უპასპორტო კაცის პარტია და პასპორტიანი საფრთხობელები

ჰობად მაქვს სხვადასხვა ქვეყნის მიერ გადაღებული ისტორიული სერიალების ყურება. ვიდრე გემოვნებას დამიწუნებთ და დამამუნათებთ, იმას მოგახსენებთ, რომ, ჯერ ერთი, გემოვნებაზე არ დაობენ და მეორეც, იმაზე მეტი კინოშედევრი მაქვს ნანახი, რამდენის სათაურიც თქვენ გუგლში გაქვთ წაკითხული. და იმასაც დავამატებ, რაც ზურაბ ჟვანიამ მითხრა ინტერვიუში, _ დაღლილი „ბოევიკებს“ ვუყურებ, მშვენიერი ტვინის სარეცხი საშუალებააო.

იმასაც დავამატებ, რაც საკუთარი თვალით მინახავს სრულიად გენიალურ ანა კალანდაძესთან _ მაგიდაზე მეტისმეტად ყვითელი ჟურნალი ედო.  გაკვირვება რომ შემატყო, მითხრა, _ ვკითხულობ, ვერთობიო და თქვენ წარმოიდგინეთ, იმდროინდელ საპნის ოპერებსაც უყურებდა. დღევანდელი სერიალები რომ ბევრად მაღალი ხარისხისაა, ვიდრე ამ 20 წლის წინანდელი, წესით, ეგეც გეცოდინებათ… ეს შესავალი, ასე ვთქვათ, იმისთვის დამჭირდა, მავანის „პეროს“ ფართხუნისგან რომ თავი დამეზღვია.

ჰოდა, ამ ეტაპზე, „მკვდრეთით აღმდგარ ერთუღრულს“ ვუყურებ _ სერიალს ოსმალეთის იმპერიის ფუძემდებლის _ ოსმან პირველის მამაზე. სწორედ ამ სერიალში და სწორედ იმ სერიებში, რომელსაც ახლა ვუყურებ, გაუთავებელი ლაპარაკია ერთიანობაზე ისე, რომ ხანდახან ეს ჩვენი ვაშაძე ჩავდარის ტომიდან გადმომხტარი მგონია. ოსმან პირველის მამას ჯერ იყო და დოდურგების ტომის მეთაურები ელაპარაკებოდნენ გაუთავებლად იმ ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობაზე, რომელი ერთიანობაც საბედისწერო ფაქტმა განაპირობა _ კაილებს თავს დაესხნენ მონღოლები და დაზარალებულებმა დოდურების ბანაკს შეაფარეს თავი. მათ ბანაკში გამოიზამთრეს. მერე იყო და ბიზანტიის საზღვრებთან გადასახლებულ ერთუღრულს უკვე იქაური მეზობლები _ დოდურგების ტომი ელაპარაკებოდა გაერთიანების აუცილებლობაზე და რაც მთავარია, ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც თავად იყვნენ დაინტერესებული ძლიერთან გაერთიანებით, ოღონდ ისე, რომ თავად სურდათ გაეძლიერებინათ თავისი პოზიციები და თავად ესარგებლათ, თავად სჭეროდათ წამყვანი როლი ამ გაერთიანებაში. დღესაც ასეა, _ სუსტი, გათითოკაცებული პარტიები ძლიერ პარტიას ანამუსებენ გაერთიანების აუცილებლობით, რომ თავად გავიდნენ ფონს. იქ, სერიალშიც ასეა, ამუნათებდნენ, ანამუსებდნენ, თან ერთიანობის აუცილებლობას უმტკიცებდნენ და ვის უმტკიცებდნენ? კაცს, რომელმაც შემდეგ არაერთი თურქული ტომი შემოიკრიბა საკუთარი ძლიერების გარშემო და ის საძირკველი ჩაყარა, რომელზეც მისმა ვაჟმა _ ოსმან პირველმა _ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი იმპერია ააშენა შემდგომ.

და დღეს ვის პარტიას ამუნათებენ და ვის უხსენებენ, რომ, თურმე, ბიძინა იავნიშვილმა 2012-ში არ ითაკილა და გარშემო შემოიკრიბა დაბალრეიტინგული პარტიები. „ნაცები“ კიდევ თვითკმაყოფილები და თვითდაჯერებულები გაურბიან თანამშრომლობასო. ამ აზრს ტირაჟირებენ და არ ვიცი, ავიწყდებათ თუ არ ვიცი, ცდილობენ, სხვას დაავიწყონ ეგ დაბალრეიტინგული პარტიები, რომელიც 2012-ში ივანიშვილმა შემოიკრიბა, 10 წლის წინათ სწორედ მიხეილ სააკაშვილის „ნაცმომ“ შემოიკრიბა _ იგივე კონსერვატორები თუ იგივე რესპუბლიკელები. იქნებ, რესპუბლიკელებს მაშინ შადრევნად ასხამდათ რეიტინგი?

და დღეს ვინ ვის უნდა გაუერთიანდეს და რა მიზნით? დეკლარირებული მიზანი „ოცნებისა“ და კახი კალაძის დამარცხებაა. დავიწყოთ ბოლოდან: დავუშვათ და მოხერხდა მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, დავუშვათ და სააკაშვილ-„ნაცმოს“ ელქტორატმა, სხვა პარტიების ელექტორატმა ამნეზია დაიმართა, ყველაფერი დაივიწყა და ხმა მისცა გაერთიანებულ ოპოზიციასაც და საერთო კანდიდატსაც. აი, გამარჯვების მერე რას ვშვრებით? როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთად? თუნდაც იგივე, ამ გაერთიანების დიდმა მედროშე გიორგი ვაშაძემ როგორ უნდა მოახერხოს თანამშრომლობა ევროპულ საქართველოსთან? თავად ვაშაძე არ ბრძანებდა, რომ შუძლებელი იყო ბოკერიასთან, გოგორიშვილთან, გაბაშვილთან თანამშრომლობა და ამიტომაც დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“? თავის დროზე, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, იგი მივიღე საკმარისად სარწმუნოდ იმისთვის, რომ მას პარტია დაეტოვებინა და სხვათაგან განსხვავებით, აღარ დამიწყია არც მისი ამბიციურობის ხარისხისა და არც ფინანსური საკითხების რკვევა. კი მაგრამ, თუ მაშინ შეუძლებელი იყო მათ გვერდით ყოფნა, ახლა რამ გახადა შესაძლებელი? საზოგადოებას კარგად ახსოვს იგივე ვაშაძის მიერ სააკაშვილის მისამართით გაკეთებული ყველა განცხადებაც, ცხადია, იმ განცხადების ჩათვლით, რომელშიც ის თავმომწონედ და ყინჩად აცხადებდა სააკაშვილსა და ადეიშვილზე: „ისინი გაიქცნენ, როგორც ჩანს დამნაშავეები იყვნენ. მე მათგან განსხვავებით ამ ქვეყანაში ვარ იმიტომ, რომ არც ერთი დანაშაული არ ჩამიდენია“.

როგორც ჩანს, ახლა იგი შესაძლებლად მიიჩნევს „როგორც ჩანს დამნაშავის“ პარტიასთან თანამშრომლობას და გაერთიანებას. უკაცრავად და იმ პოროშენკომ, ვის დელეგაციაშიც იგი მრჩევლად გვევლინებოდა, სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, თუ „როგორც ჩანს დამნაშავეობა“?

რატომ მოახერხეს იმ ძალებმა გაერთიანება, ვინც მოახერხა 2012-ში? იმიტომ მოახერხეს, რომ ისინი გააერთიანა პირადმა ამბიციებმა, ივანიშვილის ფულის ინტერესმა, მათ ქვეყანა ცალ „ნასკზე“ ეკიდათ და ნებისმიერს შეეკრებოდნენ, იმიტომ რომ არავისთან არ ექნებოდათ ღირებულებითი კონფლიქტი, მარტივი მიზეზის გამო _ როდესაც ღირებულებები არ გაგაჩნია და ქვეყანა „ნასკზე“ გკიდია, არც არავისთან მოგივა ღირებულებითი კონფლიქტი. და აქ, გეკითხებით, ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს? ანტირუსი პრორუსთან?

სადღაც, როგორც მწნილში ნაიხური, ისე ჩააფინეს: „რუსული ოკუპაციის მიუღებლობა“. კარგი, ბატონო, ვირწმუნებდი მაგასაც, მაგრამ ისევ ის გამახსენდა, ვაშაძე პაატა ბურჭულაძეს რომ გაუერთიანდა. იმ პაატა ბურჭულაძეს, რომელიც მაშინ რუსს ოკუპანტად იხსენიებდა და ოპერაში მიბრუნებული დღეს სამხატვრო ხელმძღვანელად მოგვევილნა სწორედ იმ ოკუპანტ ქვეყანაში…

კარგი, ბატონო, გაერთიანდით, ჩვენ ამომრჩეველმაც ხმა მოგეცით და გაიმარჯვეთ, მერე? გამარჯვებულები ერთმანეთს უნდა დაერიოთ და ჩვენ კიდევ ერთხელ ვუყუროთ, როგორ იშლებით მარტივ მამრავლებად? ანუ, უკაცრავად და, თქვენი ამოცანა რა არის, რომ როგორმე იქ მოხვდეთ? თქვენ ერთიანდებით თუ ჩვენი, ანუ ამომრჩევლების გაერთიანება გნებავთ  თქვენი „ხოშის“ გასასწორებლად? თქვენ რომც გაერთიანდეთ, ჩვენ, ანუ ამომრჩეველს, აღარც გვეკითხებით, გვინდიხართ თუ არა ასე ერთად, „ნასიპად“ შეყრილები? „ნაცმოს“ ელექტორატს აღარ ეკითხებით, უნდიხართ თუ არა ან თქვენ, ან იგივე დღევანდელი „ევროპული საქართველო“? იმ ხალხს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ საკუთარ ტყავზე იწვნია სწორედ ამ ჯგუფთან დაპირისპირება, რომელსაც დღეს „ევროპული საქართველო“ წარმოადგენს და კიდევ უფრო ადრე გული გაუტყდა თქვენზე, ახლა აიძულებთ, რომ მოვიდნენ და ხმა მოგცენ ყველას ერთად შეგროვილს? ან პირუკუ _ ელექტორატის ნაწილს, რომელიც იმ დაპირისპირებაში „ნაცმოდან“ წამოსულებს უჭერდა მხარს და დღესაც უჭერს, ეუბნებით, რომ ადგეს და ხმა მისცეს იმ გაერთიანებას, სადაც ის პარტიაა, რომელსაც ისინი გაემიჯნენ რამდენიმე თვის წინათ?

პრაიმერმა გამოავლინოს კანდიდატურაო. კარგი, ბატონო, ჩაატარეთ და იმ პრაიმერში გაიმარჯვა იქს კანდიდატმა, კონკრეტულ ამომრჩეველს კი უნდოდა იგრეკისთვის მიეცა ხმა არჩევნებში, ის ადგება და რაკი ვიღაცამ პრაიმერში ხმა მისცა იქსს და გაიმარჯვა იქსმა, ხმას მისცემს იქსს? მოვეშვათ ამ განტოლებებსაც და პირდაპირ ვთქვათ, _ „ნაცმოს“ ნახევარმილიონიან ელექტორატს უნდა ის კანდიდატი, რომელიც წამოაყენა „ნაციონალურმა“ მოძრაობამ. თქვენ დაიჟინეთ პრაიმერი და იმ პრაიმერში რომ თქვენ გაიმარჯვოთ, უნდიხართ იმ ნახევარ მილიონს? ეგ გასაგებია, რომ თქვენ გინდათ მაგ „ნახევარმილიონიანი“ ელექტორატის ხმები და ეგ გაერთიანებაც მაგიტომ მოიგონეთ და ეგ პრაიმერიც, მაგრამ იმას რატომ არ კითხულობთ, უნდიხართ თუ არა მაგ ნახევარმილიონიან ელექტორატს? და თუ ეგ ნახევარმილიონიანი ელექტორატი გნებავდათ, სად გარბოდით? რას გაქუსლეთ? რა გეგონათ, იხუვლებდა ხალხი და თქვენ გამოგყვებოდათ? ცხადია, ეგ გეგონათ ყველას, ვინც გვერდზე გაწიეთ და მერეღა მიხვდით, რომ ელექტორატი დარჩა იქ, სადაც დგას მსოფლიოში უპასპორტოდ მოსიარულე კაცი. იმ კაცს ვერ იტანთ, მაგრამ გინდათ მისი ელექტორატი. გინდათ, თორემ ეს ნახევარმილიონიანი ელექტორატი იმ კაცზე ნაკლებ არ გაღიზიანებთ… ის კი არა, ამ დღეებში სრულიად უნიკალური „სიბრძნეც“ დაბრახუნდა, _ თურმე, ნუ იტყვით და ენმ გაცილებით პროგრესული და გახსნილი იქნებოდა, რომ არა მხარდამჭრები და თურმე ნუ იტყვით და მხარდამჭერებს მძევლად ჰყოლიათ აყვანილი პარტია.

მძევლად რანაირად? ჯაჭვით ჰყავთ დაბმული ენმ? ამომრჩეველს ერთი ბერკეტი აქვს, _ მოგცეს ან არ მოგცეს ხმა. ეს თავად უნდა გადაწყვიტო, გინდა მისი მხარდაჭერა თუ არა. ანუ რა გნებავთ, თქვენ ის აკეთოთ, რაც გნებავთ და ამომრჩეველმა მაინც მოგცეთ ხმა, ისე რომ არც გიკარნახოთ, თავად რა სურს? დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს რომ მძევლობად შერაცხავენ, საერთოდ რაღაზე გინდა, რომ ელაპარაკო? მხარდამჭერები კარნახობენ პარტიას ნაბიჯებს, _ დიახ, ესაა განვითარების ახალი ეტაპი და არა ის, რომ პარტიამ რაც უნდა ის აკეთოს და მხარდამჭერები ყველა ვარიანტში თან გაჰყვნენ ცხვრებივით. არავინ არავის არ აშანტაჟებს და არავის არავინ ჰყავს მძევლად _ თუ პარტიას უნდა ამ კონკრეტული ელექტორატის მხარდაჭერა, უნდა გაიზიაროს მათი მოთხოვნები და თუ არ უნდა, ნუ გაიზიარებს, _ ვისთანაც უნდა, გაერთიანდეს და ვისთან ერთადაც უნდა, დამარცხდეს. დამარცხდეს იმიტომ, რომ დაკარგავს იმ მხარდაჭერას. დიახ, ბატონებო, იმ ელექტორატს, რომელიც თქვენ ნერვებს გიშლით, არც თქვენ უნდიხართ და არც არავინ, ვინც თქვენ გაგიერთიანდებათ. ამიტომაც უჩნდება ეჭვი ამავე ელექტორატს, რომ თქვენ გაერთიანება ივანიშვილის დასამარცხებლად და თქვენ გასამარჯვებლად კი არ გნებავთ, სწორედ დამარცხებისთვის გნებავთ, რომ ივანიშვილს გარანტირებული გამარჯვება დარჩეს, რომ სწორედ ესაა თქვენი ჭეშმარიტი ზრახვა, რომელიც გამოძრავებთ. იცით, რომ თავად გარდაუვალი მარცხისთვის ხართ განწირული და გინდათ, რომ ენმ-ც ჩაიყოლოთ. ზუსტად იცით, რომ თუ ასე ყველა ერთად შეიყარეთ, იმ ნახევარი მილიონიდან, მინიმუმ, 300 ათასი ადამიანი საერთოდ აღარ მოვა არჩევნებზე და გამარჯვება ივანიშვილს დარჩება. ანუ რა გამოდის? _ რაც თავის დროზე თქვენი წასვლით ვერ დააკელით ენმ-ს, ახლა გინდათ, რომ თქვენი მიერთებით შეუსრულოთ? ელექტორატი დაუფრთხოთ? ვეჭვობ, სწორედაც ესაა, თორემ თუ მართლა გაერთიანება და ივანიშვილის კანდიდატის დამარცხება გწადიათ, ვინმემ დაგიშალათ, რომ მხარი დაუჭიროთ ზაალ უდუმაშვილს? ენმ-ის ელექტორატი გინდათ და კანდიდატი _ არა? თუ მართლაც არც ენმ-ის კანდიდატი გნებავთ და არც ენმ-ის ელექტორატი და თქვენი ამოცანა მართლა ენმ-ის ელექტორატის დაფრთხობაა?

 

რეზო შატაკიშვილი