ქართველ ექიმებს ევროპაში იწვევენ

ქართულ რეალობაში იშვიათად ან საერთოდ არ მოიძებნება შემთხვევები, როდესაც არა მხოლოდ ერთ ექიმს, არამედ მთელ გუნდს ევროპაში იწვევენ იმ ოპერაციების ჩასატარებლად, რომელსაც თავად ვერ ატარებენ!
სწორედ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა გასულ კვირას, როდესაც კლინიკა „Helsicore“-ს კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ქარაზანიშვილი და მისი გუნდი რუმინეთში, ტრანსილვანიაში ქალაქ კლუჟ-ნაპოკას „გულის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მიიწვიეს. მისია კი გახლდათ იქ მომზადებული რამდენიმე პაციენტისთვის მინიინვაზიური ოპერაციების ჩატარება, ამ ტექნიკის რუმინელი კოლეგებისთვის ჩვენება და მათთვის სწავლება.

„ქრონიკა+“-ის ერთგულ მკითხველს კარგად ემახსოვრება ქართველი კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი, რომელმაც იტალიაში 20-წლიანი მოღვაწეობისა და მინიინვაზიური ქირურგიის დაუფლების შემდეგ თბილისს, კლინიკა „Helsicore“-ს მოაშურა და ისიც კარგად ემახსოვრება, რომ მინიინვაზია მცირე, მაქსიმუმ, 7 სმ-იანი განაკვეთით ჩატარებულ ოპერაციებს გულისხმობს. მის მიერ ჩატარებული ოპერაციები ხშირად პრეცედენტი ყოფილა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაშიც კი!
დიახ, საქართველოში კეთდება ის, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ არის! ლევან ქარაზანიშვილმა იცის ის, რაც მსოფლიოში ბევრმა არ იცის!
მიმდინარე თვის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა კოლაბორაციას ქართულ და რუმინულ მხარებს შორის, რომლის მთავარი მიზანიც თანამშრომლობა და საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგებისთვის მინიინვაზიური ქირურგიის სწავლება გახლდათ, მისი შემადგენელი ნაწილი კი ის ვიზიტი იყო, რომლის შესახებაც დღეს უნდა გიამბოთ.
დაინიშნა ოპერაციების თარიღები, ჩამოყალიბდა იმ ადამიანების სია, რომლებიც კლუჟ-ნაპოკაში უნდა წასულიყვნენ და ჩალაგდა ის ხელსაწყოები, რომლებიც „Helsicore“-ს თავისი გუნდისთვის უნდა გაეტანებინა.
გუნდს ხელმძღვანელობდა კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი, მის გარდა კი გუნდის წევრები იყვნენ ანესთეზიოლოგი ირაკლი გოგოხია, კარდიოლოგი და პერფუზიოლოგი ნინო ყურაშვილი და საოპერაციოს უფროსი მედდა ნათია კვირტიძე. გუნდს ერთიანად და სწორად უნდა ემუშავა, რათა მაგალითი მიეცა რუმინელი კოლეგებისთვის:
„მივემგზავრებით რუმინეთში იმ მისიით, რომ იქაურ ექიმებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. მე კი იმიტომ მიმიწვიეს ჩემს გუნდთან ერთად, რომ იქ ძალიან კარგად მიცნობენ. მინიინვაზიური ქირურგიის პირველი წამყვანი სპეციალისტი ვიყავი ბუქარესტის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში. წელიწად-ნახევრის წინ კი ერთ-ერთ კონფერენციაზე, რომელიც აორტის სარქვლის ქირურგიულ მკურნალობას ეხებოდა, სესიის თავმჯდომარე გახლდით.
ეს უკანასკნელი კი თანამედროვე ქირურგიაში ნოუ-ჰაუა, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცოტა ქირურგი აკეთებს მას.
მთელი გუნდი მივემგზავრებით, ეს ოპერაციები იმ ტიპისაა, როცა გუნდური მუშაობაა უმთავრესი. მიგვაქვს მთელი ჩვენი პოტენციალი და იარაღი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა და დაგვეხმარა ჩვენი კლინიკა „Helsicore“-ს დირექცია და ხელმძღვანელობა. მათ გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით ამის გაკეთებას. დაახლოებით 50 კგ ქირურგიული ტვირთი მიგვაქვს“, _ გამგზავრების წინ აღნიშნა ლევან ქარაზანიშვილმა.
უკვე 14 აპრილს, გამთენიისას, თბილისიდან ის თვითმფრინავი გაფრინდა, რომელიც ჯერ სტამბულში, შემდეგ კი კლუჟ-ნაპოკაში უნდა დაშვებულიყო. რისკს სამედიცინო იარაღის საზღვარზე უპრობლემოდ გადატანა წარმოადგენდა. საბედნიეროდ, არანაირი პრობლემა არ შექმნილა, დაძაბულობა მალევე მოიხსნა და გუნდი დილის 11 საათზე უკვე დანიშნულების ადგილზე იყო.
მზიან, იტალიასთან დაახლოებულ და პიცის მოყვარულ კლუჟ-ნაპოკაში ჩასულებს თავად გულის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ადრიან მოლნარი და კარდიოქირურგი კატალინ ტრუფანი დაგვხვდნენ, ქართველი სტუმრები მალევე სასტუმროში დაგვაბინავეს და მცირე ხნის დასვენების შემდეგ კლინიკაში მედტურიც ჩაგვიტარეს.
„ნიკოლა სტანჩოიუს სახელობის გულის ინსტიტუტი ძალიან ტრადიციული კლინიკა აღმოჩნდა, რომელიც თავისი ფუნქციონირების საუკუნეზე მეტ დროს ითვლის და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაფინანსების წყალობით აღჭურვილობა და დანადგარები უახლესი აქვთ, მუშაობის ტექნიკა ქართველებთან შედარებით მოძველებული, სისტემა კი განსხვავებული აღმოაჩნდათ.
ძალიან საინტერესო დღე გვქონდა, ვიყავით კლინიკაში, რომელიც ამ საუნივერსიტეტო ცენტრის ერთ-ერთი ფლიგელია. ზოგადად, ეს კლინიკა უნივერსიტეტს ემსახურება, რომელიც 2500 სტუდენტს იღებს. ყოველწიურად 800-ზე მეტი ოპერაცია კეთდება და ჩვენ დღეს მათთან თანამშრომლობას იმ პროგრამაზე ვიწყებთ, რომელმაც წელიწადნახევრის შემდეგ მათ მინიინვაზიური ოპერაციების გაკეთების საშუალება უნდა მისცეს“, _ თქვა ქარაზანიშვილმა.
„ძალიან თბილი ხალხია, კარგად დაგვხვდნენ, ვფიქრობ, რომ ხვალ ყველაფერი კარგად ჩაივლის, გუნდურად ვიმუშავებთ და ერთად ვიქნებით. აღსანიშნავია, რომ ისინი სხვა ტიპის ქირურგიით მუშაობენ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ამ კუთხითაც და ჯანდაცვის სისტემის მხრივაც გაცილებით წინ ვართ, თუნდაც დაფინანსების მხრივ“, _ დაამატა ნინო ყურაშვილმა.
მედტურის დასრულების შემდეგ დაინიშნა ოპერაციის დრო: 15 აპრილი, 09:00 საათი… და ახლა უკვე ქალაქის დათვალიერებაზე მიდგა ჯერი.
პროფესორმა მოლნარმა გიდთან ერთად ღირსშესანიშნაობებისა და ქალაქის ისტორიის გაგების შესაძლებლობაც მოგვცა და გუნდიც იმ მაღალ _ ინგლისურად, გერმანულად, რუმინულად და ცოტა იტალიურად მოსაუბრე გოგონას გაჰყვა, რომელც დაუღალავად ყვებოდა ისტორიას ტრანსილვანიაზე, პრინც მათიასის დაბადების ადგილზე, მის სიმამაცესა და ცხენზე ამხედრებულ ფიგურებზე, მაგრამ აბა, დავით აღმაშენებლის ქვეყნიდან წამოსულ ქართველებს ცხენზე ამხედრებული და მე-15 საუკუნეში მოღვაწე მათიასით როგორ გააკვირვებდა და დაღლილებს ყველაზე მეტად ის ადგილი მოგვეწონა, „Casa Boema“ რომ ჰქვია და უგემრიელესი „კანჭის მენიუს“ მაგვარი კერძების ერთიანობა რომ აქვთ.
დავრწმუნდით, რომ ქართველების მსგავსად გემრიელად ჭამა აქაც ძალიან ჰყვარებიათ. მომდევნო დღეს ჩანიშნულ ოპერაციაზეც გაიმართა მსჯელობა და დილით ადრე ასადგომებმა მალევე სასტუმროს ნომრებს მივაშურეთ.

15.04.2018 კვირა. დღე I, ოპერაცია I _ აორტის სარქვლის პლასტიკა

დილის 09:00-ზე, გერმანული პუნქტუალურობით, გუნდის წასაყვანად მანქანები უკვე მოსულები იყვნენ. კლინიკაში კი ის 25 ადამიანი იცდიდა, რომელთაც მინიინვაზიური ქირურგიისა და ქართველების გუნდის ერთობლივი მუშაობის ნახვა ასე ძალიან უნდოდა, მათ რიცხვს პაციენტის გულშემატკივრები და ის სამი ადამიანიც ემატებოდა, რომელთაც ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ვიზუალურად უნდა აღგვებეჭდა, სწორი აქცენტები „დაგვეჭირა“ და ის 5-სმ-იანი განაკვეთებიც დაგვეფიქსირებინა, რომლითაც ასე აღფრთოვანდნენ იქაური ექიმები.
პირველი პაციენტი 63 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც აორტის სარქვლის პლასტიკა ჩაუტარდა. დილის 11:00 საათზე დაწყებული ოპერაცია დაახლოებით 4 საათში დასრულდა და საოპერაციოდან გამოსული, აღფრთოვანებული რუმინელი ექიმების საუბრები, რომელთაგან ვერც ერთ სიტყვას ვერ გაიგებდით (თუ, რა თქმა უნდა, რუმინულად არ საუბრობთ, ან იტალიური არ გესმით), გაფიქრებინებდათ, რომ ის საოცრება, რაც ქართულმა გუნდმა საოპერაციო ოთახში მოახდინა, პირველად ნახეს, გაოცებაც ვერ დამალეს და იმის სურვილიც, რომ ამ ტექნიკის შესწავლა დაეწყოთ.
ცალკე თემა იყო ირაკლი გოგოხიას მასტერკლასი იქაური ანესთეზიოლოგისა და უმცროსი ექიმებისთვის! თამამად შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ამ ერთი ოპერაციის დროსაც კი ძალიან სწრაფად გაიზარდნენ იქაური ექიმები და მეტის გაკეთება მოუნდათ!
პირველი ოპერაციის დასრულების შემდეგ დასვენების საათ-ნახევარი „აჩუქეს“ ჩვენს გუნდს და სწრაფად შეიყვანეს მეორე პაციენტი, რომელიც სწორედ ის 17 წლის გოგონა გახლდათ, ვინც ამ კოლაბორაციის შექმნის მთავარი მიზეზი იყო თავის დროზე.
ამჯერად, წინაგულთაშორის ძგიდის დეფექტის პლასტიკა, დახურვის ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. გარდა იმისა, რომ ოპერაციას დიდი წარმატებით უნდა ჩაევლო, ამ ჯერ კიდევ არასრულწლოვან გოგონასთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ რაც შეიძლება ნაკლები სიგრძის ჭრილობის ქონა, რათა გადატანილ მძიმე დღეებს ნაკლებად შეეხსენებინა მისთვის თავი! რა თქმა უნდა, ესეც შესანიშნავად მოახერხა ლევან ქარაზანიშვილმა და მასაც 5 სმ-იანი განაკვეთით გაუკეთა ურთულესი ოპერაცია, რომელიც, დაახლოებით, 5 საათში დამთავრდა და მიუხედავად დაღლისა, ქართველებიც და რუმინელებიც კმაყოფილად უღიმოდნენ ერთმანეთს.
საოპერაციოდან პირველ სართულზე ჩამოსულ ექიმებს ქვემოთ გოგონას მშობლები ელოდებოდნენ, რომლებიც წყლიანი თვალებით ხან ექიმ ლევანს და ხანაც პროფესორ მოლნარს ეხვეოდნენ, თავიანთ ენაზე ლოცავდნენ და ცდილობდნენ რაიმე ისეთი გაეკეთებინათ, რითაც მადლობის გადახდას შეძლებდნენ.

17 წლის ბეატრისის მამა, დორი სუსანი:
_ კლუჟ-ნაპოკადან 100 კმ-ის მოშორებით ვცხოვრობთ. ბეატრისი ჯერ 17 წლისაა, თუმცა ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდა და უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ექიმებს ამ სიკეთისთვის.

ოპერაციებსა და კოლაბორაციაში მონაწილეობდა ასევე სპეციალურად მოწვეული პროფესორი ჯორჯ ჩერინი, კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს როგორც ლევან ქარაზანიშვილთან, ისე პროფესორ მოლნართან:
_ ლევან ქარაზანიშვილს 15 წელზე მეტია ვიცნობ, ის ჯერ კიდევ ნოვარაში აღმოვაჩინე. ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდთან ერთად იტალიაში და არც გამკვირვებია, რომ ასეთივე, ერთ-ერთი საუკეთესოა იგი თქვენს ქვეყანაში! ის ძალიან ძლიერი, ჭკვიანი და ღრმა ადამიანია, ფრთხილია საოპერაციოში და აკონტროლებს სიტუაციას. თქვენთან, თბილისშიც ვიყავი, სადაც ვნახე, რომ ძალიან კარგი ცენტრი გაქვთ.
აქ კი იმიტომ ვარ, რომ სწორედ ლევანმა და ჩემმა მეგობარმა, პროფესორმა მოლნარმა მომიწვიეს ამ კოლაბორაციასთან დაკავშირებით, სურთ, რომ მინიინვაზიური ქირურგია განავითარონ აქაც. ეს ძალიან საინტერესო პროგრამაა. დიდი სიამოვნება და პატივია ჩემთვის აქ ყოფნა, ხოლო ის ოპერაციები, რაც ჩატარდა, განსაკუთრებული სირთულის მიუხედავად, შესანიშნავად დასრულდა. ეს ბრწყინვალე გუნდის ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა.

დღის ბოლოს გავაანალიზეთ, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. მომდევნო დღისთვის კიდევ 2 ოპერაცია დაიგეგმა. გარეთ უკვე ბნელოდა, თუმცა გუნდს დამსახურებული ვახშამი უნდა მიეღო და პროფესორმა ჩერინმა თავის ვაჟთან, ჯორჯთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში წაგვიყვანა, სადაც ყველამ ერთად დავაგემოვნეთ პოლენტა, რომელიც ძალიან ჰგავს მეგრულ ღომს, თუმცა ფერით განსხვავდება და ამ ყველაფერს თან თითო ჭიქა წითელი ღვინოც ერთვოდა წარმატების სიმბოლურად აღსანიშნავად ეს უკანასკნელი სულაც არ ჩამორჩებოდა ქართულს, თუმცა აღმაშენებლის არ იყოს, ღვინის ქვეყნიდან წასული ქართველების ამ სასმლით აღფრთოვანება, თავისთავად, რთული საქმე იქნებოდა.
საბოლოოდ, უკვე დაღლილებმა სასტუმროს მივაშურეთ. მეორე დღეს დილის 08:00-ზე გვიწევდა კლინიკაში მისვლა.

16.04.2018. ორშაბათი. დღე II. ოპერაცია III და IV _ კვლავ წინაგულთაშორის ძგიდის დეფექტის პლასტიკა და აორტის სარქვლის გამოცვლა.

დილის 08:00 საათზე სასტუმროს შესასვლელთან მომლოდინე მანქანებს ქართველებმაც არ დააკლეს პუნქტუალურობა და ნელ-ნელა იმ სტერეოტიპის მსხვრევა დავიწყეთ, ხუმრობით „ქართულ პუნქტუალურობას“ რომ უწოდებენ და დათქმულზე 1 საათით გვიან მისვლას ან დაწყებას რომ გულისხმობს. ჩვენსავე სასტუმროში დაბინავებულ ჩერინებსაც კი გაუკვირდათ ქართველების ამგვარი საქციელი, თუმცა თვითონ რამდენიმე წუთით მაინც დაგვასწრეს ჩამოსვლა.
კვლავ კლინიკისკენ გავწიეთ. გზად უკვე ქალაქის ქუჩების ათვისებას ვცდილობდით და ისიც აღმოვაჩინეთ, რომ კლინიკა და სასტუმრო არც ისე შორს ყოფილა ერთმანეთისგან, როგორც ეს დაღლილს გეჩვენება ხოლმე.
პაციენტის მომზადებისა და აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ ქართული გუნდი უკვე მესამე ოპერაციას აკეთებდა. საკვირველი კი ის იყო, რომ დღეს საოპერაციოში იმაზე მეტ ადამიანს მოეყარა თავი, ვიდრე გუშინ, რაც იმით აიხსნებოდა, რომ უფრო მეტ ექიმს გაუჩნდა სურვილი ამ ტექნიკისა და ქართული გუნდის მუშაობის ნახვისა და ვისაც ხელი მიუწვდებოდა ან შეეძლო ცალი თვალი მაინც შეევლო ოპერაციის მსვლელობისთვის, წამს არ კარგავდა, რომ ეს შანსი გამოეყენებინა.
ამ დროს საორდინატოროში იმაზე საუბრობდნენ თუ როგორ ოსტატურად „გამოაღვიძა“ ირაკლი გოგოხიამ წინა პაციენტი და რა დახვეწილად, ზომიერად და ზუსტად აკეთებდა თავის საქმეს ლევან ქარაზანიშვილი (ისევ ქართული სიამაყის გრძნობა შემოგაწვებოდა ადამიანს, თუმცა ამის გამოხატვისგან, რა თქმა უნდა, თავი უნდა შეიკავო!).
ამ ოპერაციამაც ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა, ისევე როგორც ბოლომ და სიკვდილზე გამარჯვებულმა ექიმებმაც თავაწეულებმა გამოაბიჯეს საოპერაციოდან.
იყო წარმატებით დასრულების სიხარული და რუმინელი კოლეგების გულწრფელი მადლიერება, იყო ქართველების რეკომენდაციები შესაძენ ხელსაწყოებთან დაკავშირებით, პირველ სართულზე კი კვლავ პაციენტის გულშემატკივრები და უკვე მათი გაცისკროვნებული სახეები, მადლიერი თვალები, ჩვენს ექიმებთან გადახვევა და მათსავე ენაზე დალოცვა!

„ჩვენი ვიზიტი დასრულებულია, დიდი გამოცდილება გავუზიარეთ კოლეგებს. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ტრადიციული საავადმყოფოა და დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, საოპერაციოც გამართულია, თუმცა მხოლოდ ტრადიციულ ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებდნენ და მათთვის ახალი სიტყვა იყო მინიინვაზია. ამიტომაც გამოცდილება გავუზიარეთ.
თვითონ ოპერაციებმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩავატარეთ აორტის სარქვლის პლასტიკის, აორტის სარქვლის გამოცვლისა და წინაგულთაშორის ძგიდის დეფექტის პლასტიკის ორი ოპერაცია. ეს ყველაფერი მინიინვაზიურად. პაციენტები ძალიან კარგად გრძნობენ თავს, გულშემატკივრები და კოლეგებიც კმაყოფილები არიან.
ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობა მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და მეტად განვითარდება.
ისტორიულად, ჩვენი ქვეყანა ევროპასთანაა დაკავშირებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩამოვედით. ვისურვებდი, რომ ბევრი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდეს ჩვენი ქვეყნიდან. მეტი ევროპა ჩვენს ქვეყანაში!“ _ ოპერაციების დასრულების შემდეგ თქვა ირაკლი გოგოხიამ.

სწორედ ამ დროს ორიოდე სიტყვის თქმა ვთხოვეთ პროფესორ ადრიან მოლნარს, ნიკოლაე სტანჩოიუს სახელობის გულის ინსტიტუტის დირექტორსა და ამ პროექტის წამომწყებს:
_ ჩვენ კოლაბორაცია დავიწყეთ ნიკოლა სტანჩოიუს სახელობის კლუჟ-ნაპოკას გულის ინსტიტუტსა და კარდიოვასკულარული ქირურგიის კლინიკასთან თბილისში. ეს ის კოლაბორაციაა, რომელსაც ორი წლის მანძილზე ვგეგმავდი და მთავარი მიზანი არის ის, რომ კლუჟ-ნაპოკას მინიინვაზიური ქირურგიის ტექნიკა გავაცნოთ. დასაწყისი ძალიან კარგია! ურთულესი ოპერაციები ძალიან წარმატებით ჩატარდა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი გუნდი ქართული გუნდისგან ბევრ კარგ რამეს ისწავლის.

მთავარი მისია შესრულებული იყო! ახლა დამსახურებული დასვენების დრო დადგა. ორშაბათი საღამო გახლდათ და კვირისგან განსხვავებით ქუჩაში ბევრი ხალხი არ ირეოდა. გადაღლილებისთვის მნიშვნელოვანი კარგად დასვენება და გამოძინება იყო, რადგან წინა დღეს ერთ-ერთი ქირურგი, სერჟ ტურტურიკა, ქართველი ტრადიციული მასპინძელი გამოდგა და „შალინა თურდას“, ანუ მარილის მღვიმის დასათვალიერებლად წაყვანა შემოგვთავაზა. აღნიშნა, ტრანსილვანიას რომ ესტუმრებით და ეს ადგილი არ ნახოთ, არ შეიძლებაო (დაახლოებით, ის ამბავია, ქუთაისში ჩახვიდეთ და სათაფლიის მღვიმე არ ნახოთ)! თან იმდენად გახარებული და აღფრთოვანებული იყო ქართული გუნდური მუშაობით, რომ უნდოდა, რაიმეთი ესიამოვნებინა მათთვის.
თბილისში გამომგზავრების დღედ 17 აპრილი ჩავნიშნეთ. ფრენა ადგილობრივი აეროპორტიდან 20:50 საათზე გვქონდა და მანამდე რაიმე ღირებულის გაკეთება აუცილებელი იყო. მარილის მღვიმეზე უკეთესს თუ ვერაფერს მოვასწრებდით, ამ ამბავსაც დავთანხმდით და, როგორც ჩანს, ნამდვილად მართალი გამოდგა ექიმი ტურტურიკა!
რაც უფრო ღრმად ჩადიოდით მღვიმეში, რასაკვირველია, მით უფრო ციოდა, სულ ბოლოს კი ბუნებრივი ტბა იყო, რომელზეც ნავითაც კი შეგეძლოთ გაგეცურათ, ოდნავ ზევით პატარა გასართობ არეებს შენიშნავდით, სადაც თავისუფლად შეგეძლოთ ტენისით, ბილიარდით, ბოულინგით, გოლფითა და კიდევ რამდენიმე სამაგიდო თამაშით გართობა. იქაურობა მართლაც ულამაზესი იყო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ცხენზე ამხედრებული წინაპრები, კარგი ღვინო ან ღომთან ასოცირებული პოლენტა კი არ გვამსგავსებს ერთმანეთს, არამედ _ ბუნებაც, მღვიმეც (მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცნობილი მარილის მღვიმეები საქართველოში არ არის) და ზოგჯერ ხასიათიც!
უკანა გზაზე გაშლილ მინდვრებს ადგილობრივი დასახლებები და სოფლები ანაცვლებდა, სადაც უბრალოდ აგურის ორსართულიანი სახლები კი არა, ლამაზად წარმოჩენილი და მოვლილი ეზოები მოგხვდებოდათ თვალში. გაგიკვირდებათ და ქალაქშიც კი, კორპუსების წინ შესანიშნავი ბაღები ჰქონდათ გაკეთებული, რომლებსაც, როგორც გაირკვა, არა ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ თავად მოსახლეები უვლის!
მარილის მღვიმის შემდეგ ქალაქში დავბრუნდით და გამომგზავრებამდე ბოლოჯერ შევიარეთ „Boema“-ში, სადაც 20 წლის აურა კვლავ მომღიმარი დაგვხვდა, სასურველი კერძებიც დაგვაგემოვნებინა და მომავალში აუცილებლად შეხვედრის იმედით კეთილი მგზავრობა გვისურვა.
აეროპორტამდე ქირურგებმა კატალინ ტრუფანმა და სერჟ ტურტურიკამ მიგვაცილეს, კიდევ ერთხელ, გულწრფელი მადლობა გადაუხადეს გუნდის თითოეულ წევრს გაწეული შრომისთვის, სწავლებისთვის, კეთილი ნების გამოხატვისა და ინსტრუმენტების ჩამოტანისთვის და თბილისში შეხვედრის პირობით დაემშვიდობნენ.

***
ფრენა კვლავ სტამბულში გადაჯდომას მოითხოვდა, სადაც 14 წლამდე მორაგბეთა გუნდის ბიჭები გავიცანით, საფრანგეთში ტურნირზე ყოფილან და ევროპის მასშტაბით მე-7 ადგილზე გასულან. „არა უშავს, მომავალში უფრო მეტს მივაღწევთო“, _ თქვეს, _ „რაგბი ჩვენი თამაშიაო“, _ დასძინეს და ჩასასხდომად გაემართნენ.
თბილისში თვითმფრინავის დაშვებას კმაყოფილებისა და სიამაყის გრძნობაც თან ჩამოჰყვა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ევროპაში მხოლოდ მომვლელებად ან შავი გზებით რაიმე სარგებლის მიღების მიზნით კი არა, კარგი საქმის საკეთებლადაც ჩავდივართ, თურმე!!! ამას კი აუცილებლად სჭირდებოდა აღნიშვნა!
მორიგი დიდი და კარგი საქმე უკვე გაკეთდა. კოლაბორაცია გრძელდება.
P. s. 17 მაისს პროფესორი მოლნარი საერთაშორისო კონფერენციას მართავს, სადაც ლევან ქარაზანიშვილის ოპერაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა იმ დარბაზში, სადაც 2500-მდე დელეგატი მოიყრის თავს! ამის შესახებ ცნობებს აუცილებლად შემოგთავაზებთ, მანამდე კი ირაკლი გოგოხიასი არ იყოს, მნიშვნელოვანი დეტალი გვახსოვდეს: „მეტი საქართველო ევროპაში და პირიქით!“

ნინო ტაბაღუა