,,სახელმწიფო მოხელეებს ახსოვთ კი ის ბავშვები, რომლებსაც სიცოცხლის უფლება წაართვეს?“

შშმ ბავშვთა მშობლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

საქართველოში მცხოვრები ათეულობით შშმ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ გასული წლის 26 თებერვალს გამოცემულმა საქართველოს მთავრობის დადგენილებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რომლითაც, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა.

ცვლილებების შესაბამისად, დაკონკრეტდა ის კატეგორიები, რომლებიც პროგრამაში ჩართვის უპირატესობით ისარგებლებს. როგორც გაირკვა, ამ ჩამონათვალთა შორის მოხვდა რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების, მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფი, გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვები და ისინი, რომლებიც ამ მომსახურებით წინა 12 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ. პროგრამა იმ ბავშვებსაც მოემსახურება, რომელთა ასაკიც 5 წლამდეა და მათაც, რომლებიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ შესაბამის სარეიტინგო ქულებს ფლობენ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის #604 დადგენილებით კი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის უწყვეტი განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების წყაროები და პირობები განისაზღვრა.

ქუთაისში მცხოვრები აკაკი ფოლადაშვილის 7 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ნიკოლოზი სახელმწიფო დაფინანსებით დღის ცენტრ „ნაიოში“ წლების განმავლობაში გადიოდა სარეაბილიტაციო-აბილიტაციის პროგრამას, რომელზეც ხელმისაწვდომობა მას პრემიერ-მინისტრის 29 დეკემბრის დადგენილებით შეუწყდა. სხვა კრიტერიუმებთან ერთად, მომსახურებაზე უარის მიზეზი გახდა ის, რომ მისი ასაკი 5 წელს აღემატება.

 

აკაკი ფოლადაშვილი, ნიკოლოზ ფოლადაშვილის მამა:

_ ჩემს შვილს ცერებრული დამბლა მშობიარობის შემდგომი გართულების გამო განუვითარდა. იგი რეაბილიტაცია-აბიტაციის პროგრამაში 2 წლის ასაკიდან არის ჩართული და ქუთაისში დღის ცენტრ „ნაიოში“ სერვისით სარგებლობდა. ბავშვმა იგივე პროგრამა თბილისშიც გაიარა, რის შემდგომაც მან ფეხზე დადგომა მოახერხა. ეს მაშინ, როცა ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო, ნიკოლოზს ფეხზე გავლა საერთოდ ვერ მოეხერხებინა. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ გითხრათ, როგორი მნიშვნელობა აქვს ასეთი ბავშვებისთვის ამ პროგრამას და რამდენად სასიცოცხლოდ აუცილებელია იგი მათთვის.

_ რა სახის დახმარება უტარდებათ ბავშვებს ამ პროგრამის ფარგლებში?

_ მათთან მუშაობა კომპლექსურია და იგი ითვალისწინებს ვარჯიშებს, ლოგოპედთან, ფსიქოლოგთან ურთიერთობას და სხვადასხვა აქტივობას.

_ შესაძლებელია თუ არა ის ვარჯიშები, რომლებიც მათ უტარდებოდათ, პროგრამის შეწყვეტის გამო, სახლის პირობებში გააგრძელონ?

_ სახლის პირობებში შესაძლებელია, ბავშვს დაეხმარო მასაჟის მხრივ, მაგრამ გარდა ამისა, აუცილებელია ტრენაჟორები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს. როცა მშობელი სოციალურად დაუცველია და უჭირს, ბუნებრივია, ის ვერ შეძლებს ამ ძვირადღირებული  საშუალებების შეძენას.

მარტო იმერეთში 125 ბავშვია მსგავსი საჭიროების. ისინი ქუთაისში არსებულ დღის ცენტრში გადიოდნენ რეაბილიტაციის პროგრამას, მაგრამ, ახალი გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მათ უდიდეს ნაწილს დახმარება შეუწყვიტა და მხოლოდ 25 ბავშვს აფინანსებს.

ეს პროგრამა, დაახლოებით, 20 წელია, მუშაობდა და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სულ სახელმწიფო აფინანსებდა. არ ვიცი, ბიუჯეტის დაზოგვის, თუ სხვა მიზეზების გამო, მაგრამ დღეს ხელისუფლებამ ბავშვების ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მათი მომავალი ბედის ანაბარა დატოვა.

2014-16 წლების მონაცემები მოვიძიე და აღმოვაჩინე, რომ ბიუჯეტი ამ პროგრამისთვის იზრდებოდა, მაგრამ თანხების მატებასთან ერთად კურსების რაოდენობაც მცირდებოდა.

სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ აბსოლუტურად არარეალური და არასამართლიანი პრიორიტეტები განსაზღვრა. ერთ-ერთი განმარტებით, თუკი ბავშვმა ბოლო 12 თვე რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა გაიარა, ამ შემთხვევაში, იგი ავტომატურად მიიღებს დაფინანსებას. როგორც ჩემმა ბავშვმა, ისე სხვა ბავშვებმა, ვისთანაც მე მაქვს შეხება, გასული წლის ივნის-აგვისტოში ორი კურსი გაიარეს. შესაბამისად, ხელისუფლების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება რეალურ სურათს.

დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა ისიც, რომ 5 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს დაფინანსება შეუჩერდეთ და მომლოდინეთა სიაში გადაიყვანონ. მე და სხვა მშობლები იმის წინააღმდეგნი კი არ ვართ, რომ 5 წლამდე ბავშვებმა ამ სერვისით ისარგებლონ, პირიქით, ნეტავ, მეტი დახმარება მიიღონ, მაგრამ მიმაჩნია, რომ დაუშვებელია, სხვას ეთქვას უარი მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ასაკით 5 წლის და 2 დღისაა.

_ რა ხდება ამჯერად, რას აკეთებთ, ან რას გეგმავთ მშობლები   პროგრამის შეჩერების შემდეგ ბავშვების დასახმარებლად?

_ არ ვიცი. ძალიან რთულია, ბევრმა შეძლოს ბავშვების დახმარება თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. როგორც გითხარით, მათი 95% სოციალურად დაუცველია.

დღის ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელი, ქალბატონი ხათუნა, რომელიც თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერიდან არის, იმის გამო, რომ მგზავრობის თანხა უჭირდა, ბავშვი ხელით დაჰყავდა და დღეში 7 კილომეტრის გავლა უწევდა, ან ნათესავებისა და მეზობლების დახმარებით ახერხებდა ბავშვის ქუთაისამდე ჩამოყვანას. ასეთ პირობებში ყოვლად წარმოუდგენელია  საკუთარი ძალებით ბავშვების დახმარება. სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება დანაშაულია და გაუმართლებელია.

_ როგორც მშობელი, რას ეტყოდით ხელისუფლებას, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო?

_ რცხვენიათ თუ არა იმ სახელმწიფო მოხელეებს, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, პარლამენტარებით დამთავრებული და ყველა იმ თანამდებობის პირს, ვისაც ხელეწიფება გააკეთოს რამე და გულთან არ მიაქვს ამ ბავშვების ტრაგედია?! გულის სიღრმეში მაინც თუ გრძნობენ დანაშაულს, როცა სახლში მიდიან და საკუთარ შვილებს ეფერებიან?! ახსოვთ კი მათ ამ დროს ის ბავშვები, რომლებსაც სიცოცხლის უფლება წაართვეს? როგორც გითხარით, მარტო იმერეთში 125 ბავშვს უთხრა უარი ხელისუფლებამ, მთლიანად საქართველოს მასშტაბით კი ეს ციფრი გაცილებით დიდია და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი მშობელი, ძმა, და, ბებია, ბაბუა და ახლობელია ამ ბავშვების უკან, რომელთათვისაც ყველაფერი ეს უდიდესი ტრაგედიაა.

დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა მოქალაქის უფლებაა, მიიღოს განათლება, რომელიც ამ ბავშვებსაც ასევე სჭირდებათ, თუმცა ამაზეც შეიძლება დახუჭო თვალი, მაგრამ ვერანაირად ვერ მოითმენ, როცა სიცოცხლეზეა საუბარი, მით უმეტეს, შვილის სიცოცხლეზე. აქ უკვე გაჩუმება რთულია.

_ რეაბილიტაციის გამო წარმოქმნილი პაუზა რამდენად უარყოფითად მოქმედებს ამ ბავშვებზე და რა შედეგი შეიძლება დადგეს, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის?

_ რეაბილიტაციის კურსი, გარდა ჯანმრთელობის აღდგენისა, ამ ბავშვებს ეხმარება რესოციალიზაციაში, საზოგადოებასთან დაბრუნებაში. ეს მშობლებს იმედს უჩენს, რომ ის დაკარგული თაობა არ არის და ვიღაცას ახსოვს. ამ დროს მშობლები მშვიდად არიან, რადგან ფიქრობენ, რომ როცა ისინი აღარ იქნებიან, ბავშვები ღვთის ანაბარად არ დარჩებიან და დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელებას შეძლებენ. სამწუხაროდ, არიან ბავშვები, რომლებსაც პარალელური დაავადებები აქვთ და ისინი კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებენ. დახმარებაზე უარის თქმა კი იმას ნიშნავს, რომ მათ არ აღვიქვამთ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

შეიძლება, ის პრობლემა, რომელიც ამ ბავშვებს აქვთ, არ იყოს სწრაფი მოქმედების და უცებ არ გამოიწვიოს თვალსაჩინო უარყოფითი შედეგი, მაგრამ თუკი გადაწყვეტილება არ გადაიხედა და პაუზა გაგრძელდა, დრო ცუდად იმუშავებს და ექიმების დახმარებით მიღებული შედეგიც წყალში გადაყრილი აღმოჩნდება.

იმ ადამიანებს, რომელთა გადაწყვეტილებითაც ეს ბავშვები გარიყულნი აღმოჩნდნენ, მინდა ვუთხრა, რომ მსოფლიოში ბევრი მაგალითი არსებობს, როცა გონებრივმა შესაძლებლობამ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები გადაფარა და მათ ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს. არ შეიძლება, ამ ბავშვებს სახელმწიფომ ზურგი შეაქციოს, შანსი არ მისცეს.

_ რას აპირებთ?

_ სამინისტროდან პასუხს ველოდებოდით, გვეგონა, რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ვგეგმავთ, მშობლებმა აქციები გავმართოთ როგორც ქუთაისში, ისე თბილისში პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან. ჩვენ არ ვითხოვთ ისეთ რამეს, რაც არ გვეკუთვნის.

 

ქუთაისში არსებული დღის ცენტრი „ნაიო“ წლებია, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროექტში ჩართულ ბავშვებს ემსახურება. ცენტრის დირექტრის, ზაზა პატარიძის განცხადებით, 2016 წლის მდგომარეობით, ისინი, დაახლოებით, 140-მდე ბენეფიციარს ემსახურებიან, თუმცა დღეს მათი რიცხვი 30 შეადგენს.  დირექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს ციფრი უახლოეს ხანში გაიზარდოს, მაგრამ რამდენით, ჯერჯერობით, უცნობია. დღის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ 2-თვიანი შეჩერება არ არის ის დრო, რაც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვების ჯანმრთელობაზე, მაგრამ, მისივე თქმით, თუკი იგი გახანგრძლივდება, მაშინ მიღწეული შედეგები შეიძლება, უკან წავიდეს და, შესაბამისად, ბავშვების მდგომარეობაც დამძიმდეს. ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ქუთაისში არსებული დღის ცენტრი აბსოლუტურად მზადაა, პაციენტების გაზრდილი რაოდენობა მიიღოს და მათ შესაბამისად მოემსახუროს.

როგორც საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული,  ბენეფიციარი, რომელიც ბოლო 12 თვის განმავლობაში სარგებლობდა პროგრამით, ავტომატურად ღებულობს დაფინასებას მისი გაგრძელების მიზნით.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოდან, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსისადმი გამოგზავნილი წერილში განმარტებულია, რომ მართალია, ნიკოლოზ ფოლადაშვილი გასული 12 თვის მოსარგებლეა, მაგრამ იმის გამო, რომ მშობლებმა მიმწოდებელ ორგანიზაციაში განცხადება 2017 წლის 10 იანვარს შეიტანეს, იგი ვერ ჩაერთვება პროგრამაში. გარდა ამისა, ხაზგასმულია ისიც, რომ ნიკოლოზი არ არის 5 წლამდე ასაკის და არც სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება, რაც მას საშუალებას მისცემდა, დღის ცენტრის მომსახურებით სახელმწიფოს დაფინანსებით ესარგებლა.

ხელისუფლების მსგავსი მიდგომა ნიკოლოზ ფოლადაშვილისა და პროგრამის გარეთ დარჩენილი სხვა ბავშვების მიმართ, მშობლების აზრით, არის დისკრიმინაციული ქმედება. სწორედ ამის გამო, საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, მათ სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს: „გთხოვთ, დამეხმაროთ ჩემი და იმ 125 ბავშვის უფლებების აღდგენაში, რომელიც დისკრიმინაციულად დაირღვა“, _ აღნიშნულია უჩა ნანუაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში. თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატმა დასაშვებად ცნო განცხადება და იგი შესასწავლად გადაეგზავნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და თანასწორობის დეპარტამენტებს. სავარაუდოდ, ნანუაშვილის უწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, დეტალურად შეისწავლოს ის პრობლემა, რომლის წინაშეც, ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, 7 წლის ნიკოლოზ ფოლადაშვილი და უამრავი სხვა ბავშვი აღმოჩნდნენ.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე