სოსო გოგაშვილის გედის სიმღერა

იყო დრო, „მოდულის“ შენობაზე საზოგადოებაში ლეგენდები დადიოდა და იქაურობა შიშის ზარს სცემდა საქართველოს.

„მოდულზე“ დღესაც ლეგენდები დადის, მაგრამ იქაურობას ახლა მხოლოდ დასცინიან, იმიტომ რომ ქვეყნის სპეცსამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ფარშის ყოფილი დისტრიბუტორი, სოსო გოგაშვილია, _ მეტსახელად „ანტრიკოტა“. საკუთარი ცხოვრების წესით და წარსულით ის ამირან მესხელს ჩამოჰგავს, მაგრამ მესხელისგან განსხვავებით, მუდმივად სკანდალებშია გახვეული. თუ ამირან მესხელზე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ წარსულში  „ვალუტჩიკი“ იყო და უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, ხოლო ჯარში წასვლას თავი იმ მოტივით აარიდა, რომ განცხადება დაწერა, არატრადიციული ორიენტაციის ვარ და ჯარისკაცები დამჩაგრავენო, მესხელისგან განსხვავებით, სოსო გოგაშვილმა იმას მიაღწია, რომ მისი ცხოვრების ყველა ეტაპი, ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტები, დასაქმებული ნათესავები და ცოლის ნათესავებზე გაფორმებული მიწები, საზოგადოების ფართო ფენების განხილვის საგანია. ამირან მესხელმა სპეცსამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოსტზე ისე დაასრულა მოღვაწეობა, მისი ფოტოც კი არსად გამოქვეყნებულა. როგორც მერე გაირკვა, მესხელი პირადად დადიოდა ოპოზიციის მიტინგებზე, უსმენდა ლიდერების გამოსვლებს და ხალხს ესაუბრებოდა. სხვათა შორის, ამირან მესხელის ფოტო პირველად „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა, ისევე როგორც „ქრონიკა+“ იყო პირველი მედიასაშუალება, სადაც სოსო გოგაშვილზე მასალები გამოქვეყნდა.

ფარშის ყოფილი დისტრიბუტორი, რეალურად, ძალიან საინტერესო ფენომენია. მან ამ სფეროში მოღვაწეობა „ნახალოვკაში“ დაიწყო, სადაც ერთ-ერთ მაღაზიაში ყასბად მუშაობდა. იქვე, ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მუშაობდა მისი მეუღლეც. თავისთავად, შრომა არც სათაკილოა და არც დასაცინი, სასაცილო ამ ოჯახის დღევანდელი მდგომარეობაა, _ მიუხედავად ნაშოვნი ფულისა, შეძენილი ქონებისა და ძვირფასი ნივთებისა, მათ საზოგადოებაში საკუთარი ადგილი ვერ მოიპოვეს, მთავრობაში გოგაშვილს დასცინიან და თან ემეგობრებიან მხოლოდ იმიტომ, რომ უაზრო შარს არ გადაეკიდონ.

„ნახალოვკელი“ ფარშის დისტრიბუტორი სპეცსამსახურის ყურადღების ცენტში მას შემდეგ მოექცა, რაც მეუფე იობის მრევლთან ერთად გამოჩნდა და მის ეპარქიაში სტიქაროსანი გახდა. მეუფე იობი „ნაციონალური მოძრაობისადმი“ მტრულად გაწყობილი იყო და ყველაზე მეტი აგენტი „კუდს“ სწორედ მასთან ჰყავდა შეგზავნილი. ეს „ქრონიკა+“-თან საუბარში „კუდის“ ყოფილმა აგენტმა, ზურაბ ჯორბენაძემაც დაადასტურა. „კუდის“ თანამშრომელი, რომელმაც სოსო გოგაშვილი გადაიბირა, მისივე მეზობელი გოგიტა პაპაშვილი იყო. სამაგიეროდ, მას ფინანსურ პოლიციაში ის ვალები ჩამოაწერეს, რომელიც ხორცის მაღაზიაში დაედო. გოგაშვილის აქტივშია „ყინწვისის ბიჭების“ ჩაშვება, მათთან ერთად „კუდში“ ორი ბერიც წამოიყვანეს, რომელთაც ორი დღე და ღამე სცემდნენ და მეუფე იობის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მეუფე იობმა ჩამშვების ვინაობა იცის, სწორედ ამიტომ სძულს გამორჩეულად იგი სოსო გოგაშვილს. სუს-ში დანიშვნისთანავე პირველი, რაც მან გააკეთა, მეუფე იობს ეპარქია გაუყო და მეორე ნახევარში მისივე ცოლის ნათესავი, სვიმონი დასვა მეუფედ.

„კუდის“ აგენტობა ყველაზე მძიმე დამღა აღმოჩნდა სოსო გოგაშვილისთვის, _ ის იმ შენობაში დასაქმდა, სადაც ზუსტად იცოდა, რომ მუშაობდნენ ადამიანები, რომლებმაც მისი წარსული იცოდნენ, არქივში მისი აგენტურული საქმე ინახებოდა, რომლის ასლიც ზუსტად იცის, რომ გატანილია და კოშმარები სტანჯავს, ეს საქმე „ქრონიკა+“-ის ხელში არ აღმოჩნდეს. „მოდულის“ შენობაში მას ხელმძღვანელად არ აღიარებენ. არ ვიცი, იცის თუ არა, მაგრამ ბოლო სკანდალების შემდეგ თანამშრომლები უკვე დაუფარავად აგინებენ დერეფნებში. ის, რეალურად, მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს ენდობა, მათ შორის, არიან შოთა ჭანუყვაძე და ლაშა მამულაშვილი. ბოლო სკანდალი, რომელშიც მათთან ერთად გაეხვია, ისევ ხორცს უკავშირდება: თელეთში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა 65 000 ლარის ღირებულების ხორცი ჩააბარა და მას მხოლოდ 10 000 გადაუხადეს. ამ საქმეში სოსო გოგაშვილს სწორედ აღნიშნული თანამშრომლები ეხმარებოდნენ.

სოსო გოგაშვილი ახსოვთ „ქართული ოცნების“ „ახალგაზრდულში“. 42 წლის კაცი „ახალგაზრდული“ ორგანიზაციის იქით ვერ დაწინაურდა. ის და დიტო სამხარაძე არჩევნების პერიოდში პლაკატების გამკვრელებად მუშაობდნენ და, ძირითადად, „ოცნების“ ოფისის წინ ბორდიურზე ისხდნენ. სწორედ ამ დროიდან განსაკუთრებულად ვერ იტანს ის გელა ხვედელიძეს, რადგან ზუსტად იცის, რომ ხვედელიძის განკარგულებით არ აკარებდნენ მას „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, აგენტმა გოგაშვილმა საარჩევნო პერიოდში „კუდს“ მნიშვნელოვანი სამსახური ვერ გაუწია. ის ერთადერთხელ დაფიქსირდა საჯაროდ „ქართული ოცნების“ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც მხოლოდ ერთხელ მოხვდა კადრში და ისიც _ პირახვეული.

„ქართულ ოცნებაში“ იმასაც იხსენებენ, რომ გოგაშვილს ხუთზე მეტ ადამიანთან კომუნიკაცია არ შეუძლია, იბნევა და აზრის სწორად გადმოცემას ვერ ახერხებს. მეტიც, მას აქვს აგენტისთვის დამახასიათებელი ერთი მთავარი თვისება, რასაც აქტიურად იყენებდა `ქართული ოცნების” ოფისშიც _ მუდმივად ხლართავდა ინტრიგებს და თან ისე, რომ მისი ნათქვამის მოწმე მხოლოდ ერთი ადამიანი იყო და არავინ _ სხვა.

სოსო გოგაშვილის აღზევება ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის სახელს უკავშირდება. შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მან  გოგაშვილი მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ჯანყარაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ უფროსიც გახდა. სწორედ ამ პერიოდში „ქრონიკა+“ აქტიურად წერდა ვარციხის სპეცოპერაციაზე, რომლის მონაწილე მაღალჩინოსნები, მათ შორის, ოპერაციის ხელმძღვანელი ლევან კახიანი, ძალოვან უწყებაში მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. ამ საქმეზე იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის თანამშრომელთან სერიოზული კამათი მომივიდა, რომელმაც გაუგონარი სითავხედით შეურაცხყოფა მომაყენა. სწორედ ამ ფაქტის გამო მივმართე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და რამდენიმე დღეში დაკითხვაზეც დამიბარეს. აღარ მახსოვს იმ თანამშრომლის გვარი, რომელიც გამოკითხვას ატარებდა, მაგრამ მას, ალბათ, ახსოვს, როგორ შემოვიდა ოთახში მისი უფროსი, სოსო გოგაშვილი, გამეცნო და მითხრა, რომ ყურადღებით კითხულობენ ჩემ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს და პირობაც მომცა, რომ ყველა კრიტიკულ მასალაზე შესაბამისი რეაგირება ექნებოდათ. ეს იყო ჩემი და სოსო გოგაშვილის პირველი და უკანასკნელი შეხვედრა, არც მეგობრობა შემითავაზებია, არც სამსახური. (ჩემი მეგობრების მტერი ვერ იქნება ჩემი მეგობარი) რამდენიმე დღეში ლევან კახიანი თანამდებობიდან გადააყენეს. სწორედ ამის გამო გენერალურმა ინსპექციამ ჩემი საჯარო მადლობაც მიიღო, რომელიც, თუ კარგად მოძებნიან, ახლაც დევს ფეისბუქის ჩემს გვერდზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ გოგაშვილისა და კახელების კლანის გზები, გარეგნულად, თითქოს, გაიყარა, მაგრამ სუს-ის უფროსის მოადგილე პერიოდულად მაინც ნერვიულობდა ალექსანდროვიჩის (თამაზაშვილი) ბედზე, თავქუდმოგლეჯილი მეძებდა პანკისში, სადაც ჩემი ჩასვლის ამბავი ჯოყოლოს ქრისტიანულ ტაძარში გამოქვეყნებული ფოტოების მერე გაიგო. ნერვიულობდა, რომ თამაზაშვილზე მასალები არ მომეპოვებინა. არადა, პანკისში ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალების გარკვევა უფრო საინტერესო იყო, ვიდრე თამაზაშვილის წარსულის, თუმცა ჩემი მეგობარი ქისტები ალექსანდროვიჩის ბიზნესინტერესებზეც ბევრს მიყვებოდნენ.

კახელების კლანი ხმაურიან დაჭერებს ელოდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ისინი ხელისუფლებასთან უჩა მამაცაშვილის მეშვეობით დალაგდნენ. ჯანყარაშვილის წილების შესახებ უჩა მამაცაშვილს დეტალური ინფორმაცია სწორედ სოსო გოგაშვილმა მიაწოდა და ასე დაიწყო მისი ნდობის მოპოვება.

დღეის მდგომარეობით, გოგაშვილის დაცვა უჩა მამაცაშვილს სულ უფრო მეტად უჭირს, მის სახელს არაერთი კორუფციული სკანდალი დაუკავშირდა, სუს-ის უფროსის მოადგილე ამ პერიოდში კორუფციით და ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებული ფულით შეძენილ ქონებებს ცოლის ახლო ნათესავებზე აფორმებს, მასთან მეგობრობას ყველა გაურბის, მათ შორის, მისივე უშუალო უფროსი ვახტანგ გომელაური. სამაგიეროდ, მისივე ინიციატივით დაუნათესავდა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და მესამე შვილი მოუნათლა. გარდა ნათელ-მირონობისა, ის, ფაქტობრივად, აკონტროლებს კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მისი უშუალო ინიციატივით შეინარჩუნა თანამდებობა რამაზ თარაშვილმა, რომელიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მთავარი სამმართველოს უფროსად თამაზ თამაზაშვილის უშუალო რეკომენდაციით დაინიშნა. ექსპრემიერის სიმამრს, რომელიც, თავის დროზე, პანკისსა და საქართველოზე გამავალი ნარკოტრასის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ამ თანამდებობაზე სწორედ მორჩილი და სანდო კადრი სჭირდებოდა. გარდა იმისა, რომ თარაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნაში, ჩვენი წყაროს  ინფორმაციით, 50 000 $ გადაიხადა, ის თამაზაშვილის ყველა დავალების უსიტყვო შემსრულებელია. იგივე წყარო ამბობს, რომ რამაზ თარაშვილის ყოფნა ამ თანამდებობაზე არის გარანტი იმისა, რომ თბილისში ნარკოტიკების რეალიზაციას არაფერი შეუშლის ხელს, რის სანაცვლოდაც მას ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდური თანხა მისდის წილის სახით.

სხვათა შორის, რამაზ თარაშვილი, მეტსახელად „შტანგა“, ის ადამიანი გახლავთ, რომელიც გოგაშვილისა და კახელების დავალებით პირადად ხელმძღვანელობდა ჩემი შვილის დაკავების სპეცოპერაციას, _ მისი მანქანიდან გადმოიტანა ორი პაკეტი ფხვნილი ზურაბ ვასაძემ რეზინის ხელთათმანებით და ჩემს შვილს თავხედურად ჩაუტენა ქურთუკის ჯიბეში. ამ სპეცოპერაციაში თამაზაშვილ-გოგაშვილის კიდევ ერთი კადრი,  მიხეილ ჩივიაშვილი მონაწილეობდა. ჩივიაშვილი, ჯერ კიდევ, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ცნობილი ჩამდები იყო, ხოლო კიდევ ერთი პოლიციელი, არჩილ ოქრუაშვილი, ჩემი შვილის ნარკოლოგიური ექსპერტიზის დროს ექიმ ნარკოლოგზე ზეწოლას ცდილობდა, რომ მის ანალიზებს  ნარკოლოგიური თრობა ეჩვენებინა, მაგრამ სახალხო დამცველისა და პროკურორის თანდასწრებით მან ეს ვერ შეძლო. ჩამდებების ბრიგადის კიდევ ერთი აქტიური წევრი არჩილ ოქრუაშვილიც თამაზაშვილის დროინდელი ძაღლია. არჩილ ოქრუაშვილმა სცემა ჩემი შვილი დაკავებისას, წამოახურა თავზე კაპიშონი და მიწაზე დაგდებულს მობილური ტელეფონით ფოტოც გადაუღო. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ოქრუაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, ვის გაუგზავნა ჩემი ნაცემი შვილის ფოტო? ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე კუკური წივწივაძეა, რომელიც ჩემი შვილის დაკავების სპექტაკლში ოპერატიული ინფორმაციის ავტორადაა დასახელებული. იყო დრო, კუკური წივწივაძე სამტრედიის პოლიციაში სკამზე დამდგარი სვამდა ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს, მას მეტსახელად „ბიძინიჩს“ ეძახდნენ, თუმცა 2012 წლის ოქტომბერში „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, კუკური წივწივაძე თანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის სახელით დაემუქრა, ის ფეხქვეშ გაიგდეს და გვარიანადაც სცემეს. მოგვიანებით, კუკური სიდედრის გვარის გამო დააწინაურეს და მოსმენებიც ჩააბარეს. ძალოვან უწყებას, ორი პოლიციელის ჩვენების გარდა, არც ერთი სამხილი არ აქვს ჩემი შვილის წინააღმდეგ, მათ ვერ წარმოადგინეს ვერც დაკავების კადრები, ვერც სხვა სახის აუდიო და ვიდეო მტკიცებულება. სწორედ ამიტომ, ამ ბოლო დროს, ჭორების გავრცელების უცნაურ ხერხს მიმართეს _ სამტრედიელი პოლიციელი ზაზა რევიშვილი ყველა მის ძველ ნაცნობს პირად შეტყობინებას უგზავნის, რომ ჩემი შვილი ნამდვილად დამნაშავეა, რომ პოლიციელები ღვთის წინაშე მართლები არიან: „ტყუილად რომ ლანძღავთ და აგინებთ იმ ბიჭებს, მათი ვალია, დანაშაული აღკვეთონ და მათ ეს სრულიად კანონის ჩარჩოებში მოქცევით გააკეთეს“, _ ესაა ციტატა ზაზა რევიშვილის გზავნილიდან. ეტყობა, კუკური წივწივაძის ახლო მეგობარს კანონის ფარგლებში მოქცევა ის ფაქტი ჰგონია, რომლის გამოც თავად პოლიციიდან გააგდეს, როცა მატარებლიდან ნასვამი კაცი ჩამოსვა, გაჩხრიკა და რევიშვილმა საფულიდან ფული მოჰპარა. ქურდობისთვის დათხოვნილი ზაზა რევიშვილი პოლიციაში „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა და სწორედ ამიტომ აქტიურად იყენებს მას ჩემი შვილის წინააღმდეგ ჭორების გასავრცელებლად. ძნელი წარმოსადგენია, კიდევ რამდენი სიბინძურის გავრცელება და გაკეთება შეუძლია ადამიანს, რომელიც ასე დავალებულია ხელისუფლებისგან.

სოსო გოგაშვილმა ჩემთან ბრძოლა პირწმინდად წააგო როგორც პიარის, ისე მორალური უპირატესობის თვალსაზრისით. ჩემი შვილის დაკავება ნუგზარ ფოფხაძის რჩევით მოხდა და მოკლევადიან ეფექტზე იყო გათვლილი. დედა იქნებოდა დემორალიზებული, შვილს მიეკერებოდა ნარკოტიკების რეალიზატორისა და მომხმარებლის იარლიყი და „ქრონიკა+“ აღმოჩნდებოდა სწორედ მამაცაშვილ-ფოფხაძის ხელში.

სპეცსამსახურის მუშაობის სპეციფიკა ის გახლავთ, რომ ობიექტი, რომლის მიმართაც სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებას აპირებ, შესწავლილი გყავდეს და მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი კარგად იცოდე. სოსო გოგაშვილს ამას ვინ ასწავლიდა? _ ის უჩა მამაცაშვილის წყალობით რამდენიმე თვეში გახდა სუს-ის უფროსის მოადგილე. ჩემთან სწორედ აქ შეეშალა _ ვერ გათვალა, რომ შვილის დაჭერის მიუხედავად, არ შევეპუებოდი და მეტიც, ამ სადამსჯელო ოპერაციას მასკარადად გადავუქცევდი. არადა, ასეც მოხდა, დაკავების ადგილას მოწმე შორენა ლალიაშვილის მიერ გადაღებულმა ფირმა მღებრიშვილის უწყებას ჩემი შვილის საქმე თავზე ჩამოამხო, პოლიციელების წინააღმდეგ სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებაზე კი გამოძიება მიმდინარეობს. დღეს იქნება თუ ხვალ, სპეცოპერაციაში მონაწილე რომელიმე პოლიციელი საკუთარი ტყავის გადასარჩენად აუცილებლად ალაპარაკდება და მოყვება, ვისი დავალებით ჩაუდეს ჩემს შვილს ნარკოტიკები.

დავით ხარშილაძის საქმე დამოკლეს მახვილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. რაც არ უნდა სირაქლემის პოზა დაიჭირონ მათ, რეალურად, ეს პოლიტიკური ქეისი მათი განაჩენის ერთ-ერთი პუნქტი იქნება. სწორედ მოძრაობა „არა ჩადებას“ დამსახურებაა ის, რომ მიხეილ თარაშვილისა და ჩემი შვილის დაკავების შემდეგ პოლიციის მხრიდან სადამსჯელო წნეხი ნელ-ნელა შემსუბუქდა და სულ უფრო და უფრო ნაკლებად ისმის ინფორმაციები ნარკოტიკების ჩადებაზე.

 

რა ბედი ელის სოსო გოგაშვილს?

ის არის ჩინოვნიკი, რომელმაც სკანდალების მხრივ ყველა რეკორდი მოხსნა. მართალია, ზვიად კვაჭანტირაძემ და გია ვოლსკიმ გოგაშვილი ცალყბად, მაგრამ მაინც დაიცვეს, სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ბოლო განცხადებას აშკარად აკლდა რიხი _ მას აღარ უთქვამს, რომ სოსო გოგაშვილს არ მოხსნის, თქვა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა და დასძინა, რომ გოგაშვილის ნათესავებს უფლება აქვთ, საკუთარი ბიზნესი ჰქონდეთ.

ვახტანგ გომელაურს შევახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილის ცოლისდა, ხათუნა მარტყოფლიშვილი, ქვრივია, მას არანაირი ბიზნესი არ აქვს, მათ შორის, არც მემკვიდრეობით, მეუღლე ტაქსის მძღოლი იყო და გარდაცვლილია. მისი მოადგილის ნათესავებზე გადაფორმებულ ქონებას კი, მინიმუმ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია ჰქვია… მაგრამ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გომელაურს გოგაშვილი სწორედ არადეკლარირებული ქონების გასაჯაროებით აშანტაჟებს, ამიტომაცაა ასე ფრთხილი შეფასებებში სუს-ის ფორმალური უფროსი.

საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის ვერდიქტს ელოდება. ვინ, ვინ და მათ კარგად იციან, რომ გომელაური დამოუკიდებლად, ივანიშვილის გარეშე, გოგაშვილს ვერც მოხსნის და ვერც თანამდებობაზე მისი დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს. მოქალაქის ვერდიქტის შემდეგ უმრავლესობა ან ერთხმად დაიცავს სოსო გოგაშვილს, ან ერთხმად დაგმობს.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სოსო გოგაშვილს იმდენად არ უყვარს საკუთარი წარმომავლობის გახსენება, საკუთარ ნათესავებს, თითქმის, არ სწყალობს. ამის ნათელი დასტურია მისი და მაია გოგაშვილი, რომელიც ნაქირავებ მიწურში ცხოვრობს „ნახალოვკაში“. საკუთარი ნათესავებიდან მას მხოლოდ ბიძაშვილის, მარინა გოგაშვილის შვილები ჰყავს დასაქმებული: გიორგი კევლიშვილი სამცხე-ჯავახეთის სუს-ის უფროსია, ხოლო მისი ძმა, ზაქრო კევლიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში ჭიდაობის ააიპის ხელმძღვანელია. სწორედ ამ უკანასკნელის კანდიდატურის დაყენებას აპირებს გოგაშვილი თელავის მერად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. თელავში იკვეთება მისი და ირაკლი სესიაშვილის ინტერესები. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ სწორედ სოსო გოგაშვილმა გამოიტანა საჯაროდ ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებული მიმოწერა. სხვა შემთხვევაში, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას არ გაუჭირდებოდა იმ პირის დადგენა, ვისაც სესიაშვილის შვილის მიმოწერაზე წვდომა ჰქონდა. ის ახლა გამოვლენილიც იქნებოდა და დაკავებულიც.

გოგაშვილის მიერ დასაქმებული ცოლის ნათესავებისა და მეგობრების თანამდებობები, ამ დროისთვის, ასე გამოიყურება:

მისი მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მუშაობდა, მოგვიანებით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში გადავიდა; სამაგიეროდ, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მუშაობს გოგაშვილის ცოლისდა, ქეთი მარტყოფლიშვილი; მესამე ცოლისდა, ნინო მარტყოფლიშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელია; ასევე ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მუშაობს სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი ცოლისდის, ხათუნა მარტყოფლიშვილის ვაჟი, ბექა ხელაშვილი; ამავე კომპანიაში დაასაქმა გოგაშვილის ცოლმა მისი მეგობარი ნანა ჟვანია; ერთხანს გოგაშვილის ცოლისძმაც აქ მუშაობდა, თუმცა როგორც მისი მეუღლე ამტკიცებს, გიორგი მარტყოფლიშვილი ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროშია დასაქმებული; გენერალურ ინსპექციაში მუშაობს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი ნინო; მისი მეუღლის დანიშვნა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში იგეგმებოდა, მაგრამ, ამ ეტაპზე, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სიმამრმა სიძეს რამდენიმე ბიზნესი ჩააბარა და ორი ბინაც უყიდა;

სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი ცოლისდის, ნათია მარტყოფლიშვილის ქმარი, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ნარკოტიკებით დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ ისე გაუშვეს, ეს ამბავი არც გახმაურებულა;

სოსო გოგაშვილის ცოლის ბიძაშვილი, გივი მარტყოფლიშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტში გადასახადების ღონისძიებათა სამმართველოს უფროსის მოადგილეა, სწორედ მისი მეშვეობით იღებს გოგაშვილი ინფორმაციას ამა თუ იმ ბიზნესის ბრუნვისა და შემოსავლების შესახებ და მისივე მეშვეობით აჯარიმებენ არასასურველ ბიზნესმენებს.

რამდენად საშიშია სოსო გოგაშვილი ხელისუფლებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ უჩა მამაცაშვილის დავალებებს პირადად ის ასრულებდა? ბუნებრივია, გოგაშვილის ხელში ბევრმა ინფორმაციამ მოიყარა თავი. უჩა მამაცაშვილს განსაკუთრებით ის ფინანსური კომბინაციები აშინებს, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან ჩაატარა, ასევე სახიფათოა მისთვის რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობის დეტალები, რომლის გახმაურებითაც, ბოლო ხანს, სოსო გოგაშვილი დაუფარავად იმუქრება. მოკლე დროში აღზევებული მდაბიო სერიოზულ თავსატეხად გადაიქცა უჩა მამაცაშვილისთვის. ის ძალიან კარგად ხვდება, რომ გოგაშვილი გელა ხვედელიძე არ არის, რომელიც მეოთხე წელია, თანამდებობიდან წამოსულია და ამ დრომდე კულუარებში მიმდინარე პროცესებზე სიტყვაც არ დაუძრავს. გოგაშვილი საფრთხეა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ორივე სპეცოპერაცია, _ ჩემი შვილის დაკავება და გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ორგანიზება, _ ჩაუვარდა.

ამ ეტაპზე ყველაზე რთულ მდგომარეობაში სწორედ უჩა მამაცაშვილია. სოსო გოგაშვილი მისი პროტეჟეა, მის მარჯვენა ხელად მიიჩნევენ და ყველაზე ნაკლებად სწორედ მამაცაშვილს უნდა, გახმაურებულ სკანდალებში მისი გვარი ფიგურირებდეს. ის რუხი კარდინალია და ფულის კეთება მშვიდ ვითარებაში ურჩევნია.

უჩა მამაცაშვილს ორი გამოსავალი აქვს _ ან თანამდებობაზე შეინარჩუნოს სოსო გოგაშვილი და მუდმივად აიტანოს მისი შანტაჟი, ან უარი თქვას მის მფარველობაზე. სოსო გოგაშვილს ფარშის დისტრიბუციისა და კარის ინტრიგების გარდა სპეცსამსახურის მუშაობის სპეციფიკასა და პოლიტიკის კულუარებში თამაშის წესებზე წარმოდგენა რომ ჰქონდეს, აუცილებლად იფიქრებდა, რომ მას კვალში უკვე უდგანან, მისი ფინალი ან ციხეა, ან უბედური შემთხვევით სიკვდილი. სკანდალებში გახვეული, ინფორმაციის მატარებელი მაღალჩინოსანი ყველასთვის არასასურველი მოწმეა.

 

ელისო კილაძე