ქიბარი და ქილა ერბო

ხომ გახსოვთ სულხან-საბას „გლახაკი და ქილა ერბო“? თუ არ გახსოვთ, პრობლემა არაა, გასულ კვირას მაინც ნახავდით მის თანამედროვე ვერსიას, წარმოდგენილს ქიბარისა და ქილა ერბოს სახით. დიახ, ყველაფერი ისე იყო, როგორც სულხან-საბას უწერია.

შეიკრიბა უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე. შეისუნთქეს და ერთხმად, ერთი ამოსუნთქვით, „რუსთავი 2“ მიაკუთვნეს ქიბარ ხალვაშს. ქიბარმაც ჰპოვა რა ეს ქილა ერბო, ისე რომ გადაწყვეტილებაც არ აეღო, აიღო ეს ქილა ერბო, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდო. გაუდგა გზას და დაიწყო ხმამაღლა ოცნება, _ თუ როგორ გაუნაწილებს წილებს აქიმიძეს და დვალს, როგორ დანიშნავს დირექტორად დვალს. ამ ოცნება-ოცნებაში მუშტარიც გამოუჩნდება, გვარამია შესთავაზებს, _ „რუსთავი 2“ კოლექტივს მიჰყიდეო. ქიბარი, რომელიც არაა ქიბარი და არის ბიძინა, ქილა ერბოს შეათამაშებს, _ გვარამია არ არის გვარამია, გვარამია მიშაა, თორემ მივყიდიდიო და ოცნებას განაგრძობს.

სიტუაცია მართლაც რომ დრამატული იქნება ქვეყანაში _ რა გინდა, რომ ქნა? ძალა აღმართს ხნავს _ უზენაესმა ინსტანციამ ქვეყანაში პლურალიზმის ერთადერთი გარანტი აიღო და უნამუსოდ მიაკუთვნა ქვეყნის არაფორმალური მმართველის „კლიჩკად“ ქცეულ ქიბარ ხალვაშს. ქვეყანას უნდა ამ მონაპოვრის დაცვა, მაგრამ როგორ? რამდენ ხანს უყარაულებ ტელეკომპანიას ეზოში? რა გარანტიაა, რომ არც შეიჭრან იქ, ახალი მენეჯმენტი არც შევა, ისე გადაიბარებს ყველა ბერკეტს და მოქმედი მენეჯმენტი რას იზამს? რამდენ ხანს გაძლებს კომპანია საბანკო ანგარიშების, სახსრების გარეშე, რომც არ გაუთიშონ მაუწყებლობა? სადაა გამოსავალი, ქუჩის აქციებში? სხვა გზა მართლაც არ რჩება, მაგრამ ამ ქუჩის აქციებითაც როგორ გინდა, რომ რამე შეცვალო? რა ბერკეტით, რა მექანიზმით? იმ დღესვე იყო ნახსენები სტრასბურგის სასამართლო, მაგრამ გაითვალისწინებდი რა მის ხანგრძლივ პროცედურებს… ისევ სასოწარკვეთა დაგეუფლებოდა. სწორედ ამ პროცედურების ხანგრძლივობით დაიმედებულმა გადაჰკრა ივანიშვილმაც იმ ღამეს სტაფილოს ნაჟური და კმაყოფილმა მისცა ძილი იმ ლამაზ სიზმრებს, სადაც კოშმარად აღარ ჩაესმოდა ცხრიანი კურიერის მაუწყებელი ჰანგები.

მაგრამ რა მოხდა? მოხდა სრულიად უპრეცედენტო რამ. ქიბარა და ბიძინა რომ ჰარი-ჰარის იძახდნენ და ჯოხი გაიქნიეს _ ქოთანი გატყდა და ერბო დაიქცა. სტრასბურგის მორიგე მოსამართლემ ოლიგარქს და მის ქიბარას სულხან-საბას შეგონება სტყორცნა სტრასბურგიდან:

„შენც შენის გონებით ბევრს რასმე ზრახავ და გამდიდრდები, მაგრამ ასეთი რამ გაგიზრახავს, რომე ღვთის ძალით შენს თავსაც მოჰშლი, არამც თუ განზრახული გაათაო“.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა და საფუძველი ჩაუყარა ახალ პრეცედენტს. სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებას აუკრძალა, პირდაპირ მოსთხოვა, არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება, ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევდა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. და რაც მთავარია, პრიორიტეტი მიანიჭა ამ საქმის განხილვას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად შოკის მომგვრელი იყო, მთელი ქვეყანა ბრინჯივით დაიბნა _ არავინ ელოდა გადაწყვეტილების ასე უეცრად გამოტანას და თან ასეთ გადაწყვეტილებას. ხალვაშის ადვოკატმა სალიამ ხელები გაასავსავა, უპრეცედენტო შემთხვევაა, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ჯერ კიდევ დარწმუნებული არ ვარ, სანამ არ ვნახავო. ასე სწრაფად სტრასბურგს არასოდეს მიუღია გადაწყვეტილება ქონებრივ დავასთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებო.

კი იყო დაბნეული სალია, მაგრამ არ ტყუოდა. სტრასბურგს მართლაც არასოდეს მიუღია ასე სწრაფად გადაწყვეტილება ქონებრივ დავაზე, მაგრამ საქმეც ის იყო, რომ ეს საქმე არც მიუჩნევია ქონებრივ დავად. კრინტიც არ დაუძრავს არც ქონებრივ დავაზე, არც საკუთრების უფლებაზე. აქცენტი გაკეთდა მხოლოდ გამოხატვის, პრესის თავისუფლებაზე და სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობაზე. სხვათა შორის, სტრასბურგს არც პრესის თავისუფლების კონტექსტში გამოუტანია აქამდე ასე სწრაფი გადაწყვეტილება _ რომელიმე ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. ასეთ ზომას გამონაკლისის სახით იშვიათად მიმართავს მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ეხება სიცოცხლეს, წამებას, დეპორტაციას. ევროპამ პრესის, გამოხატვის თავისუფლება სიცოცხლის უფლებას გაუტოლა და ამით არის უპრეცედენტო.

მერე რა, რომ ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას თვით წულუკიანი ებრდღვნა და ცხენს რომ ვერაფერი დააკლო, უნაგირს დაუწყო ჯაჯგური _ მორიგე მოსამართლემ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ისე რომ არც არაფერი გამოუთხოვია ჩვენგან და არც უკითხავსო.

ზვიად კვაჭანტირაძემ ბევრი იფიქრა, ქოში რომ არ მაცვია, უკუღმა როგორ ვყაროო და ნონა წოწორიას ებდღვნა. მას დააბრალეს ყველაფერი, ეგ აწყობს საქმეებსო. უფრო სწორად კი, წოწორიას იმაზედ დასცხეს, რომ ვერ მოუგვარა საქმე იმ მორიგე მოსამართლესთან.

ეგენი არ შედიან არც ქვეყნის და არც ჩვენს მდგომარეობაში და ისევ ჩვენ უნდა შევიდეთ. დამეთანხმეთ, რომ მათთვის მართლაც უმძიმესი გადასახარში იყო, რაც თავს დაატყდათ. ეგონათ, ყველაფერი მოაგვარ-მოაყომარეს, „რუსთავი 2“ საბოლოოდ აახიეს ყარამანაშვილებს _ ათასჯერ გაყიდული კომპანიის კეთილსინდისიერ მყიდველებს და უცებ თავს დაატყდათ ევროპის რისხვა. ევროპის რისხვის თავს დატეხამდე იყო ამერიკის ელჩის განცხადება, ახლა ამას მოჰყვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც ყურადღების ცენტრში სწორედ „რუსთავი 2“-ის საქმე მოექცა, თანაც ხელისუფლების მიმართ საკმაოდ მწვავე შეფასებებით, მეტიც: ამ ანგარიშში თავი ამოყო თვითონ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმაც.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრა რასაც ნიშნავს, მით უფრო მაშინ, როცა რამე გაბადია გასაყინი, ყველასთვის ნათელია. ბიძინას თუ გაუყინავენ, თორემ მე გინდ შემიტანე, გინდ გამომიტანე, „სადიას“ ქათამს თუ გამიყინავ „მარაზილკაში“.

ბიძინასთვისაც შოკი იყო, ქიბარასთვისაც, რომელიც ტროლეიბუსივით წინ და უკან დადის გერმანიიდან საქართველოში, ეგონა, გზას ბარაქა დააყენა, ქილა დაემტვრა და ერბო დაექცა. და მარტო ქიბარს დაემტვრა? ვინ წილს ელოდა, ვინ დირექტორობას და ვის კიდევ უკვე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და წამყვანი ეგონა თავი? ვინ იცის, რამდენმა ნახა იმ ღამით სიზმარში თავი „რუსთავი 2“-ის მიკროფონით ხელში?

ახლა იმათ არ იკითხავთ, ვისაც დღევანდელი „რუსთავი 2“ არ სწყალობდა და მილოცვები დაიწყეს ქიბართან, იმ იმედით, რომ მერე მაინც გაიხსნებოდა მათთვის „რუსთავი 2“-ის ეკრანი? და რამდენმა ქნა იგივე, ვისაც დიახაც რომ სწყალობს და ზედმეტადაც სწყალობს დღევანდელი „რუსთავი 2“? ჩათვალეს, ამათი დრო წავიდაო და მიეგებნენ ახალ პატრონს და მწყალობელს და უცებ ეს სტრასბურგი!

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ამ ხელისუფლებისთვისაც, მისი მომხრეებისთვისაც და ამ კომპანიის ახალი პატრონის ხელში გადასვლით მერკანტილურად დაინტერესებულებისთვისაც ცის ჩამოქცევა იყო.

ახლა ხავსს ეჭიდებიან, რომ 8 მარტს ეს შეჩერება შეჩერდება და საქმის განხილვის დასრულებამდე აღარ გაგრძელდება. წულუკიანს იმედი აქვს, რომ კოლეგიურად სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

უნდა, ისევ ჩვენ გავუგოთ, რა ქნან, აბა, ხარაკირს ხომ არ გაიკეთებენ?  სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?

სხვები უფრო შორს წავიდნენ და იმ მორიგე მოსამართლის თვითნებობაზე ალაპარაკდნენ. ზოგმა ლამის აბჯარი აისხა და სტრასბურგში გაიქცა იმ მოსამართლის ასაჩეხად. გამოჩნდნენ სამართლის დოქტორებიც, რომლებიც ბესელიას რეგისტრში გაჰკივიან, რომ იმ მოსამართლემ ხელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ავტორიტეტი (ასეთიც ჰქონია, თურმე, ნუ იტყვით), იმიტომ რომ შეჩერება ისე დაუდგენია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არც გამოუთხოვია. მეტიც, იმ მოსამართლემ, თურმე, ჩვენი სუვერენიტეტიც ხელყო და ჩვენს შინაურ საქმეებში ჩაერია, ქონებრივი დავა თვითნებურად გადაიყვანა პოლიტიკურ ფორმატში.

არაერთ ასეთ სასოწარკვეთილ განცხადებას მოისმენდით ამ დღეებში, სიმწრისგან რომ ნაპერწკლები სცვივათ. ისეთი გავეშებით ლანძღავენ სტრასბურგს, ევროპას, უკვე დაავიწყდათ, რომ წინა დღით ვიზალიბერალიზაციას ზეიმობდნენ. ევროპაში უნდათ, ოღონდ გრუზინულად, თავისი წესებით.

აი, კობა ნარჩემაშვილი ისე აიჭრა, უკვე იმასღა ოცნებობს, _ მთავარია, მხარეთა უფლებები იყოს აბსოლუტურად გარანტირებული ნებისმიერ ინსტანციაშიო.

მას მხარეებად ისევ  აქეთ „რუსთავი 2“, ყარამანაშვილები და იქით ხალვაში და იმისი „პანორამა“ ჰგონია. ხალვაში სტრასბურგში აღარაფერ შუაშია. იქ მხარეები არიან „რუსთავი 2“ და ის, ვინც მანამდეც რეალურად იყო მხარე ამ დავაში _ სახელმწიფო.

ნარჩემაშვილს კი არა, აგერ, სალიასაც ისევ მხარე ჰგონია თავი ამ საქმეში. დგას და ხავსს ეჭიდება, _ მხოლოდ რამდენიმე დღით იმიტომ შეჩერდა, რომ სტრასბურგი ჩვენი მხარის ინტერესსაც ითვალისწინებსო. რა გინდა, რომ ქნა?

თვითონ ხალვაში ისეთ ღრმა ტრაგიზმშია, ჯერაც ვერ გამორკვეულა და ისევ ბუტბუტებს, _ ტელეკომპანიაში ხარჯები გაბერილია და იმაზე მეტი თანამშრომელია, ვიდრე საჭიროაო. კიდევ ვერ გაიგო, რომ ერბო დაექცა…

თინა ხიდაშელი? ჯერ კიდევ წინა დღით, ვიდრე სტრასბურგი ვერდიქტს გამოიტანდა, კვლავ თავის ჩვენებას აწვებოდა, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის ქონებრივი დავაა. გვამცნობდა კიდეც, _ ყარამანაშვილებს ვერ ვიგლოვებ, თუ გინდა, ჩამქოლეთო.

თინას შემხედვარე, ისევ სულხან-საბა გაგახსენდებოდა, ამჯერად „კუ და მორიელი“… ასე დაუფასა ამაგი გვარამიას და „რუსთავი 2“-ს. ის ყოველთვის იყო განებივრებული „რუსთავი 2“-ის ყურადღებით. კარგად გაიხსენეთ წინასაარჩევნო პერიოდი და კარგად გამოთვალეთ, იმსახურებდა თუ არა მისი პარტიის რეიტინგი იმხელა ყურადღებას, რამდენიც ჰქონდა? მაგრამ რა, დაუფასა? იტყვით, რა, მაგის გამო სიმართლეს ხომ არ შეაქცევდა ზურგსო. მაგრამ სადაა სიმართლე? სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ? გამოვიდა ტყავის შავი ხელთათმანებით, ეს ტყავის ხელთათმანები გაასავსავა და გვამცნო, სტრასბურგმა რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის სასამართლოში ღრმა პრობლემებია, ასეთი გადაწყვეტილებები სხვა ქვეყნის საქმეებზეც გამოაქვთ, ასეთი რამე ყველა ქვეყანას ემართებაო, ბრიტანელ მოსამართლეებსაც ეშლებათ ხანდახან და ამიტომაც არსებობს ეს სასამართლოო. რა თქმა უნდა, ის ვერ უარყო, რომ სტრასბურგმა საკუთრების უფლება არც ახსენა, აქცენტი პრესის თავისუფლებაზე გააკეთა და ახალი პრეცედენტი შექმნა. ისიც გვიბრძანა, რადგან შეჩერება პრესის თავისუფლების გამო გააკეთა და არა საკუთრების უფლების გამო, მოსალოდნელია, რომ ამ შეჩერებას გააგრძელებსო. მოკლედ, ფირფიტა ათამაშა, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ ჟურნალი იყო, კინოკლასიკა ის გახლდათ, თუ როგორ გადატალღ-გადმოტალღა თავისი მყარი პოზიცია 2 სუბიექტს შორის დავაზე. ახლაც მიმაჩნია, რომ ეს იყო 2 კერძო სუბიექტს შორის დავა და დარწმუნებული ვიყავი, მომჩივნის დამარცხებით დასრულდებოდა, მაგრამ რაკი ეს სასამართლო ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა, ადასტურებს, რომ ეს იყო ხელისუფლების პოზიცია და ამოცანაო. თურმე, ნუ იტყვით და წინა ინსტანციები ამაში დასარწმუნებლად საკმარისი არ იყო _ არც პროცესის მიმდინარეობით და არც გამოტანილი გადაწყვეტილებებით. რა გინდა, რომ თქვა?

აგერ, პრეზიდენტად წოდებულმა მარგველაშვილმა ისე თქვა, „რუსთავი 2“-ის გაჩერებით სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიასო, გეგონება, ამ დემოკრატიას მე ვგლიჯე, ან სხვამ და არა მისმა დანიშნულმა ქალბატონმა გვენეტაძემ… ნირი მაინც წაგიხდეს ცოტა, ან, ბოლო-ბოლო, თვალი გაგექცეს ქსოვისას…

აგერ, ქარაფებიდან უკან ამომხტარი თალაგვა კოლონკელიძის გოგო (ლალი ბადურაშვილი) ჩვეული რიხით გვამცნობდა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მივეჩვიოთ სასამართლო გადაწყვეტილების დამორჩილებას, გვარამია ვის დაჰკარგვია, ვისაც მიტინგი მოუნდება, იმის ჭკუაზე უნდა იაროს სასამართლომო? ახლა ძალიან მაიტერესებს მისი მოსაზრება სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე. მისი აზრი უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ დათო ნიკურაძეს მაინც რა დაემართა, მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტისა და იალოვეცის მოსაზრებებს რომ გვაცნობს, თალაგვას გოგოსაც ჩაეკითხოს, ტყუილად ამოხტა ქარაფებიდან?

რაკი სულხან-საბა რამდენჯერმე შევაწუხეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ უნაყოფოდ სულაც არ დამაშვრალა ევროპაში სიარულით და მისმა ძალისხმევამ ახლა ნამდვილად გამოიღო შედეგი და ტყუილად ეგონა ბატონ ბიძინას, რომ ევროპას საქართველო ფეხზე ჰკიდია. ევროპამ აჩვენა, ვინც ჰკიდია და სად…

 

 

რეზო შატაკიშვილი