ფული სატელიტებს, კომისიები _ „ოცნებას“: როგორ მოვიპაროთ ბიუჯეტიდან კიდევ რამდენიმე მილიონი

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო და ადგილობრივი არჩევნები ტოტალურად გააყალბა, პრაქტიკულად, ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობა შემოიღო. აწი დროა, ხელისუფლებამ სატელიტებისთვისაც მოიცალოს და, იმავდროულად, რაღაც-რაღაცები მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვისაც წინასწარ მოიმზადოს.

საუბარია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც პარტიების დაფინანსების წესში ცვლილების შეტანას ეხება. ალბათ, ყური მოგიკრავთ გია ჟორჟოლიანის ახალი კანონპროექტისთვის, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ: „როგორ მოვიპაროთ ბიუჯეტიდან კიდევ ერთი მილიონი?“
მოკლედ, სქემა შემდეგია: როგორც პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში, მეტ-ნაკლებად, ჩახედულ ჩვენს მკითხველს მოეხსენება, პოლიტიკური პარტია ბიუჯეტიდან იმ შემთხვევაში ფინასდება, თუ საპარლამენტო, ან ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იან ბარიერს გადალახავს და კვალიფიციური პარტიის სტატუსს მიიღებს. გარდა ამისა, კვალიფიციურ სტატუსს პარტია მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გაერთიანებულია ბლოკში და ეს ბლოკი გადალახავს 3%-იან ბარიერს.
კვალიფიციური პარტიის სტატუსი, საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, გულისხმობს არჩევნების წინ უფასო სარეკლამო დროს და ყველა საარჩევნო უბანზე ბიუჯეტიდან 80 ლარით დაფინანსებულ წარმომადგენელს, თუმცა ამ ორ ბენეფიტზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბროთ.
თავდაპირველად ვნახოთ, რას ნიშნავს და რა კომპონენტებისგან შედგება კვალიფიციური პარტიის საბიუჯეტო დაფინანსება. მაშ, ასე! საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს 3%-ს, ბიუჯეტიდან იღებს:
1. საბაზო დაფინანსებას, 3%-ზე 300 ათას ლარს წელიწადში, ხოლო 6%-ზე და ზევით _ 600 ათას ლარს წელიწადში;
2. არჩევნებში მიღებულ თითოეულ ხმაზე სუბიექტი იღებს 1.5 ლარს 200 ათასამდე, ხოლო მის ზევით 1 ლარს თითო ხმაზე;
3. გენდერული კვოტის დაცვისთვის, ანუ ყოველ სამ ადამიანში ერთი განსხვავებული სქესის რომ გყავს, ბარიერგადალახული სუბიექტი იღებს საბაზო დაფინანსების 30%-ს, ანუ, სულ მცირე, 90 ათასს წელიწადში, ხოლო თუ 6%-ს ასცდა, მაშინ _ 180 ათას ლარს;
4. კვალიფიციური პარტიები იღებენ ასევე ფონდის დაფინანსებას, რომელიც მიზნობრივად სემინარებსა და საგანმანათლებლო საქმიანობაში უნდა დახარჯონ. ფონდის დაფინანსება, დაახლოებით, 125 ათასი ლარი გამოდის. ეს არის ყველას ერთად მიღებული საბიუჯეტო დაფინანსება გაყოფილი ოთხზე და გადანაწილებული კვალიფიციურ პარტიებზე;
5. პარტიები, რომლებსაც პარლამენტში დეპუტატი ჰყავთ, თითოეულ მათგანზე 7200 ლარს იღებენ. შესაბამისად, მარტო საპარლამენტო უმრავლესობის 115 დეპუტატზე (ხელფასების გარდა) ბიუჯეტი გამოყოფს 828 ათას ლარს წელიწადში;
6. დაბოლოს, დამატებითი 300 ათასი ლარი წელიწადში, რომელსაც საპარლამენტო პარტიები იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ ფრაქცია აქვთ პარლამენტში. ცნობისთვის: დაფინანსების ეს კომპონენტი 2013 წლიდან შევიდა კანონში, როცა კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შემავალ ექვს პოლიტიკურ პარტიას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაფინანსება, უბრალოდ, ეცოტავა.
იმისთვის, რომ ვინმემ შეცდომაში არ შეგვიყვანოს, უნდა ვიცოდეთ, რომ საბიუჯეტო დაფინანსება ეძლევა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც გადალახავს 3%-იან ბარიერს, ხოლო მასში შემავალ პარტიებზე ეს დაფინანსება თანაბრად ნაწილდება.
ყველაზე მცირე, რაც შეიძლება 3%-იანი ბარიერის გადალახვის შემდეგ საარჩევნო სუბიექტმა მიიღოს, არ აქვს მნიშვნელობა, ერთპარტიულია ის, თუ მრავალპარტიული, ესაა, დაახლოებით, 600 ათასი ლარი წელიწადში, თვეში, საშუალოდ, _ 50 ათასი ლარი. ხოლო როცა ვსაუბრობთ რამდენიმე პარტიისგან შემდგარ სუბიექტზე, ანუ ბლოკზე, მაშინ ეს დაფინანსება თანაბრად იყოფა ბლოკში მყოფებზე. ამიტომ არიან საქართველოში ისეთი კვალიფიციური პარტიები, რომელთა ყოველთვიური დაფინანსება მხოლოდ 4-5 ათასი ლარია.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყოველივე ზემოთქმული შეეხება მხოლოდ კვალიფიციურ პარტიებს, რომლებმაც მარტო, ან სხვასთან ერთად გადალახეს 3%-იანი ბარიერი. და, აი, _ მივადექით გია ჟორჟოლიანის ახალ საკანონმდებლო იდეას იმის შესახებ, თუ როგორ დაფინანსდნენ ის პარტიები, რომლებსაც არათუ 3% არ გადაულახავთ, არამედ არჩევნებშიც კი არ მიუღიათ მონაწილეობა.
კანონპროექტის არსი შემდეგია: კვალიფიციური პარტიის სტატუსი და საბიუჯეტო დაფინანსება მივცეთ იმ პარტიასაც, რომელსაც მართალია, არ გადაულახავს 3%-იანი ბარიერი, მაგრამ მაინც ჰყავს დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში და რომელმაც, თავის მხრივ, ამ ორგანოში ფრაქცია შექმნა.
მოკლედ, კანონპროექტი იმისთვის დაიწერა, რომ როგორმე დაფინანსდნენ და კვალიფიციური პარტიის სტატუსი მიენიჭოთ „მრეწველებს“. ცნობისთვის: ეს სტატუსი „მრეწველებმა“ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაკარგეს, სადაც მათ საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ გასულ საპარლამენტო არჩევნებში ხაშურის მაჟორიტარად სიმონ ნოზაძე გავიდა. დღეს ყველას ჰგონია, რომ სიმონ ნოზაძე მაჟორიტარობამდეც პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრი იყო. არამც და არამც! სიმონ ნოზაძის პარტიულ გრაფაში მითითებული გახლდათ უპარტიო. მხოლოდ გადეპუტატების შემდეგ გახდა იგი „მრეწველიც“ და მერე, უკვე, „ქართული ოცნების“ ერთგული დეპუტატიც. თუმცა ვისი წარდგენილიც არ უნდა იყოს ნოზაძე, ყველას კარგად ესმის, რომ იგი ისეთივე ოპოზიციონერია, როგორც მე და თქვენ ჩინეთის იმპერატორი.
„ოცნებამ“ იმისთვის, რომ ბატონ სიმონს პარლამენტში არ მოეწყინა, ხუთი რჩეული დეპუტატი გამოუყო და ფრაქციაც შეაქმნევინა. ახლა კი სპეციალურ კანონსაც უწერს, რომ „ოცნების“ რჩეული დეპუტატებისგან შექმნილი ფრაქციის გამო თოფაძემ და ტყემალაძემ კვალიფიციური სტატუსი დაიბრუნონ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ერთი მილიონი საბიუჯეტო დაფინანსება მიიღონ.
მაშ, ასე! _ ჟორჟოლიანის კანონის ამოქმედების შემთხვევაში, პარტია „მრეწველები“ გახდებიან კვალიფიციურნი და ბიუჯეტიდან მიიღებენ 300 ათას ლარ ბაზურ დაფინანსებას! 300 ათას ლარს მხოლოდ იმისთვის, რომ ფრაქცია აქვთ, 43200 ლარს იმისთვის, რომ 6 დეპუტატი ჰყავთ და 125 ათას ლარს ფონდის დაფინანსებისთვის. საერთო ჯამში, პარტია, რომელსაც ერთი პროცენტიც არ გააჩნია და ისეთ ბლოკშიც კი არ ყოფილა, 3% რომ გადაელახა, საერთოდ, ბოლო არჩევნებში მონაწილეობაც არ მიუღია, ბიუჯეტიდან მიიღებს 770 000-ლარიან წლიურ დაფინანსებას. ხოლო სამ წელიწადში, ანუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ეს თანხა 2.5 მილიონ ლარს შეადგენს. აი, ასე ორიგინალურად აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ 0%-იანი პარტიების ხალხის ხარჯზე დაფინანსებას.
არ იფიქროთ, ბიძინა ივანიშვილი ისე ზრუნავს თოფაძისთვის და მისი პარტიისთვის მილიონის გადაგდებაზე, რომ თავისი ინტერესი არ აქვს ამ საქმეში ჩადებული. რა თქმა უნდა, არა. „მრეწველების“ კვალიფიციური პარტიის სტატუსით და საპარლამენტო ფრაქციით აღჭურვა ნიშნავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მათთვის დაკარგული წევრის უკან დაბრუნებას. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ „მრეწველებმა“ წევრის ყოლის უფლება დაკარგეს, კვალიფიციური სტატუსის აღდგენით კი წევრს დაიბრუნებენ და სწორედ აქაა „ოცნების“ ინტერესი. ბუნებრივია, ყველა საარჩევნო უბანზე, ყველა საოლქო კომისიასა და თავად ცესკოში „მრეწველთა“ კვოტას ხელისუფლება აითვისებს, „მრეწველები“ კი ამას სიამოვნებით დასთანხმდებიან, რადგან თვითონაც ხომ ისედაც „ქართული ოცნებისა“ და, შესაბამისად, ხელისუფლების ნაწილი არიან.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, უფრო ზუსტად, ნაღმი, რომელსაც ამ პერსონალურ ინტერესებზე მორგებული კანონპროექტის ავტორები სახელმწიფო ბიუჯეტში დებენ: როგორც ამბობენ, ეს კანონი, ჯერჯერობით, მხოლოდ პარტია „მრეწველებს“ შეეხება, სამომავლოდ კი ამით სხვაც იხეირებს. მარტივი გამოსაცნობია, რას უმიზნებს კანონპროექტის ავტორი, სოციალ-დემოკრატი გია ჟორჟოლიანი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნება“ ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ გია ჟორჟოლიანი რომელიმე მაჟორიტარული ოლქიდან გაიყვანოს მაჟორიტარად, ოღონდ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარდგინებით, აი, ზუსტად ისე, როგორც ვითომ „მრეწველი“ სიმონ ნოზაძე გაიყვანეს ხაშურში; ასევე გია გაჩეჩილაძეს გაიყვანენ მაჟორიტარად, ოღონდ „მწვანეთა პარტიის“ წარდგინებით; ზვიად ძიძიგურს _ კონსერვატორების წარდგინებით. შემდეგ ამ პარლამენტარებს „ქართული ოცნება“ თავისი სადეპუტატო კორპუსიდან ხუთ-ხუთ რჩეულ დეპუტატს გამოუყოფს და ფრაქციას შეუქმნის. ამის შემდეგ ყველა ეს პარტია, ჟორჟოლიანის მიერ დღეს შემოთავაზებული კანონპროექტის წყალობით, კვალიფიციური და საბიუჯეტო დაფინანსების მქონე აღმოჩნდება. ნუ დაგეზარებათ და მარტივი არითმეტიკით დათვალეთ, თუ რა დაუჯდება მალე ეს, მართლა, 0%-იანი პარტიები ბიუჯეტს. მათ საარჩევნო კომისიის წევრებს კი, რა თქმა უნდა, „ოცნება“ დააკომპლექტებს. შესაბამისად, ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იქნება.
ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მივიღებთ ვითარებას, რომ პარტია, რომელმაც არჩევნებზე 1%-იც კი ვერ მოაგროვა, კვალიფიციური სუბიექტი გახდება, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსების გარდა უფასო სარეკლმო საეთერო დროს მიიღებს და ყველა არჩევნებზე ეყოლება 3700 ბიუჯეტიდან დაფინანსებული წარმომადგენელი, რომელთა ხელფასიც სახელმწიფო ბიუჯეტს 370 ათასი ლარი უჯდება.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ყველაფერზე ხელის მომწერი „ქართული ოცნების“ ლიდერები და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ახალგაზრდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დღე და ღამე იმაზე საუბრობს, თუ როგორი უსამართლობა ტრიალებს ქვეყანაში და ეს პატარ-პატარა პარტიები, რომლებსაც დაბალი რეიტინგი აქვთ, საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა სხვის თვალში ბეწვს ეძებენ, მაშინ როცა საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ.
ე. ი. კობახიძე, ერთი მხრივ, იმაზე ნერვიულობს, რომ ქვეყანაში 20 კვალიფიციური სუბიექტია და მეორე მხრივ, ჟორჟოლიანის კანონპროექტს ლობირებს, რომლითაც კიდევ მრავალი, ბიუჯეტიდან დაფინანსებული 0%-იანი კვალიფიციური პარტია გაჩნდება ქვეყანაში. ასეთ საქციელს კი ოდითგანვე ვირეშმაკობა ერქვა საქართველოში _
კობახიძე ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ყველანაირი უბედურების სათავე პოლიტიკური ბლოკია, რომ ამდენი ფული ბიუჯეტიდან სწორედ ბლოკების გამო იფლანგება. არადა, ვითარება სრულიად სხვაგვარია.
ის, რომ დღეს ქვეყანაში 20 კვალიფიციური სუბიექტია და 20 პარტიაზე, დაახლოებით, ათი მილიონი გამოიყოფა წელიწადში, ესეც მხოლოდ რიცხვების ბრახაბრუხია. არაფერი კავშირი ბლოკების შექმნა-არშექმნასთან ამას არ აქვს. საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე ბლოკები საერთოდ რომ არ შექმნილიყო, ეს საბიუჯეტო ათი მილიონი არ შეიცვლებოდა. უბრალოდ, ოცის მაგივრად ეს ათი მილიონი გადანაწილდებოდა რვა პარტიაზე. საარჩევნო ბლოკში სულ ასი პარტია რომ გაერთიანდეს, 3%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ისინი, ყველა ერთად, ზუსტად იმხელა დაფინანსებას მიიღებენ, რამდენსაც ერთი პარტია, რომელიც 3%-ს გადალახავს. ასე რომ, ნურავის მისცემთ იაფფასიანი პოპულიზმით ტვინის გამოლაყების საშუალებას.
ახლა რაც შეეხება, ზოგადად, პარტიების დაფინანსების საკითხს: სტატიის კითხვა ახლავე შეუძლია შეწყვიტოს იმან, ვისი აზრითაც, პარტიები საერთოდ არ უნდა ფინანსდებოდნენ ბიუჯეტიდან, ხოლო დაზოგილი ფულით ბავშვთა სახლები უნდა დავაფინანსოთ…
რახან კითხვას აგრძელებთ, გეტყვით, რომ ასეთი მდარე პოპულიზმი 90-იანებშიც კი ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა. არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიები ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან; სადაც არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში და რა ოდენობით უნდა დაფინანსდეს პარტია ბიუჯეტიდან. რომ არა ეს დაფინანსება, პოლიტიკაში მაშინვე გაჩნდება უამრავი შავი ფული, რომელსაც ძალიან ბევრი შავი ინტერესი მოჰყვება თან. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში შავი ფულის შემთავაზებლებიც ბლომად გაჩნდება და ამ ფულის ამღებიც.
სულ სხვა საკითხია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მრავალი წელია, პარტიებისთვის რესურსების გამოყოფის საკითხებია მოსაწესრიგებელი. მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა შარშან ზაფხულში, საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კოალიციური სატელიტებისთვის უფასო სარეკლამო დროის ჩუქება გადაწყვიტა. საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანამდე სარეკლამო დრო ბლოკის ნომერ პირველ სუბიექტს ეკუთვნოდა, ცვლილებების შემდეგ კი ეს უფასო სარეკლამო დრო ბლოკის ყველა სუბიექტმა გაინაღდა. ამიტომაა დღეს ოც პარტიას რომ აქვს უფასო სარეკლამო დრო.
საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარე გასულ კვირას პარტიებს დაემუქრნენ, დაფინანსების საკითხებს უნდა გადავხედოთო, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რა მიმართულებით აპირებენ გადახედვას. ვეჭვობ, პარტიებისთვის დაფინანსების გაზრდას არ აპირებენ. რაც შეეხება შეზღუდვას, ეს კი ნამდვილად მოსალოდნელია. ტყუილად არ პოპულისტობს ირაკლი კობახიძე იმით, რომ თურმე ოცი პარტია იღებს ბიუჯეტიდან ფულს. აშკარად საზოგადოების მოტყუებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ახდენენ: რად გვინდა საერთოდ ეს პარტიები?.. რატომ უნდა ვუხადოთ ბიუჯეტიდან ფული?.. როგორც დიდმა ბიძინამ თქვა, შუა უნდა გაიკრიფოს. ივანიშვილის ამ გეგმით ქართულ პოლიტიკურ არეალში უნდა დარჩნენ მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“, ჰა, ჰა _ „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც მაშინ შეიყვანენ პარლამენტში, როცა პირველი ორი რამეზე ვერ შეთანხმდება.
არავის გაგიკვირდეთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად უცებ გამოცხვეს კანონი, რომელშიც დაფინანსების მისაღებად საჭირო ბარიერი სამის მაგივრად ხუთი, ან უფრო მეტი პროცენტით განისაზღვროს. თუ გავითვალისწინებთ პარტიებისთვის არჩევნებზე ბიულეტენების მოპარვის „ოცნებისეულ“ პრაქტიკას, ზუსტად ასეთ შედეგს მივიღებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ პარლამენტში კვლავ იქნებიან „ოცნების“ მიერ შექმნილი ფრაქციები, რომელთა წყალობითაც კიდევ რამდენიმე სატელიტი კიდევ რამდენიმე მილიონს მიიღებს 2024 წლამდე. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დღევანდელი ათი მილიონი, რომელიც ბიუჯეტიდან 20 პარტიაზე გამოიყოფა, უფრო გაიზრდება, მაგრამ მას აიღებს არა ოცი, არამედ შვიდი პარტია, თან ისეთი შვიდი პარტია, რომელიც ყველა ბიძინას ჯიბეში იქნება მოკალათებული. დანარჩენ რეალურ ოპოზიციას კი _ ხვიშტი. ხვდებით, როგორ საათივით აეწყობა ბიძინა ივანიშვილის მარადიული მმართველობა ქვეყანაში? ყველა, ვინც „ოცნების“ სატელიტი არ არის, გაზრდილ ბარიერს არ გადაალახვინებენ, ხოლო ვინც გადალახავს, პირველ სადღეგრძელოს ბიძინას კარგად ყოფნისას დალევს. მძიმე სურათია, მაგრამ აბსოლუტურად რეალისტური. და, იქნებ, ვინმემ თქვას, რომ ბატონი ბიძინა ამას არ იკადრებს?!!

დემნა ვეშაპიძე