ქუთაისელი ქალის სავალალო გზა ვერცხლის ბიზნესიდან მედიკამენტებამდე

ქუთაისელი მზია მამრიკიშვილი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, აფერას რომ ემსხვერპლა, სახელმწიფო კი მათ დასაცავად არაფერს აკეთებს. იგი წლებია, იმ პიროვნების დასჯას ითხოვს, რომელთანაც ბიზნესურთიერთობა ჰქონდა და რომლის რჩევითაც დანაშაულის მონაწილეც გახდა.

მამრიკიშვილი მერაბ ქაშიბაძეს, რომელიც ქუთაისში საიუველირო მაღაზია „დუბხეს“ ფლობდა, სოლიდური თანხის მითვისებასა და მის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ედავება.

მზია მამრიკიშვილი:
_ როგორ დაიწყო თქვენი და ბატონ ქაშიბაძის ურთიერთობა?
_ ურთიერთობა დავიწყეთ ვერცხლის ნაკეთობებით. ძალიან კარგი, ადამიანური დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. მასთან ვერცხლი მიმქონდა და ვაბარებდი, თანხასაც მაძლევდა თავის დროზე. ამის გარდა, პირადი ურთიერთობებიც მეგობრული იყო. რაღაც შვილთან დაკავშირებით დასჭირდა და ეს ძალიან მივიტანე გულთან, შევწუხდი და ვეცადე, დავხმარებოდი, მაგრამ ამ ადამიანმა ძალიან გამიმეტა. ერთხელ მითხრა, რომ ეს არაფერია, ვერცხლი შირმაა ჩემთვის, მე მარტო ამაზე კი არ ვმუშაობო.
_ კონკრეტულად რა გახდა თქვენ შორის დავის მიზეზი?
_ მასთან მეგობრული ურთიერთობები მქონდა და ვუთხარი, რომ რუსეთში ვერცხლის ნაკეთობები გავაგზავნე, არ გაიყიდა, უკანვე ჩამოვიტანე დანაკარგი-მეთქი. მიპასუხა, _ რად გინდა, სახლში რომ გიდევს, მომიტანე, დავალაგებ აგერ და გამეყიდებაო. მე საიდან უნდა მცოდნოდა, რომ შირმად სჭირდებოდა ეს ვერცხლი? გამიმხილა, რომ თურმე მედიკამენტებზეც მუშაობდა. _ ჩემი შემოსავლების ძირითადი წყარო სწორედ მედიკამენტებიაო, _ მითხრა.
_ რა რაოდენობის ვერცხლის ნაკეთობაზეა საუბარი?
_ 2015 წლის მაისიდან მოყოლებული, სექტემბრის ჩათვლით, ნაწილ-ნაწილ მივუტანე 16 ათასი ლარის ნაკეთობა. თავიდან მეტი მივუტანე, მაგრამ რაც არ დასჭირდა, უკან წამოვიღე. ყველანაირი ჩანაწერი მაქვს. მე როცა ჩანაწერები ფინანსურ პოლიციაში წარვადგინე და ერთხელ მივეცი ჩვენება, მათ კითხვა აღარ ჰქონდათ, რადგან დეტალურად მაქვს ინფორმაცია.
_ 16 ათასი ლარის ნაკეთობიდან რა რაოდენობის თანხა გაგისტუმრათ?
_ 2 წლის განმავლობაში მიხდიდა. პირველად კარგად დაიწყო, 300-400 ლარი. 500 ლარიც აქვს მოცემული, მაგრამ ბოლოს 10-20 ლარზე გადავიდა. სულ 8 ათასი ლარი მაქვს წამოღებული.
_ დანარჩენი თანხა და ნაკეთობა მასთან დარჩა?
_ ნაკეთობებთან მე საქმე არ მქონდა. როცა ვათვალიერებდი, ჩემი ნივთები იქ აღარ იყო. მას ჩემ გარდა კიდევ უამრავი ჩამბარებელი ჰყავდა.
_ რამდენადაც ვიცი, სამართალდამცველები ამ საქმით დაინტერესდნენ.
_ კი, როგორ არა, თუმცა პირველ რაიონში გააკეთეს საქმე. მერაბ ქაშიბაძე იქამდე არ მისულა. პოლიციას რომ სდომებოდა, ძალიან კარგადაც მიიყვანდა. შემდეგ ავდექი და ფინანსურ პოლიციას მივმართე. ფინანსური პოლიცია დაინტერესდა.
სამწუხაროდ, მოგვიანებით მივხვდი, რომ სპეციალურად მომიჭირა ხელი ყელში, რათა მეტად გამჭირვებოდა და მის მეორე ბიზნესში ჩავრთულიყავი _ მედიკამენტებზე მემუშავა.
_ მედიკამენტებს ხშირად ახსენებთ. რა გაკავშირებდათ თქვენ და ქაშიბაძეს მედიკამენტებთან?
_ როგორც გითხარით, აღნიშნა, რომ ვერცხლი ჩემთვის შირმაა, მედიკამენტებზე ვმუშაობო, რაც ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ქალაქში ეს არავინ იცოდა. მე უნდა მივმხვდარიყავი, თუ რატომ გამიმხილა ეს მან. ჩამონათვალი მოგვცა მე და ჩემს მეგობარ ქალბატონ ლია ასათიანს. თანხა, რომლითაც თურქეთში მედიკამენტები შევიძინე, სწორედ ლიასი იყო.
_ ე. ი. თქვენ თურქეთში წაბრძანდით მისი რჩევით?
_ რჩევით კი არა, დაჟინებული მოთხოვნით.
_ რატომ დასთანხმდით?
_ იცით, რა მითხრა? წადი თურქეთში, ჩამოიტანე და ის ვერცხლის ვალიც გასტუმრდება და აქაც კარგ მოგებას ნახავო. იცოდა, რომ ფინანსურად მძიმე სიტუაცია მქონდა და ვერ ვმოძრაობდი. ვალი კი მან შეგნებულად არ გამისტუმრა იმისთვის, რომ იძულებული გავმხდარიყავი და ამ მედიკამენტებზე წასვლაზე დავთანხმებულიყავი.
_ რა სახის მედიკამენტები წამოიღეთ და საიდან იცოდით, რომელი უნდა შეგეძინათ?
_ თვითონ მომცა ჩამონათვალი. ამიხსნა, რა და როგორ. ვიცოდი, რომ აბსოლუტურად სამკურნალო მედიკამენტები იყო, მაგრამ ჩამონათვალში 2 ფსიქოტროპული პრეპარატიც აღმოჩნდა, რაც ადგილზე გავიგე თურქეთში. სადაც უნდა შემეძინა, იქ პიროვნებამ მითხრა, ეს არ არის საშენოო. ჩამონათვალი დღესაც შენახული მაქვს. მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველა ნიუანსს ვინახავ თავშიც და ფურცელზეც.
_ როგორ დასრულდა თურქეთში თქვენი ვიზიტი?
_ ძალიან ცუდად! საბაჟოზე დამიჭირეს. გადმომტანი, რომელსაც ფული გადავუხადეთ, გავიდა და მიგვატოვა. მერაბმა გვითხრა, რომ თუკი „ჩეპე“ მოხდება, შეგიძლია განაბაჟოო. თურმე რა განბაჟებაზეა საქმე, როცა ლიცენზია არ გვიჭირავს ხელში. მე ეს დეტალები არ ვიცოდი. ეს ჩემი პირველი ურთიერთობა იყო მედიკამენტებთან და ცხოვრებაში ხელს აღარ მოვკიდებ. რაც საბაჟოზე მოხდა, ეს არასოდეს დამავიწყდება. ჟარგონულად რომ ვთქვა, იმ დონეზე ვიყავი ჩაშვებული, რომ 20 კაცი მელოდებოდა. როგორც კი პასპორტი დაფიქსირდა, იქვე დამაკავეს. ექსპერტები მოიყვანეს. ღმერთის წყალობით არ აღმოჩნდა ფსიქოტროპული მედიკამენტები, ყველაფერი სამკურნალო იყო, თანაც არც დიდი რაოდენობით. სადღაც 5 ათას ლარს შეადგენდა, მაგრამ იქ შემდეგ განბაჟება გააკეთეს და თანხა 8016 ლარამდე ავიდა. 3 დღე დამაკავეს და ეს ყველაზე მძიმე დღეები და საათები იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მრცხვენია, მაგრამ მინდა, ჩემი ისტორია ხმამაღლა მოვყვე, რომ სხვებსაც არ დაემართოს მსგავსი რამ და არ ენდონ ქაშიბაძის მსგავს ადამიანებს.
გამომძიებლებმაც კარგად დაინახეს, რომ მე მსხვერპლი ვიყავი. მართლა გამიმართლა, რომ ადამიანები შემხვდნენ. თბილისში დამიბარეს, გამოძიება ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ მერაბ ქაშიბაძეს ჩემ გარდა უამრავი ქალი ჰყავდა მსგავს საქმეზე გაგზავნილი. ამ პიროვნებას უამრავი აფთიაქი ჰქონია თავისი ახლობლების სახელზე. დასაწყობებული უფაქტურო მედიკამენტები სახლშიც უპოვეს.
_ თქვენი პასუხისმგებლობა რით შემოიფარგლა?
_ ჩემს დანაშაულზე პასუხი ვაგე და სამართლიანადაც. არ უნდა ავყოლოდი პროვოკაციას. გამოცდილება მქონდა, არ ვიყავი პატარა გოგო და ამ ყველაფერში არ უნდა მოვხვედრილიყავი. კაცს ვთხოვე, ფსიქოტროპული რამე არ ჩამომიწერო-მეთქი. მაინც ჩაუწერია. თურქმა გადამარჩინა. ლაზი იყო ის პიროვნება და მითხრა, რომ ჩამონათვალში ფსიქოტროპულიც იყო. მისმა კეთილსინდისიერებამ მიხსნა. მას რომ მოეცა, მე არც კი მეცოდინებოდა, რა მომქონდა და განწირული ვიყავი.
_ რას ითხოვთ?
_ მერაბ ქაშიბაძე კანონის შესაბამისად დაისაჯოს. მე ხომ ვაგე პასუხი ჩემს დანაშაულზე? ეს კაცი რომ ამდენ დანაშაულს სჩადის, ამდენ ხალხს რომ საპროცესოები ახდევინა, თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს? ნახევარზე მეტი ოჯახის ქალები იქნებოდნენ, რომლებიც პურის ფულის გამო დასთანხმდნენ მის შეთავაზებას. გარდა იმისა, რა თანხის მედიკამენტებიც ჩამომართვეს და ღირსიც ვიყავი, დამატებით საქმის წარმოების დროს ადვოკატის, საპროცესო და ხვა ხარჯები 7 ათასამდე დამიჯდა. ეს ყველაფერი ჩემს ოჯახს დააწვა მძიმედ.
_ გამოძიების უკმაყოფილო ხართ?
_ მერაბ ქაშიბაძეს მფარველობენ. 2017 წლის დეკემბერში შეტანილი და მოკვლეული მასალები ფინანსურ პოლიციას უდევს და საინტერესოა, რას ელოდებიან, ვის ბრძანებას?

მზია მამრიკიშვილის მეგობარი ლია ასათიანი ასევე დაზარალებულად აცხადებს თავს. ისიც მერაბ ქაშიბაძეს მისი კუთვნილი თანხის მითვისებაში სდებს ბრალს.
ლია ასათიანი:
_ მზიასა და მერაბს დიდი ხნის ნაცნობობა ჰქონდათ. მზია ვერცხლის ბიზნესში იყო და ისინი თანამშრომლობდნენ. ბინა გავყიდეთ და გარკვეული რაოდენობის თანხა მქონდა. 2-ჯერ გადაიტანა ჩემმა ქალიშვილმა ლეიკემია და იქიდან მორჩა ქიმიის თანხა. მზიამ ეს იცოდა და ძალიან დამაჯერებლად შემომთავაზა საქმე, რადგანაც თავად ის მერაბმა დააჯერა. 4 წლის წინ მზიას 6 ათასი დოლარი გადავეცი და მან ვერცხლის სამკაულები შეიძინა, საიდანაც ნაწილი მერაბ ქაშიბაძეს მისცა. სამწუხაროდ, ერთი თეთრიც არ მომსვლია არც მოგება და არც ძირი. გარდა იმისა, რომ დოლარი მივეცი, ბანკიდან თანხები გამომატანინეს. როგორც იქნა, ერთი დაიფარა, რომლისთვისაც 200 დოლარი კიდევ მე დავამატე.
_ ვინ დაფარა ბანკის თანხა?
_ ქაშიბაძემ. ნივთები იყიდებოდა. თანხა ზოგი ქაშიბაძეს მოჰქონდა, ზოგიც _ მზიას. მოკლედ, ამ გაყიდული ვერცხლიდან მხოლოდ ბანკი დაიფარა.
ძალიან დიდი ტრავმა გადავიტანეთ. ჩემს შვილს ფული წაართვეს. მზიას პასუხისმგებლობა აქვს ჩემი ოჯახის წინაშე იმიტომ, რომ მან იცოდა, ეს თანხა საიდან იყო და რა იყო. მერაბს ჩააბარა, მან კიდევ სად წაიღო ეს ფული და რა უყო, აღარ ვიცი. მითხრეს: საქმე _ ჩვენი, ფული _ შენიო.
_ ქალბატონი მზია მედიკამენტებთან დაკავშირებით საუბრობს. თქვენ რა დოზით მონაწილეობდით ამ პროცესებში?
_ მე არაფერში ვმონაწილეობდი, უბრალოდ ჩანთაში მედო ფული. წამლების ჩამონაწერი მზიას ჰქონდა, მივიდა იქ, სადაც უნდა შეეძინა, იმ ადამიანმა წაიკითხა და 2 დასახელების ფსიქოტროპული აღმოჩნდა. მთავარი მოქმედი პირი ამ საქმეში მერაბ ქაშიბაძე იყო. მე მხოლოდ თანხა მივეცი მათ.
რა არის იცით, ცუდი? ამ ადამიანმა მედიკამენტები ჩამოწერა, მზიას გაატანა და მასში აკრძალული პრეპარატებიც აღმოჩნდა. რომ არ ეთქვა თურქეთში აფთიაქის იმ თანამშრომელს, ეს წამოიღებდა და დაიღუპებოდა.
_ სამართალდამცველებთან თუ გქონდათ ურთიერთობა?
_ არ მინდოდა, მეჩივლა. მზიას გოგო ჩემი შვილის ნათლიაა. ოფიციალური სახე არ მივეცი ყველაფერს. ერთხელ მივეცი ჩვენება, მაგრამ არ არის აქ სისხლის სამართლის ელემენტებიო და საქმე დაიხურა. სამწუხაროდ, არანაირი ხელჩასაჭიდი არ მაქვს. ნოტარიულად არ გავაფორმე, რომ ამდენი თანხა გადავეცი. უბრალოდ, მზიას ვენდე. მერაბ ქაშიბაძე კი თითს მიქნევს, რომ შენ არ გაქვს საბუთი და თანხას არ მოგცემო.
_ თქვენ პირადად შეხვდით ქაშიბაძეს თანხასთან დაკავშირებით?
_ მე მზიამ გამაცნო ქაშიბაძე, როგორც ბიზნესმენი, რომელსაც ვერცხლის საქმე და მაღაზია ჰქონდა. ამ ადამიანმა მითხრა, _ რაზეა საუბარი, 1997 წლიდან ვსაქმიანობო. სამწუხაროდ, ვენდე.

„ქრონიკა+“ შეეცადა, ბრალდების ადრესატ ბატონ მერაბ ქაშიბაძეს დაკავშირებოდა, მაგრამ მისი ტელეფონის ნომრის მოძიება ვერ შევძელით. მოვახერხეთ დავკავშირებოდით მის მეუღლეს, რომელსაც ვთხოვეთ, ქმართან გასაუბრებაში დაგვხმარებოდა.

ლარისა ქაშიბაძე _ მერაბ ქაშიბაძის მეუღლე:
_ ქალბატონო ლარისა, ხომ ვერ დამეხმარებით, თქვენს მეუღლესთან დამაკავშიროთ?
_ რა საკითხზე ეძებთ?
_ ჩვენ დაგვიკავშირდა ქალბატონი მზია მამრიკიშვილი და ბატონ მერაბთან რამდენიმე კითხვა გვაქვს…
_ ერთი წუთით, ახლავე დაგალაპარაკებთ. (პაუზა) არ უნდა ლაპარაკი საერთოდ. მზია მამრიკიშვილს არ ვიცნობთ. არანაირი საქმე არ გვაქვს მასთან. მზია მამრიკიშვილი დადის, გვლანძღავს და თავი მოგვჭრა. არანაირი საქმე მასთან არ გვაქვს. სადაც უნდა, იჩივლოს, რაც უნდა, ის გააკეთოს.
_ მას აქვს პრეტენზიები და იქნებ, თქვენმა მეუღლემ მიპასუხოს, რათა მასალა ცალმხრივი არ გამოვიდეს?
_ არაფერი აქვს, საბუთი არ აქვს და რა უნდა დაწეროთ?
_ ის ჩვენთან საუბრობს კონკრეტულ საკითხებზე…
_ ის 2 წელია, უკვე საუბრობს.
_ ამიტომ გვინდა, თქვენი მეუღლის პასუხიც მოვისმინოთ. იქნებ, გვითხრას, რომ ეს ბრალდებები არასწორია. იქნებ, გადასცეთ ყურმილი.
_ არ უნდა, _ მზიას თემაზე არაფერს ვისაუბრებო.

ჟენია კონდრატიევა მაღაზია „დუბხეში“ სწორედ იმ დროს მუშაობდა, როცა, მზია მამრიკიშვილის განცხადებით, მან ვერცხლის ნაკეთობები სარეალიზაციოდ ჩააბარა.
ჟენია კონდრატიევა _ მაღაზია „დუბხეს“ ყოფილი გამყიდველი:
_ მზია მამრიკიშვილი ამბობს, რომ მაშინ, როცა თქვენ მაღაზია „დუბხეში“ მუშაობდით, მან ბატონ ქაშიბაძეს 16 ათასი ლარის ვერცხლის ნაკეთობა სარეალიზაციოდ გადასცა.
_ ზუსტად თანხა არ მახსოვს, რამდენი იყო, მაგრამ ნამდვილად მახსოვს, რომ ვერცხლის ნაკეთობები მოიტანა.
_ თანხა სრულად გაუსტუმრა თუ კიდევ დარჩა ვალი?
_ არ ვიცი. მერაბს რვეული ჰქონდა. არ ვიცი, რამდენი დარჩა თანხა ან ნივთები, თუმცა ნივთები ნამდვილად დარჩა.

მზია მამრიკიშვილის ისტორია კარგი მაგალითია მათთვის, ვინც ცდილობს, გარკვეული თანხა კანონის გვერდის ავლით მოიპოვოს. იგი დღეს ყოველივეს გამო ნამდვილად ნანობს და ქალბატონებს მოუწოდებს, არ გაებან რაიმე უკანონო მაქინაციებში, რასაც შესაძლებელია, მისი შემთხვევისგან განსხვავებით, კიდევ უფრო ცუდი დასასრული ჰქონდეს.
რაც შეეხება ბატონ მერაბ ქაშიბაძეს, მიუხედავდ იმისა, რომ მან მეუღლის სახელით უარი შემოგვითვალა, პასუხი გაეცა იმ ბრალდებებზე, რაც მისი მისამართით ქალბატონებს აქვთ, „ქრონიკა+“ მზად არის, სურვილის შემთხვევაში, მკითხველს მისი პოზიციის გაცნობის საშუალებაც მისცეს.

ხვიჩა ვაშაყმაძე