობის გამოცხადებასაც და იმის იმედსაც, რომ იქნებ, ამჯერად მაინც გვეშველოს რამე. „ქართული ოცნების“ „ვაცალოთ“ დაახლოებით წელიწად-ნახევარი გაგრძელდა და მისი პიკი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო. 63%, რომელიც ყველასთვის უცნობმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო, ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო საარჩევნო შედეგი იყო.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ნდობის ვოტუმმა „ოცნების“ მიმართ დნობა დაიწყო და საზოგადოებრივი განწყობებიც მორიგ სტადიაზე გადავიდა. ამ სტადიას იმედგაცრუების სტადია შეიძლება ვუწოდოთ, როცა მთელი ერი აღმოაჩენს, რომ გადამეტებულმა მოლოდინებმა არ გაამართლა და ეს ხელისუფლებაც სრულებით არ ყოფილა ის „საოცნებო“ ხელისუფლება, რომელზეც ვოცნებობდით. სიტყვა „ვაცალოთ“ ნელ-ნელა იცვლება ფრაზით „ესენიც არაფრის გამკეთებლები არიან“ ან „ყველა ერთი ნაგავია“.
იმედგაცრუების პირველი სერიოზული ნიშანი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები აღმოჩნდა, როცა ორი წლის წინ მოსულმა ხელისუფლებამ არჩევნებზე ამომრჩევლის ხმების ნახევარიც, ანუ 50%-იც კი ვერ მიიღო. მიღებული 44% იყო საზოგადოების უმკაცრესი პასუხი იმ სტაგნაციისთვის, რომელმაც ქვეყანაში დაისადგურა.
იმედგაცრუებას ტრადიციულად ნიჰილიზმი და ინდიფერენტიზმი მოყვება ხოლმე. ამ დროს საზოგადოების პოლიტიკური აქტიურობა მნიშვნელოვნად კლებულობს. ესაა სტადია, როცა ადამიანები პოლიტიკის მიმართ ინტერესს კარგავენ. ამ დროს ყველაზე ხშირად ისმის ფრაზები: „არაფერს აზრი არ აქვს“, „არაფერი გვეშველება“ და ა. შ. ეს ინდიფერენტული დამოკიდებულება შესანიშნავად აისახა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა ამომრჩეველთაა უმრავლესობა საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე, ხოლო „ოცნების“ ამომრჩეველი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნისთვისაც კი არ ღმოჩნდა საკმარისი. რომ არა მაჟორიტარული სისტემა და ხელისუფლების 73 მაჟორიტარი, „ოცნება“ უკვე დიდი ხანია, ხელისუფლებას დაემშვიდობებოდა.
ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ნიჰილიზმსა თუ პესიმიზმში ყოფნას ვერ ვეგუებით. ხელებჩამოშვებული დიდხანს ყოფნა არ შეგვიძლია და ამიტომ გვირჩევნია, ხელში კომბალი ავიღოთ და პრობლემების მოგვარება ტრადიციული, რევოლუციური გზებით ვცადოთ. აი, სწორედ ამ სტადიაზე გადადის ქართული პოლიტიკური რეალობა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იმ ნაღმს დაადგა ფეხი, რომელზეც წინა ხელისუფლება აფეთქდა. ამ ნაღმს „სისტემური დანაშაული“ ჰქვია.
საქართველოს უახლესმა ისტორიამ ცხადყო, რომ თავმოყვარე ქართველი, როგორაც არ უნდა უჭირდეს მას ეკონომიურად, თავისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით ქუჩაში არ გამოდის, მაგრამ საკმარისია დაინახოს, რომ ქვეყანაში უსამართლობა ზეობს, თავის მოვალეობად მიიჩნევს, ხმა ამოიღოს და პროტესტი გამოთქვას. სისტემური დანაშაულის არსებობა კი ნიშნავს, რომ უსამართლობა ყვავის.
როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში შეიძლება კაცი მოკლა, მაგრამ თუ ნათესავი ან ახლობელი გყავს ზევით, დიდი ალბათობით, არც საბრალდებო სკამზე აღმოჩნდები, არც დაგაკავებენ და იმასაც ათქმევინებენ მოწმეებს, რომ შენ საერთოდ უდანაშაულო ხარ. სისტემური დანაშაული ყველაზე საშიში დანაშაულია, რადგან მას შეუძლია არა მხოლოდ დამნაშავისთვის ხელის დაფარება, არამედ უდანაშაულო ადამიანების დადანაშაულება და ციხეში გაშვება.
უსამართლობის განცდა ედო საფუძვლად ყველა რადიკალურ საპროტესტო აქციას საქართველოში და ყველა ჯერზე მთავარი დამნაშავე თავად ხელისუფლება იყო. რომ არა მთავრობის ქმედებები, საქართველოში ვერანაირი ოპოზიცია ხელისუფლებას პრობლემას ვერ შეუქმნიდა. ადმინისტრაციული რესურსი, მედიაპროპაგანდა, უზარმაზარი ფული, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა _ ეს ყოველივე იმდენად უთანაბრო პოზიციაში აყენებს მთელ ოპოზიციას ერთად აღებულს, რომ შეუძლებელს ხდის ხელისუფლების დამარცხებას მშვიდობიანი არჩევნების გზით. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლება საკუთარ თავს რომ დააზარალებს, ისე ვერანაირი ოპოზიცია ვერ დააზარალებს.
დღესაც ანალოგიური მოვლენების მომსწრენი ვართ. „ქართულმა ოცნებამ“ როგორც კი დაიჯერა, რომ უძლეველი და ხელშეუხებელია (ალბათ, ისევ და ისევ, ივანიშვილის საბარათე ანგარიშის გამო), მაშინვე წაიმტვრია კისერი. თითქოსდა ყველაფერი მათ ხელშია: საკონსტიტუციო უმრავლესობა, ყველა საკრებულო, ყველა გამგებელი, ტელევიზიების 99%. ამას დავუმატოთ დაქსაქსული ოპოზიცია და მივიღებთ თითქმის იდეალურ ვითარებას იმისთვის, რომ რეჟიმის სიმშვიდეს არაფერი დაემუქროს. მაგრამ სწორედ ამ დროს ხდება ყველაზე გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი ამბები. მოდუნებული და თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი ხელისუფლება ისეთ შეცდომებს უშვებს, რომლის გამოსწორებაც შემდეგ ვეღარ ხერხდება და, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ჩამოშლით სრულდება.
სისტემურ დანაშაულს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით გამომჟღავნდა, ღრმა ფესვები აქვს. პირველ რიგში, ესაა იმ დაუსჯელობის სინდრომის ბრალი, რომელიც უკვე ათწლეულებია, ხელისუფლებიდან ხელისუფლებას გადაეცემა. გულწრფელად ვთქვათ, არც ერთი ამ დანაშაულებრივი სისტემის ფუძემდებელი ჯერ არ დასჯილა, ამიტომაც დღემდე ყველა ხელისუფლებას ჰგონია, რომ არც ის დაისჯება იმის გამო, რომ მკვლელებს ხელს დააფარებს და გამოძიებას როგორც უნდა, ისე წარმართავს.
დაუსჯელობის სინდრომს, „ოცნების“ შემთხვევაში, პოლიტიკური სიბეცეც დაემატა. მათ იფიქრეს, რომ იმდენად ყველაფერი მათ ხელშია, რომ ვერავინ ვერაფერს დააკლებს და სწორედ ამ დროს გააშიშვლა ერთმა ზაზა სარალიძემ მთელი სისტემა. მან შეძლო და ყველას დაანახვა, რომ პროკურატურა ექვსი თვის განმავლობაში საზოგადოებას ნაცარს აყრიდა თვალებში, არ იჭერდა დამნაშავეებს, ანადგურებდა ნივთმტკიცებებს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლების სტაბილურობის ბუშტი გასკდა. დღეს უკვე მთელი „ოცნება“ სუს-ისა და ინტერნეტ აფერისტობის იმედადაა დარჩენილი.
მას შემდეგ, რაც პროკურატურასთან, სპონტანურად, ერთი დაძახებით, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და სისტემური დანაშაული გააპროტესტა, „ოცნებაში“ გამოღვიძება დაიწყეს. შემდეგი რამდენიმე დღე სუს-ის მიზანს წარმოადგენდა, როგორმე მიმდინარე აქციებისთვის პოლიტიკური ხასიათი მიეცა. ამ მიზნის მისაღწევად სპეცსამსახურები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შეესივნენ სოციალურ ქსელებს. შეიქმნა ათასობით ყალბი გვერდი, დაიწერა უამრავი ტყუილი, ხოლო იმისთვის, რომ ეს ტყუილი ყველას გვენახა, მარტო ფეისბუქში მილიონობით ლარი გადაიხადეს. შემთხვევით არ მომხდარა, რომ იმ დღეებში რეკლამა ქართულ სოციალურ ქსელში სამჯერ გაძვირდა.
მიუხედავად სუს-ის ასეთი ისტერიული მცდელობისა, მოეხდინა აქციების დისკრედიტაცია, სასურველი შედეგი არ დგებოდა, რადგან გადაჭედილ რუსთაველზე მოდიოდნენ და მოდიოდნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები, სრულიად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. რა თქმა უნდა, იყვნენ პოლიტიკოსებიც, მაგრამ ისინი პროცესს არ უძღვებოდნენ. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იქცეოდნენ, როგორც აქციის რიგითი მონაწილეები, რითაც ყველანაირად ანეიტრალებდნენ „ოცნების“ მცდელობას, აქციები პოლიტიკურ ჭრილში გადაეყვანა.
საზოგადოებრივი პრესი ხელისუფლებაზე იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ხერხემალდარბილებულმა ხელისუფლების ზურგმა ამ სიმძიმეს ვერ გაუძლო და ბარტყების გადმოგდება დაიწყო. პირველი ბარტყი გენერალური პროკურორი აღმოჩნდა. შოთაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ამოჰკრეს პანღური, მაგრამ იმდენს მაინც ვერ მიხვდნენ, რომ მადლობებით და თავზე ხელის გადასმით არ დამშვიდობებოდნენ. შოთაძის გაშვება რომ საკმარისი არ იქნებოდა, „ოცნებაში“ მალევე მიხვდნენ, რადგან ყველას შესანიშნავად ესმის ამ ქვეყანაში, რომ შოთაძე არაა იმ დონის ფიგურა, სისტემური დანაშაულის მთავარ ორგანიზატორად გასაღდეს.
მეორე ბარტყი, რომლის გადმოგდებითაც ხელისუფლებამ ვითარების განმუხტვა სცადა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო. ერთი შეხედვით, საგამოძიებო კომისიის შექმნა სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლებას მკვლელებისთვის ხელის დაფარება ბრალდება, უპრეცედენტო მოვლენაა. ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას ასე გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისია არ ახსოვს. მაგრამ რად გინდა?!. ხელისუფლებამ ისეთ დროს გადაწყვიტა კომისიის შექმნა, როცა საპროტესტო აქციაზე მოთხოვნების თამასა გაცილებით მაღლა აიწია. გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები! _ ასეთი მოთხოვნების ფონზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას უფრო დროის გაწელვისა და საპროტესტო მუხტის დაგდების ელფერი მიეცა, ვიდრე რეალურად საქმის გამოძიების.
თუმცა უდროო დროს შექმნილი კომისიის მთავარი პრობლემა მაინც სხვა რამე აღმოჩნდა. ეს სხვა რამე კი ბოკერიას გუნდია, რომელიც კომისიას ჩაუყენეს სათავეში და რომელმაც დანაშაულებრივი სისტემა უნდა გამოააშკარაოს და დასაჯოს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, _ „ქართული ოცნების“ დანაშაულის გამოძიება იმავე „ქართულმა ოცნებამ“ თავისსავე შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ ჩააბარა. ყოველივე ამის შემხედვარე საზოგადოებას, ბუნებრივია, არ გასჭირვებია აღნიშნული კომისიის რეალურ მიზნებში გარკვევა და ამიტომაც კომისიის წევრებს, ალბათ, არც უნდა გაუკვირდეთ, რომ მათდამი ნდობა ნულის ტოლია.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყველა ხვდება, რომ საგამოძიებო კომისია ვერაფერს გამოიძიებს, ისაა, რომ სარალიძის საქმის კუდები ძალიან მაღლა ადის. წარმოუდგენელია, რომ ასეთი გახმაურებული მკვლელობის დამნაშავეები ვინმე მორიგ ჩინოვნიკს გამოეძვრინა. ორი აზრი არ არსებობს, რომ რეალური მკვლელების დამალვასა და გამოძიების მცდარი გზით წაყვანაზე ნებართვა ყველაზე მაღლა გაიცა. არაა გამორიცხული და დიდი ალბათობით ასეცაა, ამ საქმემ ივანიშვილის ხელშიც გაიარა.
ახლა ხომ გასაგებია, რატომ ვერ გამოიძიებს საგამოძიებო კომისია ვერაფერს?! იმიტომ, რომ არ არსებობს დედამიწაზე სისტემა, რომელიც მზადაა, საკუთარი თავი დაისაჯოს და საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანოს.
ერთი წამით დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცოდა და მთელი ეს დანაშაული მთავრობის ან პროკურატურის კაბინეტებში დაიგეგმა და განხორციელდა. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გამოაშკარავდა, მას შემდეგ, რაც ყველამ გაიგო, რომ ქვეყანაში სისტემური დანაშაული ბობოქრობს, ბიძინა ივანიშვილმაც ხომ გაიგო ეს ყველაფერი? ნუთუ, ვერ დაინახა ივანიშვილმა, რამხელა საფრთხე დაემუქრა მის ხელისუფლებას? რატომაა საქმე ისევ სუბელიანსა და შოთაძის თანამდებობაზე გაყინული? ასეა თუ ისე, სიბრაზის ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია. უკმაყოფილების საკუთარ თავში დამალვას აღარავინ ეცდება. საზოგადოებას ქუჩისკენ უჭირავს თვალი. ახლა მთავარია, მოხერხდება თუ არა ამ განწყობებისთვის სწორი პოლიტიკური მიმართულების მიცემა. ყველასთვის ნათელია, რომ ახლად წარმოქმნილი მდინარე კალაპოტის გარეშეც გაიკვლევს გზას და მას ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ თუ ამ მდინარეს სწორ კალაპოტს მოუმზადებენ, ის გაცილებით სწრაფად მიაღწევს მიზანს.

დემნა ვეშაპიძე