სკანდალი საქართველოს ჰიმნის გარშემო

საქართველოს ჰიმნი სკანდალის მიზეზი ხდება _ ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი საქართველოს ჰიმნის შეცვლის იდეით გამოდის. როგორც ყანჩელი ამბობს, არსებული ჰიმნი აკომპანემენტის გარეშე საკმარისად ძნელი სამღერია, თუმცა საპირისპიროს აცხადებენ მომღერლები.
მისივე თქმით, კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის მიერ XX საუკუნის დასაწყისში შექმნილი „სამშობლოს“ პირველი ნახევარი წარმოადგენს სრულყოფილ, ადვილად სამღერ (თანხლების გარეშე), სიმარტივითა და, ამავე დროს, დიდებით აღსავსე ბრწყინვალე ჰიმნს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გია ყანჩელმა მიმართვა გაავრცელა, რომელსაც „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ:

„თითქმის მივაღწიე 83 წელს. მესმის, რომ ჩემი ქვეყნის გაერთიანებას მე ვერ მოვესწრები. ვფიქრობ, რომ გაერთიანებულ ქვეყანას დაამშვენებდა სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და, ამავე დროს, ადვილად სამღერი სახელმწიფო ჰიმნი. ჩემი, როგორც მუსიკოსის დამოკიდებულება არსებული ჰიმნის მიმართ, სამწუხაროდ, საკმარისად კრიტიკულია.
ჰიმნის შემქმნელი ბატონი იოსებ კეჭაყმაძე გახლავთ ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის რეფორმატორი. მის მიერ შექმნილი საგუნდო ნაწარმოებები ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. რომ არა მისი განსაკუთრებული თავმდაბლობა, მას არ დასჭირდებოდა ზაქარია ფალიაშვილის თემების გამოყენება და იგი შექმნიდა საქართველოს სრულყოფილ ჰიმნს.
ზაქარია ფალიაშვილის თემები შესანიშნავია, მაგრამ ჰარმონიული თანხლების (აკომპანემენტის) გარეშე საკმარისად ძნელი სამღერია. რამდენიმე წლის მანძილზე ვაკვირდები შემდეგ გარემოებას: ჩაწერილი ჰიმნის ჟღერადობა სავსებით მაკმაყოფილებს, ამავე დროს, თანხლების გარეშე მისი მოსმენისას მიჩნდება არა მხოლოდ უკმარისობის, არამედ უხერხულობის გრძნობა.
არსებობს ერთადერთი გამოსავალი: კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის მიერ XX საუკუნის დასაწყისში შექმნილი „სამშობლოს“ პირველი ნახევარი წარმოადგენს სრულყოფილ, ადვილად სამღერ (თანხლების გარეშე), სიმარტივითა და, ამავე დროს, დიდებით აღსავსე ბრწყინვალე ჰიმნს. ამ ადვილად დასამახსოვრებელ მელოდიას ერთი მოსმენითაც კი დაიმახსოვრებს და გაიმეორებს ყველა, მათ შორის, საბავშვო ბაღის აღსაზრდელიც.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ნიკოლოზ რაჭველი (ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი) და სვიმონ ჯანგულაშვილი (საპატრიარქოს ვაჟთა მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი) მოესწრებიან ჩემთვის ნანატრ დღეს და საკადრისად განახორციელებენ ჩემს ოცნებას. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ახალი ჰიმნისთვის სიტყვების შექმნა დავით მაღრაძემ ითავოს.

პატივისცემით, გია ყანჩელი“.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ ქართული ესტრადის მომღერლები და არა მარტო ისინი გია ყანჩელის ამ ინიციატივაზე? კითხვაზე, უნდა შეიცვალოს თუ არა საქართველოს ჰიმნი, რესპონდენტთა უმრავლესობამ განაცხადა, _ არა.

ეკა კვალიაშვილი, მომღერალი:
„მე, როგორც მუსიკოსს, ძალიან მომწონს საქართველოს ჰიმნი და ვფიქრობ, რომ არ უნდა შეიცვალოს. შესასრულებლად ძალიან კარგია და კარგად მოსასმენი“.

ნუკრი კაპანაძე, მომღერალი:
„ეს არის ფალიაშვილის მუსიკა, რაზეც იოსებ კეჭაყმაძემ გააკეთა არაჩვეულებრივი ჰიმნი. ადამიანი, რომელიც არის უდიდესი, მსოფლიო რანგის მუსიკოსი. ეს არის ულამაზესი ჰიმნი. ამ ჰიმნის შესრულების დროს უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ჰიმნი, რომელსაც ერთდროულად მოაქვს ძალიან დიდი სიხარული, ემოცია და სევდა. ქვეყანას წარმოაჩენს არაჩვეულებრივად და სამღერლად არის ძალიან ადვილი, მელოდიური და სასიამოვნო. ჰიმნიც მომწონს და საქართველოს დროშაც“.

ეკა მამალაძე, მომღერალი:
_ რატომ უნდა შეიცვალოს ჰიმნი? თქვენგან მესმის პირველად.
_ ბატონმა გია ყანჩელმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ გაერთიანებულ ქვეყანას დაამშვენებდა სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და, ამავე დროს, ადვილად სამღერი სახელმწიფო ჰიმნი. თქვენი აზრით, უნდა შეიცვალოს თუ არა საქართველოს ჰიმნი?
_ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს ჰიმნი ძალიან მომწონს.

ვერიკო ტურაშვილი, მომღერალი:
_ არ ვიცი, საერთოდ არ მიფიქრია ჰიმნის შეცვლაზე, რადგან ჩვენი ჰიმნი ძალიან მომწონს. რატომ უნდა შეიცვალოსო?
_ რთულად შესასრულებელი არისო და თქვენთვის რამდენად რთულია საქართველოს ჰიმნის შესრულება?
_ კონცერტზე არასდროს შემისრულებია საქართველოს ჰიმნი, თუმცა მიმღერია და დიდი სიამაყით.
_ მოგწონთ საქართველოს ჰიმნი?
_ რა თქმა უნდა, მომწონს. ჩემში ძალიან დიდ პატრიოტულ გრძნობებს იწვევს და ჰიმნის შეცვლის საჭიროებასაც ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, ყოველი მთავრობის ცვლილების მერე ჰიმნი არ უნდა იცვლებოდეს.

ნინო ჩხეიძე, მომღერალი:
_ ძალიან მომწონს საქართველოს ჰიმნი და ვფიქრობ, რომ რაც კი ყოფილა აქამდე, ყველაზე კარგი, წარმოსადეგი და ღირსეული ჰიმნი გვაქვს, რომელიც ძალიან მარტივია და დასამახსოვრებელი. ხშირად მიმღერია და პირადად ჩემში ძალიან პატრიოტულ გრძნობას იწვევს ჩვენი ჰიმნი. ძალიან არ მინდა, რომ შეიცვალოს.
_ გია ყანჩელი ამბობს, რომ საქართველოს ჰიმნი რთულად შესასრულებელია. თქვენ რამდენად გერთულებათ?
_ ჩემთვის ძალიან მარტივი შესასრულებელია, თუმცა ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ გია ყანჩელს, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან კარგი ჰიმნი გვაქვს.

ნინო ჩხიკვაძე, კომპოზიტორი:
„დიდი თუ პატარა ყველა ამ ჰიმნს მღერის და ვერ ვხვდები, რატომ უნდა შეიცვალოს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის იოსებ კეჭაყმაძის მიერ გაკეთებული ჰიმნი ფალიაშვილის მუსიკაზე. თუ ფალიაშვილს ან კეჭაყმაძეს რამეს უწუნებენ, ეგ უკვე ძალიან სასაცილოა. მაგის განხილვაც კი არ მსურს. ამ ჰიმნს ყველა გადასარევად მღერის. ვერც წარმომიდგენია, დღეს ვინმე დაჯდეს და დაწეროს ჰიმნი, ანუ შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მე მაგალითად მახსოვს ზვიად გამსახურდიას დროს იყო კოტე ფოცხვერაშვილის ჰიმნი, რომელსაც ვერ ვიმახსოვრებდი. ამ ჰიმნს ევროპული ელფერიც აქვს, დასამახსოვრებელია და კარგი ჟღერადობისაა. ჰიმნის დაწერა, ზოგადად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ორი თავი უნდა გქონდეს, რომ ეს ვინმემ გარისკოს და გააკეთოს. სახელმწიფო ჰიმნი არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის, ეს ყველასია და შესაბამისად, ხალხს უნდა მოეწონოს. დროშაც მომწონს და ჰიმნიც.

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:
_ არ ვიცი, არ გამიგია.
_ გია ყანჩელმა ცოტა ხნის წინ მიმართვა გაავრცელა, სადაც მას მიაჩნია, რომ საქართველოს ჰიმნი რთულად შესასრულებელია და შეცვლას საჭიროებს. თქვენ რას იტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა შეიცვალოს საქართველოს ჰიმნი?
_ ყველას აქვს თავისი მოსაზრება და მით უმეტეს, რომ გია ყანჩელი თუ რამეს ამბობს, ჩემთვის ძალიან წმინდაა მისი მოსაზრება. რა მნიშვნელობა აქვს, როდის რა ჰიმნი გვექნება. რამემ დაგვაზიანა, თუკი წლების მანძილზე იცვლებოდა საქართველოს ჰიმნები? მე ამას ძალიან ლოიალურად და ლიბერალურად ვუყურებ.
_ ე. ი. უნდა შეიცვალოს?_ არ გავცნობივარ გია ყანჩელის ამ განცხადებას და შესაბამისად, არ ვიცი, კონკრეტულად რა წერია მის მიმართვაში.
_ და როგორც მომღერალი, რას ფიქრობთ, უნდა შეიცვალოს საქართველოს ჰიმნი?
_ თუ შეცვლიან, რა პრობლემაა, დავიჯერო, ამ ქვეყანაში ჰიმნის პრობლემა დგას? გია ყანჩელი ჩემთვის არის მეტრი და თუ მის აზრს გაითვალისწინებენ, ყოველთვის მოგებულები იქნებიან. მე ეს არ მაღელვებს, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქვეყანა იყოს გაერთიანებული, დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები და იყოს მშვიდობა.

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი:
„იოსებ კეჭაყმაძე არის უდიდესი კომპოზიტორი, რომელმაც ფალიაშვილის თემებზე შექმნა ეს არაჩვეულებრივი ჰიმნი და ძალიან მომწონს. ბატონ გია ყანჩელს ვუდასტურებ ჩემს უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას. პირადად ჩემი აზრია, რომ ფალიაშვილსა და კეჭაყმაძეს წუნს ვერავინ დაუდებს. კარგი ჰიმნია, სასიამოვნო მოსასმენი, ადვილად დასამახსოვრებელი და რა ვიცი“.

ნანა ცინცაძე, პოეტი:
„საქართველოს ჰიმნში გამოყენებულია გალაკტიონისა და აკაკი წერეთლის კრებითი ლექსი და მშვენივრად უდგება სამშობლოს იდეოლოგიას. მუსიკა ეკუთვნის ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა კომპოზიტორმა იოსებ კეჭაყმაძემ, ანუ, პრაქტიკულად, ეს არის კლასიკოსებზე გაკეთებული მუსიკაც და ლექსიც. არ მიმაჩნია, რომ აქ რაიმე რთულია, მოსასმენად და ჰარმონიულად ძალიან ლამაზია. ჩემი აზრით, ამ ჰიმნს შესაცვლელი არაფერი სჭირს“.

ლექს-სენი, რეპერი:
„ეს არის ჰიმნი, რომელიც იცის აბსოლუტურად ყველა ადამიანმა და ვერ ვხვდები ამ ჰიმნის შეცვლის აუცილებლობას. პირადად მე ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ თითიდან გამოწოვილი პრობლემა და საკითხია ეს“.

„ქრონიკა+“ ნიკოლოზ რაჭველთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად ის ჩვენს ზარებს არ პასუხობდა.

საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ შემოღებულია საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 21 მაისიდან.
საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა კომპოზიტორმა იოსებ კეჭაყმაძემ.
კანონპროექტი „სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის იმდროინდელმა მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა წარმოადგინა და დეპუტატებს ჰიმნის მიღების წინაისტორია გააცნო. მისი ინფორმაციით, ჰიმნზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად მუსიკა შეირჩა, შემდეგ ტექსტთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა. ამის შემდეგ დეპუტატებისთვის გაჟღერდა ჰიმნის მუსიკა.
პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ჰიმნის თაობაზე აზრთა სხვდასხვაობა გამოითქვა. ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატთა ერთი ნაწილი საბოლოო სრულყოფისთვის ჰიმნის მიღების გადადებას მოითხოვდა. საკითხის განხილვის დასასრულ, დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ 131 მომხრით 14-ის წინააღმდეგ სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ პირველი მოსმენით მიიღო.
ჰიმნის ტექსტი და მუსიკა დამტკიცებულია კანონით, ხოლო მისი ოფიციალური შესრულების წესი განისაზღვრება პრეზიდენტის ბრძანებულებით.

***
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!

P. S. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ჰიმნი, რომელიც დღეს დიდმა თუ პატარამ, ყველამ ზეპირად იცის. მისი შესრულება, როგორც დაინახეთ, არანაირ სირთულესთან არაა დაკავშირებული, მით უმეტეს, პროფესიონალი მომღერლისთვის. საინტერესოა, გასული 18 წლის მანძილზე თუკი ამ ჰიმნის შესრულება არავის უჭირდა, რატომ გახდა მაინცდამაინც დღეს ასეთი რთულად შესასრულებელი და შესაცვლელი? ცოტა არ იყოს, კომპოზიტორის კრიტიკა გაუგებარი, არგუმენტს მოკლებული და უცნაურიც კია. რას გადაწყვეტენ მაღალ ეშელონებში, პოლიტიკურ ელიტაში და გაითვალისწინებენ თუ არა გია ყანჩელის თხოვნას, ამას სულ მალე გავიგებთ.

გიორგი საკარული