სამშაბათი მძიმე დღეა, სოსო…

ჩემი სახელია სოსო, იოსები… თუმცა „ანტრიკოტას“ მეძახიან, მამის სახელი კლიმენტია, გვარი გოგაშვილი. რამდენი არ ვეცადე 2012 წლის მერე, მაგრამ ეს სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილივით გვარ-სახელი ვერა და ვერ მოვიშორე… და, აი, ასე დავრჩი „ანტრიკოტ“ ,,კლიმენტიჩ” ზემო მაჩხაანიდან.

რა აღარ მინახავს ცხოვრებაში _ გაჭირვება, შიმშილი, ვალი, მოვალეთა კარების შემომტვრევა, ერთხელ, ლამის, თოკზეც კი ჩამოვიკიდე თავი, ერთხელ არა, ორჯერ იყო ეგ ამბავი… მაგრამ ბოლოს კი ვიქეცი კაცად. ახლა რა მაქვს სადარდებელი? _ არც არაფერი, მაგრამ მაინც უძილობა მაწუხებს და აი, მაგის წამალი ვერა და ვერ ვიშოვე

დღეს? დღეს ცა ქუდად არ მიმაჩნია და დედამიწა ქალამნად, კაცი ვარ, ფულიცა მაქვს, სახელიც და გავლენაც…

თუ ხუთი წლის წინათ ღმერთს მალე დაღამებას ვთხოვდი, მევალეს რომ კარი არ შემოემტვრია და ქუჩაში არ გავებუნძულებინე, დღეს ერთი სული მაქვს, როდის გათენდება. სახლიც მაქვს, კარიც, სასახლეც და მეფე ერეკლეს რომ შეშურდება, ისეთი გალავანიც, მიწებიც იმდენი, რომ რომის პაპს ვხეთქავ გულეზე, სამი ვატიკანის მეპატრონე ვარ…

ასე რომ, ქიზიყიდნ კი ვარ, მაგრამ თუ მინდა, მეფე გავხდები და თუ მინდა, _ რომის პაპი, არაფერიც არ მიშლის ხელს… რადგან ცხოვრება ფულია, სანამ დროა, უნდა მოვასწრო, ცხოვრება და ფული ხომ მოსწრებაზეა…

ხანდახან სიზმრები მტანჯავს ხოლმე, სიზმარში ვხედავ: დილით ადრე ვდგები, „მოსკვიჩსა“ ვქოქავ, მერე სოფლებში მივდივარ, ვყიდულობ ხორცს, ხელები სულ სისხლითა მაქვს მოსვრილი. იმ „მოსკვიჩის“ ბრუხუნი თავს მატკიებს, მაგრამ რა ვქნა, ჩავალ თბილისში, დავურიგებ რესტორნებს, ჩავაბარებ  მაღაზიებს და აი, ასე დაღლილი მოვბრუნდები უკან. სახლში ცოლი, შვილები და მოხუცი მშობლები მელოდებიან სიზმრად. მშივრები არიან და გზას გამოსცქერიან, როდის მოუახლოვდება ჩემი სოფლის სახლის აღმართს ეს „მოსკვიჩი“, სახლში მისულს ჩემი ცოლი მაზუთიან ხელებს მაბანინებს… ძალიან კი გამიხშირდა ეს სიზმარი ამ ბოლო დროს. რა ვიცი, რა ვთქვა, რა გზას გადავაწყდე?! მერე, ამ შუა სიზმარში მაღვიძარას ხმა მესმის, გამეღვიძება და რომ მიმოვიხედავ, ჩემი თავი იოსებ `სოკრატიჩი” კი არა, იოსებ `ბესარიონოვიჩ”   სტალინი მგონია…

შვილები?! გოგოც ბედს ვაწიე და ბიჭიც, რაც მამაჩემსა და დედაჩემს ჩემთვის ვერ გაუკეთებია, მე ყველაფრის გაკეთება მოვასწარი, სახლებიც დავუდგი, „მაშინებიც“ ვუყიდე, ქორწილი გადავუხადე ისეთი, ბაგრატიონის გვარისაც კი არ გამომიტოვებია არავინ, ვინც ამქვეყნად „კნიაზი“ იყო, ყველა ქორწილში მყავდა…

„კნიაზს“, კიდევ, „მუზიკა“ უყვარს, ხო? ამიტომ ვინცა ესტრადაზე გამოდიოდა, ყველა მოვკრიბე და სცენაზე ვამღერე. აბა, მე რომ ცოლი მოვიყვანე, მაშინ გახვრეტილი შაურიანიც კი არ მეგდო ჯიბეში. მართალია, ჩემს ცოლსა მაშინ თეთრი კაბა არ ჩაუცვამს, მარა შვილების ქორწილში ისეთი მოსხმულ-მოკაზმული იყო, რომ, პირდაპირ, `პრიმადონა” გეგონებოდა.

დედაჩემთან და მამაჩემთან რომ ჩავდივარ სოფლად, გული ცოტა რეჩხს მიყოფს ხოლმე, ძველი დრო მახსენდება, ეზოში რომ ვიჯექი და კოპლებიან ძაღლებს ვეთამაშებოდი… ამიტომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მივდივარ. არც იმათი ჩამოყვანა მიხარია ნამეტნავად, პროვინციულს გაუშვებენ და მერე, ცოტა არ იყოს, მეც მეჭრება თავი…

ცოლი კარგი შემხვდა, მარჯვე ქალია, რაც მე ყაირათი დამაკლო ღმერთმა, იმას მისცა. აგერ, ახლაც წასულია ქალაქის მთავრობაში, ლისის ტბაზე მიწას ყიდულობს, _ იქნებადა, რაში დაგვჭირდესო… ოჯახიც კარგი ჰქონდა, ბევრნი არიან, ექვსი დედმამიშვილი. რაც მე მთელი ცხოვრება მათ კისერზე გავზარდე ჩემი ბარტყები, ახლა ყველას ავუნაზღაურე, თუ სადმე მსუყე ჯამაგირიანი სამსახური იყო, ყველა იქ დავაფორმებინე და კი არიან ახლა გუგულებივით…

ღმერთის? ღმერთის მეშინია. ყველა ვიცი, ვინ სად არის, ვინ რას აკეთებს, ყველას ვუსმენ და ვუყურებ, მაგრამ ღმერთის მოსმენა ვერანაირად ვერ შევძელი… მის მოსაძებნად, არ გაგიკვირდეთ და, სტიქარიც კი ჩავიცვი, სტიქაროსნად შეველ ეკლესიაში, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე ვერსად… ხან იმასაც ვფიქრობ: „ერთი ხომ უნდა იყოს, ვისაც ვერ ვიპოვი“. გულში გამკრავს ხოლმე: „რად მინდა ახლა მე ღმერთი და ხატი… ღმერთიცა ვარ და ხატიც… გომელაური უჩემოდ ვერაფერს აკეთებს, პარლამენტი მე მეკითხება და მთავრობა… და რად მინდა ღმერთი?!“

ამ ქვეყანაში ღმერთად ვინცა ჰყავთ დანიშნული, ის შუშის სასახლეში ზის და ჩემთან კითხვები არ აქვს. უხ, მოიცა, თვალი არ მეცეს და იმან არ დამიძახოს, ეს რამდენიმე თვეც და გავალ ბოლოში…

შიში? ხოო, შიში მაქვს, მაგრამ, რომ არ შემემჩნეს, ამიტომ სულ ჩრდილში ვარ, იქნებ, აქ მაინც ვერ მიპოვოს შიშმა-მეთქი.

უხ, რას ვერ ვიტან?! _ გაზეთებს… ბავშვობიდან არ მიყვარს კითხვა, დოქტორანტურაშიც იმიტომ ჩავაბარე, რომ მოდაშია და საჭიროა… ვერ უნდა მიხვდნენ, ვინ ვიყავი ადრე… ამიტომ გადავწყვიტე იქ სწავლა… კითხვით მარტო „ქრონიკა+“-სა ვკითხულობ, აბა, მაგ გაზეთს რომ წაიკითხავ, მერე სულ აღარ მოგინდება კითხვა….

რა მეჯავრება? სამშაბათი ძალიან ცუდი დღეა მთელი კვირიდან… სამშაბათი რომ ღამდება, მერე კი ვარ ბედნიერი, 7 დღე ვისვენებ…

ანბანიდან ე-ს და კ-ს ვერ ვიტან, ე-ზე სულ ელისო მახსენდება და კ-ზე, კიდევ, ხან კილაძე და ხან _ „კლიმენტიჩი“. რა იქნებოდა, იმ პაპაჩემს მამაჩემისთვის, კლიმენტას ნაცვლად, თუ გინდა, ლავრენტა დაერქვა, რა, ლავრენტა ცუდი სახელია? დიდებული მწერალი იყო ლავრენტი არდაზიანი, იმის წიგნი რომ მიყვარს, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, ისე არც ერთი წიგნი არ მყვარებია. აი, ჩაიხედავ წიგნში და, თითქოსდა, სარკეა, შენს თავსა ხედავ, ხოდა, მეც მასე ვარ, ვიყურები და ვუყურებ ხოლმე ჩემს თავსა. ისე, ჰგავს რაღაცით, ხო? _ სოლომონ ისაკიჩ და სოსო `კლიმენტიჩ”…

გეგმები?! გეგმები დიდი მაქვს… რა ვიცი, ამბობენ, შეიძლება, გერმანიაში მიგიღონო და თუ მიმიღებენ, კარგი იქნება, მაგრამ ჩემს ცოლს ვატიკანი და რომი მოსწონს. მე ვუთხარი, _ გოგო, განა, მართლა რომის პაპი ვარ, რომ მეუბნები, აქ რომ დაასრულებ შენს ამბავს, იქ წავიდეთო. ხოდა, მომიბრუნდა და მიპასუხა, _ თუ პაპი არ ხარ, გერმანიაში კანცლერად ვინ დაგნიშნავსო?..

შემიყარეს ქვეყანა, _ მილიონ ნახევარი ჰექტარი მიწა იყიდა ცოლისდაზეო. აბა, ჩემზე ხომ არ გავაფორმებდი? ცოტა ეშმაკობა ხომ უნდა მეხმარნა მეცა, მაგრამ ისინიც კაი ეშმაკები ყოფილან. ჩემზე მეტი სხვას აქვს, მარა ჩემი გამოჩნდა… იმიტომა, რომ 5 წლის წინათ ღატაკი და ცალკალოშიანი ვიყავი. ჩვენთან სოფლად ამბობენ ხოლმე გაჭირვებულზე აგრე, თორემ, განა მართლა აგრე მიჭირდა? ვალი და ყადაღა ედო ჩემს ანგარიშსა და სახლს, და რომ ბანკს არ გაეყიდა, წავედი და ღატაკად ჩავეწერე…

ხოდა, დღეს ამით მოვრჩეთ.

აქ ჩემს აღსარებას განდობ შენა, დანარჩენი ჩემი ცხოვრება არ ვცან საჭიროდ ამეწერა, იმიტომ რომ არა მომხდარა-რა ჩემში ღირსი შენიშვნისა და აწერისა. მართალია, ბოლომდის მე ვჩანვარ სავსე მდიდრად, პატივცემულად, მხიარულად ვეჩვენები ტელევიზორსა და მრავალნი შემნატრიან, მაგრამ იმ დღიდან, რომლიდანაც დავიწყე დიდებით ცხოვრება, ჩემს გულს ქენჯნიდა რაღაც განუზომელი სჭმუნვა და მე აღარ მესიამოვნებოდა-რა ქვეყანაზედ. ამ ჭმუნვის მიზეზები არის ჩემში. ჩემს გარე ეს არა ყოფილა.

ამ ჩემს აღსარებას ვანდობ „ქორნიკა+“-ს.

სოსო-,,ანტრიკოტა კლიმენტიჩი”

 

  1. S. ეხ, ჩემო სოსო, მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო…

 

მაკა მოსიაშვილი