ქოცური ენის განმარტებითი ლექსიკონი

„ქართული ოცნება“ როგორც ექცევა ქვეყანას _ ქვეყანა ხედავს. ქვეყანა ასევე ხედავს, როგორ ექცევიან ქართულ ენას და თქვენ წარმოიდგინეთ, იგი უცხოური წარმომავლობის ტერმინებსაც ითვისებს. ამ ყველაფრის ავანგარდში, ცხადია, ბიძინა ივანიშვილია _ მოსვლის დღიდან.

 

არ ვგულისხმობთ მხოლოდ მის უხვ „მარგალიტებს“, „უფასო ფულის“ ნაცვლად რომ მოაყარა ხალხს, არც იმას, ბრუნვებში რომ არასწორად სვამს სიტყვებს და ამაყად გვიცხადებდა მინისტრთა კაბინეტზე: „ჩემისებს ხვალ დავასახელებ“… არც იმას, „ჩა“ ზმნისწინს რომ ხმარობს „უპრაგონოდ“ და ხან ჩაზუსტებითაა დაკავებული, ხანაც, _ ჩაკითხვით და ხანაც, _ ჩაანალიზებით. „ჩაზუსტება“, „ჩაგეკითხებით“, „ჩავასრულებ და მერე ჩამეკითხეთ“, „მოვიშოროთ და ჩავიშოროთ“ _ ეს ყველაფერი მისი ლექსიკონიდანაა. არ ვგულისხმობთ არც იმას, ქართულსა და რუსულს „გოგლიმოგლივით“ რომ თქვეფს და ქართულ სიტყვებს რუსულ ბრუნვებში სვამს: „ია ვიდელ ვაშუ გადაცემუ“, თუმცა არც რუსული სიტყვების მოქართულება და ზმნის პირიან ფორმად ქცევა „ეშლება“ და გვამცნობს: „ვიაბედე“. „ვიაბედეს“ არ ჩამორჩება არც მისი სხვა მარგალიტი „მივიღე ვზაიმნი“.

მოკლედ, ცალკე აღებულს მისი მაღალი გონების არც ერთ გაელვებას არ ვგულისხმობთ, ეს ყველაფერი ერთად აღებული ქმნის მის „განუმეორებლობას“. იგი „იგონებს“ ახალ სიტყვებს, ახალ სიტყვათშეთანხმებებს, ფრაზებს და ამასობაში „მდიდრდება“ ქართული ენა, ახალ მნიშვნელობას იძენს სიტყვები და საჭირო ხდება განმარტებითი ლექსიკონის შემუშავება, თუნდაც მოკლე განმარტებითი ლექსიკონის. ბიძინას ლინგვისტურ ცუღლუტობებს ჯერ კიდევ მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლისთავზე ჩა-ვუღრმავდი ენათმეცნიერ თამარ ცოფურაშვილთან ერთად და ბევრი მარგალიტიც ამოჰყვა ბადეს.

პოლემიკაში წასვლა _ „დავსხდეთ და პოლემიკაში წავიდეთ“, _ ბრძანა ივანიშვილმა, სავარაუდოდ, პოლემიკის გამართვას გულისხმობდა;

გადაწყვეტილების კეთება _ მერე რა, რომ ასეთი სიტყვათშეთანხმება ქართულ ენაში არ არსებობს? ივანიშვილი, გადაწყვეტის, ან გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად მაინც ყინჩად გაიძახის, „გადაწყვეტილება გავაკეთოთ“;

მოგონებების კეთება _ ამბობს „არ გავაკეთოთ მოგონებები“, ანუ არ მოვიგონოთ;

მოთმინების დაჭერა _ ივანიშვილის მარგალიტია „დავიჭიროთ მოთმინება“ _ ნიშნავს გამოვიჩინოთ მოთმინება, მოვითმინოთ;

ნასტალგია _ იგივე ნოსტალგია, ჩვენთვის ნოსტალგია, ბიძინასთვის „ნასტალგიაა“;

რობინი _ რაბინი (ებრაელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე რაბინებს სულ რობინი ეძახა);

„ზედმეტი გადაზღვევა“ _ ესეც ბიძინას შემოქმედებაა, სავარაუდოდ, მეტისმეტად თავის დაზღვევა იგულისხმება;

იგიავდებიან _ როგორც ენათმეცნიერები ვარაუდობენ, უნდა გულისხმობდეს _ „თავს აიგივებენ“;

„ვქმედებდი“ _ ვმოქმედებდი. ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის ფრაზა „დახურული ქმედებით ვქმედებდი“. სავარაუდოდ, გულისხმობდა იმას, რომ ფარულად მოქმედებდა;

რწმუნებულების გამოთქმა _ ივანიშვილს ეკუთვნის ელეგანტური ფრაზა: „გუნდის მხრივ გამოვთქვი რწმუნებულება“. სავარაუდოდ, გულისხმობდა იმას, რომ გუნდს ნდობა გამოუცხადა;

სამტკიცი _ სავარაუდოდ, მტკიცებულება;

სამრეკლოდან ყურება _ იგივეა, რაც სამრეკლოდან რეკვა. მომედავებით, ყურება რეკვა რანაირადააო და მეც გადაგამისამართებთ ბიძინასთან, რომელიც ფრთიან გამოთქმებსაც არასწორად ხმარობს და ნაცვლად იმისა, რომ თქვას: „ყველა თავის სამრეკლოდან რეკავს“, დგას და გაიძახის: „ყველა თავის სამრეკლოდან იყურება“;

„ქართული საზოგადოება არის ასაკიანი“ _ ესეც ბიძინას „საავტოროა“. ენათმეცნიერი თამარ ცოფურაშვილი ამ წინადადების „ჩაანალიზებისას“ იმედს გამოთქვამდა, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერს იმის თქმა სურდა, რომ ქართველ ერს ხანგრძლივი ისტორია აქვს და არა იმას, რომ ქართველი ერი არის დაბერებული…

დაბოლოს, ივანიშვილის გრამატიკულ მიჯირყვნას „მიჯირყვნით“ დავასრულებ:

ჯირყვნა, მიჯირყვნა _ ივანიშვილმა პრემიერობისას იხმარა სიტყვა მიჯირყვნა, ერთი ამბავი რომ ატყდა, მიჯირყვნა მიჭირხვნად შემოგვასაღა და იმასაც გვიმტკიცებდა, რომ „მიჭირხვნა“ ძველი ქართული სიტყვაა. არადა, „მიჭირხვნას“ ვერც ილია აბულაძის ლექსიკონში ჰპოვებთ და ვერც სულხან-საბას ლექსიკონში, მას მხოლოდ „სულხან-ბიძინას“ ლექსიკონში აქვს საპატიო ადგილი. ენათმეცნიერი თამარ ცოფურაშვილი განმარტავდა, რომ ძველ ქართულ ენაში არც მიჯირყვნაა, არც მიჭირხვნა, არც ჯირყვნა, არც ჭირხვნა და მიჯირყვნა არის იმერული დიალექტი. ჭირხვნა კი ძველი ქართული სიტყვა კი არა, ჰაერის შეკუმშვის აღსანიშნავად მოგვიანებით შექმნილი ტექნიკური ტერმინია…

ბიძინას მიერ დაწყებული საქმე კიდევ უფრო სრულყვეს მისმა მოყვანილებმა. მათი დამსახურებით, სიტყვებმა აზრი იცვალეს:

„თხევადი გერაინი“ _ წარსულში რასაც ოლიფას ვეძახდით. „თხევადი გერაინის“ ამ შინაარსით დამკვიდრება შს მინისტრ ლექსო ჭიკაიძის ღვაწლია. იმედია, გახსოვთ, რიხით რომ გვამცნო 2 ტონა და 790 კგ თხევადი ნარკოტიკული საშუალება, გერაინი (ჰეროინი) ამოვიღეთო და ეს ამოღებული რომ ოლიფა გამოდგა. ისიც გემახსოვრებათ, სწორედ ამ თანხებით რომ ხდებოდა თურმე „პიროვნება თალიბანის“ დაფინანსება;

იბიარდი _ ანუ ბორდელი. ცხადია, იბიარდი ბორდელი არაა, მაგრამ ასე ეგონა სოსო ჯაჭვლიანს და დღეს, როცა ვინმე იბიარდს ამბობს, გულისხმობს ბორდელს და არა  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს;

პანორამა _ იგივე ფალოსი. ამ გაგებით პანორამა თავად ქოცებს არ დაუმკვიდრებიათ, მაგრამ მათი წყალობით დამკვიდრდა მათ ხანაში. ბიძინას „პანორამის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე გაჩნდა წარწერა „პანორამა არა …“ და შემდეგ დაიძრა ვარიაციები „ათას პანორამაზე გადამხტარი“, „ამ ჩემს პანორამას“ და ა. შ.

ვოკალიზაცია _ მუსიკაში ვოკალიზაცია სავარჯიშო მღერაა მხოლოდ ხმოვანი ბგერებით, სტენოგრაფიაში _ ხმოვნების გამოსახვა თანხმოვანთა გამოსახულების თავისებურად შეცვლით. მაგრამ ქოცურ ენაში იგი არც ერთს ნიშნავს და არც მეორეს, ქოცურში ვოკალიზაცია იგივე ლოკალიზაციაა. და ეს მას შემდეგაა ასე, რაც ბორჯომის სანაქებო გამგებელმა ცეცხლის ვოკალიზაციის შესახებ გვამცნო. ბორჯომის გამგებელსვე ეკუთვნის მორიგი მიგნებაც:

ლიკვიდაცია _ აქამდე ლიკვიდაცია ნიშნავდა საწარმოს, დაწესებულების და მისთანანის საქმიანობის შეწყვეტას, დახურვას, გაუქმებას, ასევე რისამე ან ვინმეს მოსპობას, რამესთვის (ან ვინმესთვის) ბოლოს მოღებას. მას შემდეგ კი, რაც ბორჯომში ხანძრის დღეებში ბორჯომის გამგებელმა დაგვაიმედა: „ამ ეტაპზე მოსახლეობის ლიკვიდაციის აუცილებლობა არ არსებობს“-ო, ეს სიტყვა ქოცურ ლექსიკონში წარმატებით ჩაენაცვლა ევაკუაციას, თორემ სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ბორჯომის ჰუმანისტი გამგებელი ხალხის ამოწყვეტას აპირებდა და მხოლოდ იმიტომ აიღო ხელი, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა…

ამ მოკლე ექსკურსიიდანაც კარგად ჩანს, ხან რა „სარგებლობა“ მოაქვს და როგორ ამრავალფეროვნებას ენას უვიცობა…

რეზო შატაკიშვილი