საფრანგეთის „რენეს“ კლინიკა „ლანცეტზე“: „მანდ ექიმები არიან თუ ყასბები?!“

37 წლის ლელა დოლიძეს პირველი ოპერაცია კლინიკა „ლანცეტში“ გაუკეთეს. ახალგაზრდა ქალს ნაღვლის ბუშტი აწუხებდა და მისი ამოკვეთა გახდა საჭირო. ერთი შეხედვით, უბრალო ლაპარასკოპიული ოპერაციის შემდეგ კიდევ ხუთი ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო სხვადასხვა კლინიკაში, რის შემდეგაც ლელა დოლიძე საფრანგეთში, „რენეს“ სტაციონარში გადააფრინეს, სადაც სამი თვე დაჰყო.

მოვლენებს ცოტა წინ გადავუსწრებთ:

„საფრანგეთიდან პასუხი ჩამოგვივიდა, ყასბებთან გყავდათ თქვენი შვილი, თუ ექიმებთანო?! რა ხალხია ამ საქართველოში, მთელი ორგანიზმი საცერივით დაჩვრეტილია. გვითხრეს, რომ ეს არ არის ოპერაცია. ვინც ეს ჩაატარა, იმ ექიმს სხვა რამე აინტერესებდაო“.

ლელა დოლიძე 2016 წლის 22 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

„ქრონიკა+“-ს გარდაცვლილი ლელა დოლიძის დედა, ნინო დოლიძე ესაუბრება:

_ ჩემს ქალიშვილს არაფერი აწუხებდა.  ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდა თავის ჯანმრთელობას _ ექვს თვეში ერთხელ გადიოდა გამოკვლევას. 2015 წლის თებერვალში თიანეთში ჩემთან სტუმრად იყო ჩამოსული. მარჯვენა ფერდი ასტკივდა და ვუთხარი, _ წადი, შვილო ექიმს ანახე-მეთქი. _ ბავშვები როგორ დაგიტოვოო? და ძალით გავუშვი. ხუთშაბათი დღე იყო. საავადმყოფოში რომ მივიდა, მხოლოდ ხელით გასინჯეს და ყოველგვარი გამოკვლევისა და ანალიზების გარეშე ნაღვლის ბუშტის სასწრაფო ოპერაციაზე გაუშვეს. მეორე დღეს, ანუ პარასკევს ჩაუნიშნეს ოპერაცია. ისე გაიკეთა ოპერაცია, რომ არც მე და არც მისმა ქმარმა მიზეზი არ ვიცოდით. ფაქტობრივად, მოფიქრების საშუალებაც არ მოგვცეს. მე ორი პატარა შვილიშვილი მყავდა დატოვებული. პარასკევს გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ შაბათს ისე ცუდად გახდა, კვირას ღამე მეორე ოპერაციაზე გაიყვანეს. შემდგომი ერთი კვირა ჩემი ქალიშვილი ძალიან მძიმედ იყო. ექიმებს ვეხვეწებოდი, დამალაპარაკეთ-მეთქი და მისი ხმა რომ გავიგონე, ვერ ვიცანი, _ თითქოს საიქიოდან მოდიოდა. მითხრა, არ ინერვიულო, კარგად ვარ, უბრალოდ, მუცელი მებერება, ტკივილები მაქვს და გული მერევაო. ეგრევე ექიმს დავურეკე, თემურ მგელიაშვილს, მეტსახელად „ჯუბოს“. _ რა ხდება ჩემი შვილის თავს ექიმო-მეთქი? მიპასუხა, _ კარგად არის და უნდა გამოვწეროო. ვეუბნები, _ წუხელ, ღამის 2 საათზე გაუკეთეს გამაყუჩებელი და რა უნდა გამოწერო-მეთქი? _ არა, კარგად არისო. _ ჯუბა ექიმო, ეტყობა, ექთნები გატყუებენ, ძალიან ცუდად არის ჩემი გოგო-მეთქი. _ კარგი, წავალ, ვნახავო. წავიდა ჩემი ქალიშვილის სანახავად და სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანა.

_ მესამედ?

_ დიახ. საღამოს 9 საათზე შეიყვანეს და ღამის 2 საათზე გამოიყვანეს. ანუ მესამე ოპერაცია 23-24 დეკემბერს გაკეთდა. 30 დეკემბერს, შაბათ დღეს, დრენაჟებჩადგმული ავადმყოფი სახლში გამომიგზავნა. ჩემს შვილს შინ ძალიან დაუმძიმდა მდგომარეობა. თემურ მგელიაშვილს დავურეკე და ვეუბნები, _ ძალიან ცუდად არის, სისტემატური სიცხეები აქვს და გულისრევები-მეთქი. რა მიპასუხა, იცით? _ არა უშავს, მწნილი შეჭამოს და გაუვლისო. ავუყვირდი, _ რას მატყუებ 70 წლის ქალს, ახლად ნაოპერაციებზე, თან მრავალჯერადად, რა მწნილი უნდა მივცე-მეთქი? მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ძალიან დამძიმდა სახლში. ჩემს შვილს ვეღარ ვშველოდი. 2016 წლის 16 იანვარს კინაღამ კომაში ჩამივარდა, ამიტომ სასწრაფოს გამოვუძახეთ, რომელმაც თიანეთის კლინიკაში გადაიყვანა. იქ ექიმები ისე შეშინდნენ, რომ ეგრევე კატასტროფის ცენტრის მანქანა გამოიძახეს.

_ რატომ?

_ მე არაფერი მითხრეს და 17 იანვარს „კატასტროფის ცენტრის“ სასწრაფოთი კლინიკა „ნიუ ვიჟენში“ გადაგვიყვანეს. იქ ალექსანდრე ცალუღელაშვილმა, მეტსახელად „ბიჭიკომ“, რეანიმაციაში დააწვინა და გადასხმები დაუდგა. რამდენიმე დღის შემდეგ პალატაში გადმოიყვანეს და მალევე „ინგოროყვას“ კლინიკაში მალხაზ მიზანდართან გაგვაგზავნეს. ამ უკანასკნელმა ღვიძლში განმეორებითი დრენაჟი ჩაუდგა.

_ ქალბატონო ნინო, რა დიაგნოზი დაუსვეს თქვენს შვილს?

_ როგორც „ლანცეტში“ მისმა მკურნალმა ექიმმა გვითხრა, ნაღვლის ბუშტი იყო საოპერაციო, მაგრამ ჯერ ორთაჭალაში, შემდეგ კი „ინგოროყვას“ კლინიკაში გაკეთებული კომპიუტერული ტომოგრამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთავარი სადინარი იყო ამოჭრილი, რომლითაც ნაღველი ნაღვლის ბუშტიდან თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის. შედეგად, ეს ნაღველი პირდაპირ იღვრებოდა მუცლის ღრუში, ამიტომ ებერებოდა მუცელი და სიცხეები ჰქონდა.

_ ანუ ორგანიზმის ინტოქსიკაცია ხდებოდა?

_ დიახ.

_ „ინგოროყვაში“ გითხრეს, რომ მთავარი სადინარი იყო ამოჭრილი?

_ დიახ, მაგრამ მანამდე „ნიუ ჰოსპიტალში“ ვიყავით კომპიუტერულ ტომოგრამაზე და იქ ექიმმა შემოგვიხაზა, ძაფივით წვრილი სადინარი იყო დატოვებული და მთავარი სადინარი კი ამოჭრილიო.

_ მალხაზ მიზანდარმა რა გითხრათ?

_ არაფერი. არც ერთი ექიმი ამ ოპერაციის შემდეგ ხმას არ იღებდა. ასე შევცქეროდი ყველას, იქნებ, რამე მითხრან-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. მარტო ორთაჭალის კლინიკაში განმიმარტეს მიზეზები. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს მივმართე დასაფინანსებლად, მანამდე კი ჩემი გოგო ძალიან ცუდად გახდა.  სისტემატური გულის რევები ჰქონდა, რასაც სისხლს აყოლებდა. სისხლს აყოლებდა შარდსაც. „ნიუ ვიჟენში“ გვითხრეს, რომ ოპერაცია მხოლოდ ექვსი თვის მერე გაკეთდებოდა, მანამდე უნდა იმკურნალოსო.

_ ამჯერად რისი ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო?

_ სადინარი ხომ აღარ არსებობდა და ეს პრობლემა უნდა მოეგვარებინათ. დასალევად ხელოვნური ნაღველი მისცეს. ვერ დალია. მაშინ „პივით“ დალიეო და „პივით“ ასმევდნენ…

_ რაღაც სასწაულს მიყვებით ახლა. ჯერ მწნილი, ახლა „პივა“. თუ შეიძლება, დამიკონკრეტეთ _ რისი ოპერაცია გაუკეთდა თქვენს შვილს სულ პირველად „ლანცეტში“?!

_ სულ პირველად რომ გავიგე, ჩემს შვილს ოპერაციას „ლანცეტში“ უკეთებდნენ, ეგრევე დავურეკე ექიმს და ვკითხე. მიპასუხა, _ ნინო, ნაღველი გასკდომაზე არის და წესით, დღესვე უნდა გამეკეთებინა ოპერაცია, მაგრამ ნაჭამი იყო და დილაზე გადავიტანეო. ლაპარასკოპია უნდა გავაკეთოო. მე ვუთხარი, რომ გაეჭრა. ჩემი გოგო „ლანცეტში“ მუშაობდა ექთნად და იმანაც უთხრა. კარგიო, მე რა პრობლემა მაქვს, გავჭრიო. შევიდა საოპერაციოში და მაინც ლაპარასკოპია გაუკეთა. ეს, ერთი მხრივ, იმიტომ არის კარგი, რომ კომპიუტერიდან ოპერაციის ვიდეოდისკი ამოვიღეთ მე მაქვს შენახული.

_ კარგით, „ნიუ ვიჟენიდან“ სახლში გამოგწერეს. მერე რა ხდება?

_ კი გამოგვწერეს, მაგრამ ყოველ მეოთხე დღეს ცუდად ხდებოდა და ტაქსით ჩავდიოდით თიანეთიდან. 100 ლარს ტაქსში ვიხდიდით, ერთ ღამეს იქ ვათევდით, იქაც 100 ლარს ვიხდიდით და გავიდა ეს ექვსი თვე წვალებაში. ივნისში ჩემს გოგოს „ნიუ ვიჟენში“ გაუკეთეს ოპერაცია. ექიმმა ალექსანდრე ცალუღელაშვილმა გვითხრა, რომ სამ საათში გამოვიყვანთო და ათი საათი გაგრძელდა ოპერაცია. პლასტიკური სადინარი უნდა გაეკეთებინათ. ჩემი გოგო საოპერაციოდან ისევ სამი დრენაჟით გამოიყვანეს. ის ათსაათიანი ოპერაცია რა იყო, ან რა გააკეთეს, არ ვიცი. წესით, დრენაჟები აღარ უნდა ჰქონოდა. ნაღვლის წვენის დალევა ისევ გააგრძელებინეს. ამ ოპერაციის შემდეგ ყველაზე მეტად დამძიმდა. 2016 წლის 7 სექტემბერს ასე სამი დრენაჟით გავუშვით საფრანგეთში.

_ საფრანგეთში ვინ გაგიშვათ?

_ გაგიჟებული დედა ვიყავი და აღარ ვიცოდი, რა მექნა. ახლობელმა მირჩია, საელჩოს მიმართეო. არაფრის იმედი არ მქონდა, მაგრამ მაინც მივმართე საფრანგეთის საელჩოს და ისინი დამეხმარნენ. შვილი საფრანგეთში, „რენეს“ საავადმყოფოში გამიგზავნეს. იქიდან იცით, რა პასუხი ჩამოვიდა?! _ ეს რა გამოგვიგზავნეთ, ყასბებთან გყავდათ მანდ თუ ექიმებთანო? რა ხალხია ამ საქართველოში, მთელი ორგანიზმი საცერივით დაჩვრეტილიაო.

_ გასაგებად მითხარით ფრანგი ექიმების პასუხი?

_ პასუხი იყო ასეთი: ეს არ არის ოპერაცია. ვინც ეს ჩაატარა, იმას სხვა რამე აინტერესებდაო.

_ რა?

_ ახლა რომ ვთქვა, მიჩივლებენ ეგენი და თქვენ ჰკითხეთ იმ ფრანგ ექიმებს. იმათ არც არაფრის ეშინიათ და არც მალავენ. ჩემი შვილი საფრანგეთიდან ჩამოვიდა და 2016 წლის 22 ნოემბერს გარდაიცვალა.

_ გარდაცვალების მიზეზი რა დაგიწერეს?

_ ორი კვირაა საბუთებს ველოდებით. იმის შიშიც გვაქვს, რომ საბუთები არ დაგვიმალონ, ან არ გააყალბონ. ახლა, პარალელურად, საქართველოს საელჩოს დავუკავშირდით საფრანგეთში და იქიდან ველოდებით პასუხს. იქაც ხომ ჩაუტარეს ჩემს შვილს გამოკვლევა. სამი თვე იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად და უშედეგოდ. როგორც კი საფრანგეთში მოხვდა, იმ წუთში მოხსნეს ყველა დრენაჟი და ხელოვნური ნაღველის მიღება. 9 თვე როგორ გაუძლო ამის მიღებას, ეს როგორ შეიძლებოდაო?! მთელი ორგანიზმი ინფექციით ჰქონდა მოწამლული.

_ ვინ გელაპარაკებოდათ ამის შესახებ?

_ საფრანგეთში ახლობელი გვყავს და ის ელაპარაკებოდა ექიმებს.

_ თქვენი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ არ დაუკავშირდით მის მკურნალ ექიმს „ლანცეტში“?

_ რა დაკავშირება უნდა, თიანეთელია და ჩვენს მეზობლად ცხოვრობს. ტელევიზიებიდან იყვნენ ამოსულები, ყველა ჩაგვწერეს და მეუბნებიან, ექიმი არ ახსენოო. მე ვუთხარი, _ თუ ექიმი არ უნდა ვახსენო, მაშინ სიუჟეტი რაზე უნდა გააკეთოთ-მეთქი? ჰოდა, არც გააკეთეს. „ლანცეტის“ კედლები რას მიშლის მე! მკურნალი ექიმია ჩემთვის მთავარი, ვინც ოპერაცია გაუკეთა. თავისით ხომ არ მოკვდა ჩემი შვილი?!

_ ჯანდაცვის სამინისტროში დაწერეთ განცხადება?

_ დავწერე. ჩემი შვილი ცოცხალი რომ დაბრუნებულიყო, მაშინ ყველაფერს დავივიწყებდი, მაგრამ მაგათ მოკლეს. მერე, თვითონ ალექსანდრე ცალუღელაშვილი ეხვეწებოდა „ლანცეტს“, დავაწვინოთო, იმიტომ რომ ვეღარ ავუდიოდით დაფინანსებებს, თანაც იქ მოხდა ის შეცდომა და „ლანცეტი“ უარს ეუბნებოდა. იცით, რა თქვენს ჩვენზე, _ მაგ პაციენტმა კლინიკა ზარალზე დასვაო!

_ ვინ თქვა ეს კონკრეტულად?

_ „ლანცეტის“ მენეჯერმა გვარად ხოსროშვილმა. ზარალზე დასვა და ამიტომ აღარ მივიღებთო. ის კი არა, აქეთ მთხოვდნენ კიდევ 4 ათას ლარს.

 

„ქრონიკა+“ ამ მასალის მომზადების პროცესში საოცარ ფაქტს წააწყდა. „ლანცეტსა“ და იქ ჩატარებულ ოპერაციებზე ყველა დუმს, _ ექიმები მენეჯერის ჩათვლით. „ქრონიკა+“ თითოეულ მათგანს დაუკავშირდა. კომენტარზე უარი მივიღეთ. შემდეგ „ქრონიკა+“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. თუმცა მანამდე ლელა დოლიძის მულის პოზიცია გვინდა, გაგაცნოთ:

 

სოფო რობაქიძე _ ლელა დოლიძის მული:

_ ლელას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ნაღვლის ტკივილები დაეწყო და ამ არასაიმედო კლინიკაში მოხვდა, სადაც ოპერაცია ვინმე თემურ მგელიაშვილმა გაუკეთა. როგორც გავიგეთ, შეცდომა მოსვლიათ და ნაღველმა სადინარებიდან გამოჟონა. ლელას პერიტონიტი დაეწყო, ექიმები კი ამ ძლიერ ტკივილებს მის ემოციურ მდგომარეობას აბრალებდნენ. ლელას საქართველოში ექვსი ოპერაცია გაუკეთეს და არც ერთ ოპერაციაზე არ მიუღია დახმარება კლინიკა „ლანცეტიდან“. ექიმები პასუხისმგებლობას გაურბიან. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა 40 კგ იყო წონაში, დაზიანებული ჰქონდა ყველა საციცოცხლო ორგანო. მთელმა საქართველომ უნდა გაიგოს, კლინიკა „ლანცეტში“ როგორ ექცევიან პაციენტებს. რატომ გვაიმედებდით ექიმო ბიჭიკო ცალუღელაშვილო, არაფერია ისეთი, ყველაფერი კარგად იქნებაო, როცა ლელას ღვიძლის ნაწილი მოკვეთეს საფრანგეთში და უამრავი შეცდომა იხილეს იმ ფრანგმა ექიმებმა?! სანამ ბოლო კაპიკი არ გამოგვახარჯინეთ, მანამ ბოლო ოპერაცია არ გააკეთეთ და ვინ იცის, რვასაათიან ოპერაციაზე რა აკეთეთ.

ლელას დედა თავზე ადგა ერთ-ერთ კლინიკაში. იმ კლინიკის სახელია „ნიუ ვიჟენი“. იატაკზე იწვა საცოდავად ქალი, საწოლი რომ არ მიუტანეს, ოღონდ კი მისი შვილის გვერდით ყოფილიყო. ეს არის თქვენი ჰუმანურობა?! პაციენტს ბოლო 8-საათიანი ოპერაციის შემდეგ ექთანი ცუდად ექცეოდა. რეანიმაციაში მყოფ პაციენტს სახეში წყალი შეასხა, იმის გამო, რომ სთხოვა, წესიერად დამალევინეო. ლელამ რომ გვითხრა, ცუდად მექცევიანო, ვიკითხეთ, რატომ? _ ასეც რომ ვექცევით, მადლობელი იყოსო. ექიმი თითის ქნევით დაგვემუქრა, წყნარად იყავით, ხომ ხედავთ, სტენდი ამოვარდა, ეს შემთხვევით არ მოხდებოდაო. დრო მოვა და ყველაფერზე აგებენ პასუხს!

 

მომხდართან დაკავშირებით „ქრონიკა+“ კლინიკა „ლანცეტს“ დაუკავშირდა და ქირურგიული დეპარტამენტიდან ექიმ გიორგი მწყერიაშვილს გაესაუბრა:

_ ბატონო გიორგი, როგორ შეიძლება დავუკავშირდე გიორგი მგელიაშვილს?

_ წელიწადზე მეტია, ჩვენთან აღარ მუშაობს.

_ სად არის, რომელ კლინიკაში?

_ არ ვიცით.

_ იქნებ, თქვენს მენეჯერს დამალაპარაკოთ, გვარი ხოსრაშვილია?

_ იცით, აქ ექიმები, ექთნები, მენეჯერები და სხვები შეიცვალნენ. მე თვითონ ორი თვეა, რაც ვმუშაობ.

 

თეა ჩუბინიძე, ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელი:

_ ოჯახმა განცხადებით მიმართა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და მათი განცხადება, ამ ეტაპზე, განიხილება. შედგება კომისია და ექსპერტები შეამოწმებენ, თითოეულ ეტაპზე რა და როგორ ჩატარდა _ ოპერაცია იქნება, ეს თუ მკურნალობა. მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, რა მოხდა სინამდვილეში და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ.

 

მანამდე კი „ქრონიკა+“ საფრაგეთიდან დოკუმენტაციას და ანამნეზის პასუხს დაელოდება, რომელიც ყველაზე უკეთ უპასუხებს ყველა კითხვას.

 

თამარ როსტიაშვილი